ნელთბილი ადამიანი არ ესათნოება უფალს და ვერც ვერაფერს მიაღწევს სარწმუნოებაში
ნელთბილი ადამიანი არ ესათნოება უფალს და ვერც ვერაფერს მიაღწევს სარწმუნოებაში
1. დღევანდელი ქართული საზოგადოების მაგალითზე ღვთისა და ადამიანის ნება რამდენად თანხვდება ერთმანეთს?

2. ღვთისაგან ნაბოძები ნიჭი არის თუ არა ჩაყენებული უფლის სამსახურში?

3. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაGნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარGება ქართველი ერის ისტორიაში?

4. რას შეეკითხებით მოძღვარს?


ანკეტის შეკითხვეზე გვიპაუხებენ რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, ჟურნალისტი მარიკა დაუშვილი და იურისტი ნიკოლოზ ჯაში.

გიგა ლორთქიფანიძე, თეატრისა და კინოს ცნობილი რეჟისორი. გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: მრავალსერიიანი სატელვიზიო ფილმები: "დათა თუთაშხია" "წიგნი ფიცისა", "თეთრი ბაირაღები", და სხვა. მისი მეუღლეა მსახიობი ქეთევან კიკნაძე, შვილები: ნინო, ნანა და მაია.


1. გარდა საერთო რელიგიური მრწამსისა, ისტორიულად ქართველი ხალხისთვის სარწმუნოება იყო ხსნის ერთადერთი გზა. მაშინ, როდესაც ისეთ გამოუვალ მდგომარეობამდეც კი მივსულვართ, რომ თითქოს არავითარი ხსნა აღარ ჩანდა, ღმერთი ყოველთვის გამოაჩენდა ისეთ პიროვნებას, რომელსაც ერი ენდობოდა, რადგან ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იყო.

დღეს არცთუ სახარბიელო ვითარებაა, რადგან დღევანდელი მდგომარეობით ეკლესიისა და ერის ინტერესები დაშორებულია ერთმანეთს.

როდესაც ერის გარკვეული ნაწილი ჩვენი პატრიარქისგან მოითხოვს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას, მაშინ როდესაც თავად საზოგადოება პასიურობს და მოუწოდებენ მას, ვისზე რა უნდა თქვას, ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, რადგან პატრიარქის საქმე არ არის დაპირისპირებისა და სისხლის ღვრისკენ მოწოდება, მით უფრო, ისეთი სულიერი წინამძღოლისათვის, როგორიც ჩვენი პატრიარქია, რომელიც თავისი აზროვნებითა და მსოფლმხედველობით ურთიერთგაგებისა და ერთსულოვნების მომხრეა.

2. ჩემს ნიჭიერებას ვერ განვსაზღვრავ, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, თუ ძალიან თამამი ნათქვამი არ გამომივა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მორწმუნე ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი საქმით ჩავმდგარიყავი ღვთის სამსახურში, რამდენად გამომივიდა, გამიჭირდება ამაზე ვილაპარაკო. ვფიქრობ, ჭეშმარიტი ხელოვნება და კულტურა ყოველთვის ღვთის სამსახურშია ჩაყენებული, რადგან უფლის მცნებებზე, კაცთმოყვარეობასა და ურთიერთმიმტევებლობაზეა დაფუძნებული. ქართული ქრისტიანული კულტურა ამის უტყუარი მაგალითია. მთავარია, მისი შენარჩუნება და განვითარება. უკვე კრიტიკულ ასაკს მივუახლოვდი, ვიავადმყოფე კიდეც რამდენიმე თვე, მაგრამ ჩემი დიდი ოცნება არის, მომეცეს შესაძლებლობა, კიდევ დავდგა ერთი სპექტაკლი და გადავიღო ერთი ფილმი.

3. საქართველო 1918 წლიდან ძალიან მოკლე დროით ეღირსა თავისუფლებას და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, ძლივს ავიხდინეთ ამდენი ხნის ოცნება და ჩვენი ქვეყანა ერთა ლიგამ აღიარა დამოუკიდებელ რესპუბლიკად. 1921 წელს შემოიჭრა პრორუსული ძალა, ურდო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელსაც წინაუძღოდა ქართველი კაცი, სერგო ორჯონიკიძე და დაამყარა საბჭოთა ხელისუფლება. ეს მოვლენა უმძიმეს ტრაგედიად მიმაჩნია ერის ისტორიაში, რადგან ქართველმა სისხლში ჩაახშო თანამოძმეთა წინააღმდეგობა. ამაზე დიდი ტრაგედია რაღა უნდა იყოს?!


KARIBCHEმარიკა დაუშვილი, 60 წლის, ჟურნალისტი, ამჟამად უმუშევარი.

1. თუ რამდენად თანხვედრილია ღვთისა და ადამიანის ნება, ეს, უპირველესად, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად, ქრისტიანულად ვცხოვრობთ. ღვთის ნების გარჩევა მაშინ შეგვეძლება, თუ ღვთის მცნებებს დავიცავთ. ჩვენ ხომ იმ გავლენებსაც განვიცდით, რაც ბოროტმა ძალებმა შეიძლება აღძრას და ჩვენდაუნებურად, ამას კეთილს მივაწერთ ხოლმე. ამიტომ სინერგია, რაც ღვთისა და ადამიანის კეთილი ნების ურთიერთშერწყმას გულისხმობს, ჩემი გაგებით, მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიურობითა და სულიერი ცხოვრების დახვეწით მიიღწევა.

2. ღვთისაგან ბოძებული ნიჭი, პირველ რიგში, სულის ცხონებისთვის უნდა მოვიხმაროთ და უფლის სამსახურში ჩავაყენოთ, ჩვენი ამქვეყნიური დანიშნულება ხომ იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ ჩვენი ცხოვრებითა და საქმიანობით მოვიპოვოთ სასუფეველი.

რამდენადაც ახლოს არის ადამიანი უფალთან და სარწმუნოებრივად მაღალ საფეხურზე იმყოფება, იმდენად ცდილობს უფლისაგან მიღებული ნიჭი ისევ უფლის სამსახურში ჩააყენოს. ისე, როგორც ღვთისა და ბოროტი ნების გარჩევა შეუძლებელია ეკლესიის დაუხმარებლად, ასევეა ამ შემთხვევაშიც. ჩემი შეხედულებით, ჩვენი დღევანელი საზოგადოებისათვის დამახასიათებელია მცირედმორწმუნეობა, არ ვართ იმ სულიერ დონეზე, რომ ჩვენი ნიჭი, უნარი და საქმიანობა უფლის სამსახურში იყოს ჩაყენებული და სულის ცხონებისკენ მივისწრაფოდეთ, მაგრამ კარგია, რომ ეკლესიური ადამიანები მაინც ვაცნობიერებთ ამას და ვცდილობთ, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება.

3. ჩემი თაობისათვის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი მაშინ ჩაიწერა ჩვენს უახლეს ისტორიაში, როდესაც ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული ძმათამკვლელი ომი ავტეხეთ თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე. ვფიქრობ, ილიას მკვლელობა ჩვენს დროშიც განმეორდა, როდესაც ხალხის უმრავლესობით არჩეული პირველი პრეზიდენტიც ილიას გზას გავუყენეთ, ეს არანაკლები დანაშაული იყო ჩვენი თანამედროვეების მიერ ჩადენილი. ზვიად გამსახურდია ხომ ის ადამიანი იყო, რომელმაც 70-წლიანი ლეთარგიული ძილისაგან გამოაფხიზლა ქართველი ერი და ეროვნული ცნობიერება სწორ კალაპოტში ჩააყენა.


KARIBCHEნიკოლოზ ჯაში, 37 წლის, იურისტი, თსუ-სთან არსებული სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის გენდერული კვლევების დოქტორანტი. მისი მეუღლეა სალომე შარაშენიძე, შვილები: შიო და მარიამი.

1. როგორც ქართველს, მეც უნდა მწამდეს, რომ საქართველო, ღვთისმშობლის ქვეყანა, საბოლოოდ მაინც გავა ფონს, გადარჩება, გაბრწყინდება, რაც ღვთის ნების გარეშე არ მოხდება. ღვთის ნება ეკლესიური სწავლებით ყველა ადამიანის გადარჩენა, მათი ცხონებაა. საქართველოს მოსახლეობის 70% სხვადასხვა გამოკითხვაზე დაყრდნობით ყველაზე დიდ ავტორიტეტად საქართველოს ეკლესიას მიიჩნევს. ეს თანაფარდობა არ ნიშნავს ეკლესიაში სისტემატურად მლოცველების რაოდენობას, ამ უკანასკნელთა რიცხვი გაცილებით მოკძალებულია და მართლმადიდებელი მოსახლეობის 8-10%-ს არ აღემატება. ამდენად მარტივი სტატისტიკით დავასკვნით, რომ ეკლესიის სწავლებას ყველა არ ისმენს და აქედან გამომდინარე, არც ღვთის და ადამიანის ნება იქნება თანხვედრილი. თუმცა სტატისტიკური მნიშვნელობებით აქ ვერ შემოვიფარგლებით, რადგან საქმე თითოეული ადამიანის სულიერი მდგომარეობის განსჯას ეხება. ასპარეზი აქ ადამიანის სული, მისი უმაღლესი ფსიქიკაა. ღმერთის ხატად შექმნილი თითქოს უნდა ფლობდეს ყველა ბერკეტს წუთისოფლის ლაბირინთების დაძლევისთვის, მაგრამ ვიცით, რომ ასე არ ხდება მუდამ, ბევრი ცდება გზას, ნორმალური სოციალური ადაპატაციის წესს და იკარგება, იღუპება საზოგადოებისთვის, როგორც წესი, ეკლესიისთვისაც. ეკლესია, ადამიანების კურთხეული საზოგადოებრივი ორგანიზმი, მზად არის, თავის კერაში მიგვიღოს. იქ არავინ არის უცხო, არავინ - პირველი ან უკანასკნელი, ეკლესია ტკბილი და მფარველი დედაა. იგი დღევანდელ დღეს ისეთი მკაცრი არ არის, როგორიც საუკუნეების წინ, და ეს ალბათ ასეც უნდა იყოს. საკუთარი სულის ასპარეზზე დატოვებულ ღვთის ხატად შექმნილ ყოველ ადამიანს კი კითხვაზე, "რამდენად თანხვდება მისი და ღვთის ნება", იმედია, საკუთარი საუკეთესო პასუხი გააჩნია.

2. ჩემი აზრით, ყველა, ვინც თავის საქმეს, თუნდაც უმნიშვნელოს, აკეთებს და აკეთებს გულით, ღვთის სამსახურში დგას. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ნიჭით ანუ შრომით ყველა შოულობდეს სარჩოს. ნიჭი თუ ღვთის სამსახურშია, ადამიანი უკვე ცხონებულია. თუმცა საქმე ასე მარტივად არ უნდა იყოს. ზოგ ადამიანს სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე შეიძლება მოუწიოს სინდისის წინააღმდეგ წასვლა, ვინმეს, ვთქვათ, ახლობლის დასმენა ან დაჭერა. როგორ განვსაჯოთ, რამდენად ემსახურებოდა ამ დროს მისი ნიჭი ღვთის ნებას? ერთი მხრივ, სამართალი უნდა აღსრულდეს, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანი ცოდვაში ვარდება. მე ვერ ვაძლევ თავს უფლებას, ზოგადად ვიმსჯელო ასეთ შემთხვევებზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იქნება ყველა დეტალი და ქართული კულტურულ-სოციალური კონტექსტი.

3. მიმაჩნია, რომ წმინდა ილია მართლის მკვლელობა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოხდა, სიმპტომატური აღმოჩნდა ქართული ჯალათობის ინსტიტუტისთვის, რომელიც მოგვიანებით, კომუნისტური რეპრესიების დროს, ერის მხოლოდ საუკეთესო შვილებს იმეტებდა სასაკლაოსთვის. ილია არის წმინდანი, რომელიც საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მოკლეს. ასევე მოხდა მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, კიტა მეგრელიძის და უამრავი სხვა გამოჩენილი ადამიანის შემთხვევაში. ამდენად, ილიას მკვლელობის შემდეგ ქრონოლოგიურად დღემდე XX საუკუნის 30-იან წლებში განათლებულ ადამიანთა უმოწყალო ჟლეტა არის საქართველოს ისტორიის ყველაზე დიდი და წარუხოცელი ლაქა.

4. როდის ხვდება ადამიანი, ან რა ნიშანი ეუწყება მას, რომ იგი სასულიერო მოღვაწეობის გზით უნდა წავიდეს, ანუ უნდა გახდეს სასულიერო პირი?


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი.

- მადლი, ისევე როგორც ყოველი ნიჭი, მხოლოდ ღვთისგან ეძლევა კაცს. ყველანაირი სიკეთის წყარო არის ღმერთი, ადამიანს კი, როგორც ღვთის ქმნილებას, მადლი ღვთისაგან მიენიჭება. "სიკეთე ღვთისგანაა, ცოდვა - ჩვენგან", - აღნიშნავდნენ ეკლესიის მამები. პავლე მოციქული ამბობდა: "მე კი არ ვიქმ კეთილს, არამედ ვინც დამკვიდრებულ არს ჩემში - ღმერთი; მე კი არ ვიქმ ბოროტებას, არამედ ვინც დამკვიდრებულ არს ჩემში - ცოდვა". ამიტომ სიტყვები: "მადლითა ხარ გამოხსნილ", ასეც უნდა გავიგოთ: რასაც ადამიანი მადლიანად აკეთებს, ეს მადლი გამოიხსნის მას, ანუ ყოველი კეთილისმოქმედი ადამიანი ამქვეყნადაც მადლს მოიხვეჭს და მომავალ ცხოვრებაშიც გამოხსნილი იქნება მადლისაგან, მაგრამ თუკი სიკეთის ნაცვლად ბოროტებას სჩადი, რითი გინდა თავი გამოიხსნა? ბევრი არაეკლესიური ადამიანი დაინტერესებულა, - როგორ ხდება ცოდვათა მიტევებაო. ყოველმა მორწმუნემ იცის, რომ თუ მონანული არა ხარ, ცოდვაც არ მიგეტევება. როგორც სინანულის გარეშე წარმოუდგენელია ცოდვის მიტევება, ასევე მადლის გარეშე ვერაფერი გამოიხსნის ადამიანს. შეიძლება ბევრნაირი საქმე აკეთო, მაგრამ ყველა საქმით მადლს ვერ მოიხვეჭ. კეთილი საქმის საეშმაკოსაგან გარჩევა ეკლესიურ ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ყოველ პიროვნებას ქრისტიანობა აყალიბებს. იმისათვის, რომ დავინახოთ, თუ სად მთავრდება ჩვენი შესაძლებლობები, მთავარია, ჩვენი ნება ღვთის ნებისაგან გამომდინარეობდეს. თუ ეს ორი ნება არ თანხვდება, მაშინ ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორიც დღეს საქართველოშია, ამჟამად რომ ღვთისა და კაცის ნება დაცილებული არ იყოს ერთმანეთს, სულ სხვაგვარი ცხოვრება გვექნებოდა. როგორც კი ადამიანი ღვთის მცნებებიდან გადაუხვევს, სწორედ მაშინ ჩნდება პრობლემები, ამის მაგალითად გამოდგება ებრაელი ერის ისტორია. ისე როგორც ისრაელელ ხალხს, ქართველებსაც არაფერს გვპატიობს ღმერთი, რადგან ჩვენც მისი რჩეული ერი ვართ და მომთხოვნია ჩვენ მიმართ. მახსენდება დიდი ილიას სიტყვები: "ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ქართველი ერი კი ქრისტესთვის ეცვა ჯვარსო". ამიტომ, ბუნებრივია, ისეთი დიდი წარსულის, ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ღმერთი არასოდეს გვაპატიებს უღვთო ცხოვრებას. მე ჩემს ქადაგებებში ხშირად მითქვამს, ადამიანი, რომელიც დაშორდა ღმერთს საკუთარი ნებით, ვერც გაჭირვებულს დაინახავს, ვერც ხანდაზმულს და ვერც ავადმყოფსა და საპყრობილეში მყოფზე გაუჩნდება სიბრალულის გრძნობა, რადგან არ გააჩნია სიყვარული და მხოლოდ თავის სურვილებს არის დამონებული. სამწუხაროდ, დღეს მორწმუნე საზოგადოების დიდი ნაწილიც არ გამოირჩევა მყარი შეხედულებით, რასაც პირადად მე იმას ვაბრალებ, რომ ჩვენ შვიდი ათეული წელი ათეისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. მართალია, დღეს ხალხი შემოტრიალდა ეკლესიისაკენ, მაგრამ თუ მტკიცე რწმენა არ გვექნება, არაფერი გამოვა, რადგან ნელთბილი ადამიანი არ ესათნოება უფალს და ვერც ვერაფერს მიაღწევს სარწმუნოებაში. რწმენას გამყარება ესაჭიროება. ვფიქრობ, ეს პროცესი დაწყებულია და უფლის შემწეობით სასურველ შედეგს მივიღებთ.

ყველა ადამიანში თავისებური ნიჭია, მთავარია, როგორ გამოიყენებს მას და რის სამსახურში ჩააყენებს - სიკეთის თუ ბოროტების. ჩვენი დანიშნულებაა, სიკეთეს ვემსახურებოდეთ. თუ პიროვნება ნიჭიერია, მაგრამ ბოროტებას ემსახურება, უფრო საშიში ხდება, რადგან ათჯერ და ასჯერ უფრო დიდ ბოროტებას ჩაიდენს თავისი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ვიდრე უნიჭო ადამიანი. ნიჭიერი მტერიც და ნიჭიერი "მოყვასიც", რომელიც ნიღაბს არის ამოფარებული, რომ გიმტროს, ეშმაკის სამსახურშია. თუ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მაგალითით ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ღვთისმოშიში, გონიერი კაცისთვის არ უნდა იყვნენ ძნელად დასანახი და ამოსაცნობი ასეთი ადამიანები. იმისათვის, რომ ღვთის მორჩილებაში იყო და მისი მცნებებით ცხოვრობდე, მაინცდამაინც სასულიერო მოღვაწეობა არ არის აუცილებელი. ერშიც არანაკლებ არის შესაძლებელი ღვთის მოსაწონი საქმის კეთება. თავის თავზე მინდობილი ადამიანი, რომელიც საქვეყნო საქმეს ეპოტინება და როცა რაღაცას მიაღწევს, ყოველივე ამას თავის დამსახურებას მიაწერს და არა ღვთის წყალობას, ვერასოდეს გაუკეთებს სიკეთეს თავის ქვეყანას. ისტორიაში ამის უამრავი მაგალითია. ჩვეულებრივი, ადამიანური სისუსტეები თვით ქრისტეს მოციქულებშიც კი გამოვლინდა, გავიხსენოთ პეტრე, რომელმაც შიშის გამო სამგზის უარყო მაცხოვარი, ყველაზე დიდი განსაცდელის დროს, თანაც გაფრთხილებული იყო უფლისაგან, რომ ასეთი რამ უნდა მომხდარიყო; თომა მოციქულის სისუსტე იმაში გამოვლინდა, რომ მანამდე არ ირწმუნა უფლის აღდგომის სასწაული, სანამ მისგან არ მოხდა უფლის გვერდის განხილვა, რითაც მიწიერი, მატერიალური ბუნება გამოამჟღავნა; პავლე მოციქული თავიდან ჭეშმარიტი რწმენის მდევნელი იყო, სანამ უფალმა ფიზიკურად არ დააბრმავა და სულიერი ხედვა არ მისცა; აღარაფერს ვამბობ იუდა ისკარიოტელზე, ვერცხლისმოყვარების ცოდვამ რომ 30 ვერცხლად გააყიდვინა თავისი მოძღვარი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თვით რჩეული მოციქულებიც კი, რომელთაც სხვადასხვა ნიჭი უბოძა ღმერთმა და სხვადასხვა ეპოქაში კაცობრიობა უფლის ნათელს აზიარეს, არ იყვნენ დაზღვეულნი ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეებისგან. ამიტომ ამოუწურავია ჩვენი შესაძლებლობები, მთავარია, საითკენ მივმართავთ სადავეებს, რომელიც ხელთ გვიპყრია - სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ. ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თუ ქრისტეს 12 მოციქულთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა იუდა ისკარიოტელი, ჩვენს დროში ასეთი, შესაძლებელია, გაცილებით მეტი იყოს.

რაც შეეხება შეკითხვას:

ღვთიური მადლი თუ არ გადმოვიდა ადამიანზე, ისე იგი მღვდელი ვერ გახდება. ამიტომ ყველა მოძღვარზე გადმოსულია ეს მადლი. დარწმუნებული ვარ, იგი რაღაც ზენა ძალამ შემოიყვანა ეკლესიაში და ამ გზისაკენ უბიძგა. მე ხშირად მქონია სასულიერო წრეებში ამ საკითხზე საუბარი და არ მინახავს მღვდელი, რომელიც შემთხვევით იყოს ეკლესიაში მოსული, მათი მონათხრობის გახსენება შორს წაგვიყვანს, ამიტომ ჩემზე მოგახსენებთ.

ჩემს მშობლებს, სანამ მე გავჩნდებოდი, მანამდე სამი ვაჟი შესძენიათ, მაგრამ ერთი 3 წლის გარდაეცვალათ, მეორე - ორ წლინახევრის, მესამე - 6 თვის.

მამაჩემი, რომელიც სოფელში ბრძენკაცად ითვლებოდა, სევდამ ისე დაიმორჩილა, რომ მთელ ღამეებს მათ საფლავებზე ატარებდა - ვერა და ვერ შეეგუა შვილების გარდაცვალებას. ღამე შინ რომ არ მოვიდოდა, დედაჩემი ჩემი ძმების საფლავზე მიდიოდა, იქ ნახულობდა მტირალ მამაჩემს. ერთხელ სიზმრად ასეთი ჩვენება ჰქონდა: მაღლა, წმინდა გიორგის ტყიდან გამოდის თეთრსამოსიანი ჭაბუკი, ხელში მახვილი უჭირავს. აღვიძებს საფლავზე მძინარე მამას, შუბს უღერებს შესაშინებლად და უკვე გამოღვიძებულს ეუბნება: წადი აქედან და ღამით არასოდეს მოხვიდე, შვილი კიდევ გეყოლება, რომელსაც ღვთისოს დაარქმევ. ათი წელი არაფერი უყიდოთ მას თქვენი ფულით, შემდეგ კი ერთ-ერთი სალოცავის მონა გახადეთო. შეშინებული დაბრუნებულა მამაჩემი შინ. მას მერე ვეღარ გაუბედავს სასაფლაოზე დარჩენა. ერთი წლის შემდეგ მეც გავჩნდი. ჩემი მშობლები ყველა პირობას ისე ასრულებდნენ, როგორც ხილვაში ეუწყა მამაჩემს. ათ წლამდე მამიდები, დეიდები და სხვა უახლოესი ნათესავები მაცმევდნენ და მახურავდნენ, ათი წლის შემდეგ ბაზალეთის გვერდით რომ ფშარაველ წმინდა გიორგის სალოცავია, იქ დავყავდი მამაჩემს 25 წლამდე თავისი შესაწირავით. მერე ჯარში გამიწვიეს. როდესაც სამხედრო სამსახურიდან დავბრუნდი და დავცოლშვილდი, ჩვენი უწმინდესი ილია მეორე რუსეთიდან დაბრუნდა და ჩემს ახლოს დასახლდა. მისი გაცნობის შემდეგ, იმდენად მიმიზიდა მისმა საუბარმა, მთელი ჩემი აზროვნებით სულიერებაში გადავერთე და ამქვეყნიური აღარაფერი მიზიდავდა. 15 წელიწადი ვიყავი უწმინდესი ილია მეორის მორჩილებაში, 10 წელიწადი პატრიარქის პროტოდიაკონი გახლდით, 25 წელია, რაც მღვდელი ვარ. აი, ასეა, ყველა რაღაც მიზეზით ადგება ამ გზას. დაახლოებით 10 მოძღვარი ჩემი სულიერი შვილია და როგორც მათ მოუყოლიათ, ყველას რაღაც მინიშნება ჰქონდა, რაც გახდა მიზეზი მათი არჩევანისა. ასე რომ, ადამიანი როდესაც სასულიერო პირი ხდება, ამაში ყოველთვის ზეციური ძალა მონაწილეობს. ისე, როგორც ბევრ სხვა რამეში, მღვდლობაშიც ღვთის დიდი საიდუმლოებაა, რომელიც ადამიანის გონებისთვის ძნელი მისაწვდომია.
ბეჭდვა
1კ1