ცის ქვეშ ვდგავარ და მისკენ ვორთქლდები
ცის ქვეშ ვდგავარ და მისკენ ვორთქლდები
"იმით, რომ მე ვწერ, მე ღმერთს მივმართავ, მისკენა ვარ მიქცეული, მისივ იმედით, ქედს ვიდრეკ და ვლოცულობ მასზე. იმით, რომ მე ვწერ, მე ღმერთს ვმსახურობ - ჩემი ძალით, ჩემი მარჯვენით და ყველაფრით, რაც შემიძლია. წერა წიგნისა ერთადერთი ჩემი გზაა ღმერთისკენ, რომელიც მიძღვის. ცის ქვეშ ვდგავარ და მისკენ ვორთქლდები".

მაცხოვრის განკაცებისა და მიწაზე ჩამოსვლის მიზანი ადამიანის ზეცად ამაღლება, მიწიერი სინამდვილის ზეციური მშვენიერებით განმსჭვალვა იყო. ამ დიდებულ მიზანს ემსახურება ცნობილი პოეტის, საოცრად თბილი და კეთილშობილი ადამიანის, ბესიკ ხარანაულის შემოქმედება. ბატონი ბესიკი მხატვრული სიტყვის ძალით გვიხსნის ჭეშმარიტებას და გვაახლოებს მშვენიერი და კეთილი ფიქრების სამყაროსთან.

- ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს შემოქმედების ნიჭი მიემადლა. ერთგან წერთ: "საოცარია, უმაღლესი შემოქმედის საფარქვეშ როგორ ეწვევა ჩვეულებრივ მჩხაპნელს იმისი ძალა, რომ შექმნას თავისი სამყარო და იფიქროს მის წესრიგზე". ესე იგი ადამიანი შემოქმედებით ბაძავს და ემსგავსება ღმერთს?

- ადამიანს რომც არ სცოდნოდა, რომ "ღმერთმა შექმნა სამყარო", მას მაინც გაუჩნდებოდა ეს აზრი, თუნდაც გაუცნობიერებლად. ის თავის გარშემო ხედავდა დიდ წესრიგს და ათას ფატალურ მოვლენას, რომლებიც მასზე არ იყო დამოკიდებული და რომელთაც ის ვერ ერეოდა. და რაკი ადამიანმა ნახა ერთი შემოქმედებითი ნაყოფი, მას, რა თქმა უნდა, მოუნდებოდა მისი მიბაძვა. ცხადია, ადამიანში შობილი სიტყვა მას შემოქმედების გზაზე დააყენებდა. ამის შემდეგ იგი გათამამდა და, როგორც გათამამებას სჩვევია, სიტყვითაც შეებრძოლა ღმერთს.

- ადამს სამოთხეში დაევალა, ყველაფრისთვის შესაფერისი სახელი დაერქმია, ზუსტი სიტყვა მიესადაგებინა. ჩვენში უამრავი სახელშეურქმეველი გრძნობა მარხია, რომლებიც მზის სინათლეზე სიტყვებმა უნდა ამოიტანონ. ესე იგი, ჯერ კიდევ ბევრი მკვდარი სიტყვაა ადამიანში?

- ბევრი მკვდარი სიტყვაა ჩვენში და ჯერ კიდევ ბნელშია ბევრი სიტყვა. მას შემდეგ, რაც უფალმა ადამიანი შექმნა, გარშემო ყველაფერი მასზე უფრო ასაკოვანია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადამიანმა რაღაც აზრი უნდა შექმნას, იგი ამისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ნორჩია. ადამიანი ნორჩია თავისი ნამდვილი დანიშნულებისთვის, სიტყვისა და იმ გრძნობისთვის, რომელიც ამ სიტყვით უნდა გამოიხატოს. ამაზე მეტყველებს მისი თავგადასავლები, მის მიერ გამოვლილი გზა, სავსე მსხვრევით, უწესობით, რაც სრულიად შეუფერებელია ზრდასრული არსებისთვის. ადამიანს ჯერ კიდევ მცირე გზა აქვს გავლილი.

- ყველა ჭეშმარიტი მწერლისთვის ამოსავალი წერტილი ბიბლიაა. ჩვენ ხომ აქედან ვართ წამოსულნი. რას ნიშნავს თქვენთვის ბიბლია?

- ბიბლია ადამიანის ბიოგრაფიაა, მარტივად და უბრალოდ გამოთქმული. ბიბლიას რომ ვკითხულობ, ვრწმუნდები, რომ ქრისტე ზუსტად იმ დროს არის მოსული, როდესაც ადამიანმა თითქოს ერთი განვითარება გაიარა და მერე დაიბნა, აირია. აუცილებელი შეიქნა მაცხოვრის მოსვლა. იმდენი რამ ითქვა, რომ ახლა ადამიანს უკვე თვითონვე უნდა გაერჩია ავი და კარგი და თვითონაც უნდა გადაედგა ნაბიჯი. რამხელა ნაბიჯი გადადგა ღმერთმა იმით, რომ თავისი ძე გამოგვიგზავნა, ჩვენსავით აცხოვრა და თუნდაც ჩვენთვის გასაგები მეტაფორა შეგვიქმნა! მოსემაც ჩამოუტანა მცნებები ხალხს და კანონები დაუწერა, მაგრამ მას ისე არ უტანჯია. ის იყო მამასახლისი, რასაც ბიბლიის კითხვის დროს სულ გრძნობ. მაცხოვრის მიმართ კი სულ სხვა განცდა გებადება, იმიტომ, რომ ახალი აღთქმის დრო დადგა.

- ბრძანეთ, ადამიანის ბიოგრაფია უღვთობითაა აღბეჭდილიო. მაგრამ ხომ იყვნენ ღმერთშემოსილი, წმინდა ადამიანები, რომლებმაც ღმერთთან ჰარმონიას მიაღწიეს?

- ერთნაირად დიდებულია ყველა, ვინც სრულყოფილებას მიაღწია. ამის ლიტერატურული მეტაფორა არის, მაგალითად, ის, რომ მინდიას ("გველის მჭამელი") ესმის ბალახის ენა, ბუნების ენა, სხვები კი მას გიჟად მიიჩნევენ. ისევ სასწაული უნდა მოახდინოს მინდიამ და ამ სასწაულის წყალობით უნდა დამკვიდრდეს იმ საზოგადოებაში, თორემ მარტო თავისი ნიჭით რომ იცხოვროს, მოიშორებენ. ასეთი ინდივიდუალური შემთხვევები განზოგადდება ხოლმე. ჯერ ერთმა უნდა გამოიცნოს რაღაც და მერე მიიღებს ამას საზოგადოება. მაგრამ ეს ხდება პიროვნების ტრაგედიის ხარჯზე. ვთქვათ, ღმერთი ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. ერთადერთი, პატარა რწმენა-გრძნობა აქვს ადამიანს, რომლითაც ის ხან მისწვდება მას და ხან ვერა. ღმერთის წვდომის უნარი ცალკეულ ადამიანებს ეძლევათ. იყვნენ კარგი მწერლები, მაგრამ გულგრილნი, ურწმუნონი. მე მათ არ ვადანაშაულებ, რადგან ისინი იბრძოდნენ ღმერთისთვის და ვერ მოიპოვეს, ასეთ დროს კი ადამიანი ტრაგიკულია. და არც თვითონ გრძნობს თავს გამარჯვებულად. სული ღმერთს უნდა ეძებდეს, იმიტომ, რომ სული, რომელიც ეძებს, უკვე ნამდვილია.

- ადამმა სამოთხიდან გამოძევებისას თან წამოიყოლა ედემის ბაღის გამოუთქმელი სახე, რომელიც მარადიულ მოგონებად დარჩა ადამის მოდგმაში. მას შემდეგ ადამიანს სულ თან დასდევს ნოსტალგიის გრძნობა იმ უხილავი სამყაროს მიმართ. თქვენს პოეზიაში სულ იგრძნობა სწრაფვა სიწმინდისკენ, მისი მონატრება.

- ჩემი აზრით, პოეზია განწირულობაა. ესეც იმას ემსახურება, რომ რაღაც უნდა გამოიცნოს ადამიანმა. ვაჟა-ფშაველას უწერია: "მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული", ანუ, მისი აზრით, სიხარულსა და ლხინს პოეტისთვის არაფერი მოაქვს. პოეტიც ერთგვარად მეტაფორული არსებაა. პირადად ჩემთვის პოეზია მეორე ადგილზეა. მთავარი და უპირველესი კი ის არის, რომ ადამიანებს არაფერი დავუშავო. ხოლო მაშინ, როდესაც ცხოვრება არ მახსოვს, ჩემთვის მიუწვდომელია ღმერთი და მიუწვდომელია პოეზია.

ყველაზე მაღალი სისუფთავისკენ სწრაფვაა. მაგალითად, სახარება საშიში წიგნია, იმიტომ, რომ წმინდაა, დანას რომ გალესავ წმინდად. ცეცხლიც ხომ წმინდაა? - აი, ასეთი წიგნია სახარება და ასეთი წმინდაა ქრისტეს სახეც. იგი სიწმინდის და არა აგრესიულობის გამო გვჭრის თვალებს. ასევეა თოვლი, რომელიც თვალებს გვჭრის მაქსიმალური სისპეტაკის გამო.

- სახარება გვამცნობს, რომ სიტყვა განკაცდა. ღვთაებრივმა სიტყვამ მიიღო სხეული. ასევე აზრი იძენს ხორცს სიტყვაში. ასე რომ, ადამიანურ სიტყვას, ალბათ, ძალუძს და უნდა ემსახურებოდეს კიდეც მიუღწეველი ღმერთის შემეცნებას.

- ახლა ძალიან გულუბრყვილო რამ უნდა ვთქვა. არიან მწერლები, რომელთა შემოქმედებაშიც მწერლური ტალანტი სრულყოფილია. ჩემთვის სახარება ლიტერატურული ძეგლიც არის. დავუშვათ, ათეისტი ვარ, მაგრამ ლიტერატურა ჩემთვის ძალიან ახლობელია და კარგად მესმის მისი ფასი. თუნდაც ამის მიხედვით, სახარება აბსოლუტურად ზუსტი ნაწარმოებია. თუნდაც ლიტერატურულ ნაწარმოებად რომ წარმოვიდგინოთ, შეუძლებელია ასეთი ნაწარმოების დაწერა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იგი არ არის ადამიანის დაწერილი. ეს არ არის ადამიანის სიტყვა. იგი სულიწმინდის ნამოქმედარია. ვინც ნახა იესო ქრისტე, ის იყო მოწმე. ხოლო ვინც ვერ ვნახეთ იგი, უნდა ვირწმუნოთ. ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია. ადამიანს რამხელა რამ აქვს მინიჭებული - მან უნდა ირწმუნოს. ასე უნდა გაიჩარხოს ადამიანი. სახარებაში მოცემულია ადამიანის სახე, თუ როგორი უნდა იყოს იგი. ქრისტე არის ადამიანის უდიდესი მხსნელი, ადამიანისა, რომელიც ადამიდან დაიწყო და შემდეგ ტრაგედიებში გვხვდება ხოლმე. ქრისტემ ჯვარზე წარმოთქვა შემაძრწუნებელი სიტყვები: "რატომ დამიტევე მე, უფალო?!" ეს არის უკვდავი მიზეზი იმისათვის, რომ ხშირად მივმართოთ ღმერთს გაკვირვებით და რაღაც გამოუთქმელი ნაღველით - რატომ ტოვებს ადამიანს ღმერთი? ყველაზე მტანჯველი ამის შეგრძნებაა. ქრისტეში ღვთისგან მიტოვებული კაცობრიობის ეს ამოძახილი აისახა.

ბავშვობაში, როდესაც თიანეთში ვიზრდებოდი, სახარება არც მინახავს. მაშინ საშინელი კომუნისტური ინკვიზიცია იყო. აღარც კი მახსოვს, როდის დავწერე: "შეხედეთ მის კოშკს, ყველაზე მბრწყინავ ჩუქურთმად იქცა თქვენი გინება". შემდეგ კი სახარებაში წავიკითხე: "ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა".

- თქვენი პოეზია ღვთის წინაშე დგომის, აღსარების სურვილს გამოხატავს. ღვთის წინაშე ისედაც არაფერია დაფარული. მაგრამ რამდენად შეუძლია ადამიანს მოიხელთოს სიმართლე და გულწრფელად აღწეროს თავისი გრძნობები? მაშ, რისთვის მიენიჭა ადამიანს გამოხატვის უნარი?"

- ექიმთან მისული ავადმყოფი, იგულისხმება, რომ შიშველია. უფლის წინაშე შენ ხარ ავადმყოფი და შენ ხარ შიშველი. ღმერთის წინაშე ერთი გრამიც კი არ უნდა გქონდეს დამალული, ერთი სიტყვაც კი. ისე არაფერი გამოვა. შეიძლება თვალთმაქცურად ეძიებდე რამეს? თან შენს თავს ატყუებდე, თან - ვიღაცას. თვალთმაქცობა ზედმეტი ბარგია, რომელიც უნდა მოიშორო იმიტომ, რომ შიშველი ანუ სუფთა იყო. სახარებაში განსაკუთრებით ხაზგასმულნი არიან ფარისევლები. სამაგიეროდ, როგორები არიან სამარიტელი დედაკაცი და მარიამ მაგდალინელი? და როგორი ჰარმონიულია ზნეობა იესო ქრისტესთან, მიუხედავად იმისა, რომ მას მკაცრი სიტყვებიც სჩვევია. ბავშვის მიმართ ხომ ლმობიერია ადამიანი. ასევეა უფალიც ადამიანის მიმართ. მე მინდა, გულწრფელი ვიყო, მაგრამ არ შემიძლია. ტრაგედია ხომ ესეც არის. ამიტომაა პოეზია კარგი. ერთგან მაქვს ნათქვამი, ნეტავი ყველაფერი ერთი სიტყვით მათქმევინა-მეთქი. სიტყვების სიმრავლე დიდი სიკეთე კი არ არის! შეიძლება, ქვიშასავით ურიცხვი სიტყვა მოაგროვო, რათა ოქროს მარცვალი იპოვო, ხოლო როცა იმ ოქროს იპოვი, ის ქვიშის გროვა შენთვის აღარაფერია, თუმცა მანამდე რუდუნებით იცავდი, რადგან იქ ოქრო გეგულებოდა.

- ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. ერსაც. აკი ილია ჭავჭავაძე ამბობდა: "ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესთვისო". თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ქრისტე ჯვარს აცვეს, აწამეს. სულ დევნიდნენ, როდის მოეკლათ, იმას ფიქრობდნენ. მაგალითად, ჩვენთან, საქართველოში, რუსთაველმა, ფიროსმანმა და ბევრმა სხვამ ისე დატოვეს ეს წუთისოფელი, რომ მათი საფლავებიც კი არ ვიცით (ამით დავისაჯეთ). მათ არ მიეკარათ არავითარი მიწიერი სიკეთე. მეც მინდა, "კარგად" ვიცხოვრო, მაგრამ, ეტყობა, არ გამომდის. ვაჟა-ფშაველა შიმშილმა და სიღარიბემ მოკლა. ყაზბეგის აღსასრულიც ხომ ვიცით. აკაკი წერეთელი ხელით ატარეს რაჭა-ლეჩხუმში - ეს თვალთმაქცობის ზეიმი იყო, დეპუტატად კი ვიღაც უღირსი აირჩიეს. ილია მოკლეს, რადგან შიმშილით ვერ შეაშინებდნენ, არც შვილი ჰყავდა... ქრისტეს მეტაფორა ჩვენში აბსოლუტურად აისახა.

- ერთგან გიწერიათ: "ჩვენ ვშენდებით ჩვენს წინაპრებზე". ქართული ლიტერატურა ქრისტიანობის წიაღში წარმოიშვა და მასში ღრმად არის გამჯდარი ამ მოძღვრების იდეალები. რამდენად არის შენარჩუნებული ეს ტრადიცია თანამედროვე ლიტერატურაში?

- ტრადიციაზე, საერთოდ, ვიწრო გაგებით არ შეიძლება საუბარი. ადამიანები მიჩვეულნი არიან, რაღაცები რომ გაარჩიონ, მათ სახელები დაარქვან. მაგრამ ბუნებაში ხომ ამას სახელი არ ჰქვია?! მაგალითად, მე სულ ცოტა ხანი დავყავი თიანეთში. სკოლა დავამთავრე თუ არა, წამოვედი და მას შემდეგ თბილისში ვარ, მაგრამ იქ ისეთი რაღაც მივიღე, რაც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემში. პირველ ჭიქას რასაც დალევ, ისა ხარ აბსოლუტურად. ტრადიციას თვითონ ატარებს ადამიანი, ქვეცნობიერად, გენებით, და რამდენადაც ატარებს, იმდენად გაუმარჯოს მას. თანამედროვე მწერლებს, რა თქმა უნდა, აქვთ ეს ტრადიცია. სხვაგვარად, მაგალითად, ჩემთვის, რუსთაველი გაუგებარი იქნებოდა. ყველაფერში ჩანს, რომ თანამედროვე მწერლებს ეს იდეალები შესისხლხორცებული აქვთ, თუმცა შეიძლება, ეს არ ახსენონ. ანდა რატომ უნდა ახსენონ?! როგორ შეიძლება, ყვიროდე, ქართველი ვარო! ეს ხომ ისედაც გამოჩნდება.

სამწუხაროდ, დღევანდელ ადამიანს სულისთვის აღარ სცალია. მით უმეტეს, ჩვენთან. გაჭირვებამ, სიღატაკემ და გაურკვევლობამ უფრო დრამატული გახადა ჩვენი ცხოვრება. მე მგონი, სული აღარ ახსოვს ადამიანს - სულს ხომ მორევაც უნდა! ჯერ უნდა იკითხო, რა არის, ჯერ უნდა ნახო, რომ მერე შეხედო. ორი არსებაა: ღმერთი და ადამიანი. ადამიანისკენ ღვთის სწრაფვას კაცმა თავისი გულის, გონებისა და სულის კარი უნდა გაუღოს. ადამიანი უნდა ამაღლდეს ისე, რომ თავისი სული დაინახოს.
ბეჭდვა
1კ1