მართლმადიდებლობა სრულიად ახალ სივრცეებს, ჰორიზონტებს აღმოაჩენინებს ადამიანს
მართლმადიდებლობა სრულიად ახალ სივრცეებს, ჰორიზონტებს აღმოაჩენინებს ადამიანს
ჩვენი ცხოვრება მარადიული ფერისცვალების პროცესია. უფლის ფერისცვალებისადმი მიძღვნილ საგალობელში ვკითხულობთ: "იესო, რომელმან ხატი მონისა თაბორისა მთასა ზედა შეიცვალე, ცოდვის შვილთაგან შვილებად ღმრთისა ჩვენც გარდაგვცვალე".

ფერისცვალების, ცნობიერების განახლების, სრულყოფის გზის დასაწყისი ნათლისღების საიდუმლოა.

ზურა დათიკაშვილი 19 წლის იყო, სვეტიცხოვლის ტაძარში რომ მოინათლა. ზურას მამა ებრაელი გახლდათ (ახლახან გარდაიცვალა), იუდაისტური სარწმუნოების მიმდევარი და დამცველი. დედა, გვარად გაბრიელაშვილი, მთიელი ქალი, მართლმადიდებელი ქრისტიანია. სათნო, მშრომელ და მრავალი სხვა ღირსებით გამორჩეულ ოჯახში რელიგიურ ანდა ეთნიკურ ნიადაგზე არასოდეს ყოფილა კონფლიქტი. მართლმადიდებლურ და იუდაისტურ ტრადიციებს თანაბრად სცემდნენ პატივს. სიყვარულით შეიქმნა ეს ოჯახი და შვილებსაც სიყვარულით ზრდიდნენ. სამი შვილი ეყოლათ. ზურა ნაბოლარაა. ბავშვები ებრაული წესით (წინადაცვეთით) მონათლეს, თუმცა მოგვიანებით ზურამ და მისმა უფროსმა და-ძმამ მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებლობა აირჩიეს.

- მამაჩემი დიდ პატივს მიაგებდა მშობლების სარწმუნოებას, მათ ხსოვნას. დადიოდა სინაგოგაში, ლოცულობდა, სანთელს ანთებდა. მამის საფლავს უვლიდა (მამაჩემის დედა ისრაელში წავიდა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა). თუმცა წინაპრებივით ზედმიწევნით დამცველი არ გახლდათ ებრაული ტრადიციებისა, უფრო ქართულ ყაიდაზე ცხოვრობდა. შვილებს ბავშვობაშივე მოგვცა არჩევის უფლება - საქართველოში გვეცხოვრა თუ ისრაელში. საქართველოში დავიბადეთ, გავიზარდეთ, ამიტომ, რა გასაკვირია, რომ აქ ვარჩიეთ დარჩენა (მაშინ 10 წლის ვიყავი). მამაჩემის და-ძმა კი ისრაელში წავიდა და დღემდე იქ ცხოვრობს.

1996 წელს მე და ჩემი ძმა ერთდროულად დავოჯახდით. ჩემი მეუღლე ვიქტორია კვანტალიანი გახლავთ. გვყავს ორი შვილი: 10 წლის მაიკო და 5 წლის ლუკა. რა თქმა უნდა, ორივე მართლმადიდებელი ქრისტიანია.

- როგორც ვიცი, ბავშვობიდანვე მღერი ქართულ ხალხურ სიმღერებს. გალობდი სიონში, სვეტიცხოველში...

- დიახ, ვმონაწილეობდი საპატრიარქოს ანსამბლ "ბასიანის" ჩამოყალიბებაში. მისი ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სიმონ ჯანგულაშვილი ჩემი მეგობრები არიან. მეგობრობა ნათესაურ კავშირშიც გადაიზარდა - ისინი ჩემი შვილების ნათლიები გახდნენ.

KARIBCHE
ლუკა და მაიკო

ბედნიერი ვარ, რომ ხშირად მიხდებოდა ყოფნა უწმინდესის გვერდით. სადაც კი მიბრძანდებოდა, ჩვენც თან მივყვებოდით. ვიყავით კვიპროსზე, რამდენჯერმე ვეწვიეთ პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს... უწმინდესმა ჩემ შესახებ ყველაფერი იცის, მეც, ჩემს მეუღლესაც და ბავშვებსაც სახელებით გვიცნობს და გვეფერება. ყოველთვის საოცარ სითბოს ვგრძნობ მისგან, რისთვისაც დიდად მადლიერი ვარ.

სამწუხაროდ, ახლა ხშირად ვეღარ მივდივარ საპატრიარქოში. "ბასიანიდანაც" უკვე სამი წელია წამოვედი. ეკლესიურად კი ვცხოვრობ, მაგრამ სასურველია, ჩემი რწმენა უფრო მხურვალე იყოს.

მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი მოძღვრის, დეკანოზ ტარიელ სიკინჭალაშვილის მიმართ. ყოველთვის მიხარია მისი ნახვა. ამ ყველასთვის საყვარელი პიროვნებისგან ბევრი რამ ვისწავლე: სითბო, თანადგომა, ადამიანებთან ურთიერთობა... ერთად ხშირად ჩავდივართ სნოში, გერგეტის ტაძარში...

- ზურა, მას შემდეგ, რაც მოინათლე და ეკლესიას დაუახლოვდი, ალბათ მნიშვნელოვნად შეიცვალა შენი ცხოვრება, ხედვა...

- ცხადია, სხვანაირი თვალით ვუყურებ ყველაფერს. უფრო ღრმად გავაცნობიერე, როგორ უნდა მოვიქცე ანდა როგორ არ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა აღვიქვა და გადავლახო განსაცდელი, მწუხარება... მაცხოვარი განკაცდა, რათა ჩვენთვის, მოკვდავთათვის, საუკუნო ცხოვრების გზა, გზა ხსნისა ეჩვენებინა, რომელიც ფერისცვალებას, ჯვარცმას მოიცავს.

ეკლესიამ ბევრ კარგ ადამიანთან დამაახლოვა, რომელთა წყალობითაც უამრავი რამ ვისწავლე. ეკლესიაში ვისწავლე მართალი, ალალი ლოცვა, დაცლილი ანგარებისა და ეგოცენტრიზმისგან. ამ ლოცვებს ღვთივგანბრძნობილი წმინდა მამები ქმნიდნენ, რომელთა გონება განშორებული იყო ყოველგვარი მატერიალურისგან. მართლმადიდებლობა სრულიად ახალ სივრცეებს, ჰორიზონტებს აღმოაჩენინებს ადამიანს. ბედნიერი ვარ და მეამაყება, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, თუმცა არასდროს დავივიწყებ, საიდან მოვდივარ, ვისი შვილი ვარ. ახლაც პატივს მივაგებ ებრაულ ტრადიციებს, მაგრამ მე ჩემი რწმენა მაქვს, რომელიც ავირჩიე და ღმერთმა განმამტკიცოს მართლმადიდებელ სარწმუნოებაში.

- საქართველოდან წასული ებრაელების სიყვარული და ერთგულება საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ მართლაც საარაკოა...

- ყოველთვის დიდი სიხარულით მოიჩქარიან აქეთ. ამას წინათ ბიძაჩემი იყო ჩამოსული. დაბრუნებისას იქაურებს აღტაცებული უყვებოდა, როგორ ლამაზდება თბილისი და როგორ ეტრფის ისევ "თბილისის ჰავას"... თავიანთ მეორე სამშობლოდ თვლიან საქართველოს, ისინი ხომ აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ... მეამაყება, რომ ებრაული სისხლიც ჩქეფს ჩემში და ქართულიც - ორივე ერი შეუდარებელია თავისი წარსულით, ტრადიციებით... საქართველოდან ისრაელში წასული ებრაელები შორიდან ესათუთებიან საქართველოს, ლოცულობენ მისი გადარჩენისა და აღორძინებისთვის.
ბეჭდვა
1კ1