მადლიერი ადამიანი ყოველთვის მშვიდი, კმაყოფილი და ბედნიერია
მადლიერი ადამიანი ყოველთვის მშვიდი, კმაყოფილი და ბედნიერია
1. როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა სიხარბის ვნება და რამდენად არის იგი ფესვგადგმული დღევანდელ საქართველოში?

2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში?

3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ პროფესორი რამაზ შენგელია, ფილოლოგი ნანა შანიძე და ექიმი-სტომატოლოგი ირაკლი ანთაძე.

რამაზ შენგელია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ვაშინგტონის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მწერალი. მისი მეუღლეა ნანა მოსიძე, შვილი - მიხეილი.


1. სიხარბე არის ის უმძიმესი ცოდვა, რომელზეც, როგორც ბალავარზე, ისე შენდება მთელი კაცობრიული მოდგმის უკეთურება და წარწყმედა. ყველაფერი ის, რაც ზემოთ ვახსენე, საქართველოს განვითარების დამაბრკოლებლად მიმაჩნია, უეჭველად ამ საფუძველზეა აღმოცენებული. ჩვენი ძირითადი პრობლემა სიხარბეა და მას ეწირება ჩვენი მოდგმის ყველა ამაღლებული იდეა და ღირებულება. ამასვე ეწირება ჩვენი ყოფის სიმშვიდე, საღი აზრი, ადამიანური ბედნიერება. ქრისტეს შობიდან ორი ათას წელზე მეტი გავიდა და კვლავ ვერ გაგვიგია, რომ ყველაფერი აქ, ამ ცოდვილ მიწაზე მოპოვებული წარმავალია და ერთ მშვენიერ დღეს ჩვენთან ერთად არარად იქცევა. არარაობისგან თავდასაღწევად სათნოება მოუცია ჩვენთვის ღმერთს. ვერ და არ ვხედავთ ამ სათნოებას. დილიდან სიხარბეს ვემსახურებით, საღამოს (პირობითად) და მოცალეობისას ღმერთი გაგვახსენდება, ეკლესიას მივაკითხავთ, სანთელს დავანთებთ, იქაც "მოვიწყობთ" საქმეს და მეორე დილიდან ისევ სიხარბის, დაუნდობლობის მორევში გადავეშვებით. გამოვა კი აქედან რამე? ვიტყუებით გაუთავებლად. ძნელია ამ თემაზე საუბარი, რადგან გამოსავალი აქედან ერთია - ძნელად გასაკეთებელი და ხანდახან შეუძლებელიც, ჩვენი სულიერების სიმწირიდან გამომდინარე.

სათნოებაშია, ალბათ, საშველი. სათნოება კიდევ, სულხან-საბას მიხედვით, საერო გაგებით, ასეთი რამ ყოფილა:

"სათნოება არს საშვალი ნამეტნაობისა და ნაკლებობისა; სათნოება არს საშვალი უსამართლოდ მოხვეჭისა და უწესოდ წაგებისა, უკეთუ ძლიერება სიმართლისა და სიბრძნისაგან განშორებული იყოს, არა არს სათნოებაი".

ეს ყოფილა თურმე სათნოება: ზომისა და შესაბამისობის გაგება და დაჭერა, საკუთარი მიწიერი გრძნობებისა და მისწრაფებების შეცნობა და ნებაყოფლობითი შეჩერება, მოთოკვა. ვინაიდან არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა ზუსტად იცი, რა არ უნდა გააკეთო, სად უნდა გაჩერდე, სად არის შენი ადგილი. ამის მერე შენ სხვებისათვის არათუ საშიში, არამედ სიკეთისა და სიმართლის მომტანი შეიქნები.

ჩემი აზრით, ეს არის ჭეშმარიტი, ღვთისგან ბოძებული თავისუფლება.

ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველას.

2. კაცის მიერ კაცის კვლა ამ მკვლელის მიერ ჩადენილი ცოდვაა და მისი პროეცირება მთელ ერზე, რაც არ უნდა ამაზრზენი იყოს დანაშაული, არ შეიძლება. ერი ცოდვის თანაზიარი მაშინ ხდება, როცა დანაშაული მისი სიტყვიერი თუ უსიტყვო თანხმობით ხდება. ასეთი იყო ილიას მკვლელობა.

ჩვენმა საზოგადოებამ (მისმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა) საუკუნის მიწურულს კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ თავს და საკუთარ მომავალს. 1991-92 წლების მოვლენები და თანამდევი მკვლელობები, ფაქტია, გარედან იყო თავსმოხვეული, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ამ მოვლენების ქართველ მონაწილეებს. საზოგადოების უმწიფარობა და დანაშაული კი ის არის, რომ სათანადოდ ვერ აღუდგა ცხვირწინ გათამაშებულ ტრაგედიას.

"ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა..." - წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა.

3. რა არის ის გადაულახავი, მთავარი კონცეპტუალური წინააღმდეგობა, რომელიც მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის არის?


KARIBCHEნანა შანიძე, 65 წლის, ფილოლოგი, ამჟამად უმუშევარი. ჰყავს ქალიშვილი თეონა სიხარულიძე.

1. ვერ ვიტყოდი, რომ დღეს სიხარბე გავრცელებული იყოს საქართველოში. როცა ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკიდურეს სიღარიბეშია, რას უნდა დახარბდე? სიხარბე ჩნდება, როდესაც სახელმწიფო ძლიერია, კონკურენტუნარიანი გარემოა და ინტელიგენცია სხვის ხელებში შემყურედ და სამოწყალოდ კი არ ცხოვრობს, თავისი ნიჭითა და პროფესიონალიზმით არჩენს ოჯახს. მართალია, ინტელიგენციას უჭირს თავის გატანა, მაგრამ ქართულ რეალობაში გაჩნდა ისეთი ფენა, რომელიც თავს "ელიტურ ნაწილად" თვლის და ამ დროს არავითარი შინაგანი კულტურა და ინტელექტი არ გააჩნია. ეს ე.წ. "რჩეული ნაწილი" ჩვენი საზოგადოებისა, რომელთაც "ცნობად სახეებადაც" მოიხსენიებენ, არა მარტო სიმდიდრით, არამედ ზედა ფენისათვის დამახასიათებელი შესაშური მორთულობითაც გამოირჩევიან სხვებისაგან და მიმბაძველობისა და ურთიერთჯიბრის საოცარი უნარითაც. ამიტომ, თუ ამ კატეგორიაზე ვისაუბრებთ, მათში შური და სიხარბე ნამდვილად თვალშისაცემია: ერთმა თუ "ვერსაჩეს" 1000-დოლარიანი კაბა შეიძინა, მე 3000-დოლარიან "გუჩის" კაბას ვიყიდი და ასე მივიპყრობ საზოგადოების ყურადღებას. ასე რომ, ამ ფენას არა მხოლოდ ქონება დაუგროვდა, არამედ ამ ქონებაზე არანაკლები შური და სიხარბეც ამოძრავებს ერთმანეთისადმი. ამ გაურკვეველი ინტერესების და მისწრაფებების მქონე ადამიანებში, სადაც ყველაფერი ფულზე იყიდება და დაბალი ინტელექტი და იაფფასიანი პოპულიზმია გაბატონებული, ძველი დარბაისლური ქართული შეიცვალა სიტყვებით: "ცნობადი", "ყურებადი", "ეპატაჟური" და სხვა. ისინი თავიანთი შეგნებისა და გონებრივი განვითარების ისეთ საფეხურზე იმყოფებიან, რომ არ შეუძლიათ ჩასწვდნენ მთავარს: ადამიანს ჭინჭი და დგამი კი არა, თავისი ინტელექტი და შინაგანი სულიერი სიმდიდრე აქცევს პიროვნებად. ამდენი წელია სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდით და მანამდე ვერ ჩამოვყალიბდებით, ვიდრე ქართულ საზოგადოებაში გაუნათლებელი ნაწილი იქნება წამოტივტივებული.

როგორ დავძლიოთ სიხარბე? ძნელი სათქმელია. მე პირადად ოჯახისშვილობას, იმ გარემოს, რომელშიც იზრდები, მეგობართა წრეს და საახლობლოს, რომელშიც ტრიალებ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. როცა ადამიანი ჯანსაღ ოჯახშია აღზრდილი და კარგი ტრადიცია მოსდგამს, ცხოვრებაში ისეთ გარემოს აირჩევს, სადაც მას ეს სენი არ შეეყრება. ადამიანი პიროვნებად ოჯახურ გარემოში ყალიბდება, იმ გზაზე გასასვლელადაც, რასაც ეკლესიური ცხოვრება ჰქვია. თუ თვითონ არ მოინდომებს, არაფერი გამოვა.

2. არ არის აუცილებელი ადამიანი მაინცდამაინც ტყვიით მოკლა, ხშირად ჩვენ სიტყვითაც ვკლავთ და ვანადგურებთ ერთმანეთს. ღალატი, ქიშპობა, გაუტანლობა ოდითგან მოგვდგამდა ქართველებს.

ილიას მკვლელობის შემდეგ, დღევანდელი გადასახედიდან, რაც ყველაზე ცუდი მოხდა, ეს იყო ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა. აბა, ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ XXI ს-ში ისეთი ომი დაიწყებოდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დაგვაკარგვინებდნენ და ყველაზე სამარცხვინო ომში ჩაებმებოდა საქართველო დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან. მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, არც იმის თქმა შემიძლია, ეს დროებითი მოვლენა იქნება თუ სამუდამოდ ჩამოგვაჭრეს ეს ტერიტორიები.

3. ვცდილობ, ათი მცნება შეძლებისდაგვარად დავიცვა. დავდივარ ეკლესიაში და სანთლების წინ ვლოცულობ, ხშირად ვაზიარებ ჩემს პატარა შვილიშვილებს ანასტასიას და ელენეს. ეკლესია ჩემს სახლთან ახლოსაა და ხშირად ვახერხებ მოძღვართან საუბარს, ამიტომ ამჯერად შეკითხვა არ მაქვს.


KARIBCHEირაკლი ანთაძე, 35 წლის, მუშაობს "როიალ დენტისა" და "დენტავიტას" კლინიკებში ექიმ-სტომატოლოგად. მისი მეუღლეა ნანა ანდრიაძე, ჰყავს ქალიშვილი ელისაბედი.

1. ჩემი აზრით, სიხარბე ერთ-ერთი დამღუპველი ცოდვაა, რომელიც ადამიანს სწორი გზიდან გადააცდენს და თუ ამას ზომიერება და ნებისყოფა არ დავუპირისპირეთ, ისე არაფერი გამოგვივა. ერთადერთი, რაც გვიშველის და დაგვიცავს იმისაგან, რომ ამ ცოდვისაგან მართული არ გავხდეთ, ის არის, რომ რწმენაში გავძლიერდეთ და დავეწაფოთ ეკლესიურ ცხოვრებას. ბევრი ტაძარი შენდება დღეს საქართველოში, მაგრამ მთავარია, საკუთარ გულში ავაშენთ ტაძარი, დავანთოთ სანთლები ჩვენს სულებში და სიხარბეც დამარცხდება. შეიძლება ყველაფერი ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ ისე ძნელი განსახორციელებელია, რადგან როგორც კი კეთილი განზრახვა ჩნდება, ბოროტი ძალაც აღარ აყოვნებს. ადამიანი როდესაც დიდი ცხოვრების გზაზე გადის, მისი სურვილია, სწორი არჩვანი გააკეთოს. ზოგიერთი ამას ახერხებს, ზოგი - ვერა, ზოგს მეტ-ნაკლებად გამოსდის. სასურველ მიზანს მაშინ მივაღწევთ, თუ მომთხოვნი ვიქნებით საკუთარი თავისადმი და შემწყნარებელნი სხვათა მიმართ. როგორც დედაეკლესია გვასწვლის, თუ საქმეს ასე მოვეკიდებით, ყველა ცოდვის დამარცხებას შევძლებთ, მათ შორის სიხარბისაც, რომელმაც უდიდესი ზიანი მოუტანა კაცობრიობას. განკითხვაში ნუ ჩამომართმევთ და ხშირად ახლობლურ გარემოშიც შევსწრებივარ ასეთ რამეს. თითქოს ვმარხულობთ, ვლოცულობთ, ეკლესიაშიც დავდივართ, მაგრამ ჩვენი ეკლესიურობა ზოგ შემთხვევაში თავმდაბლობის ნაცვლად სიამაყეს გვძენს და მავანს ზემოდან ვუწყებთ ყურებას. მაშინ რაღა მადლი აქვს ჩვენს ღაწლსა და გარჯას? ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გვესმის მორწმუნეობა, იმგვარად, როგორც უნდა გვესმოდეს თუ ჩვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად? რა მიზანს ისახავს ჩვენი ეკლესიურობა? ვმარხულობთ იმისათვის, რომ მოდას ვართ აყოლილნი, თუ იმის გამო, რომ ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ ისეთ სულიერ მდგომარეობას, მაცხოვარი რომ მარხვის დროს განიცდიდა? ალბათ ეს კითხვები ხშირად უნდა დავუსვათ საკუთარ თავს.

ჩემი შეხედულებით, როცა ადამიანი ეკლესიურ გზაზე შედგომას იწყებს, ელემენტარული ცოდნა მაინც უნდა გააჩნდეს სარწმუნოებაზე (აღარაფერს ვამბობ სასულიერო პირებზე), წინააღმდეგ შემთხვევაში, უკეთესის ნაცვლად მივიღებთ უარესს. ჩემი აზრით, ადამიანთა თვითშეგნების ნახევარზე მეტი ოჯახიდან მოდის, რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე სკოლაც იძლევა ცოდნას, მაგრამ ოჯახს სულ სხვა მადლი აქვს.

2. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომზე დიდი ტრაგედია, ალბათ, დიდი ხანია არ მოხდარა საქართველოში. 2008 წლის ომში მეც ვიღებდი მონაწილეობას. ფრონტისათვის 516 კაცისგან შემდგარი სამხედრო-სამედიცინო ბატალიონი ჩამოყალიბდა. ამდენად, თვითმხილველი ვარ იმ საშინელებებისა, რაც იმ დღეებში ხდებოდა, მართალია, სამედიცინო პერსონალს ბევრი არაფერი შეგვხებია, მაგრამ რაც მაშინ ჩემი თვალით ვნახე და შევიგრძენი, სრულიად საკმარისი იყო, აღმექვა ის ვითარება, რაც ომის დღეებში შეიქმნა. არ ვაჭარბებ - ჩემთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დედასამშობლოდან მოწყვეტა იგივეა, კაცს რომ მარჯვენა მოგკვეთონ. რამდენი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა ამ ომებმა და რა მივიღეთ ამ ბიჭების სიცოცხლის სანაცვლოდ? წაგებული ომი, დაკარგული ტერიტორიები, გაუბედურებული ოჯახები. რამდენი მამა დარჩა უშვილოდ, რამდენი შვილი - უმამოდ, რამდენი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ამიტომ აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპული ბიჭების თავგანწირვა ორივე მხრიდან უბედურების მომტანი იყო ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. წლების წინ ჩვენ მხიარული ოჯახის სახელით ვიყავით ცნობილი, თითქმის ყოველ საღამოს მღეროდა ჩვენი ოჯახი. ხანდახან უშუქობაც კი ვერ უშლიდა ხელს ჩვენს მხიარულებას. მიშა ქსოვრელის ნაჩუქარ დუდუკებს დღემდე ვინახავთ რელიკვიად, აფხაზეთის ტრაგედიის მერე აღარ გავკარებივართ, რადგან სულში რაღაც მოკვდა და დღემდე ვეღარ გავაცოცხლეთ...

3. როგორი მეთოდით უნდა შევებრძოლოთ სექტანტობას, რომელმაც უკანასკნელ წლებში დიდი გავრცელება პოვა საქართველოში და როგორია დედაეკლესიის პოზიცია ბათუმში სულთან აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის აშენებასაც სახელმწიფო ადგილობრივ მოსახლეობასთან და ეკლესიასთან შეუთანხმებლად აპირებს?


თემის განხილვაში მონაწილეობს ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა საბა ჭიკაიძე:

KARIBCHE- სანამ სიხარბის დაძლევის მექანიზმს შევეხებოდეთ, ალბათ სჯობს, ჯერ ამ ვნებაზე ვისაუბროთ. სიხარბე გაუმაძღრობას, მუდმივ დაუკმაყოფილებლობას გულისხმობს. ხარბი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, რადგან მას არასოდეს აკმაყოფილებს ის, რაც უფლისგან ბოძებულია ამ ქვეყანაზე. ხარბის თვალი ვერასოდეს ძღება. ერთ ზღაპარში ხარბის თვალმა მთელი სამეფოს ოქრო და თვალ-მარგალიტი გადაწონა, ვერ გაძღა. უცნაური გადაწყვეტა აქვს ამ ზღაპარს - აიღეს სასწორის თეფშიდან ის უთვალავი სიმდიდრე და სანაცვლოდ ერთი მუჭა მიწა დაყარეს. მხოლოდ ამან გააძღო ხარბი თვალი. ასეა, სამწუხაროდ, მხოლოდ სიკვდილი უდებს ზღვარს სიხარბეს, მხოლოდ საფლავის მიწა აძღობს და აკმაყოფილებს მას. როგორც გითხარით, სიხარბე მუდმივ შფოთში, ფორიაქსა და ნერვიულობაში ამყოფებს ადამიანს, რადგან ბოროტის მანქანებით მისი მზერა მუდმივად მიპყრობილია მასზე მდიდრებისკენ. ასეთ "ორიენტირს" ეშმაკი არასოდეს მოაკლებს ხარბ კაცს და, შესაბამისად, იგი ვერასოდეს პოვებს სულიერ სიმშვიდეს. მუდმივად იარსებებენ მის ცხოვრებაში ადამიანები, რომელთაც მასზე გაცილებით მეტი აქვთ და ასე იქნება მთელი ცხოვრება გარდაცვალებამდე, თუკი არ გამოფხიზლდა და არ გადაწყვიტა, რომ საზღვარი დაუდოს ამ საშინელ ვნებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ სიხარბის ვნება არ ტოვებს ადამიანის სულში მადლიერების ადგილს.

მოგეხსენებათ, მადლიერება არის ის თვისება, რომელიც ღმერთსაც და კაცსაც ერთნაირად სიამოვნებს და ახარებს. მადლიერი ადამიანი ყოველთვის მშვიდი, კმაყოფილი და ბედნიერია. სიხარბის ვნების დაძლევაც, ვფიქრობ, სწორედ მადლიერების გრძნობის მოხმობით უნდა მოხდეს. ყოველდღე უნდა შეახსენოს ადამიანმა საკუთარ თავს, რომ ყოველი გათენებული დილა უფლის დიდი წყალობა და საჩუქარია, უფლისავე საჩუქარია ყოველივე, რაც მას გააჩნია ამ ქვეყანაზე, საკუთარი ჯანმრთელობიდან დაწყებული, ნებისმიერი წვრილმანი ნივთით დამთავრებული.

მან უნდა შეძლოს და მაქსიმალურად შემოაბრუნოს მზერა, შეხედოს იმ უამრავ ადამიანს, რომელნიც მასზე გაცილებით ნაკლებად და ხელმოკლედ ცხოვრობენ - ზოგს სახლ-კარიც კი არ აქვს და პურის ნამცეცი ენატრება, თავდაუზოგავად შრომობს, რომ ოჯახი შიმშილით არ დაეხოცოს. დამერწმუნეთ, თუკი ამ თვალით შეხედავს ადამიანი ცხოვრებას, მაშინვე მიხვდება, თუ რა ბედნიერია იგი და აუცილებლად გაჩნდება მის გულში მადლიერების განცდა, რომელიც გამოუთქმელ სიხარულთან და სიმშვიდესთან არის შეზავებული. ასეთი ხედვა ცხოვრებისა ბედნიერების ერთ-ერთი საიდუმლოც გახლავთ. ეს ყოველივე იოლდება, თუკი ადამიანი გაიხსენებს, რომ ძალიან დამძიმებულია ცოდვებისაგან.

როგორ შეიძლება ის არ იყოს მადლიერი უფლისა, რამეთუ იცის მან, რომ ცოდვა მხოლოდ სასჯელს იმსახურებს, მას კი წყალობა უბოძა უფალმა. საბოლოოდ, სიხარბის ძლევა მხოლოდ მონანულ გულში აღმოცენებული მადლიერების გრძნობით შეიძლება.

დავამატებდი, რომ ამ ბრძოლის საშუალებებს ჩვენ უფლის მიერ დაფუძნებული ეკლესია გვასწავლის და თუკი ადამიანს ჭეშმარიტად სურს განთავისუფლდეს ამ დამღუპველი ვნების ტყვეობიდან, აუცილებლად ეკლესიას და მოძღვარს უნდა მიმართოს.

ქართულ საზოგადოებაში ეს ცოდვა იმდენად არის ფესვგადგმული, რამდენადაც გვაკლია სწორედ ის განცდა სინანულისა და მადლიერებისა, რაც შემოქმედისადმი უნდა გვქონდეს. ძნელია, მთელი ერის მასშტაბით ისაუბრო. მე მღვდელი გახლავართ და ჩემი გადასახედიდან თუ შევაფასებ იმ საზოგადოების სულიერი განწყობის გათვალისწინებით, რომლებთანაც მე მოძღვრული ურთიერთობა მაკავშირებს, ვფიქრობ, ამ კუთხით არც ისე საგანგაშო მდგომარეობაა. რასაკვირველია, სიხარბე ისეთი საშინელი ვნებაა, რომელიც ოდითგანვე მოსდგამს კაცობრიობას, არც ქართველები ვართ გამონაკლისი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ სხვა მხრივ უფრო გვაქვს ყურადღება გასამახვილებელი. მაგალითად, ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ჩვენი "ქართული" ქედმაღლობა და ამპარტავნება, ოჯახური ერთგულების პრობლემა და ა.შ.

პასუხი პირველ შეკითხვაზე: მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ორთოდოქსულსაც უწოდებენ, ძველი აღთქმის ეკლესიის პირდაპირი მემკვიდრეა და შეადგენს ერთი მთლიანი, ზეციური ტრიუმფალური ეკლესიის განუყოფელ ნაწილს. რომაული კათოლიციზმი დედაეკლესიას 1054 წელს გამოეყო. ამის მიზეზი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის წარმოქმნილი დოგმატური უთანხმოება გახდა. მართლმადიდებლები ბოლომდე დარჩნენ პირველ და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგულნი, რადგან მიაჩნიათ, რომ მრწამსის ძირითადი დებულებები წმინდა ღმერთშემოსილ მამებს სულიწმინდის შთაგონებით გადაეცათ და ამ დოგმატში ერთი სიტყვის შეცვლაც დაუშვებელია. დასავლეთის ეკლესია გაემიჯნა ამ შეხედულებას და მრწამსში თვითნებურად შეიტანა ცვლილებები, რაც განხეთქილების საბაბი გახდა. ამით კათოლიკეები გამოეყვნენ ძირძველ ეკლესიას და დასცილდნენ ჭეშმარიტ სამოციქულო სწავლებას. მოგვიანებით კათოლიციზმს გამოეყო პროტესტანტიზმი, რომელმაც თავისსავე წიაღში წარმოქმნა მრავალი განშტოება და რელიგიური მიმდინარეობა. ისინი დღეს განაყოფებად უფრო იქცნენ, ვიდრე ეკლესიებად. ასეთებად შეიძლება დასახელდნენ თანამედროვე მეოთხე და მეხუთე თაობის "ეკლესიები", როგორებიც არიან მორმონები, იეღოვას მოწმეები, ე.წ. გაერთიანებული ეკლესია და სხვა. მათ შეიძლება ეწოდოთ ქრისტიანული ამალგამა, პაგანიზმი და აღმოსავლეთის ფილოსოფიური იდეების მოქცევა ბიბლიურ ტერმინოლოგიაში, რასაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ სამოციქულო სწავლებასთან.

პასუხი მეორე შეკითხვაზე: რაც შეეხება მეჩეთის მშენებლობას, ცხადია, ამ საკითხის მიმართ ქართული ეკლესიის დამოკიდებულება ცალსახად უარყოფითია. ვფიქრობ, ყოვლად მიუღებელია მსგავსი პრეცედენტის დაშვება, თანაც იმ მხარეში, რომელიც სამასი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ იყო დაპყრობილი. აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამის მიმდევრად იყო ჩამოყალიბებული და ბოლოდროინდელი მოვლენების წყალობით, საქართველოს ეკლესიის აქტიური მისიონერული ქმედებებით, პირადად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ბრძნული პოლიტიკითა და დაუღალავი მოღვაწეობით აჭარამ ისევ აქტიურად მოიხედა თავისი ისტორიული სარწმუნოებისაკენ. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა სიბრძნე და გამჭრიახობა, რომ ასეთი დიდი მონაპოვარი ჯეროვნად დააფასოს და აღარ დაუშვას ასეთი ფაქტი, რომ ხელახალი საცთური არ წარმოშვას აჭარის მოსახლეობის თუნდაც მცირე ნაწილისათვის, რამეთუ უფლის წინაშე თითოეული ადამიანის სული უსაზღვროდ ძვირფასია და ღმერთი აუცილებლად მოგვკითხავს პასუხს ყოველი მათგანის გამო. ალბათ, იმის შეხსენებაც უპრიანი იქნებოდა, რომ სწორედ აჭარაა ის მხარე, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულის ქადაგების შედეგად პირველად დაირწა საქართველოში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აკვანი.

სექტანტობის პრობლემა, დამეთანხმებით, ცალკე სერიოზული განხილვის საგანია. ამჯერად მოკლე პასუხს გაგცემდით: მე, როგორც სასულიერო პირი, მივიჩნევ, რომ სექტანტობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი ხერხი ჩვენივე ეკლესიის გაძლიერებაა. ანუ მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ჯურის სექტამ ფეხი მოიკიდა ქართულ სინამდვილეში, მართლმადიდებელი ეკლესიის პასიურობით იყო განპირობებული. შესაბამისად, სექტანტური ცნობიერების შესუსტება პირდაპირპროპორციული გახლავთ ჩვენი გაძლიერებისა. ეს, გარკვეულწილად, ერთგვარი ინდიკატორიც კი არის, ალბათ, ჩვენი სისუსტისა თუ სიძლიერისა.
ბეჭდვა