ბზის კურთხევის მოლოდინში ზეცისკენ აღპყრობილი ხელები საყოველთაო სიხარულის შეგრძნება იყო!
ბზის კურთხევის მოლოდინში ზეცისკენ აღპყრობილი ხელები საყოველთაო სიხარულის შეგრძნება იყო!
1. უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელიც საქართველოში ბზობის სახელწოდებით არის ცნობილი, თვით უახლოეს ათეისტურ ხანაშიც კი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ძველთაგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან ამ დღეს ბზის ტოტების შინ შეტანა ყოველთვის დიდ სიწმინდედ ითვლებოდა.

პირადად თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ბრწყინვალე საეკლესიო დღესასწაულთან?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია).

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ჟურნალისტი ოთარ შაორშაძე და მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე.


ნინელი ჭანკვეტაძე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მეუღლე - ზაზა მიქაშავიძე, ქალიშვილი - ანა მიქაშავიძე.

1. დიდმარხვა დასასრულს უახლოვდება და ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ბზობას აღნიშნავს. უფალი კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას გამოვხატოთ დიდი სიყვარული მის მიმართ და ამის ნიშნად ტაძრები და ჩვენი სახლების სალოცავი კუთხეები ბზის ლამაზი ტოტებით ივსება. ძალიან მიყვარს ეს დღე, ბზით ხელდამშვენებული ხალხის ყურება, მათი მოღიმარი სახეები. ყველა ერთმანეთს ულოცავს და ცხადად ვგრძნობ, როგორ მიყვარს მოყვასი, როგორი შესაძლებელია ერთსულოვნება.

2. პატარაობიდანვე მწამდა, მაგრამ ვინ - სახელს ვერ ვარქმევდი, მაგრამ როცა გამიჭირდებოდა, მხურვალედ შევთხოვდი შველას და ვიცოდი, - აუცილებლად დამეხმარებოდა. გვიან მოვინათლე - 7 წლის ვიყავი, როცა ბებიამ სიონში ჩუმად მომნათლა. ჩუმად იმიტომ კი არა, რომ მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, არა... მაშინ ასეთი დრო იყო და მამაჩემს გაუფრთხილდა, ვინმეს არ დაესმინა და სამსახური არ დაეკარგა. ეკლესიური ცხოვრება გაცილებით გვიან დავიწყე, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაშიც ხშირად დავდიოდი, სანთელსაც ვანთებდი, მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარიც დავიწერეთ. თუმცა მაშინ ეს მაინცდამაინც მიღებული არ იყო და ბევრმა არტისტულ ახირებად ჩათვალა.Mმაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რწმენა სხვადასხვაგვარად შემოდის ადამიანში. ეკლესიურად ცხოვრებასაც სხვადასხვა მიზეზით იწყებ. ჩემს შემთხვევაში ეს ალბათ დიდი ტკივილი იყო - უშვილობა. თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. როცა მე ამ გზას დავადექი, ისეთი მოძღვრის მოძებნა, რომელიც მსახიობისგან აღსარებას მიიღებდა და აზიარებდა, ძალიან ძნელი იყო. ეს, რასაკვირველია, მაბრკოლებდა და დიდი დრო გავიდა, ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებდი. ღვთის მადლით და ჩემი მეგობრების დახმარებით, ეს ნაბიჯიც გადავდგი და მას შემდეგ ვცდილობ, ჩვენი ეკლესიის მრევლის წევრი ვიყო. ღმერთმა ისმინა ჩემი ვედრება და დღეს ბედნიერი დედა ვარ! ჩემი შვილი ორმოცი დღისა მოვნათლე და სულ რამდენიმე კვირის იყო, პირველად რომ ვაზიარე. მინდა ჩემი ქალიშვილი ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყოს და ეკლესიური ცხოვრებით იცხოვროს!

3. "მალე გათენდება", - ბრძანებს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და მწამს, რომ ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს მალე გაუთენდება. სხვაგვარად არ იქნება, რადგან უფალმა ასეთი პატრიარქი გვარგუნა. მისი ლოცვა-კურთხევით ეს აუცილებლად მოხდება. "ბნელიდან - ნათლისკენ, სიძულვილიდან - სიყვარულისკენ, მიწიდან - ზეცისკენ", - მოგვიწოდებს უწმინდესი და ამის ნათელ პირად მაგალითს გვიჩვენებს. გვიყვარდეს და უფალსაც ვეყვარებით და მაშინ აუცილებლად გათენდება!

4. რა აზრის ხართ თეატრალურ ხელოვნებაზე?


KARIBCHEოთარ შაორშაძე, 57 წლის, მუსიკათმცოდნე, ჟურნალისტი. მუშაობს შპს "ალიონში". მეუღლე - მაკა ბოცვაძე, შვილები: სოსო შაორშაძე (გარდაიცვალა 2000 წელს, 23 წლისა), ლუკა შაორშაძე, 8 წლის.

1. ბავშვობის პირველი შთაბეჭდილება ბზის კურთხევის მოლოდინში ზეცისკენ აღპყრობილი ხელები, მილოცვები, ჩემთვის გაუაზრებელი, საყოველთაო სიხარულის შეგრძნება იყო. ეს მოვლენა, რა თქმა უნდა, მოგვიანებით შევიმეცნე. სადღესასწაულო შესვლა მაცხოვრისა იერუსალიმს: აქ ხომ პირველად გაცხადდა ადამიანის სიყვარული უფლისადმი და მისი აუცილებლობა. ლაზარეს დის, მარიამის მიერ უფლის ფეხის განბანა, თმით გაწმენდა და ნელსაცხებლის ცხება უდიდესი სიყვარულის და მადლიერების გამოხატულებაა, მთელი ეს ქმედება კი - ორმხრივი სიყვარულის ქადაგება. თუმცა ამ შესანიშნავი დღის ნაწილია ის ფაქტი, როდესაც სამლოცველოში შესული იესო გაცხარდება: "სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს ქვაბ ავაზაკთა". ეს ხომ კიდევ ერთი სწავლებაა, რათა ჩვენ, ადამიანები, სიყვარულში გულწრფელნი და სიხარულში ზომიერნი ვიყოთ.

2. ყმაწვილკაცობაში ჩემი ეკლესიასთან ურთიერთობა მხოლოდ რიტუალური იყო. უფლის წიაღში მოგვიანებით, უდიდესმა ტკივილმა მიმიყვანა. მართალი გითხრათ, ძალიან მინდა, სარწმუნოებაში გავძლიერდე, მაგრამ უღმერთო ცხოვრების, ბავშვობის წლები თავის დაღს ასვამს მცდელობას.

70-80-იანელი ქართველი ახალგაზრდობის სულიერი საზრდო ქრისტიანული მორალით, ქრისტიანული ცხოვრების წესით გაჟღენთილი ქართული მწერლობა იყო. დღეს, ღვთის მადლით, საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს მართლმადიდებლობის არსს, მის უდიდეს მნიშვნელობას ბავშვის სულის ფორმირებაში. ვიცი, ორიგინალური არ ვიქნები, მაგრამ ეს უძღები შვილის მშობლის წიაღში დაბრუნებას ჰგავს.

3. მზიანი ღამე უწოდა უწმინდესმა და უნეტარესმა თავის განვლილ ცხოვრებას და მოღვაწეობას. როგორი ოპტიმიზმი და იმედია ამ ნააზრევში! ჩემთვის, ერთი ქრისტიანისთვის, უდიდესი მაგალითის ძალა აქვს უწმინდესის დათმენის უნარს. დიდი ზეწოლის მიუხედავად, მან მოახერხა ერის ჭეშმარიტების გზაზე გამოყვანა. ეს მაშინ, როდესაც ამდენი არაკეთილმოსურნე გვყავს შინ თუ გარეთ, როდესაც ყოველი ჩვენგანის სულში თავნებობა და ამპარტავნებაა დავანებული, როდესაც ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ერთმანეთისა არ გვესმის, როდესაც საყოველთაოდ დადგენილ ფასეულობებს უარვყოფთ და ყველას ჩვენ-ჩვენი სიმართლე გვაქვს. გაგახსნებთ სახარებისეულ სიტყვებს: ქვეყანაზე იქნება ყაყანი, რათა ადამიანები ჭეშმარიტებაში ვერ გაერკვიონო. ახლა სწორედ ეს ჟამი გვიდგას. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელთაც ჭეშმარიტებაზე მაღლა ფსევდო-პატრიოტიზმი დავაყენეთ და იმდენად ავყევით ემოციებს, რომ ანგარიშმიუცემლად ქვეყნის ისტორიული არჩევანის რევიზიაც კი მოვახდინეთ. ამ დროს არც სამეზობლო შეგვცვლია და არც კაცობრიობა გამხდარა ამ ორასი წლის განმავლობაში იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე იყო. ჩვენდა სამწუხაროდ, ტექნიკურმა პროგრესმაც ჩვენს გეოპოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ მოთამაშეთა რიცხვი გაზარდა. თითქოს ყველას სიბრძნე ხელისგულზე გვედო და მაინც მრავალი რამ, ერების თანაცხოვრების ისტორია, აზროვნების უდიდესი საგანძური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, წიგნის ფურცლეზე დარჩა. ამ ფონზე მაინც იმედით ველოდები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და მჯერა, რომ ჩვენი ერი ღვთაებრივი ნიშნის მატარებელია და ამიტომაც გვყავს ამდენი ნიჭიერი და დიდი პოტენციის მქონე ადამიანი.

4. ძალიან კარგი მოღვარი მყავს, მამა გიორგი ჩაჩავა და ხშირადაც ვსაუბრობთ. თუმცა, ვისარგებლებ შემთხვევით და თუ არ მიწყენთ, ერთ ასეთ კითხვას დავსვამ: როდესაც მარცხენა ლოყაში გარტყამენ, მარჯვენა ლოყის მიშვერა გარკვეული დროის მონაკვეთში განსაზღვრული ქმედებაა თუ პერმანენტული პროცესი?


KARIBCHEგვესაუბრება თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი აკაკი (მელიქიძე):

- ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს მოსდევს მაცხოვრის ვნების კვირეული, რომელიც კვირის სწორზე ქრისტეს ბრწყინვალე აღგომით გვირგვინდება. გაუგებარია, რომ სწორედ ის ხალხი აცვამს მას ჯვარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის სახალხო ზეიმში მონაწილეობდა. თითქოს ბზობასაც იგივე მეორდება, ამ დღეს მორწმუნეს თუ ურწმუნოს, ყველას ნაკურთხი ბზის ტოტები შეაქვს ოჯახში. მამა აკაკი, იქნებ განგვიმარტოთ ამ დღესასწაულის მნიშვნელობა.

- მინდა იმით დავიწყო, რომ მაცხოვარი ამქვეყნად მოვიდა როგორც მოძღვარი, მასწავლებელი კაცობრიობისა. იგი იმთავითვე განუმარტავდა ყველას, რომ არის ძე ღვთისა და ძე კაცისა. ამის გაგება იმ დროში არამცთუ ადამიანებს, თვით მოციქულებსაც კი უჭირდათ. ქადაგებებისას, როდესაც იგი თავის ჯვარცმასა და მოახლოებულ აღსასრულზე საუბრობდა, ეს კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას იწვევდა, რადგან ყველას უჭირდა იმის შეცნობა, რატომ მაინცდამაინც ჯვარცმით უნდა მომხდარიყო გადარჩენა, ბევრისთვის ხომ დღესაც გაუგებარია, რატომ მოხდა უფლის მსხვერპლშეწირვა.

უფალი თავის ღვთიურ და კაცობრივ შეურევნელ ორბუნებოვნებას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ თავისი ცხოვრებით და სასწაულებითაც განამტკიცებდა, მაგრამ ბევრს მაინც ეეჭვებოდა მისი ღვთაებრიობა და უჭირდა იმის დაჯერება, რომ ყოვლისშემძლებელი ღმერთი დაგვიდგა გვერდით ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად, ჩვენს გასაძლიერებლად და გამოსახსნელად, რომ მასაც ჩვენნაირი მიწიერი სხეული ჰქონდა.

ნურვინ წარმოიდგენს ისე, რომ მას არ სტკიოდა, როდესაც ჯვარს აცვამდნენ, რადგან ღვთაება იყო. ვინც ამას ფიქრობს, ძალიან ცდება, მაცხოვარს ჩვენნაირი ხორცი, ჩვენნაირი უძლურება გააჩნდა და ისევე სტკიოდა, იღლებოდა, იმგვარი ადამიანური თვისებების მატარებელი გახლდათ, როგორც ნებისმიერი ხორცშესხმული კაცი. გახსოვთ ალბათ სახარებიდან, როდესაც გადაღლილს ხომალდზე მიეძინა, მოციქულები, რომლებიც ქარიშხლისა და ზღვის ღელვის გამო შეშინდნენ, ერთმანეთს ეუბნებიან, - მოძღვარი თუ არ გავაღვიძეთ, წყალში დავინთქმებითო. მაცხოვარი, რომელიც დატუქსავს მათ მცირედმორწმუნეობის გამო, უმალ შერისხავს აბობოქრებულ ბუნებრივ ძალებს და კვლავ მშვიდობა დაისადგურებს ქვეყნად. ეს კი მისი ღვთაებრივი ბუნების გამოვლენა იყო, ისევე როგორც უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე, რომელმაც განაცვიფრა მისი რჩეული მოციქულები. მათ დაინახეს ილია და მოსე წინასწარმეტყველებთან მოსაუბრე მაცხოვარი, რომლის მიწიერმა სხეულმა ბრწყინვალება და თოვლივით სისპეტაკე შეიძინა, რასაც თან ერთვოდა მამა ღმერთის სიტყვები: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ..." ფერისცვალება უფლისა იყო მისი ღვთაებრივი დიდების გამოვლინება, რომელიც მოციქულებმა თავიანთი რწმენის შესაბამისად აღიქვეს. ამით მათ დაინახეს, რომ მაცხოვარი არა მხოლოდ მოძღვარია, არამედ ყოვლისმპყრობელი ღვთაება, რომელსაც საუკუნენი უპყრია ხელთ და განაგებს მის მიერ შექმნილ სამყაროს. მამათა განმარტებით, ამით მაცხოვარმა დაგვანახა მომავალი მერვე დღე, დაგვანახა სასუფეველი, სადაც მართალი ადამიანის სხეულები უფლის მსგავს ელვარებას და სისპეტაკეს შეიძენენ. ასე თანდათანობით მომწიფდა დრო, როდესაც უფალი ჯვარცმამდე იერუსალიმში უნდა შესულიყო და კიდევ ერთხელ დაენახვებინა მოციქულებისთვის თავისი დიდება მათში რწმენის გასაძლიერებლად. თუ თაბორის მთაზე მან გაბრწყინებული სხეულით დაანახა მოციქულებს თავისი ძალმოსილება, ახლა მას სურს, მოახლოებული განსაცდელის წინ სიმდაბლით აჩვენოს ხალხს თავისი ღვთაებრიობა. იგი ჩვეულებრივი, განკაცებული იესოა, მათი მოძღვარი. იერუსლიმში შესასვლელად ვირზე, იმავე კიცვზე ჯდება. როგორც ზეციურ მეუფეს, არც ამალა ჰყავს, არც ანგელოსთა დასები ემსახურებიან და წარმოუდგენელი სიმდაბლით კიცვზე მჯდომი შედის ქალაქში. მაგრამ ამ დროს საოცარი რამ ხდება; მთელი ხალხი მას მოჰყვება, მოჰკაფავენ რტოებს და გზასა ზედა პალმებსა და სამოსელს უფენენ სახედარს, რომელზედაც მაცხოვარია დაბრძანებული. იერუსალიმი ვეღარ იტევს მრავალრიცხოვან ხალხს, ბევრი ხეებზე შესულა უფლის სახილველად. მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ იტყვიან: "ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე..." გაისმის ანგელოსთა უმაღლესი საგალობელი, რომელსაც ანგელოსთა დასები უგალობენ ზეცაში წმინდა სამებას: "ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ..." როდესაც ფარისეველნი და სადუკეველნი ასეთ საგალობელს მოისმენენ, გაკვირვებული ეკითხებიან მაცხოვარს: "რაბი, რატომ არ აუკრძალავ ხალხს ამ სიტყვების თქმასო". ქრისტე მათ მიუგებს: "ესენი რომ დადუმდნენ, ქვანი იღაღადებენო". ამ სიტყვებით მან დაამოწმა, რომ იგი ზეციური მეუფეა, მიუხედავად ამისა, სიმდაბლით შედის იერუსალიმში. ღვთაებრივი ძალის გამოვლინების შემდეგ იგი განემზადება ტანჯვისათვის და შეუდგება გოლგოთის აღმართს კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად. წმინდა მამათა განმარტებით, არც ერთ ადამიანს არ შეეძლო ჯოჯოხეთიდან ცოდვილთა სულებისა და ეშმაკთა მონობიდან ადამიანთა დახსნა. ეს შეძლო მხოლოდ ზეციურმა მეუფემ, მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელიც დედამიწაზე ჩამოვიდა ამ მისიის შესასრულებლად - რათა ჯვარს ეცვას, სიკვდილით მოიკლას, შემდეგ კი აღდგეს მკვდრეთით მთელი თავისი ძალმოსილებით, ღვთაებრივი ძალის გამოვლენით. ჯოჯოხეთშიც გამობრწყინდება მისი ღვთაებრივი მხურვალება, რომლის ალს წინ ვერაფერი დაუდგება. შეიმუსრნენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი, წარწყედილი ეშმაკი და ბოროტი სულნი ძლეულ იქმნენ ქრისტე-მაცხოვრის მიერ. კვლავ უკვდავება მიანიჭა მან იმ კაცობრივ ბუნებას, რომელიც თვითონ შეიმოსა და გაგვიხსნა გზა სასუფეველში დასამკვიდრებლად. იოანეს სახარებაში ძე ღვთისა ასეთი სიტყვებით მიმართავს მამა ღმერთს, - მამაო, ესენი მე დავიხსენი, აღვადგინე; როგორც ჩვენ ვართ ერთი, ჩვენთან ერთად ესენიც იქნებიან ამ სიყვარულსა და დიდებაშიო.

ყველას ვულოცავ ბზობას და მოახლოებულ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს!

ახლა მინდა ვუპასუხო შეკითხვებსაც:

როგორ შეიძლება არ დავეთანხმოთ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) მოსაზრებას თეატრზე, რომელსაც იგი უწოდებს "შკოლას ცხოვნებისას". ასეთივე აზრი მაქვს მსახიობებზეც, რომლებიც განასახიერებენ პიროვნებისა თუ საზოგადოების როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებს.

თუ სწორად მახსოვს, ერეკლე მეორის დროს მსახიობობა სასულიერო სემინარიაში ერთ-ერთ განხრად ისწავლებოდა, სცენაზე კი იდგმებოდა ისეთი წარმოდგენები, რომლებიც ჩვენს ხალხს ასწავლიდა სამშობლოს სიყვარულს, რომ ბრძოლის დროს არ შეშინებოდათ თუნდაც ურიცხვი მტრისა, გამოეჩინათ სიმამაცე და თავდადება ქვეყნის დასაცავად, ამასთან, იგმობოდა ჯაბანი და ლაჩარი მეომარი, რომელიც უნდა მოეკვეთათ საზოგადოებიდან.

უფლისადმი, სამშობლოსა და მოყვასისადმი თავგანწირვა ხომ ქრისტიანული ზნეობის უმაღლესი იდეალია.

როგორც მოგეხსენებათ, ერეკლე მეორის ეპოქაში წიგნიერებამ და განათლებამ მაღალ დონეს მიაღწია, მაგრამ იყო ისეთი პერიოდი, როცა წერა-კითხვა ბევრმა არ იცოდა საქართველოში, ამიტომ ზოგჯერ თეატრი წიგნის ფუნქციასაც ასრულებდა.

ჩემი აზრით, სწორედ წიგნისა და თეატრის საშუალებით სწავლობს საზოგადოება, რა თვისებები უნდა იყოს მისთვის სანიმუშო და მისაღები, რა თვისებები - დასაგმობი და მოსაკვეთი, ამიტომ თეატრს უდიდესი აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს, რომელიც წარმოუდგენელია მსახიობის გარეშე.

მივესალმები ისეთ სამსახიობო ხელოვნებას, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული ცნობიერების განმტკიცების კეთილშობილურ საქმეში.

პასუხი მეორე შეკითხვაზე ასეთი იქნება:

მაცხოვარი სახარებაში ორ უმთავრეს მცნებაზე ამახვილებს ყურადღებას - სიყვარულზე უფლის მიმართ და სიყვარულზე მოყვასისადმი. თანაც გვასწავლის, - გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენიო. განმარტავს იმასაც, რომ ეს ორი მცნება ერთი და იგივეა, თუ ერთს იცავ, იგი მეორესაც უნდა შეესატყვისებოდეს, ან თუ მეორეს დაიცავ, ესეც იქიდან გამომდინარეა, რომ ღმერთი ხედავს შენს ღვაწლს და ამ მცნების დაცვაში არის დიდი სიყვარულის გამოვლინება. მტერი რომ ისე შეიყვარო, როგორც საკუთარი თავი და აკურთხებდე შენს დამაწყევარს, ამის მიღწევა უმაღლესი სულიერი კატეგორიაა. ამ დროს ადამიანი მთლიანად არის გამსჭვალული ღვთაებრივი თვისებებით და ემსგავსება უფალს, რომელიც თავისი ჯავრცმისა და წამების წუთებში ამბობდა: "შეუნდე, უფალო, რამეთუ არ იციან, რას სჩადიანო" და ჩვენთვის წარმოუდგენელი ტკივილებისას იმ ადამიანებზე ლოცულობდა, რომლებმაც ის ჯვარზე გააკრეს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მტრის სიყვარული შეუძლიათ და ლოცულობენ მათ დამაწყევარზე. ისინი უფლის მაგვარი განღმრთობილი ადამიანები არიან (რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკია მადლისმიერ მსგავსებაზე), რომლებიც მიჰყვებიან ამ მცნებას.

მოვიყვან ასეთ მაგალითს: სასულიერო პირმა ერთ-ერთი დიდგვაროვანი ამხილა. განრისხებულმა თავადმა მას სახეში სილა გააწნა. ამ მამამ მყის მეორე ლოყა მიუშვირა, როგორც ეს სახარებაში წერია: "თუკი გკრას ყვრიმალსა ერთსა, მიუშვირე მას ერთკერძოიცა იგი". თავადი მაშინვე გონს მოეგო, დაემხო მღვდლის ფერხთა წინაშე და ჩადენილის გამო მამისგან პატიება ითხოვა. აი, ასეთი ნაყოფი გამოიღო უფლის მცნების შესრულებამ. ზოგიერთი, რა თქმა უნდა, ვერ იღებს ამ მცნებას, უფრო სწორად, არ შეუძლია მისი დაცვა და იტყვის: თუ მან ერთი დამარტყა, მე ორი ან სამი დარტყმით მივაგებ საზღაურსო, რაც არასწორია. თუკი ჩვენც იმავე მოქმედებით ვუპასუხებთ ამის ჩამდენს, მაშინ რით განვსხვავდებით მისგან?

სახარების ყოველ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი ჩვენ ისე მოვირგებთ მას, როგორც საჭიროდ ვთვლით, მაშინ რეფორმატორები გამოვალთ, რასაც არაფერი ექნება საერთო ჭეშმარიტ რწმენასთან, ამიტომ აუცილებლად უნდა მივდიოთ უფლის სიტყვას. "აღმასრულებელი სჯულისაი სიყვარული არს" (ჰრომ. 13:10).

გწყალობდეთ ღმერთი და დაგლოცოთ უფალმა!
ბეჭდვა
1კ1