ეკლესიურობა გონიერების მანიშნებელია
ეკლესიურობა გონიერების მანიშნებელია
იგი ძალზე უბრალო, უშუალო, მართალი და მეტად მდიდარი სულის პატრონია. მისი სახელის გაგონებაზე ადამიანებს სახე უნათდებათ, ყველას უყვარს, მასზე აუგი არავის დასცდენია. ეს პიროვნება გახლავთ ბატონი ერლომ ახვლედიანი, კინოხელოვანი, საუკეთესო მოთხრობების ავტორი, ერთი სიტყვით, უსაზღვროდ განათლებული შემოქმედი და, რაც მთავარია, ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი.

- ბატონო ერლომ, როგორ გახდით მორწმუნე, თქვენ ხომ იმ პერიოდში გაიზარდეთ და მოღვაწეობდით, როცა სარწმუნოებაზე ლაპარაკიც კი იკრძალებოდა?

- ჩემი ოჯახი არ გამოირჩეოდა ეკლესიური ცხოვრებით, თუმცა "მრწამსი" მამამ მასწავლა ჯერ კიდევ საკმაოდ პატარას. ჩემს მშობლებს საბჭოთა წყობილების მშენებლობის დროს მოუწიათ ცხოვრება. მაგრამ მამაჩემი არასდროს ყოფილა რევოლუციური სულისკვეთებით აღვსილი. მართალია, ეკლესიურ ცხოვრებას არ ეწეოდა, მაგრამ ბუნებით მეტად კეთილშობილი ადამიანი გახლდათ. მამა 23-ე სკოლაში ასწავლიდა ხატვა-ხაზვასა და შრომას. ძალიან უყვარდა ბავშვები. "სერგო პაპას" ახლაც დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ ამ სკოლის თანამშრომლები და აღზრდილები. ომის დროს, როცა ფრონტიდან ჩამოჰყავდათ უამრავი დაჭრილი, მძვინვარებდა ათასგვარი დაავადება, სკოლის შენობაში დროებით ინფექციური საავადმყოფო განათავსეს. მამა თავისი სკოლის იმდენად ერთგული აღმოჩნდა, რომ გადადგა ვაჟკაცური ნაბიჯი, არ შეუშინდა გადამდებ დაავადებებს (ტიფს) და იქ დარჩა დარაჯად. მამას რამდენიმე თანამშრომელმაც მიბაძა. საუბედუროდ, ისინი დაავადდნენ ტიფით და დაიღუპნენ, მამა კი ღვთის ნებით გადაურჩა ამ სენს. სკოლას ჰქონდა არაჩვეულებრივი კაბინეტ-ლაბორატორიები და მეტად მდიდარი ბიბლიოთეკა. მამამ წიგნები და ლაბორატორიული დანადგარები თავისი ხელით აიტანა სხვენზე და განადგურებას გადაარჩინა. შემდეგ, როცა ომი დამთავრდა, სკოლამ ამ ლაბორატორიული ხელსაწყოებისა და წიგნების წყალობით ძველებურად განაგრძო ფუნქციონირება.

მართალია, დედა არ იყო რელიგიური, მაგრამ როდესაც მე დავიწყე ეკლესიაში სიარული და მარხვა, ძალიან მიწყობდა ხელს. დაახლოებით 35 წლის ასაკში მეტად მძიმედ ავადვმყოფობდი. დამემართა ნევროზი რთულ ფორმებში. იმდენად ცუდად ვხდებოდი, რომ ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი იძახებდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ოჯახში მარტო მე და ჩემი მშობლები ვცხოვრობდით. მამა მოხუცი იყო, დედა - ფიზიკურად სუსტი, ამიტომ პროდუქტები მე უნდა მომეტანა შინ. მე კი სახლიდან ისე არ გავიდოდი, ტაქსის ფულად 2 მანეთი მაინც რომ არ მდებოდა ჯიბეში, რათა, თუ ცუდად ვიგრძნობდი თავს, უცბად მოვბრუნებულიყავი სახლში. ერთხელ ვიფიქრე, სიკვდილზე უარესი რა მომივა-მეთქი და გადავწყვიტე, დამეძლია ეს საზარელი შიში. იმან, რომ განვთავისუფლდი სიკვდილის შიშისგან და თან მარხულობაც დავიწყე, გადამარჩინა. მივხვდი, რომ მარხვა არის სულიერი მუხტი, რომლის დახმარებით სხეული უფრო თვინიერი და დამყოლი ხდება. ამის შემდეგ, თუმცა სულ მედო ხოლმე ჯიბეში, ვალიდოლს აღარ ვხმარობდი. ამ აუტანელი მდგომარეობიდან გამომიყვანა რწმენამ, მარხვებმა და ლოცვებმა. მართალია, ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, აღსარებებს არ ვამბობდი და არც ვეზიარებოდი, რადგან მაშინ ეკლესიებს ძალიან ავიწროებდნენ, მაგრამ მარხვის დაცვა და ლოცვები გარკვეულწილად რელიგიურობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. მერე თანდათანობით დავიწყე სახარების გაცნობა და იმდენად დავინტერესდი, რომ მეგობრების შვილებიც მოვიწვიე (გეიდარ ფალავანდიშვილის, ლანა ღოღობერიძის, ლეილა გორდელაძის შვილები, ზურა ჟვანია და სხვები). თავიდან 7 კაცამდე მოვიყარეთ თავი, შემდეგ სხვებიც შემოგვემატნენ, მათ შორის - მეუფე დანიელი (მაშინ ერისკაცი იყო და დავითი ერქვა) და მეუფე იობი. საბჭოთა წყობილების დროს ასეთი თავყრილობა დარბევას რომ გადაურჩა, ნამდვილად ღვთის ნება და წყალობა იყო. ჩვენი შეკრებების შესახებ რომ არ ცოდნოდათ ,,ზევით", შეუძლებელია, - თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთან მოდიოდნენ მაშინდელ მთავრობაში მომუშავეთა შვილებიც კი, - მაგრამ არავითარი რეაგირება ამ შეკრებებს არ მოჰყოლია, თითქოს ვერც კი გვამჩნევდნენ. მე თავყრილობებზე არანაირ ანტისაბჭოურ იდეოლოგიას არ ვავრცელებდი, არც ღვთისმეტყველების სწავლებაზე მქონდა პრეტენზია და არც ბიბლიის გარჩევას ვაწყობდი, უბრალოდ, ვკითხულობდით ძველ და ახალ აღთქმას და თანაც ძველქართულად.

უშუალოდ ეკლესიური ცხოვრება უფრო მოგვიანებით დავიწყე. მახსოვს, ერთხელ მივედი სიონის ტაძარში მამა ზურაბთან (ანთაძესთან), ვუთხარი აღსარება და შემდეგ ნელ-ნელა შევედი ეკლესიურ ცხოვრებაში. უწმიდესი და უნეტარესი ძალიან კეთილად მეპყრობოდა, საპატრიარქოშიც კი შემომთავაზა მუშაობა, მაგრამ, საუბედუროდ, არ მოვინდომე, რაზეც ძალიან შეწუხდა და გაუკვირდა კიდეც, ასეთ დიდ მადლზე უარი რომ ვთქვი. 1983 წელს დედა გარდამეცვალა, ცოლს დაშორებული ვიყავი, შვილი კი ძალიან ავადმყოფობდა. პატრიარქმა ჩემს ქალიშვილთან ერთად ერთი კვირით პეჩორის მონასტერში გამგზავნა. გამამწესეს ერთ-ერთ ბერთან, რომელიც გვეხმარებოდა და გვასწავლიდა, როგორ უნდა გვეცხოვრა ამ ხნის განმავლობაში. ეს კვირა უდიდესი სულიერი სიმშვიდით და დადებითი ემოციებით იყო სავსე. იქიდან რომ წამოვედი, გარკვეული დროის შემდეგ ცოლი ვითხოვე და ამით სამუდამოდ დავუსვი წერტილი ჩემს ეკლესიურ ,,კარიერას". ეტყობა, იმანაც, რომ შემოქმედებით მოღვაწეობას ვეწეოდი და თან ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა, განსაზღვრა ის, რომ ერისკაცად დარჩენა ვარჩიე. რასაკვირველია, ეს შეცდომა იყო, მაგრამ შეცდომა, რომელიც შეგნებულად დავუშვი. ეკლესიურ ცხოვრებას ვაგრძელებდი და ჩემი მოძღვრის ღვაწლით მივხვდი, რომ ერისკაცებიც მოვალენი არიან, ეკლესიურად იცხოვრონ. რასაკვირველია, ყველაფერს ისე ვერ ვაკეთებ, როგორც საჭიროა, მაგრამ ნამდვილად გულით ვცდილობ.

- და, ცხადია, უფლის რწმენა გეხმარებათ სიძნელეების დაძლევაში...

- ძალიან მეხმარება. რომ არა რწმენა, ალბათ ამ წუთისოფლის განსაცდელს ვერ გავუძლებდი. ცხოვრებაში მქონდა ძალიან მძიმე პერიოდები, რომელთა გადალახვა მხოლოდ რწმენამ და ეკლესიურობამ შემაძლებინა.

ვფიქრობ, ერისკაცი თავის ცოდვებს მარხვითა და ლოცვებით უნდა მოერიოს. თუ ადამიანი სასულიერო სარბიელს არ აირჩევს, თავისი ცოდვების შეცნობა მაინც უნდა შეძლოს, სხვას კი არ ასწავლოს ჭკუა და მხოლოდ სხვისი ცუდი საქმე დაინახოს, არამედ საკუთარ თავს მიხედოს და შეეცადოს, საზოგადოებას ტვირთად არ დააწვეს. ამიტომ ეკლესიური ოჯახის შექმნაც უდიდესი ღვაწლია. დღეს, საბედნიეროდ, უამრავი ისეთი მორწმუნე ოჯახი გვყავს, სადაც მშობლები, შვილები და შვილიშვილებიც კი ეკლესიურად ცხოვრობენ.

- ეკლესიური ოჯახების მომრავლება ახსენეთ... მართლაც, ჩვენში ძალიან გაიზარდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, ზოგი ამას მოდას აყოლას უწოდებს...

- ამაზე ბევრი მიფიქრია. კაცი რომ მოდის ეკლესიაში, ეს უდიდესი მადლია. არ შეიძლება ასეთი ადამიანის ცხოვრებაში არ დადგეს მომენტი, როდესაც ნახავს, თუ რარიგ ეხმარება რწმენა და ეკლესიური ცხოვრება. მე მოდის აყოლის კვალიფიკაციას ვერ მივცემ მრევლის ამგვარ მატებას, პირიქით, მიხარია, რომ ეკლესიაში წირვა-ლოცვების დროს ესოდენ ბევრი ხალხია; მიხარია, რომ ხალხი ეკლესიისკენ მობრუნდა. რატომ ჰგონია ზოგს, რომ ბევრი მოდასაა აყოლილი? ვინ ჩაიხედა მათ სულებში, ვინ იცის, რა უჭირს, რას ლოცულობს და რას შესთხოვს ტაძარში ხატების წინ მდგარი უფალს? ქართველებს სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი მართლმადიდებელი სარწმუნოება, ის ადამიანებიც კი, რომლებიც ეკლესიურად არ ცხოვრობენ, მაინც იცავენ ტრადიციებს (მაგალითად, მიცვალებულის შესანდობარი, საკურთხი და სხვა მრავალი); შეიძლება ბოლომდე არც ესმით, რას აკეთებენ, მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ ეს ადამიანისთვის მთავარია.

18 წლის ვაჟი მყავს. დედა გარდაეცვალა. ადრე დადიოდა ეკლესიაში, მერე რატომღაც შეფერხდა. მაგრამ ამ ბოლო დროს რამდენჯერმე მითხრა, რომ კვლავ უნდა ტაძარში სიარული. მე, რასაკვირველია, ძალას არ ვატან, რადგან ვთვლი, ძალდატანება არ შეიძლება, მაგრამ ვგრძნობ, რომ იგი კვლავ დაიწყებს ეკლესიურ ცხოვრებას. სხვათა შორის, ეკლესიურობა ადამიანის გონიერების მანიშნებელია. დაუკვირდით, თუ ადამიანს აქვს თავისი ცოდვების დანახვის და გამოსყიდვის სურვილი (მე ვგულისხმობ მხოლოდ სურვილის ქონას და არა იმას, თუ რამდენად შეძლებს ამას), ე.ი გონიერი ადამიანია და აუცილებლად მივა ტაძრამდე.

- თქვენ ახალგაზრდებთან გაქვთ ურთიერთობა. თუ მოუწოდებთ მათ ეკლესიურობისკენ?

- მე ბუნებით არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ სხვას თავს მოვახვიო რამე, თუნდაც ის, რაც ჭეშმარიტად მიმაჩნია. ამიტომ მოწოდებით არავის არაფერს მოვუწოდებ, ჩემთვის კი ვცდილობ, ვიკითხო ლოცვები, ვიარო ტაძარში, ვთქვა აღსარება, ვეზიარო. თუ ვინმე მომბაძავს და მოინდომებს ეკლესიურ ცხოვრებას, ძალიან გამიხარდება. ისე კი, იმ პირველი ჯგუფიდან, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ (ერთად რომ ვკითხულობდით ბიბლიას), თითქმის ყველა მორწმუნე გახდა და დღესაც უდიდესი მადლიერების გრძნობას გამოხატავენ თავიანთ ცხოვრებაში ამ ლამაზი პერიოდის არსებობის გამო.

- ხომ არ გქონიათ პერიოდი, როცა დაშორდით ეკლესიას, მაგრამ შემდგომში მიხვდით, რომ მთავარი მაინც უფლის რწმენაა?

- ერთი ხანობა, მივხვდი, რომ ჩემში რელიგიური რწმენა ძალიან გაჯერდა. რაღაც ახალი შეგრძნებები გამიჩნდა. ბევრჯერ ეკლესია მხსნელად მომევლინა და ცხოვრებისეული კრიზისი გადამალახინა. შემდეგ ამ პერიოდმა, ამ ეკლესიურმა სისავსემ გამიარა, ამას დაემატა ეკონომიკური გაჭირვება, მეუღლის გარდაცვალება, პირველ ცოლთან რთული ურთიერთობა, გოგონას ავადმყოფობა და კიდევ სხვა, ამიტომ ბევრჯერ საყვედურიც კი მითქვამს ჩემს ბედთან დაკავშირებით.... მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საბოლოოდ იმედი და ხსნა მაინც უფლის რწმენაში და, აქედან გამომდინარე, ეკლესიურობაშია. მართლმადიდებელი სარწმუნოება შეუძლებელს არაფერს გვთხოვს, ყოველივე ეს არ არის ძნელი შესასრულებელი, მაგრამ, საუბედუროდ, ადამიანებს გვიჭირს ამ მცირედის გაკეთებაც კი. მაგალითად, მე სიგარეტს თავს ვერ ვანებებ და ძალიან მაბრკოლებს ეს ეკლესიურ ცხოვრებაში. ერთხელ მეუფე სერგიმ ხუმრობით მითხრა: როგორ გაძლებ უსიგარეტოდ საიქიოსო...

- ზოგი მართლმადიდებელი სარწმუნოებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. რა აზრის ბრძანდებით ამაზე?

- სხვათა შორის, ადრე მეც ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო მართლმადიდებლური წესების გამარტივება, წირვა-ლოცვების შემოკლება, მაგრამ მივხვდი, რომ ეს დაუშვებელია, მართლმადიდებელი სარწმუნოება არის ის, რაც არ იცვლება. გამოჯანმრთელებას ხომ თავის ეტაპები აქვს და დრო სჭირდება? ასევეა სულიერება. წირვა-ლოცვები რომ შემოკლდეს, ადამიანი ვერ მოასწრებს იქიდან მადლის აღებას და ფასეულის შეთვისებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაწუხებს ფეხები, არასდროს დავმჯდარვარ წირვა-ლოცვის დროს. უფლის დახმარებით ვახერხებ ფეხზე დგომას.

- თქვენი აზრით, რა არის მთავარი თვისება, რაც ჭეშმარიტ მორწმუნეს უნდა ჰქონდეს?

- ჭეშმარიტმა მორწმუნემ თავი არ უნდა მოიტყუოს და თვალები არ უნდა დახუჭოს თავის ცოდვებზე. შეიძლება მოატყუო მთელი მსოფლიო, მაგრამ თავს ვერ მოიტყუებ და საკუთარ ცოდვებს ვერ გაექცევი, მათ მონანიება სჭირდება. რელიგიაში გმირობას თავისებური, ერისკაცისათვის ცოტა არ იყოს უცნაური სახე აქვს. გმირობაა საკუთარი სისუსტეების აღიარება. თუ ამას შეძლებ, მაშინ თავს აჯობებ. არ ღირს ცოდვებთან დამოკიდებულების გაუბრალოება, ცოდვებთან ბრძოლა მთავარია მორწმუნისთვის. კიდევ, უნდა იყო მიმტევებელი. რასაკვირველია, ძალიან ძნელია, ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირო, მაგრამ... შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა მტკიცე რწმენა.

- ბრძანეთ, თავს უნდა აჯობო და ებრძოლო ცოდვებსო, ე.ი. უარი უნდა თქვა ისეთ რამეებზე, რისი გაკეთებაც გსურს. ზოგი ამას თავისუფლების დაკარგვას უწოდებს. რას ფიქრობთ, საკუთარი ვნებების და სურვილების მონა თავისუფალი შეიძლება იყოს?

- ჩვენ თავისუფლების არსი სწორად, სახარებისეულად რომ გვესმოდეს, ნამდვილად კარგად წავიდოდა ქვეყნის და ხალხის ცხოვრება. საკუთარ ცოდვებს დამონებული ადამიანი თავისუფალი ვერასდროს იქნება.

- რას უსურვებდით ქართველ ხალხს?

- ვუსურვებდი, სოციალური ყოფის მიუხედავად დაბრუნებოდნენ ეკლესიურ ცხოვრებას და ეს ყოფილიყოს ძალიან ბუნებრივი, უბრალო და არა ამპარტავნული. დანარჩენი, ანუ ყოფითი, აუცილებლად მოგვარდება. გვახსოვდეს, ვინც ცათა სასუფეველს ეძიებს, ყველაფერი მიეცემა. სამწუხაროდ, ისეთი დრო მოვიდა, რომ ბევრმა ფული გააკერპა. ეს საშინელებაა. ჩემი აზრით, ამ კერპის დამარცხება ეკლესიური ცხოვრებითაა შესაძლებელი, მორწმუნე კაცი ხომ იმაზე მეტს არ აიღებს, რაც აუცილებლად სჭირდება. ეს უნდა კარგად გავითავისოთ.

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვა
1კ1