მთელ სამყაროსაც რომ მოსწყვიტო, დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია
მთელ სამყაროსაც რომ მოსწყვიტო, დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია
1. თქვენი აზრით, როდის იყო კავკასია ძლიერი?
2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ერის ისტორიაში?

3. რომელ ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას?

ანკეტაში მონაწილეობენ არქეოლოგი იულონ გაგოშიძე, ისტორიკოსი მაია შაორშაძე და კავკასიოლოგი ლავრენტი ჯანიაშვილი.

იულონ გაგოშიძე, 76 წლის, არქეოლოგი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის მართვის ცენტრის უფროსი.

მისი მეუღლეა თინათინ ქუთელია, შვილები: გიორგი და დავითი.

1. კავკასია არის თავისებური მიკროკოსმოსი, რომელსაც ყველაფერი აქვს თავისი: განუმეორებელი ბუნება და მდებარეობა, საჭმელ-სასმელი, ეკონომიკა, ენერგეტიკა. ასე რომ, მთელ სამყაროსაც რომ მოსწყვიტო, დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია.

კავკასია ყოველთვის მაშინ იყო ძლიერი, როცა ერთიანი იყო.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისტორიულად კავკასიას ორჯერ მიუღწევია ერთობისთვის. პირველად III ათასწლეულის I ნახევარში, ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდში. ერთიან კავკასიას თავისი ერთგვაროვანი კულტურით ფართო ექსპანსიაც ჰქონდა. კავკასიელებმა ამ პერიოდში თავიანთი კულტურა მსოფლიოში გაიტანეს.

კავკასიის მეორედ გაძლიერება ქართველთა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება და მოიცავს ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდსაც. ამ ისტორიულ მონაკვეთში კავკასია კვლავ ერთიანი გახდა და ერთიანი რეგიონული სახელმწიფოს პოზიცია ეკავა. იმედი მაქვს, ისევ გაერთიანდება კავკასია საქართველოს ლიდერობით და ეს დრო არცთუ ისე შორს არის, რადგან აქეთკენ მიდის ყველაფერი.

2. 1991 წლის დეკემბერში მოხდა პუტჩი, ანუ სამხედრო გზით სახელმწიფო გადატრიალება. ეს იყო სამარცხვინო მოვლენა, რომელიც გარედან იყო ინსპირირებული. სწორედ ამ მოვლენამ ჩააგდო ქვეყანა, დაეცა ეკონომიკა, დაიკარგა ტერიტორიები, პირველი 12 წელიწადი ხომ სულ მთლად საშინელება იყო, იმ დროიდან გავუბედურდით, რომლის მწარე შედეგებსაც დღემდე ვიმკით. ილიას მკვლელობის შემდეგ მე ეს მოვლენა მიმაჩნია საუკუნის ცოდვად, რომელმაც მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენა საქართველოს.

3. ხშირად დავფიქრებულვარ ამ კითხვაზე და ისეთ დასკვნამდე მივსულვარ, რომ იდეალური და ძალიან ბედნიერი ეპოქა, ვფიქრობ, არ ყოფილა არასდროს. სიძნელეები ყოველთვის იყო, რასაკვირველია, ეს პერიოდიც მძიმეა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, რადგან ცვლილებების პერიოდი ყოველთვის ძნელია, მაგრამ მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ქვეყანამ მართალ გზაზე დადგომა დაიწყო, ამას მოვესწარი და ხვალინდელი დღის იმედი მომეცა.

თუ ნატვრაა, მირჩევნია იმ პერიოდსაც მოვესწრო, როდესაც საქართველო ერთიანი, თავისუფალი და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო გახდება. ამას, მე თუ ვერა, ჩემი შვილები და შვილიშვილები ხომ მაინც მოესწრებიან. რაც შეეხება წარსულში ცხოვრებას, ალბათ ისტორიკოსისთვის ცოდნა და პატარა ფანტაზიაა საჭიროა იმისათვის, რომ ნებისმიერ დროსა და ქვეყანაში იცხოვროს.


KARIBCHEმაია შაორშაძე, 35 წლის, ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი.

1. როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, კავკასია საიდუმლო, ლეგენდებით სავსე ქვეყანა იყო, სადაც უამრავი ხალხი ცხოვრობდა. ხალხთა ეს სიმრავლე დღესაც აღსანიშნავია, რაც ამ რეგიონის მცხოვრებთა დიდ წარსულსა და ტრადიციების სიმტკიცეზე მეტყველებს. კავკასიის მხარის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მართალია, ჩრდილოკავკასიელებს საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებრიობა არ გააჩნდათ, მაგრამ მათი უმრავლესობა დღემდე ინარჩუნებს ენასა და ეროვნულ თვითშეგნებას. შეიძლება ითქვას, რომ კავკასია ძლიერი იყო მაშინ, როცა მას ერთიანობის განცდა და შეგრძნება ჰქონდა. ტენდენციურობაში არავინ ჩამოგვართმევს ალბათ იმას, რომ საქართველო კავკასიაში ყოველთვის დომინანტ სახელმწიფოს წარმოადგენდა. თუ იგი პილიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურული თვალსაზრისით ძლიერი იყო, შესაბამისად ძლიერი იყო მთლიანი კავკასიაც. საქართველო კი განსაკუთრებულად ძლიერი XII-XIII საუკუნეებში იყო, როცა მისი გავლენა მთელ კავკასიაზე ვრცელდებოდა. ეს ეტყობა კიდეც ჩრდილოკავკასიის იმდროინდელ ძეგლებზე დღემდე შემორჩენილ წარწერებსა და ფრესკებსაც. საუკუნეთა მანძილზე ბევრი მეზობელი ქართველთა მოხარკე და ვასალი იყო და ქართველი მეფეებიც გაჭირვების ჟამს დახმარებას უწევდნენ მათ. მტერი კი კავკასიას არასდროს აკლდა, მის დაპყრობაში არაერთი სახელმწიფო ეცილებოდა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, როცა არსებობდა ერთიანობის განცდა და ერთმანეთის დახმარების იმედი, კავკასია სწორედ მაშინ იყო ძლიერი, ხოლო როცა ეს განწყობა მოიშალა, კავკასიაც დასუსტდა, რაშიც ლომის წილი ჯერ მონღოლებს, თემურ ლენგის გამანადგურებელ შემოსევებს და ბოლოს რუსეთის იმპერიას მიუძღვით. რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. კავკასიის ხალხები არასდროს შერიგებიან ამ მოვლენას, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ტერიტორიაზე მარიონეტული რესპუბლიკები და ავტონომიური ერთეულები გაჩნდა. 1936 წლამდე სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკები გაერთიანებული იყო ამიერკავკასიის ფედერაციაში, თუმცა ეს მაშინ ბევრს ვერაფერს ცვლიდა კავკასიის გაძლიერების საკითხში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართალია ამიერკავკასიის სამმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ჩრდილო კავკასიის ხალხები დღემდე რჩებიან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რაც კავკასიის გაძლიერების საკითხს კვლავ აფერხებს.

2. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ერის ისტორიაში, მიგვაჩნია XX საუკუნის 90-იან წლებში ქართველებს შორის გაჩაღებული ძმათამკვლელი ომი, რომლის მძიმე და დამანგრეველმა შედეგებმა მოიტანა შემდეგ აფხაზეთისა და ოსეთის ომები და რომელმაც დაგვაკარგვინა საქართველოს ეს ორი ძირძველი კუთხე. მართალია ამაშიც რუსეთის ხელი გაერია, მაგრამ თვითონ ქართველებში არ აღმოჩნდა იმდენი სიყვარული, ერთმანეთის გატანა და სამშობლოს განცდა, რომელიც მტერს ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებაში ხელს შეუშლიდა. ამ მოვლენების კვალს ჩვენ დღესაც ვერ ვიშორებთ. ქართველი საზოგადოება სრულფასოვნად ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, ამასაც დრო ესაჭიროება.

3. რომელ ეპოქაში ვისურვებდი ცხოვრებას, ძნელი სათქმელია. რომელშიც ვცხოვრობთ და ღმერთმა რომელშიც მოგვავლინა, ალბათ ისევ იმაში, რადგან სხვა ეპოქებთან შედარებით, არც ამ ეპოქას აკლია საინტერესო მოვლენები, არც სიმძიმეებია მცირე, არც განსაცდელები და პირიქით, არც სიკეთე და სასიხარულო მოვლენები აკლია საქართველოს და მსოფლიოს. რაც ყველაზე მთავარია, ამ ეპოქამ მოგვიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, საქართველო განაგრძობს არსებობას როგორც სუვერენული სახელმწიფო და ღვთის წყალობით გაძლიერების და განმტკიცების იმედიც არსებობს.


KARIBCHEლავრენტი ჯანიაშვილი, 47 წლის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: "სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ყოფა და კულტურა", 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "1942 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის ეთნო-სოციალური პრობლემები". ამჟამად მუშაობს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში და არასამთავრობო სამეცნიერო დაწესებულების კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

ჰყავს მეუღლე - ლია კობახიძე და ქალიშვილი ხატია-ნინო ჯანიაშვილი.

1. როდესაც კავკასიაზე ვსაუბრობთ, ეს თემა იმდენად მრავალწახნაგოვანია, მეძნელება ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა, რადგან პოლიტიკური კონიუნქტურა ძალიან ხშირად განსაზღვრავდა ხოლმე რელიგიურ თემატიკას, როგორც კერძოდ საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში, ამიტომ მართლმადიდებობის გაძლიერება არა მხოლოდ ქართულ ეკლესიასთან იყო ისტორიულად დაკავშირებული, არამედ ამ საკითხთან ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა სხვა ძლიერ სახელმწიფოებს, კერძოდ ბიზანტიის იმპერიას, მოგვიანებით - რუსეთის იმპერიას, ზოგჯერ ისლამური სამყაროს წარმომადგენელ ქვეყნებსაც. ასე, მაგალითად, არაბთა გამოჩენამ, რომელიც ვრცელი და არაერთმნიშვნელოვანი ისტორიაა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთელ კავკასიელ ხალხზე.

თუ ვიმსჯელებთ ქართული ფაქტორისა და მართლმადიდებლობის გაძლიერებაზე კავკასიაში, ალბათ საუბარი უნდა დავიწყოთ IX-X საუკუნეებიდან, როდესაც საქართველოში იწყება პოლიტიკური ბრძოლა ქვეყნის გასაერთიანებლად, რაც დაკავშირებული იყო არაბთა ბატონობის თანდათანობით მოშლასა და კავკასიაში რამდენიმე პოლიტიკური ერთეულის წარმოქმნასთან.

პირველობისთვის კავკასიაში არა მარტო ქართული პოლიტიკური ერთეულები იბრძოდნენ, არამედ სხვებიც. დავუშვათ - სომხური. ამ ბრძოლაში თანდათანობით გამოიკვეთა ტაოს ქართველ ბაგრატიონთა შტოს ძლიერება. მათმა პოლიტიკურმა მესვეურებმა შეძლეს თავიანთი ნებისთვის დაემორჩილებინათ ჯერ საქართველო და შემდეგ ამ სახელმწიფოს ირგვლივ გაერთიანებული საკმაოდ ვრცელი კავკასიური ტერიტორიები.

ვერ ვიტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც საქართველო ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ერთეული ძლიერ როლს თამაშობდა კავკასიაში, მაგრამ ეს იყო მკაფიოდ გამოხატული პრიორიტეტი და საქართველო მაინც პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა კავკასიისთვის.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ არეალს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს პოლიტიკური გაძლიერება, ბუნებრივია, მართლმადიდებლობის გაძლიერებასაც უკავშირდება. საქართველოში მოწვეულმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ძლიერებას ჩაუყარა მტიცე საფუძველი, არამედ ქართველების მოძმე ერი სომხებიც კი იმ ხანებში მართლმადიდებლურ ორბიტაში მოექცა. ეს პროცესი დავითიდან დაიწყო და თამარამდე გაგრძელდა. რელიგიური ფაქტორი მზარდი პროცესი იყო. საქართველო დასუსტდა მონღოლთა შემოტევის გამო, მაგრამ ეკლესიის როლი, როგორც ჩანს, მონღოლთა გამოჩენას მაინც არ შეუსუსუტებია და ქართული ეკლესიის გავლენა იმ ხანებში კვლავ ძლიერი იყო თვით ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი, რაც კარგად ჩანს ისტორიული წყაროებიდანაც. სომხეთში კი განსაკუთრებით თამარის ეპოქაში ძლიერდება მართლმადიდებლობის გავლენა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ საქართველოს სამეფო კარის ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი დვინის საეკლესიო კრებაზე ცდილობს სომხურ ლიტურგიაში მართლმადიდებლური ელემენტების შეტანას.

ქართველობისათვის ბრძოლა წინარე ხანაში ერთიან სახელმწიფოში მოქცევისთვის ბრძოლას ნიშნავდა და ეთნიკურ-რელიგიურ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, დავითისა და თამარის ეპოქაში კი ამ ფაქტორს მთავარი როლი ჰქონდა. ზაქარია მხარგრძელი, ცნობილია, რომ სომხური გარემოდან გამოსული გახლდათ, იმასაც ამბობდნენ, ეროვნებით ქურთი იყოო. ძმები მხარგრძელები, როგორც სომხურ გარემოში აღზრდილები, მონოფიზიტები იყვნენ. იოანე მხარგრძელმა მიიღო მართლმადიდებლობა, ზაქარიასგან განსხვავებით. თითქოს ეს უნდა შეწინააღმდეგებოდა მის პოლიტიკურ კარიერას, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს კარგად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი იყო ქართული სამეფო კარისა. ეტყობა, სწორედ ზაქარიას საშუალებით ცდილობდა სამეფო კარი გაეძლიერებინა გავლენა სომხეთზე. ეს ტენდენციები თითქმის გვიან შუა საუკუნეებამდე, თემურ ლენგის შემოსვლამდე გაგრძელდა, რომელმაც მძლავრად დაამკვიდრა კავკასიაში ისლამი. ამიტომ მართლმადიდებლობის მზარდი გავლენა მთლიან კავკასიაზე IX ს-დან დაიწყო და თითქმის XV ს-მდე გაგრძელდა. შემდეგაც ქართლისა და კახეთის ძლიერი მესვეურები ცდლობდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში მისიონერების გაგზავნას, მაგრამ, ბუნებრივია, ამას ისეთი სახე აღარ ჰქონდა, როგორიც ადრე იყო - ერთიანი, ძლიერი საქართველოს პირობებში. მოგვიანებით რუსეთის იმპერია ძლიერდება და ვექტორები იცვლება, თუმცა რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში შემოსვლას განსხვავებული ტენდენციები მოჰყვა. ჩრდილოკავკასიელები ცდილობდნენ, დამპყრობელ რუსებს სწორედ რელიგიური ფაქტორით დაპირისპირებოდნენ. ამიტომ მართლმადიდებლობა, რომელიც უნდა გაძლიერებულიყო, პირიქით, დასუსტებას იწყებს, იწყება შამილის ბრძოლები მართლმადიდებელი რუსეთის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერი პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებდა, დამოკიდებულება ჩრდილოკავკასიელ და ქართველ ხალხს შორის ყოველთვის შემწყნარებლური და კეთილმეზობლური იყო, რადგან უამრავი ყოფითი და კულტურული საერთო ღირებულება არსებობდა ამ ხალხებს შორის. ჩეჩნეთსა და დაღესტანში ეკლესია-მონასტრები, ცალკეული კულტურული ხასიათის ნაშთები დღემდე შემორჩენილია. მე ახლა ვერ გავიხსენებ, ბოლო პერიოდში ეს ეკლესიები მოქმედი ყოფილიყო, მაგრამ მართლმადიდებლობის კვალზე იქ ნამდვილად შეიძლება საუბარი. ცხოვრების წესს ისლამში შარიათი განსაზღვრავს. შარიათის ნორმები ხშირ შემთხვევაში არ ებრძვის იმ ადგილობრივ ნიუანსებს, რაც ამ სარწმუნოების გავრცელებამდე არსებობდა, ამიტომ კავკასიელ ხალხში ყველაზე საინტერესო ჩვენთვის სწორედ ქრისტიანული ნაშთის მოძიებაა.

2. საინტერესო კითხვაა, რომელმაც უცებ გალაკტიონის სიტყვების გამახსენა: "წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი..." ილიას მკვლელობა თითქოს ჩვენი ხალხისთვის ერთგვარი ნეგატიურისკენ შემობრუნების მანიშნებელი გახდა, მოკლეს კაცი, რომელიც იბრძოდა და საზრდოობდა ერის ცხოვრებით. მისმა მკვლელობამ მენტალური ძვრები გამოიწვია თითქოს ჩვენი ხალხისა, ამას მოჰყვა დიდი რევოლუციები, თითქოს დაისაჯა ჩვენი ერი და თავს დაატყდა ათეისტური 70 წელიწადი. მე თვითონ ვიზრდებოდი ამ პერიოდში და კარგად ვიცი, რა საშინელი გამოვლინებები ჰქონდა ამ რეჟიმს ყოფით ცხოვრებაში. ათეისტები ზიზღით უყურებდნენ მათ, ვინც პირჯვარს გადაიწერდა ან მარხვას ინახავდა. ვფიქრობ, სწორედ ამ ცდისაკენ შემობრუნებაში გრძნობდა გალაკტიონი ეპოქის დასასრულს. ერი დაისაჯა თითქოს იმის გამო, რომ მან დიდი მამულიშვილი და ეროვნული მოღვაწე სასიკვდილოდ გაიმეტა. ილიას სიცოცხლეშივე ებრძოდნენ იგივე ადამიანები, რომლებმაც მოგვიანებით ის საიქიოში გაისტუმრეს. ჩვენი ერის ცნობიერება რომ შემობრუნებულიყო და ეკლესიის წიაღში დაბრუნებულიყო, თითქმის საუკუნე დასჭირდა ამ საბედისწერო გასროლის შემდეგ. მადლობა ღმერთს, რომ ეს პროცესი დაიწყო.

3. როგორც ისტორიკოსი, ალბათ ვისურვებდი, მეცხოვრა ფარნავაზის ეპოქაში, რომ გამეგო, ქართული დამწერლობა მართლაც ფარნავაზის დროს შეიქმნა თუ მანამდეც არსებობდა, როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი ამბობდა.

როგორც ადამიანი, ალბათ იმ პერიოდში დავრჩებოდი, რომელშიც ვცხოვრობ, რადგან მგონია, ზენაარმა უფრო იცის ჩვენი ამქვეყნად მოვლინების ადგილი და დრო.
ბეჭდვა
1კ1