მომავალი არა მარტო ჩემთვის, სრულიად საქართველოსთვისაც იმედიანი იქნება
მომავალი არა მარტო ჩემთვის, სრულიად საქართველოსთვისაც იმედიანი იქნება
"ის, რასაც მზის სინათლეზე ვხედავთ, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც მინის მიღმა ხდება. იქ, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანებისა".
შარლ ბოდლერი, "ფანჯრები"

მრავალ ჩვენგანს ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში უთუოდ ექნებოდა ურთიერთობა ხალხთან, რომელთაც, თანამედროვე ტერმინოლოგიით, შესაძლებლობაშეზღუდულ ადამიანებს უწოდებენ. ისინი არცთუ იშვიათად საზოგადოებიდან გარიყულნი აღმოჩნდებიან ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შესაძლოა, სხვებზე სულიერად უფრო ამაღლებულნიც. მათ თავიანთი გასაოცარი შინაგანი სამყარო აქვთ.

სწორედ ასეთი პიროვნება გახლავთ ჩვენი რესპონდენტი დავით ყვირილიანი. ის ახალგაზრდა, სულითაც და ხორცითაც მშვენიერი ადამიანია. განგებამ ფრიად მძიმე ჯვრის ტვირთვა დააკისრა - ტოტალურ უსინათლობაში ცხოვრობს. თუმცა მხოლოდ ეს განსაცდელი არ შემთხვევია, მას დიდი გამოცდების ჩაბარება მოუხდა ცხოვრების გზაზე.

დავითი დაიბადა 1981 წელს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. სამი თვის იყო, როცა მოულოდნელად თვალის უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა - გლაუკომა (თვალის წნევა). რვა წლის ასაკში კი სრულიად წაერთვა მხედველობა - წნევამ თვალი გაუხეთქა. იმავე წელს დაკარგა მეორე თვალიც და იმ დღიდან მასა და სამყაროს შორის შავი, გაუმჭვირვალი ფარდა ჩამოეშვა.

დავითი: "8 წლამდე სრულყოფილი მხედველობა არ მქონდა, მაგრამ თითქმის ყველაფერს ვხედავდი. დამოუკიდებლად გადაადგილებაც შემეძლო. მახსოვს და შემიძლია წარმოდგენაში აღვიდგინო მთა, ხე, ადამიანი, ფერები... რადგან ბავშვი ვიყავი, ჩემი მდგომარეობა ადვილად გადავიტანე, დეპრესია არ დამმართნია, არც საკუთარ თავში ჩავკეტილვარ. ამაში ოჯახი და გარემოც მიწყობდა ხელს. არავინ მაგრძნობინებდა, რომ "შესაძლებლობაშეზღუდული" ვიყავი - მაგალითად, ოჯახის წევრები სხადასხვა ნივთის მიტანას მავალებდნენ...

9 წლისა მივედი თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატში, სადაც სხვა ბევრ რამესთან ერთად დამოუკიდებელი ცხოვრებაც ვისწავლე. ერთი სიტყვით, სკოლას კარგად შევეგუე, უცებ შევეთვისე ახალ გარემოს.

აფხაზეთის ომის დროს ათი-თერთმეტი წლის ვიყავი. იმ პერიოდში მთელი სოფელი ალყაში მოგვაქციეს - დაახლოებით ათი დღის განმავლობაში წინ ზღვა გვქონდა, გარშემო კი შეიარაღებული ბოევიკები იყვნენ. კატარღებით ჩვენი გამოყვანა მოახერხეს. ეშინოდათ, ვაითუ ყველა ვერ ჩაეტიოსო და ამიტომ პირველად ბავშვები ჩასხეს. მე სხვა კატარღაზე აღმოვჩნდი, დედაჩემი და ჩემი და-ძმა - სხვაზე. ჩვენ ფოთში ჩავედით, ისინი კი ოჩამჩირეში წაიყვანეს..."

ათი წლის უსინათლო ბიჭი სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდა მარტოდმარტო. მაგრამ არ დაბნეულა. ღვთის წყალობით, იქ მეზობლებს შეხვედრია, რომელთა დახმარებითაც გამოჰყოლია თბილისში წამომსვლელებს და თავის სკოლა-ინტერნატში მისულა იმ იმედით, რომ მშობლები აქ უფრო ადვილად იპოვიდნენ. მაგრამ დედამისს შვილი დასავლეთში ეგონა და ერთი თვე დასჭირდა მის მოსაძებნად.

დათოს მამას მშვიდობიანად გამოუშვია ცოლ-შვილი, თვითონ კი მაინც აფხაზეთში დარჩენილა, სადაც შეიარაღებულ ბოევიკებს მოუკლავთ. მათი სახლ-კარიც გადაუწვავთ. ამ დღიდან დედა ობლად ზრდიდა სამ შვილს...

2003 წელს დათომ დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩააბარა სოხუმის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც ოთხი წელი ისწავლა.

დავითი: "მართალია, უნივერსიტეტში განსხვავებული გარემო იყო, მაგრამ მე არ გამჭირვებია, რადგან თავიდანვე ვიზრდებოდი როგორც საზოგადოების სრულყოფილი წევრი. თავიდან მე ვიჩენდი ინიციატივას ურთიერთობაში, შემდეგ ისინიც გააქტიურდნენ. არა მარტო ჯგუფელებთან, სხვებთანაც ვმეგობრობდი და ვმეგობრობ დღემდე. როცა მნიშვნელოვანი რამ ხდება, მათ არასდროს ვავიწყდები. ლექტორებიც ხელს მიწყობდნენ, გვერდით მედგნენ. უნივერსიტეტში მისვლა-მოსვლაში მეგობრები მეხმარებოდნენ. ზოგჯერ თავად არ სდომებიათ სასწავლებელში წასვლა და ჩემს გამო წამოსულან. წიგნებს ოჯახის წევრები მიკითხავდნენ ან ჯგუფელები ერთად ვმეცადინეობდით. ბრაილის შრიფტით ვიწერდი და ასე ვსწავლობდი".

როდესაც მესამე კურსზე იყო, ნერვიულობის შედეგად მძიმე სენით დაავადებული დედა გარდაეცვალა. მის ხელებში დალია სული. თავდაპირველად ყველანი ერთად ცხოვრობდნენ თბილისის ზღვაზე მდებარე ლტოლვილთა საცხოვრებელში, 24 კვადრატულ მეტრზე, ამჟამად კი დავითი მარტო ცხოვრობს - ფონიჭალის უსინათლოთა საერთო საცხოვრებელში, სადაც პირადი საკუთრება არ გააჩნია და დროებით აქვს თავი შეფარებული. უმეტესწილად დაოჯახებულ და-ძმას სტუმრობს. ისინი და მათი შვილები პატრონობენ. ძმა ისევ თბილისის ზღვაზე ცხოვრობს, და კი თავის ოჯახთან ერთად - ნაქირავებ ბინაში.

- გარდა უნივერსიტეტისა, საზოგადოდ რას იტყვი ხალხთან შენს ურთიერთობაზე? როგორ ღებულობს საზოგადოება უსინათლო ადამიანს?

- ჩემთვის ბევრი ტკივილი მოუყენებიათ და გამკვირვებია: ნუთუ ერთი ადამიანი მეორეზე მხოლოდ იმის გამო შეიძლება იყოს უკეთესი, რომ მას თვალისჩინი აქვს, სხვას კი არა?! ზოგჯერ დისტანციას იჭერენ, ჰგონიათ, რადგან უსინათლო ხარ, გონიერება არ გაგაჩნია და ყრუც ხარ. ჩემი მხრივ, ყოველთვის ვცდილობ ყველას დავუმტკიცო, რომ უსინათლო ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორიც სხვები. ვცდილობ ვიმეგობრო მხოლოდ მათთან, ვისაც მართლა ვუყვარვარ, მაფასებს და სიბრალულით არ მიყურებს.

- პირად ცხოვრებაზეც ხომ არ გვესაუბრებოდი?

- რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნაზე სერიოზულად ვფიქრობ. კანდიდატურაც მყავს შერჩეული. მან ყველაფერი იცის. მოუთმენლად ველი და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა უსინათლობის გამო დიდი დაბრკოლებები მქონია პირად ცხოვრებაში - ზოგჯერ გოგონა თანახმა ყოფილა, მაგრამ მის მშობლებსა და ახლობლებს ჩაუშლიათ ჩვენი ამბავი...

- შენ დასაქმებულიც ხარ...

- როცა მესამე კურსზე ვსწავლობდი, პედაგოგთა და მეგობართა რჩევით, დავიწყე მუშაობა საქართველოს უსინათლოთა კავშირის აფხაზეთის ფილიალში თავმჯდომარის მოადგილედ. დღემდე იქ ვმუშაობ, თუმცა ძალზე მცირე ხელფასზე. ჩვენ ვცდილობთ მოვიზიდოთ სხვადასხვა სახის დახმარება და ამ მიზნით კერძო კომპანიებს ვუკავშირდებით, თუმცა უმეტესწილად თავს დამცირებულად ვგრძნობთ. ხშირად არაფრად გვაგდებენ და პასუხის ღირსადაც არ მივაჩნივართ. მაგრამ ჩვენ მაინც ცდას არ ვაკლებთ და ზოგჯერ მცირე დახმარებებსაც ვიღებთ. გვიხარია, ჩვენს ლტოლვილ უსინათლოებს რომ ვახარებთ.

- ცხოვრების მცირე მონაკვეთში საკმაოდ მძიმე განსაცდელები გამოიარე. როგორ უყურებ აწმყოს? როგორ ხედავ შენს მომავალს?

- ფარ-ხმალს არ ვყრი! ვიცი, ჩემი მშობლების სულს არ გაუხარდება ჩემი უიმედო მდგომარეობა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქციელით მათ სულებს ტკივილი არ მივაყენო. მშობლებს ყველაზე მეტად ჩემი დარდი გაჰყვათ იმქვეყნად, ამიტომაც ვცხოვრობ ისე, როგორც მათ სულებს გაუხარდებათ, ან გაუხარდებოდათ, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ. თუმცა რამდენად გამომდის, არ ვიცი...

ვფიქრობ, მომავალი უკეთესი იქნება. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, მომავალი არა მარტო ჩემთვის, სრულიად საქართველოსთვისაც იმედიანი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველმხრივ დიდ განსაცდელშია.

- გაქვს აფხაზეთში დაბრუნების იმედი?

- ვიცი, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, მაგრამ მინდა ვირწმუნო, რომ მეღირსება იქ ჩასვლა. საშინლად მწყურია იქაურობა! ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდება და მეც მჯერა - ჩვენ დავბრუნდებით!

ესაუბრა
ლაშა ცაიშვილი
ბეჭდვა
1კ1