უფალი მაძლევს ძალას, რათა ფეხზე მდგარი ვუსმენდე იმ უდიდეს ჭეშმარიტებას, რომელიც წირვა-ლოცვის დროს ეკლესიის სიღრმეებიდან მოდის
უფალი მაძლევს ძალას, რათა ფეხზე მდგარი ვუსმენდე იმ უდიდეს ჭეშმარიტებას, რომელიც წირვა-ლოცვის დროს ეკლესიის სიღრმეებიდან მოდის
შესანიშნავ კინორეჟისორს რეზო ჩხეიძეს წარდგენა ნამ-დვილად არ სჭირდება. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ბატონი რეზო ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ქრისტიანია, რაც მის მიერ გადაღებული, სიკეთით სავსე ფილმებიდანაც ნათლად ჩანს.

- ბატონო რეზო, თქვენ საბჭოთა კავშირში, ათეისტურ ქვეყანაში, გაიზარდეთ და ცხოვრობდით. რამ გაგიღვივათ რწმენა?

- თუ საკუთარ თავს კარგად დავაკვირდებით, უთუოდ აღმოვაჩენთ, რომ რწმენა გენეტიკით მოგვდევს ან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩაითესა ჩვენში, თითქოს იმ წუთში შეუმჩნეველი დაგვრჩა, წლების შემდეგ კი იჩინა თავი. ალბათ ჩემთვის, ამ თვალსაზრისით, გარკვეულად ღირებული იყო ის, რომ დედაჩემის ბაბუა მღვდელი გახლდათ. მართალია, მას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ოჯახში ქრისტიანულ ტრადიციებს ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. ბებია მეტად მორწმუნე ქალი იყო, ეკლესიაშიც ხშირად დადიოდა. ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავები სულ ერთმანეთზე ზრუნავდნენ. რასაკვირველია, ეს ზეგავლენას ახდენდა ჩემზე. ამიტომ ყოველთვის მწამდა ღვთის არსებობა, არადა ქვეყანაში საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.

უნდა გავიხსენო 1937 წელი. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდით. ოქტომბერში მამა დააპატიმრეს და მერე აღარც კი გვინახავს. წლების შემდგომ, როდესაც ამ უსამართლოდ დასჯილი ხალხის რეაბილიტაცია მოხდა, მივიღეთ შეტყობინება, რომ მამა 1937 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, დაუხვრეტიათ. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ხომ ენით აუწერელი სისასტიკეა და როცა ამას ახალი წლის ღამეს აკეთებ, ამით კიდევ უფრო მეტად უსვამ ხაზს შენს ვერაგობას.

ზოგიერთი მოვლენა იმდენად მძაფრად მოქმედებს, რომ ცხოვრებაში მთავარი გგონია, მაგრამ გადის წლები და ასე არ აღმოჩნდება, რადგან შეიძლება ფარულად, ქვეცნობიერში სწორედ ის ცოცხლობდეს, რაც ერის შინაარსს შეადგენს. მამის დაპატიმრების შემდეგ დედაჩემი, სამ მცირეწლოვან შვილთან (მე 9 წლისა ვიყავი) ერთად, სახლიდან გამოაგდეს. მიუსაფრად დარჩენილებს დიდი დახმარება გაგვიწია შორებელმა ნათესავმა (ბიძაჩემის ცოლისდის ქმარმა). მიუხედავად იმისა, რომ ცოლთან და 2 შვილთან ერთად ხელმოკლედ ცხოვრობდა, წაგვიყვანა თავისთან და მთელი ზამთარი ამ ღვთისნიერი ადამიანის ოჯახში გავატარეთ. მახსოვს, როგორ გუგუნებდა რკინის დიდი ღუმელი, რომლის ირგვლივ შეკრებილ ბავშვებს ეს კეთილი ადამიანი გვიყვებოდა ათასნაირ ამბავს, ზღაპრებს და გვართობდა, რათა გულმოკლულებს ცოტათი მაინც შეგვმსუბუქებოდა ტკივილი. შემდეგ დედაჩემს ძმა ამოუდგა გვერდში და თბილისში გადმოგვიყვანა საცხოვრებლად.

ამ უსასტიკეს წლებში ყოველთვის ვგრძნობდი ღვთის მფარველობას. მე რომ 1937 წელზე ფილმი გადავიღო, მარტო იმას კი არ აღვწერ, თუ რა საზიზღრები იყვნენ "კა-გე-ბეშნიკები", გადავიღებ იმას, თუ როგორ გადარჩა ხალხი, როგორ უწვდიდნენ ერთმანეთს ქრისტიანულად ხელს, როგორ უყოფდნენ ჩაგრულ ოჯახებს ლუკმას. ამ წლებმა ბოროტება არ დამიტოვა გულში, რადგან უამრავი ადამიანის სიკეთე მახსოვს. მამა მწერალი გახლდათ, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და, რაც მთავარია, უაღრესად კეთილი იყო. მას ბევრი იცნობდა. როგორც კი გაიგებდნენ, ვისი შვილი ვიყავი, ფართოდ მიღებდნენ კარს...

ციხის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალს მამაჩემის მიერ პაპიროსის ქაღალდზე ქიმიური ფანქრით დაწერილი წერილები შუაღამისას მოჰქონდა ხოლმე ჩვენთან, მამასთან კი ჩვენი შეჰქონდა. თანაც ამას სრულიად უსასყიდლოდ აკეთებდა. განა მაშინ ასეთი საქციელი გმირობის ტოლფასი არ იყო? ასეთი ფაქტები ხომ ადამიანს ზრდის და ჭეშმარიტ ქრისტიანად აყალიბებს. ერთ საოცარ ამბავს მოგიყვებით: მამა რომ დააპატიმრეს, ქონების აღსაწერად კაცი გამოუშვეს ჩვენთან. როიალის გარდა, ოჯახში ფასეული არაფერი გვქონდა. შემოვიდა მაღალი, ტყავისპალტოიანი სუკ-ელი, გაიარ-გამოიარა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: ეს როიალი რომ დაგიდგამთ აქ, ან ნათესავი, ან მეზობელი არ გყავთ, რომ გაიტანოთ და თვალს მოაშოროთო? დედა მიხვდა, რომ მან გვანიშნა, - როიალი გადამალეთო და ასეც მოვიქეცით. მოგვიანებით როიალი გავყიდეთ და იმ ფულით მთელი წელი გავიტანეთ თავი. ეს რამ ათქმევინა კაცს, რომელიც 1937 წელს სახელმწიფო დავალებას ასრულებდა? ვინმეს რომ გაეგო, დახვრეტა არ აცდებოდა. მისი არც გვარი ვიცი და არც სახელი...

1937 წელი ადამიანების სულიერების უდიდესი გამოცდა იყო და მას, დიდი ტკივილის მიუხედავად, ხალხმა მაინც გაუძლო. ბევრი დაიღუპა, მაგრამ ქრისტიანული თვალით თუ შევხედავთ, უდიდესი საოცრება მოხდა შემდეგ, როცა ეს გარდაცვლილი ადამიანები ხელმეორედ მოგვევლინნენ თავიანთი შემოქმედებისა და კეთილი საქმეების სახით. ქართველ ხალხს დაუბრუნდა მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მამაჩემი და სხვა მრავალი ადამიანი ლექსების, მოთხრობების და სპექტაკლების სახით. განა ის, რომ ჭეშმარიტება არ იკარგება, სასწაული არ არის? დედამიწაზე ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლა ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ სიკეთე აუცილებლად დათრგუნავს მას. მე სწორედ ამ სიკეთით ვიკვებებოდი. არ დამავიწყდება 23-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელი ნიკო ჯაფარიძე, მეტად დაფასებული (სოციალისტური შრომის გმირი) და არაჩვეულებრივი პედაგოგი. იგი გარეგნობითაც გამოირჩეოდა - გაქათქათებული ხალათით შემოდიოდა ქიმიის კაბინეტში, ბავშვებს მისი შიში და რიდი გვქონდა. ერთ დღეს, გაკვეთილი რომ დასრულდა, გამოაცხადა - ჩხეიძე დარჩესო. ვიფიქრე, ალბათ რაღაც დავაშავე-მეთქი. მან კი მკითხა, - მამისგან რა ისმის და რითი ცხოვრობთო. ვუთხარი, მამის შესახებ არაფერი ვიცით, მატერიალურად ბიძები გვეხმარებიან-მეთქი. აბა, შენ იცი, მამაშენის სახელს გაუფრთხილდი, ისწავლე და კაცი გამოდიო. მეტი არაფერი უთქვამს. ეს ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. მაშინ მე-6 კლასში ვიყავი. აგერ 60 წელზე მეტია გასული და ეს დიალოგი არ მავიწყდება.

მრავალი ფაქტი შემიძლია გავიხსენო, როცა ადამიანები ჩემს ირგვლივ სიკეთეს აკეთებდნენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვდნენ. მგონია, რომ სწორედ ასე შემოდის ადამიანში ქრისტიანობის ძირითადი მცნებები.

- უშუალოდ ეკლესიური ცხოვრება როდის დაიწყეთ?

- ჩემი აზრით, ახლაც არა ვარ ჭეშმარიტად ეკლესიური, მაგრამ რამდენადაც ვარ, ეს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურებაა. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დავიწყე სიონის ტაძარში სიარული. მომწონდა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა: პატრიარქის წირვა-ლოცვა, ქადაგება... ტაძარში გატარებული საათები მოცული იყო დიდი სიკეთით, რწმენით, პატრიოტიზმით და ჰუმანიზმით. მოგვიანებით მქონდა ბედნიერება, პირადად გამეცნო უწმინდესი და უნეტარესი ილია II. იგი ხშირი სტუმარი იყო კინოსტუდია "ქართული ფილმისა". საინტერესო ახალი ფილმის სანახავად მობრძანდებოდა მღვდელმთავრებთან ერთად და შემდეგ მოკრძალებულად, თავის მეტად ბრძნულ აზრს გამოთქვამდა ხოლმე. ეს იყო ბრწყინვალე გაკვეთილები იმისა, თუ რა ჭირდებოდა ერს და რა გზით უნდა ევლო, რომ მთავარია სულიერი აღმავლობა და სულის შენება. პირველად თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან მინდა განვაცხადო, რომ უწმინდესის აზრებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ქართული ფილმების განვითარებაზე. ხშირად ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ვწვევივარ პატრიარქს. მისი დარიგება თუ შეხედულება ყოველთვის ღვთით განბრძნობილი იყო. ყოველივე ეს იქცა ჩემთვის ჭეშმარიტ რწმენაში შემავალ კარიბჭედ. ამ ურთიერთობების შემდეგ მივხვდი, რომ ხელოვნების, და მათ შორის კინოს, დანიშნულება, უპირველესად, ადამიანის სულიერი აღზრდაა და ვიფიქრე, რომ ამისათვის სტუდიის ტერიტორიაზე აუცილებელი იყო ეკლესიის არსებობა, რათა ნებისმიერ ადამიანს შეძლებოდა იქ უფლისთვის თავისი თავისა და საქმის შევედრება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით 70-იან წლებში ტაძრის მშენებლობა დავიწყეთ. ვინმემ რომ მკითხოს, რა შევქმენი საუკეთესო ცხოვრებაში, ვუპასუხებ: მცირეოდენი წვლილი შევიტანე წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესიის მშენებლობაში-მეთქი...

ქართველი ერის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა ეკლესია. ეკლესია რომ არ უბიძგებდეს ხალხს ქველმოქმედების, წესიერების და ჭეშმარიტებისკენ, არ აღვივებდეს სიკეთის საწყისს, ქართველი ერი ამ გარდატეხის წლებს ვერ გაუძლებდა, გადაგვარდებოდა და განადგურდებოდა.

- ზოგის ფიქრით, ხალხი მოდას აჰყვა და ეკლესიაშიც იმიტომ იმატა მრევლმა...

- რა თქმა უნდა, ვერ უარვყოფთ იმას, რომ შეიძლება ეკლესიას ჰყავდეს ზოგიერთი ასეთი თანამგზავრი. თუმცა არც ესაა საშიში, რადგან ის მოდას აყოლილიც ესწრება წირვა-ლოცვებს, მასზე გადმოდის მადლი და შეიძლება ეკლესიის მიერ მასში ჩაბუდებული თესლი გაღვივდეს და გაიფურჩქნოს. მაგრამ იმ აზრს, რომ ძირითადად ასეთი მოდას აყოლილი მორწმუნეები შეადგენენ ეკლესიის მრევლს, არ ვიზიარებ. ჯერ ერთი, დღეს ბავშვს დაბადებიდანვე უნერგავენ ღვთის რწმენას, ჩვილობაშივე ნათლავენ, მშობლები ენის ამოდგმისთანავე ასწავლიან შვილებს ,,მამაო ჩვენოს", დაჰყავთ ტაძარში, აზიარებენ. ჩემი პატარა შვილიშვილები ისე არ დაიძინებენ, რომ ხატებთან სანთლები არ დაანთონ და არ ილოცონ. ასე რომ, ეკლესია და ეკლესიურობა პატარაობიდანვე იქცევა ადამიანის ცხოვრების აუცილებელ ნაწილად. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანად ჩამოყალიბდება, მაგრამ, საერთო ჯამში, უკეთეს თაობას მივიღებთ. დღეს მომავალი თაობა, უდავოდ, ჩვენზე ეკლესიურია. ეს სულიერი უპირატესობა მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ჩვენ აუცილებლად გვაჯობებენ. ასეთი მორწმუნე ადამიანების მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმე იქნება ღვთის მიერ კურთხეული და დიდი, ეროვნული წინგადადგმული ნაბიჯი. რაც მეტი ჭეშმარიტი მორწმუნე გვეყოლება, მტერი მით ვერაფერს დაგვაკლებს.

- საჭიროა თუ არა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში სიახლეების შეტანა?

- არც კი მესმის, რას გულისხმობენ სიახლეების დანერგვაში. ბევრჯერ მითქვამს, რომ მინდა ვილოცო ისე, როგორც ლოცულობდა დავით აღმაშენებელი, ილია, აკაკი. შეიძლება რეფორმირებაში იმას გულისხმობენ, დამჯდარმა უნდა უსმინო ლოცვებს თუ ფეხზე მდგარმა. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს რამდენიმე საათი ფეხზე დგომა, ბედნიერი ვარ, რადგან უფალი მაძლევს ძალას, რათა ფეხზე მდგარი ვუსმენდე იმ უდიდეს ჭეშმარიტებას, რომელიც წირვა-ლოცვის დროს ეკლესიის სიღრმეებიდან მოდის. თუ ძალიან არ მიჭირს, დიდებულივით წამომჯდარი რატომ უნდა ვიყო ტაძარში, თეატრში წარმოდგენას ხომ არ ვუყურებ? მე მომწონს, ფეხზე მდგარი, მოწიწებითა და გაფაციცებით რომ ვისმენ სულიერ სიბრძნეს. ახალაშენებულ სამების ტაძარში გამოყვეს ადგილები, სადაც მხცოვანთ შეუძლიათ დაბრძანდნენ წირვა-ლოცვის დროს. მეც შემომთავაზეს დაჯდომა. არ მინდოდა, მაგრამ ხელმეორედ რომ მთხოვეს, უარი ვერ ვთქვი, დავჯექი და საოცრება მოხდა - ვეღარც ვერაფერს ვხედავდი და ვერც ვეღარაფერს ვისმენდი. წამოვდექი ფეხზე. მათ, ვისაც მართლა არ შეუძლია ფეხზე დგომა, დაჯდომას არავინ უშლის. სხვათა შორის, ლოცვა სულაც არ მიმაჩნია სიამოვნების საგნად, ეს შრომისა და ნებისყოფის გამოცდაა. რამდენჯერ მივსულვარ შინ დაღლილ-დაქანცული, მაგრამ თავი ხელში ამიყვანია და ლოცვები მაინც წამიკითხავს. ამ დროს ხომ ეშმაკი გვებრძვის და ძალა უნდა მოვიკრიბოთ მის დასამარცხებლად.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ქართულ მართლმადიდებლობას შეუტიეს, ამან, ღვთის ნებით, უფრო გააძლიერა ჩვენი ეკლესია და ეშმაკისეული ძალები თითქოს შედრკნენ კიდეც, თუმცა ალბათ დროებით. ვერ ვხვდები, რას გულისხმობენ რეფორმისტები, როცა ამბობენ, ქართულმა ეკლესიამ ფართოდ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს ცხოვრებაშიო. მართლმადიდებლური სარწმუნოება სიკეთის თესვასა და შემწყნარებლობას ქადაგებს, ეკლესია უამრავ აქციას ატარებს აფხაზეთთან დაკავშირებით თუ ნარკომანიის წინააღმდეგ, ახლახან ხელოვნებისა და მეცნიერების დასახმარებლად საერთაშორისო ფონდიც კი შექმნა და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენ რამეს აკეთებს. ეს არ არის ხალხის ცხოვრებაში მონაწილეობა?

- ბატონო რეზო, ორიოდე სიტყვით თქვენს ახალ ფილმზეც გვიამბეთ.

- ვიღებ ფილმს ,,იყავ ნება შენი". მისი მეორე სათაურია ,,მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი", სწორედ ასე ჰქვია მოთხრობას, რომლის სიუჟეტითაც ვისარგებლე. ეს ფილმი თანამედროვეობას და ახალგაზრდობას ეხება და ვფიქრობ, გარკვეული როლი უნდა ითამაშოს ხალხის სულიერ აღზრდაში. არ უარვყოფ, რომ ხელოვნებას ადამიანის გართობის მისიაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, კულტურის მთავარი დანიშნულება ხალხის ეროვნული, ქრისტიანული, კაცთმოყვარული იდეების ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. ამიტომ მოვკიდე ამ ახალი ფილმის გადაღებას ხელი. ძალიან მინდა, რომ მისი ნახვის შემდეგ ადამიანი დარბაზიდან გაკეთილშობილებული გამოვიდეს.

- რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?

- დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო, და მასთან განუყოფელი ქართული ეკლესია, მძიმე მდგომარეობაშია. ყოველწამიერი ბრძოლა უხდება ეშმაკეულ ძალებთან, რომლებიც ათასნაირი ფორმით არის შემოსული. ვისურვებდი, ეკლესიის მრევლმა, და მათ შორის ,,კარიბჭის" მკითხველმაც, მტკიცედ დაიცვას ქართული ეკლესიის პოზიციები. ეს რთულია, რადგან ისე შენიღბულად მოქმედებს ეშმაკი, ისე ფარულად შემოგაპარებს თავის შეხედულებას, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ვერც კი მიხვდე. ამიტომ საჭიროა სიფხიზლე და სიმტკიცე.

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვა
1კ1