ჩვენ გავუძელით დღევანდელზე გაცილებით მძიმე პერიოდებს და შევინარჩუნეთ რწმენა და კულტურა
ჩვენ გავუძელით დღევანდელზე გაცილებით მძიმე პერიოდებს და შევინარჩუნეთ რწმენა და კულტურა
ამ ცოტა ხნის წინ დაარსდა ფონდი "გაიხსენე საქართველო", რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხურვალედ დაუჭირა მხარი. ამ ფონდის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ კინორეჟისორს ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს. ბატონი მერაბი ჩვენი ჟურნალის სტუმარი გახლავთ.

- 11 წლისამ მოვინდომე მართლმადიდებლურად მონათვლა. ჩემს მომავალ ნათლიებთან ერთად წავედი ქაშვეთის ეკლესიაში და იქ ვეზიარე ნათლობის წმინდა საიდუმლოს. მამაჩემი და ჩემი წინაპრები, მამის მხრიდან, კათოლიკეები იყვნენ, დედა კი - მართლმადიდებელი.

- ალბათ იცნობდით მართლმადიდებლური სარწმუნოების არსს.

- იმ დროს ამაზე ლაპარაკიც კი აკრძალული იყო, ლიტერატურაც, ცხადია, არ იშოვებოდა, ბავშვებს ათეისტურად ზრდიდნენ. ამიტომ მართლმადიდებლური და, საერთოდ, ნებისმიერი რწმენის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით. უბრალოდ, ხალხს ღვთის რწმენის მოთხოვნილება ჰქონდა და მეც გამიჩნდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან ზიარების სურვილი.

დედაჩემს მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმართ მოწიწება და რიდი ყოველთვის ჰქონდა და ამას ბავშვობიდანვე ვგრძნობდი.

- ნათლობის შემდეგ რაიმე თუ შეიცვალა თქვენს შინაგან სამყაროში?

- შეიძლება შესამჩნევად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ის, რომ მართლმადიდებლურად მონათვლა 11 წლის ბავშვის სურვილი გახდა, ბევრ რამეზე მეტყველებს... იმ დროს ეკლესიაში შესვლა არ იყო იოლი საქმე. მაშინ ჩემი ასაკის ბავშვები პიონერები ვიყავით, შემდეგ კომკავშირელები ვხდებოდით. თუ ღირსად ჩაგთვლიდნენ, კომუნისტურ პარტიაშიც მიგიღებდნენ. პიონერებს, კომკავშირელებს და, საერთოდ, საბჭოთა მოქალაქეებს ტაძარში სიარული სამარცხვინო საქციელად ეთვლებოდათ და ეკრძალებოდათ კიდეც.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტიის წევრი იყოს ხელოვანი. რომელ საზოგადოებაშიც იმყოფები, იმ ცხოვრებით კი უნდა ცხოვრობდე, მაგრამ ყველაფერს ინდივიდუალურად და, რაც მთავარია, ობიექტურად უნდა აფასებდე. ეს შემოქმედის უპირველესი ამოცანაა, ამის გარეშე შეუძლებელია ხელოვნების დაბადება. აი, ამ პრინციპების გამო არც ერთი პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ.

როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, როცა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანება დაუპირისპირდა ერთმანეთს, წავედი სვეტიცხოველში, დიდხანს ვილოცე, ბევრი ვიფიქრე, შემდეგ კი სულიერად დამშვიდებული წამოვედი. ასეთი რამ ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში. ზოგჯერ ქვეცნობიერად გრძნობ, რომ რაღაც მოვლენა ახლოვდება, რომელსაც ვერ გადაურჩები და ვერაფერს დაუპირისპირებ, მოსახდენი მაინც მოხდება და მაშინ არ არსებობს არანაირი შველა, გარდა უფლისა. უნდა იფიქრო ღმერთზე, რომელიც ყველაზე ჭეშმარიტია, ყველაფერზე და ყველაზე მაღლაა და დახმარება შესთხოვო მას.

ჩვენ, ადამიანებმა, ხომ უამრავი რამ არ ვიცით. ტვინის მხოლოდ 10%-მდეა შესწავლილი და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ბევრი რამ საკუთარ ქცევაში, გრძნობებშიც კი გაუგებარია, რომ არაფერი ვთქვათ სამყაროს ამოუცნობ საიდუმლოებებზე. განა მეცნიერულ ცოდნას არ სცილდება ის სასწაულები, რომლებსაც ქრისტე ახდენდა, ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც უდიდესი სიზუსტით ხდებოდა და დღესაც ხდება? როგორ შეიძლება არ გვქონდეს რწმენა იმისა, რომ რაღაც არსებობს დიდი, ყოვლისშემძლე?! რა არის ის? - ღმერთი, რომელსაც გაჭირვებისას მიმართავ ხოლმე! რა არის ის? - უდიდესი ძალა, რომელიც მართავს სამყაროს! რა არის ის სული, რომელიც ვერ არის შესწავლილი მეცნიერების მიერ, რომელიც უხილავია, მაგრამ ყოველთვის გრძნობ მას?

- დღეს ტელევიზიით ნაჩვენები ფილმები როგორ გავლენას ახდენს ერის რწმენაზე, კულტურაზე, გემოვნებაზე?

- ძირითადად ტელევიზიით ანტირელიგიურ ფილმებს უჩვენებენ. ასეთი ფილმები იაფია და ტელევიზიები საეთერო დროს ამ იაფი პროდუქციით ავსებენ. ეს კი არის სულის, გემოვნების, კულტურის, ინტელექტის დამამახინჯებელი. ეს მოხდა ამ 10 წლის განმავლობაში და გარკვეულად აისახა კიდეც ადამიანებზე. ამის შეცვლა ძალიან ძნელია. ხალხს შეეცვალა მენტალიტეტი, თუ წინათ თენგიზ აბულაძის ფილმებს ("ვედრებას", "მონანიებას"...) სიამოვნებით უყურებდნენ, დღეს უკვე სულ სხვა ტიპის ფილმების, უაზრო, არაფრისმთქმელი, სულის დამამახინჯებელი სერიალების ყურება ურჩევნიათ. სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. ამ პროცესის შეტრიალებაში მთელმა საზოგადოებამ, როგორც საერო ხელისუფლებამ, ისე ეკლესიამ, მეცნიერებამ, კულტურამ და პირველ რიგში ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ის, რასაც ბოლო ხანებში დაეწაფა, სიმახინჯეა. თუ რწმენა და კულტურა არ გვექნება, მაშინ ხელისუფლება და მთელი პოლიტიკა ურწმუნო და უკულტურო იქნება და ქვეყანა დაიღუპება. რწმენა და კულტურა ხომ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილებია. ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს რწმენა, კულტურა, პოლიტიკა, ბიზნესი...

- თქვენი საქმიანობისა და ახალდაარსებული ფონდის - "გაიხსენე საქართველოს" შესახებ რას გვეტყვით?

- ამ ფონდის დაარსებას ქართულმა ეკლესიამ დაუჭირა მხარი, რისთვისაც დიდად მადლიერები ვართ. ფონდი ეროვნული შეგნების ამაღლებას და გაღრმავებას შეუწყობს ხელს. პროექტების დიდი ნაწილი გაგზავნილია ინვესტორებთან. ვფიქრობთ, გამოგვეხმაურებიან და გაჩნდება ის თანხები, რითაც პრაქტიკულ საქმიანობას დავიწყებთ.

- კერძოდ, რა გაკეთდება?

- საქართველოს შესახებ 30-ზე მეტი ფილმი უნდა გადავიღოთ. მათში ასახული იქნება ჩვენი ისტორია, წარმომავლობა, ქართველთა ხასიათი, საქართველოს ბუნება, კუთხეების დახასიათება, წიაღისეული სიმდიდრე, კულტურა და ა.შ., რათა ქართველსაც და უცხოელსაც შეექმნათ ჩვენს ქვეყანაზე უფრო ღრმა წარმოდგენა. ქართველებს ეს ესაჭიროებათ იმისთვის, რომ ბოლო ხანებში განათლების სისტემის არასათანადო მუშაობის, საერთო მდგომარეობის გაუარესების გამო ბავშვებს ბევრ ისეთ რამესაც კი არ ასწავლიდნენ, რასაც ჩემ დროს, საბჭოთა სისტემის ბატონობის მიუხედავად, მაინც გვასწავლიდნენ. ამიტომ ბევრი რამ ერს დავიწყებული აქვს. ადამიანებმა დაკარგეს თავისი ხალხის, ქვეყნის, კულტურისადმი ნდობა და გაუცხოვდნენ სწორედ იმ ღირსებების მიმართ, რაც ქართველ ერს ახასიათებს; ამიტომ საკუთარ ეროვნულობას სათანადო პატივს არ სცემენ და ზოგი ისეთ აზრსაც კი ავრცელებს, თითქოს პატარა და ყოვლად უსუსური ერი ვიყოთ. არადა სხვებზე დიდი კულტურა გვაქვს, გვაქვს უდიდესი ინტელექტი და გვყავს პიროვნებები, რომლებმაც საკაცობრიო ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს. ჩვენ გავუძელით დღევანდელზე გაცილებით მძიმე პერიოდებს, ღირსეულად დავიხსენით თავი სიძნელეებისგან და შევინარჩუნეთ რწმენა და კულტურა. სარწმუნოებაზე, კულტურასა და ენაზე ძლიერი ფარი ერს არა აქვს. ამაზე ლაპარაკი საჭიროა და ჩვენს პროექტებში აქცენტს ამ საკითხებზეც ვაკეთებთ. ამიტომ დაუჭირეს მხარი ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა და მთელმა ეკლესიამ ამ პროექტს და კარგი იქნება, თუ მეცნიერები, ბიზნესმენები და სხვანიც გვერდში ამოგვიდგებიან.

- რას უსურვებდით ქართველ ერს?

- ვისურვებდი, გვქონდეს ძლიერი მთლიანი ქვეყანა. საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი რწმენის თუ ენის ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ეს მისი ქვეყანაა და ჩვენ, ხელოვანმა ხალხმა, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი მათ ამის გაცნობიერებაში. ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება და მისი შენარჩუნება მხოლოდ ძლიერ, კულტურულ და განვითარებულ სახელმწიფოს შეუძლია. საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და ამიტომ ვალდებულნიც არიან, ემსახურონ მას ისევე, როგორც ქართველი.

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვა
1კ1