წარმატება მხოლოდ უფლის წყალობაზეა დამოკიდებული. ღვთის მადლის მოპოვება კი ლოცვით ხდება
წარმატება მხოლოდ უფლის წყალობაზეა დამოკიდებული. ღვთის მადლის მოპოვება კი ლოცვით ხდება
რაგბიში დევს ქართული სული
"საკუთარ თავზე გამოვცადე ლოცვის შედეგად წყაროსავით გარდამოდენილი ღვთის წყალობა. ლომისის წმინდა გიორგის სალოცავში ღამისთევამ წმინდა გიორგის პარაკლისის, დაუჯდომლისა და ფსალმუნების კითხვაში რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება: რუსთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში გავხდი სტიქაროსანი. ეს ყველაზე დიდი სიხარული იყო. ჩემს პროფესიულ ცხოვრებაზეც აღიბეჭდა ღვთის მადლი - მალე რუმინეთში მიმიწვიეს ერთწლიანი კონტრაქტით. დიდია უფლის ძალა", - გვესაუბრება საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი ირაკლი ნატრიაშვილი.

- როგორ ახერხებ ვარჯიშს, ჩემპიონატებში მონაწილეობას, წირვა-ლოცვაზე ყოფნას და სტიქაროსნობას?

- ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი უფლისგან მოგვეცემა. ღვთის წყალობა რომ არა, არც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გავხდებოდი და არც რუმინეთში ვითამაშებდი. ამიტომ ჯერ უფალს ვემსახურები და შემდეგ ჩემს საქმეს ვაკეთებ.

- როგორ მიხვედი ეკლესიაში?

- ჩვიდმეტი წლიდან ვთამაშობდი საქართველოს იუნიორთა ნაკრებში. ბოლო ჩემპიონატებზე ისეთი ტრავმები მივიღე, რომ შეიძლება საერთოდ ვეღარ მეთამაშა. ამ დროს რუსთავში, ჩემი სახლის ახლოს გაიხსნა წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ეკლესია. ჩემი და ბავშვობიდანვე ეკლესიურად ცხოვრობდა, მეც მომინდა მისთვის მიმებაძა. ჩემი სულიერი დაბადება იმ ეკლესიაში მოხდა - ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ კახაბერს ჩავაბარე პირველი აღსარება და სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა ჩემს თვალწინ. ეს სამყარო იყო მადლით სავსე, საიდანაც უხვად მოედინებოდა კურნება სულიერი და ხორციელი ტრავმებისა. სულიერ ცხოვრებას ვერანაირი ცხოვრების წესი ვერ შეედრება. საკუთარ თავზე გამოვცადე ძალა ლოცვისა - ხშირი აღსარებებითა და ზიარებით განვიკურნე. ეს კურნება კი თავისთავად განსაზღვრავდა რაგბიში ჩემს შემდგომ წარმატებებს. დიდია უფლის ძალა!

ღვთის წყალობაა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობა.

- როდის შედგა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?

- 2006 წელს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ერთა თასის გათამაშებაზე. მაშინ 22 წლის ვიყავი. წარმოიდგინეთ ჩემი განცდები. თავს ვიმხნევებდი, იესოს ლოცვას ვამბობდი გულში და შემწეობას ვითხოვდი უფლისგან - ჩემი გამოუცდელობით ისეთი შეცდომა არ დამეშვა, რომ საბოლოო შედეგზე უარყოფითად ემოქმედა. როდესაც ეროვნული ნაკრების კვართი ჩამაცვეს, გული სიხარულით ამევსო, თან ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა საქართველოსა და თანაგუნდელების წინაშე... ათ წუთში მოედანზე გავდივართ. მხოლოდ ღვთის წყალობის იმედი მაქვს. უეცრად ნაკრების ყველა წევრმა ერთად მოიყარა თავი. ხმამაღლა ვილოცეთ - "მამაო ჩვენო"... შიში სრულიად გაქრა და საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა. ეს თამაში მართლაც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა.

- ყოველთვის ლოცულობთ თამაშის წინ?

- რა თქმა უნდა. ყოველი თამაში ბრძოლაა, ოღონდ ბრძოლა საქართველოს წარმოსაჩენად მსოფლიო ასპარეზზე. უფლის შეწევნის გარეშე კი ყოველი ომი წაგებულია. ჩვენ, ქართველები, მეომარი ერი ვიყავით, ჩვენი წინაპრები ყოველი ბრძოლის წინ უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. წმინდა თამარ მეფე გავიხსენოთ, რომელიც ბრძოლის ველამდე აცილებდა ქართველ მხედრებს და ომის დაწყების წინ ლოცავდა მათ. რაგბის ბრძოლის ველზეც ღვთის შეწევნის გარეშე ვერაფერს გახდები. ამიტომ, თუ თამაში საქართველოშია და დილით ტაძარში წირვაა, ვცდილობ, დავესწრო, მივიღო წმინდა ზიარება და ისე გავიდე მოედანზე. მადლიერი ვარ ჩემი სულიერი მიძღვრის, მამა კახაბერის, რომელიც ლოცვით მუდამ მხარში მიდგას. თამაშის წინ ყოველთვის მიხდის პარაკლისს, მიხსენიებს ბარძიმში, თუ საზღვარგარეთ ვარ, ვრეკავ მასთან და ლოცვა-კურთხევას ვითხოვ, რაც უდიდესი ძალის მომცემია. როცა შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, პასუხისმგებლობაც დიდი გეკისრება. პირუთვნელი რომ წარდგე, ცდა არ უნდა დააკლო. მაგრამ წარმატება მხოლოდ უფლის წყალობაზეა დამოკიდებული. ღვთის მადლის მოპოვება კი ლოცვით ხდება. გამოგიტყდებით, რაც მეტს ვლოცულობ, ვგრძნობ, როგორ იზრდება ჩემში უფლის სიყვარული. ყოვლადმოწყალე უფალი კი შემწეობას არ მაკლებს. ვცდილობ, არ გავაცდინო წირვა-ლოცვა. არ ვაკლდები მოლოცვებს, რაც საშუალებას მაძლევს, უკეთ გავეცნო საქართველოს.

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება საქართველოს რომელმა მხარემ მოახდინა?

- უმდიდრესი სამშობლო გვაქვს, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ლომისა იყო. მამა კახაბერის კურთხევით, ჩვენმა სტიქაროსანმა ზურაბ ბაქრაძემ, მორაგბე მიხეილ წიკლაურმა და მე ღამე გავათიეთ ლომისის წმინდა გიორგის სალოცავში. აქ ძალიან ახლოს ხარ ცასთან და ხელის გულივით მოჩანს ყველაფერი. ცად აზიდული გუდაურის მთები პატარავდება და გრძნობ, რა ციცქნაა და უსუსური ადამიანი. ფიქრები შენდა უნებურად სამყაროს შემოქმედისკენ მიემართება. მთელი ღამე ვკითხულობდით წმინდა გიორგის პარაკლისს, დაუჯდომელს, ფსალმუნებს. სასწაული იყო! ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. უფლის წყალობა უხვად გადმოვიდა. ზურაბი ამჟამად ურბნისის მამათა მონასტრის მორჩილია, მიხეილი ესპანეთში მიიწვიეს სათამაშოდ, მე სტიქაროსანი გავხდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული იყო. უფალმა იმის ღირსი გამხადა, რომ ანგელოზის ხარისხში საკურთხეველში შევსულიყავი. ენით ვერ აღვწერ, რაოდენ ბედნიერი ვიყავი. ჩემს პროფესიულ ცხოვრებაზეც აღიბეჭდა ღვთის მადლი. მალე რუმინეთში მიმიწვიეს ერთწლიანი კონტრაქტით.

- საზღვარგარეთ როგორ ახერხებ ეკლესიურ ცხოვრებას?

- ჩემთვის ღვთის წყალობაა, რომ რუმინეთში მოვხვდი და არა სხვა რომელიმე არამართლმადიდებელ ქვეყანაში. უფალი ხომ ჩვენს გულებს ხედავს. თავდაპირველად რუმინულ ტაძარში ვესწრებოდი წირვა-ლოცვას, მაგრამ ენის ბარიერის გამო მალევე მოვძებნე რუსული ეკლესია, სადაც რეგულარულად დავდივარ. მარხვაც, ვცდილობ, არ დავარღვიო. თუმცა ჩემპიონატის დროს, როცა თამაში საზღვარგარეთაა, საკვების გამო მიწევს ხოლმე მარხვის გატეხა.

რაგბი გუნდური, შეიძლება ითქვას, ერთსულოვანი თამაშია. ქრისტიანობის მთელი არსიც ხომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულია.

- ქრისტიანული სწავლება თუ აისახა შენს დამოკიდებულებაზე თანაგუნდელებთან?

- რაგბიში დევს ქართული სული, მებრძოლი ხასიათი. ბრძოლის ველზე კი, თუ შენს გვერდით მდგომი არ გიყვარს და მზად არ ხარ მისთვის თავი გაწირო, წარმატებას ვერ მიაღწევ. ქრისტიანული სიყვარული სწორედ მოყვასისთვის თავგანწირვას გვასწავლის. რაც ეკლესიაში მივედი და ჩავწვდი ქრისტიანულ სწავლებას, ვისწავლე პატივმოყვარეობაზე გამარჯვება, რაც ძალიან მეხმარება, თამაშის დროს უფრო მეტად თანაგუნდელზე ვიფიქრო, ვიდრე საკუთარ თავზე. ერთად დგომა კი საერთო მიზნისკენ, გამარჯვებისკენ წარმატებით სვლას ნიშნავს.

ჟურნალი "კარიბჭე" ულოცავს საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს წარმატებებს და უსურვებს, უფლის მადლი და შემწეობა არ მოკლებოდეს სულიერ და პროფესიულ ცხოვრებაში.
ბეჭდვა
1კ1