ღვთის სიყვარულში დახარჯული
ღვთის სიყვარულში დახარჯული
ღმერთმა ამ წუთისოფელში სატარებლად თითოეულ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი ჯვარი დაგვაკისრა - ხან განსაცდელებით და დაბრკოლებებით სავსე, ზოგჯერ სიხარულით და სიყვარულით გაჯერებული. უფალს ხომ ყველა ადამიანი უყვარს, მაგრამ ალბათ მასაც ჰყავს ამქვეყნად რჩეულები და მათ ღვთისთვის სათნო საქმეების კეთებას ავალებს. ყოველთვის სანატრელია ჭეშმარიტი მორწმუნე და ღვთის სიყვარულში დახარჯული ადამიანის პოვნა. მით უფრო დღეს. ერთი კი უეჭველია - ჭეშმარიტება არასდროს ცვდება და ყველა დროში აღმატებულია.

მინდა გიამბოთ ერთ მადლიან ქალბატონზე, რომლის ცხოვრება წამითაც არ ყოფილა ღვთის და ეკლესიის გარეშე. მისი ყოველი დღე ეკლესიაში შესვლით იწყებოდა და მთავრდებოდა კიდეც. მაშინაც კი, როცა ტაძარი უმოქმედოდ იყო... ქალბატონი შურა კობახიძე, შურა დეიდა, სოფელ ნიკორწმინდაში ცხოვრობს, იქვე, ტაძართან ახლოს. ვისაც კი შეუღია ნიკორწმინდის ტაძრის კარი, შურა დეიდას იმედიანი, ღვთივსათნო რჩევა-დარიგება ყველას კარგად ახსოვს. მესანთლეც თავად იყო, მგალობელიც, სეფისკვერის მცხობელიც, ტაძრის მომვლელიც... კარგად მახსოვს, ბავშვობაში როგორ გვიყვებოდა წმინდა წერილებიდან ეპიზოდებს, როგორ გვასწავლიდა ღვთის სახლში მოქცევის წესებს...

დიდი ხანია არ მენახა. რამდენიმე თვის წინ მითხრეს, ლოგინად არის ჩავარდნილი და საუბარიც უჭირსო. ვიფიქრე, მოვიკითხავ და დანარჩენი ღვთის ნება იქნება-მეთქი. ფერისცვალება დღეს, წირვის შემდეგ, შინ ვესტუმრე. უღონო სნეულს ხელში ვეებერთელა სკვნილით მიძინებოდა. სტუმრის მისვლა უმალვე გაიგო. მომიკითხა, ისე როგორც ჩვეოდა ხოლმე, თან სკვნილზე ლოცულობდა. მისმა ქალიშვილმა, ნანამ მითხრა, ეს სკვნილი დაახლოებით 30 წლის წინ ჩვენმა პატრიარქმა აჩუქაო. კიდევ ბევრი რამის გაგებას შევეცადე. შურა დეიდას გარდასულის გახსენებაში შვილი ეხმარებოდა.

- ჩვენი პატრიარქი სოხუმში, ჩემი დის ოჯახში გავიცანი (ჩემი სიძე ლეონტი ჟვანია ადრე იქ მსახურობდა). დღემდე კარგად მახსოვს ამ ღვთისნიერი ადამიანის მიერ ჩატარებული წირვა-ლოცვა... ნიკორწმინდის ტაძარი ჩვენს სახლთან ახლოს იყო. რაც დრო გადიოდა, ეკლესიასთან სიახლოვე მიზიდავდა, მერე ვეღარ მაშორებდნენ იქაურობას, - იხსენებს შურა დეიდა, - ზამთარში, თოვლით დაფარულ ტაძრის ეზოში გრძელი კიბით შევდიოდი. სანთელს ვანთებდი, ვლოცულობდი. ნიკორწმინდის ტაძარი რომ გახსნილიყო, სოფელ-სოფელ ვაგროვებდი ხალხის ხელმოწერებს.

მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში რამხელა წინააღმდეგობა მექნებოდა. ამის მიუხედავად, დიდი ბრძოლის შემდეგ მაინც შევაგროვე ხელმოწერები და გავგზავნე მოსკოვში. რუსეთში რეგისტრაციის გავლა იყო საჭირო და მერე ტაძრის გახსნის ნებას დაგვრთავდნენ. ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარიც მე გავახსნევინე, მრავალძალიც. მრავალძალის მოსალოცად მანქანას ვქირაობდი, მერე მოვუყრიდი სოფელს თავს და მივდიოდით სალოცავად. რაც დრო გადიოდა, ღმერთი ისე შემიყვარდა, რომ შინ აღარ მიჩერდებოდა გული, სულ ეკლესიაში ვიყავი.

- სოფელში ბევრი გაჭირვებული მოხუცი იყო და ყველა შინ მოჰყავდა დედასო, - იხსენებს ნანა.

- მთელი სოფელი ჩემი მონათლულიაო, - დაამატა შურა დეიდამ, - ზიარებაზეც მიმყავდა აქაურები. მიწისძვრის დროს გუმბათი რომ ჩამოინგრა, ეკლესიაში ვიყავი. ჩამოშლილმა ქვამ ტაძრის იატაკი გააპო, ხატები დააზიანა. საოცარი ის გახლდათ, რომ ცოცხალი გადავრჩი.

პირველი მღვდელი მამა ამბროსი გახლდათ, ქათამაძე. ყველა მოძღვარს, როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი...

შურა დეიდა იმასაც იხსენებს, უწმინდესმა, რაჭაში სტუმრობის დროს, როგორი სიყვარულით მოიკითხა.

- რამდენიმე წლის წინ უწმინდესმა მოილოცა ნიკორწმინდის ტაძარი, ჭელიშის მონასტერი, მერე კი ჭრებალოში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გახსნაზე წაბრძანდა. ნიკორწმინდაში მობრძანებისას თვალი ვეღარ მომკრა და საგანგებოდ მომიკითხა. როცა მივედი, გულში ჩამიკრა და კონვერტში ჩადებული ფული მაჩუქა. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. უწმინდესს თავადაც ვსტუმრობდი ხოლმე საპატრიარქოში. იქ ყველა სიხარულით მეგებებოდა. ახლა ავად ვარ და უწმინდესის ნახვას უკვე ვეღარ ვახერხებ, - მითხრა გულდაწყვეტილმა.

ნიკორწმინდის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გაბრიელ კობახიძე ყოველი კვირის ზიარებით უმსუბუქებს ტკივილებს დეიდა შურას. დამშვიდობებისას გულითადად დაგვარიგა: - ამ დროში ადამიანმა ღვთიურად უნდა იცხოვროს, მორწმუნე უნდა იყოს. უყვარდეს უფალი და ქრისტეს გზაზე დადიოდეს. ღმერთის იმედად იყოს და მუდამ იესოს ლოცვას ამბობდეს. ჩვენი პატრიარქის დამჯერი უნდა ვიყოთ და მის მორჩილებას ვასრულებდეთო.
ბეჭდვა
1კ1