მთელ ტაძარში მხოლოდ პატრიარქი და მე ვიდექით ფეხზე
მთელ ტაძარში მხოლოდ პატრიარქი და მე ვიდექით ფეხზე
ინტერვიუ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილესთან, "საპატრიარქოს უწყებანის" რედაქტორ ზურაბ ცხოვრებაძესთან.

- ბატონო ზურაბ, გვიამბეთ, როგორი იყო თქვენი გზა სარწმუნოებისაკენ.

- დავიბადე თბილისში 1965 წელს, დავამთავრე თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა, შემდეგ - სასულიერო აკადემია. ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტში, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტებში, წმინდა ილია მართლის სახელობის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში. 1996 წელს საპატრიარქოში დავიწყე მუშაობა, ხოლო 1997 წელს - სასულიერო აკადემიაში.

ჩემი გზა ეკლესიისკენ ძალიან რთული გახლდათ. შინ მორწმუნე არავინ მყოლია. სარწმუნოების ერთადერთი ნიშანი, რაც ჩვენს ოჯახში იყო შემორჩენილი, გახლდათ წითელი კვერცხების შეღებვა სააღდგომოდ და საკურთხი, რომლის დროსაც სანთელს ანთებდნენ ხოლმე. თუმცა ძალიან პატიოსანი ადამიანები მეხვივნენ გარს, პატივს სცემდნენ წესიერებას, ზნეობას და მეც ბავშვობიდანვე ამას მინერგავდნენ.

მერვე კლასში ვიყავი, როცა მამიდაჩემმა მომიტანა ახალი აღთქმა ძველქართულად, ეფრემისეული გამოცემა. ეს გამოცემა, სხვათა შორის, ეკუთვნოდა ამჟამად მოძღვარს, იღუმენ ლაზარე გაგნიძეს. ის მაშინ გერმანული ენის კათედრის გამგე გახლდათ. როგორც განათლებულმა ადამიანმა, ეს უნდა იცოდეო, მითხრა მამიდაჩემმა. მოგეხსენებათ, სახარება იესოს გენეალოგიით იწყება. ძალიან მოსაწყენი მეჩვენა და გენეალოგია რომ ჩავამთავრე, მერე აღარ გამიგრძელებია კითხვა. ასე დამთავრდა ჩემი პირველი კონტაქტი წმინდა წერილთან. შემდეგ, როცა უკვე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, გამოჩნდა ახალ ქართულ ენაზე თარგმნილი ახალი აღთქმა, რომელიც ქსეროქსზე გადაღებული ვრცელდებოდა და ძალიან ძვირად იყიდებოდა. დედაჩემმა, რომელიც, როგორც გითხარით, რწმენით არ გამოირჩეოდა, რატომღაც იყიდა... 1983 წელს ბაბუაჩემი გარდაიცვალა. სიკვდილის პირას მყოფს ღამეს ვუთევდით ოჯახის წევრები. სწორედ იმ დროს ვკითხულობდი ხოლმე ახალ აღთქმას. ვგრძნობდი, ეს სულიერად მაძლიერებდა. მერე საოცარი რამ მოხდა - გარდაცვალებამდე 1-2 დღით ადრე ბაბუაჩემმა მკითხა, რას კითხულობო და რომ ვუთხარი, რასაც ვკითხულობდი, ხმამაღლა წამიკითხეო, მთხოვა. წავუკითხე. შესაძლოა, ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი შეხება სახარებასთან...

მორწმუნე მაინც არ გავმხდარვარ, თუმცა რელიგია მაინტერესებდა. ბევრს ვკითხულობდი, მრავალფეროვანი ინტერესები მქონდა: ლიტერატურა, ისტორია, პოეზია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია... უნივერსიტეტში I კურსზე ათეიზმს გვასწავლიდნენ. ლექტორი დიდ გულმოდგინებას იჩენდა, გულით სწამდა, რასაც ამბობდა. იმ პერიოდში ანტიკომუნისტური განწყობა, დისიდენტური ცნობიერება მქონდა. ყველაფერი, რაც ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდის ნაყოფი იყო, ჩემში სიძულვილსა და გაუცხოებას იწვევდა. როცა დავინახე, რომ კომუნისტები ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი ათეიზმის პროპაგანდით, პირველად სწორედ მაშინ გამიჩნდა ეჭვი - თუ უფალი არ არსებობს, რას ებრძვიან-მეთქი, მაგრამ ეს ეჭვი მაშინ ფიქრის დონეზე დარჩა. ეკლესიაში არ დავდიოდი, ხანდახან თუ შევივლიდი ტაძარში, სანთელს დავანთებდი და სურვილს ჩავუთქვამდი. IV კურსზე ვიყავი, როდესაც შობა დღეს პირველად მოვხვდი წირვაზე სიონის საპატრიარქო ტაძარში. გავოცდი, ამდენი ხალხი რომ ესწრებოდა მსახურებას. განსაკუთრებით გამიკვირდა, როცა ყველამ დაიჩოქა. ისე მოხდა, რომ ამ დროს ხალხის სიღრმეში აღმოვჩნდი. ვერც გამოსვლა მოვასწარი, ვერც დაჩოქება, რადგან ადგილი აღარ იყო და დავრჩი ფეხზე. ამ დროს პატრიარქიც ფეხზე იდგა. მთელ ტაძარში მხოლოდ პატრიარქი და მე ვიდექით ფეხზე. თვალებში შემომხედა მაშინ უწმინდესმა... მომეჩვენა, რომ საყვედურით სავსე თვალები ჰქონდა...

გავიდა დრო. განსაცდელი შემხვდა. საშველს ვერ ვხედავდი. მაშინ დავიწყე ფიქრი, ნუთუ არ არსებობს ძალა, დახმარება რომ შეეძლოს-მეთქი? ძალიან მინდოდა, უფალი მერწმუნა, მაგრამ ასე, ხელოვნურად, არ გამოდიოდა. შემდეგ განსაცდელმა გაიარა... მე მაინც ვჭოჭმანობდი. ასეთ ორჭოფობაში ვიყავი, ცოტა ხნით რაჭაში რომ წავედი. სწორედ ამ დროს მოვისმინე რადიოთი რაღაც დასავლური ტალღა. მაშინ ძალიან ხშირად ვუსმენდი "ამერიკის ხმას", "რადიო "თავისუფლებას", ბი-ბი-სის, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო. როგორც ახლა ვვარაუდობ, ერთ-ერთი პროტესტანტული რადიო რუსულ ენაზე. ერთი კაცი ჰყვებოდა: ერთ დღეს, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ უფალი არსებობდა, გადავწყვიტე, მეთქვა მისთვის, დამიმტკიცე, რომ ნამდვილად არსებობ-მეთქი, მერე კი მოხდა ისე, რომ ღვთისგან მტკიცება მივიღეო. გავიგონე თუ არა ეს (ბუნებრივია, მაშინ არ ვიცოდი, რომ, მართლმადიდებლური სწავლებით, უფლის გამოცდა არ შეიძლება), გავიფიქრე, მოდი, მეც ასე გავაკეთებ - უფლისგან ვითხოვ ნიშანს, რომ მართლა არსებობს-მეთქი. როგორც კი ეს გავიფიქრე და ვითხოვე უფლისგან, საოცარი განცდა დამეუფლა - თითქოს გავუუცხოვდი ამქვეყნიურ რეალობას. ასე ვიყავი ორი დღე, შემდეგ კი რწმენა მყისიერად შემოვიდა ჩემში. ეს 1987 წლის ივლისის ბოლოს მოხდა და ეს ჩემი მეორე დაბადების დღედ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ უფალი არსებობს და საჭიროა ეკლესიური ცხოვრება. მაშინვე დავიწყე მარხვა, ხოლო დავბრუნდი თუ არა თბილისში, ტაძარში მივედი.

მიუხედავად იმისა, რომ ასე სასწაულებრივად მომეცა რწმენა უფლისა, მაინც გამიჭირდა, ერთბაშად მიმეღო ყოველივე ის, რასაც ეკლესია ასწავლის, - ბევრი ისეთი რამ მქონდა წაკითხული, რაც ამაში ხელს მიშლიდა, - ამიტომ ძიების პროცესი გამიგრძელდა. მჭირდებოდა პასუხი ყველა კითხვაზე. ვთქვათ, რატომ უნდა ვემთხვიო მოძღვარს ხელზე, რატომ უნდა ვემთხვიო ხატს, რატომ უნდა დავესწრო წირვა-ლოცვას - ეს ხომ მოსაწყენია და ა.შ. ეს ბრძოლა მუდმივად თან მდევდა. ესეც უფლის შეწევნით გადავლახე. მაგალითად, ხატებს არასოდეს ვემთხვეოდი - მიმაჩნდა, რომ ეს არაჰიგიენური იყო. ერთხელ მორწმუნეთა ჯგუფი დავითგარეჯაში წავიდა მოსალოცად. ჩატარდა პარაკლისი, შემდეგ მორწმუნეები რიგში ჩადგნენ, რომ მთხვეოდნენ გარეჯელის საფლავს. ამ რიგში რომ მოვხვდი, იძულებული გავხდი, მეც ვმთხვეოდი და ისეთი მადლი ვიგრძენი, რომ მას შემდეგ აღარ გამჩენია კითხვა, უნდა ვემთხვიოთ თუ არა ხატს, ჯვარს, სიწმინდეებს.

წირვაზე დასწრება მიჭირდა. მოძღვრის არჩევაც გამიჭირდა. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩემი ცოდვების აღიარებისა მერიდებოდა, - მინდოდა, ჯერ გამოვსწორებულიყავი და მერეღა მივსულიყავი მოძღვართან. რა თქმა უნდა, ეს შეცდომა იყო - სანამ ეკლესიაში არ მივედი, ვერაფერი გამოვასწორე... ბოლოს, როგორც იქნა, ვთქვი პირველი აღსარება და ვეზიარე.

- უნივერსიტეტის შემდეგ სასულიერო აკადემია დაამთავრეთ. როგორ გაიხსენებდით იქ სწავლის წლებს?

- აკადემიაში 1993 წელს ჩავაბარე. ოჯახში არ მოსწონდათ ჩემი ეკლესიურობა, ძალიან დიდ წინააღმდეგობას მიწევდნენ, განსაკუთრებით - მამა, - რატომღაც მიაჩნდა, რომ ეს არავაჟკაცური იყო. ბოლოს დადგა მომენტი, როცა მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს პატივს ვცემდი და ვგრძნობდი, როგორ შეაწუხებდათ ჩემი არჩევანი, ერთ რამეს მივხვდი - ჩემი მშობლები მუდმივად არ იქნებოდნენ ამ წუთისოფელში, საბოლოოდ მაინც იმქვეყნად წავიდოდნენ და თუ მე, შვილი, ვერ ვიპოვიდი ჩემს გზას, შესაძლოა, მთელი სიცოცხლე დავტანჯულიყავი.

იდგა 1993 წლის 2 აგვისტო, ილიაობის დღესასწაული, როცა გადავწყვიტე, მენახა ჩემი მოძღვარი, მისთვის გამეზიარებინა ჩემი სურვილი და თუ მაკურთხებდა, ჩამებარებინა აკადემიაში. 2 აგვისტოს პატრიარქი წმინდა ილია მართლის საფლავზე იხდის ხოლმე პარაკლისს. პარაკლისის დაწყებამდე მოძღვარს ვუთხარი, რომ მასთან საუბარი მინდოდა, მაგრამ მიზეზი არ მითქვამს. მიპასუხა, პარაკლისის შემდეგ ვისაუბროთო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ძლიერი შინაგანი ბრძოლა დამეწყო. მომეჩვენა, რომ უარს მეტყოდნენ. თითქოს მამა ტარიელის პასუხიც ჩამესმოდა - არა ხარ ამის ღირსი შენი ცოდვების გამო, არ შეიძლება, შენისთანა ადამიანი სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყოსო. იმდენად დამეუფლა ეს აზრი, რომ უკვე წამოსვლასაც ვაპირებდი, მაგრამ ვიფიქრე, პარაკლისს მაინც დავესწრები-მეთქი. პარაკლისის დროს საოცარმა გრძნობამ მომიცვა. სულიერად დავმშვიდდი, გამიჩნდა რწმენა, რომ მოძღვრისაგან კურთხევას მივიღებდი, მომზადებასაც მოვასწრებდი (ჯერ მომზადებულიც არ ვიყავი) და ჩავაბარებდი. მამა ტარიელს ძალიან გაუხარდა, კურთხევა მომცა და ისიც მითხრა, როგორ გამემხილა გადაწყვეტილება მამაჩემისთვის. მისი კურთხევის მიხედვით მოვიქეცი. ამჯერად მამა მშვიდად შეხვდა ჩემს ნათქვამს.

ასე ჩავაბარე აკადემიაში. თითქმის იმავე პერიოდში დავიცავი დისერტაციაც დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტში საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებზე.

საოცარი შეგრძნება მქონდა (განსაკუთრებით - პირველი ორი წელიწადი) სასულიერო აკადემიაში ჩაბარების შემდეგ. თვალის გახელისთანავე მეუფლებოდა სიხარული. მერე, თავს რომ ვკითხავდი, რა მიხარია-მეთქი, გამახსენდებოდა - მიხაროდა ის, რომ სასულიერო აკადემიაში მივდიოდი.

სასულიერო აკადემიაში სხვაგვარი დამოკიდებულება იყო ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. ეს არაფრით ჰგავდა იმას, რაც უნივერსიტეტში მენახა. ლექტორები სტუდენტების მიმართ ძალიან მეგობრულად, გულთბილად იყვნენ განწყობილნი, ყველაფერში იგრძნობოდა ერთობა.

ძალიან მომწონდა აკადემიის ერთ-ერთი ტრადიცია - ყოველ პარასკევ დღეს ლექციების შემდეგ ვუსმენდით მოხსენებებს, რომლებსაც თვითონ სტუდენტები კითხულობდნენ. ისეთ თემებს ვარჩევდით, რომლებიც სალექციო კურსით არ იყო გათვალისწინებული. რამდენჯერმე მეც წავიკითხე მოხსენება. იწვევდნენ ლექტორებსაც, რომლებიც თემატურ ლექციებს გვიტარებდნენ.

სასულიერო აკადემია 1997 წელს დავამთავრე. დიპლომი დავიცავი ერთ ძველ ქართულ ანტიმონოფიზიტურ ხელნაწერზე, რომელიც VII საუკუნით თარიღდება.

- როგორ დაიწყეთ საქართველოს საპატრიარქოში მუშაობა? როდის შეიქმნა საპატრიარქოს პრესსამსახური?

- საპატრიარქოში მუშაობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დავიწყე. შემომთავაზეს, საპატრიარქოს საგარეო განყოფილებაში მემუშავა. ვთარგმნიდი ფრანგულენოვან ლიტერატურას, ეს იყო ჩემი ძირითადი მოვალეობა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია 1997 წლის 9 სექტემბერი, როდესაც, სრულიად მოულოდნელად, კათოლიკოს-პატრიარქის პირადი კანცელარიის უფროსად გადამიყვანეს, შემდეგ კი პრესცენტრის უფროსის მოადგილედ დამნიშნეს.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მისი უწმინდესობის კურთხევით 1995 წელს დაარსდა. მას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი), დეკანოზი ბასილ კობახიძე, ხოლო 1997 წლიდან დღემდე პრესცენტრის ხელმძღვანელია დეკანოზი დავით შარაშენიძე.

საპატრიარქოს პრესცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მასმედიასთან. პრესცენტრის თანამშრომლები სააგენტოებსა და საინფორმაციო საშუალებებს აწვდიან ინფორმაციას მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ავრცელებენ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებებს, ამზადებენ მასალებს პრესკონფერენციისთვის. თავად მეც ხშირად მიწევს მასმედიაში პრესცენტრის სახელით განცხადების გაკეთება. ეს საკმაოდ მძიმე ტვირთია - ეკლესიის პოზიცია უნდა გამოხატო და არაფერი შეგეშალოს, რათა არავინ დაბრკოლდეს. თანდათანობით თითქოს ეჩვევი ამას, მაგრამ ინტერვიუს თუ ტელევიზიით გამოსვლას მაინც ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. ხანდახან მცირე სატელევიზიო ინტერვიუც კი იმდენ ძალას მაცლის, კარგა ხანი მჭირდება მის აღსადგენად.

- 1999 წლიდან საპატრიარქომ დაიწყო ყოველკვირეული გაზეთის "საპატრიარქოს უწყებანის" გამოცემა, რომლის რედაქტორიც ამჟამად თქვენ ბრძანდებით. როგორ გაიხსენებდით მისი დაარსების ისტორიას?

- მამა დავითი და მე ძალიან მძიმე პერიოდში - 1997 წელს - მივედით საპატრიარქოში. ეს ის დრო იყო, როცა საქართველოში დაიწყო საეკლესიო სქიზმა (განხეთქილება). ეს დიდი განსაცდელი გახლდათ ეკლესიისთვის და პირადად ჩვენთვის, რადგან დაგვეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გვემხილებინა სქიზმა. აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან 1997 წლიდან გახლდით საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიის წევრიც, რომელიც სქიზმასთან პოლემიკით და ამ საკითხების კვლევით იყო დაკავებული. მამა დავითმა და მე დავინახეთ, რომ პოლემიკის დროს ხშირად არ გვქონდა საშუალება, ჩვენი პასუხი აუდიტორიამდე მიგვეტანა. საერო გაზეთები ხან გვიბეჭდავდნენ ამას, ხან - არა, ტელევიზია და რადიოც ყოველთვის არ გვწყალობდნენ. სწორედ მაშინ გაჩნდა გაზეთის დაარსების იდეა, მაგრამ ვერ განხორციელდა, რადგან ამ საქმეში არავითარი გამოცდილება არ გაგვაჩნდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ პრესცენტრში მოვიწვიეთ თამაზ გაბისონია, რომელსაც ასევე ჰქონდა გაზეთის დაარსების იდეა და იტვირთა კიდეც მისი გამოცემა. "საპატრიარქოს უწყებანის" დარქმევა, თუ არ ვცდები, ჩემი იდეა იყო. პატრიარქთან მივედით, გავუზიარეთ ჩვენი აზრი და ლოცვა-კურთხევა მივიღეთ. პატრიარქის მცირე ლოცვაც გამოქვეყნდა გაზეთის პირველ ნომერში. ეს იყო 1999 წლის 7 იანვარი - შობა. მაშინ "საპატრიარქოს უწყებანი" თორმეტგვერდიანი, შავ-თეთრი გაზეთი გახლდათ. ფინანსურად საპატრიარქო გვეხმარებოდა - სანახევროდ ის ისტუმრებდა გამოცემის ხარჯებს. პირველი ტირაჟი, თუ არ ვცდები, 1000 ცალი იყო. თანდათანობით "საპატრიარქოს უწყებანი" გაუმჯობესდა. ამჟამად გაზეთში იბეჭდება კათოლიკოს-პატრიარქის ყოველკვირეული და სადღესასწაულო ქადაგებანი, ინფორმაცია საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, უცხოეთის რელიგიური ქრონიკა, წმინდა მამათა ცხოვრებანი, აპოლოგეტიკა, ინტერვიუები სასულიერო პირებთან, საერო პრესის მიმოხილვა და ა.შ. გაზეთი ვრცელდება როგორც თბილისში, ასევე ეპარქიებში. ის ელექტრონული ფოსტით იგზავნება საზღვარგარეთ, ქართულენოვან სამრევლოებსა და საქართველოს საელჩოებში. "საპატრიარქოს უწყებანის" ყოველი ნომრის ელექტრონული ვერსია ინტერნეტში, საპატრიარქოს ვებგვერდზეა განთავსებული.

რამდენიმე წელიწადია, პატრიარქის კურთხევით გაზეთს მე ვხელმძღვანელობ.

2003 წლის მარტში გამოვეცით "საპატრიარქოს უწყებანის" დამატება ბავშვებისთვის. ეს იყო პირველი საბავშვო პერიოდული მართლმადიდებლური ორგანო საქართველოში. თავიდან მის გამოცემასაც მე ვხელმძღვანელობდი, მაგრამ ეს რამდენიმე ხანია, მისი რედაქტორი მამა დავით შარაშენიძე გახლავთ.

გამოცემის ტირაჟმა დაგვანახა, რომ საზოგადოებაში არის დიდი მოთხოვნილება საბავშვო რელიგიურ ლიტერატურაზე. გაზეთ "ალილუიაში" ბავშვები იღებენ არა მარტო რელიგიურ ცოდნას, არამედ სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით საკითხსაც ეცნობიან.

- "საპატრიარქოს უწყებანი" ერთგვარად საქართველოს ეკლესიის ხმად აღიქმება საზოგადოებაში. რამდენად ზრდის ეს თქვენი, როგორც რედაქტორის, პასუხისმგებლობას?

- ჩვენ საპატრიარქოს ოფიციალურ ორგანოს წარმოვადგენთ და, ბუნებრივია, აქ დაწერილ თითოეულ სიტყვას ხალხი ეკლესიის ხმად, პატრიარქის პოზიციად აღიქვამს. ეს დიდი პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, მობილიზებაში გვეხმარება, მაგრამ ამავე დროს მძიმე ტვირთიც არის.

ბევრი რამ გვიშლის ხელს, რომ კარგი გაზეთი გავაკეთოთ, ავამაღლოთ მისი დონე, პროფესიონალიზმი, ოპერატიულობა. რაღა თქმა უნდა, ჩვენი ნაკლი ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცით, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც ვიცით, რომ ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი და პოპულარული რელიგიური გაზეთი.

მკითხველისგან ხშირად გვიგრძნია სითბო და სიყვარული, ხშირად უთქვამთ თბილი სიტყვები, რასაც ძალიან გავუმხნევებივართ.

- თქვენ საპატრიარქოს რადიო "ივერიაშიც" მიგყავთ გადაცემები.

- პირველ ხანებში, თითქმის სამი თვე, მისი ხელმძღვანელის მოვალეობას ვასრულებდი. როდესაც რადიომ ფუნქციონირება დაიწყო, სისტემატურად მიმყავდა გადაცემები. ძირითადად - "მართლმადიდებლური კატეხიზმო" და "მასმედია რელიგიის შესახებ". გარდა ამისა, ვამზადებ გადაცემებს სხვადასხვა თემაზე, ვუძღვები საუბრებს მოწვეულ სტუმრებთან. რადიოში უფრო მეტი საშუალება მაქვს, ვრცლად ვისაუბრო სხვადასხვა თემაზე, ვიდრე გაზეთში. გადაცემის მომზადება, რომელიც საერო მასმედიის მიერ რელიგიური საკითხების გაშუქებას შეეხება, საკმაოდ შრომატევადია. საერო მასმედიაში დილეტანტიზმის, არაკომპეტენტურობის გამო ჟურნალისტები ხშირად უშვებენ შეცდომებს საეკლესიო საკითხების გაშუქებისას, არის ცილისწამებაც. მოტივაცია სხვადასხვაა. ეკლესიაზე შეტევა ზოგჯერ მოდერნისტული პოზიციიდან ხორციელდება, ზოგჯერ - ულტრამემარჯვენე პოზიციიდან. ძალიან ძნელია, არაეკლესიური ცნობიერების ადამიანს გააგებინო ეკლესიის წესი და რიგი. საერთოდ, საერო ფსიქოლოგია სულ სხვაა, საეკლესიო - სულ სხვა, ამიტომ საერო, სამეტყველო ენით უნდა აუხსნა ხალხს სულიერი საკითხები. ყველა სტატიას პასუხი რომ გავცეთ, ამის საშუალება არ გვაქვს. ერთი სიტყვით, სრულყოფილებამდე ჩვენს პრესცენტრს ჯერ კიდევ ბევრი აკლია. ამისთვის უამრავი რამ უნდა გაკეთდეს, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არ გახლავთ დამოკიდებული.
ბეჭდვა
1კ1