"ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცდური"
"ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცდური"
ჩვენი დროის უმწვავესი პრობლემების განხილვისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანებს: "მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოდვითი მიდრეკილებები უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჩვენს ყოფაში. ცოდვა, როგორც ხორცმეტი, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული, მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც. სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას: "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის". დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. ამ აზრს, რომლის დამკვიდრებასაც უცხოეთში უკვე კარგა ხანია ცდილობენ, ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი. ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისთვის. ცოდვის საკუთარ თავში მიღებითა და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება. ამაზე კი პასუხს აგებს ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამისკენ უბიძგებს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: "ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცდური" (მთ. 18,7). "მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ" (მთ. 18,6). ასევე საშინელია სხვა მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანის ხვედრიც. შეუძლებელია და შეუთავსებულია, იყო ქრისტიანი და ამავე დროს ნარკომანი, ქრისტიანი და ლოთი, ქრისტიანი და მრუში, ქრისტიანი და ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, - ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ".

წმინდა პაისი ათონელიც ბრძანებს, რომ დღეს ცოდვა მოდაში შემოვიდა.

დღევანდელი სატელევიზიო გადაცემების უმრავლესობა უცხოური შოუებია, რითაც ჩენი ერი ეცნობა და ეზიარება სხვა "კულტურის" ფასეულობებს, ცხოვრების წესს, აზრებსა და ქცევებს. ეს ყოველივე გარკვეულ სულიერ ბაზას შეიცავს და ახდენს ადამიანთა კოდირებას. მართლმადიდებელი ქრისტიანი ადვილად ამოიცნობს, თუ რა სახის ფასეულობებსა და წარმოდგენებს ახვევენ თავს ჩვენს საზოგადოებას ამ გადაცემების მესვეურები. როგორც წმინდა პაისი ათონელი ბრძანებს, ტელევიზიის საშუალებით ვიღაც-ვიღაცებს სურთ, გამოაშტერონ სამყარო, განსაკუთრებით ბავშვები. ბავშვების გონება აღარ მუშაობს. ისინი მხოლოდ იმეორებენ იმას, რაც მოისმინეს და ნახეს.

სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა საშიშროებას შეიცავენ დღევანდელი სატელევიზიო გადაცემები და როგორ გავუმკლავდეთ მათ უარყოფით, ხშირ შემთხვევაში კი დამღუპველ ზეგავლენას, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მართლმადიდებელი ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.

- დამკვიდრდა შეხედულება, რომ ბოროტება, აგრესია, დანაშაული, ფსიქიკური აშლილობანი, სულიერი ავადმყოფობები და სტრესები იმიტომ გახშირდა, რომ ხალხი თრგუნავს თავის "ბუნებრივ" მოთხოვნილებებს, გულისთქმებს, ჟინს. ვნებების ალაგმვა მავანთ პიროვნული თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნიათ. რას იტყვით დღევანდელ გადაცემებზე, რამდენად ემსახურება დღეს ტელევიზია ამ პროპაგანდის გაღვივებას?

- თავისთავად ტელევიზია კი არ არის ბოროტება, არამედ ბოროტებაა ის პროგრამები და მიმართულება, რომლითაც მას წარმართავენ. თითქმის ყველა გადაცემა რატომღაც უცხოეთიდან გადმომღერებულია. მათი მესვეურები ცდილობენ, მოერგონ დასავლურ კრიტერიუმებს. ესეც ემსახურება იმას, რომ საქართველო ჩაჯდეს იმ ყალიბში, რომელშიც არის მოქცეული ამერიკა და ევროპა. კარგად დავაკვირდეთ რეალურ სიტუაციას და ვიკითხოთ: რა იდეოლოგიურ ფუნდამენტზე დგანან ეს ქვეყნები და რაზე უნდა ვიდგეთ ჩვენ? ქართველმა ხალხმა, უძველესი დროიდან მოყოლებული, გააკეთა თავისი ისტორიული არჩევანი - მსოფლმხედველობის, აზროვნებისა და ცხოვრების წესად მართლმადიდებლობა აირჩია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ამ იდეოლოგიურ საფუძველს უნდა ემყარებოდეს. ავიღოთ თუნდაც ფროიდული საწყისი. ფროიდის მიხედვით, ადამიანი უნდა განთავისუფლდეს კომპლექსებისგან და იმ ღირებულებებისგან, რომლებიც მას აქვს ამა თუ იმ იდეოლოგიის პირობებში. მაგალითად, ჟურნალ "პლეიბოის" დაარსებით მსოფლიოში მოხდა უკვე მესამე სექსუალური რევოლუცია, რომელმაც მოიტანა პირობითი თავისუფლება, თორემ ვინ და როგორ არის თავისუფალი, ეს ეკლესიამ შესანიშნავად იცის. ადამიანი ათი მცნების შიგნითაც შეიძლება იყოს თავისუფალი და მის გარეთაც, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, მთავარია, რა მიმართულებით და რა კუთხით. დასავლური სატელევიზიო გადაცემები ხშირად ემსახურება ადამიანის განთავისუფლებას იმ ზნეობრიობისაგან, რაზეც დგას მართლმადიდებლობა. თუ გვინდა ამ გადაცემების შემოტანა და მათში გამოხატული სულისკვეთების შეთვისება, პირველ რიგში, უნდა დავთმოთ მართლმადიდებლობა და გავათავისუფლოთ ადამიანი ყოველგვარი ზნეობრივი ღირებულებისგან.

სად არის ადამიანური დამოკიდებულება იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებასთან, რომლის მიხედვითაც, როგორც იეროთეოს ვლახოსი ბრძანებს, უნდა ვცხოვრობდეთ, ვარსებობდეთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველში დამკვიდრებას? დასავლეთში ადამიანი ცხოვრობს იმისათვის, რომ თავისი ჰედონისტური პრინციპებიდან გამომდინარე, დედამიწაზე მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება და მისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ექნება თუ არა მარადიულ ცხოვრებაში წილი. ამიტომ გვმართებს გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენსა და დასავლეთს შორის არის სერიოზული თვისებრივი, ფილოსოფიური და, გნებავთ, რელიგიური სხვაობა.

როდესაც ვკითხულობთ, შემოვიდეს თუ არა სექსუალური განათლება სკოლაში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დასავლეთმა ამისი შედეგი უკვე კარგა ხნის წინ იწვნია. 13-14 წლის გოგონები დგანან ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა: შიდსი, ვენერული დაავადებები, ნაადრევი ფეხმძიმობა, აბორტები და ა.შ. თუკი ჩვენც გვინდა, ასეთი პრობლემები შეგვექმნას, მაშინ დიახაც რომ გზა უნდა მივცეთ ასეთი პროპაგანდის გამაღვივებელ გადაცემებს. თუ არადა, დაფიქრება გვმართებს. თანაც, რაც არ უნდა მკაცრად ჟღერდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვას აუცილებლად აქვს თავისი მისაგებელი და რასაც დავთესავთ, აუცილებლად მოვიმკით, რადგან უფალი საკადრის პასუხს მიუზღავს იმას, ვინც რაიმე ფორმით ცოდვასთან არის წილდებული. ერთ-ერთი ეპისკოპოსი, რომელიც ადრე ექიმი გახლდათ, აღსარებების მიხედვით აღწერს, თუ რა კავშირია ცოდვასა და იმ ავადმყოფობებს შორის, რომელსაც ესა თუ ის ცოდვა იწვევს. მაგალითად, აბორტებისგან, სექსუალური დარღვევებისგან ჩნდება ონკოლოგიური დაავადებები, ასევე სხვადასხვა ფსიქიკური თუ სომატური პათოლოგია, თუნდაც ნევროტული ხასიათის პრობლემები. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, არის გამოვლინება იმისა, რომ ჩვენში ფართო პლანით შემოდის ასეთი ტიპის განათლება.

- ხშირად მოზარდების კერპებად იქცევიან ხოლმე რეალითი შოუების "გმირები", ტოპმოდელები, ზოგს გმირობა ტელეეკრანებზე თუ ჟურნალის ფურცლებზე საჯაროდ გაშიშვლება ჰგონია, ზოგს - "სულით მეამბოხეობა". ნამდვილი გმირები, ღვთისა და სამშობლოს ერთგული ადამიანები კი სადღაც გაქრნენ, ისევე როგორც გაქრნენ თბილი და კეთილი ფილმები, სულიერი თვალსაზრისით ფასეული, ჯანსაღი გადაცემები...

- როდესაც მოზარდი პიროვნებად ყალიბდება, დიდი სიფრთხილეა საჭირო.

სულით ამბოხი ღმერთის საწინააღმდეგოა, სულით ამბოხება არის ყველაფრის დაშვება, თუნდაც სექსუალური თავისუფლებისა. ჩვენთან მომავალ თაობას დაჟინებით უკვალავენ გზას ასეთი "თავისუფლებისაკენ".

საქართველო დღეს მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური, სულიერი და სხვა პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ უმთავრესი საზრუნავი მაინც მომავალი თაობის სწორი აღზრდაა. ჩვენი ახალგაზრდების მიმართულების ღერძი უნდა იყოს ქრისტიანული სარწმუნოება. მიდის სკოლების კომპიუტერიზაცია. ბავშვებს მართებთ იმის გაცნობიერება, რომ ტელევიზიით, ინტერნეტით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა უმეტესად ზედაპირულია და ასეთსავე ადამიანს აყალიბებს. ის წიგნის კითხვის კულტურას ვერასოდეს შეცვლის. ბავშვების უმრავლესობა კომპიუტერთან ძალადობითა და მკვლელობით გაჯერებული თამაშებით ერთობა. ვირტუალურად ისინი დღეში ათასობით ადამიანს კლავენ, აფეთქებენ... ბავშვების უმეტესი ნაწილი არ იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებს. კარგი იქნება, თუ ისინი "ვარსკვლავების" ინტიმური ცხოვრების გაცნობის ნაცვლად გაეცნობიან ლევან გოთუას "გმირთა ვარამს", ლევან სანიკიძის "უქარქაშო ხმლებს".

ჭეშმარიტ ლიტერატურასთან ზიარებით ადამიანი ეზიარება ზნეობრივ-ესთეტიკურ ფასეულობათა სამყაროს, სწვდება ჭეშმარიტი გმირის ფსიქოლოგიას. ბავშვის ცნობიერებაში ინერგება გმირის იდეალი - ვინ უნდა იყოს მისი ფიქრის, ქცევის, ცხოვრების წარმმართველი, გზის მაჩვენებელი. უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებმა უნდა მოძებნონ, აირჩიონ და თვითონ მოინდომონ ჭეშმარიტების გზით სვლა.

დღეს ერთობ პოპულარულია კომპიუტერის და ინგლისურის ცოდნა. პოლიგლოტობა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ განათლება, ცოდნა საკუთარი ისტორიისა, ლიტერატურისა, რაც ჩვენს ახალგაზრდებს ეროვნული თვითმყოფადობის, ენის, კულტურის, მამულის შენარჩუნებაში დაეხმარებათ. მაშინ შესაძლოა, ლელთ ღუნიას სიტყვებიც კი ახდეს: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო..." იდეალი, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპარმა გვიანდერძა, არის დამოუკიდებელი, ეროვნული პოლიტიკის წარმართვა, რომელშიც შემდგომში ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ხვალინდელი დღე მათია.

მართლმადიდებელი სარწმუნოების განუხრელი დაცვა და ეკლესიური ცნობიერება არის წინაპირობა იმისა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი ქვეყანა არ გადაშენდება!
ბეჭდვა
1კ1