ბავშვივით სუფთა რწმენა უნდა შევინარჩუნოთ
ბავშვივით სუფთა რწმენა უნდა შევინარჩუნოთ
როცა გლობალიზაციის სახელით გაძალებენ საკუთარი ენის, კულტურისა და ისტორიის დავიწყებას და თურაშაულის ნაცვლად პანტას გაძებნინებენ, მაშინ გლობალიზაცია საზოგადოებას უკვე საშინელებად ეჩვენება

"ავტოპორტრეტი მზიან ღამეში" - ასე დავასათაურეთ რუბრიკა, რომლის საშუალებითაც გავეცნობით განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანთა მოსაზრებებს ჩვენ მიერ შემოთავაზებულ შეკითხვებზე.

ყოველ რესპონდენტს თავადაც მიეცემა შესაძლებლობა, მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე დასვას შეკითხვა, რომელსაც ჟურნალის იმავე ნომერში უპასუხებს მოძღვარი.

მკითხველთან ურთიერთობის ახალი ფორმატი ითვალისწინებს იმასაც, რომ სასულიერო პირი, რომელიც ანკეტის პასუხებზე სულიერ განმარტებას მოგვცემს და ნომრის მთავარი თემის ირგვლივაც გაგვიზიარებს თავის შეხედულებას, ჟურნალის ყოველ ახალ ნომერში შეიცვლება და ზოგჯერ შესაძლებელი იქნება, ეს მკითხველთა ინიციატივისა და თხოვნის გათვალისწინებითაც მოხდეს.

ვისაც ანკეტაში მონაწილეობისა და რედაქციასთან თანამშრომლობის სურვილი გაუGნდება, დაგვიკავშირდეს ტელეფონის ნომრებზე: 871-31-95-15; 31-95-15 ან 21-03-33.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის.

1. რა განსხვავებას ხედავთ თქვენსა და დღევანდელ თაობას შორის და რა დარGა თქვენში ბავშვური?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია).

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?

ნუგზარ ერგემლიძე, 55 წლის; პროფესიით მხატვარი; წერს სიმღერებს, ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებს; არის საქართველოს პარლამენტის წევრი; ჰყავს მეუღლე ანა ქადეიშვილი და შვილები ირაკლი, გიორგი და ნიკა.

1. "მე ჩემს დროს უფრო ვგავარ, ვიდრე მამაჩემს", - არ მახსოვს, ვის ეკუთვნის ეს ფრთიანი ფრაზა, მაგრამ ვეთანხმები.

მამაჩემის თაობა ძირითადად სტალინელებისგან შედგებოდა, ჩემი თაობა კი უფრო თამამი და პროტესტანტი იყო. ჩემს თაობას სხვა მუსიკა უყვარდა, ჩაცმულობაც სხვანაირი გვქონდა და, წინამორბედთაგან განსხვავებით, რწმენისადმი მეტი პატივისცემითაც გამოვირჩეოდით. ჩემი ახალგაზრდობის წლებში ისეთი სულიერი გარემო სუფევდა, რთული იყო გამოგეხატა შენი რელიგიური გრძნობები. ამ მხრივ დღევანდელი თაობა გაცილებით უფრო თავისუფალია, ისინი ადვილად ითვისებენ სიახლეებს, ახალ ტექნოლოგიებს, უმკლავდებიან ცხოვრებისეულ გამოწვევებს და მეტი პრეტენზიულობითაც გამოირჩევიან. მათი თავისებურება იმაშიც ვლინდება, რომ განსაკუთრებული ინტერესი ამოძრავებთ ქონების დაგროვებისა და ფულისადმი, სექსუალურადაც მეტ თავისუფლებას ავლენენ. რა თქმა უნდა, ბედნიერი გამონაკლისები აქაც გვხვდებიან. მხედველობაში მაქვს მათი მზარდი სწრაფვა განათლებისკენ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და ზრუნვა კარიერის მოსაწყობად. მათთან შედარებით ჩვენ ნაკლებრისკიანები ვიყავით.

ამასთან, ჩვენი თაობისგან განსხვავებით, კატასტროფულად იზრდება ნარკომანთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში, რაც ერის უდიდეს ტრაგედიად მიმაჩნია.

2. ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. მამაჩემი, მართალია, პარტიული იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საოცრად მოსწონდა აღორძინების ეპოქის მხატვრობა. მახსოვს, მიამბობდა, როგორ ეცვათ ანგელოზებს...

ბებიას ხშირად დავყავდი ეკლესიაში, სადაც ვაკვირდებოდი ფრესკებსა და ხატებს და ვცდილობდი ნანახის ქაღალდზე გადატანას.

დღემდე ვერ ვივიწყებ მგალობელთა ხმაშეწყობილ გალობას და საკმევლის სურნელს. ეკლესიაში ყველაფერი ლამაზი, იდუმალი და ამაღლებული იყო.

ოთხთავი სტუდენტობის დროს წავიკითხე. ამის შემდეგ იმდენად დავინტერესდი სარწმუნოებით, ვცდილობდი, სხვადასხვა წყაროდან მომეპოვებინა რელიგიური თემატიკის ინფორმაცია. ასე თანდათანობით იმკვიდრებდა ადგილს ჩემს ცხოვრებაში რწმენა, რომელიც დღემდე არ გამნელებია. ხილული თუ უხილავი სამყარო ღმერთის შემოქმედების ნაყოფია, - ასე ვფიქრობდი მაშინაც და ასე მწამს დღემდე.

3. "სულ არ მოვალ ქვეყანაზე, შენ რომ არ მეგულებოდე..." - სიმღერაში ალბათ არსად თქმულა ასეთი სიტყვები, აღარაფერს ვამბობ ქართულ "მრავალჟამიერზე", რომელშიც მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მეორდება და მუსიკალური საფეხურებით მაღლდება მრავალხმიანი მელოდიურობით, მაგრამ რადენი რამ არის გადმოცემული ამ ერთი სიტყვით! ჩვენს ყოველ საგალობელში ხომ ქართული ნიჭის, სულისა და გენის უკვდავება და მარადიულობა შეიგრძნობა. ან ქართულ ცეკვას რა შეედრება, რომელიც განფენილია დროსა და სივრცეში...

დღეს თითქოს იმძლავრა ჩვენს ქვეყანაში არაქართულმა სულმა. თუ დავაკვირდებით, ასეთი სულის მატარებელი ადამიანები თავიანთი გარეგნობით, ჩაცმულობითა და მიწიერებასთან დამოკიდებულებითაც გამოირჩევიან სხვებისგან. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გლობალიზაცია დღეს არ დაწყებულა. ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიოს, მოგვიანებით კი ტელევიზიის გამოგონებამ, მსოფლიო მუსიკამ და მოდამ კარგა ხანია დაიწყო სხვადასხვა ქვეყნისა და ეროვნების ადამიანთა გაერთიანება. ჩვენს წინაპრებსაც, მაგალითად, წმინდა ილია მართალს, ჩოხის ნაცვლად სმოკინგი ეცვათ, მაგრამ იმდროინდელ ადამიანებს იმდენად დიდი ეროვნული მუხტი ჰქონდათ და ქართული სულიYაერთიანებდათ, რომ ამაღლდნენ ყოველივე წარმავალსა და ამქვეყნიურ ამაოებაზე. დღევანდელ საქართველოსაც სჭირდება ასეთი სულის ადამიანები.

გლობალიზაცია და საქართველო - ეს ამოუწურავი თემაა, მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.

4. მოძღვართან ასეთი შეკითხვა მექნება: როდესაც ადამიანი სასულიერო პირი ხდება, როგორ დამოკიდებულებას ინარჩუნებს თავის სულიერ მამასთან, იმ პიროვნებასთან, რომელიც მისი მოძღვარი იყო?

KARIBCHEთამარ კიკვიძე, 52 წლის; პროფესიით ფსიქოლოგი, ჟურნალისტი; წმინდა ნინოს სახელობის საპატრიარქოსთან არსებული სკოლის ზოგადი უნარების (ლოგიკის) პედაგოგი; ჰყავს მეუღლე ლერი მიქაბერიძე და ორი შვილი სოფიო და ბექა.

1. მოდით, ასე ვთქვათ: 20-30 წლით დაშორებული ადამიანები ერთმანეთის შეფასებისას ყოველთვის - ნებისმიერ საუკუნეში ერთსა და იმავე განსხვავებებს აღმოაჩენდნენ და აღმოაჩენენ ახლაც. უფროსები ყოველთვის ვსაყვედურობთ სიზარმაცეს, დაუფიქრებლობას, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, ზედმეტ სითამამეს (თავხედობას?); უმცროსები ყოველთვის "გვახსენებენ", რომ "ახლა სულ სხვა დროა", რომ ჩვენ არ ვართ მათსავით თავისუფლები, ან "რა გაგვიკეთებია" (?). მაგრამ "ჩვენც ხომ ვიყავით მათი ხნის და ისინიც ხომ იქნებიან ჩვენი ხნის"?

მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ყველა საყვედურშია, მათი რადიკალიზმი მაინც ერთმანეთის არმოსმენასა და გაუგებრობას ეფუძნება (ვერც ეს ვიწავლეთ "ადამ და ევადან").

და თუ მაინც ჩვენს შვილებზე ვილაპარაკებთ - ისინი პოტენციურად საკმაოდ ნიჭიერები არიან, საკმაოდ თამამები, გაბედულები, დამოუკიდებლები, ემოციურები, სურვილიც აქვთ და შესაძლებლობაც ცვლილებების მოხდენისა. შეიძლება ნაკლებ წიგნს კითხულობენ, მაგრამ უყურებენ ფილმებს; შეიძლება მიწასთან აღარ აქვთ კავშირი (ყველა ქალაქში ან საზღვარგარეთ გარბის), მაგრამ ფლობენ ტექნიკას, იციან უცხო ენები, ცხოვრობენ საზღვრებმოშლილ მსოფლიოში უდიდესი და მრავალგვარი ინფორმაციის ნაკადქვეშ (ეს კარგიც არის და ცუდიც); შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე სფეროთი დაკავდნენ; არიან მორწმუნენი; უსმენენ უცხოურ მუსიკას, თუმცა ამავე დროს ყველამ იცის ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა; შეიძლება არ იციან, რას სწავლობს ფიზიკა, მაგრამ თანატოლივით გელაპარაკებიან ცხოვრებისეულ პრობლემებზე, სიყვარულზე, თუნდაც პოლიტიკაზე.

მაგრამ: სჯობს, ცოტა მეტი იფიქრონ სხვაზე, იცოდნენ სხვისთვის ანგარიშის გაწევა, ცოტა მეტად ეტკინოთ ან გაუხარდეთ მოყვასის, იცოდნენ, რომ ადამიანი არასოდეს ცხოვრობს მარტო (საბედნიეროდ); ნიუანსებს მიაქციონ ყურადღება - იცოდნენ, რომ ისინიც, წვრილმანებიც, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მსხვილმანები და მათგან იგება "დიდი და მნიშვნელოვანი" ცხოვრება; ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ საქმის მიმართ, ცოტა მეტი გულმოდგინება, ნაკლები ამპარტავნება; სულიერი ამჯობინონ მატერიალურს; იცოდნენ, რომ მიზნის მიღწევა ყველანაირი საშუალებით არ შეიძლება; ყველაფერი ცვალებადი არ არის, არსებობს უცვლელი და მყარი ღირებულებები; ბოლოს და ბოლოს, მათი ვალია საქართველოს კი არა, მსოფლიოს სიკეთისკენ შემობრუნება (ეს კი ნამდვილად სჭირდება მსოფლიოს).

მე რა შემრჩა ბავშვური? ალბათ ის, რომ დაუფიქრებლად ვენდობი ადამიანებს და რასაც მეტყვიან, ყველაფერს ვიჯერებ (საბედნიეროდ). რა თქმა უნდა, დაეჭვებაც შემიძლია და უკან მოხედვაც, მაგრამ ეს ასაკის ბრალია. ისევ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემიძლია გულით გამიხარდეს და მეწყინოს რაღაც; აღარ ვაკეთებ, თუმცა დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი საქანელაზე, სასრიალოზე...

მამაჩემს, ყარამან კიკვიძეს, აქვს ერთ ადგილას ჩაწერილი: "ჟორჟ დიუამელი: "5 წლამდე ყველა გენიოსია".

ამის თქმაც გენიალობაა. მაგრამ, აი, როგორ ესმით გენიალური ნათქვამი სხვებს: საჭიროა, ხუთ წლამდე ვასწავლოთ ბავშვებს ყველაფერი. იმას კი არ დაგიდევენ, რომ მაშინ ხუთ წლამდეც ვეღარ იქნებიან ბავშვები გენიოსები. ჩარევაა, გენიოსობას რომ უკარგავს ბავშვებს".

რატომ გამახსენდა და რა მინდა ვთქვა: პირადად მე არ ვეთანხმები კანონს 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანის შესახებ. არასოდეს მირჩევია ახლობლებისთვის, ადრე შეეყვანათ შვილები სკოლაში. გაცილებით მომწონდა და მომხრე ვიყავი კანონისა, რომელიც მე-12 კლასის შემოღებას და 17-18 წლის ასაკში სკოლის დამთავრებას ეხებოდა, იმიტომ რომ ამ ასაკში პიროვნება შედარებით უკვე ჩამოყალიბებულია ფსიქო-ფიზიოლოგიურად და შეუძლია, სწორად აირჩიოს მომავალი ცხოვრების გზა. მაგრამ იკითხა ვინმემ, მზად არის თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლისთვის?! დღემდე ვერ მოხერხდა მე-12 კლასის სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბება, ვერ მოგვარდა მეთორმეტეკლასელთა მიერ გაკვეთილების გაცდენის პრობლემა. მაგრამ არის კი პროგრამა მომზადებული ხუთწლიანი პირველკლასელებისთვის? სკოლა ხომ ნიშნავს (უნდა ნიშნავდეს) ცხოვრების ახალ ფორმას, ახალ სტილს; ამ ასაკში ბავშვებს აქვთ თუ არა და ხომ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი იმისა, რომ იწყებენ ახალ ცხოვრებას? მოითხოვს თუ არა სკოლა ახალ რეჟიმს, ბავშვობის (საბავშვო ბაღის) პერიოდისგან განსხვავებულ დისციპლინას; მოითხოვს თუ არა სწავლების ახალი ფორმა მეტ ყურადღებას, მეტ მოთმინებას; უნდა ვასწავლოთ თუ არა წერა-კითხვა პირველ კლასში, უნდა ვასწავლოთ თუ არა ცნებების განზოგადება?.. ისიც უნდა გვახსოვს, რომ ხერხემალი და კუნთები ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ამ რეჟიმისთვის. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს გაკვეთილი? იფიქრა ვინმემ ამაზე? იფიქრა ვინმემ, საჭიროა თუ არა ამ ტვირთის აკიდება 5 წლის ბავშვისთვის (რომელმაც ჯერ უნდა ითამაშოს და თამაშში ჩამოყალიბდეს, წარმოსახვაში ნელ-ნელა თვითონ შეიტანოს რეალობა, რათა ნაკლებად მტკივნეული იყოს სინამდვილესთან შეხვედრა; ჩვენ კი არ ვაძლევთ ახალი ცხოვრების დაწყებისთვის მოსამზადებელ პერიოდს) და რას მოგვცემს მოთხოვნასა და შესაძლებლობას შორის განსხვავება მომავალში? რატომ ვივიწყებთ, რომ პათოლოგიების, სტრესებისა და დისკომფორტის საფუძველი სწორედ ეს შეუთავსებლობაა? ის, რომ დღევანდელმა 5 წლის ბავშვმა იცის კომპიუტერთან ურთიერთობა ან მობილურ ტელეფონზე გარკვეული ოპერაციების შესრულება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია შინაარსობრივი, ზოგადი ცნებებით აზროვნება, ანალიზი, დასკვნის გამოტანა, - რის დაუფლებაზეც არის, სხვათა შორის, დამოკიდებული სწავლის უნარიც და სურვილიც (ნუღარ გავიკვირვებთ, როცა IV ან IX-X კლასებში იქნებიან, რომ ვერ დაძლევენ პროგრამას და აღარ ენდომებათ სწავლა, ადვილად დაიღლებიან, იზარმაცებენ, არ დაესწრებიან გაკვეთილებს, კონფლიქტი ექნებათ მასწავლებლებთან და მშობლებთან); სასურველზე მეტი აკრძალვა, რასაც ბუნებრივად მოითხოვს გაკვეთილის რეჟიმი, თავისუფალი პიროვნების ნაცვლად ხომ არ მოგვცემს დათრგუნულ ან ზედმეტად აგრესიულ თაობას? ხომ არ მოგვცემს მუდმივად ინფანტილურ (ბავშვობის - დაკარგულის აღდგენის მსურველ) თაობას? ექნებათ კი მიზნის განსაზღვრის, გადაწყვეტილების მიღების ან კონკრეტულ სიტუაციაში არჩევანის გაკეთების უნარი? შეიძლება ვინმემ ძველმოდურიც მიწოდოს (საბჭოთა კავშირის დროინდელი), მაგრამ ხომ არ ჯობია, 5-ის კი არა, ისევ 7 წლისანი შევიყვანოთ სკოლაში? ქართული ტრადიციით, ასკობრივი გარდატეხის წლებია 3X7 ან 6X7, 9X7, 12X7. იქნებ სასწავლო პროგრამა მოვარგოთ ბავშვებს და არა ბავშვები სასწავლო პროგრამას? რატომ ვივიწყებთ, რომ შვილის მომწიფებას დედის მუცელში XXI საუკუნეშიც 9 თვე სჭირდება (შვიდთვიანები გამონაკლისები არიან) და 1-2 წლის ასაკში ყალიბდება მეტყველების უნარი (თუმცა გამონაკლისები აქაცაა)?

2. ალბათ, ბავშვობიდან... როცა დედაჩემს დავყავდი სიონში და სამებაში... ალბათ, დაბადებიდან თან ჰყვება რწმენა ადამიანს. უფალი მუდამ მასთანაა, უბრალოდ, გაცნობიერება ხდება შემდეგ, მიხვედრა... მერე სწავლობ ეკლესიური ფორმით ცხოვრებას...

რა თქმა უნდა, დავდივარ ეკლესიაში, ვანთებ სანთელს, ვამბობ ლოცვებს, ფიქრში ყოველწამიერი ურთიერთობა მაქვს უფალთან ("ღმერთი ჩვენშია და ჩვენზე ძლიერი..." - ყ. კიკვიძე), შემიძლია მონანიება. ამ ბოლო დროს თანმიმდევრულად ვიცავ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვებს. რამდენჯერმე ცხადად მიგრძნია ორი სამყაროს გაერთიანება. მყავს ნათლულები, ჯვარი ეკლესიურად მაქვს დაწერილი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ სისტემურ ეკლესიურ ცხოვრებას, მრცხვენია, მაგრამ ჯერ არ მითქვამს აღსარება და არ მყავს მოძღვარი (საბედნიეროდ, ჩემს შვილებს ჰყავთ).

3. "მზიანი ღამე" ხომ ღმერთის დეფინიციაა. ღმერთი ერთდროულად შეიცავს ორ ბუნებას, რეალურს და არარეალურს, მატერიალურს და სულიერს, ხილულს და უხილავს, მოკვდავს და უკვდავს...

თაობაზე ვლაპარაკობდით და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორად არის ახალგაზრდა თაობა გაყოფილი - არიან ცდუნებას აყოლილნიც და არიან მომთმენნიც, არიან ზარმაცებიც და არიან ბეჯითებიც... საერთოდ, საზოგადოება გაიყო ორად. მე მგონი, მთელი მსოფლიოც... არისტოტელემაც პირობითად ორად გაყო ცნებები, რომ დასკვნების გაკეთება შესაძლებელი ყოფილიყო ლოგიკაში, მაგრამ, ამავე დროს, შემოქმედებაში ხომ ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ დაპირისპირებათა შერწყმა, გაერთიანება და ერთობლიობის მოცემაა - შავი და თეთრი ფერის შეთავსება, წარმოსახულის და სინამდვილის, ტრაგიკულის და კომიკურის, თუნდაც პოეზიის და პროზის თავსებადობაა საინტერესო... მართლმადიდებლობაც ხომ ამ ორის - სულიერის და ხორციელის, სიკვდილ-სიცოცხლის, ღვთაებრივის და ადამიანურის გაწონასწორებას, ზომიერების შენარჩუნებას გულისხმობს... იქნებ, დღევანდელობაში ეს გაყოფა, გამიჯვნა საწინდარია დასკვნებისა და არჩევანის გაკეთებისა? რა თქმა უნდა, სიკეთისკენ (წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობას აზრი ეკარგება, რაც არ არის კანონზომიერი).

გლობალიზაციის პროცესი, რასაც ის თავიდან გულისხმობდა, კარგა ხანია დამთავრებულია - ყველა გაერთიანებაში (თუნდაც პოლიტიკურში ან სახელმწიფოებრივში) ყველა ცდილობს საკუთარი მეობის შენარჩუნებას, იქმნება გაერთიანებები, მაგრამ ჩნდება ახალი სახელმწიფოები (ესეც ხომ არ არის ორად დაყოფა ან პირიქით, ორის თავსებადობა?). გენურმა ინჟინერიამ მოიცვა მთელი მსოფლიო, მაგრამ იგივე მსოფლიო აშკარად გრძნობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების საჭიროებას; პოლიტიკაშიც გაჩნდა "თანამშრომლობა" (ამერიკა-რუსეთი), "მოლაპარაკებები" და სხვა (დადებითი) ტერმინები; ამდენმა სტიქიურმა მოვლენამ არ შეიძლება ბუნების მოფრთხილებისკენ, დადებითი მომენტების ძებნისკენ არ მიაბრუნოს ადამიანები; მე მგონი, დამთავრდა აგრესიული პოლიტიკის, არაპროფესიონალიზმის, ტყუილის დრო. სურვილი სურვილად, მაგრამ ვგრძნობ, რომ დადგა კიდეც შემობრუნების დრო - "ჟამი აღდგენისა", "ჟამი შენებისა"... საქართველოს შეუძლია მსოფლიოში თვისი ადგილი დაიკავოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით და "ეკოლოგიურად სუფთა" ადამიანური ურთიერთობებით, ზნეობით (რომელზეც უკვე ბევრს ლაპარაკობენ არა მარტო მხატვრულ ფილმებში, არამედ ჟურნალისტურ რეპორტაჟებშიც მსოფლიოს არხებზე. სამწუხაროდ, ქართული ჟურნალისტიკა ცოტა აგვიანებს ამის გაცნობიერებას).

4. არ ვიცი... მახსენდება: "ადამიანი პასუხისმგებლობაა" - ეგზიუპერი; "ადამიანი მოთმინებაა" - ოთარ ჭილაძე; "ადამიანი ფიქრია" - ყარამან კიკვიძე, "შექმნა ხატად თვისად" - ძველი აღთქმიდან... რა არის ადამიანი?.. ძალიან ზოგადი კითხვაა, მაგრამ მაინც... და - რა შეგვიძლია დღეს?

KARIBCHEთეიმურაზ გვანცელაძე, 58 წლის; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ჰყავს მეუღლე გულნარა კეზელაძე და ქალიშვილი გვანცა.

1. უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ იმის გამო, რომ საშუალება მომეცა, ჩემი შეხედულებები გავაცნო თქვენს მკითხველს.

რაც შეეხება სხვაობას თაობებს შორის, პირადად მე ვეთანხმები აკაკი წერეთლის თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, თაობა მხოლოდ ასაკობრივი ნიშნით კი არ განისაზღვრება, არამედ იმით, თუ რა პრინციპული ნიშნებით განსხვავდება ახალგაზრდათა ჯგუფის მსოფლმხედველობა, სიტყვა და საქმე მასზე უფროსთა ჯგუფის მსოფლმხედველობის, სიტყვისა და საქმისგან. აკაკი არ გამორიცხავს ისეთ შესაძლებლობასაც, როცა ასაკით ახალგაზრდა ადამიანი მოძველებულ თვალსაზრისს იცავს და სიტყვითა და საქმით ჩამორჩენილია, ან ასაკოვანი ადამიანი წინ უსწრებს თავისზე ახალგაზრდებს სიახლის გრძნობით და ამ სიახლის დანერგვისთვის პრინციპულ ბრძოლაში ებმება. ამგვარ შემთხვევებში ახალგაზრდა ძველ თაობას შეიძლება მივაკუთვნოთ, ხოლო ასაკოვანი ადამიანი - ახალ თაობას.

აკაკის ამ მწყობრი თვალსაზრისიდან თუ ამოვალთ, ამჟამინდელ საქართველოში ორი თაობა გვყავს: უპირატესად ასაკოვან ადამიანთაგან შემდგარი თაობა, რომელიც იცავს ძველ თვალსაზრისებს ცხოვრების სხვადასხვა საკითხის შესახებ, და ახალი თაობა, რომელიც იბრძვის ახლებური თვალსაზრისების დანერგვისთვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ორივე ჯგუფში შემავალ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სწორედ მათი პოზიციაა ჭეშმარიტი და მეორე ჯგუფი უნდა იზიარებდეს მას.

რა თქმა უნდა, ორივე ჯგუფის ყველა შეხედულება ვერ იქნება ჭეშმარიტება, რაც იწვევს დაპირისპირებას ამ ჯგუფებს შორის. პირადად მე ვთვლი, რომ რაციონალური მარცვლები ორივე თაობის პოზიციაშია და ერისა და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ძველი თაობის ცხოვრებისეული გამოცდილების გონივრული შერწყმა ახალი თაობის რაციონალიზმთან, ახლებურ ხედვასთან, ახალ ტექნოლოგიებთან. ძველი თაობა არც ისე დიდი ხნის წინ თვითონ იყო ახალი თაობა და უპირისპირდებოდა თავის წინა თაობას. ძველ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრება მუდმივად ვითარდება და წინ მიდის, მაგრამ ახალმა თაობამაც უნდა იცოდეს, რომ კაცობრიობამ მის გაჩენამდე შექმნა უამრავი სიახლე, ისეთი ღირებულებები, რომლებიც ფასს არასოდეს დაკარგავს და ხელშეუხებელია. ასეთი წარუვალი და მარადიული ღირებულებებია: ღვთის რწმენა, ათი მცნება, პატრიოტიზმი და მრავალი სხვა. ახალ თაობას ისიც გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი ცოდნა, მისი თავისუფლება წინა თაობების ბრძოლის შედეგია და ციდან არ ჩამოვარდნილა; რომ უფლებები მოვალეობების გარეშე არ არსებობს...

ამ ზოგადი შესავლის შემდეგ მოგახსენებთ, რომ ჩემს თაობას დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია. ჩვენ ვიზრდებოდით უღმერთოების, უსამართლობისა და ტოტალიტარიზმის ოფიციალური ბატონობის პირობებში. ახლანდელი ახალგაზრდებისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენ გვიმალავდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ფაქტებს, გვასწავლიდნენ გაყალბებულ ისტორიას, გვიშლიდნენ ეროვნულ საკითხებზე ფიქრსაც კი, გვიმალავდნენ უცხოური კულტურისა და ტექნოლოგიის მიღწევებს და ა.შ. მაგრამ ჩვენი წინა თაობის ღირსეული წარმომადგენლები მაინც ახერხებდნენ ესწავლებინათ ჩვენთვის, რა არის კარგი და არ - ცუდი. აკაკი წერეთლის ზემოხსენეული თვალსაზრისის გაზიარების შემთხვევაში უნდა დავასკვნათ, რომ ძველ თაობას განეკუთვნებიან ისინი, ვინც გონივრული სიახლის წინააღმდეგია და არ მოსწონს არაფერი ახალი, ხოლო ახალ თაობას უნდა მივაკუთვნოთ ყველა ის ადამიანი, ვინც გონივრული წინსვლის მომხრეცაა და ხელსაც უწყობს ამ სიახლეთა დანერგვას.

რაც შეხება იმას, თუ რა დარჩა ჩემში ბავშვური, მოკლედ მოგახსენებთ: ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სოფელში ყოფნა და მოხუცების დინჯი საუბრისა თუ მათი თბილი ხუმრობების მოსმენა. ახლაც სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი მოხუცებთან და მოვუსმენდი მათ ძარღვიან და ტკბილქართულ საუბარს; ახლაც მიყვარს ოცნება და ოცნების კოშკების აგება. ბავშვობაში ქუჩაში სამმანეთიანი ვიპოვე და ხმამაღლა ვიკითხე, ვისია ფული-მეთქი. ერთმა მითხრა, ჩემიაო. ფული რომ გამომართვა, ჩამილაპარაკა, ცოდვა ხარ, ბიძია, ასე თუ გააგრძელებო. მე არც მაშინ გამჩენია სხვისი ქონების მითვისების სურვილი, არც ახლა მაქვს ასეთი განზრახვა და ეს მახარებს.

2. მე მაშინ დავიბადე, როცა მეორე მსოფლიო ომი 6 წლის დამთავრებული იყო. ჩემმა ბავშვობამ 50-60-იან წლებში ჩაიარა, როცა მოსახლეობის უმრავლესობას უჭირდა არა მარტო მატერიალურად, არამედ სულიერადაც. იდევნებოდა ეკლესია, დახურული იყო ტაძრები, რომლებსაც ან საწყობებად და აბანოებად იყენებდნენ, ან მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობად აღგვაქმევინებდნენ. ღმერთი და წმინდანები მხოლოდ კლასიკურ ლიტერატურულ ნაწარმოებებში იხსენიებოდა და მათი ანალიზის დროს სავალდებულო იყო იმის ხაზგასმა, რომ ავტორი ცდებოდა, როცა ყოვლის წარმმართველ ძალად ღმერთს აცხადებდა. ასეთ პირობებში ღვთის რწმენის მასობრივად შენარჩუნება შეუძლებელი იყო. მაგრამ, ღვთის მადლით, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ღვთის რწმენა შენარჩუნებული ჰქონდათ და ცდილობდნენ, სხვებსაც არ დაეკარგათ იგი.

მამაჩემი რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო. მას 1937 წელს მამა და ბაბუა დაუხვრიტეს, მაგრამ იგი მაინც გვასწავლიდა მე და ჩემს და-ძმას, რომ ღმერთია ყოვლისშემძლე, რომ ადამიანმა უნდა დაიცვას ღვთის მცნებები, მხარში დაუდგეს გაჭირვებულ მოძმეს, თავი აარიდოს ცოდვას და ა.შ. გულახდილად გეტყვით, რომ მამის ჩაგონებებს ძალა დიდხანს არ ეყო და სკოლის, პრესის, მხატვრული ლიტერატურის ზეგავლენით მეც ერთი ურწმუნოთაგანი გავხდი. ასე გაგრძელდა დიდხანს. ჯერ კიდევ ამ ათი წლის წინ მიჭირდა სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერაც კი. სამწუხაროდ, ახლაც ვერ დავიჩემებ, რომ სამაგალითო მორწმუნე ვარ, მაგრამ ვცდილობ, განვმტკიცდე რწმენაში, თუ ღვთის ნებაც იქნება.

3. ეს გამონათქვამი მრავლისმთქმელია. ჩემი აზრით, იგი გულისხმობს შემდეგს: კაცობრიობა დღეს ცოდვის მორევშია ჩაფლული და ირგვლივ ღამესავით ბნელი ატმოსფეროა, მაგრამ არსებობს უფალი, იგი უპატრონოდ არ ტოვებს თავის გზააბნეულ სამწყსოს, რომელშიც მადლით სხივმოსილი ადამიანებიც არიან. ეს მადლიანი ადამიანები ღმერთთან ერთად კაცობრიობის მზეები არიან. მათი ღვაწლით დაიძლევა ცოდვა და გაბრწყინდება სამყარო. თუ ამ სიტყვებს საქართველოზე გადმოვიტანთ, მაშინ ასეთი რამ შეიძლებოდა გვეგულისხმა: საქართველომ საუკუნეთა მანძილზე უამრავი მომხდურის შემოტევა გადაიტანა. იყო პერიოდები, როცა ერისა და ქვეყნის ყოფნის საკითხი ბეწვზე ეკიდა. მაგრამ, ღვთის ნებით, ყოვლის წამლეკავ სიბნელეში მზესავით გამოანათებდნენ ღვთის კაცები: მირიანი, ვახტანგ გორგასალი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე მარუშისძე, დავით აღმაშენებელი და უამრავი სხვა, რომლებიც ნებით იტვირთავდნენ ერის წინამძღოლის წმინდა და მძიმე მისიას.

დღესაც გლობალიზაციის სახელით აფუთფუთდნენ ბნელი ძალები, რომლებიც ებრძვიან ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, სამაგიეროდ კი ადამიანის გაპირუტყვებისკენ წამბიძგებელ ყალბ "ღირებულებათა" დანერგვას ცდილობენ. გლობალიზაცია თავისთავად საშიში სულაც არ არის, თუ სწორად გავიგებთ მის მიზნებს. რა სჯობს იმას, რომ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, ნაკლები დროის, ენერგიისა და ფულის დახარჯვის ფასად მიიღოს მაქსიმალურად სრული ინფორმაცია დედამიწის ნებისმიერი, თუნდაც ძნელად მისადგომი რეგიონიდან, ისწავლოს იმ სასწავლებელში, რომელიც ყველაზე უკეთესად მიაჩნია, დაამყაროს სასურველი საქმიანი ურთიერთობა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მოსაქმე კოლეგებთან, დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილ შორეული ქვეყნის მოსახლეობას... ამ საკითხების გადაწყვეტის გაიოლება გლობალიზაციის უმთავრესი სიკეთეა, მაგრამ როცა გლობალიზაციის სახელით გაძალებენ საკუთარი ენის, კულტურისა და ისტორიის დავიწყებას და თურაშაულის ნაცვლად პანტას გაძებნინებენ, როცა მოზარდს უნერგავენ აზრს, რომ მთავარია შენი უფლებები მოვალეობების გარეშე, მაშინ გლობალიზაცია საზოგადოებას უკვე საშინელებად ეჩვენება და სამართლიანადაც, ვინაიდან ეს ყალბი ღირებულებები სწორედ გლობალიზაციის სახელით ინერგება. ამიტომ მთავარია, უშეცდომოდ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ღამის უკუნი და მზის სხივი, სიკეთე და ბოროტება, მადლი და ცოდვა. თუ ამას შევძლებთ, მაშინ ღამის სიბნელეში მიმალული მზის სხივი გაძლიერდება და დადგება კაშკაშა დღე.

4. მოძღვართან შეკითხვა არ მაქვს.

KARIBCHEგვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი, სიონის ტაძრის მოძღვარი მამა ბესარიონი (ცინცაძე).

- მამა ბესარიონ, ვიდრე ანკეტის კითხვებზე ვისაუბრებდეთ, კარგი იქნება შევეხოთ ჟურნალის დღევანდელი ნომრის მთავარ თემას. როგორ გავიგოთ მაცხოვრის სახარებისეული სიტყვები: "იყავით ვითარცა ყრმანი"?


-ადრეული ბავშვობიდან ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად განიცდის ცვლილებას, წინსვლას. ვინაიდან ყრმას ჯერ კიდევ არ გააჩნია გონიერება, ცხოვრებისეული გამოცდილება და, ამდენად, საფრთხესაც ვერ აცნობიერებს, ამიტომ ძირითადად მშობლებზეა მინდობილი. იგი უფროსებისგან ზოგჯერ ტირილით ითხოვს დახმარებას, მაგრამ თუ დედა ეტყვის, "ეს არ შეიძლებაო", დაჰყვება დედის ნებას და მშვიდდება. განსხვავებით მოზრდილისაგან, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მაინც ცდილობს მიაღწიოს თავის საწადელს. როდესაც მაცხოვარი ბრძანებს: "იყავით ვითარცა ყრმანი", ეს იმას ნიშნავს, ვიყოთ ისეთივე მიმნდობნი, როგორებიც ყრმები არიან თავიანთი მშობლებისადმი. მთავარეპისკოპოს იოანე შახოვსკის განმარტებით, მშობელს მინდობილი ახალფეხადგმული ჩვილი თვით ცეცხლშიც კი მიჰყვება დედას თუ მეურვეს. ზოგიერთ ადამიანი კი, როდესაც სიბნელის საშიშროებას უხსნიან და სინათლისკენ უბიძგებენ, ისეა გაჯიუტებული, არ იჯერებს და მაინც სიბნელისკენ იწევს. რასაკვირველია, ჩვილი მატარებელია პირველყოფილი ცოდვისა, მაგრამ მისი სასმენელნი ჯერ კიდევ არ არიან შესვარულნი, მათ ხელებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. მისი სული შეურყვნელია, თვალები - სუფთა და უმანკო, რომლებიც ზეციურ ანგელოზებს ჭვრეტენ და ისიც სიხარულით უღიმის მათ. სწორედ ამის გამო ვერ ბედავს ბოროტი მასთან მიახლოებას. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავიანთი მერყეობისა და სიჯიუტის გამო სცილდებიან უფალს და ეშმაკის ნების შემსრულებელნი ხდებიან. ამიტომაც გვებრძანა: ადამიანის სულიერი სრულყოფა ეკლესიის წიაღში ხდებოდეს.

მღვდელმთავარ იოანეს სწავლებით, სახარების მიხედვით რომ ვიცხოვროთ, ბავშვივით სუფთა რწმენა უნდა შევინარუნოთ, უნდა გავყვეთ ჩვენს მოძღვარს ყოველგვარი განსჯისა და გადახვევის გარეშე. არ მივენდოთ მხოლოდ საკუთარ გონებას. ნუ შევეწინააღმდეგებით და ჩავეძიებით, უკეთუ გვეუბნებიან, "არ შეიძლება". "იყავით ვითარცა ყრმანი" - მაშასადამე, "ნუ მიძვრებით იქ, სადაც არ შეიძლება, რომ არ ჩამოვარდეთ. დაიცადეთ, რომ უფროსები დაგეხმარონ, ნუ წახვალთ თქვენით, გამოცდილების გარეშე... გიყვარდეთ მამა თქვენი ზეციერი, როგორც ჩვილს უყვარს დედამისი.

ყრმა მანამდე ყვირის, სანამ არ მოუსმენენ - იყვირეთ თქვენც! იყავით ვითარცა ყრმანი - გვასწავლის მაცხოვარი, მაშასადამე, ყველაფერში მათ მიემსგავსეთ, განაგდეთ ბოღმა და გაიწვდინეთ ხელები.

ყრმას დედის მკლავებში არაფრისა ეშინია - თქვენც უსაფრთხოდ იგრძენით თავი ზეციური მამის გვერდით, მიენდეთ მის ძლევამოსილებას და ძალას. მაშინ უფალი დაგიცავთ, რამეთუ მამას უყვარს თავისი შვილები, რომლებიც ენდობიან და უყვართ იგი. გიყვარდეთ ერთმანეთი განურჩევლად, რამეთუ ბავშვები ეთამაშებიან ერთმანეთს და უყვართ ერთმანეთი, თუნდაც ერთი მეფის შვილი იყოს, მეორე კი გლახაკისა..."

თაობათა შორის სხვაობა სრულიად ბუნებრივია, რადგან ადამიანი თავისი ცხოვრების ყოველ ეტაპზე ვითარდება, ხდება ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს - ჩვენი ზნეობა, მორალი და წეს-ჩვეულებები, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ქართველი კაცის ქცევა, ღირსება, კეთილშობილება, თავდაჭერილობა და ტოლერანტობა ყოველთვის მისაბაძი და სამაგალითო იყო. ჩვენი წინაპრები ჩაცმულობითაც კი გამოირჩეოდნენ სხვებისგან. მართალია, ცხოვრება წინ მიდის, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სახე და თვითმყოფადობა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, უარვყოთ ყოველივე უცხოური. ისტორიულად, ქართველებს ყოველთვის მოგვწონდა სხვა ქვეყნებიდან ის, რაც ჩვენთვის მისაღები იყო. ამიტომაც გვაქვს ალბათ ლექსიკონში სიტყვა "საუცხოო", რასაც კარგზე აღმატებულის შეფასებისას ვიყენებთ. დღეს, ისე როგორც არასდროს, საშუალება მოგვეცა სხვადასხვა ქვეყანასთან დაახლოებისა, მაგრამ ყოველივე უცხოურის ბრმად გადმოღება და დანერგვა უგუნურება იქნება, რადგან პატარა ქვეყნის შვილები ვართ და წარსულისადმი მეტი მოკრძალება და პატივისცემა უნდა გაგვაჩნდეს. ცხელი კონტინენტის მცხოვრებნი ნახევრად შიშვლები დადიან. ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა შეგნებულად ბაძავს მათ და ამას მოდას უწოდებს. "თავისუფლების" ამგვარი გაგების დამკვიდრებას ხელს უწყობს კომპიუტერი, ტელევიზია, მასმედია, მაშინ როცა ჩვენს შვილებს სიყრმიდანვე ღვთის სიტყვით უნდა ვასაზრდოებდეთ, მოვუთხრობდეთ ჩვენს დიდებულ წინაპრებზე და საქართველოს გმირულ წარსულზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ საღმრთო სიბრძნე ყველაფერზე აღმატებულია და თუ გვინდა, ისინი ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები გახდნენ, პირველ რიგში, სამშობლოსა და დედაეკლესიის სიყვარული უნდა ჰქონდეთ - როგორც შენობის უსაფრთხოებისთვის, ასევე ჩვენი შვილებისთვისაც მყარი საფუძველია საჭირო, რათა გადაგვარების საფრთხე არ დაგვემუქროს და მომავალი თაობა სწორად აღიზარდოს.

სასურველი მიზნის მისაღწევად მეტი მოთმინება, სიფრთხილე და სიყვარული უნდა გამოვიჩინოთ შვილებთან ურთიერთობისას. როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, "მამანი ნუ განარისხებით შვილთა თქვენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისაითა" (ეფ. 6,4). საბედნიეროდ, დღეს ყველა პირობა აქვს ადამიანს შექმნილი იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა შეიმეცნოს და ეკლესიურად იცხოვროს.

უდავოდ, სასიხარულოა და საამაყო, რომ ნიჭიერი თაობა მოდის. ისინი ადვილად ითვისებენ ტექნიკურ სიახლეებს, სწავლობენ უცხო ენებს, იღებენ უამრავ ინფორმაციას, მაგრამ ცხოვრების დაჩქარებულ რიტმში უზიანდებათ ნერვული სისტემა და მეტისმეტად ემოციურები არიან, ამიტომ ჩვენგან უფრო მეტი სიყვარული და თანადგომა სჭირდებათ. ეკლესიასთან ურთიერთობითა და მოძღვართან დაახლოებით ისინი სულიერ სიმშვიდეს ეზიარებიან, რადგან სწორედ დედაეკლესიის მადლი განკურნავს და სასიკეთოდ წაადგება მათ სულებს.

ყოველი მშობელი, პირველ რიგში, თვითონ უნდა დაეწაფოს ეკლესიურ ცხოვრებას, რადგან დიდია პირადი მაგალითის ძალა. ჩვენი ცხოვრების წესით უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეგვიძლია ჩვენს შვილებზე, ვიდრე სიტყვით. ისინი უნდა იმედოვნებდნენ, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით. ეკლესიურ ოჯახში და გარემოში აღზრდილი ბავშვი არასოდეს გახდება კაცისმკვლელი და ნარკომანი. შესაძლებელია, წყლით სავსე ჭასთან წყურვილით მოვკვდეთ, თუ ჭიდან წყლის ამოღება არ შეგვიძლია, - გვასწავლიან წმინდა მამები. ამიტომ ჩვენი წინსვლისა და გადარჩენის გზა ეკლესიასთან მჭიდრო კონტაქტი და ღვთის მცნებების დაცვაა, რომელსაც მარადიული ცხოვრებისკენ მივყავართ. წმინდა მამათა განმარტებით, თუ სარეველასა და ყვავილის თესლს ერთმანეთში შევურევთ და მიწაში დავთესავთ, შესაძლოა, სარეველამ ყვავილი მოაშთოს. ჩვენც, თუ სარწმუნოებით ვიცხოვრებთ, ღვთის მფარველობის ქვეშ ვიქნებით და გადაგვარებაც არ გვიწერია.

- მამაო, თქვენში რა დარჩა ბავშვური და როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში?

- ამ კითხვაზე ცოტა მიჭირს პასუხის გაცემა. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ პატარებთან ურთიერთობით. როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, კარგ სიახლეს ყოველთვის აღტაცებით ვხვდები და ამ დროს ემოციებს ვერ ვმალავ...

თითქოს ჩემს ბავშვობაში ვბრუნდები, როდესაც შვილებთან ერთად ვთამაშობ და მათთან ერთად ვსეირნობ, რადგან თავი მათი თანატოლი მგონია. ვფიქრობ, ისინიც კომფორტულად გრძნობენ თავს ჩემთან, რადგან ამ დროს თითქოს იშლება ასაკობრივი ბარიერი და ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ ჩემთან საუბარი.

გავიზარდე პედაგოგების ოჯახში, რომელთა წინაპრებიც სასულიერო პირები იყვნენ. ჩემი მშობლები არ ცხოვრობდნენ ეკლესიურად, რადგან მათი ბაბუები სარწმუნოებას ემსხვერპლნენ და რეპრესიების წლებში მრავალი დევნა-შევიწროების გადატანა მოუხდათ. მიუხედავად ამისა, მე პატარაობიდანვე მინერგავდნენ ღვთის შიშსა და სიყვარულს. მიამბობდნენ წინაპართა შესახებ და მეც ყოველთვის დიდი ინტერესით ვუსმენდი და მეამაყებოდა მათი თავდადება.

სკოლის დამთავრების შემდეგ გამიჩნდა ეკლესიასთან დაახლოების სურვილი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე გადავწყვიტე, სასულიერო განათლება მიმეღო და დღეს უკვე მღვდლის ხარისხში ვაგრძელებ წინაპრების გზას.

- თქვენ როგორ გესმით პატრიარქის სიტყვები: "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!"

- უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს მოვიშველიებ: "მზიანი ღამე - ხსნის მოლოდინი. ერთ-ერთი გამორჩეული თვისება უძველესი ქართველი ერისა გულგაუტეხლობაა. მიუხედავად განუწყვეტელი განსაცდელისა, ჩვენი ხალხი მუდამ ინარჩუნებდა კეთილი მომავლის იმედს".

მართლაც, ჩვენი ისტორიის მანძილზე ბევრი მძიმე პერიოდი გამოგვივლია, მაგრამ ღვთის შეწევნით დღემდე მოვედით და შევინარჩუნეთ ჩვენი ქართველობა. მართალია, მსოფლიო რუკაზე საქართველო ერთი პაწაწინა წერტილით არის აღნიშნული, მაგრამ ჩვენს ერს შეუძლია იამაყოს იმით, რომ მსოფლიოს თავი გააცნო თავისი ნიჭიერებით, სარწმუნოებისადმი ერთგულებითა და სამშობლოს სიყვარულით. 100 000 ქართველი ერთ დღეს ეწამა ქრისტიანული სარწმუნოებისთვის. მსგავსი თავდადება არ ახსოვს კაცობიობის ისტორიას. ჩვენი წმინდა წინაპრების მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე ცხოვრებაში განხორციელებული სახარებაა.

რა თქმა უნდა, ცხოვრება წინ მიდის და არ შეიძლება თანამედროვე ტექნიკური საშუალებები უარვყოთ და ნათურას ჭრაქი ვამჯობინოთ, სიფხიზლე და ზომიერება დავკარგოთ. პავლე მოციქული ბრძანებს: "ნუ ყრმა იქნებით გონებითა, არამედ ბოროტისათვის ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით". უჩინარ, მრავალსახოვან ბოროტ ძალას არ უნდა მიცეთ ჩვენი ცნობიერების შერყვნის უფლება. უნდა შეგვეძლოს კარგისა და ცუდის გარჩევა და ჩვენთვის სასარგებლოს მიღება, რადგან მართლმადიდებლობის ერთ-ერთი თვისება ფერისცვალებაა და არა გარდაქმნა. მუდამ უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" და მარადჟამს ვადიდოთ უფალი, "რადგან ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგუეახლა. განვიშორნეთ უკვე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი" (რომ. 13,12).

- დაბოლოს, რას უპასუხებდით რესპონდენტთა შეკითხვებს?

- რაც შეეხება ბატონ ნუგზარ ერგემლიძის შეკითხვას, ჩემი მოძღვრისადმი უდიდესი მადლიერების გრძნობა მაქვს, რადგან ჩემში არსებული ღვთის სიყვარული გამიღვივა და მიბიძგა, სასულიერო პირი გავმხდარიყავი. მისმა თანადგომამ მრავალი სირთულე გადამალახვინა და დღესაც ყოველთვის მას მივმართავ რჩევისთვის. დღესაც ბევრს ვსწავლობ მისგან, რადგან მისი შრომისმოყვარეობა, გულისხმიერება და მრევლთან ურთიერთობა დიდი მაგალითია ჩემთვის.

ქალბატონ თამარ კიკვიძის მიერ დასმულ შეკითხვაზე კი ასეთი პასუხი მაქვს: ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად და მისცა შესაძლებლობა, მთელი არსებით ესწრაფოდეს მასთან ერთობას. გონიერი ადამიანისთვის ეს არის ცხოვრების მთავარი მიზანი. უგუნურნი კი, ღვთაებრივი ჭვრეტის ნაცვლად, საკუთარი თავის ჭვრეტას აძლევენ უპირატესობას და გულისთქმების, ტკბობის ვნებაში ვარდებიან.

ადამიანი ღვთის ქმნილებათაგან კიბის უმაღლეს საფეხურზე დგას და ყოველ მიწიერ არსებაზე მეუფებს.

ადამიანში ღვთის ხატების დასტურია მისი სულის ისეთი მაღალი თვისებები, როგორებიცაა სულის უკვდავება, თავისუფალი ნება, გონიერება, წმინდა, უანგარო სიყვარულის ნიჭი. ადამიანის დანიშნულებაა, განადიდოს უფალი და ისწრაფოდის სრულყოფილებისკენ, გაუფრთხილდეს თავის თავში ღვთის მსგავსებას, აღასრულოს კეთილი საქმეები, უერთგულოს ღმერთთან არსებულ კავშირს და იღვაწოს სასუფეველში დამკვიდრებისთვის, რადგან, როგორც უფალი ბრძანებს: "ცათა სასუფეველი იიძულების და რომელი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11:12).

დაგლოცოთ უფალმა!
ბეჭდვა
1კ1