არასოდეს აძაგებენ მშობლებს და არც არავის აძლევენ ამის უფლებას
არასოდეს აძაგებენ მშობლებს და არც არავის აძლევენ ამის უფლებას
ფსალმუნში ვკითხულობთ: "მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა" (ფს. 26). უფალს განსაკუთრებით უყვარს მშობელთა სითბოსა და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები. მათ ადრიანად იგემეს წუთისოფლის უსამართლობა, რომელმაც პაწაწინა გულებში სევდა და ტკივილი გაუჩინათ. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებიც, ღვთის მიერ ჩანერგილი სიყვარულის წყალობით, მზად არიან, ამ ბავშვებს უშურველად მიუძღვნან სითბო და სიკეთე. სწორედ ასეთი ადამიანი გახლავთ დიღმის მასივში არსებული #1 ბავშვთა სახლის აღმზრდელი, ქალბატონი ირმა მარგიშვილი. ქალბატონი ირმა თავადაც ამ ბავშვთა სახლში გაიზარდა. მზრუნველი და მოსიყვარულე აღმზრდელების ხელშეწყობით ჯერ იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. აღმზრდელებმა იგი სხვაგან წასასვლელად ვერ გაიმეტეს და მის გამზრდელ ბავშვთა სახლში დატოვეს სამუშაოდ. მას შემდეგ 47 წელი გავიდა. ბევრი თაობა აღზარდა, ბევრს გაუზიარა გულის სითბო და სიყვარული, ბევრს გაუწია დედობა. თუ არა მან, მაშინ ვინ იცის უკეთ, რა ტრიალებს უდედმამო ბავშვის სულში.

- ბავშვებს, რომელთაც სითბო და სიყვარული აკლიათ, მინდა ძალიან ბევრი მივცე. მე შვილები არა მყავს. რასაც ჩემს ბავშვებს ვაძლევ, უკანვე ვიღებ. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. პატარა, რომელიც სამი წლისა საბავშვო სახლში მიაბარეს, სხვის სიყვარულს თითქოს ეჭვის თვალით უყურებს, რადგან მას მშობლის სიყვარული არ უგრძნია. ვცდილობ, ასეთები უფრო მეტად ჩავიხუტო გულში. მშობლების სიყვარული მეც მაკლდა - ექვსი წლისა მიმიყვანეს საბავშვო სახლში. წელს ცხრაკლასდამთავრებულთა ერთი გამოშვება გავუშვით, რომელთა უმრავლესობა სწორედ სამი წლის ასაკიდან მიიყვანეს ჯერ ჩვილ ბავშვთა სახლში, იქიდან - ჩვენთან. დღეს ისინი უკვე 16-17 წლის ქალიშვილები და ჭაბუკები არიან. მთელი ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი.

- აღნიშნეთ, რომ ჩვილობის ასაკიდან მოყვანილი ბავშვები ეჭვით და უნდობლობით უყურებენ მათ მიმართ გამოვლენილ სიყვარულსო. მაგრამ, ამავე დროს, ისინი ხომ უფრო მძაფრად გრძნობენ მას?

- ეს ეჭვი უკვალოდ ქრება, რადგან წლების განმავლობაში ეს ბავშვები რწმუნდებიან, რომ ჩვენ, მასწავლებლებს, ისინი გვიყვარს და მათაც ვუყვარვართ.

- დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. იმატა უპატრონო ბავშვების რიცხვმა. ძირითადად როგორი ოჯახებიდან მოდიან ბავშვები თქვენთან?

- ძირითადად არიან მრავალშვილიანი, ინვალიდთა ოჯახებიდან მოსულნი, გაშორებული მშობლების შვილები. კომუნისტების დროს, როცა სახელმწიფო ასე თუ ისე მაინც ზრუნავდა სოციალურად დაუცველ პირებზე, მშობლებს მხოლოდ იმიტომ მოჰყავდათ ბავშვები, რომ უჭირდათ მათი უმეთვალყურეოდ დატოვება. ესენი იყვნენ ნორმალური, ჩამოყალიბებული და გულთბილი ადამიანები. მათ შვილებთან გაცილებით ადვილი და საინტერესო იყო მუშაობა - ისინი უფრო ზრდილობიანები და მოკრძალებულები იყვნენ. ბევრი დადებითი თვისება აქვთ კარგი ოჯახების შვილებს. ახლა ასეთი მშობლები ნაკლებად არიან, დედა ცალკეა წასული, მამა - ცალკე... ბავშვი ეხვეწება, შაბათ-კვირას მაინც წამიყვანეთ შინო, მაგრამ არ მიჰყავთ, რადგან ეკონომიკურადაც უჭირთ და არც ბინა აქვთ...

- ეს ბავშვები იზრდებიან, პიროვნებებად ყალიბდებიან და გადიან ცხოვრების ასპარეზზე. არ არის გამორიცხული, ზოგიერთს გარკვეული კომპლექსებიც განუვითარდეს იმ თბილი და მზრუნველი გარემოს მიუხედავად, რომელიც ბავშვთა სახლშია შექმნილი. რა სიძნელე შეიძლება შეხვდეთ მათ?

- ამ ბავშვებს ჩვენგან წასვლა არ უნდათ, რადგან ზოგიერთი ოჯახში, მშობლებთან, ვერანაირ სიმყუდროვეს ვერ გრძნობს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ოჯახია, იქ ვერ ჩერდება.

რასაკვირველია, თუკი მშობელს რამენაირად შეუძლია შვილის პატრონობა, უკეთესია, თუ ბავშვთა სახლში არ მიიყვანს. ჯობს, ბავშვს ბევრი რამ აკლდეს და დედ-მამასთან იყოს, რადგან, მიუხედავად ასეთ საზოგადოებრივ დაწესებულებებში არსებული მზრუნველობისა და სიყვარულისა, მშობლების გარეშე მცხოვრებ ბავშვებს სერიოზული ბზარი უჩნდებათ სულში. დედ-მამას ვერავინ შეცვლის და მშობლიურ ოჯახსაც ვერც ერთი სახლი ვერ შეენაცვლება.

- თვითონ როგორი მშობლები ხდებიან ასეთი ბავშვები?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენგან წასულები ძალიან კარგი დედები და მამები გახდნენ, რაც მეტად სასიხარულოა.

- ხშირად შვილები მშობლებს საყვედურობენ იმის გამო, რომ მათ მიმართ სათანადო ზრუნვა და სითბო არ გამოიჩინეს. როგორი დამოკიდებულება აქვთ ბავშვთა სახლში გაზრდილ ბავშვებს თავიანთ მშობლებთან?

- ისინი ემორჩილებიან მცნებას მშობლების პატივისცემის შესახებ, არასოდეს აძაგებენ მშობლებს და არც არავის აძლევენ ამის უფლებას. პირიქით, სულ ამბობენ, რომ კარგი მშობლები ჰყავთ და კარგი ოჯახიშვილები არიან.

- თქვენ შვილები არ გყავთ. რა გრძნობა გეუფლებათ იმ ბავშვების მიმართ, რომელთაც ამხელა ამაგი დასდეთ?

- როგორც კი სასწავლო წელი მთავრდება და ბავშვები მიდიან, სიცარიელე მიჩნდება. მენატრება და თვალწინ მიდგას თითოეული მათგანის სახე - ნეტავ როგორ არის, რას აკეთებს-მეთქი. მათ გარეშე ვერ ვძლებ. კარგად მესმის თითოეული ბავშვისა - რა უხარიათ და რა აწუხებთ...

- რას ეტყოდით მშობლებს, რომლებსაც ბავშვთა სახლში მოჰყავთ შვილები?

- მრავალი კატეგორიის მშობელი არსებობს, მაგრამ განსაკუთრებით შეურიგებელი ვარ იმ მშობლების მიმართ, რომელთაც სამი წლის ასაკის ბავშვები მოჰყავთ, ისინი ხომ მეტად უმწეონი არიან.

- ეს ალბათ მთლად მშობლების ბრალიც არ არის, უფრო საერთო, საზოგადოებრივი პრობლემაა, არა?

- დალხენილი წუთისოფელი და იდეალური საზოგადოება არსად არ არის, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, დედაშვილობა არაფერმა არ უნდა წაშალოს...
ბეჭდვა
1კ1