ის ხომ ყოველ ჩვენგანს ისე ატარებს მხრებით, როგორც პატარა, უმწეო კრავს
ის ხომ ყოველ ჩვენგანს ისე ატარებს მხრებით, როგორც პატარა, უმწეო კრავს
რევაზ ნაჭყეპია თბილისის "ამერის" მეკარეა. გიორგიმ (ასე მოვიხსენიებ, რადგან მკითხველის წინაშე ნამდვილი გვარ-სახელით წარდგომა არ ისურვა) რამდენიმე წელიწადია, თავი დაანება ფეხბურთს და უფლის გზით სიარული გადაწყვიტა. რეზო ჩუღურეთში მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვრის, მამა რევაზის სულიერი შვილია, გიორგი კი - დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მოძღვრისა, მამა მოსესი. ჩემი რესპონდენტები ერთმანეთს არც კი იცნობენ, მაგრამ, გარდა პროფესიისა, კიდევ ერთი რამ აერთიანებთ - მათი მოძღვრები ძმები არიან.

რეზო: უკვე რამდენიმე გუნდი გამოვიცვალე. არც ისე დიდი ხანია, "ამერში" ვარ. ვცდილობთ, კარგი შედეგები მივიღოთ და უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ. ვნახოთ, თუ ღმერთი ინებებს, ალბათ, მივაღწევთ მიზანს. ისე, ჯერ კიდევ პატარას, აფხაზეთში, გაგრაში ჩატარებულ შოთა იამანიძის სახელობის ტურნირში საუკეთესო მეკარის წოდება მომანიჭეს და ბროლის თასითაც დამაჯილდოეს, აბაშაში საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზიც მერგო, ბავშვობაშივე გავხდი სპორტის ოსტატობის კანდიდატიც, "სიჭაბუკის თასის" მფლობელიც და ერთ-ერთი პირველი ლეგიონერიც. თუმცა მთავარი ის არის, რომ ადრეულიც და შემდგომი წარმატებებიც, უკვე სერიოზულ გუნდებსა და თამაშებში რომ მქონდა, ჩემი დამსახურება, საქმისადმი ჩემი ერთგულების შედეგი მეგონა. რა ვიცოდი, თუ შრომისმოყვარეობაც, ერთგულებაც, წარმატებებიც უფლის ნება იყო, მე კი - მისი უბრალო შემსრულებელი. ამის შეცნობას ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე, ტრაგიკული მომენტი დასჭირდა. დედის გარდაცვალებამ რადიკალურად შემცვალა, სულ სხვაგვარად დამანახა სამყარო და ადამიანი.

- მესმის, რომ ძალზე მტკივნეულ თემას უნდა შევეხოთ, მაგრამ იქნებ უფრო დაწვრილებით მიამბოთ ყველაფერი?

- საოცრად შეკრული, მეგობრული ოჯახი გვაქვს, შურისა და ბოღმისგან თავისუფალი. ერთმანეთს ვეფერებით და დანაკლისის შევსებაში ვეხმარებით. არადა, მანამდე მამაჩემი, ინჟინერი გივი ნაჭყეპია, გახლდათ შიშისა და მღელვარების მიზეზი. ინფარქტგადატანილს ყველანი თვალებში შევყურებდით, სრულიად მოულოდნელად კი დედაჩემი, 43 წლის სრულიად ჯანმრთელი ქალი, ორიოდე თვეში გამოგვეცალა ხელიდან. ექიმი იყო, პედიატრი, მანანა მებურიშვილი. ცნობილი ექიმების იულია კოჩივარისა და ნიკოლოზ მებურიშვილის ერთადერთი ქალიშვილი გახლდათ.

საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. აღარ მყავდა ადამიანი, რომელიც გულში ჩამიკრავდა, მომეფერებოდა, წამახალისებდა, დამტუქსავდა, მიმითითებდა. დღეს ხათუნას კისერზეა მთელი ოჯახის ტვირთი, მაგრამ მაშინ ისიც პატარა იყო და რა უნდა ექნა... ისევ ჩემი ნათლულის დედამ იმარჯვა, ხშირად მოდიოდა, მესაუბრებოდა. მერე ეკლესიაში გაყოლა მთხოვა და თავის მოძღვართან, მამა რევაზთან მიმიყვანა. მასთან საუბარმა ცოტათი დამამშვიდა. მისმა განათლებამ, განსწავლულობამ, ძლიერებამ და კეთილშობილებამ იმდენად მიმიზიდა, მერე და მერე თავადაც გამიჩნდა სურვილი, ხშირად მივსულიყავი, გავსაუბრებდი. მივხვდი, თანდათან დამიბრუნდა ძალა, ენერგია, თამაშიც ისევ დავიწყე და ცხოვრების ნორმალურ რიტმსაც დავუბრუნდი.

- მანამდე არავითარი შეხება არ გქონია ეკლესიასთან?

- არავითარი, თუ არ ჩავთვლით ერთ ტრადიციას, რომელიც ოჯახს ჰქონდა. ეს იყო ერთგვარი რიტუალი, გნებავთ, წესი: როცა მამაჩემის მშობლებისგან, ქუთაისიდან, თბილისში ვბრუნდებოდით, აუცილებლად შევდიოდით სვეტიცხოველში და სანთლებს ვანთებდით. იმ დროს, როგორც უმეტესობა, არც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ ეკლესიურად, პირჯვრის გადაწერა და სანთლის ანთება გვეგონა მთელი რწმენა და სარწმუნოება. მამა რევაზმა სულ სხვაგვარად შემახედა ყველაფერს.

- ძალიან ლამაზი ტაძარი გაქვთ. საოცარი სიმშვიდეა ირგვლივ. ეზოც დაუმშვენებია და ბაღნარად უქცევია მზრუნველ ხელს!

- არადა, კომუნისტების დროს აქ მუსიკალური სასწავლებელი ყოფილა და მერე ხალხსაც უცხოვრია ოჯახებითურთ. მამა რევაზმა, ღვთის შეწევნითა და მრევლის დახმარებით, აღადგინა ტაძარი. პატრიარქს გაოცება ვერ დაუმალავს ასე სახეცვლილი ტაძრის ხილვისას. მერე წირვა-ლოცვებიც დაიწყო, მრევლიც თანდათან გაიზარდა, მეც შევემატე მათ რიცხვს. მიხარია, რომ ასეთი მოძღვრის ღირსი გამხადა უფალმა. ისე მიყვარს, გამოთქმაც მიჭირს. მართალია, დედის გარდაცვალება დასჭირდა ჩემს რწმენაში განმტკიცებას, მაგრამ ხშირად ხდება ასე - უფალთან მაშინ მივდივართ, როცა დავეცემით ან ძალიან გაგვიჭირდება და ისიც მოთმინებით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ჩვენს გადარჩენას... თუ ყურს მიუგდებს და თვალსა და გულს არ დაიხშობს, ღვთის წყალობას ყოველ წუთს შეიგრძნობს ადამიანი.

- იქნებ რამდენიმე ისეთი მაგალითი მიამბოთ, როცა აშკარად იგრძენით ღვთის ნება და შემწეობა?

- ის, რომ ცოცხალი ვარ და, საერთოდ, ქვეყნად გავჩნდი, უკვე ღვთის წყალობაა. დეპრესიები და ნევროზები რომ გამიქრა, ესეც ღვთის წყალობით არ არის? ერთ კონკრეტულ შემთხვევასაც გავიხსენებ: მეგობრის მანქანით ერთ-ერთი რიგითი ვარჯიშიდან მომავალნი ავტოავარიაში მოვყევით. ხუთი ბიჭიდან ზუსტად არც ერთს არ გვახსოვს, რა მოხდა. მანქანის მნახველები გიჟდებოდნენ, აქ ვინმე როგორ გადარჩა ცოცხალიო. ჩვენ კი მხოლოდ მსუბუქად ვიყავით დაშავებულები. ერთს კი კისრის მალა გაუტყდა და ზურგის ტვინს ბეწვზე ასცდა, თორემ შეიძლება, წელს ქვემოთ მოწყვეტილიყო და სამუდამოდ ხეიბრად დარჩენილიყო. ასე გვიხსნა ღმერთმა აშკარა სიკვდილისგან. ოღონდ მიენდე, ოღონდ მის ნებას დაემორჩილე და იცოდე, რომ ყველანაირი განსაცდელისგან დაგიცავს და დაგიფარავს, უძღები შვილივით შეგივრდომებს და გულში ჩაგიკრავს.

- როგორც ჩანს, უკვე დიდი ხნის მრევლი ხარ. რა ცვლილებას ამჩნევ საკუთარ თავს ადრინდელთან შედარებით?

- ყოველი ახალი დღე გზრდის, გამაღლებს. წლების შემდეგ ხვდები, რომ სულიერად უფრო სრულყოფილი გახდი და რწმენაში კიდევ უფრო გაძლიერდი, ხვდები, რომ ეკლესიის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. სულის ცხონებასა და გადარჩენაზე ფიქრი რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრების წესად იქცეოდეს, ქვეყნად სიყვარული და სიკეთე დაისადგურებდა (ამინ!) და აღარაფერი გაგვიჭირდებოდა.

***
...უფლის, ღვთისმშობელი დედის, ყველა წმინდანის, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების მფარველობის ქვეშ მყოფს, აღარც კი მინდა წარსულის გახსენება, მაგრამ თუ ვინმეს რამეში წაადგება, მზად ვარ ყველაფერი გიამბოთო, მითხრა საუბრის დასაწყისში სიმპათიურმა ახალგაზრდამ და მთელი თავისი ცხოვრება შეულამაზებლად გადამიშალა თვალწინ.

- სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი და მეგობრებშიც დიდი ავტორიტეტი მქონდა. როგორღაც ყველა ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, რაღაც ლიდერივით გახლდით. თანდათან "ძველ ბიჭებთანაც" გამოვნახე საერთო ენა და სულ მალე "წარმატებულ" ქუჩის ბიჭად ვიქეცი.

რაკი მშობლები პატარაობიდანვე მძლეოსნობაზე მატარებდნენ, ჯანმრთელობას არ ვუჩიოდი, ყოველთვის "ბრძოლის" წინა ხაზზე ვიყავი, მოსაპარსაც ვიპარავდი და საცემსაც ვცემდი. 17 წლისა იმ დროს უკვე ძალზე ავტორიტეტული საფეხბურთო კლუბის მეორე გუნდის მეკარეც გავხდი და სამოცდაათლარიანი ხელფასიც დამინიშნეს. ამას მოგებულ თამაშებზე პრემიებიც ემატებოდა და... ერთი სიტყვით, ჩემი ასაკისთვის ყველა სფეროში ნამდვილად კარგი სახელი მქონდა. ცოტა უფრო ადრე როკ-მუსიკა შემიყვარდა უზომოდ. ჩავრთავდი ხმამაღლა და იწყებოდა სიგიჟე... დედაჩემი სტატიებს მიკითხავდა, მიყვებოდა, რა ცუდად, ხშირად თვითმკვლელობით ამთავრებდნენ სიცოცხლეს ამ მუსიკის მიმდევრები, მაგრამ მე არაფრის გაგონება არ მსურდა. ეგ კი არა, ღმერთმა მაპატიოს და ზოგჯერ მეც ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე, რომ მენახა, როგორ შეწუხდებოდნენ ახლობლები და ამით დავმტკბარიყავი. მადლობა უფალს, გადამარჩინა და სინდისი გამიღვიძა.

ერთ დილით ყველა კასეტას თავი მოვუყარე და ცეცხლი წავუკიდე, ღამით კი საშინელი სიზმარი ვნახე: რომელიღაც როკ-ჯგუფის კონცერტზე ვიყავი; თავი ცუდად ვიგრძენი და ის იყო, წასვლა დავაპირე, რომ სცენაზე მოფარფატე შავმა სხეულმა შეკრებილებს ჩემი მოკვლა უბრძანა. ქუჩაში გავასწარი, მაგრამ გზაზე ორი პირსისხლიანი კაცი გადამეღობა და ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მომცა. თავზარდაცემულმა გავახილე თვალები. დამიჯერეთ, ორივე მათგანი ცხადად დავინახე ჩემს საწოლთან. ლამის სული გავაფრთხე. უეცრად ის დრო დამიდგა თვალწინ, დღესასწაულებზე დედა ხატების კუთხეში რომ დაგვაყენებდა მე და ჩემს ძმას, სანთლის ანთებას, პირჯვრის გადაწერას და მცირე ლოცვებსაც გვასწავლიდა. ერთი კი გავიფიქრე, ღმერთო მიშველე-მეთქი და ხელიც გამეხსნა და პირჯვარიც გადავისახე. ისინი ნელა მოშორდნენ ჩემს საწოლს და გაუჩინარდნენ.

მივხვდი, ღმერთმა ჩემი გადარჩენა ისურვა, მაგრამ წარმატებულ "ძველ ბიჭს" სარწმუნოებაზე ფიქრისთვის სად მეცალა? მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ უფალს ჩემისთანებიც უყვარს და მათზეც ისევე ზრუნავს, როგორც სხვებზე. მაშინ კი ჯერ ისევ ქუჩით ვცხოვრობდი და რაკი მძიმე მუსიკას აღარ ვუსმენდი და დედაჩემის საყვედურებისგან მოვისვენე, ესეც დიდ რამედ მიმაჩნდა.

- თქვენს საბოლოოდ მოქცევას კიდევ ბევრი დრო დასჭირდა?

- დაახლოებით ორი წლის შემდეგ ჩემი ძმა მაღლიდან ჩამოვარდა, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა, დედას კი მღელვარებამ ისე შეურყია ნერვული სისტემა, რომ მკურნალობა დასჭირდა. ზაფხულში ექიმის რჩევით მთელი ოჯახი ურეკში წავიდა. მე ვარჯიშები მქონდა და ბიძაჩემთან ერთად შინ დავრჩი. ერთ-ერთ ვარჯიშზე, ნახტომში შეცდომა დავუშვი და ფეხი კოჭში ამომივარდა. მტკივნეული ტრავმა მივიღე, პირველი დახმარება გამიწიეს და შინ მანქანით მიმიყვანეს. დაახლოებით ერთი კვირა საშინელი ტკივილები მქონდა. ამხანაგები და მწვრთნელები ყურადღებას არ მაკლებდნენ, მაგრამ სულ იქ ხომ არ დამისხდებოდნენ, ამიტომ მარტო ყოფნაც მიწევდა ხოლმე. მაშინ სინათლე სულ გვქონდა და ფილმებსა და მუსიკალურ კლიპებს ვუყურებდი, მაგრამ ესეც მომბეზრდა. რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი და აივანზე გავედი. ისე ცხელოდა, მალევე შემოვბრუნდი უკან. თვალი რატომღაც დედაჩემის სალოცავი კუთხისკენ გამექცა. გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებანი მომხვდა თვალში. ერთი კი გავიფიქრე (თუმცა ეკლესიურ ცხოვრებას არც დედაჩემი ეწეოდა მაშინ), ალბათ, რამდენჯერ უთხოვია-მეთქი უფლისთვის, სწორ გზაზე ატარე ჩემი შვილებიო და წიგნი ავიღე, გადავფურცლე, უნებლიეთ კითხვაც დავიწყე. არ ვიცი, როგორ გადმოვცე ჩემი მაშინდელი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ ასეთი რამ მერე აღარასოდეს განმიცდია. ეს იყო სრული ნეტარება. რაც მთავარია, ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი. მაშინ ბოლომდე გავაღე გულის კარი და იქ დაბუდებული სიბნელე ქრისტეს ნათელმა ისე გაკვეთა, აშკარად დავინახე ჩემში არსებული უკეთურება. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის - სიმყრალეც კი შევიგრძენი და ამან საშინლად შემაძრწუნა. პირველად მაშინ ავტირდი ჩემს სიცოცხლეში. როგორც მიცვალებულს, ისე დავტიროდი საკუთარ თავს. მივხვდი, როგორ ვამძიმებდი დედამიწას. უფალო, ახლაც მომმადლე მაშინდელი სინანული...

გამახსენდა, რომ სწორედ ამ ქადაგებებს გვიკითხავდა დღესასწაულებზე დედა, მაგრამ მაშინ ამისა რა მესმოდა? სამაგიეროდ, იმ დღის შემდეგ ხშირად მივდიოდი სალოცავ კუთხესთან და საკუთარ თავს ვგლოვობდი.

მტკიცედ გადავწყვიტე, ქუჩასთან ყოველგვარი კავშირი გამეწყვიტა და ისე მეცხოვრა, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება. ფეხი რომ მომირჩა, იქვე, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე ეკლესიაში წავედი. საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი, მთელი წირვის განმავლობაში თავდახრილი ვიდექი და ღმერთს შეწყალებას ვთხოვდი. ეკლესიაში ჩემმა გამოჩენამ საერთო სიხარული გამოიწვია. ნაცნობები ამ ნაბიჯის გადადგმას მილოცავდნენ და ეს ძალიან მესიამოვნა, მაგრამ მივხვდი, ამდენ ნაცნობთან გულითად ლოცვას ვერ მოვახერხებდი და დიდუბის ეკლესიაში წასვლა გადავწყვიტე. კარგად მახსოვს, ორშაბათი იყო, ღვთისმშობლის პარაკლისს მამა პეტრე (ბარამიძე) ატარებდა. საოცარი სითბო ვიგრძენი ღვთისმშობლის სავანეში. ვიგრძენი, როგორ ჩამიკრა გულში დედა ღვთისამ და როგორ მპატრონობს დღემდე.

- მოძღვართან ადვილად მიხვედით?

- ოთხი თვე ვიარე, მაგრამ ხან სირცხვილის, ხან სხვა მიზეზის გამო აღსარების თქმა ვერავისთან გავბედე. ერთ დღეს მამა მოსე მომიახლოვდა, ვხვდები, რაღაც გაწუხებთო, მითხრა, მომეფერა და გულში ჩამიკრა. გამბედაობა მომემატა. აღსარების ჩაბარება მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ-მეთქი. კიდევ მომეფერა და ნათლისღების წინა დღისთვის დამიბარა.

ტაძარი ხალხით იყო სავსე. აღსარების მსურველთა რიგში ჩავდექი. მერცხვინებოდა ჩემი ცოდვების გამხელის, მაგრამ უფრო დიდი იყო მათგან გათავისუფლების სურვილი. ქალები, როგორც მამაკაცს, ადგილს მითმობდნენ, მაგრამ წინ დგომის ღირსად თავს როგორ მივიჩნევდი; ისევ უკან დგომა ვარჩიე.

ლოცვა დასრულდა. მამა მოსემ აღსარებების მიღება დაასრულა და მოდიო, მანიშნა. საოცრება მოხდა - საკურთხეველში შემიყვანა, თვითონ სამკვეთლოსთან დაჯდა და მთელი ჩემი ცოდვები მაამბობინა. გულისყურით მომისმინა და შემდეგ იმ წმინდა ადგილას ჩემი ენით უთქმელი ცოდვები შემინდო.

ვერ აგიწერთ, რა ნეტარება ვიგრძენი, რამხელა ტვირთი მომეხსნა, როგორ გავსწორდი წელში და რა ფრთაშესხმული დავბრუნდი შინ.

- ვარჯიში, ალბათ, განაგრძეთ...

- ბუნებრივია, ოთხიოდე თვეში ტრავმა მომირჩა და თამაშიც ისევ შემეძლო, მაგრამ ეკლესიის გარდა აღარაფერი მინდოდა. ამის გამო მშობლები აღშფოთდნენ და სემინარიაში სწავლის სურვილი ვეღარ გავამჟღავნე. მერე დედაჩემს მამა მოსე ესაუბრა. მისი კურთხევით, ვარჯიშიც უნდა გამეგრძელებინა და ეკლესიაშიც შეძლებისდაგვარად მევლო. მივაგოთ კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისაო, - მითხრა, - ერშიც უნდა იცხოვრო და ღმერთიც უნდა გახსოვდესო.

გუნდში სრულიად სხვა ადამიანი დავბრუნდი. ფორმაში მალე ჩავდექი, მაგრამ მოუთმენლად ველოდი ვარჯიშის დასრულებას, რომ ჩემი სპორტული ჩანთიანად ეკლესიაში გავქცეულიყავი.

- ძველ მეგობრებს ან კონკურენტებს როგორ ხვდებოდით?

- ძველ გუნდში პატივს სცემდნენ ჩემს რწმენას, მერე კი ისე მოხდა, რომ სხვა გუნდში გადავედი, იქ კი ისეთი ბიჭები დამხვდნენ, ადრე ნაცემები რომ გვყავდნენ მე და ჩემს მეგობრებს. ერთი სიტყვით, მგლების ხროვაში აღმოვჩნდი. ძველ ცხოვრებას ხომ არ დავუბრუნდებოდი, ამიტომ უამრავ შეურაცხყოფას უხმოდ ვიტანდი. თუ ადრე სულ მჩაგვრელის როლში ვიყავი, ახლა მე აღმოვჩნდი დაჩაგრული.

წელიწად-ნახევარი გავატარე ამ ყოფაში. ბოლოს მოთმინებამ თავისი გაიტანა, თავადვე მოტყდნენ, თავი მიმანებეს და, ღვთის შეწევნით, ისინიც გონს მოეგნენ.

- დღეს რას აკეთებთ?

- ფეხბურთს მაინც დავანებე თავი. ახლა უმაღლეს ეკონომიკურ განათლებას ვიღებ. ერშიც ისევეა საჭირო მორწმუნე ადამიანი, როგორც ეკლესიაშიო, იტყვის ხოლმე ჩემი მოძღვარი. ვნახოთ, რას და როგორ ისურვებს უფალი და სად მიმიჩენს ადგილს. ყოველივეს მადლიერებით მივიღებ. ის ხომ ყოველ ჩვენგანს ისე ატარებს მხრებით, როგორც პატარა, უმწეო კრავს.

ესაუბრა
თამარ კაპანაძე
ბეჭდვა
1კ1