"უფალო, ჟამსა მოკლებისასა ძალისა ჩემისასა ნუ განმაგდებ მე"
"უფალო, ჟამსა მოკლებისასა ძალისა ჩემისასა ნუ განმაგდებ მე"
მოხუცები წვიმაში, სიცხეში, ქარში, ავდარშიც მოდიან...
სახარებაში ვკითხულობთ: "სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და წახვიდოდი, სადაც გსურდა. როდესაც მოხუცდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს" (იოანე 21,18). გაივლის ჩვენი ცხოვრების გაზაფხული და მოახლოვდება მკათათვე. გაგვითეთრდება თმა, ნაოჭებით დაგვეფარება სხეული, დაგვეშრიტება ძალები, შეგვიმოკლდება ამქვეყნიური ცხოვრების დღენი... "ყოველმა ადამიანმა იცის, რომ სიბერეს ათასგვარი ტვირთი ახლავს და ის სიკვდილით მთავრდება. წლითიწლობით მსხვერპლი უნდა გაიღო და ბევრ რამეზე უარი თქვა. უნდა ისწავლო, აღარ ენდო შენს გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სასიამოვნო გასეირნებად გეჩვენებოდა, გრძელი და რთული ხდება და ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც შეძლებ მის გავლას. უარის თქმა გვიხდება საყვარელ კერძებზე. ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულს სულ უფრო იშვიათად განვიცდით და ამ სიამოვნებისთვის დღითიდღე სულ უფრო ძვირი უნდა გადავიხადოთ" (ჰერმან ჰესე). ჭეშმარიტად განსაცდელია ყოველგვარი სნეულება და ათასნაირი ტკივილი, სიბერეს რომ ახლავს.

"უფალო, ჟამსა მოკლებისასა ძალისა ჩემისასა ნუ განმაგდებ მე" - დავით მეფსალმუნის ამ სიტყვებს ამოიკითხავთ ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის გალავანზე, სუროს ფოთლებს რომ დაუმშვენებია. ამ სახლში 1998 წლიდან საქმიანობს "გერმანულ-ქართული მეგობრობის წრის" მიერ დაფუძნებული ფონდი "თაობა". აქ ხანდაზმულებზე ზრუნავენ, ტვირთს უმსუბუქებენ და, რაც მთავარია, ეხმარებიან იმ ჭეშმარიტების გათავისებაში, რომ სიბერე, უბრალოდ, ცხოვრების ერთ-ერთი საფეხურია და რომ თმაჭაღარა მოხუცებსაც, ახალგაზრდების დარად, აქვთ მიზანი, რომელიც მათ არსებობას აზრს აძლევს.

გვესაუბრება ორგანიზაცია "თაობის" დირექტორი, ბატონი უჩა ვახანია.

- ბატონო უჩა, გთხოვთ, გვიამბოთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.

- ადამიანებს, რომლებთანაც ვმუშაობთ, პირობითად ორ ჯგუფად ვყოფთ: ხანდაზმულები, რომელთაც უფრო ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და ისინი, ვისაც უფრო მეტად სოციალური პრობლემები აწუხებს (საზოგადოებისგან გარიყული მოხუცები, რომელთაც ადამიანებთან ურთიერთობა სწყურიათ). შესაბამისად, მათ ორგვარ დახმარებას ვთავაზობთ: სამედიცინოს და სოციალურს. თუმცა დახმარებებს უფრო ხშირად კომბინირებული სახე აქვს.

ჩვენ ე.წ. "შემთხვევის მართვის" მეთოდითა და მრავალდარგოვანი (მულტიდისციპლინარული) ჯგუფის მეშვეობით ვმუშაობთ. თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ, ვადგენთ საჭიროებების რუკას, შემდგომ კი სპეციალისტები იწყებენ საქმიანობას. გვყავს სხვადასხვა პროფილის ექიმები, სოციალური მუშაკები, შეგვიძლია, ხანდაზმულებს ფსიქოლოგიური თუ საყოფაცხოვრებო, ტექნიკური დახმარება გავუწიოთ. გვაქვს იურიდიული დახმარების სამსახურიც. რაც მთავარია, გვყავს მოძღვარი, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი, რომელიც ხშირად გვსტუმრობს, ხანდაზმულებს ხომ ყველაზე მეტად სულიერი დახმარება სჭირდებათ. მოძღვარი მიცვალებულთა დღეს პანაშვიდის აღსავლენადაც მობრძანდა. პანაშვიდზე ოთხმოციოდე მოხუცი სანთლებით ხელში ლოცულობდა თავიანთ მიცვალებულთათვის. ძალიან ამაღელვებელი და ლამაზი დღე იყო, ნაღვლიანი ზეიმი.

- როგორც ვიცი, ხანდაზმულთა კლუბიც გაქვთ, რომელშიც 120-მდე კაცია გაწევრიანებული. რას საქმიანობს ეს კლუბი?

- კლუბის წევრებს ერთმანეთთან ურთიერთობა სჭირდებათ. ისინი ყოველდღე მოდიან და ხვდებიან ერთმანეთს. ამ ადამიანებს დაფარული უნარები აქვთ, მათ გამოსამჟღავნებლად კი სათანადო გარემო უნდა შევუქმნათ, სიბერე ხომ ცხოვრების დასასრული არ არის, მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია და, ისევე როგორც მის სხვა საფეხურებს, მასაც აქვს საკუთარი სახე, სიხარული თუ დარდი. იყო მოხუცი - ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორიც ახალგაზრდობა. ყველამ უნდა შეასრულოს თავისი დანიშნულება - ახალგაზრდამაც და მოხუცმაც. კაცმა ცხოვრების ყველა ეტაპზე ჯეროვნად უნდა დააფასოს სიცოცხლე და ღირსეულად იცხოვროს.

ხანდაზმულებსაც სჭირდებათ სიხარული, ყურადღება, თანადგომა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, მათი აზრის გათვალისწინება, ღვაწლის დაფასება. მათ აქვთ უნიკალური რამ - ღვაწლი და გამოცდილება.

შესანიშნავმა ქალბატონმა ციალა დანელიამ 70 წლის შემდეგ დაიწყო ხატვა და ფორტეპიანოზე დაკვრა. მას პერსონალური გამოფენა მოვუწყვეთ, აღვნიშნეთ მისი 75 წლის იუბილე. ასე რომ, ამ ქალბატონის ცხოვრებაში სწორედ ხანდაზმულ ასაკში მოხდა მეტად საინტერესო მოვლენა.

ქალბატონმა ნათელა მომცემლიძემ კატარაქტის გამო თვალისჩინი დაკარგა. ჩვენი დახმარებით მას ოპერაცია გაუკეთდა და ქალბატონმა ნათელამ ქარგვა დაიწყო. ხელსაქმეში ორიგინალურ მასალას იყენებს - ცელოფნის პარკებს. მასაც მოვუწყვეთ პერსონალური გამოფენა (ჩვენი ხანდაზმულების ნამუშევრები სასტუმრო "მეტეხი პალასში" იყო გამოფენილი). ქალბატონი ნათელა 80 წლისა დაბრმავდა. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ამის შემდეგ მის ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდებოდა...

- როგორ ახერხებთ იმას, რომ მოხუცებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან და მნიშვნელოვან წევრებად იგრძნონ? რამდენად ერთვებიან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში?

- მოხუცებს ინტერესთა ჯგუფებად დაყოფა შევთავაზეთ. ზოგი მხოლოდ გვსტუმრობს და კლუბის სხვა წევრებთან ურთიერთობს, ზოგიც ოფისის მოვლაში მონაწილეობს - რწყავს ყვავილებს, ალაგებს, ფუსფუსებს... სხვები ჩვენს საწარმოში საქმიანობენ. ასეთი ხანდაზმულთა საწარმო ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში. ვაწარმოებთ ღვინოს, ჩურჩხელას, ვაშლის ძმარს... ჩვენი პროდუქცია ხარისხიანი და ნატურალურია.

- თქვენი ორგანიზაცია გორშიც საქმიანობს...

- სახლი, რომელშიც ჩვენი გორის ოფისია განთავსებული, სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო ქალბატონმა ლია ხუროშვილმა. ამ საოცრად გულისხმიერმა ადამიანმა თვითონვე მოგვძებნა და დახმარება შემოგვთავაზა. გორის ადგილობრივმა მთავრობამაც დაგვიჭირა მხარი. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ.

გორში 2003 წლიდან ვსაქმიანობთ და მხოლოდ ახლახან შემოვიღეთ შინ მოვლის სამსახური, რომელიც თბილისში უკვე დიდი ხანია არსებობს. ეს გახლავთ ჩვენი საქმიანობის მეორე დიდი მიმართულება ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ სამსახურში შედის დაუძლურებულ და ლოგინს მიჯაჭვულ ადამიანთა მოვლა-პატრონობა, რაც ექიმის ვიზიტს, კონსულტაციას... გულისხმობს. ვეხმარებით ასევე დაბანაში, სახლის დალაგებაში, კვებაში, გადაადგილებაში... ამ სამსახურში შედის საყოფაცხოვრებო დახმარებაც - დაზიანებული ონკანისა თუ გატეხილი მინის შეკეთება და სხვა ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა. ვუგვარებთ პენსიასთან, ინვალიდობის ჯგუფის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. როცა სურვილი აქვთ, მათთან მოძღვარიც მიგვყავს.

ხანდაზმულთა კლუბის წევრებისთვის ეწყობა კულტურული ღონისძიებები, ექსკურსიები, შემეცნებითი შეხვედრები, პრესდაიჯესტი, რელიგიის საათი. ვიწვევთ მუსიკოსებს, კინოსა და თეატრის მსახიობებს... ხანდაზმულებს ვუხდით იუბილეს, დაგვყავს მუზეუმებში... ერთი სიტყვით, კლუბი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.

ღვთაებრივი ნუგეშისცემა უფრო და უფრო ძლიერი საყრდენი ხდება "სურვილების, ოცნებების, გატაცებებისა და ვნებებისგან დევნილი" მოხუცებისთვის. უმრავლესობამ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო. ეკლესიური მადლი, სასულიერო ლიტერატურის გაცნობა კი ეხმარებათ, გააცნობიერონ და განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება ღვთისა და მოყვასის მიმართ.

მოხუცები წვიმაში, სიცხეში, ქარში, ავდარშიც მოდიან... ზოგს სიარულიც უჭირს, მაგრამ მაინც მოდის. ვუყურებ მათ და ვფიქრობ: რა ძლიერი უნდა იყოს სურვილი, რომელსაც ისინი აქ მოჰყავს...

ამ ადამიანებს სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრება სწყურიათ. მართლაც, დიდი სტიმულია განცდა იმისა, რომ ვიღაცას სჭირდები, საქმე გელოდება... მაგალითად, ვაშლს რომ მოვიტანთ ხოლმე, ჩვენი მოხუცები დასხდებიან, თლიან, ასუფთავებენ და ხილფაფას ხარშავენ, მერე კი ლოგინს მიჯაჭვულებს უნაწილებენ...

- ვინ აფინანსებს თქვენს ორგანიზაციას?

- ჩვენი ძირითადი დონორი უკვე რამდენიმე წელია გახლავთ ჰოლანდიური ფონდი "კორდეიდი", რომლის სტრატეგიულ დაგეგმარებაში ჩვენც ვმონაწილეობდით და 2010 წლამდე დაფინანსება გარანტირებული უნდა გვქონოდა, მაგრამ ფონდმა მოულოდნელად გადაწყვიტა, 2007 წლის დასრულებისთანავე შეაჩეროს თავისი პროგრამები აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის - საქართველოშიც. ასე რომ, 2008 წლიდან ჩვენი ბედი გაურკვეველია.

- სიბერესთან ძნელია შეგუება, მაგრამ "სამწუხარო იქნებოდა, მასში მარტოოდენ დაკნინებისა და დაცემის პროცესი რომ დაგვენახა, მისი კარგი მხარეები, უპირატესობა კი ვერ შეგვენიშნა... აქ, მოხუცთა ამ ბაღში, უამრავი ყვავილი ყვავის. უფრო მომთმენნი, მშვიდნი, შემწყნარებელნი ვხდებით, და რაც უფრო ნაკლები მოთხოვნილება გვაქვს, ვიმოქმედოთ, მით მეტი უნარი გვეძლევა, დავაკვირდეთ და ყური მივუგდოთ ბუნების სიცოცხლესა და ჩვენს თანამოძმეთა ცხოვრებას... ზოგჯერ - თანაგრძნობითა და ჩუმი სევდით, ზოგჯერ - სიცილით, ნათელი სიხარულით, იუმორით..." (ჰერმან ჰესე).

- სიბერე დაბრუნებაა ბავშვობაში, ოღონდ შთაბეჭდილებებით, ცოდნითა და გამოცდილებით გამდიდრებული. ბავშვს გრძნობათა განსაკუთრებული სინატიფე გამოარჩევს, რომელსაც ნელ-ნელა კარგავს, მერე კი ეს სინატიფე კვლავ უბრუნდება ადამიანს. ასე რომ, ხანდაზმული ადამიანები საზოგადოების ყველაზე ძვირფასი წევრები არიან. მეტიც, საზოგადოების განვითარების გასაღები სწორედ მათშია დაუნჯებული. თუკი მოხუცებს თავიანთი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მივცემთ, ეს ჩვენს საზოგადოებას არნახულ სარგებლობას მოუტანს.

უხუცესის პატივისცემა ყველა კულტურულ ქვეყანაში იციან, მით უმეტეს - ჩვენში. ამ ტრადიციის დაკარგვა არ შეიძლება. სიყვარული, თანადგომა, უფროსის პატივისცემა - ის ღირებულებები, რომლებზეც დგას სამყარო, მარად უცვლელი რჩება.

ჩვენი ორგანიზაციის ლოგოზე სამი თაობაა გამოსახული - ჩვენი მიზანია, თაობებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა იყო.

სიბერე საუკეთესო დროა განვლილი ცხოვრებისთვის თვალის გადასავლებად და შესაფასებლად. სიკვდილის მოლოდინი სულ უფრო მეტად განმსჭვალავს მოხუცის არსებას. ისწავლო სიკვდილი - უაღრესად საპატიო ფუნქციაა.

დაბოლოს, კარგად უნდა გვახსოვდეს: როგორც ჩვენ მოვექცევით ჩვენს მოხუცებს, ისევე მოგვექცევიან ჩვენი შვილები. და თუ დღესვე არ ვიზრუნებთ მათზე, ხვალ უკვე გვიან იქნება...
ბეჭდვა
1კ1