ტკბილად მოუბარ ადამიანთან ურთიერთობას ვესწრაფვით
ტკბილად მოუბარ ადამიანთან ურთიერთობას ვესწრაფვით
1. "ენატკბილად მოუბარნი" ჩვენს დროში ძალზე იშვიათად გვხვდებიან. თუ დაგვისახელებთ ადამიანს, რომელიც ამ უჩვეულო უნარს ფლობს?

2. თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა გავხდეთ ტკბილად მოუბარნი ისე, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ გულის სიწმიდე და სულიერი სისპეტაკე?

3. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?

4. შეკითხვა ხომ არ გაქვთ მოძღვართან?

ანკეტაში მონაწილეობენ მსახიობი ნანი ჩიქვინიძე, მომღერალი მიქაელ ნიკოლაძე და იურისტი ანა ტაბიძე.

ნანი ჩიქვინიძე, მსახიობი, მისი მეუღლეა ცნობილი რეჟისორი თემურ ჩხეიძე, ქალიშვილი მედეა ჩხეიძე.


1. ყველაზე კარგად მაინც ოჯახის წევრებს ვიცნობთ, ამიტომ ძალიან შორს არ წავალ. ჩემს სანათესაოსა და ახლობელთა წრეში ტკბილი სიტყვითა და საუბრით გამოირჩეოდა დედაჩემი თამარ დოლიძე. ცოტათი მეუხერხულება დედაზე საუბარი, მაგრამ იგი მართლაც რომ დაჯილდოებული იყო ამ უნარით. ოჯახის წევრი იქნებოდა თუ გარეშე ადამიანი, ის სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ეტყოდა, თუმცა იმდენად გონიერი ქალი იყო, საყვედური ან მწარე სიმართლეც რომ ეთქვა, ისე იტყოდა, გულს არავის ატკენდა. ბევრი უბედურება ჰქონდა გადატანილი. მამამისი გრიგოლ დოლიძე 1924 წელს დახვრიტეს, 1937 წელს დედაჩემის პირველი ქმარიც დახვრიტეს კომუნისტებმა. მან ბოლომდე შეინარჩუნა კეთილგანწყობა და სიყვარული ადამიანების მიმართ, იყო ძალიან კონტაქტური, რადგან უსაზღვროდ უყვარდა ადამიანები და მათთან ურთიერთობა ბედნიერებას ანიჭებდა. ყველას მიმართ შემწყნარებლური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდა და ვფიქრობ, ეს არა მოლოდ მისი ხასიათის, არამედ ტრადიციული ოჯახური აღზრდის დამსახურება იყო.

2. ვფიქრობ, ყველაფრის სწავლა შეიძლება, თუკი მოვინდომებთ. ადამიანში ღვთისაგან არის ჩადებული ყველა კარგი თვისება. ჩვენ უნდა ვეძებოთ და განვავითაროთ იგი. რასაკვირველია, ბოროტებაც მძლავრობს ადამიანში, მაგრამ როგორც კი ამას აღმოვაჩენთ, იმწუთში უნდა შევებრძოლოთ და ჩანასახშივე ჩავკლათ. აღარაფერს ვამბობ მაამებლობასა და ფარისევლობაზე, რომელიც საშინელი თვისებაა და იმ დროს გამოვლინდება, რომ არ ელით. არ უნდა დავუშვათ, ეს ჩვევად გვექცეს.

3. თანამედროვე მსოფლიოში ბევრი რამ დაგროვდა ისეთი, რომელიც შეუძლებელია, მოგვეწონოს. მაგრამ ჩვენ მაინც სამშობლო გვაღელვებს და ბუნებრივიცაა. თუნდაც მე-20 საუკუნის 30-იანი წლები, რომელსაც სისასტიკით არაფერი შეედრება. ამ წლებმა იმსხვერპლა ჩემი ორი ბაბუა, დედაჩემის მამა და მამაჩემის მამა, რუსთაველის თეატრის მსახიობი, "დურუჯის" წევრი პლატონ კორინთელი-ჩიქვინიძე (კორინთელი მისი ფსევდონიმი იყო). იგი დურუჯელებთან და სანდრო ახმეტელთან ერთად დახვრიტეს 1937 წელს. რეპრესიების პერიოდს მაშინაც უკავშირებდნენ სტალინს, ბერიას, მაგრამ, სამწუხაროდ, სტალინები და ბერიები არაერთი იყო მაშინდელ საქართველოში. როგორი ენთუზიაზმით აიტაცა ჩვენმა პატარა ერმა ყველაფერი ის, რაც იმ წლებში ხდებოდა! ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ საბჭოთა კავშირზე, რადგან მე ჩემი ერი მაწუხებს. რა თქმა უნდა, იყო პირიქითაც, როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ ის არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც ბოლომდე შეინარჩუნეს თავიანთი ოჯახის სიწმინდე და პატიოსნება. ზოგმა გაუძლო ამას, მაგრამ რამდენმა ვერ გაუძლო!

4. მოძღვართან იმდენი შეკითხვა დამიგროვდა, რომ მიჭირს ამწუთას რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა.


KARIBCHEმიქაელ ნიკოლაძე, 53 წლის, მომღერალი, მსახიობი, წმინდა სამების ლავრის ჩოხოსანთა საზოგადოება "პატრიარქის მხედრობის" წევრი. მისი მეუღლეა დალი ბრეგაძე, ქალიშვილები: ციცინო და სოფიო.

1. პირველი მაგალითი და მისაბაძი არის ჩვენი პატრიარქი. ამ პიროვნებაში თავმოყრილია უფლის სიტყვა. ჩემთვის იგი ხორცშესხმული სახარებაა, ძალიან გულშიჩამწვდომი და იმედისმომცემია მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა, გამოსვლა და ქადაგება. მე მას 1979 წლიდან ვიცნობ, მაშინ სამცხე-ჯავახეთში გვქონდა გასტროლები და ჩვენი პატრიარქი ტაძრის გახსნაზე ბრძანდებოდა. კიდევ დიდხანს ყოფილიყოს იგი საქართველოს ეკლესიის სათავეში და მისი დაუცხრომელი ლოცვის წყალობით გაძლიერებულიყოს ჩვენი სამშობლო.

2. როდესაც ადამიანი ლაპარაკს დაიწყებს, მაშინვე შეგვიძლია ამოვიცნოთ მისი სული და გული - სიტყვა ადამიანის აზრთან ერთად იბადება. ამიტომ ყოველი სიტყვა დიდი სიფრთხილით უნდა ითქვას, რათა ზიანი არ მივაყენოთ ადამიანებს. ნათქვამია, "ხეს რომ შევძახოთ, გახმიო, გახმებაო". ამიტომ ჩვენი სიტყვის ძალა სიკეთით წარვმართოთ და კარგი სიტყვა შევძახოთ, რომ გავახაროთ ხეც და ადამიანიც. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ნუგეშის სიტყვა დროულად იქნება ნათქვამი, რა თქმა უნდა, ზოგჯერ მხილებაც საჭიროა, მაგრამ ეს უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს. ვიდრე ვამხელდეთ, მთავარია, ჯერ გამოვიცნოთ, რა იმალება მის უკან - შური, მტრობა, ანგარება, უნებისყოფობა, მიმბაძველობა თუ სხვა რამ. თუ ჩვენ ამას ღმერთზე მინდობით დავუკვირდებით, ძნელი არ იქნება მისი გამოცნობა. ხშირად ჩვენ ბევრ რამეს არ ვაკვირდებით და პირდაპირ მხილებაზე გადავდივართ, რაც არასწორია, სარწმუნოება ხომ სათნოებასაც უნდა მოიცავდეს, სათნოება - შემეცნებას, შემეცნება - თავშეკავებას, თავშეკავება - მოთმინებას, მოთმინება - ღვთისმოსაობას, რასაც მოაქვს ძმათმოყვარება და სიყვარული, რაც ყველაზე მთავარია ჩვენი სარწმუნოებისთვის, ამიტომ ადამიანი, ვინც ამ უდიდეს ნიჭს ფლობს, იცის, როგორ ამხილოს, როგორ ელაპარაკოს მოყვასს, სიყვარული ხომ ყოვლისშემძლე და ყველაფრის მკურნალია.

საქართველოში მომრავლდა სექტები. ზოგჯერ მეც გავუჩერებივარ ქუჩაში ე.წ. იეღოველს და დაუსვამს კითხვები. რომ დავუკვირდეთ, ისინი, ერთი შეხედვით, ცუდს არაფერს ამბობენ და მშვიდად უნდათ თავიანთი აზრი მოგახვიონ თავს, ამიტომ მათთვის აუღელვებლად მითქვამს, - ახლა მე გკითხავ და შენ მიპასუხე-მეთქი, მისაუბრია გულახდილად მათთან, თუ რამ გადაგვარჩინა, როგორ გვესმის ღვთის პატივისცემა და სიყვარული, რა წარსულისა და ტრადიციის მქონე ქვეყანაში ვცხოვრობთ და თუ შენ ამის მოსმენა და დაჯერება არ გინდა, მაშინ სხვებს რატომ აიძულებ, მოგისმინონ და დაგიჯერონ ის, რაც მართლაც უცხო და მიუღებელია ქართველისთვის-მეთქი? ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათგან რამდენიმე კაცი ჭეშმარიტი სარწმუნოების გზას დაადგა და ტაძარში შემხვდა. რაც მთავარია, ისინი ღვთის სახლში კი არ შემოპარულან, ლოცვაზე დასასწრებად შემოსულან და უთქვამთ, - აზრი შეგვეცვალა თქვენთან საუბრის შემდეგო. ასე რომ, უფლის ნებითა და სიყვარულით ნათქვამ ჩვენს ყოველ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, ამას აკეთებს სწორედ ჩვენი პატრიარქი, ამიტომაც შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი მრევლი.

3. ილიას მკვლელობის შემდეგ ყველაზე ცუდი, რაც საქართველოში მოხდა, ისაა, რომ ძმათამკვლელი ომების შედეგად დაიკარგა (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს საშინელი წლები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიისა, საუბედუროდ, ორგულობა, ღალატი, შუღლი და შური ერთმანეთის მიმართ დღესაც არ გამქრალა და ჯერაც მძვინვარებს. პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება, თვით ოჯახის წევრებსა და ნათესავებს შორის, ეს იყო უსაშინლესი, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. ქართველმა ქართველს, აფხაზს, ოსს ესროლა, დასა და ძმას წაეკიდა, რამაც ჩამოგვაცალა აფხაზეთი და სამაჩაბლო, თითქოს მხრები ჩამოგვაჭრეს. მე მეგობრები მყავს აფხაზეთში. ისინიც ძალიან დარდობენ იმას, რაც მოხდა. ღმერთმა დაგვსაჯა ჩვენი ურწმუნოებისთვის, ამიტომ ეს კავშირი აუცილებლად აღსადგენია. უკვე დიდი ხანია ვემზადები დიდი მარათონისთვის აფხაზეთში შესასვლელად. დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება, როდესაც იქ შევალთ, ჩემი დიდი სურვილია, უწმინდესს დავუფინოთ ფიანდაზი, შევიყვანოთ აფხაზეთის ერთ-ერთ ტაძარში წირვა-ლოცვის ჩასატარებლად. ამ მიზნის განხორციელებაში. ყოველთვის რაღაც გვიშლიდა ხელს. ჩვენ იქ პოლიტიკური მიზნით არ შევდივართ. ჩვენ, მუსიკოსები, უკვე რამდენიმე წელია, ამ პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობთ. ღმერთმა ინებოს, მალე დავადგათ თავი ამ დიდებულ ჩანაფიქრს.

4. ჩემი მოძღვარია მცხეთის ღვთისმშობლის ტაძრის არქიმანდრიტი მამა იოანე ოქროპირიძე, ჩვენ სტუდენტობის წლებიდან ერთად მოვდივართ. ძალიან მადლიანი მამაა. ჩემი ქალიშვილის მეუღლეც მღვდელია, მამა არჩილ გვიმრაძე. მის ლექსებზე ვქმნით საგალობლებსა და სხვა ნაწარმოებებს მე და ჩემი მეგობრები, ამიტომ თუ რაიმე კითხვა დამებადება საღვთისმეტყველო საკითხზე, პირველ რიგში ამ მოძღვრებს ვეკითხები და მათგან ვიღებ ამომწურავ პასუხებს.


KARIBCHEანა ტაბიძე, 28 წლის, იურისტი, ადამიანის უფლებების მკვლევარი. მეუღლე: ზურაბ ბურდული, შვილები: ტატა ტაბიძე და რატი ბურდული.

1. "ენა ტკბილად მოუბარი" დიდი მადლია. სამწუხაროდ, იგი იშვიათი გახლავთ, რადგან ყოველდღიურობამ და საფიქრალმა, როგორც ჩანს, სიტკბო უკანა პლანზე გადაანაცვლა. ამიტომ ტკბილად მოუბარ ადამიანთან ურთიერთობას ვესწრაფვით.

მე მაქვს ბედნიერება, ტკბილად მოუბარი ოჯახის შვილი ვიყო. ჩემი მშობლები ამ დიდი მადლით დაჯილდოებულნი არიან და, შესაბამისად, ეს სიტკბო ოჯახში გვაქვს, ვაფასებთ და გვიხარია. თუმცა ამგვარ ოჯახში გაზრდა დიდი პასუხისმგებლობაცაა, შენც უნდა ისწრაფო, დაიხვეწო და გაუმჯობესდე. პიროვნული წრთობა არაა მარტივი და ხანმოკლე პროცესი, იგი მოთმინებას, აზროვნებას და სიღრმეს მოითხოვს. ამ პრინციპით ვიზრდებოდით ჩემი ორი ძმა და მე; ვცდილობდით, მუდმივად გაგვეანალიზებინა, თუ რას და როგორ ვიტყოდით, არავისთვის გვეტკინა გული და მუდმივად გვხსომებოდა, რომ სხვას სწორედ ისე მოვქცეოდით, როგორ გვსურდა, ჩვენ მოგვქცეოდნენ. ზნე-ხასიათის წვრთნას ჩვენ დღემდე განვაგრძობთ, ვიცით, რომ ოჯახი, მისი ღირებულებები და გვარისშვილობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ამიტომაც ჯერ ისევ ვიზრდებით და რუსუდან იმნაძისა და ნოდარ ტაბიძის მიერ დადგენილ მაღალ თამასაზე გასწორებას ვცდილობთ.

2. წრფელი გულისა და სისპეტაკის გარეშე წარმოუდგენელია ღირსეული ადამიანობა. ეს არის დასაბამი სიკეთისა და საძირკველი პატიოსნებისა, თვით წვრთნასაც ეკარგება ხიბლი ამ ორი უმნიშნველოვანესი კომპონენტის გარეშე. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჩვენ, ადამიანები, მრავალ დაუხვეწავ თვისებასა თუ უნარს ვატარებთ. მათი აღმოფხვრის გზა, პირველ რიგში, მათი გააზრება და აღიარებაა. ხშირად გვსმენია ან გვითქვამს, რა ვქნა, ასეთი ვარ და სხვაგვარად არ ძალმიძსო. ეს არ მეჩვენება მართებულ მიდგომად. თუკი ვხვდებით, რომ ესა თუ ის თვისება არ არის მომხიბვლელი და შეიძლება უარყოფითიც კი იყოს, რატომ არ უნდა ვეცადოთ აღმოვფხვრათ ან გავაუმჯობესოთ? განა მარტო უცხო ენა, პროფესია თუ რომელიმე საგანი უნდა ვისწავლოთ?! იქნებ სიკარგე, დიდბუნებოვნება, შემწყნარებლობა და ტკბილად უბნობაც უნდა შევისწავლოთ! ამ თემაზე ფიქრისას დიდი ილია მახსენდება, რომელმაც ამ თემაზე, ისევე როგორც მრავალ სხვაზე, ბრძნული რჩევა დიდი ხანია მოგვცა. ზნე-ხასიათის წვრთნა მისთვის არახალი თემაა და გვეუბნება: "დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიცა აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებას" (ი. ჭავჭავაძე). ამიტომაც დავდივარ, მეფიქრება, მახსენდება ილია და იმ მცირედს ვცდილობ, საკუთარი თავი და შვილები აღვზარდო იმის გააზრებით, რომ სიკეთე და სიმდაბლე (სულხან-საბას მიერ დიდებულად განმარტებული როგორც "გუნება აღუზვავებელი" და "გული შემუსვრილი") დიდი მადლია, რომლისკენაც სვლა გამოწვევაა და სიამოვნება.

3. საუკუნის ცოდვა ჩემთვის რთული შესაფასებელია. ზოგადად, უარყოფითი შეფასების უფლებას თავს ვერ ვაძლევ, ჯერ ამისათვის წლები და გამოცდილება მაკლია. თუმცა მე სირცხვილით მახსენდება 1992 წელი და ის დრო, როდესაც ქართველებმა ურთიერთის წინააღმდეგ იარაღი აღვმართეთ. ეს, სავარაუდოდ, ისტორიის ის ნაწილია, რომელიც ყველას მძიმედ, დარდიანად და სასირცხვილოდ გვახსენდება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მსაგვსი აღარ განმეორდება, რომ ჩვენ როგორც ერი უფრო გონიერი შევიქნებით და ვისწავლით, რომ შემწყნარებლობა დიდი ძალაა, რომ განსხვავებული მტერი არ არის და რომ ურთიერთპატივისცემა წარმატებული ქვეყნის შენების ქვაკუთხედია.

4. ფიქრის შემდეგ ასეთ შეკითხვამდე მივედი: როგორ "მომენიჭოს მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა", - ეფრემ ასური.


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი სიდამონიძე.

- ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა (შესქ. 1.26) მიწის მტვრისაგან და მას სიცოცხლის სუნთქვა შთაბერა (შესქ. 2.7). ამრიგად, ადამიანი თავისი შედგენილობით ორწილია, იგი ბუნებით სამყაროს ეკუთვნის, მაგრამ თავისი სულიერი ნიჭით მაღლდება მასზე. ადამიანის ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნის ჭეშმარიტება უფრო სრულად შეიცნობა მას შემდეგ, რაც ღმრთის ხატი მთელი თავისი სიწმინდით ღმერთკაცში, უფალ იესო ქრისტეში გამობრწყინდა. განკაცებითა და ცოდვის დამარცხებით უფალმა კვლავ განუცხადა ადამიანებს ღმრთისმაგვარი ერთობის განხორციელების შესაძლებლობა. იგი ასწავლის ადამიანებს გამაერთიანებელ სიყვარულს - სულიწმიდის ამ უმაღლეს ნიჭს. ადამიანთა ერთობა მიიღწევა ქრისტესმიერ ეკლესიაში. ქრისტე კაცობრიობის ჭეშმარიტი ერთობის ცენტრია. იგია თავი ეკლესიისა. წმიდა წერილი ადამიანს მოიხსენიებს საღმრთო მადლის ჭურჭლად, ხოლო იგი, ვისაც არ სურს იყოს საღმრთო მადლის ჭურჭელი, შეიქმნება ეშმაკის ჭურჭლად.

ღირსება ღმერთის მიერ გვებოძა, მისი უგულებელყოფის შედეგი კი სამარადისო წარწყმედაა. ადამიანის ღირსების ერთ-ერთი მთავარი რამ არის ტკბილადმოუბრობა. ჩვენი ურთიერობა მოყვასთან ძირითადად მათთან საუბრებსა და სიტყვებში ხორციელდება. "სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო" (მათე 12.37). თვით უფალი იესო ქრისტე მისი უახლოესი მოწაფის - იოანე მახარებლის მიერ მოიხსენიება, ვითარცა განხორციელებული სიტყვა - ლოგოსი, რომელიც პირველითგან იყო... ღმრთისა თანა (იოანე 1.1-2) უფლის სიტყვას არაჩვეულებრივი ძალა გააჩნდა. ამ სიტყვით აღადგენდა უფალი მიცვალებულთ, ახდენდა სასწაულებს და გარდაქმნიდა კაცთა სულებს. ასევე სიტყვით მოქმედებდნენ წმიდა მოციქულნიც, რომლებმაც დაუდეს დასაბამი ქრისტეს ეკლესიას. როგორც წერს წმიდა თეოფანე დაყუდებული:'თქმით შენ შობ სიტყვას, შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე, იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენკენ ან შენ საწინააღმდეგოდ. სიტყვით შესაძლებელია ადამიანთა ამაღლება, გაწმენდა და გაკეთილშობილება. შესაძლებელია შესძინო მათ რწმენა, სიხარული და სიმხნევე. ააღორძინო მათში სიყვარული და მოწყალება, მიჰმადლო სულს მშვიდობა. და პირიქით - ავსიტყვაობით შეიძლება გარყვნა უმანკო წმინდა გული. გაუფრთხილებელი სიტყვით შეიძლება დაღუპო ადამიანი.

მადლობა უფალს, რომ ბოლო წლებში მრავალი ადამიანი მოექცა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათში ცოტაა ძალა ან ისეთები, რომლებიც მშვიდნი, სულიერად გაწონასწორებულნი და ტკბილადმოუბარნი არიან. ჭეშმარიტი ქრისტიანობა განსაცდელების ჟამს გამოჩნდება (რის გარეშეც ცხოვნება შეუძლებელია), ქრისტიანმა ამ დროს სიმშვიდე, სულიერი ცხოვრება და ტკბილადმოუბრობა მით უმეტეს უნდა გამოაჩინოს. ისმის კითხვა: როგორ შეიძლება ადამიანმა შეინარჩუნოს ტკბილადმოუბრობა? ადამიანის თვისებების ჩამოყალიბებაში, უპირველეს ყოვლისა, ოჯახურ აღზრდას აქვს დიდი მნიშვნელობა. ადამიანს სათნოებები არ დაჰყვება დედის მუცლიდან. იგი ამ წუთისოფლის გზაზე დედაეკლესიის დახმარებით სწავლობს მას. თუ ადამიანი ღმერთსა და მომავალ ცხოვრებას იწამებს, გააცნობიერებს, რომ დროებითი ცხოვრება ამაოა. ჩვენ გვავიწყდება, რომ ყველანი იმ ქვეყნად უნდა წავიდეთ. ეს ჟამი იმისთვისაა, რომ გამოცდები ჩავაბაროთ და მომავალ ცხოვრებაში გადავიდეთ. ადამიანი ამას რომ გააცნობიერებს, მისი გონება განუწყვეტლივ ღმრთისაკენ უნდა იყოს მიმართული. იფიქროს იმაზე, რისთვისაც მოვიდა ამ წუთისოფელში. სულიერი ცხოვრება შეუჩერებელი ღვაწლია. ყველა ადამიანი მოვალეა ცხოვრების ღრმა აზრს ჩასწვდეს, თუ ამას გააკეთებენ, კინკლაობა, თვითნებობა და ბოროტი სიტყვა აღარ იქნება. ცხოვრების სიტკბოს ის კი არ განიცდის, ვინც ამსოფლიურად ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერად ცხოვრობს და სიხარულით იღებს განსაცდელს, როგორც სულისათვის სამკურნალო ბალახს. ამ შემთხვევაში ადამიანი ყველაფრით ხარობს, იმითაც, რომ ცხოვრობს, იმითაც, რომ უნდა მოკვდეს, არა იმიტომ, რომ დაიღალა ცხოვრებისგან, არამედ გარდაიცვლება და ქრისტესთან წავა.

ქრისტიანულ ცხოვრებაში ჩვენი წარმმართველი, რა თქმა უნდა, ქრისტეა. არ შეიძლება დაგვავიწყდეს, თუ ვის უნდა მივბაძოთ. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს სიტყვას და ქმედებას ყოველთვის უსწრებდეს აზრი - რას იტყოდა და გააკეთებდა თავად ქრისტე ჩვენს ადგილას. მაგრამ ყველაფერს ამას მაშინ აქვს ფასი, თუ მას ახლავს ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, რამეთუ უსიყვარულოდ მხოლოდ სათნოებათა არსებობა ადამიანს ფარისევლად აყალიბებს, რის შედეგად ადამიანი ხდება არა ტკბილადმოუბარი, არამედ სიტყვით შეურაცხმყოფელი, რისგანაც დაგვიფაროს უფალმა. ამინ.

ანა ტაბიძის შეკითხვას კონკრეტულად ვუპასუხებ: ცოდვით დაცემის შემდეგ ყოველ გონიერ ადამიანს ეშინია უფლის სამსჯავროზე წარდგომის, რომელიც ყველასთვის გარდაუვალია.

ღმერთმა რომ საკუთარ ცოდვათა განცდის უნარი მოგვმადლოს, უნდა ვიცხოვროთ ეკლესიურად, რომელიც თვით უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ დააარსა, ვეზიაროთ მის მაცხოვნებელ საიდუმლოებებს, დავიცათ უფლისგან დადგენილი მცნებები, დავემორჩილოთ მოძღვრის მითითებებს გულის, გონებისა და სხეულის განსაწმენდად.

ეკლესიური გამოცდილებით, სხეულის და გულის განწმენდა უფრო ადვილად მისაღწევია, ვიდრე გონებისა, თუმცა თუ მოვინდომებთ და უფალს მივენდობით, შეუძლებელი არაფერია. როგორც ეფრემ ასური გვასწავლის, სინანულის მიღწევაში დაგვეხმარება არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, არამედ ფიქრი იმაზე, რამდენად გამოვსწორდით და დავძლიეთ საკუთარი ცოდვები.

ნათლობის შემდეგ ლოცვა, მარხვა, ზეთისცხება, აღსარება, ზიარება და სხვა ეკლესიური საიდუმლოებები ის საშუალებებია, რომლებიც გამოიწვევს ჩვენში სინანულს და დაგევხმარება სულიერი სრულყოფილების მიღწევაში. მთავარია ადამიანს ამის სურვილი ამოძრავებდეს და შედგეს განწმენდის გზაზე. იძულებით ამის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ღმერთმა ყველა ადამიანს არჩევანის თავისუფლება მისცა.
ბეჭდვა
1კ1