ეს წმინდა ადგილია და უნდა გაუფრთხილდე. ეტყობა, ხე უფლისგან გამორჩეულია
ეს წმინდა ადგილია და უნდა გაუფრთხილდე. ეტყობა, ხე უფლისგან გამორჩეულია
ეს ამბავი აბაშის რაიონის სოფელ კოდორში მოხდა. კოდორი ნაესაკევოს ნაწილია. სამეგრელო ულამაზესი მხარეა. აქ ბევრი სიწმინდეა დავანებული. გახსენდება ილიას სიტყვები: "ვიყავი სამეგრელოში და ვნახე ნამდვილი საქართველო". ქართული ძირძველი ტრადიციები ამ მხარეში განსაკუთრებით დაფასებული და პატივდებულია. აბაშის რაიონში არაერთი მშვენიერი და ღირსშესანიშნავი ადგილია. ამ მხარეში არაერთი ტაძარი და წმინდა სამლოცველო დგას. მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს. აქაურები წინაპრებისგან ნამემკვიდრევ ქართულ სულსა და ქრისტიანულ რწმენას სათუთად ინახავენ და შთამომავლობას გადასცემენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ერთ-ერთ თავის ქადაგებაში აღნიშნა: - საქართველოში ყოველი მიწის ერთი მუჭა რომ აიღო ხელში და თითები მოუჭირო, ჩვენი წინაპრების სისხლი გამოჟონავსო. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი წმინდა სამლოცველო და საღვთისმსახურო ნაგებობაა.

"დიახ, ყოველ ადგილს, ყოველ სახლს, ყოველ ეზო-კარს, ყოველ ნივთსაც კი, ყოველივეს ამქვეყნად თავისი "სული" აქვს, თავისი ნათელი, თავისი გამოსხივება, მსგავსად იმისა, როგორც ყოველ საგანს აქვს თავისი სურნელი, სუნი, ფერი... ამიტომ ადამიანის სულიც შეუცდომლად და მყისიერად შეიცნობს ამ სულიერ შინაარსს, გამოსხივებას, ყოველი ადგილის განათლებულობასა თუ შებილწულობას, ოღონდ ყოველთვის როდი აქვს უნარი გულისხმაყოს, საკუთრივ რამ იმოქმედა მის სულზე. ასე მაგალითად, იმ ადგილებში, სადაც მძიმე ცოდვები ჩაუდენიათ, სადაც საღვთო სჯულს გარდამხდარან, სადაც ბილწი ვნებათაღელვა და უწესოება ყოფილა გამეფებული, იქ პატიოსანი (კეთილი) სული ადამიანისა შეწუხებულია, დამძიმებული და შეხუთული; მას რაღაც ტანჯავს, აშფოთებს, ხელს ჰკრავს და განაგდებს ასეთი ადგილიდან. ხოლო ლოცვა-ვედრებით, ღვთისადმი მიძღვნილი შრომით, ღვთაებრივი სიყვარულითა და ქრისტესმიერი ცხოვრებით განათლებული და კურთხეული ადგილი საღმრთო წყალობას იზიდავს თავისკენ, სადაც სული ადამიანისა რაღაც განსაკუთრებულ სიმშვიდესა და მოსვენებას პოვებს, მასში ყოველივე სითბოთი აღივსება, აყვავებას იწყებს" (არქიმანდრიტი ლაზარე).

ასეთი საუცხოო და სასწაულებრივი ადგილი აბაშის რაიონში მცხოვრებმა რომან კიზირიამ თავის სოფელში მდებარე სააგარაკო სახლის ტერიტორიაზე აღმოაჩინა. კიზირიების ოჯახი ქრისტიანული რწმენის ერთგულებითა და საზოგადოების უნგარო სამსახურით გამოირჩევა. ბატონ რომანს და მის სათნო მეუღლეს - ქალბატონ ლიანას დილა ისე არ გაუთენდებათ და საღამო ისე არ დაუღამდებათ, უფალს მადლობა არ შესწირონ. ჩვენს წინაპრებს ღვთის მცნებებისთვის არასოდეს უღალატიათ. "ვცდილობთ, თავი არ დავზოგოთ ჩვენი მაცხოვნებელი სარწმუნოებისთვის, ღმერთი არ გავანაწყენოთ სიტყვითა და საქმით. მართალი გზიდან მცირე გადახვევასაც კი უფალი მკაცრად მოგვკითხავს", - მეუბნება ქალბატონი ლიანა.

მართალია, ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანის მიერ აღსრულებული ძველი საქმეებისთვის კაცის ქება არც ისე მიზანშეწონილია, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც კეთილმოქმედებისა, რომელსაც უთუოდ სჭირდება მიმბაძველობა.

ბატონ რომან კიზირიას ქველმოქმედებაზე აბაშაში ყველა ლაპარაკობს. კომუნისტური პარტიის რაიკომის მდივნობას მისთვის ხელი არ შეუშლია ერისა და ეკლესიის სასიკეთო საქმეთა კეთებაში. სწორედ მისი თაოსნობით იმ პერიოდში აღდგა გულეკარის ეკლესია, მოიხატა და გადაიხურა სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესია, რესტავრაცია ჩაუტარდა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს... ამის გამო პარტიიდან გარიცხვითაც ემუქრებოდნენ, თანამდებობიდან გადაყენებას უპირებდნენ, მაგრამ ვერ გაბედეს, რადგან იგი საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა ხალხში. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღდგენილი სუჯუნის ეკლესიის ნახვის შემდეგ ბატონი რომანი ბიბლიით დაასაჩუქრა.

კომუნისტური პარტიის გაუქმების შემდეგ ბატონი რომანისეულ კაბინეტში შესულ ახალდანიშნულ პრეფექტს მამა მარკოზ ბულუხია (ახლა ვანი-ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი) მოუყვანია - აქ ათეისტები მსახურობდნენ და ამიტომ ამ ადგილს კურთხევა სჭირდებაო. მოძღვარს უთქვამს: - ნეტავი თქვენ შეგაძლებინოთ ღმერთმა ეკლესიისთვის იმდენის გაკეთება, რამდენიც ამ კაბინეტში მოსაქმე კაცმა მოახერხაო. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ხნავდა, თესავდა, ბოსტანს ამუშავებდა. კიზირიების ოჯახი ამჟამად თბილისში ცხოვრობს. შვილებმა - იასონმა და მარიამმა კარგი ქართული ოჯახები შექმნეს. ჰყავთ შვილები. ქრისტიანულად ცხოვრობენ, ქველმოქმედებას ეწევიან. ღმერთიც არ აკლებს მათ წყალობას.

- ბატონო რომან, გვიამბეთ თქვენს სახლში აგებული სამლოცველოს შესახებ.

- ჩემი წინაპრები საეკლესიო აზნაურები იყვნენ. ბაბუაჩემისეულ სახლში 10-12 წელი ვიცხოვრეთ. წამოვიწყე ავტოფარეხის მშენებლობა, მის თავზე კი ვერანდა და ფანჩატური მინდოდა გამეკეთებინა. მანამდე ფინური სახლი ჩავდგი, რომელსაც ჯვრის ფორმა ჰქონდა. იმ ადგილას გამორჩეულად ლამაზი კოპიტის ხე იდგა. თვალს ვერ მოსწყვეტდი, ისეთი სანახავი იყო. მოჭრა დამენანა, ამიტომაც შენობებში მოვაქციე. ერთი ხანობა მოსკოვში მომიხდა ცხოვრება. დაბრუნების შემდეგ შემომიჩნდნენ, - ეს ხე აქაურობას არ უხდება, მოჭერი და შენობა გადახურეო. იძულებული გავხდი, მომეჭრა. 50-60სმ სიმაღლეზე გადავხერხეთ და ამწით ამოვიღეთ ნაგებობიდან. ხის ტანი კი შენობაში დავტოვეთ. შემდეგ მარნის გამართვა დავაპირე. ხელოსნებს დავავალე, მიწა ამოეღოთ და ხე ამოეძირკვათ. ეს ამბავი ჯვართამაღლების დღესასწაულს დაემთხვა.

განტოტვილფესვებიანი კუნძის ამოძირკვა გაჭირდა, ხელოსნებმა ერთი მსხვილი ფესვი მოჭრეს, 80სმ სიღრმეზე ჩავიდნენ. გამიკვირდა, როგორ ვერ მოერივნენ-მეთქი. ჯვართამაღლების დილა რომ გათენდა, მივაკითხე. მეგონა, სამუშაო დამთავრებული ჰქონდათ. ხელოსანთა ხელმძღვანელმა გვერდზე გამიხმო და ჩურჩულით მიამბო იმღამინდელი სიზმარი: სამი ანგელოზი ჩამოფრინდა ციდან. ერთი დიდი იყო, ორი - შედარებით პატარა. ერთმანეთში საუბრობდნენ, როგორ გადავწყვიტოთ ამ ოჯახის საქმეო. დიდმა ანგელოზმა - უნდა დავლოცოთო. სამივემ გაიმეორა: დაილოცოს, დაილოცოს, დაილოცოსო! ამ დროს მთელი ეზო განათდა (სხვათა შორის, ამას მეზობლებიც ადასტურებენ. ერთ-ერთმა მეზობელმა თქვა: ღამით ისეთი შუქი შემოიჭრა ფანჯარაში, ვიფიქრეთ, ნუთუ ასე გვიანობამდე მუშაობენ შემდუღებლებიო). ანგელოზმა მომიხმო და მითხრა: ხე, რომელიც თქვენ მოჭერით, წმინდა ხეა და მის ადგილას სამლოცველო უნდა ააგოთო. ხელოსანი ამდგარა და მძინარეს ჩამოუვლია კიბე. დღემდე არ ახსოვს, როგორ შეაღო იმ ოთახის კარი, სადაც ეს ხე იდგა და საოცარი სანახაობა უნახავს - ყველაფერი განათებულია და ბრწყინავს: ფესვები, ნაფოტები... მძინარესვე აუღია ხის დიდი ფესვი და მისგან ჯვარი გამოუთლია (მას მანამდე არასოდეს გაუკეთებია ჯვარი). კიბესთან რომ მისულა, გაღვიძებია.

მეც ვნახე, როგორ ბრწყინავდა ხის ფესვები. თავიდან ფოსფორული ნათება მეგონა. მაგრამ მარტო ფესვები კი არა, ყველაფერი ბრწყინავდა: ის ჯვრები, რომლებიც ამ ხელოსანმა გამოთალა, ხის დანარჩენი ნაწილებიც. ეს ყველაფერი ჩემმა ცოლმა და შვილებმაც ნახეს. მეორე დღეს მოსკოვში გაემგზავრნენ და თან წაიღეს ის ჯვრებიც. ეს ჯვრები მთელი ერთი კვირა, ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნამდე ანათებდა.

ეს ამბავი მაშინვე შევატყობინე ჩემს მოძღვარს, მამა მარკოზ ბულუხიას. მობრძანდა, დაათვალიერა ყველაფერი და მაკურთხა: ეს წმინდა ადგილია და უნდა გაუფრთხილდე. ეტყობა, ხე უფლისგან გამორჩეულია. აქ თუ მარანს გააკეთებ, აღმოსავლეთის მხარეს სალოცავი კუთხე მოაწყვე, ხატები დააბრძანე და ღმერთს წითელი ღვინო საზედაშოდ შესწირეო. გადავწყვიტე, აქ სალოცავი გამეკეთებინა.

იმ ზაფხულს ქობულეთში გავიცანი ერთი ხატმწერი. ძალიან მომეწონა მისი ნამუშევრები და სამლოცველოს მოხატვა შევთავაზე. სიხარულით დამთანხმდა. სხვათა შორის, ამ მხატვარსაც საოცარი ამბავი გადახდა თავს. საბერძნეთში ყოფილა კარგა ხანს - თავის ნამუშევრებს ყიდდა თურმე. გაუძარცვავთ. საბრალოს შინ დასაბრუნებელი ფულიც აღარ დარჩენია. სწორედ ამ დროს მისულა მასთან ერთი გამვლელი, ისე მოსწონებია მის მიერ დაწერილი მაცხოვრის ხატი, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა შეუძლევია. ამ ფასად არც ერთი ჩემი ნამუშევარი არ გამიყიდია. ღმერთმა ჩემზე მოწყალება მოიღო, ამ ხატმა გადამარჩინაო, - ამბობდა მადლიერებით აღვსილი. მოხატა სამლოცველო, რომლის ფართობიც სულ 8 კვმ-ია. სიმაღლით 3 მეტრამდეა.

გამშვენდა ტაძარი. მისი ტრაპეზი იკურთხა ჯვართამაღლების სახელზე. მას შემდეგ ეს ადგილი წმინდაა და გამორჩეულია არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ ყველა ქრისტიანისთვის. აქ აღევლინება წირვა-ლოცვები, ინთება სანთლები. მორწმუნენი შემოდიან და ლოცულობენ. იმ წმინდა ხის გადანაჭერი განსაკუთრებულ ადგილასაა დაბრძანებული. დარწმუნებული ვარ, აქ შემოსული ადამიანი იგრძნობს ღვთის იმ უდიდეს წყალობას, რომელიც იცავს, აცოცხლებს, ასაზრდოებს კაცის სულს და ყველას, ვინც კი გულშემუსვრილი და მონანული მიეახლება ამ წმინდა ადგილს, განკურნავს, გაათბობს სიხარულის მომნიჭებელი სითბოთი და იმედს დაუბურუნებს სასოწარკვეთილ სულს. ჩემს გულში კი სამუდამოდ დარჩება ის უცხო, მშვენიერი ნათელი. ოდესღაც ამ ადგილას ალბათ წმინდა და კეთილმსახური ადამიანები ცხოვრობდნენ და თავიანთი ლოცვა-ვედრებით საუკუნოდ გამოსთხოვეს ღმერთს ეს სიწმინდე.

დღეს განსაკუთრებით გამძაფრდა ბოროტი ძალის შემოტევა. მზაკვრულად გვიგებს მტერი მახეებს. იცვლება ზნე-ჩვეულებები. ყოველივე ამის გამო განსაკუთრებით საჭიროა ღვაწლი, მარხვა, ლოცვა, სიფხიზლე, ცრემლი წრფელი სინანულისა, საკუთარ თავში ჩაღრმავება, მეტი გულმოდგინება, მოშურნეობა, მგზნებარება რწმენისა.

ღრმად მწამს, რომ ეს ტაძარი ყველას მოუვლენს ღვთის იმ უდიდეს წყალობას, ყოველთვის ეგზომ უხვად რომ მჟღავნდება წმინდა ადგილებში.
ბეჭდვა
1კ1