ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები დიდი ხანია ელის მკვლევარებს
ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები დიდი ხანია ელის მკვლევარებს
არსებობს ორი გზა: გზა სიცოცხლისა და გზა სიკვდილისა. ღმერთმა ადამიანს ყველა საშუალება მისცა ქრისტეს მიერ სიცოცხლის გზით სვლისა და მარადიული ცხოვრებისთვის. ეს გზა და ეს სიცოცხლე კი იწყება ჭეშმარიტი რწმენით, ნათლობით. ჩვენში ქრისტიანობას 20-საუკუნოვანი ისტორია აქვს. მართალია, ქართველი ერის ნათლობა, სრულიად საქართველოს გაქრისტიანება მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენში ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნეში იქადაგა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა. რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში ვკითხულობთ: "პირველწოდებული ანდრია, ძმაი თავისა მოციქულთაისა პეტრესი, ვიდრე ჩუენდამდეც მოიწია და ქადაგა საცხოვრებელი ქადაგებაი სახარებისაი ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა და ურიცხვნი სიმრავლენი ერთანი განაშორნა საცთურისაგან მრჩობლ ეშმაკეულებისა და ერთისა ღმრთისა და ქრისტეს მისისა თანაარსით მათით სულითურთ რწმუნებით თაყვანისცემაი ასწავა..."

თითქმის უკვე ოცი საუკუნეა, ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება.

სამწუხაროდ, ქართველმა საზოგადოებამ არც ისე ბევრი რამ იცის იმ მხარის შესახებ, სადაც წმინდა მოციქულმა პირველი ჯვარი აღმართა. ეს მხარე ხარაგაული გახლავთ.

ხარაგაული, შორეული წარსულიდან მოყოლებული, ამ სახელწოდებით იყო ცნობილი, შემდეგ ბელაგორი შეარქვეს, კომუნისტებმა - ორჯონიკიძე, ამჟამად ისევ ხარაგაულია. ხარაგაული გამორჩეულია თავისი ბუნებით, ადგილმდებარეობით, ხალხით... აქ გადიოდა უძველესი სავაჭრო საქარავნო გზა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, რომელიც ერთ-ერთი უმოკლესი გზა იყო ევროპასა და აზიას შორის და "დიდი აბრეშუმის" სავაჭრო გზის ნაწილი იყო.

აქ არაერთი ძვირფასი ტაძარი და წმინდა ადგილია. ყველაზე ძველია: ნუნისის, ვანის ღვთისმშობლის, ბორითის, კოზმნის, უბისის და სხვა ეკლესიები. ხარაგაულის რაიონის ტაძრებისა და წმინდა ადგილების ამსახველ რუკაზეც დაფიქსირებულია ამ რაიონის თითქმის ყველა ტაძარი და წმინდა ადგილი (ამ რუკის მოძიება-შედგენისთვის დიდი შრომა დასჭირდათ დეკანოზ ვალერი აბაშიძეს, შოთა ხარატიშვილს, ივა ხარაძეს, თამაზ და ვანო შარიქაძეებს, ბეგლარ ხარაძეს, ფრიდონ გუჯეჯიანს...).

თითქმის არ არის სფერო, სადაც ამ რაიონის მკვიდრთ თავისი სიტყვა არ ეთქვათ. აღსანიშნავია ისიც, რომ სრულიად საქართველოს ორი კათოლიკოს-პატრიარქი - ქრისტეფორე III (ციცქიშვილი, ვერტყვიჭალელი იყო) და დავით V (დევდარიანი, მირონწმინდიდან იყო) - ხარაგაულის რაიონის მკვიდრი ბრძანდებოდა.

აკადემიკოსი ევგენი ხარაძე წერს: "ხარაგაულის ინტელიგენცია: თაბუკაშვილების, ბუაჩიძეების, კიკნაძეებისა და სხვა დინასტიები - დაუვიწყარია ჩვენი ხალხისთვის".

გალაკტიონმა მასწავლებლობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალში დაიწყო და თავისუფალ დროს ხარაგაულის სადგურს მიაშურებდა ხოლმე, სადაც თავს იყრიდნენ რაიონის ინტელიგენციის წარმომადგენლები.

"მახსოვს ხარაგაულის
სევდიანი სადგური,
მისი ყრუ სამკაული -
აცვენილი აგური.
უშფოთველი ცხოვრება,
წყნარი, როგორც გუგული,
მესმის მოახლოებულ
ორთქლმავალის გუგუნი".


ხარაგაულის რაიონი წმინდა ანდრია პირველწოდებულის მოღვაწოების კვალს ინახავს. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადგილებს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ჯერ კიდევ შეუსწავლელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ძეგლები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ელოდება მკვლევარებს. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ, 1915 წელს გაზეთ "საქართველოში" "ფარცხნალელის" ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი: "აჭარის მთების ერთი ნაწილი, რომელიც სოფელ ფარცხნალს უფრო უახლოვდება, სახელდობრ, "ტაძარი", "სახვლარი", "რკინის ჯვარი", "ტბა", "პანტნარი" და "ფიქალა" შესანიშნავი ადგილებია და ჩვენი ისტორიკოსებისა და არქეოლოგების ყურადღების ღირსი. ეს ადგილები დღეს მხოლოდ მწვანე ბალახით აბიბინებულ მინდვრებსა და ხეტყით დაფარულ გორაკებს წარმოადგენენ, მაგრამ ძველ დროში (დანამდვილებით როდის, საუბედუროდ, არ ვიცით) აქ ქალაქები და სოფლები ყოფილა გაშენებული". არის გაყვანილი ქვით მოკენჭილი, დიდი საურმე გზები, აქვე ერთ დიდ ნასოფლარში არის დანგრეული საყდრის კედლები. "რკინის ჯვარი" აქაური მთების ბეტონია. მას სახელწოდება, აქაურების რწმენით, წმინდა ანდრია პირველწოდებულისგან აქვს მიღებული". ამის თაობაზე "ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს: "ხოლო იგი წარემართა და გარდამოვლო მთა, რომელსაც ეწოდების რკინის-ჯუარი და ჯუარი იგი თვით ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართულ არს".

"ფარცხნალელი" 1915 წელს გამოქვეყნებულ წერილში წერს: "ტბის" ბოლოში, თვალუწვდენელ, სურნელოვან ფიჭვნარში ამაყად დგას "ტბის" დანგრეული ეკლესიის კედლები... დღეს ეს ადგილები საძოვრებად არის გადაქცეული და არავინ ზრუნავს იმის გაგებას, თუ რომელ საუკუნეში იყო აქ სიცოცხლე და მოსახლეობა". წერილის დასასრულს "ფარცხნალელი" ამბობს: "სულითა და გულით ვთხოვთ ქართველ ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს, ამ ზაფხულს დაათვალიერონ ჩვენს მიერ აღნიშნული დანგრეული ეკლესიები და ადგილები".

მას მერე ბევრი ზაფხული გაილია...

"ფარცხნალელის" ეს გულისტკივილი თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ გულთან ახლოს მიიტანა ღვაწლმოსილმა მეცნიერმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, უაღრესად მორწმუნე პიროვნებამ, ბატონმა კარლო ბუაჩიძემ, რომელიც წარმოშობით ხარაგაულელი ბრძანდება. ამ კეთილშობილურ წამოწყებას შეუერთდნენ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორატი და სტუდენტობა.

KARIBCHEვესაუბრებით ბატონ კარლო ბუაჩიძეს.

- ბატონო კარლო, რა ღონისძიებები დაგეგმეთ და როგორ ფიქრობთ მათ განხორციელებას?

- ვფიქრობდით, რომ რკინის ჯვრის ტერიტორიაზე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი ჩვენი პროფილის სამუშაოებს გააკეთებდა, გასუფთავდებოდა ტერიტორია. გარდა ამისა, ჩვენთან იქნებოდნენ სტუდენტი-არქეოლოგებიც, რომლებიც იმ მხარეს, რკინის ჯვრის შემოგარენს შეისწავლიდნენ. გაკეთდებოდა მეორე დიდი საქმეც - სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისად, ჩატარდებოდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ისტორიული, აგრონომიული თუ სხვა სამეცნიერო სახის მასალა. მაგრამ, სამწუხროდ, ეს ღონისძიება წელს ვერ განვახორციელეთ გარკვეული მიზეზების გამო. გარკვეულწილად ომმაც შეგვიშალა ხელი. არადა, დრო არ იცდის. იქ არის ძველი ნასახლარები, ქალაქის ტიპის ქუჩები. შემორჩენილ რამდენიმე სახლის ნანგრევს მწყემსები აფარებენ თავს.

გადმოცემით, აჭარიდან მომავალმა წმინდა ანდრიამ აქ დაისვენა და აღმართა პირველი ჯვარი. აქვეა მთა "ტაძარი". მთას "ტაძარს" ალალბედზე არ დაარქმევდნენ. მართლაც, აქ არის ნატაძრალი. ჯერ კიდევ "ფარცხნალელი" წერდა, - ეს ნანგრევები კაცის სიმაღლემდეღაა შემორჩენილი და ნელ-ნელა იფარება ბუჩქნარითა და ბალახითო. მეორედ აქ პასკევიჩმა დადგა ჯვარი რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრებისა და სამცხე-საათაბაგოს შემოერთების აღსანიშნავად, რომელიც 1921 წლამდე არსებობდა. 1990 წელს ჯვარი მესამედ აღმართეს დეკანოზებმა: არჩილ მინდიაშვილმა და ზაქარია ფერაძემ. 2001 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, მარგვეთის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, წირვა და პარკლისი აღავლინა რკინის ჯვარზე და დამკვიდრდა ამ ადგილას ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნა. ეს არ არის საკმარისი. ჩვენი დიდი სურვილია, დადგეს ამ ტერიტორიის საპატრიარქოს მფლობელობასა და დაქვემდებარებაში გადაცემის საკითხი, რათა აქ აშენდეს სამონასტრო კომპლექსი და ამ დგილზე კვლავ აღორძინდეს სულიერი ცხოვრება. ვფიქრობთ, ამ საქმეში მხარს დაგვიჭერს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ხელმძღვანელობაც.

ვესაუბრებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, ბატონ გია გაგოშიძეს.

- ბატონო გია, თქვენც წარმოშობით ხარაგაულელი ბრძანდებით, ამიტომაც განსაკუთრებით ახლოს მიიტანეთ გულთან ეს საკითხი, თუმცა იგი მთელი ერის სატკივარია...

- "რკინის ჯვარს" ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. თავის დროზე, როდესაც წმინდა ანდრია პირველწოდებული ჩამობრძანდა აქ, მაშინაც ეს გზა-სავალი ერთგვარი სატრანზიტო გზა იყო, რომლითაც სამხრეთ საქართველო (ბორჯომის ხეობა) უკავშირდებოდა დასავლეთ საქართველოს (ზემო იმერეთს).

ჩვენს წინაპრებს ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი უფლისგან ნაკურთხი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ქართველი კაცი გენეტიკურად არის მიდრეკილი სოფლისკენ, მიწისკენ. მოგეხსენებათ, საქართველო ძლიერი ყოველთვის ძლიერი სოფლით იყო. სასურველია, ფესვებს დავუბრუნდეთ, ჩვენი წილი მიწა-წყალი, ჩვენი წილი საქართველო დავიცვათ. თუკი ამ ადგილებში სულიერი ცხოვრება აღდგება, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ნამოღვაწარსაც მეტი ფასი დაედება. მეტი ხალხი მობრუნდება ამ მხარეში და ზოგადად საქართველოში.

სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში ამ საკითხით დაინტერესებულ სტუდენტებსაც გავესაუბრე. ერეკლე ბოგვერაძე, თენგო ამონაშვილი, მირიან ნოზაძე, თათია ჭელიძე - პატრიოტული გრძნობით ანთებული, მორწმუნე ახალგაზრდები არიან, აწუხებთ ამ უდიდესი სიწმინდის, "რკინის ჯვრისა" და მის ტერიტორიაზე არსებული ნატაძრალების ბედი. "დღეს კაცის სიმაღლეზეა ეს ნანგრევები, ხვალ კი მთლიანად დაინგრევა. ამას დროულად უნდა მიხედვა, რადგან ხვალ-ზეგ უკვე გვიან იქნება", - ამბობენ ისინი. მათი აზრით, ეს არ არის მხოლოდ ხარაგაულის რაიონის მოსახლეობის სატკივარი, ეს ეროვნული საქმეა, რომელსაც დროზე უნდა მიხედვა.
ბეჭდვა
1კ1