მე მშვიდად ვარ, რადგან ჩემი მეუღლე ამ ქვეყნიდან ნაზიარები გავიდა
მე მშვიდად ვარ, რადგან ჩემი მეუღლე ამ ქვეყნიდან ნაზიარები გავიდა
ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილს, როგორც ქველმოქმედ, ჭეშმარიტად მორწმუნე და უანგარო ადამიანს, ბევრი იცნობს. მასთან ყოველდღიურად უამრავი გაჭირვებული მიდის დახმარების სათხოვნელად, ისიც ძალღონეს არ იშურებს და შეძლებისდაგვარად ეხმარება მათ. თუმცა ამაზე არ ლაპარაკობს - ადამიანებმა ერთმანეთს დახმარების ხელი ყოველთვის უნდა გაუწოდონ და ამაში უჩვეულო არაფერიაო. ერთს კი მაინც ვიტყვი: უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქალბატონი რუსუდანის ოჯახი უდიდეს წვლილს შეიტანს ახალაშენებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე სასულიერო აკადემიის მშენებლობაში.

- ქალბატონო რუსუდან, როგორ გახდით მორწმუნე?

- ვფიქრობ, რომ უკლებლივ ყველა ქართველს დაბადებისთანავე დაჰყვება უფლის რწმენა. მე მღვდლების შთამომავალი ვარ. დედაჩემის დედის (მინდელების) მხრიდან 13 თაობა მღვდლები ყოფილან. ბაბუაც, გვარად დევდარიანი, მღვდლის შთამომავალი გახლდათ. ასე რომ, მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენი ოჯახისათვის მუდამ ახლობელი იყო. ბებია ყოველ დილა-საღამოს განმარტოვდებოდა ხოლმე და ლოცულობდა. ოთახში არ გვიშვებდა, მაგრამ ვიცოდით, რომ იქ ხატებს ევედრებოდა... იგი ოჯახის წევრებს ისე არ გაგვიშვებდა შინიდან, რომ არ დაველოცეთ. ამგვარად, უფლის რწმენა ჩემში ბავშობიდანვე შემოვიდა.

- ბებია ოთახში იმიტომ არ გიშვებდათ, რომ ლოცვის დროს ხელი არ შეგეშალათ?

- არა, მაშინ ხალხს სარწმუნოებაზე საუბარიც კი ეკრძალებოდა, იყო დასმენები, ადამიანებს სრულიად უმიზეზოდ იჭერდნენ. ბებიას ბევრი ახლობელი გადაასახლეს, დახვრიტეს და ეშინოდა, ეს საშინელი ხვედრი ჩვენც არ გვრგებოდა. ბებიას თაობა დაშინებული თაობა იყო. როცა ხრუშჩოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ცდილობდა, მე და ჩემს დას ამის თაობაზე სხვების საუბარიც კი არ მოგვესმინა. განსაცდელს ყოველთვის მყარი რწმენით ხვდებოდა და არ მახსოვს, მის თავს დატეხილი უბედურებების მიუხედავად, ოდესმე სულ მცირე საყვედური მაინც ეთქვა უფლის მიმართ.

- ეკლესიური ცხოვრება როდის დაიწყეთ?

- მადლობა ღმერთს, რომ უწმინდესის წყალობით საქართველოში ყველას მოგვეცა საშუალება, ეკლესიის მრევლი გავმხდარიყავით. უდიდესი მადლი და ძალა აქვს უწმინდესს, იმაზე მეტიც კი, ვიდრე ვხედავთ. არმაზში, ჩვენი სახლის ახლოს არის წმინდა ნინოს ეკლესია, სადაც საოცრად მშვიდი და წყნარი გარემოა ლოცვისთვის. სწორედ ამ ტაძრის მრევლი გავხდით მე და ჩემი თანასოფლელები. თანაც ისე მოხდა, რომ მაშინ ჩემი მეუღლე ძალიან ავადმყოფობდა და რადგან ტაძარი ახლოს იყო, წირვა-ლოცვებზე დასწრებას ახერხებდა. ამ ეკლესიას ჰყავდა შესანიშნავი წინამძღვარი მამა ილია (ნასიძე). იგი ამჟამად სამების ტაძრის წინამძღვარია.

- ე.ი თქვენი მეუღლე, ბატონი ზაზა დარასელიც მორწმუნე იყო.

- დიახ, ზაზა ძალზე მორწმუნე იყო. მართალია, ჩვეულებრივი საერო ადამიანი გახლდათ, ჩვეულებრივი საერო ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ არ არსებობდა დღე, რუსთაველზე მოხვედრილიყო და ქაშვეთის ეკლესიაში არ შესულიყო სალოცავად. მეშინია, ამპარტავნულად არ გამომივიდეს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, რომ ზაზა ამბროსი ხელაიას შთამომავალია (ზაზას დედა ხელაიას ქალი იყო). როდესაც ჩემი მეუღლე ძალიან ცუდად გახდა, მამა ბასილი (კიკვიძე), მამა ილია (ნასიძე), მამა სოკრატე და კიდევ ბევრი მოძღვარი გვერდში გვედგნენ. ბევრჯერ აზიარეს, ბოლო პერიოდში - კვირაში რამდენიმეჯერაც კი. ზაზას გარდაცვალება მისი ახლობლებისთვის, განსაკუთრებით კი ჩემთვის, უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ მანუგეშებს ის, რომ ჩემი მეუღლე ამ ქვეყნიდან ნაზიარები გავიდა. ზაზას ვერაგმა სენმა მახსოვრობა წაართვა, მხოლოდ 50-ე და 90-ე ფსალმუნები ახსოვდა ზეპირად. განა ეს ღვთის მადლი და ნება არ არის? განა ეს სასწაული არ არის? მე 50-ე და 90-ე ფსალმუნს ყოველდღე ვკითხულობ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ზეპირად ვიტყვი. ზაზას 9 მეტასტაზი ჰქონდა თავის ტვინში, რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა და ყველაფრის მიუხედავად, მაინც უდიდესი რწმენით იყო განმსჭვალული. მართალია, ზოგჯერ კი ამბობდა, რატომ დამატყდა თავს ეს განსაცდელიო, მაგრამ არა ბრაზითა და ღვარძლით. მისი მეგობრები გაოცებული იყვნენ, რომ ზაზა ამ ვერაგ ავადმყოფობას ასე მშვიდად შეხვდა და სასოწარკვეთილებას არ მიეცა.

- აღდგომის დღესასწაულს იერუსალიმში შეხვდით. გვიამბეთ თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ.

- უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ დღეს ნამდვილი სასწაული ხდება ქართველების თავს. იმ გაჭირვებების მიუხედავად, რაც საქართველომ ნახა, განსაკუთრებით კი ბოლო 16 წლის განმავლობაში, ერმა მაინც შეძლო სამების ტაძრის აშენება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ჰქონდა 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი იერუსალიმში. დავუფიქრდეთ, რამხელა შრომა იყო საჭირო 20 ეკლესია-მონასტრის ასაგებად და იქ სამოღვაწეოდ. დედა ევგენიამ მართა მონაზონის წერილი გვაჩვენა, რომელიც ქართველი ერისადმი წინაპართა ძახილად და თხოვნად შეიძლება ვიგულისხმოთ: ,,ამისთანა რა გასაჭირი არის, რომ აქაურობა ასრე დავკარგეთ?.. რა დიდი გაჭირვება არის ამისთანა, რომ მონასტერი ასრე დავკარგეთ?.. ეს წმიდა ადგილი სრულიად ქართველის ყოფილა და ეხლა ლამის რომ სულ გამოვვარდეთ: წმიდას საფლავზედ ფრანგნი ჟამს სწირავენ... დიდი სირცხვილი არ არის ეს, რომ ეს პატიოსანი დიდი წმიდა იაკობის მონასტერი სომხებმა იშოვნეს?.. თუ იერუსალიმი დაგვეკარგვიან, რასღა სჯული და ან რასღა პირჯვრის წერა გექნებათ..." იერუსალიმში 20 ეკლესია-მონასტერი - ეს საოცრებაა... მაგრამ დავკარგეთ. დედა ევგენია დაუზარელად ცდილობდა, როგორმე უფრო მეტი გაგვეგო ამ ეკლესია-მონასტრებზე, ფიქრობდა და ეძიებდა გზებს, როგორ დავბრუნებულიყავით ამ წმინდა მიწაზე, სადაც ყველას აქვს თავისი წარმომადგენლობა, ქართველებს კი - არა, იმ ქართველებს, რომლებიც, როცა ჯვრის მონასტერი და კიდევ უამრავი ტაძარი გვქონდა, გოლგოთას იცავდნენ საუკუნეების მანძილზე. ყოველივე ამის დაკარგვა სამშობლოს დაკარგვის ტოლფასი ტკივილია. იერუსალიმში პირველად 4 წლის წინ, ფერისცვალებას, მოვხვდით. მაშინ ოთხნი ვიყავით, ახლა კი 250 ქართველი მომლოცველი ერთად წავედით. ღვთის მადლით, ეს რიცხვი თანდათანობით იზრდება და იმ წმინდა ადგილების დაბრუნების სურვილი ყველას უძლიერდება. შთაბეჭდილებების გადმოცემა არ შემიძლია. იქ ყველაფერი საოცარია, იქ ღვთის მადლს შეიგრძნობ. ვერ აღვწერ, რას განვიცდიდი მაცხოვრის საფლავზე, ეს არის სიტყვით გადმოუცემელი სიხარული. ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი სიხარული ხომ შვილის დაბადებაა, იერუსალიმის წმინდა მიწაზე ყოფნა, იქაური სიწმინდეების ხილვა და, რაც მთავარია, მაცხოვრის საფლავთან სიახლოვე კიდევ უფრო მეტი, არაამქვეყნიური სიხარულია. რასაკვირველია, ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლის და სხვა სასწაულების ხილვა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს რწმენას და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ყველამ თითო გროში მაინც გავიღოთ ამ წმინდა მიწაზე დასაბრუნებლად. ბეთლემში 3 ქართველი დედა დარჩა: წინამძღვარი დედა ზოილე, დედა ევგენია და დედა რახელი. ისინი საქართველოს გაბრწყინებისთვის ლოცულობენ. პირველადაა, რომ დედები გვყავს ამ წმინდა მიწაზე მივლინებული. დარწმუნებული ვარ, მათი ლოცვა შეეწევა და გააძლიერებს საქართველოს. მათ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. მთავარია, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, პირველი მარცვალი ჩაიდო, ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა მოვიკრიბოთ ძალები და ახალ-ახალი მიწები შევიძინოთ.

- დედები ალბათ ახლად შეძენილ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

- დიახ, ღვთის მადლით, საპატრიარქოს უკვე აქვს სახლი ბეთლემში, რომელიც მაცხოვრის შობის ტაძრიდან სულ მცირედი მანძილითაა დაშორებული (ფეხით 10 წუთის სავალია). სწორედ იქ ბრძანდებიან დედები და ლოცულობენ წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველოში. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ იქვე იყიდება მიწა. ვინც იქ ვიყავით, უკლებლივ ყველას სურვილია (და დარწმუნებული ვარ, ეს სრულიად საქართველოს სურვილიცაა), აღვასრულოთ უწმინდესის ლოცვა-კურთხევა და ბეთლემში, იერუსალიმში და სხვა წმინდა ადგილებში დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. იქნებ თანდათანობით გაუმჯობესდეს ცხოვრების პირობები, ყველა ქართველმა შეძლოს წმინდა მიწაზე ჩასვლა და მისი მოლოცვა. ჩვენი წინაპრები ხომ ახერხებდნენ იქ ჩასვლას, აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს და მოღვაწეობდნენ?..

- თქვენი ქალიშვილი, ნინო დარასელი, მორწმუნეა?

- ნინო მორწმუნეა, იგი უკვე მეორედ იყო ჩემთან ერთად იერუსალიმში მოსალოცად. დედისთვის უდიდესი სიხარულია, როცა ამ წმინდა მიწაზე მოსალოცად შვილთან ერთად მიდის. ვფიქრობ, ახალგაზრდების რწმენა უფრო ხალასი და დიდია, ყოველნაირი კითხვის ნიშნების გარეშე. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში მრევლი იზრდება და მორწმუნე ახალგაზრდების რაოდენობა მატულობს.

- მართალია, მრევლი გაიზარდა, მაგრამ ზოგი თვლის, რომ ხალხი მოდას აჰყვა...

- თუ ასეა, ღმერთმა გააძლიეროს ასეთი მოდა. განა არ სჯობს ამგვარმა მოდამ მოიკიდოს ფეხი, ვიდრე ისეთმა, რომელიც ყველანაირი უბედურებისა და დაღუპვისკენ გვიბიძგებს? მე სხვა რელიგიებს არ შევეხები, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, თუ მართლმადიდებლური რწმენის მოდაა დღეს საქართველოში, ე.ი მადლი მრავლდება.

- გეხმარებათ რწმენა წუთისოფლის სიძნელეების გადალახვაში?

- არათუ მეხმარება, მის გარეშე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება. ძალიან მინდა, გაჭირვებამ და განსაცდელმა კი არ მიიყვანოს ადამიანი ტაძრამდე, არამედ ეს მისი მოთხოვნილება იყოს ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში. განსაცდელის დროს ხომ ისედაც ერთადერთი ხსნა რწმენაშია. ბედნიერი ვარ, როცა ვიგებ, რომ ტაძარში ადამიანი განსაცდელმა კი არა, სიხარულმა მიიყვანაო.

- ხომ არ გქონიათ ცხოვრებაში პერიოდი, როცა რწმენაზე ,,ხელი ჩაიქნიეთ"?

- რწმენასთან მიმართებაში - არა, მაგრამ საკუთარ თავზე ხელი ბევრჯერ ჩამიქნევია. იმდენად ვერ ასრულებ ადამიანი იმ მცირე მოთხოვნებსაც კი, რაც ღვთის წინაშე გვევალება, რომ ყოველ წუთს შეიძლება შეგეპაროს ეჭვი სულის ცხონებაში. ასე რომ, საკუთარ თავზე ბევრჯერ ,,ჩამიქნევია ხელი", მაგრამ ისევ იმედით და სინანულით მოვბრუნებულვარ სასიკეთოდ.

- ბრძანეთ, გაჭირვების მიუხედავად, სამების ტაძრის აშენება რომ შეძლო ქართველმა ერმა, ძალიან მახარებსო. მაგრამ ზოგი თვლიდა, რომ ასეთი გრანდიოზული ტაძრის მშენებლობის დრო არ იყო...

- მართალია, ხალხს უჭირს. შეიძლება ითქვას, რომ 5 მილიონ ქართველს უჭირს. ერთი მუჭა თუა შეძლებული და, ჩემი აზრით, მათაც უჭირთ. ანდა როგორ უნდა გილხინდეს, როცა შენს ირგვლივ სიდუხჭირეში ცხოვრობენ? სამების ტაძარი დაგროვილი ფულით არ აშენებულა, თანდათანობით კეთდებოდა შემოწირულობები. ასეც რომ არ ყოფილიყო და თანხა მოსახლეობაზე გადანაწილებულიყო, ეს იქნებოდა ერთჯერადი დახმარება, რომელიც, დამერწმუნეთ, არავის შეღავათს არ მოუტანდა და სამების ტაძარი ქართველების სულის საზრდოდ არ აშენდებოდა. პატრიარქმა ამ ტაძრის აშენებით საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებლებს, განურჩევლად თანამდებობისა და სიმდიდრისა, ერთნაირად მშვენიერი, დიადი და გრანდიოზული ეკლესია გვაჩუქა, სადაც ნებისმიერ დროს ნებისმიერს შეუძლია შესვლა, ლოცვა და სულიერი სიმშვიდის მოპოვება. როცა გიჭირს და მაინც აშენებ, ისაა საოცრება, თორემ დალხენილისთვის ყველაფერი იოლია. ქართველებმა კი სულის ტაძარის აგება შეძლეს სწორედ მაშინ, როცა უჭირდათ და ესაა მთავარი.

- თქვენი აზრით, ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანის მთავარი თვისება რა უნდა იყოს?

- შეიძლება მართალი არა ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებლისათვის გარეგნულ ფორმას იმდენად მნიშვნელობა არა აქვს, რამდენადაც მის შინაგან სამყარის; მთავარია, ჰქონდეს სუფთა, მოყვასის სიყვარულით სავსე გული და ცოდვების მონანიების უნარი.

- ყველამ კარგად იცის, რომ ბევრს ეხმარებით...

- ერთი პერიოდი სერიოზული დაბრკოლება მქონდა. ვფიქრობდი, ჩემთან მხოლოდ რაიმეს სათხოვნელად მოდიან-მეთქი. შევძრწუნდი, უბრალოდ არავინ მირეკავდა, არ მომიკითხავდა. შევჩივლე დედა ევგენიას. მიპასუხა: ბედნიერი უნდა იყო იმ წუთამდე, სანამ ვიღაცას სჭირდებიო. და მივხვდი, რომ როცა ადამიანს სჭირდები და ეხმარები, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ერთი კია - ძალიან მიჭირს ადამიანს გული ვატკინო და დახმარებაზე უარი ვუთხრა, მაგრამ ცრუ დაპირებების მიცემაც არაფრით არ შეიძლება. ამიტომ ვცდილობ, ვისწავლო, პირდაპირ ვთქვა, რისი გაკეთება შემიძლია და რისი - არა. ყველას, ვისი დახმარებაც ვერ შევძელი, მინდა ბოდიში მოვუხადო.

- ზოგნი ამბობენ, მართლმადიდებლობას გათანამედროვება სჭირდებაო...

- არამც და არამც. მე მომწონს მართლმადიდებლური ტრადიციები, ისიც კი, ფეხზე მდგარი რომ ვუსმენთ ლოცვებს. თუ არ გაიჭირვე, თუ ეს არ იქცა შენს სულიერ მოთხოვნილებად, თუ ამას თანდათანობით არ მიეჩვიე და თუ ჩვენ ეს ყველაფერი შევცვალეთ, მაშინ გამოდის, მორჩილებაზე უარს ვამბობთ და მართლმადიდებლობაც დაკარგავს თავის მნიშვნელობას. იერუსალიმში ბრწყინვალე აღდგომისა და ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინში მაცხოვრის საფლავთან გავათენეთ ღამე. რასაკვირველია, გამიჭირდა ფეხზე დგომა და ძირს დავჯექი. მაგრამ ამ გაჭირვებისა და სიძნელეების გადალახვა უდიდესი სიხარულის მომტანია ადამიანისათვის, რადგან ამით მცირედი მსხვერპლი მაინც გაიღე უფლისთვის და კმაყოფილი ხარ. ეს ხომ საკუთარ თავზე, საკუთარ ემოციებზე, საკუთარ ვნებებზე გამარჯვებაა, ე.ი შეგძლებია თავის მართვა და თავის უფალი ყოფილხარ.

- არიან ისეთები, ვინც თავისუფლებაში სულ სხვა რამეს, ე.წ უკომპლექსობას გულისხმობს...

- ყველაზე მეტად თავისუფალი მაშინ ხარ, როცა საკუთარი სურვილების მონა არ ხდები და შენი ხორცისა და საქციელის მართვა შეგიძლია. ამის მიღწევა მეტად მნიშვნელოვანია და ქრისტიანულ სარწმუნოებასთან ყველაზე მეტად მიახლოებას ნიშნავს.

- რაზე ოცნებობთ?

- გაბრწყინებული საქართველოს ხილვაზე. პირადად ჩემი ოჯახის უდიდესი ოცნება და მიზანია, რომ შეგვაძლებინოს უფალმა სამების აკადემიის აშენება.

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვა
1კ1