მჯერა ჩვენი პატრიარქისა, რომელიც ცოცხალი, მოსიარულე სარწმუნოებაა ჩემთვის
მჯერა ჩვენი პატრიარქისა, რომელიც ცოცხალი, მოსიარულე სარწმუნოებაა ჩემთვის
1. პაციენტმა, ექიმის დანიშნულებასთან ერთად, უნდა მიმართოს თუ არა ეკლესიურ საშუალებებსაც ჯანმრთელობის აღსადგენად და პირადად თქვენ მედიკამენტურ მკურნალობას ანიჭებთ უპირატესობას თუ ხალხურ მეთოდებს?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ დამოკიდებულებას უფალთან?

3. მზიანი ღამეა, მალე გათენდება (?!) საქართველო და გლობალიზაცია.

4. რას ჰკითხავდით მოძღვარს?


ანკეტის ამ შეკითხვებს უპასუხებენ ექიმები: ნინო კუჭაიძე, ირაკლი ნემსაძე და ცისანა შარტავა.

ნინო კუჭაიძე, თავის ტვინის ანატომიის სპეციალისტი, ფსიქოლოგი, საქართველოს საპატრიარქოს სრულიად ფსიქოლოგიური სამსახურის ("თანადგომა") ხელმძღვანელი. ჰყავს მეუღლე ვიქტორ კუჭაიძე და სამი შვილი რევაზი, ლალი და გრიგოლი.

1. 21 წელი ვასწავლიდი სტუდენტებს თავის ტვინის ანატომიას და თუმცა მაშინ რწმენაში გაუთვითცნობიერებელი ვიყავი, ყოველთვის ვარიგებდი, - უპირველესად, თქვენი სიტყვა არის მკურნალი-მეთქი. დღეს კი ვეტყოდი, უპირატესობა უფლის სიტყვას მიანიჭონ და პაციენტს ურჩიონ, წამალთან ერთად ეკლესიურ საშუალებებსაც მიმართოს, მკურნალობა რომ უფრო ეფექტური და შედეგიანი გახდეს. ექიმი ყოველთვის მხნედ და იმედიანად უნდა გამოიყურებოდეს, რადგან თუ დაეჭვებულ-შეშინებულია, პაციენტსაც შეეშინდება და ვეღარ მიენდობა მას. სიტყვას, განწყობას, ღიმილს და ექიმის გამომეტყველებას უდიდესი ძალა გააჩნია, მეტიც, თუ ექიმი თვითდაჯერებულია, მის მიერ დანიშნულ მედიკამენტსაც სწორედ მაშინ აქვს ძალა და ფსიქოლოგიურად დადებითად მოქმედებს პაციენტზე. პარალელურად ამისა, აუცილებელია ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა, სეფისკვერი, ნაკურთხი წყალი, ზეთის ცხება და სხვა. ჩემს პაციენტებს, ნაკლებმორწმუნეთაც კი, ამას ვურჩევდი. ეს მეთოდი ძალიან ბევრს წაადგა. მწამს, რომ ყოველი ავადმყოფობა და განსაცდელი უფლისაგან არის დაშვებული და ჩვენი ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც მის ხელშია. მე, როგორც ექიმი, თუ ასე არ მოვიქცევი, არ ვიქნები მართალი უფლისა და პაციენტის წინაშე. უამრავი სასწაული ხდება სამთავროს დედათა მონასტერში მამა გაბრიელის საფლავზე, ბოდბეში, წმინდა ნინოს წყაროზე, ერთიც გამომიყენებია და მეორეც. ორივემ სასიკეთოდ იმოქმედა ჩემი და ჩემი მეუღლის ჯანმრთელობაზე, რომელიც ექიმების შეცდომის მსხვერპლი აღმოჩნდა. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ უფლის დაშვებით მოხდა ეს განსაცდელი და აი, რატომ: ჩემი მეუღლე უფალს ყოველთვის აღიარებდა, მაგრამ არ ცნობდა სამღვდელოებას და ეკლესიას. ამბობდა, - არ მჭირდება შუამავალი უფალთანო. როცა ავად გახდა, საუკეთესო ექიმებთან მივიყვანე, მაგრამ სწორედ ისინი შეცდნენ, ამის შემდეგ 3 თვე რეანიმაციაში გაატარა, აპარატზე იყო მიერთებული. ხსნა მხოლოდ მაშინ ვიგრძენით, როდესაც მე და ჩემმა ქალიშვილმა კატეგორიულად მოვითხოვეთ, სანამ ჯერ კიდევ საღად აზროვნებდა, აღსარება ეთქვა მოძღვრისთვის და წმინდა ზიარება მიეღო. ზიარებამ, 7-გზის ზეთის ცხებამ, ჩვენმა ლოცვამ და რწმენამ სასწაული მოახდინა და გამოიყვანა ჩემი მეუღლე უმძიმესი მდგომარეობიდან. ხშირად მოგვყავდა მამები ავადმყოფის დასალოცად, ვუხდიდით ჯანმრთელობის პარაკლისებს, ვიყენებდით იერუსალიმიდან და წმინდანთა საფლავებიდან აღებულ ზეთებს მედიკამენტებთან ერთად და სწორედ ეს გახდა მისი გამოჯანმრთელების საწინდარი.

რასაკვირველია, მე, როგორც ექიმი, უპირატესობას ვანიჭებ ხალხურ საშუალებებს, რომელიც უკვე გამოცდილია და დადებითი შედეგი გააჩნია. რაც შეეხება ახალ მედიკამენტებს, ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ მათ გამოყენებას, რადგან ჯერ ეს წამლები დროს არ გამოუცდია და არ ვიცით, რა უარყოფით შედეგს გამოიწვევს.

2. დაახლოებით 21 წლის წინ ლამაზი ტანსაცმლის გულისთვის ერთმა ყმაწვილმა სტუდენტი სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ფაქტმა ისე შემაწუხა, ვეღარ წავედი ლექციებზე და რაღაც ძალამ დამაწერინა პროგრამა, რომელშიც აღვნიშნავდი, რომ ისე, როგორც იმ ახალგაზრდას, რომელმაც ტანსაცმლისთვის თანატოლი სასიკვილოდ გაიმეტა, მეც მაკლია რელიგიური აღზრდა, ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ ღმერთს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს-მეთქი. ამ პროგრამას სრულფასოვანი ადამიანის ფორმირება ვუწოდე. დიდმა ტკივილმა დამაწერინა ეს პროგრამა. მე მაშინ ვიგრძენი პირველად, რომ ჩემს თაობას სწორედ ეს მნიშვნელოვანი რამ აკლდა და იმ წუთიდან შემოვიდა რწმენა და ღვთის სიყვარული ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს, ეს პროგრამა მოიწონა უწმინდესმა ილია მეორემ, რომელიც ამის შემდეგ ხშირად მესაუბრებოდა აღზრდისა და განათლების საკითხებზე. პირველი აღსარება საკმაოდ გვიან ჩავაბარე მოძღვარს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და იქიდან მოყოლებული, არასოდეს მომკლებია ღმერთის მადლი და წყალობა. მადლობა უფალს, ისეთი სამსახური მომცა, ყოველდღე უფლის სიტყვა მესმის, რადგან აქ ეკლესიის მამები და ფსიქოლოგები არიან ძირითადად მომსახურე პერსონალი, რომლებიც იმედის სიტყვას არ აკლებენ დახმარებისთვის მოსულ ადამიანებს.

3. ღმერთმა ნუ ქნას, მზიანი ღამის გათენების იმედი გადაგვეწუროს. ჩვენი სამსახურიც ხომ იმისთვის შექმნა უწმინდესმა, რომ ადამიანები დავარწმუნოთ მომავლის იმედში. მაშ, რისთვის ეცვა ჯვარზე უფალი, თუ იმედი არ მექნება, რისთვის გამოსცადა მაცხოვარმა ამდენი შეურაცხყოფა და ტკივილი. ამიტომ ათიათასჯერ ვიტყვი, რომ მალე გათენდება მზიანი ღამე. ერთიც მინდა ვთქვა: ყველა ადამიანი უფლის მადლით და დაშვებით აკეთებს სიკეთეს, სიკეთე ხომ უფლისგანაა და სადაც სიკეთეა, იქვეა უფალიც. კარგი სადაც არის, სადაც სულს უხარია, ჭეშმარიტად იქ არის უფალიც, რადგან ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან არის. რა თქმა უნდა, ცრუ სიკეთეც არსებობს, მაგრამ ეკლესიურ ადამიანს მისი გამოცნობა არ უნდა გაუჭირდეს. უიმედოდ ღმერთმა წამიც ნუ გვაცოცხლოს.

გლობალიზაციის შეჩერება ჩვენ არ შეგვიძლია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, საჩვენოდ გამოვყენოთ იგი.

4. შეკითხვა მოძღვართან ამჟამად არ მაქვს.


KARIBCHEირაკლი ნემსაძე, 35 წლის, ექიმი ფსიქიატრი, საქართველოს საპატრიარქოს სრულიად ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ("თანადგომა") თანამშრომელი, თბილისის სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი.

1. სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ 3 წელი ორდინატურა გავიარე გერმანიაში ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის განხრით. ჩემი მსოფლმხედველობაც ზუსტად ის არის და ალბათ, ამაში დამეთანხმება ყველა, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა სულის პრობლემებში - სწორედ ეკლესიაში და სულიერებაშია ჭეშმარიტი მკურნალობა. ჩვენ ყველანი ღმერთის შექმნილნი ვართ, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის, თუ რა არის დაავადების არსი, ამიტომ ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სულიერი გაჯანსაღებისთვის. ფსიქიატრიულ მედიცინაში, რასაკვირველია, დიდი ცოდნაა დაგროვილი და ეს სფერო ძალიან საჭირო და აუცილებელია მედიცინაში, მაგრამ სრულყოფილება მხოლოდ ეკლესიაშია. არის გარკვეული დაავადებები, რომლის დროსაც მედიკამენტები აუცილებელია, ამასთან, გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხალხური მედიცინაც გამოსაყენებელია, ამიტომ მე უფრო ფართოდ ვუყურებ ამ პრობლემას და არ შემიძლია გადაჭრით რომელიმე უარვყო, ყველაფერი, რაც საჭიროა, გამოყენებული უნდა იყოს დადებითი და კარგი შედეგის მისაღწევად.

2. რწმენის შემოსვლა, შეიძლება ითქვას, თანდათანობითი პროცესი იყო ჩემში. გარკვეულ დონეზე ჩემს ოჯახშიც სწამდათ. ვთქვათ, ბებია ან მამა პირჯვარს გადაიწერდა ხატების წინ და ღმერთის არსებობის რწმენას შინაგანად გამოხატავდა. ამას ხომ შენც ხედავ და რაღაც სხვა რამეზე დაფიქრდები. მერე და მერე, სტუდენტობის პერიოდშიც გაქვს შეხება რწმენასთან, ვთქვათ, წაიკითხავ სასულიერო ლიტერატურას, შეივლი ეკლესიაში და ასე შემდეგ.

როგორც მაცხოვარი გვასწავლის, ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი რწმენა საქმეს თანხვდეს. ალბათ ამაში იგულისხმება შინაგან ცხოვრებაზე დაკვირვება, იმის გაკეთება, რაც უფლისათვის სათნო იქნება, უკეთურ აზრებთან და ვნებებთან ბრძოლა, რაც ასკეტიკიდანაც ვიცით, ლოცვა, მარხვა, მღვიძარება - ეს მეთოდები და საშუალებებია იმის წინაპირობა, რომ შედეგს მივაღწიოთ და სული განვიკურნოთ, რაც, ჩემი დაკვირვებითა და ეკლესიური გამოცდილებით, ხორციელი კურნების საწინდარია.

თავიდან ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა ეკლესიაში აღსარების ჩასაბარებლად. ალბათ ცოტა ბიძგი უნდა ადამიანს ამ ნაბიჯის გადასადგმელად. მერე, როდესაც ეკლესიურ ცხოვრებაში ერთვები, სული თვითონვე შეიგრძნობს ღმერთთან სიახლოვით გამოწვეულ სიხარულს, რა თქმა უნდა, ბრძოლებიც თან ახლავს ყოველივეს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაფერხოს...

3. იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს, მაცხოვარიც ამას გვეუბნება, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ღამე გათენდება, მაგრამ თავისთავად ეს არ მოხდება. მე პირადად ჩემს თავზე უნდა ვიფიქრო, ჩემს ცოდვებს ვებრძოლო, სხვამ - თავისას. ყოველი ჩვენგანის სულიერი მდგომარეობით იქმნება საერთო სულიერი ფონი ქვეყანაში და თუ ყველანი პირადიდან დავიწყებთ, რაღაც გამოვა.

ყველა მედალს ორი მხარე აქვს - დადებითი და უარყოფითი. ასე ვუყურებ მე გლობალიზაციას. ერთი მხრივ, მრავალი საცდური შემოდის და ბევრი გამოწვევის წინაშეა როგორც ადამიანი პიროვნულად, ისე სახელმწიფოც, ზოგადად, მაგრამ ამავე დროს, ისიც არის, რომ ჩვენს სულიერ სამყაროს სხვებიც ეზიარებიან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ხდება ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოება და გამდიდრება. ამიტომ, როგორც ბასილი დიდი გვასწავლის, უნდა გამოვკრიბოთ: რაც ცუდია, უარვყოთ, კარგი მივიღოთ - აი, ესაა კეთილგონიერება, რადგან პირდაპირ რაღაცის გადმოღება ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია.


KARIBCHEცისანა შარტავა, ექიმი იმუნოლოგი, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ჰყავს ორი შვილი - გიორგი და ლევანი.

1. ექიმს ყველა ადამიანთან ინდივიდუალური ურთიერთობა აქვს, რასაც ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობა ჰქვია. შენ უნდა გაეცნო მის სულიერ სამყაროს, დაუმეგობრდე მას, რათა მოგენდოს და სადამდეც წამოგყვება, იქამდე მიიყვან. ამ შემთხვევაში კეთილ რჩევას, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შიდსით დაავადებულ პაციენტებთანაც მქონია ურთიერთობა. წარმოიდგინეთ, განწირულ ვითარებაში ადამიანის სულიერი მდგომარეობა, როცა მან იცის, რომ დღეს თუ ხვალ შეიძლება აღარ იყოს, მაშინ შიშვლდება მისი შინაგანი სამყარო და ცდილობს ბოლომდე მოგენდოს. მე არაერთ ასეთ ავადმყოფს შევხვედრივარ, როგორც ქართველებს, ასევე სხვა ეროვნებისას. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი სომეხი მართლმადიდებლად მოინათლა და სხვა პაციენტების მსგავსად, ქართულ ეკლესიაში დაიწყო სიარული ქართველ მღვდელთან აღსარებისა და ზიარების მისაღებად. აი, ასე გარდაქმნის მძიმე ავადმყოფობა ადამიანს.

როცა პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა ესაჭიროება, ექიმის მოვალეობაა, დაუნიშნოს მას პრეპარატი მისი დაავადების ხასიათის შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ლოცვითი მდგომარეობა უფლისადმი სასოებას, გარკვეულ სიმშვიდესა და იმედს გვაძლევს, ეს მეთოდიც აუცილებლად გამოსაყენებელია და რაც მთავარია, სასარგებლო როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ავადმყოფებისთვის, თუმცა ჯერჯერობით არ არის ჩვენი საზოგადოება მზად იმისათვის, რომ ყველასთვის ეს რეცეპტი გამოვიყენოთ.

ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ კლინიკას ვერ ნახავ დღეს საქართველოში, სამლოცველო ოთახი თუ არა, ხატების კუთხე მაინც არ იყოს მოწყობილი. ექიმი ოპერაციაზე შესვლის წინ სანთელს ანთებს და ლოცულობს, რომ წარმატებით აღასრულოს მოვალეობა, ასევე ლოცვით კავშირს ამყარებს უფალთან პაციენტის პატრონი, როცა ავადმყოფი საოპერაციოდაა შესული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ექიმიცა და ავადმყოფიც მკურნალობასთან ერთად ლოცვასაც იყენებენ სასურველი შედეგის მისაღწევად.

2. ბავშვობიდანვე მორწმუნე ვიყავი. მე სენაკში დავიბადე და გავიზარდე. ბებიაჩემი მარიამ ჭანტურია მორწმუნე გახლდათ, მისი ერთი და მონაზვნად აღიკვეცა, მეორე სამონაზვნე იყო. მამაჩემის გაჩენაც ღმერთშევედრებული ყოფილა, რადგან ბებიაჩემს 6 შვილი დაღუპვია დაბადების შემდეგ. იგი სამეგრელოდან ფეხით ჩასულა მოწამეთის მონასტერში და მუხლისჩოქვით შევედრებია დიდმოწამეებს, დავითსა და კონსტანტინეს - შვილი მაჩუქეთო. ამის შემდეგ დაბადებულა მამაჩემი, რომელიც წმინდანების შემწეობით ცოცხალი დარჩა. 30-იან წლებში, როდესაც ყველას აპატიმრებდნენ და გავრცელდა ხმა, რომ მამაც უნდა დაეჭირათ, დედაჩემი თურმე აჩრდილივით დაჰყვებოდა მას ყველგან, მერე ბებიასთანაც ჩასულა სოფელში და უიმედოდ უთქვამს: - შენს შვილს დღე-დღეზე დაიჭერენ, ამიტომ ჩამოდი და გამოემშვიდობეო. ბებიას დაუმშვიდებია, - არსადაც არ წამოვალ. შვილი მე დავითმა და კონსტანტინემ მაჩუქეს, ისინი მას დღესაც იფარავენო. მართლაც, ერთადერთი აღმოჩნდა მამაჩემი იმ პერიოდში რაიკომის მდივნებიდან, რომელიც კომუნისტურ რეპრესიებს გადაურჩა. დედაჩემის დედაც, ლიზაც, ისეთი მორწმუნე ქალი იყო, 12 წლის ასაკიდან, ოჯახში რომ არავინ აძალებდა, ისე ინახავდა მარხვას, თუმცა ჩვენთვის, ბავშვებისთვის, არავის დაუვალებია, მორწმუნეები ვყოფილიყავით, მაგრამ მათი ლოცვით მაინც მწამდა ღვთის არსებობა და რაღაც ძალა ბავშვებთან თამაშის დროს მათქმევინებდა, - დადგება დრო, როდესაც მეცნიერები თვითონვე აღიარებენ ღმერთს-მეთქი. ახლაც თვალნათლივ ვხედავ, ეს სიტყვები როდის და რა გარემოში ითქვა ჩემგან. სკოლის პერიოდში ყველა ბიბლითეკაში დავეძებდი სახარებას. სადაც კი წავაწყდი, ყველგან ხუცურით იყო დაბეჭდილი. არ ვიცი, მაშინ ამას შეიძლება ცნობისმოყვარეობით უფრო ვაკეთებდი და მინდოდა, სახარება ისე წამეკითხა, როგორც ნაწარმოები და არა როგორც ღვთის სიტყვა, მაგრამ ეს სურვილი ნამდვილად მქონდა, ღმერთს ბავშვობიდანვე დავეძებდი. ჩემი ძმის, ჟიული შარტავას მოწამებრივმა აღსასრულმა კი ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. 18 წელია, რაც ვეზიარები. ჩემი მოძღვარია მამა სერაფიმე ჯეჯია, თუმცა ჩემში ძიების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.

3. სამწუხაროდ, ბუნებით ჩემზე პესიმისტი უფრო ითქმის, ვიდრე ოპტიმისტი, მაგრამ ძალიან მჯერა ჩვენი პატრიარქისა, რომელიც ცოცხალი, მოსიარულე სარწმუნოებაა ჩემთვის და მე მჯერა მისი სიტყვების, რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და მზიანი ღამე მალე გათენდება. დღეს წინ რომ გაიხედო, პირდაპირ ხრამს დაინახავ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი იმედით ვუყურებ მომავალს, რადგან ღვთისმშობელი არ გაწირავს ჩვენს ქვეყანას. გლობალიზაცია, მართალია, ცუნამივით მოდის და ყველას წალეკვით გვემუქრება, მაგრამ ღვთის წინაშე ხომ ყველაფერი უძლურია. თავი რომ შევინარჩუნოთ, მწყემსმთავარს უნდა მივყვეთ, აუცილებლად უნდა გავიგონოთ მწყემსის ხმა და გადარჩენაც სწორედ ეს იქნება.


KARIBCHEვესაუბრებით თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა კონსტანტინე გიორგაძეს.

- პაციენტმა ექიმის დანიშნულებასთან ერთად უნდა მიმართოს თუ არა ჯანმრთელობის აღსადგენად ეკლესიურ საშუალებებს?

- მედიცინა ღვთივკურთხეული პროფესიაა. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, ამიტომ ექიმმა უნდა იზრუნოს, რომ მაღალკვალიფიციური იყოს; ცუდი, გაუნათლებელი ექიმობა ცოდვაა. თვით ექიმის პრინციპია - "არა ავნო".

რაც შეეხება კითხვას, ადამიანი როგორც სულიერი, ასევე ხორციელი არსებაა, ამიტომ მას ორივე ექიმი სჭირდება, სულიერიც და ხორციელიც. იგი შედგება სხეულის, სამშვინველისა და სულისაგან. სხეული და სამშვინველი ექიმის (ზოგადის ან ფსიქიატრის) სფეროა და მან უნდა უმკურნალოს, ხოლო სულს, რომელიც უფალმა ადამს შთაბერა შესაქმის დროს, მხოლოდ ეკლესია (მღვდელი) მკურნალობს.

თუ ექიმისა და მღვდლის მოქმედება შეთანხმებულია, მაშინ მკურნალობაც კეთილად მთავრდება, თუ არა - შეიძლება სავალალოდაც კი.

ექიმი, განსაკუთრებულად რეანიმატოლოგი, რომელსაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან უწევს შეხვედრა, თუ არ გამოიჩენს სიბრძნეს და არ უხმობს მღვდელს მომაკვდავ პაციენტთან ზიარებისთვის, - სასიკვდილოდ სცოდავს.

წმინდა წერილიდან ჩანს, რომ ხორციელი სნეულება უმეტეს შემთხვევაში ცოდვასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ექიმის დანიშნულებასთან ერთად, სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს – ქრისტეს უნდა მივმართოთ. ძალიან ხშირია ეკლესიის მიერ განკურნების შემთხვევები მაშინ, როცა ყველა სამედიცინო რესურსი ამოწურულია. განკურნებისათვის აუცილებელია ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობა (აღსარება, ზიარება, ზეთის ცხება, უზმოზე ანტიდორისა და ნაკურთხი წყლის მიღება, მარხვა, მომლოცველობა და სხვა).

- რომელ საშუალებას, მედიკამენტურს თუ ხალხური მეთოდების გამოყენებას ანიჭებთ უპირატესობას?

- განსაკურნავად ყველა მეთოდის მიღება როდია გამართლებული. ქრისტიანმა კაცმა უნდა მიმართოს ტრადიციულ, ორთოდოქსულ მედიცინას, როგორც თანამედროვეს, ასევე ხალხურს. ორივე შემთხვევაში დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რამეთუ ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტს სთავაზობენ მკურნალობას ჰიპნოზით, ბიოენერგეტიკით, კოდირებით, ექსტრასენსორიკით, ოკულტური მედიცინით, ურინოთერაპიით, ფეკალოთერაპიით და სხვა.

ეკლესია და ტრადიციული საავადმყოფო - აი ორი ადგილი, სადაც კურთხეულია მკურნალობა გამოჯანმრთელებისათვის.

იოანე ოქროპირი აფრთხილებდა: დაფიქრდით, თქვენ სნეულებათაგან ვერ გიხსნიან მკითხავები, ჯადოქრები და ე.წ. შემლოცველი ქალები. ამით თქვენ მხოლოდ ცოდვას სჩადით, ღმერთს ტოვებთ და ეშმაკებთან მიდიხართ.

რაც შეეხება ფიტოთერაპიას, ჰომეოპათიას და სხვა ხალხურ საშუალებებს, აქაც სიფრთხილეა საჭირო. თავისთავად ეს კარგი მეთოდებია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვინ დგას ამის უკან, არის თუ არა ჭეშმარიტი მორწმუნე თუ უბრალო თვითმარქვია ან მჩხიბავია.

ბალახებით მკურნალობას ზიანი თითქმის არ მოაქვს, ეს ხომ ძველი, ჩვენი წინაპრების მიერ დაგროვებული უდიდესი გამოცდილებაა და თუ დავაკვირდებით, მთელი მსოფლიო ცდილობს გადავიდეს ბალახებით მკურნალობაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ უგულებელვყოფთ ფარმაკოლოგიას იმ შემთხვევაში, როცა დაავადება შორს წასულია და ბალახებით ვეღარაფერს გავხდებით. ამიტომ დიდი სიბრძნეა, თუ ექიმი მოიქცევა პაციენტის სასარგებლოდ და არა ანგარებით.

სამედიცინო წრეებში არსებობს დიდი ნუსხა სამედიცინო ნოზოლოგიებისა და ხალხური მედიცინისა, რომელთა გამოყენებაზეც ეკლესია კურთხევას არ იძლევა.
ბეჭდვა
1კ1