იმ დღიდან, იმ წამიდან გადავწყვიტე, ეკლესიაში მევლო
იმ დღიდან, იმ წამიდან გადავწყვიტე, ეკლესიაში მევლო
ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ბინაში ჭეშმარიტი ხელოვნების სამყაროში აღმოვჩნდი. ყოველ კედელს შვენოდა საქართველოში ოდითგან ცნობილი და დღეს მეტ-ნაკლებად მივიწყებული ოქრომკედით ნაქარგი ჯვარ-ხატები, ნატიურმორტები, პეიზაჟები. მათი მომქარგველი გახლავთ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მრევლის წევრი, მამა თეოდორეს (ამბროლაძის) სულიერი შვილი, მხატვარი დოდო ნემსაძე.

საინფორმაციო წიგნით "ვინ ვინ არის", შევიტყვე, რომ ქალბატონი დოდო უამრავი გამოფენის ავტორი ყოფილა, ჩვენშიც და საზღვარგარეთაც.

- ქალბატონო დოდო, რატომ დაინტერესდით ნაქარგობით?

- ჩვეულებრივი მხატვარი ვიყავი. ლექციებსაც ვუკითხავდი სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც სხვა მინდოდა. ერთხელ ხელში ჩამივარდა ვახტანგ ბერიძის გამოკვლევა ქართული ნაქარგობის ისტორიის შესახებ. იმდენად დამაინტერესა მონოგრაფიამ, დავიწყე მუზეუმში სიარული. მშველელად დიდი ნიკო კეცხოველის ქალიშვილი, ხელოვნების მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი მზია კეცხოველი, მომევლინა, სწორედ მისი მეშვეობით შევძელი მენახა ოქროს ფონდში დაცული ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნამუშევრები. მოვიძიე საჭირო ლიტერატურა და დამოუკიდებლად შევუდექი ქარგვის საიდუმლოების ამოხსნას. მანამდე ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ მქონია. არ ვიცოდი, რა იყო წირვა-ლოცვა, ზიარება, აღსარება... და რატომღაც, სრულიად გაუცნობიერებლად, პირველად წმინდა გიორგის საკმაოდ დიდი ზომის ხატი მოვქარგე. და რადგან 90-იანი წლების ულმობელ სისასტიკეს ვერ გადავურჩი, მეუღლე გარდამეცვალა, შვილი სამკურნალო გამიხდა, ჩემთვის ესოდენ ძვირფასი ნამუშევარი დაუნანებლად გავყიდე. ჩანს, უფალმა შემაძლებინა საკუთარი ხელით დამეხსნა შვილის სიცოცხლე, მეოხად კი წმინდა გიორგი მომივლინა.

- ამის გააზრება მალე მოახერხეთ?

- სულაც არა. ეგ კი არა, ამის შემდეგ ერთმა ცნობილმა ოჯახმა ბოსხის "სატანა" მომაქარგვინა. რასაკვირველია, მოგვიანებით მივხვდი, რომ ასეთი ნამუშევრების არსებობაც საჭიროა, რათა სატანის მსხვერპლად არ ვიქცეთ.

- ეკლესიამდე როდისღა მიხვედით?

- საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ. მანამდე ქარგვის შემსწავლელი სტუდია გავხსენი. გამოჩნდნენ პირველი მსურველებიც. შრომაში დრო შედარებით ადვილად გადიოდა. ქარგვის შემსწავლელთაგან მინიმალურ თანხებს ვიღებდი, გამიჩნდა არსებობის წყარო, ანუ ეს ჩემთვის თავის გადარჩენის ერთადერთ გზად იქცა.

- მეუღლე რითი გარდაგეცვალათ?

- ჩემი მეუღლე, ჯადაროს აბრამიძე, კინოსტუდიის გადამღები ჯგუფის დირექტორი იყო. 9 აპრილამდე ცოტა ადრე რეჟისორი ოთარ შამათავა "ტურანდოტის" გადაღებას შეუდგა. ერთ-ერთი ეპიზოდი მაშინდელ სასტუმრო "თბილისში" უნდა გადაეღოთ. იმ ტრაგიკული დღის შემდეგ ვიღას ეფილმებოდა, მაგრამ ასეთი საკითხების გადავადება არ ხდება. ჰოდა, შევიდნენ სასტუმროში, დაიწყეს გადაღება... ჩემი მეუღლე მომწამვლელი ნივთიერებებისგან გამოუცნობი სენით დაავადდა. უსახსრობის გამო ვერ დავაწვინეთ საავადმყოფოში და წელიწად-ნახევარში გარდაიცვალა. დავრჩით მე და ჩემი შვილი უსახსროდ. ნამუშევრების გაყიდვა გახდა ჩვენი გადარჩენის საშუალება.

- და მაინც, რატომ ირჩევდით რელიგიურ თემებს? რატომ ქმნიდით მაინცდამაინც ხატებს?

- არ ვიცი, ეს უკვე ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. ერთ დღეს კი სასწაულის მოწმენი გავხდით. ერთი ჩემი მოსწავლე ყაზანის ღვთისმშობლის ხატზე მუშაობდა. რაღაც შეეშალა. ქარგვაში შეცდომის დაშვება მის დაშლას და ხელახლა დაწყებას ნიშნავს, ამიტომ საჭირო გახდა ჩემი ჩარევა. უეცრად, უფრო სწორად, ავიღე თუ არა ხელში ნაქარგი, ღვთისმშობლის ყელთან სისხლის პატარა მრგვალი წვეთი გაჩნდა. ყველანი ერთმანეთს შევყურებდით ხელებში, ვინმეს ნემსი ხომ არ ეჩხვლიტაო. აღმოჩნდა, რომ არავის ჰქონდა ნაჩხვლეტი. სისხლი კი იშლებოდა, ფართოვდებოდა და ქსოვილი იჟღინთებოდა. თითქოს მიკარნახესო, სურვილი გამიჩნდა გადამეშალა წინა დღეებში შეძენილი საეკლესიო კალენდარი. ლამის გავქვავდი: თურმე იმ დღეს ყაზანის ღვთისმშობლის ხსენების დღე იყო.

სწორედ იმ დღიდან, იმ წამიდან გადავწყვიტე, ეკლესიაში მევლო. დამეხმარა უფალი და დიდუბის ეკლესიის მრევლი გავხდი.

- ახალი იდეები თუ გაგიჩინათ ეკლესიური ცხოვრების დაწყებამ?

- თანაც საკმაოდ ბევრი. რაც მთავარია, მივხვდი, რომ ჩვენს ეკლესიებს არ ყოფნის დაფარნები, სამღვდელო შესამოსლები, გარდამოხსნები. რაც არის, ყველაფერი რუსულია, თანაც მანქანაზე შექმნილი. ამიტომ გადავწყვიტე, სტუდიის ბაზაზე შემოქმედებითი კავშირი, ასოციაცია შემექმნა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ზიარებოდა ამ დიდ საქმეს - ქართული ოქრომკედით ქარგვის ოსტატობას. იქნებ ქართული, ეროვნული საეკლესიო სამოსით შევმოსოთ ჩვენი ეპისკოპოსები, მოძღვრები, საეკლესიო ნივთები და სიწმინდეები კი ქართული ორნამენტებით დავამშვენოთ. მონაზვნები ყველაფერს ვერ გასწვდებიან, ერში მცხოვრებნიც უნდა შევეწიოთ დედაეკლესიას.

- თქვენ უფლის გარდამოხსნების შესახებაც გქონიათ ისტორიული ცნობები?

- არსებობს რამდენიმე ცნობილი გარდამოხსნა, რომლებსაც დიდებულები, სამეფო ოჯახების წევრები უკვეთდნენ. მათი გარკვეული ნაწილი ძვირად ფასობს არა მარტო რელიგიური თვალსაზრისით, არამედ მათში გამოყენებული ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი თვლების გამოც. რაც უფრო შეძლებული იყო შემკვეთი, მით ძვირფასი იყო გარდამოხსნა. ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც შაჰ-აბასსა და მარიამ დედოფლისეულ გარდამოხსნას უკავშირდება. გამარჯვებულმა შაჰ-აბასმა თურმე დაკეცილი გარდამოხსნა ცხენს თოქალთოდ გადააფარა, ზედ შეჯდა და ისპაანისკენ გასწია. საშინელი ჭირი მოევლინა მაშინ სპარსეთს. კეთილის მსურველთ ურჩევიათ შაჰისთვის, უკან დაებრუნებინა საქართველოდან წაღებული სიწმინდე. ასეც მოქცეულა. ქვეყანას ამოუსუნთქავს, მაგრამ ქრისტიანობის უპირატესობაშიც აშკარად დარწმუნებულა... თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ გვიანდელი გარდამოხსნები თანდათან მცირდება და მათი მხატვრული სახეც მარტივდება.

- ამიტომაც გადაწყვიტეთ, შეგექმნათ რომელიმე ცნობილი გარდამოხსნის ასლი?

- ჩვენ გადავწყვიტეთ ბაგრატ მესამისეული გარდამოხსნის მოქარგვა. მე და ჩემი 8 მოსწავლე 9 თვის მანძილზე ვქარგავდით. კურთხევა დიდ დიღომში, სკოლის შენობაში მდებარე ეკლესიის წინამძღვარმა მამა დავითმა (შაქარაშვილმა) მოგვცა. ნამუშევარი მოეწონა და იგი სწორედ ამ ეკლესიას შევწირეთ. მერე მამა დავითის სულიერმა შვილმა, უკეთილშობილესმა ქალბატონმა ია ხმელიძემ (თავად უშვილო, მეუღლის ქალ-ვაჟს ღვიძლი შვილებივით ზრდის), უკვე მარტომ, ჩემი მეთვალყურეობით, მოქარგა მეორე გარდამოხსნა და ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას შესწირა. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ მე ვერ შევბედე. სამაგიეროდ, მყავს კიდევ ერთი ძალიან კარგი მოსწავლე ლელა მეშველიანი, სამი ვაჟკაცის დედა, რომელიც ყველანაირად - ფიზიკურადაც, მატერიალურადაც - გვერდით უდგას ჩვენს ასოციაციას. ლელამ კურთხევა მიიღო ცაგერი-ლენტეხის ეპისკოპოსისგან, მეუფე სტეფანესგან (კალაიჯიშვილისგან), მოექარგა ბაგრატ მესამისეული გარდამოხსნის ასლი მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრისთვის. გავაკეთეთ ესკიზები, შევარჩიეთ ფერები. ლელა შეუდგა ქარგვას.

- სხვა მოწაფეების შესახებ რას იტყვით?

- ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი გოგონები არიან. ფილიგრანული სიზუსტით ასრულებენ თითოეულ დეტალს, რაც მთლიანობაში კარგად დასრულებული ნამუშევრის სახით ვლინდება. გამოფენაზე მათი ნამუშევრებიც მაქვს ხოლმე გამოფენილი. ერთ-ერთი მათგანი, ეკატერინე ჩაჩანიძე, მღვდელ თეოდორეს (გიგნაძის) სულიერი შვილი, გამორჩეულად ნიჭიერია. აშკარად იგრძნობა მის მოქარგულ ხატებში ღვთის წყალობა.

- საოცარია, თქვენ გინდათ, რომ რაც შეიძლება ბევრმა იცოდეს ეს ნამდვილად საჭირო და საშური საქმე.

- აბა, როგორ შეიძლება, მარტო მე ვიცოდე ის, რაც თითქმის ყველა ქალმა იცოდა? დღეს, როცა ყველა კუთხე-კუნჭულშია ჩასაფრებული უკეთურება და არავინ იცის, ვის სად, როდის ან საიდან წამოგეპარება საცდური, ვცდილობთ, ღვთის სათნო საქმე ვაკეთოთ.

- ეტყობა, საქმიანობაში დიდი რწმენაც გეხმარებათ.

- უფრო ღვთის შემწეობაა, თორემ სად არის დღეს იმ სიძლიერის რწმენა, ჩვენს წინაპრებს რომ ჰქონდათ და რომელიც შეგვაძლებინებდა, უფრო მეტი და ღირებული რამე შეგვექმნა? სულ ვიხსენებ ხოლმე იმერეთის ეპისკოპოსის, წმინდა გაბრიელის, მაგალითს. მეუფე გაბრიელს ლობიოს შეჭამანდი ჰყვარებია და მარხვაში(!) სწორედ ლობიოს ანუ იმას თმობდა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა. ჩვენ კი, არაფერი მოგვაკლდესო და მართალია, სამარხვო ინგრედიენტებით მომზადებულს, მაგრამ ნამცხვარსაც მივირთმევთ. ჩვენ როდის შევწვდებით მისდარებს! თუმცა მცდელობა არ უნდა დავაკლოთ. ძალიან მინდა ხელსაქმის სიყვარულმა ყველა ქალში გაიღვიძოს, რომ ჩვენს განძარცვულ ეკლესია-მონასტრებსა და სიწმინდეებს მცირედით მაინც შევეწიოთ.

ღმერთმა ქნას, ბევრ ქალბატონს გაუჩნდეს სურვილი, შეისწავლოს ქართული ოქრომკედით ქსოვის უცნაური ტექნოლოგია, როცა თურმე ძაფი არ ეყრება ნემსში, ქსოვის დასაწყისში კი მხოლოდ ერთი კვანძი კეთდება. ქ-ნი დოდო ცდილობს, განაახლოს და აღადგინოს ეს ტრადიცია, სწავლება კი, კეთილმოსურნე ბიზნესმენთა შემწეობით, სრულიად უფასო გახადოს...

მოამზადა
თამარ კაპანაძემ
ბეჭდვა
1კ1