მწამს, ვნატრობ და ღმერთს შევთხოვ საქართველოს ანუ "ლაზარეს" აღდგინებას - გაბრწყინებას ივერიისა
მწამს, ვნატრობ და ღმერთს შევთხოვ საქართველოს ანუ "ლაზარეს" აღდგინებას - გაბრწყინებას ივერიისა
ჩვენი წინაპრები ქრისტეშობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთლით ხვდებოდნენ, რათა სიმბოლურად ყველას თავის ოჯახში მიეცა თავშესაფარი დევნილი ღვთისმშობელი მარიამისა და ახალშობილი იესოსთვის.

დიდი ხანი არ არის, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კვლავ აღადგინა ეს დავიწყებული ჩვეულება.

1. ტრადიციულად, როგორ ხვდებით ოჯახში შობა-ახალი წლის დღესასწაულს?

2. ვინაიდან ქრისტეშობის ღამე დიდ იმედებს და სურვილების ახდენას უკავშირდება, რას ჩაუთქვამდით უფალს საშობაო სანთელთან, რომელიც ალბათ თქვენი ოჯახის ფანჯარასთანაც აინთება (ბუნებრივია, აქ იგულისხმება სამშობლოს მომავალთან დაკავშირებული სურვილი და არა პირადული)?

3. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?

4. რას ჰკითხავდით მოძღვარს?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ მსახიობი ზაზა პაპუაშვილი, ჟურნალისტი მარიკა დარჩია და მხატვარი ლაშა შენგელია.

ზაზა პაპუაშვილი, 47 წლის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.


1. ჩემს ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია შობა-ახალი წლის შესახვედრად არ არსებობს. 5-6 წელია, რაც ინტენსიურად დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, მყავს მოძღვარი. ყოველნაირად ვცდილობ, დავიცვა საშობაო 40-დღიანი მარხვა. გამოგიტყდებით, ამ დროს ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდები, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც მარხვა უფრო მკაცრდება, ბრძოლებიც მეტია. ამ დროს მაქსიმალურად ვცდილობ თავშეკავებას, რასაც ხან ვახერხებ, ხან ვერა. ბრძოლების მიუხედავად, ჩემს მოძღვართან ერთად ვცდილობ წინ გადავდგა ნაბიჯი. როდესაც წარმოვიდგენ, რომ უფალს არ დავავიწყდი და მეც თავისთან მიმიხმო, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ვმშვიდდები.

ქრისტეშობის ღამეს მთელი ოჯახი მივდივართ ტაძარში და დღესასწაულს იქ ვხვდებით. მეორე დღე არ გვაქვს დაგეგმილი და როგორც ამას გარემოება მოიტანს, ყველაფერი სპონტანურად ხდება. ზოგჯერ ყველანი ერთად მივდვართ ახლობლებთან, ხან ჩვენთან მოდიან სტუმრად.

2. უწმინდესის კურთხევას ყოველ წელს ვიცავთ, ჩვენც ვანთებთ საშობაო სანთელს. ეს მართლაც ძვირფასი რამ არის. ჯერ ერთი, ვიზუალურად ძალიან ლამაზია, როდესაც ყველა ოჯახში ერთდროულად ინთება სანთელი ფანჯარასთან. ეს იმდენად ცოცხალი აქტია და მიმზიდველი, იმ ღამით თითქოს სანთელი უფრო საკრალურ დატვირთვას იძენს.

ჩემს ქვეყანას, ქართველ ხალხს იმავეს ვუსურვებ, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებდი. უნდა დავანებოთ თავი ერთ კაცზე ყველა პრობლემის დაკიდებას და ისეთი წარმოდგენის შექმნას, თითქოს ვიღაც სხვა გვიშლის ხელს. დროა დავრწმუნდეთ, რომ ეს ვიღაც ჩვენ ვართ და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თავს მოვთხოვოთ, თუ რაიმე გამოსასწორებელია და არ მოგვწონს, რადგან პირადად ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. ვფიქრობ, არავის ეეჭვება, რომ დიდებული ისტორიის მქონე შემოქმედი ერი ვართ, და თუ ასეა, მაშინ ისეთი ენერგეტიკა უნდა აღვიდგინოთ, რომლის საშუალებითაც წარსულს ვუერთგულებთ, შევქმნით ღირსეულ აწმყოს და საფუძველს ჩავუყრით საიმედო მომავალს. იქნებ ყველამ ჩვენს თავში აღვადგინოთ ის, რაც წავშალეთ, ის სახე, რომელიც დავკარგეთ... ნუ ველოდებით მავან მშველელს, ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა გადავარჩინოთ; სად არის ჩვენი თანამონაწილეობა იმ უზარმაზარი პრობლემის დაძლევაში, რომელშიც აღმოვჩნდით? ერთხელ და სამუდამოდ შევიგნოთ, რომ წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ჩვენს ხელშია და ჩვენს ქცევას, აზროვნებას, პოზიციას, გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ამაშია ჩვენი გადარჩენა.

უფროსი თაობისთვის დამახასიათებელია კონფლიქტური დამოკიდებულება ახალი თაობისადმი, რასაც პირადად მე არ ვეთანხმები.

ხანდახან შეხვედრა მიწევს ახალგაზრდობასთან, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ შესანიშნავი თაობა გვეზრდება. რაოდენ სამწუხაროა, რომ საზოგადოებამ არაფერი იცის მათ შესახებ. ისინი, ისე როგორც ბევრი საინტერესო და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი, ხელოვნურად არიან გათიშულნი თანამედროვეობიდან; არადა მათი საქმიანობა, ნიჭიერება, ცხოვრებისეული პოზიცია და შეხედულებები ჩვენს ისტორიულ წარსულსა თუ დღევანდელობაზე აუცილებელია და საჭირო ქვეყნისთვის. როდესაც ეს ადამიანები გამოჩნდებიან ასპარეზზე, აღდგება თაობებს შორის გაწყვეტილი კავშირი და სწორედ მაშინ მივიღებთ კარგ საქართველოს, იზეიმებს გონიერება, კანონიერება, სამართალი, აღდგება ის, რაც დღეს გვაკლია.

3. ჩემი აზრით, საუკუნის ცოდვაა საბჭოთა ხელისუფლების დამყარება საქართველოში 1921 წლის თებერვალში, როდესაც დავკარგეთ ძლივს მოპოვებული ქართული სახელმწიფოებრიობა. პოეტ კოლაუ ნადირაძეს კარგად აქვს ეს განწყობილება გამოხატული თავის ცნობილ ლექსში "25 თებერვალი, 1921 წელი". შემდეგ მოხდა 20-30 წლების რეპრესიები, ამ წლებში უგზო-უკვლოდ გააქრეს ერის საუკეთესო ნაწილი, გაწყვიტეს თაობები. იმაზე დიდი ცოდვა რაღა უნდა იყოს, როდესაც ერი თავის მეხსიერებას კარგავს, წყვეტს კონტაქტს წარსულთან და აღარაფერი აკავშირებს ეროვნულობასთან? არ მესმის, რატომ ავიკვიატეთ, ევროპელები ვართო. ვერ გამიგია, რას ვგულისხმობთ ევროპელობაში - ყოველგვარ გარყვნილებას, ზღვარგადასულობას, გეიაღლუმებს? ეს ევროპელობა კი არა, ძალადობაა ადამიანის სულსა და გონებაზე. თუკი მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარებას ვგულისხმობთ, ეს უკვე მისაღებია და მოსაწონი. გენიალური რუსი მოღვაწე ლოსევი ამბობდა, - ევროპული რენესანსი ნასაზრდოებია ქართული რენესანსისგანო. ე.ი. ჩვენც გვქონია თავმოსაწონებელი, აღარაფერს ვიტყვი "ჩაკრულოზე", რომელზეც მსოფლიო ალაპარაკდა, ეს სიმღერა კი კოსმოსში გაიგზავნა. ამ დროს რა გვჭირს, როცა საკუთარ ბიოგრაფიას ჩვენივე ხელებით ვშლით და თვისებებს ვკარგავთ? თითქოსდა ახლებურად ვცდილობთ ავაშენოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ახალი ქალაქები, ვდგამთ რაღაც გაურკვეველ ძეგლებს, რომლებიც, სამწუხაროდ, აღარც ქართული გამოდის და აღარც ევროპული. სწორედ ამას დასტიროდა საუკუნის წინ ილია ჭავჭავაძე, რომელიც დროზე მოევლინა მხსნელად მაშინდელ საქართველოს. ღმერთმა მრავალი ნიჭი ჩადო ამ ერთ ადამიანში. მას შეეძლო, გენიალური ნაწარმოებები შეექმნა პროზაშიც და პოეზიაშიც, ემართა ბანკი, გაეტარებინა საფინანსო და სასამართლო რეფორმა, ჩამოეყალიბებინა თანამედროვე ეროვნული სახელმწიფოს მოდელი ყველა თავისი ატრიბუტიკით, დაეარსებინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და რა ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. იქნებ მაგალითი ავიღოთ ამ დიდი ქართველისაგან, იმისათვის, რომ მხოლოდ ბედს არ ვიყოთ მინდობილნი და სამართლიანობა აღდგეს, კანონი კანონობდეს, არ გადავჯიშდეთ, არ გადავგვარდეთ, არ დავკარგოთ ჩვენი სახე და ის თვისებები, რითაც გამორჩეული ერი ვიყავით მსოფლიოში.

4. ჩემი მოძღვარია თბილისის კუკიის წმინდა ნინოს და ბულაჩაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი. მე ის ძალიან კარგად მიცნობს, რადგანაც ბევრი რამ, ბავშვობაც კი, ერთმანეთთან გვაკავშირებს.

მამა კონსტანტინე არც მასწავლებელია ჩემთვის და არც ჭკუის დამრიგებელი. იგი იცნობს ჩემს ხასიათს, ტემპერამენტს, როდესაც ჩემს სულში ქარიშხალი აბობოქრდება, იცის, როგორ ჩააცხროს, ღრმად სწვდება ჩემს სულიერ სისუსტეებს და თანამონაწილეობს პრობლემების დაძლევაში. მას, როგორც მოძღვარს, ბევრი უნიკალური თვისება აქვს, გარდა იმისა, რომ იცის, როგორ უნდა გიწამლოს, ისიც იცის, როგორ მოგიდგეს, გელაპარაკოს. მე მისგან ბევრი სასარგებლო რჩევა მიმიღია ამ წლების განმავლობაში. ამიტომ, თუ რაიმე კონკრეტულ საკითხზე გამიჩნდება შეკითხვა, მირჩევნია, ჩემს მოძღვართან გავარკვიო.


KARIBCHEმარიკა დარჩია, ჟურნალისტი, "მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი.

1. ჩემი დიდი ბაბუები სასულიერო პირები იყვნენ, მაგრამ ჩემს ოჯახში ერთგვარი შიში იყო ამგვარი დღესასწაულების მიმართ. ბაბუა-ბებიები ცდილობდნენ, ზედმეტი არ ელაპარაკათ ჩემთან ამ საკითხზე. არადა, ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი და ვგრძნობდი, რაღაცას მიმალავდნენ. ზაფხულის არდადეგებს გურიაშიც ვატარებდი და იმერეთშიც, ჩემს დედულეთში. ერთხელ, 12-13 წლისამ, იმერეთში სარდაფში, დაკეტილი ოთახი აღმოვაჩინე. ბაბუამ ბევრი თხოვნის შემდეგ შიგ შემიყვანა. იქ სკივრში ჩემი დიდი პაპის სამღვდელო შესამოსელი აღმოჩნდა, რომელსაც ზემოდან ძველი გაზეთები ჰქონდა გადაფარებული. აქვე ინახებოდა ხუცურით დაწერილი უძველესი სასულიერო წიგნები, მათ შორის, შედარებით პატარა ფორმატის ოთხთავი, რომლის გაცრეცილ ფურცლებზეც ჩემი პაპის მინაწერებია გაკეთებული. ეს ძვირფასი რელიკვია დღემდე ჩემთან ინახება. მოწაფეობისას მოვახერხე სახარების წაკითხვა, რამაც ჩემზე გამაოგნებელი ზემოქმედება მოახდინა. როდესაც წამოვიზარდე, ჩემთვის უცნობი, სრულიად ახალი სამყაროს შეცნობაში ბაბუა მეხმარებოდა, რომელსაც სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული.

წელიწადში ერთხელ ჩვენს ოჯახში გასაკუთრებული ხაჭაპური ცხვებოდა, რომელშიც შუაზე გაჭრილ მოხარშულ კვერცხს ურთავდნენ. ამ ღვეზელს მხოლოდ შობის ღამეს აცხობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შობა ასე ფარულად შემოვიდა ჩემში, აღდგომისა და შობის დღესასწაულებს ბავშვობიდან დიდი სიხარული მოჰქონდა და დღესაც იმავეს განვიცდი.

2. რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ინთება შობის მოახლოებისას სანთელი, ვაცხობ საშობაო ღვეზელს ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ცალ-ცალკე. ეს რაღაც აუხსნელი სიყვარულის დღეა, ძალიან ნათელი, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოსცემ.

მახსოვს, გურულებს დაგვცინოდნენ, ოჯახში პირველად მშვიდობის სადღეგრძელოს სვამენო. "გაუმარჯოს მშვიდობას ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში და ჩვენს სამშობლოში" - აი, ასეთი გზავნილი აქვს ამ სადღეგრძელოს. მართლაც საოცარი სადღეგრძელოა. როდესაც გულში მშვიდობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენში უფალი სუფევს - აი, ეს იგულისხმება ამ სადღეგრძელოში, ამიტომ ეს ღმერთის სადღეგრძელოც არის, მასში ყველაფერია გააზრებული - სულიერიც და მატერიალურიც. ადამიანი როდესაც სულიერად მშვიდადაა, მაშინ არის ის ზომიერი, გაწონასწორებული, სწორედ მაშინ შეძლებს წინსვლას, რაც აუცილებელი პირობაა მისი ამქვეყნიური არსებობისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობიდან განვლილმა 20-მა წელიწადმა დაგვანახა, რომ სწორედ ასეთი მშვიდობა გვაკლია დღეს, ამიტომ, რაც გურიაში პირველ სადღეგრძელოდ ითქმება, მეც იმავეს ვუსურვებ ჩვენს ხალხს: "მშვიდობას ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში და ჩვენს სამშობლოში".

3. ილიას მკვლელობა თითქოს ათვლის წერტილი გამოდგა ჩვენი ქვეყნისათვის, მას შემდეგ ავცდით გზას და ყველაფერი ცუდი ერთმანეთს წაეწყო. საქართველომ მოიპოვა და მალე დაკარგა დამოუკიდებლობა, რასაც ცოტა ხანში გაუგონარი რეპრესიები მოჰყვა. ამ წლებმა შეიწირა იმ ადამიანების სიცოცხლე, რომელთაც დიდი სიკეთის მოტანა შეეძლოთ თავისი ქვეყნისთვის. გზას რომ ასცდები, მერე ბევრი უსიამოვნო რამ ხდება, ამიტომ გამიჭირდება რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა და ყველაფერს გავაერთიანებ, რამაც ილიას მკვლელობის შემდეგ გზიდან აგვაცდინა.

4. მოძღვართან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საკრალურია და პირადული. ამიტომ არ მაქვს მასთან ერთი რაიმე კონკრეტული შეკითხვა.


KARIBCHEლაშა შენგელია, 46 წლის, ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე, ტიხრული მინანქრის ოსტატი, არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი, აქვს ხუროთმოძღვრული პროექტები, ანსამბლ "ლაზის" მუსიკალური ხელმძღვანელი. ქმნის საგუნდო მუსიკალურ ნაწარმოებებსა და საგალობლებს.

1.
ახალ წელს ყოველთვის შინ ვხვდებით ნაძვის ხითა და საახალწლო სუფრით, პატარებთან ერთად ვაგუგუნებთ ქართულ სიმღერებსა და საგალობლებს, შემდგომ კი რამდენიმე საათს ცისფერ ეკრანთან ვატარებთ. საახალწლოდ ასეთი ტრადიცია გვაქვს: ოჯახის წევრთათვის განკუთვნილ საჩუქრებს ვდებთ "ჯადოსნურ" ხურჯინში, სადარბაზოში, კართან. პატარებისაგან ფარულად ვრეკავთ ზარს და ბავშვებს ჟივილ-ხივილით შემოაქვთ "თოვლის ბაბუას" მიერ დატოვებული ხურჯინი ნანატრი საჩუქრებით... 25 დეკემბერს ჩემი მეუღლეა დაბადებული და ჩვენს ოჯახში უკვე ამ დღიდან იწყება საშობაო განწყობილება... პირველ იანვარს კი მამაჩემის დაბადების დღეა.... ხოლო 7 იანვარს - უფლის შობას აღვნიშნავთ კვლავ ერთად, სადღესასწაულო ტრაპეზითა და გალობით.

2.
ჩემი ოცნებაა, საქართველოს ჰყავდეს ეროვნული ორიენტაციის, მტკიცე, მორალური და ჰუმანური სახელმწიფო ხელისუფლება, რომელსაც ჰარმონიული ურთიერთობა ექნება სამშობლოსათვის თავდადებულ და მაღალზნეობრივ სასულიერო პირთა კრებულთან - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდთან, რათა საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, ჰქონდეს ღირსეული - თანასწორუფლებიანი და მეგობრული ურთიერთობები მსოფლიოს სახელმწიფოებთან; რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პოლიტიკამ არ შეარყიოს ეროვნული ტრადიციები - ქვეყანაში ფეხი არ მოიკიდოს ქართველი ერისათვის უცხო და მავნე ტენდენციებმა; რათა სახელმწიფოში სუფევდეს სამართლიანობა - მოქალაქე ღირსეულად გრძნობდეს თავს და იყოს სოციალურად დაცული; რომ ქვეყანა სრულფასოვნად განვითარდეს ნებისმიერ სფეროში - მოხდეს მისი ბუნებრივი რესურსებისა და ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება საქართველოს ასაღორძინებლად; რათა ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან აღდგეს ჩატეხილი ხიდი და ამასთან ერთად აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა... მწამს, ვნატრობ და ღმერთს შევთხოვ საქართველოს ანუ "ლაზარეს" აღდგინებას - გაბრწყინებას ივერიისა.

3. საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას მიმართ ჩადენილი უდიდესი ცოდვა - 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი სამხედრო გადატრიალება - ესაა ის შავი ლაქა ერის ისტორიაში, რომელიც დღეს მხოლოდ ნაწილობრივაა შეფასებული და მეტად მცირედთა მიერაა მონანიებული. კრემლიდან მართულმა და ვაშინგტონთან შეთანხმებულმა ხუნტამ საქართველოდან განდევნა ღვთისნიერი პრეზიდენტი და დაამხო ეროვნული ხელისუფლება. ზვიადს ჩვენი ერის მრავალმა გამოჩენილმა ადამიანმაც უმტრო - მრავალმა უღალატა, მრავალმა აღმართა მის წინააღმდეგ იარაღი, მრავალმა დასწამა ცილი, მრავალმა კი ჩაურევლობით აქცია ზურგი, რის გამოც შეემთხვა ჩვენს ერს ეს უდიდესი უბედურება და რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით - საქართველო ამოვარდა განვითარების ეროვნული კალაპოტიდან და კვლავ უცხო კულტურათა გავლენის ქვეშ იმყოფება... მიმაჩნია, რომ ყველამ, ვისაც წილი აქვს ამ უდიდეს ცოდვაში, უნდა გაისიგრძეგანოს ჩადენილი და საჯაროდ მოინანიოს.

4. მოძღვრისაგან მაინტერესებს პასუხი რწმენის უმთავრეს საკითხზე: არის თუ არა ქრისტიანისათვის მიღწევადი სიწმინდე - შესაძლებელია თუ არა ყველა მცნების დაცვა - ამპარტავნების დამარცხება, ანუ თავმდაბლობა - ცოდვათა არ ჩადენა - ვნებათა დათრგუნვა და ცოდვაზე გამარჯვება - მოყვასისადმი, სამშობლოსა და ღვთისადმი მდუღარე სიყვარული, ერთგულება და თავდადება - ანუ სულიერი სრულყოფილება?


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი ფეიქრიშვილი.

- კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ელოდა მაცხოვრის შობას, ქრისტე იშვა და 33 წელი იცხოვრა დედამიწაზე. იქნებ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს უდიდესი მოვლენა, რაც ორი ათასი წლის წინათ ჩვენს პლანეტაზე მოხდა, ვისაუბროთ, რა მისია აღასრულა განკაცებულმა უფალმა კაცთა ხსნისთვის?

- დიახ, ორი ათას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც იუდეის ქალაქ ბეთლემში 25 დეკემბერს, ახალი სტილით 7 იანვარს, ხორციელად იშვა უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ღვთის სიტყვა, ძე ღვთისა, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი), მას უწოდებენ მესიას, რომელსაც თავის თავზე უნდა ეტვირთა კაცობრიობის ცოდვები და თავისი ჯვარცმისა და გოლგოთის გზით დაებრუნებინა კაცთათვის "დაკარგული სამოთხე", იმისათვის, რომ ადამიანები ცათა სასუფევლის მკვიდრნი გამხდარიყვნენ და მათ სულებს კვლავ უფლის წიაღში ეპოვათ სამუდამო თავშესაფარი. "იშვა უძლეველი მეფე უძლეველი კვერთხითა და მოწყალების ლამპრით ხელში, მოვიდა ის, ვინც მამა ღმერთმა სამოთხიდან გამოძევებულ ჩვენს პირველ მშობლებს აღუთქვა; ის, ვის მოსვლასაც წარმართი ტომნი და ხალხნი ელოდნენ; ის, ვისაც სევდამორეული ნატრობდა წარმართი კაცობრიობა; ის, ვინც ბნელი ღამის შემდეგ ამოსულ მზესავით გაბრწყინდა, - აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზ სერბი, - ყრმა იშვა ძლევამოსილი, დაე, დაიცვას მართალნი და მოაქციოს ცოდვილნი, დაე, ცისქვეშეთის ბოროტი სულნი ძირს დაანარცხოს, გზააბნეულები მოიძიოს და გაუძღვეს..."

ახალი აღთქმის მიხედვით, მესია იშვა ქალწული მარიამისგან. უბიწო ქალწულს მთავარანგელოზმა გაბრიელმა პირველმა ახარა, რომ უფალია მასთან, რომ სულიწმინდა მოვიდოდა მასზე და ძალი მაღლისა დაიფარავდა მას, იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა) და შობდა ძეს - იესოს (რაც ნიშნავს გადამრჩენელს, მაცხოვარს), რომელსაც ძე მაღლისა ეწოდებოდა, იმეფებდა საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნებოდა დასასრული.

მესია, იგივე ცხებული (ამ სიტყვით ადრე მხოლოდ მეფეებსა და მღვდელმთავრებს მოიხსენიებდნენ), როგორც ნაუწყები იყო, ქალაქ ბეთლემში (ძველებრაულად პურის სახლს ნიშნავდა) ერთ-ერთ გამოქვაბულში, საქონლის სადგომ ბაგაში იშვა, რადგან სხვა ადგილი არ აღმოჩნდა მისთვის ცოდვით დამძიმებულ დედამიწაზე. წმინდა იოსებ მართალმა, რომელიც ახალშობილს მამობილობას უწევდა, ანგელოზთა წინასწარუწყებით, ღვთისმშობელი მარიამი და ყრმა იესო ეგვიპტეში განარიდა ტარან ჰეროდეს, რომელმაც უკვე მოგვებისგან იცოდა იმის შესახებ, რომ წინასწარმეტყველება აღსრულდა და იშვა იუდეველთა ახალი მეფე. ჰეროდემ ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვის შიშით ბრძანება გასცა, ორ წლამდე ასაკის ყველა ყრმა გაეჟლიტათ.

აღთქმული მესია გადარჩა. დევნილობიდან დაბრუნების შემდეგ იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, გაიჩინა 12 მოწაფე, რომლებსაც მოციქულებსაც უწოდებენ (ამის გარდა, მას მოსახლეობიდან კიდევ 70 მოწაფე ჰყავდა), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, წარმოუდგენლად აწამეს, გოლგოთის მთაზე ჯვარი აზიდვინეს, რომელზეც გააკრეს ორ ავაზაკთან ერთად. ჯვარცმისა და ფიზიკური სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ მოხდა უდიდესი სასწაული - მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა და 40 დღე ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, შემდეგ კი მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა და, როგორც მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებულ წმინდა მამათა მართლმადიდებლურ მრწამსშია გადმოცემული, ქრისტე "მჯდომარე არს მარჯვენით მამისა და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ".

იესო ქრისტე არის ხსნის გზა. იგი ჩვენი მწყემსია, რომელსაც გადარჩენისაკენ მივყავართ. "მე ვარ მწყემსი კეთილი, - ბრძანებს უფალი, - მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის... მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ" (იოანე 10:11-14). აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ მწყემსი და დაქირავებული. დაქირავებული არ იცნობს ცხვრებს, რადგან მათზე არ ზრუნავს მუდმივად, ხოლო უფალი, რომელიცაა კეთილი მწყემსი, ზრუნავს მათზე და ამიტომაც იცნობს მათ. ცხვრები, რომლებიც ხედავენ მწყემსის მზრუნველობას, ცნობენ თავიანთ მფარველს. ასე რომ, გვმართებს, შევიცნოთ ძვირფასი მფარველი და მხსნელი, რომელმაც ჩვენი ცოდვების გამო უამრავი წამება დაითმინა, რათა ჩვენთვის მაგალითი მოეცა და ეჩვენებინა გადარჩენის გზა. მას ყველას გადარჩენა სურს, მთავარია, გულის კარი გავუღოთ და შემოვუშვათ უფალი, რომელიც ჩვენი გადარჩენისთვის მოვიდა ამქვეყნად. გამოუთქმელმა, მიუწვდომელმა და მამის თანასწორმა არ ითაკილა აბრაამის და დავითის წინაპრობა და ქალწულისაგან შობა, იშვა მარადიული ღმერთი, როგორც კაცი, მთლიანად მიიღო ადამიანური ბუნება ცოდვის გარდა და ჩვენი მსგავსი შეიქნა. ამაზე სასწაული რა უნდა მოხდეს - ღმერთმა, როგორც ჩვენზე მზრუნველმა მამამ, ჩვენგან მიყენებული წარმოუდგენელი დამცირებისა და ტანჯვა-წამების სანაცვლოდ ის ჭეშმარიტი გზა გვიჩვენა, რომელიც ყველა ჩვენგანს გადარჩენამდე მიგვიყვანს. ეს გზა ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებაშია. ეკლესიის მამები ხშირად მიწიერ ეკლესიას აბობოქრებულ ოკეანეში მცურავ გემსაც ადარებენ, რომელიც საიმედო ნაპირზე ჩვენს გასაყვანად მიისწრაფვის. პავლე მოციქული კი ეკლესიურ ცხოვრებას ქრისტეში ქორწინებას და ცოლქმრულ ურთიერთობას ადარებს და ამ თავის შეხედულებას ასეთი სიტყვებით ამთავრებს: "საიდუმლო ესე დიდ არს: ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა" (ეფ. 5,32).

ეკლესიური ცხოვრება, თავისი არსით, მართლაც უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ადამიანურ ლოგიკაში არ ჯდება. იგი აბსოლუტურად განსხვავდება ნებისმერი ამქვეყნიური ორგანიზებული ინსტიტუტისა თუ საზოგადოებრივი შეხედულებისგან. როგორც წმინდა კვიპრიანე კართაგენელი იტყოდა: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა".

- როგორ უნდა ეზიაროს ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას და, რახან ზემოთ ქორწინების მისტიკურ გაგებაზედაც ვსაუბრობდით, იქნებ ცოლქმრული მოვალეობის ამქვეყნიურ დანშნულებაზედაც გვესაუბრა...

- ეკლესიური ცხოვრება ადამიანმა, პირველ რიგში, ოჯახში უნდა ისწავლოს, რადგან ოჯახი ეკლესიის ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც უნდა აღესრულებოდეს ლოცვა, მარხვა, სიკეთე, სილამაზე და რაც ყველაზე მთავარია - სიყვარული უნდა სუფევდეს და ურთიერთგაგება. ღმერთმა ადამიანი სიყვარულით შექმნა და სიყვარულისთვის. მახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვები: "როცა სიყვარულია, მაშინ არის სიხარული, ხოლო როცა ადამიანს სიხარული ეწვევა, მაშინ იგი ბედნიერიაო".

ღვთისმშიშება, თავმდაბლობა, კეთილზნეობა, სიბრძნე ის თვისებებია, რომლებიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად, ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობებიც, რაც ამ კავშირს განსაზღვრავს. თუ ოჯახი მხოლოდ ხორციელი ვნებითა და ანგარებით იქმნება, იგი იმთავითვე გაწირულია დარღვევისათვის, რადგან წარმავალ, მიწიერ ღირებულებებზე აღმოცენებული ოჯახი მყარი არ იქნება. "გარეგნულმა სილამაზემ, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ იკარგება ინტერესი, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებებს ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მათთან ურთიერთობას. ამიტომ ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის".

ცოლქმრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, მძიმე ჯვარია, მაგრამ ამავე დროს დიდი სიხარულია და ეს ჯვარიც უფრო ადვილად და მსუბუქად საზიდია ორი ადამიანისთვის. ცოლქმრობა ერთი სხეულია, ამიტომ ეს ორი ადამიანი ალტერ-ეგოა, რომლებიც საბოლოოდ ერთ მთლიანობად წარმოჩნდებიან. "არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა, - თქვა უფალმა, - გავუჩენ შემწეს, მის შესაფერისს. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა, ადამს მიუყვანა და თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული. ამიტომ მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ" (დაბად. 2,18,22-24). იესომ კი, აი, რა უთხრა ფარისეველთ: "არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეირთავს თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც" (მათ. 19,4-5).

ასე რომ, ყველას ვუსურვებ სიკეთეს, ერთობასა და სიყვარულს ოჯახებში, რომელიც ეკლესიის გაგრძელებას წარმოადგენს. ეკლესია ხომ ბერძნულად "კრებულს" ნიშნავს და ვისურვებდი ასეთი კრებული ამრავლოს ღმერთმა ჩვენს ქვეყანაში.

შვილები პატარაობიდან უნდა მივაჩვიოთ ეკლესიურ ცხოვრებას; ბავშვი სხვადასხვა დარიგებას ძნელად იღებს, ამიტომ თავი არ უნდა მოვაბეზროთ ხშირი ჭკუის სწავლებით, უმჯობესია ხშირად ვატაროთ ტაძარში, ვაზიაროთ, მივაჩვიოთ ურთიერთობას მოძღვართან, ქრისტეს, ღვთისმშობელს, წმინდანებს მივანდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად, სწორად, უსაფრთხოდ და შედეგიანად წარიმართება. სჯობს ღმერთს ვესაუბროთ ჩვენი შვილების შესახებ, ვიდრე ჩვენს შვილებს - ღმერთზე, რადგან ბავშვს თავისუფლება სწყურია, ყველაზე დიდი თავისუფლება კი ღმერთშია.

რაც შეეხება შემოსულ კითხვას, რასაკვირველია, სიწმინდე მიღწევადია ადამიანისთვის და ამას მოწმობს ეკლესიის ისტორია და იმ მრავალი მოწამისა და სათნოებით შემკული ადამიანის ცხოვრება, რომლებიც ეკლესიურად და ქრისტეს მცნებათა მიხედვით ცდილობდნენ ეღვაწათ წუთისოფელში. რა თქმა უნდა, ძნელია ადამიანმა სიწმინდეს მიაღწიოს და ყველა ცოდვა ერთბაშად დაძლიოს, რადგან ეს ერთჯერადი აქტი არ არის.

სიწმინდისა და სრულყოფილების მისაღწევად ღმერთმა მთელი ცხოვრება მოგვცა ამქვეყად და როგორც ერთხელ ჭამა ან ერთხელ წყლის დალევა არ იქნება საკმარისი ჩვენი ფიზიკური არსებობისთვის, სულის განწმენდის პროცესიც მრავალჯერადია. მთავარია, ამის სურვილი გვამოძრავებდეს და წარმავალს მარადიული ვამჯობინოთ.

დასასრულ, ყველას ვულოცავ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გამრავლებას, გახარებასა და სულიერ შობას გისურვებთ, ღმერთმა დაგლოცოთ და სიყვარულით გაცხოვროთ!
ბეჭდვა
1კ1