თუ ადამიანი ბოლომდე არ ჩასწვდება, რისთვის ეძიებს უფალს, ვერასოდეს დაადგება ჭეშმარიტების გზას
თუ ადამიანი ბოლომდე არ ჩასწვდება, რისთვის ეძიებს უფალს, ვერასოდეს დაადგება ჭეშმარიტების გზას
ქრისტეს ეკლესიამ ორიათასწლოვანი მძიმე, ეკლიანი გზა გამოიარა. მართლმადიდებლობას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ადამიანთა ხსნისა და გადარჩენის უტყუარ გზას (რის გამოც ქრისტე კაცობრიობას მოევლინა), ყოველთვის უპირისპირდებოდა ცოდვილი სამყარო. რაც დრო გადის, ბრძოლა კეთილ და ბოროტ ძალებს შორის თანდათანობით მძაფრდება და თითქოს კულმინაციას უახლოვდება.

მსოფლიომ გონიერება დაკარგა, პლანეტის მოსახლეობა ლამის ჭკუიდან შეიშალა - შეშფოთებით აღნიშნავდნენ XX საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწეები ბერი პაისი მთაწმინდელი, არქიმანდრიტი სერაფიმე როუზი და სხვები.

ახალი მსოფლიო წესრიგის გამგებლები, რომლებიც დროისა და ეპოქის სულისკვეთების შესატყვისი "ზნეობრივი კოდექსებისა" და "სამართლებრივი ნორმების" ძიებით არიან დაკავებულნი, თავის მხრივ, იმავე დიაგნოზს უსვამენ ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრებს, რომლებიც ათასგვარი საცდურის, მრავალი განსაცდელისა და მცირერიცხოვნობის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებენ სახარებისადმი ერთგულებას და თვით სიცოცხლის მსხვერპლად გაღების ფასადაც კი არ გადაუხვევენ მაცხოვრის მიერ ნაჩვენები გზიდან, რადგან მართლმადიდებლური ტრადიციების შენარჩუნებასა და უფლის მცნებების აღსრულებაში ხედავენ ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესიისა და საკუთარი სულების გადარჩენის საიდუმლოს.

ანკეტის შეკითხვები:
1. რამდენად ლოგიკურია პლანეტის მოსახლეობის დამოკიდებულება მართლმადიდებლებისადმი, რომელთა რწმენისადმი შეურყეველი ერთგულება XXI საუკუნეში შესაძლოა გადახრად, ფანატიზმად და ანომალიურ სულიერ მდგომარეობად აღიქმებოდეს მსოფლიოს დანარGენი მოსახლეობის თვალში?

2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნაით საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?

3. რას შეეკითხებით მოძღვარს?

ანკეტაში მონაწილეობენ ფილოლოგიის დოქტორი დავით წერეთელი და ტელეჟურნალისტი იზა-მატრონა ქოქუაშვილი.


დავით წერეთელი, 67 წლის, ფილოლოგიის დოქტორი, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წევრი, ღირსების ორდენოსანი. მისი მეუღლეა ნარგიზა გოზალიშვილი, შვილები: ნინო და გიორგი.

უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ, რომ მე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ რიგით წარმომადგენელს, საშუალება მომეცა, ვიყო გამორჩეული მართლმადიდებლური ჟურნალის "კარიბჭის" რესპონდენტი და მოგახსენოთ ჩემი მოსაზრებები თქვენს შეკითხვებზე.

1. ქრისტეს ეკლესიის მიერ განვლილი ორიათასწლოვანი ძნელი და ეკლიანი გზა იმის მყარი საფუძველია, რომ მის მოძღვრებას ვერავითარი ძალა ვერ შეარყევს. პირიქით, იგი უფრო მყარად გაიდგამს ფესვებს და მრავალი განსაცდელისა და ათასგვარი საცდურის მიუხედავად, სამარადისოდ იარსებებს.

ქრისტეშობიდან დღემდე მწვალებლები მთელ მსოფლიოში ფიქრობდნენ და იღვწოდნენ, რომ ქრისტეს მოძღვრებას, წმინდა წერილს, ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენას დაპირისპირებოდნენ. ისტორიამ ჩვენი სარწმუნოებისა და მისი მიმდევრების დევნის არაერთი ფაქტი შემოგვინახა, მაგრამ რაც უფრო ძლიერია ეს ბრძოლა, როგორი მზაკვრულია და შეფარული, რა ძალისმიერი მეთოდებითაც არ უნდა მიმდინარეობდეს იგი, ქრისტეს მცნებანი მით უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს და აღორძინდება, რადგან ესაა ჩვენი სარწმუნოების უძლეველობა და ცხოველყოფელობა.

დღემდე რატომღაც არ გამჩენია განცდა, რომ შეშლილ სამყაროში გვიხდება ცხოვრება, - ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. ღმერთმა სამყარო ადამიანებისთვის შექმნა, ამქვეყნიურ ძალაუფლებასაც ხომ ყველა ქვეყნის მმართველს უფალი ანიჭებს. როგორ იყენებდნენ და იყენებენ ამ ძალაუფლებას "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამასაც ღმერთი განსჯის. '

მსოფლიოში ყოველთვის იყო მმართველობის სისტემებს შორის ბრძოლა. ასეა დღესაც. არიან გლობალიზაციის აქტიური მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ყოველთვის იყო იმის მცდელობა, რომ დიდ სახელმწიფოებს მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის ძალმომრეობით თავს მოეხვიათ თავიანთი ზრახვები. ძალმომრეობას ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობა, რადგან იგი თავისუფალი ადამიანების რელიგიაა. ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, არა მგონია, მართლმადიდებლობა უმცირესობაში იყოს მსოფლიო კონფესიებს შორის, მაგრამ თუ იმასაც ვიგულისხმებთ, რომ მართლმადიდებლობას ჭეშმარიტების შესანარჩუნებლად უხდება ბრძოლა და სწორედ ამის გამო ცდილობენ მის კომპრომეტაციას, ეს უფლის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. მართლაც არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმისა, რომ ბევრი ზვარაკად შეეწირა ჩვენს სარწმუნოებას და ასე იქნება მომავალშიც, რადგან ქრისტეს ერთგული მხედრები არასდროს გადაუხვევენ ჭეშმარიტებიდან და ეს კარგად უწყიან მართლმადიდებლობის დაუძინებელმა მტრებმაც, რომელთა ყოველგვარი მცდელობა ამ სარწმუნოების დასასუსტებლად საბოლოოდ მაინც განწირულია.

2. დიდი ილიას მკვლელობის შემდეგ მრავალი ცოდვა დატრიალებულა ჩვენს ქვეყანაში და ყოველ მათგანს, რა თქმა უნდა, თავისი წინაპირობა გააჩნდა.

პირადად მე ყველაზე დიდ ცოდვად მიმაჩნია 1917 წელს რუსეთში განხორციელებული ოქტომბრის რევოლუციაში ქართველების აქტიური მონაწილეობა, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ რევოლუციის გამარჯვებასა და კომუნისტური დიქტატურის დამყარებაში. სწორედ ამ რევოლუციამ შეიწირა ქართველი ხალხის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მართლმადიდებელი სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს დაუდო სათავე, რომელიც დღესაც გრძელდება მსოფლიო მასშტაბით.

უფლის ნებით, უკვე მერამდენედ, კვლავაც მოგვეცა ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის შესაძლებლობა.

ჩვენი ქვეყნის ისტორიული ქარტეხილებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიამ, სამოქალაქო ხელისუფლებასთან ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენმა სამშობლომ, რომელიც მსოფლიოს აბობოქრებულ ოკეანეში პატარა, მოფარფატე ნავივით ძნელად მიიკვლევს გზას, სამუდამო მშვიდობიანი და დაწყნარებული ნავსაყუდელი პოვოს.

3. მოძღვარს დიდი მოკრძალებით შევეკითხებოდი, როგორ უნდა გავიგოთ ძველი გამონათქვამი: "რაც ერი, ის ბერი".


KARIBCHEიზა-მატრონა ქოქუაშვილი, 60 წლის, გერმანული ენის სპეციალისტი. ამჟამად უმუშევარი. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ხალხური შემოქმედების მთავარ რედაქციაში პროგრამა "მრავალჟამიერის" ერთ-ერთ ხელმძღვანელად. 1995 წელს ერთადერთი ქალიშვილი ირინა ურუშაძე ტრაგიკულად დაეღუპა.

1. ყველა თავისი გადასახედიდან აფასებს ამა თუ იმ მოვლენას. ადამიანები იმის მიხედვით აღიქვამენ ცხოვრებისეულ, ყოფით ელემენტებსა და კულტურულ-ისტორიულ ღირებულებს, რა რწმენის მატარებლებიც არიან შინაგანად.

ღმერთმა ისე დაადგინა, რომ დედამიწა კაცობრიობის შექმნის დღიდან მუდმივად ვითარდება, არსებობდნენ უძველესი ცივილიზაციები, მაგრამ ქრიტეს განკაცებით საფუძველი დაედო ახალ, ქრისტიანულ ცივილიზაციას და მე მეამაყება და მიხარია, რომ ჩემი პატარა სამშობლო ამ ცივილიზაციის შემქმნელი და მიმდევარი ერია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასე იყო...

სამყაროს განათლებული, განვითარებული ნაწილისათვის ისიც ცნობილია, თუ როგორ დაისაჯა მთელი ქალაქი სოდომ-გომორის ცოდვის გამო, რა საშინელებებსაც სჩადიოდნენ უძლიერესი და უდიდესი იმპერიების მმართველები, ამ იმპერიებიდან კი დღეს არც ერთი აღარ შემორჩა. მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინების შემდეგ თითქოს ზღვარი უნდა დასდებოდა ყოველგვარ ამგვარ გამოვლინებებს ჩვენს პლანეტაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და კვლავ შეშლილ სამყაროში გვიხდება ცხოვრება; ქრისტიანობა ბოროტ ძალთა სამიზნე გახდა: "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი", - ამბობდა დიდი ვაჟა-ფშაველა, რადგან ქრისტეს მსახურნი და ქრისტეს მიმდევარნი ვართ, თანაც მიზანში ამოღებული, ეს იმდენად ღირსეული და საპატიოა ჩვენთვის, ადვილად გადაგვალახვინებს ჩვენზე მოწევნილ ყველა განსაცდელს, რადგან ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი.

არსებობს გამოთქმა, "იმან დამწიხლოს, ვინც ჩემზე უკეთესიაო". მე არ ვთვლი, რომ ძალიან მაღალი დონის ქრისტიანი ვარ, მაგრამ თუ დღეს ვიღაცის თვალში შეშლილად გამოვიყურები იმის გამო, რომ დავდივარ წირვა-ლოცვაზე დასასწრებად, ვარ აღმსარებელი, მყავს მოძღვარი და ეკლესიურ სიწმინდეებს ვეზიარები, ეს შეურაცხყოფა კი არა, დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის, რადგან ჩავთვლი, რომ სულიერების გზაზე ცოტა რაღაცისთვის მიმიღწევია და ცოტათი მაინც მივუახლოვდი იმ უმაღლეს ღირებულებებს, რომლითაც ყოველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა იცხოვროს.

2.
ჩემი აზრით, ილიას მკვლელობით ქართველმა ერმა თავისი მამა გაიმეტა სასიკვდილოდ. ამიტომ ილიას მკვლელობა ერის წინაშე ჩადენილი უდიდესი ცოდვაა. კიდევ უფრო დიდი ცოდვა იყო კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის მკვლელობა. ღვთისგან დადგენილი საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი და სულიერი მამა მოვკალით, ამით ღმერთს ვესროლეთ ტყვია და არა მხოლოდ ერის, არამედ ღვთის წინაშე უდიდესი დანაშაული ჩავიდინეთ, რაც შეუწყნარებელი ცოდვა მგონია, რომლიდანაც დღემდე ვერ გამოვიდა ჩვენი ერი.

დედაჩემი ზემოიმერელი ჭანკვეტაძის ქალი იყო და მახსოვს, მის სოფელში ერთი გლეხკაცი ასეთ რამეს ჰყვებოდა: "კაცი ანგრევდა ეკლესიას. შეწუხებული ხალხი ეკითხებოდა, - ღვთის სასჯელისა არ გეშინიაო? იქ დამსწრეთაგან ერთ-ერთს უთქვამს, - ამაზე მეტად როგორ უნდა დაისაჯოს, იქამდე მივიდა, რომ ეკლესიას ანგრევსო. ასეა, ჩვენ ხშირად მიზეზს რუსეთში ან ამერიკაში ვეძებთ და ვერ ვაცნობიერებთ, რა ხდება ჩვენში და რატომ ვერ გამოვდივართ განსაცდელიდან.

უდიდეს ცოდვად მიმაჩნია ის, რომ დღევანდელ საქართველოში ქართველ კაცს უარი ვათქმევინეთ თავის მიწაზე, გაუკაცრიელდა სოფელი - სიბრძნის წყარო, გლეხს მიწა წავართვით და იძულებული გავხადეთ, უარი ეთქვა თავის ფესვებზე და ბედის საძიებრად ცხრა მთას იქით წასულიყო, შორეულ ამერიკაში ან ევროპაში, რა მნიშვნელობა აქვს, სად. დაცარიელდა საქართველო ქართველებისგან, ჩვენს ნაყოფიერ მიწებს კი ვიღაც გადამთიელები ეპატრონებიან, რომელთა წარმომავლობაც გაურკვეველია ჩვენთვის და იცით, ვინ მოსწყვიტა ჩვენი თანამემამულეები ფესვებს? ისევ თავისმა თვისტომმა, რომელმაც 30 ვერცხლად გაყიდა თავისი სული. როგორ გინდა ამის შემდეგ მადლი და წყალობა მოგცეს მამაზეციერმა, როდესაც ასე მომრავლდნენ თათქარიძეები?! ჩვენმა მუცლის მონობამ, სახმართმოყვარეობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ლუარსაბ თათქარიძე სიმბოლური სახე გახდა ტიპური ქართველისა, არადა, სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს აყვანილი ქართველების მასობრივი გადინება უცხო ქვეყნებში. ვინ გაუწია წინააღმდეგობა, რომ ჩვენი ხალხი შინამოსამსახურეებად მუშაობს უცხოეთში, რომ ოჯახები არჩინონ, ჩვენს მიწა-წყალს კი სხვები დაეპატრონნენ? იქნებ დავფიქრდეთ იმაზე, ხვალ ვინ ვიქნებით ჩვენ... სანამ აქამდე მივიდოდით, ამას წინ უძღოდა სხვა პროცესები, რომელზეც თვალს ვხუჭავდით. ეს უდიდესი დანაშაულია, ჩადენილი ქართველობის წინააღმდეგ, რადგან თუ სოფლები ქართველებისგან დაცარიელდება და მას სხვა დაეპატრონება, ამით დავკარგავთ ქართულ სიმღერას, ქართულ სიტყვას, ქართულ პოეზიას, ფოლკლორს, ტრადიციას, რასაც არ გვაპატიებენ არც წინაპრები და არც მომავალი თაობა. ეთნოსი ხომ იმას ნიშნავს, როდესაც ერი ინარჩუნებს თავის ტერიტორიას, თვითმყოფადობას, რწმენას, კულტურას, ენას, ტრადიციებს. რას ნიშნავს ინგლისური ენის მასწავლებელთა მასობრივი ჩამოდინება და ინგლისური ენის პირველი კლასიდანვე სწავლება ჩვენი ბავშვებისთვის? აღვუდექით წინ ამ პროცესს? 1976 წელს ილია ზაქაიძის ნამღერი "ჩაკრულო" კოსმოსში გაგზავნეს. ასეთი კულტურის ერი ვართ, ჩვენი შვილები კი დღეს კაზინოებში, ტოტალიზატორებში, პოკერკლუბებში, ლომბარდებში სიარულით არიან დაკავებულნი. ეს ხომ მომავალი თაობის დაავადმყოფებას და ფსიქიკურად გადაგვარებას ნიშნავს, რადგან კაზინოში რომ წააგებს, ადამიანი ნახევრად შეურაცხადი გამოდის იქიდან. ამიტომ ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ერის მიერ ჩადენილ უდიდეს ცოდვად მიმაჩნია, რომელზედაც პასუხი ყველას მოგვეკითხება ადრე თუ გვიან.

3. როგორ გაარჩიოს ადამიანმა სიკეთე ბოროტებისგან, როდესაც დღეს ბოროტება სიკეთის ნიღბით მოდის?


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, რომელიც რესპონდენტთა შეკითხვებსაც უპასუხებს.

შესაქმის დღეების ლოგიკური დასასრული იყო ის, რომ ღმერთმა თავისი შემოქმედების გვირგვინად ადამიანი დაადგინა. ადამიანმა, როგორც ღვთის ხატებამ, აუცილებლად უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ღვთის მსგავსი გახდეს, ეს ძალიან დიდ ძალისხმევასა და განუწყვეტელ ბრძოლას საჭიროებს ხილულ და უხილავ ძალებთან. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის დაუძინებელი მტერი, პირველ რიგში, საკუთარი თავია, რადგან ყოველ პიროვნებას თავისუფალი ნება აქვს, ის გზა აირჩიოს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. სამწუხაროდ, ჩვენთვის მისაღები გზა ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება უფლის მცნებებს. ადამიანი გონიერი არსებაა და როდესაც მას ავიწყდება უფლის მცნებები, თავისი ცხოვრების მიზანი და დანიშნულება ამქვეყნად და ცდილობს თვითონ შექმნას თავისი თავი ისეთი, რომ კარგად მოერგოს ამ ცხოვრებას და მისი ნება აბსოლუტურად განსხვავებულია ღვთის ნებისაგან, სწორედ მაშინ იწყება მისი აზროვნების დაქვეითება, რომელიც გამოძახილს პოვებს მის თვისებებსა და მისწრაფებებში, რაც მორწმუნე ადამიანის თვალში გადახრად და ანომალიად აღიქმება.

მახსენდება ძველი აღთქმიდან მოსე წინასწარმეტყველი, რომელმაც 40 წელი მანამდე გაუკვალავი ბილიკებით გაიყვანა ებრაელი ხალხი აღთქმულ ქვეყანაში, რომ ეგვიპტის ტყვეობიდან დაეხსნა. ალეგორიულად, ეგვიპტის ტყვეობა - ეს არის ტყვეობა მონობასთან, ტყვეობა ცოდვასთან, ვნებებთან, ადამიანურ სისუსტეებთან, ბოროტებასთან. როგორც ხედავთ, მარტო მოსეს ნება არ აღმოჩნდა საკმარისი დასახული მიზნის მისაღწევად, წმინდა მოსეს სურვილთან ერთად უნდა აღსრულებულიყო იმ ადამიანთა ნებაც, რომლებიც მასთან ერთად მიიკვლევდნენ უდაბნოს ძნელ გზას, ქრისტიანული მორჩილება კიდევ უფრო განსხვავებულია იმ ხალხის მორჩილებისაგან, რომლებიც მოსეს აღთქმულ ქვეყნამდე უნდა გაეყვანა. ქრისტიანული მორჩილება ბევრად უფრო მიზანსწრაფული და გეგმაზომიერია, ვიდრე იმ ხალხისა, რომელიც მოსეს უკან მიჰყვებოდა, რადგან მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ - ტყვეობიდან განთავისუფლება. გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როდესაც მოსე ქორების მთაზე უფალთან სასაუბროდ განმარტოვდება უფლის მიერ მოწოდებული ათი მცნების ჩასაწერად. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თვალსაწიერიდან მიმალულიყვნენ მისი თანმხლები ადამიანები, უგულებელყოფილიყო მოსეს წინამძღოლობა, დაეწყოთ ოქრო-ვერცხლის შეგროვება და ისევ წარმართი კერპები გამოექანდაკებინათ. აქედან ჩანს, რომ ისინი შეეწინააღმდეგნენ ღვთის ნება-სურვილს და მათი მორჩილებაც მოსეს მიმართ არაღვთისნიერი იყო და მოჩვენებითი. მოსეს მცდელობის მიუხედავად, ეს ხალხი ისევ ასცდა გზას, ერთი შეხედვით, თითქოს გარეგნულად მისადმი მორჩილებას გამოხატავდნენ, მაგრამ სინამდვილეში წარმართ კერპებს სცემდნენ თაყვანს და ორი ბატონის მსახურებას აღასრულებდნენ, ღმერთისაც და მამონასიც, ამიტომაც დაკარგეს ღვთის მადლი და ხელმეორედ დაეცა ისრაელის ერი, რადგან ამგვარმა სულიერმა მდგომარეობამ ღვთის გმობამდე მიიყვანა, რაც არანორმალური, შეშლილი მდგომარეობაა ადამიანისთვის. როგორც მოსე წინასწარმეტყველი მოუწოდებდა, ასევე მოგვიწოდებს ქრისტე, მივყვეთ მას, რომ ცოდვის მონობიდან აღთქმულ ქვეყნამდე გაგვიყვანოს, მაგრამ ადამიანთა დიდი ნაწილი იმდენად გაორებულია სულიერად, ეწინააღმდეგება ამ მსვლელობას საკუთარ თავში და შესაბამისად არ ხდება ქრისტეს მცნებების დამცველი. მიუხედავად იმისა, რომ მან იცის ბიბლიიდან, ყოველი ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, არ ცდილობს გახდეს ღვთის მსგავსი. სწორედ აქედან იჩენს თავს ადამიანის სულიერად დაცლილი, გაუკუღმართებული მდგომარეობა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არაფრით განსხვავდება ეპოქები ერთმანეთისგან სულიერების თვალსაზრისით, ადამიანები, რომლებიც მოსეს მიჰყვებოდნენ, ღვთის თაყვანისმცემლები კი არ იყვნენ, არამედ საკუთარი თავის თაყვანისმცემელნი ღმერთში, სწორედ ამიტომ გახდა მათი სულიერი სამყარო წინააღმდეგობრივი; განუდგნენ ღმერთს და აღმოჩნდნენ არანორმალურ, გაორებულ მდგომარეობაში. ხშირად ჩვენი დროის ადამიანებიც მათ ვესმგავსებით.

იმ დროსაც ნამდვილად შეშლილი იყო სამყარო, როდესაც მოსახლეობამ სულიერი და ხორციელი დაცემულობის ისეთ კულმინაციას მიაღწია, რომ უფალმა სოდომის და გომორის ზეციდან ცეცხლი და გოგირდი აწვიმა. თანამედროვე სამყაროც დიდად არ განსხვავდება მაშინდელისგან, რადგან სულიერად სოდომს და გომორს ვატარებთ და ეს ხსოვნა ნოსტალგიურია. ადამიანის სული იმდენად მიჩვეულია ცოდვის შესამოსელს, რომ ძალიან უჭირს მისგან განმოსვა, რადგან ეს უდიდეს ნებისყოფას, სულის სიმტკიცესა და ჯანსაღ რწმენას მოითხოვს, რის მისაღებადაც არ ვართ მზად, თუნდაც იმიტომ, რომ თავისუფალი არჩევანი უფრო მდაბალი მოთხოვნილებებისაკენ გვიბიძგებს და უფალთან ჯერ კიდევ ფარისევლური ურთიერთობა გვაქვს. კონსტანტინე გამსახურდიას ძალიან ხატოვნად აქვს ნათქვამი: "ქართველი კაცი ქრისტეს ადიდებს, ცალი თვალი კი დიონისეს კულტისკენ გაურბისო". ერთი ხელით ჩვენ შეიძლება პირჯვარი გადავიწეროთ და მეორე წუთში იმავე ხელით კაცი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. სიკვდილი ხომ მხოლოდ იარაღის გასროლით არ ხდება, ჩვენი ცხოვრების წესით მაცხოვარი შეიძლება ათასჯერ გავაკრათ ჯვარზე, განსაკუთრებით დღეს, როდესაც სიცრუემ და ფარისევლობამ აპოთეოზს მიაღწია. დღეს შეიძლება ტაძარში წირვა-ლოცვებს და დიდ საეკლესიო დღესასწაულებს ინტენსიურად ვესწრებოდეთ, გულში კი სოდომ-გომორს ვატარებდეთ და ამისგან გათავისუფლების სურვილი არც გაგვაჩნდეს, რადგან თავისუფლების აღქმა და გაგება მხოლოდ ცოდვაშია და ჯერ კიდევ შორსა ვართ ქრისტიანული თავისუფლების გაგებისაგან. ჯერ კიდევ სოლომონ ბრძენი ბრძანებდა: "თავისუფალია ის ადამიანი, ვინც კანონის ქვეშ არის მოქცეული". ჩვენთვის ეს კანონი უფლის მცნებების დაცვაში უნდა გამოიხატებოდეს, რომელსაც ჩვენში ძალიან მცირე ნაწილი თუ იცავს. ქრისტე გვეუბნება: "უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს", ანუ ქრისტეს მცნებების დაცვა არცთუ ისე ძნელია, თუკი ამას ადამიანი მოინდომებს, მაგრამ სამწუხარო სწორედ ის არის, რომ არ გვაქვს სურვილი ამისა, ცოდვასთან უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, რადგან მასთან ვართ შეზრდილი, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას კი არც ვცდილობთ.

ორგვარი ქრისტიანობა არსებობს - შინაგანი და გარეგნული. შინაგანად ქრისტიანისათვის, ბუნებრივია, ეს სამყარო შეშლილია, რადგან, როგორც ჩვენი დროის მამები აღნიშნავენ, "მთელი ჯოჯოხეთი უკვე მიწაზეა ამოსული" და ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ადამიანები ასცდნენ ქრისტეს ჭეშმარტ გზას და სულიერად წარწყმდნენ. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, ცხონების იმედი დავკარგოთ, უფალი ხომ იმდენად პატარაა, რომ ჩვენს გულებში ეტევა და ამასთანვე, იმდენად დიდია, რომ მთელ სამყაროს იტევს, ამიტომ უნდა მივყვეთ უფლის გულისხმას, როგორც წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველი ამბობდა: "ბოლო ჟამს ცხონება ძნელი არ არის, არამედ ბრძნულიო", ყოველი ქრისტიანისთვის ხომ ყოველი ახალი დღე ბოლო ჟამი უნდა იყოს, ამიტომ მივყვეთ ქრისტეს გზას და თუ სიბრძნესაც გამოვიჩენთ, აუცილებლად ვცხონდებით. მთავარია, ამის სურვილი გვქონდეს და ღმერთი ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს. მთავარია, უფალს დავანახოთ, რომ ჩვენ მის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.

- მამა პეტრე, იქნებ იმაზეც გვესაუბრა, როგორ გამოიყურებიან დანარჩენი მსოფლიოს თვალში ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ეძიებენ.

- ქრისტეს გზას აცდენილი, ბუნებრივია, მორწმუნე ადამიანის მდგომარეობას არანორმალურ ქცევად აღიქვამს, მით უფრო დღეს. თუმცა დროსა და ეპოქას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სარწმუნოებას ასაკი არ გააჩნია. ყველა ეპოქაში ქრისტე ერთია. ამიტომაც არის უნივერსალური მოვლენა, მართლმადიდებლობა კი - ჭეშმარიტი რელიგია. არც ერთ ეპოქაში არ აკლდება მას მარგალიტები და თავის თავს არ ამოწურავს ადამიანში, პირიქით, რაც უფრო გვგონია, რომ ჩვენ სარწმუნოებას სიღრმისეულად ვიცნობთ, აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილეში ბევრი არაფერი გვცოდნია და ჭეშმარიტებასთან მისვლა არ ყოფილა ასე ადვილი. როდესაც ანტონი დიდმა ყველა საზვერე დაუბრკოლებლად განვლო, ეშმაკები მისძახოდნენ, - "გვაჯობე, ანტონი, გვაჯობეო". ვიდრე სასუფევლის კარებში არ შევიდა, მანამდე ამბობდა, - არ ვიცი ჯერ კიდევ, ვაჯობე თუ არაო. აი, ეს არის ჭეშმარიტი თავმდაბლობა, რადგან თუ ადამიანი ბოლომდე არ ჩასწვდება, რისთვის ეძიებს უფალს, ვერასოდეს დაადგება ჭეშმარიტების გზას.

- მამა პეტრე, თქვენ 8 პოეტური კრებულის და რელიგიურ თემაზე შექმნილი მრავალი კარგი ლექსის ავტორი ბრძანდებით. ხომ არ წაგვიკითხავდით რომელიმე ლექსს, რომელიც მიესადაგება ჩვენს თემას?

- მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს, უმალ აქლემი ნემსის ყუნწში გაძვრება, ვიდრე მდიდარი ცათა სასუფეველში შევაო. თუმცა ჩვენ სახარებაში ისეთ ადგილებსაც ვხვდებით, როდესაც მდიდრებიც კი შეძლებისდაგვარად ეძიებენ ღმერთს და, თქვენ წარმოიდგინეთ, პოულობენ კიდეც. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ მეზვერე ზაქე, რომელსაც გულით სურდა ღმერთი ეპოვა. ერთხელ, როდესაც მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად მოდიოდა, ვინაიდან მებაჟე ზაქე ტანდაბალი იყო, ხეზე ავიდა და იქიდან შეეცადა მაცხოვარი დაენახა, თანაც ამ მოლოდინით გული სიხარულით ევსებოდა. ეს გულისხმაყო უფალმა და როცა ხეს მიუახლოვდა, შესძახა: "ჩამოდი, ზაქეო". როგორც განმარტავენ, ზაქეს ხეზე ასვლა საკუთარ სხეულზე, საკუთარ თავზე ამაღლებას ნიშნავს. უფალს მდიდარი ადამიანის ცხონებაც შეუძლია, თუკი ის ისე ამაღლდება საკუთარ ცოდვებზე, როგორც მეზვერე ზაქე. სწორედ ამ პასაჟთან დაკავშირებით დავწერე ლექსი "ზაქე":

ჩამოდი, ზაქე, შენს ოჯახში უნდა მივიდე,
იუდასთან და, თუ არ არის ახლა გვიანი,
ერთი უბრალო ხის ჯვარი და მორჩა, იყიდე,
ზაქე, ჩამოდი, კაცი ხარ თუ ადამიანი.
თუ ხის ტოტებზე მოქანავე ზაქეს ახედე,
სახლში თუ არა, სახლთან მაინც დადექი ახლო,
ზაქე, მასწავლე, თვალებს როგორ უნდა ვახელდე,
ნაზარეველის პერანგს მინდა ხელი რომ ვახლო.


- დიდი მადლობა. ახლა გადავიდეთ რესპონდენტთა შეკითხვებზე. როგორ უნდა გავიგოთ გამოთქმა "რაც ერი, ის ბერი"?

- ეს არის ხალხური გამოთქმა. ჩვენ ვიცით, დავით აღმაშენებლის გამეფების დროს რა დღეში იყო მაშინდელი საქართველო, 200-წლიანი თურქ-სელჩუკთა ბატონობით აღგვილი იყო ქვეყანა პირისაგან მიწისა, ქრისტეს სახელის ხსენებას ვერსად გაიგონებდით. იგივე მდგომარეობა იყო ეკლესია-მონასტრებშიც. სასულიერო პირებში ფესვგამდგარი იყო სიმონია (მექრთამეობა), ანუ როგორი უზნეო და გარყვნილიც იყო ერი, ასეთივე გახლდათ ბერიც, რადგან ბერის სულიერი ცხოვრება ერისა და ეკლესიის სულიერ ცხოვრებაზე აირეკლება. იმდროინდელი საზოგადოება ცდილობდა ეკლესიაშიც თავისი გავლენის სფეროები ჰქონოდა. ამის მაგალითი იყო მოდისტოს აბულეთის ძე და მისი ძმა ძაგანი, რომელიც არაგვის ერისთავი იყო, მოდისტოსი კი - ეპისკოპოსი. იმისათვის, რომ თავისი ერისმთავრული პოზიციები განემტკიცებინა, ძაგანმა აყიდვინა თავის ძმას მოდისტოსს ეპისკოპოსობა. ამგვარი ატმოსფერო რომ იყო ქვეყანაში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლეისო კრების მოწვევა. სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს ეს ტერმინი. შეიძლება ამ გამოთქმის კარგი გაგებითაც გამოყენება და ამის კლასიკურ მაგალითად ისევ დავით აღმაშენებლის მოყვანა შეიძლება. საეკლესიო კრების შემდეგ მეფემ გადაწყვიტა სასულიერო პირისთვის საერო თანამდებობაც დაემორჩილებინა. შემოიღეს მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ინსტიტუტი. ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელმა გიორგი ჭყონდიდელმა დავით აღმაშენებელთან ერთად შეძლო ეკლესიისთვის ბნელი ფარდები ჩამოეხსნა და ისე განებრწყინებინა, ვითარცა აღმოსავლეთის ვარსკვლავი - მაცხოვრის შობის მაუწყებელი. ამიტომ ეს გამოთქმა, გარკვეულწილად, სიბრძნის მომცემია, მაგრამ თუ ამაში ვხედავთ ცუდ მხარეს, უნდა დავინახოთ კარგიც. დავითის დროს ერი ბრწყინვალების ზენიტში მოექცა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, საქართველო მაშინ გაბრწყინდება, როცა ეკლესია თავისი მოწოდების სიმაღლეზე იქნება და მისი ლაიტმოტივი ის სიტყვები გახდება, რაც დავითის დროს იყო: "არა გეცრუვნეთ შენ, ჩვენო სიწმინდევ, მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არცა გაგცემ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობავ..."

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, სიკეთეს, რომელსაც მადლი არ ახლავს, აღარ არის სიკეთე და შეიძლება ბოროტებაც ეწოდოს, რადგან ბოროტება სიკეთის ნაკლებობას ნიშნავსო, - განგვიმარტავს საბა. ვფიქრობ, ფარისევლური სიკეთე არ უნდა იყოს ძნელი დასანახი. უფალი სახარებაში ამბობს: შენმა მარჯვენამ არ უნდა იცოდეს, მარცხენა რას აკეთებსო. ამ დროს ადამიანი პატივმოყვარეობის გამო უამრავ თანხას ხარჯავს თუნდაც ტაძრების მშენებლობისათვის, ხატების მოსაოქროებლად და ა.შ. და ყველაფერ ამას აკეთებს იმისათვის, რომ თავი მოიწონოს სხვების წინაშე თავისი ქველმოქმედებით, მაგრამ იმავე ადამიანს თუ ეტყვი, რომ მისი მეზობელი ან ახლობელი ულუკმაპურობით კვდება ან წამლის ფული არ გააჩნია, შეიძლება დაენანოს მისთვის ფულის მიცემა. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ამდაგვარი სიკეთე მოჩვენებითი და ანგარებიანია, რასაც ღმერთი არ შეიწირავს - ღმერთს არ უყვარს ფარისევლობა. ვფიქრობ, ამის დანახვას დიდი სულიერი თვალი და განჭვრეტა არ სჭირება. ადამიანი, რომელიც დღეს შეიძლება იმის გამო იყოს დაუძლურებული, რომ ერთი ნაჭერი პური არ არის მისთვის ხელმისაწვდომი და ამ დროს ეკლესიას კოლოსალური თანხით შექმნილ სახარებას, ხატს ან ჯვარს წირავ, რომ თუნდაც პატრიარქის ან ვიღაცის წინაშე თავი მოიწონო და მოყვასის გადარჩენა უპირატესად არ მიგაჩნია, ეს რაღა სიკეთეა, ასეთი სიკეთით ხომ ვერ ვცხონდებით, თუნდაც იმიტომ, რომ ამით ბოროტებას ვნერგავთ სხვა ადამიანის გულში.
ბეჭდვა
1კ1