როცა შენს გვერდით კაცს უჭირს, შენ ვერ იქნები მოსვენებული
როცა შენს გვერდით კაცს უჭირს, შენ ვერ იქნები მოსვენებული
თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის ლეგენდარულმა მსახიობმა რამაზ ჩხიკვაძემ აზდაკის როლი "კავკასიური ცარცის წრეში" ბოლოს 2006 წელს, მისი ვარსკვლავის გახსნის დღეებში ითამაშა. მერე ისე მოხდა, ოჯახთან ერთად პრაღაში გადავიდა საცხოვრებლად.

დიდი ხანი არ არის გასული, რაც ბატონი რამაზი სამშობლოს დაუბრუნდა, მაგრამ მეუღლის მოულოდნელმა გარდაცვალებამ დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა.

სამწუხაროდ, ხანდაზმულ მსახიობს ძველებურად აღარც ჯანმრთელობა და ძალ-ღონე მოსდევს საიმისოდ, რომ იგი კვლავ ჩვეულ ამპლუაში იხილოს მისი უზადო ნიჭისა და ხელოვნების თაყვანისმცემელმა.

ინტერვიუ ჩვენი დროის უდიდეს მსახიობთან 2006-2007 წლების გზასაყარზეა ჩაწერილი "ვილა ბერიკაში", სასტუმროში, რომელშიც ბატონმა რამაზ ჩხიკვაძემ თავისი ცხოვრებისა და თეატრალური მოღვაწეობის უმშვენიერესი და დაუვიწყარი წლები გაატარა.

- ბატონო რამაზ, რუსთაველის თეატრის წინ თქვენი ვარსკვლავი გაიხსნა. ამჯერადაც არავისთვის დაგითმიათ პირველობა...

- როგორ გითხრათ, ჩემი ვარსკვლავის გახსნას ნამდვილად არ მოველოდი. დრამატული მსახიობები აქამდე არ ვყოფილვართ განებივრებული ამგვარი სიურპრიზებით. კარგია, როცა გაფასებენ, მაგრამ, მართალი გითხრათ, არასდროს ვყოფილვარ ჩინ-მედლებისა და რეგალიების მოყვარული. ხომ არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ, მიიღონ რაიმე წოდება, სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, - მე არასდროს მქონია ამის სურვილი. თვითონ მოდიოდა ეს ყველაფერი დიდი შრომისა და გარჯის შედეგად. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის ხალხის აღიარებაა.

გასულ წელს გადამიღეს გიორგი შენგელაიას ფილმში "მიდის მატარებელი", ასევე მთავარი ექიმის როლი ვითამაშე რუსულ ტელესერიალში "ცხრა თვე". თეატრში ახალი არაფერი მითამაშია.

უნდა გითხრათ, 2006 წელს არ ვემადლიერები. ძნელი, მძიმე ავადმყოფობის წელიწადი იყო. დიდი ოპერაცია გადავიტანე, რაც ნეგატიურად აისახა ჩემს შემოქმედებაზე.

- ბატონო რამაზ, ამდენი ხნის შემდეგ გაგიჭირდათ "კავკასიური ცარცის წრეში" შესვლა?

- ვარსკვლავის გახსნის დღეს ძალიან გამიჭირდა. აზდაკის როლს უზარმაზარი ენერგია სჭირდება. ოპერაციის შემდეგ ისე ვიყავი დასუსტებული, ძალა აღარ მეყო, სუნთქვაც გამიჭირდა და აზროვნებაც. მართალია, პრაქტიკამ მიშველა, მაგრამ ფიზიკურად დიდი დაღლა ვიგრძენი. მეორე სპექტაკლშიც არ ვიყავი ფორმაში, მაგრამ პირველთან შედარებით უფრო იოლად გავართვი თავი. მოვიდა დრო, როცა სცენა უნდა დავტოვო.

- ვფიქრობ, მაყურებელს ეს არ უგრძნია.

- როგორ არ უგრძნია, როცა ძალა და ენერგია არ მოგდევს და ვერ აწვები ისე, როგორც საჭიროა, მაშინ როლი გაწვება აქეთ და გძლევს. ამ ჭიდილს მაყურებლის თვალი აღიქვამს და გრძნობს. როცა ძველსა და ახალ სპექტაკლს შეადარებ ერთმანეთს, ვინ ვერ მიხვდება, რომ რაღაც მთლად ისე ვერ არის, მაგრამ მადლობა ღმერთს, მაინც ყველაფერი ისე დასრულდა, რომ ძალიან არ შემირცხვენია თავი.

- ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ თქვენ ხალხისგან აღიარებული, საყვარელი მსახიობი ბრძანდებით. პირადად თქვენთვის ვინ არის ისეთი პიროვნება, რომელიც ძალიან გიყვართ და პატივს სცემთ?

- ამას ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე ვერ ვიტყოდი, რადგან ასეთები მრავლად არიან. მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანას ბევრი ისეთი ადამიანი ჰყავს, რომელიც ჩვენგან დიდ სიყვარულსა და ყურადღებას იმსახურებს. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ხალხი.

- ნიჭთან ერთად კიდევ რა არის საჭირო პოპულარობის მისაღწევად?

- ალბათ ეს, გარკვეულწილად, ბედთანაც არის დაკავშირებული. თუმცა რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, ნიჭი გაგინახევრდება, თუ შრომისმოყვარე არ ხარ. თავდავიწყებამდე უნდა გიყვარდეს შენი ხელობა. პროფესიონალიზმი დიდი შრომით მიიღწვა. ისე უნდა შეიყვარო შენი საქმე, რომ დაღლა არ უნდა იგრძნო, მუშაობით სიამოვნებას უნდა იღებდე. მსახიობის ხელობა ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს. მსახიობს რომ უთხრან, ერთი კვირს შემდეგ გამოიარე რეპეტიციაზეო, მან ეს ძალიან უნდა განიცადოს, რადგან ჩვენს პროფესიაში იოლი გზით ვერაფერს მიაღწევ, შრომა უნდა გეხალისებოდეს და წარმატებაც და აღიარებაც თავისთავად მოვა.

- თუ დაასახელებთ ისეთ პიროვნებას, რომელმაც გარკვეულწილად განსაზღვრა თქვენი ცხოვრების გზა და მომავალი?

- ჩემი გზა და მომავალი მაინც თეატრმა განსაზღვრა. ბავშვობიდან დავდიოდი თეატრში. პირველი სპექტაკლი 6 წლის ასაკში ვნახე. იმ დღიდან აღარაფერი მაინტერესებდა. უბედნიერეს ადამიანებად მიმაჩნდნენ ისინი, ვინც სცენასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ჩემი ბავშვური ფიქრები მხოლოდ ერთ ოცნებას უტრიალებდა - გამოვსულიყავი მსახიობი, სხვა მიზანი მე არ მამოძრავებდა.

- ბევრ გამოჩენილ ადამიანს უთქვამს, რომ ცხოვრებაც თეატრია, სადაც ყველა ადამიანს აქვს თავისი დიდი და პატარა როლი... თქვენ სად უფრო კარგად თამაშობთ თქვენს როლს, სად უფრო გულწრფელი ხართ - სცენაზე თუ ცხოვრებაში?

- ჯერ კიდევ ძველი ბერძნებიც ასე ფიქრობდნენ და ეს მართლაც ასეა - ცხოვრებაც თეატრია. სცენაზე გულწრფელი მაშინ ვარ, თუ როლი ისეა დაწერილი, რომ ვითავისებ. ცხოვრებაში კი ეს შენზეა დამოკიდებული. სცენაზე უნდა განასახიერო, რა როლსაც მოგცემენ. ცხოვრება კი უფრო შენგან მომდინარეა.

ყველა ადამიანში მეტ-ნაკლებად არის მსახიობური მონაცემები: ჩაცმა, დახურვა, მანერა, როგორ უნდა ილაპარაკო ბავშვთან, უფროსთან, რამდენად ზრდილობიანი ხარ, სად როგორ მოიქცე და ა.შ. რაც უფრო არტისტული ნიჭი გაქვს ცხოვრებაში, მით უფრო მიღებული ხდები საზოგადოებაშიც. შესაძლოა, ზოგიერთმა თავი განათლებულ კაცად მოგაჩვენოს, მაგრამ თუ ჩაუღრმავდები, ისიც გამოვლინდება, რომ არ ყოფილა იმ სიღრმისა და გაქანების პიროვნება, როგორც თავი მოჰქონდა.

თუ დაკვირვებიხართ, ბავშვების უმრავლესობა მსახიობობაზე ოცნებობს, ზოგი სკოლის სცენაზე თამაშობს, ზოგი დრამატულ წრეში. მსახიობობას უფრო მეტი მიზიდულობა ახლავს, ვიდრე, ვთქვათ, ბურთის თამაშს, თუმცა სპორტშიც ეძლევა ადამიანს თვითგამოვლენის შესაძლებლობა.

გამიგია ოჯახური სპექტაკლების შესახებაც. შეიკრიბებოდნენ ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ახლობლები, თვითონვე წერდნენ პიესებს, ოჯახურ პირობებში აწყობდნენ სცენას, ანაწილებდნენ როლებს და დგამდნენ წარმოდგენებს. ამას ყველაფერს ისინი არა მარტო გართობის მიზნით, არამედ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებისა და რაღაც ჟინის დაკმაყოფილების მიზნითაც აკეთებდნენ.

საეკლესიო ცხოვრებაშიც ასეა. წირვა-ლოცვის დროს ყველას აქვს განაწილებული თავისი ფუნქცია. მაღალი სასულიერო იერარქი ქრისტეს განასხიერებს, ზოგი - რომელიმე ბიბლიურ პერსონაჟს და სხვა.

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მსახიობობას დამამცირებელ და სამარცხვინო პროფესიად თვლიან. ძალიან მიყვარს ერთი რამის გახსენება და ახლა ეს თქვენც უნდა მოგიყვეთ.

მამაჩემს კარგი ნაცნობობა ჰქონდა უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროფესორ ქალბატონთან (გვარს არ დავასახელებ). ერთხელ ისინი საპროფესოროში შეხვდნენ ერთმანეთს. მოკითხვის შემდეგ იმ ქალბატონს ჩემზე ჩამოუგდია სიტყვა და შემდეგ, სხვა პედაგოგების გასაგონად, ხმამაღლა დანანებით უთქვამს: - თქვენ იცით, რომ გრიგოლ ზახარიჩის (ასე მიმართავდა მამაჩემს) შვილი ტაკიმასხარა გამოსვლიაო? (გულიანად იცინის). რამდენსაც ამას გამახსენებდა მამაჩემი, სიცილით ვიგუდებოდი. არადა, ის ქალბატონი, როცა აუდიტორიაში ლექციის წასაკითხად შევიდოდა, განა არ არტისტობდა? რა თქმა უნდა, აბა, სხვაგვარად როგორ იქნებდა, როგორც შინ იქცეოდა, აუდიტორიაშიც ისე ხომ არ მოიქცეოდა?

- "ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ", - ამბობდა ეგზიუპერი. ეს მართლაც მარტივი ჭეშმარიტებაა. თუმცა ხომ შეიძლება ასედაც ვთქვათ - ყველანი ჩვენი წინაპრებიდან მოვდივართ?..

- რასაკვირველია. წინაპართაგან კარგად დამამახსოვრდნენ ბაბუები. ცოტათი ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ჩარჩენილია ჩემში ერთ-ერთი ბაბუის სახება. მამაჩემის მამა, ზაქარია ჩხიკვაძე, პროფესიით ისტორიკოსი, შემოქმედი კაცი ყოფილა. იგი ფილარმონიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქაშვეთის მგალობელთა გუნდის ლოტბარი, ხალხური მუსიკისა და საეკლესიო საგალობლების შემდგენელ-გამომცემელი, თეატრალური საზოგადოების წევრი და საერთოდ, მრავალმხრივი საზოგადო მოღვაწე გახლდათ.

მამაჩემი, გრიგოლ ჩხიკვაძე, იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ამ სასწავლებელში გაატარა. 87 წლისა გარდაიცვალა.

დედაჩემს, ელენე გაჩეჩილაძესაც კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. იმდენად კარგად მღეროდა, თურმე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ერთ გარემოებას რომ არ შეეშალა ხელი. როდესაც მამა პეტერბურგის კონსერვატორიის ასპირანტურაში სწავლობდა, დედაჩემის ვოკალურ შესაძლებლობებს დიდ შეფასებას აძლევდა პროფესორი ბიხტერი და დიდ თეატრში გადაჰყავდა სამუშაოდ, მაგრამ იმ პერიოდში მამაჩემი პლევრიტით გახდა ავად და დედა იძულებული გახდა, საავადმყოფოში თავზე დასდგომოდა. ავადმყოფობა სერიოზულ გართულებაში რომ არ გადაზრდილიყო, ექიმები მამაჩემს საქართველოში სასწრაფოდ დაბრუნებას ურჩევდნენ. ეს ჩემთვისაც აუცილებელი იყო, რადგან მშობლების გარეშე მიხდებოდა თბილისში ცხოვრება. ყოველივე ამან შეაფერხა დედაჩემის მომავალი სამუსიკო კარიერა და საბოლოოდ, მისგან საუკეთესო დიასახლისი დადგა.

- რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიცია არსებობდა თქვენს ოჯახში?

- ბავშვობაში განსაკუთრებულად მიყვარდა აღდგომა. ეს წითელ კვერცხთან იყო დაკავშირებული. პასკისა და წითელი კვერცხის ყურებაც მიყვარდა და მირთმევაც. მერე, როცა წამოვიზარდე, შობა-ახალი წელიც დიდ სიხარულსა და სიამოვნებას მგვრიდა. სხვათა შორის, დღესაც განსაკუთრებით მიყვარს ეს დღესასწაულები.

- ბატონო რამაზ, ვინ არიან თქვენი მეგობრები და როგორ გრძნობთ თავს მათ წრეში?

- ვინღა დავრჩით, ჩემი თანატოლებიდან ბევრნი წავიდნენ. თითო-ოროლა შემოვრჩით: კარლო საკანდელიძე (აწ განსვენებული, - ავტ.), გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, მედეა ჩახავა (აწ განსვენებული, - ავტ.). ესენი არიან ის ადამიანები, რომლებთანაც ახლობლობა მაკავშირებს. ამ საახლობლოში შემოდიან კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი. რა თქმა უნდა, მათთან შესანიშნავად ვგრძნობ თავს. ძალიან განვიცდი, რომ ბევრი ჩემი მეგობარი წავიდა ჩვენგან, ეს მეტად სევდიანი ამბავია.

- სულის უკვდავებისა და მომავალი ცხოვრებისა ხომ გწამთ?

- რა თქმა უნდა, ასე რომ არ იყოს, მაშინ უფრო ძნელი იქნებოდა ყველაფერი. ჩვენ ქრისტიანები ვართ და მომავალი ცხოვრებისა უნდა გვწამდეს. ჩემს ეკლესიას, ჩემს სარწმუნოებას უდიდეს პატივს მივაგებ, როგორც იტყვიან, ღვთისმოსავი კაცი ვარ ძალიან და ამის საფუძველიც მაქვს. ბებიაჩემის და მონოზონი იყო, მამაჩემის დედის ძმა - ეპისკოპოსი. ბავშვობიდან ამ წრეში მიხდებოდა ყოფნა. ჩემი იმერელი ბებიაც, დედაჩემის დედა, დიდი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. სოფელ წევის თამარის დროინდელი ცნობილი ეკლესია გაგონილი გექნებათ. ჩემი სახლიდან სულ რაღაც 30 მეტრითაა დაცილებული, როცა სოფელში ჩავდიოდი, აქაურობა ჩვენი თავშეყრისა და გართობის ადგილი იყო, ღმერთმა შეგვინდოს და, ბურთსაც ეკლესიის ეზოში ვთამაშობდით ბავშვები. ამას იმიტომ გიყვებით, რომ მთელი ჩემი ცხოვრებით ეკლესიასთან ვარ დაკავშირებული და გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ მიყვარს ასე ჩვენი სარწმუნოება.

მადლობა ღმერთს, 2006 წელი უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა. რიცხვი 6 არ მიყვარს - სამი ექვსიანი ეშმაკისეულიაო, ამბობენ, ალბათ, ამიტომაც გავხდი ამ წელს ავად. ჩემს ჯიშში ონკოლოგიური დაავადება არავის ჰქონია ჩემ გარდა. რას იზამ, მშიშარა კაცი ნამდვილად არ ვარ, ცოტაც და ოთხმოცსაც მივაღწევ, ადამიანი სულ ხომ არ იცოცხლებს ამქვეყნად. ფეხი მაწუხებს ძალიან, როგორც ამიხსნეს, ძვალთა შუა ხრტილი დაილია და იქიდან მოდის ეს ტკივილი. ექიმები კი ჩემს ასაკში აღარ მირჩევენ მეორე ოპერაციის გაკეთებას.

იმდენი წოდება, იმდენი ჯილდო მაქვს მიღებული, რომ ზოგჯერ მეცინება კიდეც. პენსიასაც ვიღებ, ხელფასსაც, თეატრიდან იქნება თუ კინოდან, მაგრამ ამით მაინც ვერ გაგვაქვს თავი. თუმცა ჩემი მდგომარეობა რა მოსატანია იმათთან შედარებით, რომელთაც მართლა ძალიან უჭირთ არსებობა. ღმერთმა გაახაროს ბიძინა ივანაშვილი, მხსნელად მოევლინა საქართველოს. იგი რომ არა, ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჩვენ, მსახიობები, იმისგან ვიღებთ ხელფასს.

ყოველთვის, ძილის წინ, პირჯვარს ვიწერ და ლოცვით შევთხოვ უფალს, დაეხმაროს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს და ხელი მოუმართოს, ისევ შეძლებული ადამიანის საშუალებით, რადგან როცა შენს გვერდით კაცს უჭირს, შენ ვერ იქნები მოსვენებული.

ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ და ღმერთს ვთხოვ, ისე წარიმართოს ჩვენი ყოფა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება, სრულად გამოავლინოს თავისი უნარი და შესაძლებლობა იმ საქმეში, რომელსაც ემსახურება. როცა მომავალ წელსაც გავაცილებთ, ვისურვებდი, ასე გვეთქვას: საქართველო უკვე წელში გაიმართა!

- ღმერთმა ინებოს! მადლობას მოგახსენებთ გულახდილი, საინტერესო საუბრისთვის.
ბეჭდვა
1კ1