"ფარი სარწმუნოებისა, მუზარადი სასოებისა, შუბი ღვთის სიტყვისა"
"ფარი სარწმუნოებისა, მუზარადი სასოებისა, შუბი ღვთის სიტყვისა"
1. "უკეთუ სოფელი გძულობს თქვენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა..." - მაცხოვრის ამ სიტყვებით კარგად ჩანს, თუ რა ძნელია ყოველი კაცისთვის წუთისოფელი, რომელსაც ჩვენმა წინაპარმა "ბინდისფერი" უწოდა. განსაკუთრებით მძიმეა ქრისტიანის ხვედრი ამ სამყაროში.

მაშ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენზე მოწევნილ განსაცდელსა და სნეულებას, რომელიც გარდაუვალია ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების გზაზე?

2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ: თეოლოგი მერაბ ონიანი, პროფესორი ნანა წითელაშვილი და ინჟინერ-ტექნიკოსი ავთანდილ წულაძე.

მერაბ ონიანი, 51 წლის, თეოლოგი, არტთერაპევტი, ხელოვნებათმცოდნე, მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში და ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ჰყავს ორი შვილი - გიორგი და ქეთევანი.


1. პავლე მოციქული ამბობდა, ვცხოვრობ არა ჩემთვის, არამედ ქრისტესთვის, რომელიც ჩემში ცოცხლობს. წმინდა პავლემ მართლაც მიაღწია ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომ მოახერხა უარი ეთქვა საკუთარ სურვილებზე, აზრებზე და მხოლოდ ქრისტეს სურვილებითა და აზრებით ეცოცხლა, რადგან მის სულიერ და სხეულებრივ ნებას ოდენ ქრისტე ამოძრავებდა. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ფორმულა ყოველი ქრისტეს მიმდევარისათვის. სხვაგვარად გაგვიჭირდება წუთისოფლის ძლევა. წმინდა მოციქულის სწავლებით, სულიერი ბრძოლისათვის აღსაჭურვად საჭიროა "ფარი სარწმუნოებისა, მუზარადი სასოებისა, შუბი ღვთის სიტყვისა".

მეტად საინტერესო სწავლება აქვს ამ საკითხზე წმინდა თეოფანე დაყუდებულს. იგი ასეთ შედარებას იყენებს: "ტოტი საკუთარი წვენით კი არ საზრდოობს, ხის წვენით ცოცხლობს". ასე ვართ ჩვენც, თუკი გვსურს ჭეშმარიტებას ვეზიაროთ, საკუთარი კი არა, უფლის წმინდა ნება უნდა გახდეს კანონი ჩვენი ცხოვრებისა. უფლის ნებისადმი ამგვარი მორჩილება ჩვენი დამყნობაა მასზე, ვითარცა ხეზე ცხოვრებისა, რისი საშუალებითაც სასიცოცხლო, ღვთაებრივი ძალები შემოვლენ ჩვენში. ასეთი ცხოვრების საიდუმლო ის არის, რომ როდესაც ღვთის ნებისადმი დაუფიქრებელი მორჩილება აღმოცენდება, მაშინ ღმერთი მოქმედებს ჩვენში და სადაც ღმერთია, იქ რა არ არის?! წმინდა თეოფანეს რჩევით, ძალზე მნიშვნელოვანია, ადამიანი ჩასწვდეს თავის სულიერ მდგომარეობას, ხშირად უნდა გადავშალოთ ღვთის სიტყვა და შევარჩიოთ მასში ყველა ის წესი, რომელიც სხვებზე მეტად მიესადაგება ჩვენს მდგომარეობას და მისი მეშვეობით განვსაზღვროთ, როგორ გვმართებს მოქცევა და რა პოზიცია უნდა დავიკავოთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევაში. როცა ამას განვსაზღვრავთ, ამის შემდეგ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ შედეგზე არ ვიფიქროთ, ჩვენს თავდაპირველ გადაწყვეტილებას ახალი ტერმინიც უნდა მივუმატოთ "სიცოცხლის გაწირვამდე", ე.ი. თუნდაც მოკვდე, არ გადაუხვიო შენ მიერ შეცნობილ ნებას ღვთისას, - შეგვაგონებს წმინდა თეოფანე და ასეთ საგულისხმო მსჯელობას გვთავაზობს: "თუ ცოლ-ქმარი ხართ, შეხედეთ, რას გავალებთ უფალი და ამის მიხედვით განაგეთ თქვენი ცხოვრება; ქმარო, გიყვარდეს შენი ცოლი, ცოლო, გიყვარდეს და გაუგონე ყველაფერი ქმარს. დედ-მამა ხართ? - შეხედეთ, რა გევალებათ ღვთის სიტყვის მიხედვით და აიძულეთ საკუარი თავი, სწორედ იმგვარად მოიქცეთ. შვილები ხართ? - გაარკვიეთ, რა წერია თქვენ შესახებ წმინდა წერილში, რათა კეთილი გეყოთ თქვენ და გახდეთ კეთილსანიმუშონი ღვთისა და ხალხის წინაშე. ნუ გაგიტაცებთ მაგალითი ახლანდელი ემანსიპირებული და თავაშვებული ქალიშვილებისა და ჭაბუკებისა, გახსოვდეთ, რომ ეს ღვთისათვის საძაგელი, ღვთის საწინააღმდეგო წესია ცხოვრებისა და საქციელი, თუ მსაჯული ხარ, შეხედე, რა წერია ღვთის სიტყვაში, როგორ გმართებს წარმართო სასამართლო პროცესი და იმგვარად განსაჯე. თუ ვაჭარი ხარ, გაარკვიე, როგორ არის ნაბრძანები სავაჭრო საქმის წარმოება. თუ მსახური ხარ, შეხედე, რას მიუთითებენ მსახურებს და ამის მიხედვით მოიქეცი. ერთი სიტყვით, დაწვრილებით გაარკვიე, როგორ განსაზღვრავს ღვთის სიტყვა ამა თუ იმ საკითხს და ამის მიხედვით გადაავლე თვალი საკუთარ ცხოვრებას და ისე დაალაგე ყველაფერი, რომ ნათელი იყოს შენთვის, როგორ და რა გზით შეასრულო ღვთის ნება.

სწორედ ესაა ღვთის ნებისადმი ჭეშმარიტი მორჩილება, როცა შეიცნობ ამ ნებას, დაუფიქრებლად აღასრულე იგი. ვთქვათ, შეურაცხგყვეს? ღვთის ნება ცნობილია - აპატიე და შენც დაუფქირებლად უნდა აპატიო, თუკი ფიქრს დაიწყებ, არაფერი გამოვა, მხოლოდ დაიბნევი, მოვლენ აზრები, რომ ყველა სუსტი ხასიათის და საკუთარი ღირსების არმქონე ადამიანად ჩაგთვლის, რომ დღეს თუ ერთი შეურაცხგყოფს, ხვალ მეორე გამოჩნდება, შემდეგ - მესამე და მოსვენებას დაგიკარგავენ და იფიქრებ, არა, არ შეიძლება პატიება, სჯობს მტკიცედ დავდგე ჩემს აზრზეო, მართლაც, თუ შენს აზრზე იდგები და ყველაფერი აირ-დაირევა, რადგან ღვთის ნება არის დარღვეული, რადგან შედეგების შესახებ დაიწყე მსჯელობა, ამის ნაცვლად უნდა გეთქვა, - ვპატიობ, ღმერთმა ასე ბრძანაო და მორჩებოდა ყოველგვარი მერყეობა, უფალი ხომ მთელი სამყაროს მეუფეა, ყველაფერს ხედავს და არასოდეს დაივიწყებს მისი ნების მკაცრად აღმსრულებელს".

"გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი" - რა მოკლე კატეხიზმოა, როგორი მარტივი კანონისდებაა, მხოლოდ ორი სიტყვა, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, - ამბობს თეოფანე დაყუდებული ბოლოს, ამის მინიმალიზაციასაც ახდენს და მხოლოდ ერთ სიტყვაზე დაჰყავს მთელი სახარებისეული სიბრძნე: "გვიყვარდეს"... ამიტომ გაუგებარია იმ ადამიანთა მსჯელობა, რომლებიც ამბობენ, რა საჭიროა ეს წესები, განწმენდები, ლოცვები, მარხვები, ზიარება, ეკლესიური საიდუმლოებანი, დოგმებზე მიჯაჭვულობა და ვიწრო გზის ძიებაო. საჭიროა იმისთვის, რომ სიყვარულამდე ავმაღლდეთ. სიყვარული ყველაზე ნათელი ნაყოფია ჩვენს სულიერ მხსნელ ცხოვრებაში, ამ ნაყოფის მისაღებად კი შრომა და ღვაწლია საჭირო. ბოლოს ისევ წმინდა თეოფანეს სიტყვებს მოვიშველიებ: "როგორც ხის ნაყოფს უსწრებს წინ ყვავილი, ყვავილს - ფოთოლი და ტოტები, ტოტებს - ღერო, ღეროს - ფესვი და ფესვს კი თესლი, რამდენი დრო უნდა გავიდეს, ვიდრე თესლიდან ხე აღმოცენდება და ნაყოფს გამოიღებს?! ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. თავდაპირველად გულის ნიადაგზე მხსნელი სიტყვების თესლი ეცემა, ამ თესლიდან ვითარდება აღმონაცენი ტოტებითა და ფოთლებით, შემდეგ წარმოიქმნება ხე, რომელიც იძლევა ნაყოფს, ეს ნაყოფი კი - სიყვარულია, მას აღმოაცენებს მთელი რიგი მხსნელი საქმეებისა და მუხლჩაუხრელი შრომა, შემდეგ კი ყველაფერს თავად ასულდგუმულებს და აცოცხლებს".

2. რით იყო ილიას მკვლელობაზე ნაკლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების კირიონისა და ამბროსი ხელაიას მკვლელობები, რომლებიც გამძვინვარებული ათეიზმის ხანაში მოწამებრივად შეეწირნენ მართლმადიდებლობის, დედაეკლესიისა და სამშობლოს დაცვას? ან თუნდაც ილიას მოძღვრის, ალექსანდრე ოქროპირიძის თავგანწირვა, რომელიც იმხელა წმინდანი იყო, რომ მიცვალებული ჰყავს გაცოცხლებული?!


KARIBCHEნანა წითელაშვილი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში ასწავლის ჟურნალისტურ ოსტატობას, სამხედრო ჟურნალისტიკას, ხელმძღვანელობს შემოქმედებით სახელოსნოს. რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა მეუღლე, ცნობილი ტელეოპერატორი ვლადიმერ ერმაკოვი. ჰყავს ორი შვილი: მარიამ და გიორგი ერმაკოვები.

1. როგორც ყველა მორწმუნეს, მეც მქონია მძიმე წუთები, დაეჭვებითაც შემიხედავს, თუ რა იქნებოდა ხვალ, მაგრამ უფლის შემწეობის იმედი არასოდეს დამიკარგავს და მგონია, რომ ალბათ წუთისოფელი უფრო ძნელია მათთვის, ვისაც გაწყვეტილი აქვს კავშირი უფალთან. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოცვაში აღიზრდები. საბედნიეროდ, მორწმუნე მშობლები მყავდა, მე მათი პირველი შვილი ვიყავი, დედაჩემს რთული მშობიარობა ჰქონდა, რატომღაც ყველა ფიქრობდა, რომ ბიჭი დაიბადებოდა და როდესაც მამას უთხრეს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და ქალიშვილი შეგეძინაო, ისე გახარებია, დიდ თოვლში იმავე დღეს მცხეთაში ჩასულა, ნანა დედოფლის საფლავზე სანთელი დაუნთია და წმინდა დედოფლის პატივსაცემად ნანა დაურქმევია ჩემთვის. განსაკუთრებული მორწმუნეობით გამოირჩეოდა დეიდა მარიამი, რომელმაც ბავშვობიდან ამადგმევინა ფეხი ეკლესიაში და მაზიარა ეკლესიურ მადლს - სიონის საკათედრო ტაძარში დავყავდი. მახსოვს, ერთხელ, როდესაც სიონში უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის წირვას ვესწრებოდი, ბავშვს, როგორც ჩანს, გამიჭირდა 2-3 საათი ფეხზე დგომა. ერთმა ქალბატონმა მკითხა, - დაიღალეო? კი-მეთქი. რა მოსატანია წირვაზე დგომით დაღლა იმასთან შედარებით, რაც უფალმა ჩვენთვის გააკეთაო, - ალერსიანად მისაყვედურა. მას შემდეგ ეს სიტყვები ყოველთვის მახსოვს.

ახლახან გამოვიდა ჩემი წიგნი "ცრემლები კვიპაროსზე", რომელიც აფხაზეთის ტრაგედიას მივუძღვენი. თითქოს წერტილი ვერ დავსვი და ფინალს რაღაც დავაკელი. ბოლოთქმაში ერთი ქალი მყავს გამოყვანილი, რომელმაც ბევრი ახლობელი დაკარგა და მრავალი ტკივილი გადაიტანა, ამ რეალურად არსებულ ქალს თეთრად მოსილი მისი ბედიერების განაყოფი ეკითხება, - სიბერის გეშინია? - არაო. არც სიკვდილისა? - არც სიკვდილის. აბა, რისი გეშინია? - მეშინია, ვაითუ, ვერ შევძლო, შევუნდო მათ, ვინც ბევრჯერ მატკინა გულიო. ასეა და ალბათ, ადამიანებს გვმართებს დაფიქრება ამ საკითხზე. როდესაც უფალი გვეუბნება, - მე ვარ შენში და შენ ხარ ჩემში, მე მებრალებიან ის ადამიანები, რომლებიც ასე ხელაღებით ტკენენ გულს სხვებს, ამით ხომ უფალს ვაყენებთ უდიდეს ტკივილს და ჩვენი უმოწყალობის გამო ხელახლა აგვყავს ჯვარზე?

2. ძმათამკვლელი ომი, რომელიც საქართველოში მოხდა, და თუ ისიც სინამდვილე აღმოჩნდა, რომ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ზურაბ ჭავჭავაძე ქართველების ხელით არიან მოკლულნი, ეს მართლაც საუკუნის ცოდვას გაუტოლდება. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობამ თავისუფლება ვერ მოგვიტანა და ორ ათეულ წელზე მეტია, საქართველოს წყევლის, კრულვისა და სიძულვილის სქელი ღრუბელი აქვს გადაფარებული, ეს კი იმის ბრალია, რომ დავივიწყეთ ორი უმთავრესი მცნება, რომლებიც კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია: "გვიყვარდეს ერთმანეთი და მივუტევოთ ერთმანეთს". ვერ შევძელით ამ მცნებების დაცვა და ვფიქრობ, სწორედ ესაა ჩვენი უბედურების მიზეზი.


KARIBCHEავთანდილ წულაძე, 52 წლის, ინჟინერ-მექანიკოსი, ამჟამად უმუშევარი.

1. "მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა", - გვაიმედებს მაცხოვარი - ილოცვიდეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელსა. ალბათ ეს არის ყველაზე მარტივი და მისაწვდომი გზა იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ამსოფლიურ სიძნელეებს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი ლოცვა მხურვალე და გულწრფელი იქნება. ცნობილია ისიც, რომ, ღვთის დაშვებით, ადამიანზე იმაზე მეტი განსაცდელი არ მოიწევა, რაც მის ძალებს აღემატება, სწორედ აღმატებული განსაცდელის ჟამს გვეწვია უფალი. ასეა ერზეც და ადამიანზეც, რადგან მანვე ბრძანა მისდამი შედგომილთათვის მსუბუქი ტვირთი და ტკბილი უღელი, რაც ადვილად გადაგვალახვინებს ყოველ გაჭირვებას, ეს რომ არა, ალბათ ნამდვილად გამიჭირდებოდა მამისა და ჩემი საუკეთესო მეგობრის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების გადატანა. დღეს ზოგს მატერიალურად უჭირს, ზოგს - სულიერად, მთავარია, მივდიოთ წინაპართა გზას. მათ ღვთის მცნებების დაცვა და ქრისტიანული აზროვნება ნებისმიერ სირთულეს გადაალახვინებდა. ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან დაშორება-დაახლოება განსაზღვრავდა ამ სიძნელეების დაძლევის მასშტაბებს. რატომღაც მგონია, აღმაშენებლის პერიოდის გლეხი უფრო განათლებული იქნებოდა, ვიდრე მაღალი ტექნოლოგიების მცოდნე დღევანდელი მენტორი. ვფიქრობ, უფალი გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან და მომავალს მაინც იმედიანად ვუყურებ.

2. წმინდა ილია მართლის ვერაგული მკვლელობა უდიდესი სირცხვილი იყო ჩვენი ერის ისტორიაში, მაგრამ პირადად მე არამც და არამც არ მიმაჩნია იგი ზოგადად ქართულ ცოდვად, რომელზეც ერს პასუხი მოეთხოვება.

ჩვენს ისტორიას ისედაც ჰყოფნის ცოდვები და შავი ლაქები (ბაზალეთის ომი, 1832 წლის შეთქმულების გაცემა და ა.შ.) და თუ ამ საზარელი მკვლელობის ჩამდენები გენეტიკურად ქართველები იყვნენ, ალბათ აქვე უნდა დავასახელოთ ამ ცოდვის გამომსყიდველიც, ვინმე ოთარაშვილი, რომელმაც თავისი ახალგაზრდული, ძვირფასი სიცოცხლე გაწირა ილიას გადასარჩენად, მკვლელებს სროლით შეეწინააღმდეგა, მთელი ცხოვრება დააკოჭლა ბერბიჭაშვილი, ხოლო შემდეგ ილიას გადაეფარა. ილიას ქართველობისათვის მოუსწრაფეს სიცოცხლე ქართველთმოძულე ცნობიერების არაკაცებმა. დღეს იმდენად შეუვალი გახდა მისი ავტორიტეტი ქართველთათვის, რომ საზოგადოების თვალის ასახვევად ილიას სახელით ბევრი საეჭვო პროექტი განხორციელდა. ვგულისხმობ ე.წ. განათლების რეფორმას. თითქმის 105 წელი გავიდა ილიას მკვლელობიდან და ისეთი გაუგონარი მოვლენები ხდება საქართველოში, რომლებიც მის მკვლელებსაც კი გააკვირვებდა. საუბარია "წარმატებული ადამიანების" აუცილებელი ატრიბუტის საჯარო პროპაგანდაზე. ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ და ვუსმენთ სხვადასხვა ასაკის "ვარსკვლავებს" სატელევიზიო ეთერში, რომელთაც პოპულარული გადაცემები მიჰყავთ "საზოგადოების დასამოძღვრად", გადაცემების წამყვანები მაღალანაზღაურებადი, "წარმატებული" პიროვნებები არიან, მათი საშუალებით მიდის ზნეობრივი ფასეულობის არა მხოლოდ გადაფასება, არამედ გადაჯგუფებაც. ყველაზე უპატიოა თავსაფრიანი დედაკაცი, რომელმაც მოიტანა დღემდე საქართველო...

"ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო", - ამბობდა ილია საუკუნის წინ, დღეს ჩვენი თავი თითქოს ჩვენვე გვეყუდნის, მაგრამ რაღაა ეს ჩვენი თავი?! - ეს გახდა სამწუხარო პრობლემა...


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს ჩუღურეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი.

- რა თქმა უნდა, ამ სოფელში ყველა ადამიანს აქვს თავისებური განსაცდელი, მაგრამ ნებისმიერი პრობლემისა და გასაჭირის გადალახვა მხოლოდ მაცხოვრის დახმარებითა და სიყვარულით არის შესაძლებელი, ქრისტეს გარეშე როგორც ცხონებაა წარმოუდგენელი, ასევე ყოველი განსაცდელისა და დაბრკოლების გადატანა. უფალი ხომ გვეუბნება, "მე მიძლევიეს სოფელსა" და თქვენც ძლევთო. რით? - სიყვარულით. ქრისტეში ცხოვრება, როგორც ღვთივგანბრნობილი მამები აღნიშნავენ, ყველა წინააღმდეგობას გადაგვალახვინებს. ბრძენთა თქმით, როცა ადამიანი ამქვეყნად იბადება, იგი უკვე ღმერთს ეკუთვნის, ამიტომ მან უნდა განავითაროს და განავრცოს საკუთარ თავში უფლისგან ბოძებული ღვთიური ნაპერწკალი. მაშინ წარმართებმა რა უნდა ქნან? უფლის მადლი მეტ-ნაკლებად მთელ სამყაროს ეფინება, ქრისტეც ხომ ყველას გამოსახსნელად, მთელი კაცობრიობისთვის მოვიდა ამქვეყნად. ხომ გვეუბნება მაცხოვარი, უკეთუ ვისმეს ყური აქვს, ისმინოსო, ანუ ვინც უფალს ეძიებს, სადაც უნდა ცხოვრობდეს, აუცილებლად იპოვის მას. წმინდა იოანე მახარებლის უწყებით, ხალხთა შორის იქნება განყოფანი, ურწმუნო ადამიანები დევნა-შევიწროებას დაუწყებენ მართლმორწმუნე ქრისტიანებს, რადგან ერთია ჭეშმარიტება. დევნილებამ ნაწილობრივ ყველა დროში იჩინა თავი და ეს ბიძგები დღეისთვისაც შესამჩნევია. მაგრამ ვფიქრობ, აქ მაინც ქრისტეს მეორედ მოსვლის წინა პერიოდზე უნდა იყოს ლაპარაკი. ჭეშმარიტებას ყოველ დროში დევნიდნენ, მაგრამ ისევ მაცხოვარი გვაიმედებს, რომელიც მოგვიწოდებს სულიერი სიმტკიცისაკენ, ამიტომ ვისაც ღმერთის სწამს და გადარჩენის სურვილი ამოძრავებს, იმისათვის მუდამ ხსნილია ეკლესიის კარები, რადგან ვერვინ ცხონდება მოძღვრისა და ეკლესიის გარეშე. ყოველი ადამიანი დაბადების პირველი წუთებიდანვე უფალს ეკუთვნის, მაგრამ თუ მან თავისი ჯვარი არ იტვირთა, როგორ მოხვდება სასუფეველში? კვალდაკვალ უნდა მივყვეთ ჩვენს ჯვარს, ეს არ არის იოლი, მთავარია, არ უარვყოთ იგი და როდესაც ძალიან გაგვიჭირდება მისი ტარება, გზადაგზა უფალი დაგვეხმარება და შეგვიმსუბუქებს მის სიმძიმეს. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ჩვენც უნდა შევეშველოთ ერთმანეთს ჯვრის ტარებაში.

- მაგრამ ხომ არიან ეკლესიას დაშორებულნი, რომლებიც ცხოვრების აზრად სიმდიდრის დაგროვებას მიიჩნევენ.

- ქონების დაგროვება დანაშაული არ არის, მაგრამ ეს არ უნდა სცილდებოდეს ზომიერების ფარგლებს. სიმდიდრე მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როცა იგი ღმერთს კი არ დაგვაშორებს, პირიქით - დაგვაახლოებს, როდესაც სიმდიდრე არა მხოლოდ შენთვის, არამედ სხვა ადამიანთა სასიკეთოდაც იქნება გამოყენებული. სწორედ ასეთ შემთხვევაში მიიღებს შეძლებული ადამიანი სულიერ შევსებას. გავიხსენოთ სახარებაში მდიდარი კაცის იგავი, რომელსაც ერთ წელიწადს იმხელა მოსავალი მოუვიდა, ბეღლები აევსო და სხვა საფიქრალი რომ აღარ ჰქონდა, მოსავალი რომ არ გაჰფუჭებოდა, მოინდომა ახალი ბეღლების აშენება, თავის თავს გახარებული ეუბნებოდა: ჭამე და სვი, ეს ყველაფერი მრავალ წელს გეყოფაო და იმაზე არც კი უფიქრია, სხვისთვისაც ეწილადებინა ამხელა მოსავალი. ამ საზრუნავით გართულს უფლის ანგელოზმა აუწყა, ამაღამ გაგიყვან ამ სოფლიდანო. აქედანაც ჩანს, რომ კაცის შრომითა და გარჯით მოპოვებულ სიმდიდრეს კი არ უარყოფს ღმერთი, არამედ სიძუნწეს და სიმდიდრეზე მიჯაჭვულობას, როცა მას თავისი თავის გარდა აღარავინ ახსოვს. უნდა გვახსოვდეს, თუ სხვასთან შედარებით შეძლებულად ვცხოვრობთ, მადლობა უნდა შევწიროთ უფალს, რომ ამით გაჭირვებულ ადამიანებზე მზრუნველობის საშუალებას გვაძლევს, ადამიანი ოქრო-ვერცხლს, რაიმე ნივთსა და ფუფუნების საგანს არ უნდა დახარბდეს. უამრავი ახლობელია ჩვენს გარშემო, თუნდაც ჩვენს სამეზობლოში, რომელსაც ზოგჯერ პურის ფულიც არ რჩება და ძალიან უჭირს და თუ ღმერთმა ამხელა წყალობა გაიღო შენზე და ხელი მოგემართა, შენც მოუმართე ხელი სხვას, როგორც შეძლებ. დღეს 80% უმშევარია საქართველოში და შენი ქონება ყველას არ გასწვდება, მაგრამ ამდენ გაჭირვებულ ადამიანში კეთილი გულით ცოტაც რომ მისცე ზოგიერთ მათგანს, რამხელა სიხარულს მიანიჭებ მათ. რაოდენობას კი არ აქვს იმდენი მნიშვნელობა, რამდენიც შენს გულსა და განწყობას. როგორც სახარებაშია მოთხრობილი, მოწყალების საქმეებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება ყოველი ჩვენგანის ცხონებისათვის. "მწყუროდა და არ მასვით, მშიოდა და არ მაჭამეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, უცხო ვიყავი და არ შემიწყალეთ, საპყრობილეში ვიყავი და არ მოხვედით ჩემთან", - ეტყვის უფალი მასთან მისულთ საყოველთაო განკითხვის დღეს. რაც გაუკეთეთ ერთ მცირეთაგანს, იგი მე მიყავითო, - მიუგებს იმ ადამიანებს, რომლებიც ვერაფრით გაიმართლებენ თავს და ისინი საქმისამებრ მიიღებენ საბოლოო განაჩენს.

დაბოლოს, ყველას მოვუწოდებ, არ დასცილდნენ ეკლესიას. წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა: ვინც ეკლესიის წევრი არ არის, ვერც ამსოფლად გადარჩება და ვერც მომავალ სოფელშიო. ეკლესიაც და მოძღვარიც ჩვენს გადასარჩენად დაადგინა ღმერთმა, რომელიც შეგვიმსუბუქებს განსაცდელსა და ამქვეყნიურ გასაჭირს. მარხვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება და სხვა მაცხოვნებელ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, ანუ, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი იტყოდა, "თუ გინდა მგელი არ მოგეკაროს, იყავი ეკლესიაში".

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი! ამინ.
ბეჭდვა
1კ1