აჩუქე სიყვარული
აჩუქე სიყვარული
თავიანთ დაბადების დღეს სულ ფანჯარიდან იყურებიან
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი სასწაული ადამიანია. უდიდესი მოვლენაა მისი დაბადება, რადგან ყოველ ადამიანში ღვთის მიერ შთაბერილი უკვდავი სული მყოფობს. სული, რომელმაც ღმერთი უნდა შეიცნოს და სასუფეველი დაიმკვიდროს. მაგრამ არიან ბავშვები, რომელთა დაბადებას სიხარული არავისთვის მოაქვს: ისინი, რომელთაც მძიმე ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლი დაჰყვათ. მიუწვდომელია ღვთის განგება, არავინ იცის, რატომ იბადებიან ასეთი ბავშვები, მაგრამ ისინი ღვთის ნებით იბადებიან და თითოეულ მათგანში ცოცხლობს უკვდავი სული, "სული, რომელიც, შესაძლოა, ღვთის წინაშე ამქვეყნად კაცთა მიერ განდიდებული მრავალი ადამიანის სულზე ბევრად მაღალი და ძვირფასი იყოს". მშობლები ზოგჯერ უარს ამბობენ ასეთი ბავშვების გაზრდაზე, უჭირთ გაცნობიერება, რომ ეს განსაცდელი მათთვის ღვთის მიერ გამოგზავნილი მაცხოვნებელი ჯვარია და ამ ჯვრის უდრტვინველად ტარებით ისინი უფლის უსაზღვრო მოწყალებასა და ნუგეშს მოიზიდავენ, რომელსაც ვერავითარი ამქვეყნიური ნუგეში ვერ შეედრება.

მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი წერს: "სიმახინჯის, ავადმყოფობის, ტანჯვის ყოველგვარი მომრავლება ქვეყანაზე თავისი არსით ზარების რეკვაა, ზეცის ძახილია, რომელიც სიყვარულის გამრავლებისა და გაღრმავებისკენ მოგვიწოდებს". მართლაც, ეს ბავშვები ირგვლივ მყოფთაგან განსაკუთრებულ სიყვარულს მოითხოვენ. და ეს სიყვარული, რომლის მიცემაც არ ისურვეს ან ვერ შეძლეს მშობლებმა, ამ ბავშვებს ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა გაუზიარეს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი" უკვე დიდი ხანია, უნარშეზღუდულ ბავშვებს მზრუნველობას უწევს. ამ ორგანიზაციის დახმარებით 2002 წლის აპრილში დიღმის ბავშვთა მეორე საავადმყოფოსთან სამი კოტეჯი აშენდა. აქედან ორი ბავშვების საცხოვრებლად არის განკუთვნილი, ხოლო მესამეში სკოლაა, სადაც ისინი სწავლობენ.

დაკრიალებულ კოტეჯებში ყველა პირობაა შექმნილი, რათა ბავშვებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. თითოეულ კოტეჯში 12-დან 16 წლამდე ასაკის თორმეტი ბავშვი ოჯახური მოდელის შესაბამისად ცხოვრობს - ჰყავთ ერთი "დედა" და რამდენიმე "დეიდა". "დედებსა" და "დეიდებს" ორგანიზაცია საგანგებო კონკურსის მეშვეობით ირჩევს. "დედა" დღედაღამ ბავშვებთან არის, ზრუნავს მათზე, მხოლოდ შაბათ-კვირას მიდის შინ, დეიდები კი განრიგის მიხედვით იცვლებიან.

"ამ ბავშვებმა საოცარი სითბო და სიყვარული იციან", - მითხრა ქალბატონმა დარეჯან შიომღვდლიშვილმა, რომელიც მრავალი წელია, ამ ბავშვებს უვლის, თითქმის დაბადებიდანვე იცნობს თითოეულ მათგანს და ყველას სატკივარი გათავისებული აქვს. მას ბავშვები "დარო დედას" ეძახიან.

ყველა ბავშვს თავისი სატკივარი აქვს: თამუნა ეტლში ზის, ნინოს ცალი ხელი პარალიზებული აქვს და სიარულიც უჭირს. ნათიას ხელებისა და ფეხების დაჭიმულობა აქვს. სიარული უჭირს გიორგისაც. მაგრამ ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" წარმომადგენლები ძალისხმევას არ იშურებენ მათი შესაძლებლობების გასავითარებლად. მათ ამ პატარებისთვის მხოლოდ თავიანთი კი არა, ღმერთის სიყვარულიც მოაქვთ. როგორც მთავარეპისკოპოსი იოანე ბრძანებს, "კაცობრიობის ერთადერთი შესაძლებელი, უსათუოდ სწორი პასუხი ამა სოფლის ყველა განსაცდელსა და სიმახინჯეზე ასეთია: აჩუქო სიყვარული".

- ქალბატონო დარეჯან, რა უპირატესობა აქვს ბავშვთა სახლებში არცთუ ისე დიდი ხნის წინ დანერგილ ოჯახურ მოდელს - პირობითი დედის მუდმივად ბავშვებთან ერთად ცხოვრებას?

- ოჯახური მოდელი ასეთი ბავშვებისთვის უდიდესი სიკეთეა. მათთან მე ადრეც ვმუშაობდი და მრავალწლიანმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. მეხუთე წელია, დღედაღამ ამ ბავშვებთან ვარ და აღმოვაჩინე, რომ ამ ხნის განმავლობაში მათი ცხოვრებით ვცხოვრობ. ისინი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მათთვის ვარსებობ. საოცრად ფაქიზად გრძნობენ ამ სიყვარულს და თვითონაც იცვლებიან, მეც უზარმაზარ სითბოს ვხედავ მათ თვალებში.

ეს ბავშვები საკუთარ ოჯახს დანატრებულები არიან. ოჯახური მოდელის მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ იგრძნონ: ეს მათი ოჯახია, აქ არის დედა, აქ არიან და-ძმები.

- თქვენს მიერ გაწეული ამაგის მიუხედავად, ბავშვებს თავიანთი დედები მაინც სხვაგვარად ენატრებათ.

- დედებს ისინი ყოველ წუთს ელიან, განსაკუთრებით - თავიანთ დაბადების დღეს, სულ ფანჯრიდან იყურებიან. დედას ისე თბილად ხვდებიან, რომ არ შეიძლება, სინანულის გრძნობა არ გაუჩნდეს. თუ მოლოდინი გაუცრუვდათ, ვამშვიდებთ, ვეუბნებით, დედა ალბათ შეუძლოდ იყო ან რაიმე სერიოზული მიზეზი ჰქონდა და ამიტომ ვერ მოვიდაო. ხანდახან მათ თვალებში უსაზღვრო სევდა გაკრთება ხოლმე, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ბავშვები არიან და ბავშვური ხალისი ყველა მწუხარებას სძლევს, თანაც საოცრად კეთილშობილები არიან, არასოდეს შეგაწუხებენ თავიანთი სევდით. ვინ იცის, ეგებ ფიქრობენ, რომ ეს მათი მხრივ უმადურობა იქნება...

აქ უაღრესად თბილი გარემოა, მაგრამ, დამეთანხმებით, დედის სითბოს ვერაფერი შეცვლის. არ ვიცი, რა ხდება მათი მშობლების გულში, მაგრამ მე დიდი ხანია ამ ბავშვებთან ვცხოვრობ და კარგად ვიცნობ მათ ბუნებას. მათ უზარმაზარი სიყვარული შეუძლიათ. საოცრად მგრძნობიარენი არიან, სულ თვალებში გიყურებენ - რა გწყინს, რა გიხარია... მეტ ყურადღებას ითხოვენ შენგან, მაგრამ მეტადაც გიფასებენ, სიკეთის სანაცვლოდ ათიათასჯერ დიდ სიყვარულს მოგაგებენ. თუ გაუწყრები, სწყინთ, მაგრამ მალევე მოუბრუნდებათ გული, ელიან მოფერებას, დაყვავებას, ხშირად თვითონვე მოდიან და ბოდიშს იხდიან. ნამდვილად ღვთის შვილები არიან.

- როგორ ცხოვრობთ, როგორ ხვდებით დილას?

- დილით ბავშვების ხმაური მაღვიძებს. ჟრიამულობენ, სკოლაში წასასვლელად ემზადებიან. კოტეჯიდან ორი ბავშვი მეათე საჯარო სკოლაში დადის, სადაც საგანგებოდ გახსნეს კლასი ჩვენი ბავშვებისთვის. შესვენებებზე ჩვეულებრივ ბავშვებთან თამაშობენ, მეგობრობენ მათთან. ჩვენი კოტეჯიდან ბავშვები დადიან ბორჯომის ქუჩაზე და ვაკეში არსებულ სკოლებშიც, სადაც ჩვეულებრივი ბავშვები სწავლობენ. მათ ტრანსპორტი ემსახურება. დიდ ფსიქოლოგიურ მუშაობას ვეწევით, რათა ბავშვებს არასრულფასოვნების კომპლექსი მოვუხსნათ. ამიტომაც დავსვით ჩვეულებრივ ბავშვებთან. უნდა მიეჩვიონ საზოგადოებასთან კონტაქტს, თამამად გაიზარდონ, იზოლაციაში არ მოექცნენ. ამ მიზნით ყოველ ზაფხულს თანატოლებთან ერთად დასასვენებლად ვუშვებთ. დადიან ცურვაზეც. სპორტი ხელს უწყობს მათ გაკაჟებას, გამოჯანსაღებას, მათი უნარების განვითარებას. ბავშვები, რომლებიც ცურვაზე დადიოდნენ, ახლა უკვე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ეუფლებიან მუსიკას, ხატვას... ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბავშვებმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. დაგვყავს კინოში, თეატრში, მაღაზიებშიც ვუშვებთ რამის საყიდლად, ვაწყობთ შესანიშნავ ღონისძიებებს, სადაც ისინი თავიანთ შემოქმედებით უნარს ავლენენ: მღერიან, ლექსებს კითხულობენ. ერთმანეთი დაძმური სიყვარულით უყვართ. ჩვენც, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, ეს გრძნობა კიდევ უფრო გავუღვივოთ. საღამოობით, დასაძინებლად რომ დაწვებიან (განსაკუთრებით გოგონები), ჩუმად ტიკტიკებენ, ოცნებობენ მომავალზე, ფიქრობენ, რას გააკეთებენ სკოლის დამთავრების შემდეგ, გეგმებს აწყობენ. ზოგი მომღერლობაზე ოცნებობს, ზოგი მასწავლებლობაზე. სიყვარულზეც საუბრობენ. მათი რჩეული ყოველთვის საუკეთესოა... ასე გადის დღეები.

- როდემდე იცხოვრებენ ბავშვები კოტეჯებში და იზრუნებს თუ არა ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი" მომავალში მათ დასაქმებაზე?

- ეს ბავშვები აქ 18 წლამდე იქნებიან. როგორი იქნება მათი მომავალი, ჯერ არ ვიცით. ზოგიერთი შეიძლება შინ დაბრუნდეს (თუკი, რა თქმა უნდა, სახლი აქვს). ჩვენი ორგანიზაცია ბევრს ფიქრობს იმაზე, როგორ დაასაქმოს ბავშვები. ვმუშაობთ, რომ მათ თავიანთი უნარების გამოვლენის საშუალება მივცეთ. ზოგიერთი ხელსაქმეს სწავლობს, ზოგი თიხის ქოთნებს ძერწავს, ზოგი ფეხსაცმელს აკერებს. ნინოს, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ცალი ხელი პარალიზებული აქვს, თეთრეულის გაუთოებაში ვერავინ შეედრება.

- ზემოთ ბრძანეთ, ამ ბავშვების ცხოვრებით ვცხოვრობო. რას გაძლევთ მათთან ურთიერთობა?

- ამ ბავშვების ცხოვრებით ცხოვრება მათი ტვირთის გაზიარებას ნიშნავს. პავლე მოციქულიც ხომ იმას ბრძანებს: "ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ სჯული ქრისტესიო". გარშემო რომ შემომეხვევიან, იმ წუთებში უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ზოგიერთს ხანდახან თვალები აუწყლიანდება, სევდა შემოაწვება. მინდა, ჩემი სითბოთი შვება მოვგვარო, მწუხარება გავუქარწყლო. ხშირად მიმყავს ჩემთან, დავუჯდები ხოლმე, გულწრფელად ვესაუბრები, რჩევას ვეკითხები. მათთან რომ ვმეგობრობ, ძალიან უხარიათ. გულწრფელობაზე გულწრფელობითვე მპასუხობენ. მათი ცხოვრებით ვცხოვრობ და მათაც ვახედებ ჩემს ცხოვრებაში.

- რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ქრისტიანულ აღზრდას, ქრისტიანული მოპყრობის მაგალითს?

- კოტეჯები ბავშვთა მეორე საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ ტარიელ კერესელიძეს და მღვდელ შალვა როსტიაშვილს ვაკურთხებინეთ. გვაქვს ხატების კუთხე, სადაც ბავშვები ლოცვებს კითხულობენ. ეკლესიაშიც დაგვყავს - აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან. სულ აფრთხილებენ ერთმანეთს: ისეთი რამ არ თქვა ან არ გაიფიქრო, რაც ღმერთს ეწყინებაო. ადამიანები უყვართ. ორგანიზაციის თანამშრომლებისგან სიკეთისა და ქველმოქმედების შესანიშნავ მაგალითს იღებენ.

ვფიქრობ, ამ ბავშვებთან მუშაობა დიდი მადლია. მადლობას ვწირავ უფალს, რომ მეც და მათაც გვაძლევს გამძლეობას, მხნეობას, გვანიჭებს სიცოცხლის სიყვარულს, სითბოს და ღიმილის უნარს, გვაპურებს თავისი უსაზღვრო მადლითა და წყალობით.
ბეჭდვა
1კ1