მადლიერი ვარ, რომ მე ამომირჩია ასეთი ბავშვის დედად
მადლიერი ვარ, რომ მე ამომირჩია ასეთი ბავშვის დედად
მადლი ადამიანს ღვთის მოწყალებით, დიდი ღვაწლის შედეგად ეძლევა. ღვთის მადლის მიმღები კი ასმაგად ბედნიერია მაშინ, როცა მადლს უხვად გასცემს და სხვისი კეთილდღეობით ცხოვრობს. "მადლობა უფალს" - ამ სიტყვებს ხშირად ამბობენ მორწმუნეები, ამბობენ მაშინაც კი, როცა ცხოვრება განსაცდელებს უმზადებს.

"მადლობა უფალს" - ამას თითქმის ყოველდღე ამბობს მაია ასაკაშვილი, ახალგაზრდა დედა, რომლის ცხოვრებაც არ ჰგავს უდარდელი მშობლის ხვედრს. მის ერთადერთ ვაჟს, 16 წლის ირაკლი ქემოკლიძეს, სამშობიარო ტრავმა აქვს მიღებული. სამეტყველო ზონების დაზიანებასთან ერთად გონებრივი განვითარებით ასაკს ჩამორჩება. შვილის დარდს მეუღლის გარდაცვალება დაემატა. რამდენიმე თვეა, რაც 38 წლის მაია დაქვრივდა. როგორც იტყვიან, მის თავზე რა აღარ დატრიალდა, მაგრამ, ღვთის მადლით, საკუთარ თავში გამონახა ძალა და კერას სითბოს უნარჩუნებს. იქნებ საწუწუნოც ბევრი აქვს, მაგრამ უცხოსთან ამას ნაკლებად ამჟღავნებს. პირიქით, მადლობას სწირავს უფალს და ცხოვრებას იმედის თვალით შეჰყურებს.

მაია ჩვენი კოლეგაა, ჟურნალისტურ საქმიანობასთან ერთად ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი - "სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია" დააფუძნა.

- არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნე იმიტომ, რომ დახმარება გამეწია არა მარტო ჩემი შვილისთვის, არამედ სხვისი შვილებისთვისაც. შვილის დაბადება უდიდესი სიხარულია ამქვეყნად. ერთ დღეს, როცა იგრძნობ პირმშოს თანდაყოლილ ნაკლს, ქვეყანა თავზე დაგექცევა. ჩნდება ღრმა ტკივილი. იბადება კითხვა - რატომ? პასუხს ვერ პოულობ და მაინც მღერი იავნანას, უფრო გულში ჩამწვდომად, სევდიანად.

არავინ იცის, რას განვიცდიდი სანუკვარი სიტყვის - "დედის" დაძახების მოლოდინში. მედიცინა უძლური აღმოჩნდა. რვა თვის ასაკში ორი ოპერაცია გავუკეთეთ... ღმერთმა არ გაგვწირა...

მძიმედ დაავადებული ბავშვების მშობლები ხშირად განიკითხავენ ღმერთს და წუწუნებენ, მე კი ვცდილობ, დავარწმუნო ისინი, რომ ბოლომდე გააცნობიერონ თავიანთი ხვედრი და ღმერთს მადლობა უთხრან, რომ ასეთი დიდი ჯილდო არგუნა მათ, მიიღონ თავიანთი შვილები ისეთები, როგორებიც ღმერთმა გააჩინა. ასევე ვთხოვ ყველა მშობელს, იარონ ეკლესიაში, აზიარონ შვილები, მოინანიონ ცოდვები. ხშირად მეუბნებიან ხოლმე - რა ცოდვა გქონდათ ასეთი, რომ თქვენი შვილი სამშობიარო ტრავმით დაიბადაო. ალბათ, ვისაც აირჩევს უფალი ასეთი შვილის დედად, იმას ერგება ეს ხვედრიც. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს სრულიად ჯანმრთელი ადამიანი დაინვალიდდეს. ეს არავინ იცის.

- განსაცდელი ბევრი გქონდათ?

- ძალიან ბევრი. საზოგადოება ალმაცერად უყურებდა ჩემს წამოწყებას, ხანდახან დამამცირებელი დამოკიდებულებაც მიგრძნია. მაინც არ დავყარე ფარ-ხმალი. ალბათ ესეც ღვთის ნებაა, რომ მე მომცა სულიერი ძალა, ჩემი პრობლემების მოსაგვარებლად. ასეთი კატეგორიის ბავშვებს სულიერად ძლიერი მეურვე სჭირდებათ. უნარშეზღუდულ ბავშვებში ბოროტებას ვერ ნახავთ, მათ არ იციან, რას ნიშნავს ეს სიტყვა. მათი თვალები მხოლოდ სიკეთით არის სავსე. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასეთ სამყაროსთან შეხების და ზიარების ღირსი გამხადა. ეს არის მართლაც ღვთის გამოცდა. მადლიერი ვარ, რომ მე ამომირჩია ასეთი ბავშვის დედად.

- ეკლესიური ცხოვრება განსაცდელების გადალახვაში გეხმარებათ?

- ვცდილობ, შეძლებისდაგვარად ეკლესიურად ვიცხოვრო და შვილიც ვაზიარო ღვთის მადლს. ჩემი იმედი დღეს მხოლოდ ღმერთია. ღვთის მფარველობას ყოველწუთს ვგრძნობ. ჩვენს სახლთან ახლოს, ვაჟა-ფშაველას მეტროსთან, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაა. ირაკლი იქ ეზიარება ხოლმე. მინდა ჩემმა შვილმა ბოლომდე ეკლესიურად იცხოვროს. დიდი სურვილი მაქვს, ასეთი ბავშვებისთვის გავაკეთო ისეთი პროექტი, რომ ისინი ეკლესიაში სტიქაროსნებად მოვამზადოთ. ისინი ამას დიდი პასუხისმგებლობით გააკეთებენ.

მე მტკიცედ უნდა ვიდგე ფეხზე, რათა ჩემი შვილისა და მისი მეგობრებისთვის კიდევ ბევრი რამ გავაკეთო. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ ძალა მომცა ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის მცირე დახმარება გამეწია.
ბეჭდვა
1კ1