არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო
არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო
1. სულთმოფენობა ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება. რას ნიშნავს ეს დღე თქვენთვის და როგორ გახდით მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი?

2. სულთმოფენობის წინა დღე, სულის შაბათი, მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. როგორ აღნიშნავთ ამ დღეს და გრძნობთ თუ არა სულიერ კავშირს თქვენს მიცვალებულებთან?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ყოფილი პოლიტპატიმრები:
ნანა კაკაბაძე და მალხაზ გულაშვილი.


ნანა კაკაბაძე, პროფესიით ქიმიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის" და საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის "სამართლიანობა უნდა აღდგეს", ხელმძღვანელი. ჰყავს ქალიშვილი ანა ჭანტურია.

1. მართალია, ჩემი მშობლები ინტენსიურად არ დადიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ ჩვენს ოჯახში ყოველთვის დაცული იყო ტრადიციული ადათ-წესები, საეკლესიო დღესასწაულებსაც აღვნიშნავდით და მიცვალებულებსაც პატივს მივაგებდით. მორწმუნეობით განსაკუთრებით გამოირჩეოდა დედაჩემი. მე იმ პერიოდში დავიწყე ტაძარში სიარული, როცა მორწმუნეები იდევნებოდნენ. იმდროინდელ და დღევანდელ მრევლს რომ ერთმანეთს ვადარებ, ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ. მაშინდელი მრევლი უფრო მოწესრიგებულად გამოიყურებოდა და მაღალი სულიერი შეგნებით გამოირჩეოდა. როგორც ჩანს, ეს მათი შინაგანი რელიგიური განცდით და სულიერი მოთხოვნილებით იყო ნაკარნახევი. ისინი იმდენად ჭეშმარიტი ქრისტიანული ღირებულებისა და მაღალი შინაგანი კულტურის მატარებლები იყვნენ, არად უღირდათ თავიანთი რწმენისთვის თავგანწირვა. დღევანდელ მრევლში მიუხედავად რიცხობრივი ზრდისა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სარწმუნოება უფრო განელთბილდა, ერთგვარი მიმბაძველობის ხასიათი მიიღო. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

1983 წელს პროკლამაციების გავრცელებისთვის დამაპატიმრეს იმ საბაბით, რომ პოლიტპატიმართა გათავისუფლებას მოვითხოვდი. დაპატიმრებულთა ახალ ტალღაში მაშინ ჩემთან ერთად მოჰყვა თამრიკო ჩხეიძე, გია ჭანტურია, მარიკა ბაღდავაძე, ლუიზა შაკიაშვილი, ზურაბ ცინცაძე, ორი წელი ვიხდიდი სასჯელს. როცა ციხის კედლებში გიხდება ყოფნა, მარტო ის კი არ არის, რომ თავს ჩააგონო მორწმუნე გახდე, აშკარად გრძნობ, რომ ღმერთი უფრო ახლოა შენთან, რეალურად გრძნობ მის არსებობას. ამ ჩაკეტილ სივრცეში ყველაფერი ისე გადაეწყობა - ორგანიზმით დაწყებული და გარემოსთან ისე ადაპტირებული ხდები, რომ ეს ღმერთის ჩაურევლად წარმოუდგენელია.

თავისუფლების შემდეგ რწმენა თითქოს აუცილებელ პირობად იქცა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ამის თანამდევი გახდა მცირედმორწმუნეობა. რაოდენ შეფუთულიც უნდა იყოს იგი გარეგნული რწმენის სამოსში, ამის დანახვა ძნელი არ არის. ვისურვებდი, ჩვენს ეკლესიებში ჭეშმარიტი მორწმუნეები მომრავლებულიყვნენ.

2. რა თქმა უნდა, სულიერი კავშირი არსებობს ჩემი ოჯახის სხვა სამყაროში გარდასულ და დარჩენილ წევრებს შორის და ეს არა მხოლოდ მათი მონატრების, მეტწილად სარწმუნოების შედეგია, ჩემი შინაგანი განცდაა ამგვარი, თუ სხვა, ვერ გეტყვით. მხოლოდ ფიზიკური შეუხებლობა არსებობს, თორემ სხვა ალბათ ყველაფერი უცვლელია მონატრება, ურთიერთობის გახსენება. გრძნობ, ის სადღაც არის შენგან შორს და ამავე დროს ძალიან ახლოს. რწმენა რომ არა, სხვა მხრივ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამის განქარვება, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, რომ ის კი არ მომკვდარა, უბრალოდ, გარდაიცვალა და ხვალ მის ბედს შენც გაიზიარებ, რომ მას მისდის შენი ლოცვები, შენს თანამყოფობას გრძნობს, იმის მიუხედავად, რომ ერთი მდგომარეობიდან სხვა განზომილებაშია გადასული. შენ კი ღრმად გწამს და გჯერა იმისა, ახლობელ უხილავ სულს მაშინ იხილავ, როდესაც შენც უხილავი გახდები. ეს მოლოდინი კი ყველაზე მთავარია ადამიანების ცხოვრებაში.


მალხაზ გულაშვილი, 47 წლის, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან ტაიმსის" პრეზიდენტი და მფლობელი. ჰყავს მეუღლე ნანა (ნინო) გაგუა და შვილები დავით-დევი და პაპუნა-არჩილ გულაშვილები.

1. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შეიქმნა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის დასაცავად, მე მაშინ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და სხვა სტუდენტებთან ერთად აქტიურად ჩავები ამ მოძრაობაში. ზაფხულში, როცა მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოებს ვასრულებდით, მაშინ გავიცანი ირაკლი მახარაძე, დღეს ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. სწორედ მისი მითითებით გავწმინდეთ გარეჯის ტერიტორია, ჩამოვაყალიბეთ ძეგლთა დაცვის ახალგაზრდული გაერთიანება და ყველაფერს ისე ვაკეთებდით, როგორც მოძღვრები გვაკურთხებდნენ. სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდნენ ბიძინა გიორგობიანი, გელა დუმბაძე, ბესო ბიბილეიშვილი, კოტე გაბრიჩიძე და სხვები, გარეჯის შემდეგ ვმონაწილეობდით წერაქვისა და საინგილოს ექსპედიციაშიც, ქართული ეკლესია-მონასტრების აღსადგენად. მაშინ, ყველაფერ ამას იმ რწმენით ვაკეთებდი, რომ წინაპართა დანატოვარს ჩვენი მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა, რადგან დიდ ეკლესიურობას ნამდვილად ვერ დავიჩემებ, თუმცა მოძღვრებთან ახლო ურთიერთობამ დადებითი შედეგი მაშინ გამოიღო, როდესაც ჩემი მომავალი მეუღლე, ნანა გაგუა გავიცანი. ჩვენ ერთდროულად მივედით დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში. იმ დღიდან ჩვენი მოძღვარი მამა პეტრე ბარამიძე გახდა, დღეს იგი ჩვენი ოჯახის მოძღვარია, მან მონათლა ჩვენი ორივე ბავშვი, ფაქტობრივად, მამა პეტრეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი ოჯახის შექმნაში.

ერთია, როდესაც გარედან უყურებ ეკლესიას და პატივს სცემ, როგორც წინაპართა რელიგიას და მეორეა, როდესაც შიგნით, სიღრმეში შედიხარ და წირვა-ლოცვით, აღსარებითა და ზიარებით იღებ ეკლესიურ მადლს, ეცნობი სასულიერო ლიტერატურას და ცდილობ, ყოველივე ამის საშუალებითა და დახმარებით შეიცვალო ცხოვრების წესი, გაიზიარო მართლმადიდებლურ მოძღვრებაში ჩამოყალიბებული პრინციპები. მამაჩემიც მორწმუნე იყო, ციხისძირში ცხოვრობდა. მას დღემდე, ყოველ ხატობაზე მოიხსენიებენ არაგვისპირში, ჩემი შვილებიც ბავშვობიდანვე ეზიარნენ ეკლესიურ მადლს, პატარები ხომ ორივე სტიქაროსნები იყვნენ დიდუბის ეკლესიაში, მე დღემდე ვითვლები ამ ეკლესიის სტიქაროსნად.

მიხარია, რომ ქრისტიანობისა და ჩემი სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარულის გამო აღმოვჩნდი ციხეში, ფაქტობრივად, წელიწადნახევარი დევნილობაში ვიმყოფებოდით მე და ჩემი ოჯახი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდად და წყნარად გადამატანინა. ამ განსაცდელმა ჩემი ოჯახი კიდევ უფრო განამტკიცა და შეადუღაბა, უფრო მეტად შემაყვარა ჩემი სამშობლო. ციხეში ხშირად ვეზიარებოდი და შიში არ მოჰკარებია ჩემს გულს, პირიქით, სიხარულით მქონდა გული სავსე და ზოგჯერ თავადაც მიკვირდა, რა მახარებს-მეთქი.

2. რაც ეკლესიური გავხდი, მას შემდეგ სტიქაროსანი ვარ და ყოველ შაბათ-კვირასა და დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე არა მარტო ჩემს მიცვალებულებს ვიხსენიებ, სხვა მიცვალებულების მოხსენიებაც მიწევს, ამიტომ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავ ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის, ჩვენი ეკლესია მათ ერთნაირად მოიხსენიებს და ერთ პატივს მიაგებს, რაც კიდევ უფრო მეტად მიმტკიცებს იმის რწმენას, რომ სააქაო და საიქიო ცხოვრება ახლოს არიან ერთმანეთთან, უბრალოდ, დრო გვაშორებს გარდაცვალებულებთან და ის სულიერი ხედვის არქონის უნარი, რომელიც ადამიანს მაშინ ეხსნება, როდესაც სულის გასაყარს უახლოვდება. სიკვდილი სხვა არა არის რა, თუ არა გარდაცვალება, როდესაც ადამიანი მარადიულობაში გადადის. მით უმეტეს, თუ ადამიანს ბევრი გასაჭირი აქვს გადატანილი ამ ცხოვრებაში, მისი სულიერი მდგომარეობა მით უფრო მტკიცე ხდება. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, როდესაც 9 თვე გლდანის ციხეში, სრულიად უსამართლოდ ვიყავი. სწორედ მაშინ ვიგრძენი, ჩემი ლოცვა როგორ შეეწეოდა ჩემს ახლობლებს. ექვსი პატიმარი ფაქტობრივად მთელ დროს პარაკლისებსა და დაუჯდომლების, შვიდგზისა და სხვადასხვა ლოცვების კითხვაში ვატარებდით. ციხემ უფრო მეტად დაგვაახლოვა ღმერთთან, უფრო მეტად შეგვაყვარა ჩვენი ცოცხლები და მიცვალებულები, გულთან ახლოს მიგვატანინა სხვისი ტკივილი და გაჭირვება. ციხეში ხედავ, როგორ ათმაგად გიბრუნდება გაკეთებული სიკეთე, რადგან უკვალოდ არაფერი იკარგება... გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, ციხე ერთგვარი გადასასვლელი ხიდია ხილულიდან უხილავ სამყაროში, რადგან როგორც მიცვალებული, დაახლოებით აქაც მოწყვეტილი ხარ რეალურ სამყაროს და ლოცვის გარდა, ფაქტობრივად არაფრის კეთება არ შეგიძლია, მხოლოდ ლოცვით შეეწევი გარეთ დარჩენილებს. ციხეში ძალიან მომენატრა ეკლესია და როცა ზონაში პატარა ტაძარი გაიხსნა, გახარებულმა ლექსების წერა დავიწყე. გაგაცნობთ ერთ-ერთს.

გული ფეთქავს, ციხე ლოცვით სუნთქავს,
ეს ტაძარი სულს ცის მადლით ხედნავს,
თითქოს ზეცა ჩამოვიდა ჩვენთან,
აქ, ციხეში, ამ ტაძარს რომ ვხედავ...
აქ იბრუნებს სულს ყოველი კაცი -
დატანჯული, დამეხილი ცოდვით,
პატიმარი აქ წყალს ერთურთს აწვდის,
ამ ტაძარში უკვდავება მოდის.
ჩვენ, დაჭრილი და მწყურვალე ჯოგი
აქ, ამ ტაძრის წყაროს ვეწაფებით
აქ ირმები, ჩვენ, დაჭრილი ცოდვით,
მუხლის ჩოქით, ცრემლით ვერ გავძღებით.
გალობას და საკმეველის სურნელს,
ფსალმუნებით, "ღმერთო, შეგვიწყალენ",
ამ ლოცვებით ცოდვას მოვსპობთ ულევს,
როგორც დედამ, გულში შეგვიფარე...
რამდენ ჩაგრულს გაუნათლე სული,
დაადინე ცრემლი ჩუმი მალვით,
შეიბრალე, მოურჩინე წყლული
და შეასვი უკვდავების წყალი.
გული ფეთქავს, ციხე ლოცვით სუნთქავს,
მადლი ცოდვებს ამ ტაძარით ბეჭდავს,
თავისუფლად კვლავ ატარე ღმერთო,
ვინც ამ ტაძრით ღვთის შეწევნას ხედავს.
ყველა კაცის ტკივილი და სევდა,
ცრემლი, ოხვრა, ოცნება და ფიქრი,
შენს წიაღში იბადება ერთგზად,
იფანტება ბურუსი და ნისლი.
ღმერთო ჩემო, შენ მოგვხედავ ცოდვილთ,
გაგვინათებ კვლავ ცხოვრებას წკვარამს,
ყველა თხოვნა აგვიხდინე ოხვრით,
შენ გაჰფანტავ ამ დარდსა და ვარამს.
გული ფეთქავს, ციხე ლოცვით სუნთქავს,
ეს საყდარი სულს მოგვმადლებს უკვდავს.
შეგვიწყალებს ღმერთი ყველას ერთად,
ღმერთო, შენ ხარ ყოველ კაცის შემწე,
განაქარვე ჩვენი სული, სევდა,
ჩვენ უშენოდ ცოდვილნი ვართ, ვერ ვძლებთ.
როგორც ჩვილი, ჩაგვიხუტე დედავ!

31 ივლისი, 2012 წელი.


თემის განხილვაში მონაწილეობს უზნაძის ქუჩაზე მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი გაბრიელ ცხვარიაშვილი.

- მამა გაბრიელ, იქნებ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, რა მისტიკური მნიშვნელობა აქვს სულთმოფენობის დღესასწაულს და რატომ უწოდებენ მას ეკლესიის დაარსების დღეს?

- თუ გახსოვთ სახარებიდან, ერთგან მაცხოვარი საუბრობს ხორბლის მარცვალზე. ამბობს, რომ ერთ მარცვალს, ცალკე აღებულს, თითქოს არაფერი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია, თუ არ მოკვდა და მიწას არ შთაეფლო, ამის შემდეგ კი მას შეუძლია ასობით და ათასობით სიცოცხლის აღმოცენება, ბევრი მარცვალი კი ერთად - პურიაო... ამ იგავით მაცხოვარი ცდილობს, თავისი მოწაფეები შეაგუოს იმ დღეებს, როდესაც ჯვარს აცვამენ და ხორციელი სიკვდილით მოაკვდინებენ, აქ ნაწინასწარმეტყველებია მისი ჯვარცმა, სიკვდილი, აღდგომა, ხოლო ხორბლის გამრავლებაში იგულისხმება, რომ მისი მოწაფეები უნდა აღმოცენებულიყვნენ და გამრავლებულიყვნენ ქვეყნად, რომ უფლის მადლის გამრავლება მომხდარიყო, იმისათვის, რომ ადამიანები განღმრთობილიყვნენ, უპირველესად მადლი მოციქულებზე უნდა განფენილიყო, სწორედ ეს მოხდა სულთმოფენობის დღესასწაულზე.

დიდმარხვის პირველი დღიდან დაწყებული პერიოდი ვნების შვიდეულის შემდეგ, 50-ე დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით მთავრდება. ამის შემდეგ ბრწყინვალე შვიდეული აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტეს ზეცად ამაღლებაა, რომელიც დიდმარხვის დაწყებიდან მეასე და აღდგომიდან 50-ე დღეს სულთმოფენობით გვირგვინდება, მთელ ამ ასდღიან ციკლს საეკლესიო ენაზე პასქალია ეწოდება. ამ პერიოდში ეკლესიაში სრულიად განსხვავებული მსახურებაა.

მაცხოვრის თითქმის ყველა მოწაფე გალილეველი იყო, აღდგომის შემდეგ უფალი გამოეცხადა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს და მოუწოდა მათ "აწ წადით გალილეაშიო". მოგეხსენებათ, უფლისათვის დრო და მანძილი არ არსებობს, ამიტომ თვითონ იქ დახვდა მათ, მეორმოცე დღეს მთაზე აიყვანა, დალოცა ისინი, სთხოვა იერუსალიმში ასულიყვნენ, ლოცვა გაეძლიერებინათ, დალოდებოდნენ სულიწმიდის გადმოსვლას, თვითონ კი ზეცად ამაღლდა ბრწყინვალებით და დაჯდა მარჯვენით მამისა, თუმცა მას არ აღუწერია, როგორ მოხდებოდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის საიდუმლო. მთელი ამ ათი დღის განმავლობაში მოციქულები იერუსალიმში, სიონის მთაზე იოანე მახარებლის ბინაში იმყოფებოდნენ დედა ღვთისმშობელთან ერთად და მაცხოვრის ანდერძისამებრ, გაძლიერებულ ლოცვაში ატარებდნენ. ალბათ, იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს ის სიონის მთაა, სადაც მოსე წინასწარმეტყველი იმყოფებოდა უფლის სიტყვის მოსასმენად. იმისათვის, რომ ღმერთს მისთვის ეჩვენებინა როგორ შექმნა სამყარო, დაენახვებინა, რა გზა გამოიარა კაცობრიობამ, მოსემ ეს აჩქარებული კადრების მსგავსად იხილა უფლის ნებითა და განზრახულობით, ჩაწვდა შესაქმის საიდუმლოს და იმასაც, თუ მეექვსე დღის გარიჟრაჟზე როგორ შეიქმნა ადამიანი, თქვა უფალმა: "ვქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა". დააკვირდით, თქვა "ვქმნათ" და არა ისე, როგორც ბალახზე თქვა აღმოსცენდესო და აღმოსცენდა. დედამიწის, ცისა და ზღვის სამყარო უფლის ბრძანებით შეიქმნა ადამიანის გარდა. ბევრი ამბობს, განა უფალმა წინასწარ არ იცოდა იმის შესახებ, რომ ადამიანი ცოდვით დაეცემოდაო? - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წინასწარგანჭვრეტილი იყო უფლისგან. ანდრეი რუბლიოვის ყოვლადწმინდა სამების ხატში წმინდა სამება სამი ანგელოზის სახით არის გადმოცემული, სადაც წმინდა სამების ბჭობა ანუ უფლის ეს წინასწარგანზრახულობაა ასახული, რომ სიტყვა ღმრთისა ანუ მამა ღმერთის ღვთაებრივი ძე განკაცდებოდა, გამოიხსნიდა კაცობრიობას და ჯვარს მიამსჭვალავდა ადამიანთა ცოდვებს, შემუსრავდა ბჭეებს ჯოჯოხეთისას, მართალთა სულებს თავისუფლებას მიანიჭებდა და გაუხსნიდა სასუფევლის კარიბჭეს. პირველები ადამი და ევა ჯოჯოხეთის წყვდიადიდან გაათავისუფლა (მოგეხსენებათ, ადამად თავად მაცხოვარი ითვლება, მეორე ევად კი - ღვთისმშობელი მარიამი). ღვთაებრივი წრე უნდა შეკრულიყო ადამიანთა სულების გამოსახსნელად, საკრალური მნიშვნელობისაა ეს ყოველივე, სულთმოფენობის დღე რომ არა, ეკლესია რომ არა, სხვაგვრად ვერასგზით განხორცილდებოდა ის უდიდესი საიდუმლოება, რასაც ადამიანის განღმრთობა ჰქვია.

სულთმოფენობის დღეს, იმავე მეერგასე დღეს, დილის 9 საათზე, როდესაც მოციქულები ლოცულობდნენ, სარკმლები თავისით გაიხსნა და მოულოდნელად, გრიგალის შემობერვასავით იოანე მახარებლის სახლში სულიწმიდა შემოფრინდა, ღვთაებრივი ნათლითა და სიხარულით აივსო იქაურობა. მადლი ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე მოციქულებს და როცა მათ ერთმანეთს შეხედეს, მიხვდნენ, რომ ეს სასწაული ის იყო, რასაც მათ ქრისტე დაჰპირდა. ისინი აღივსნენ სულიწმიდით. უდიდესი ცოდნის ნათელი გადმოვიდა მათზე და სხვადასხვა ენაზე ამეტყველდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ პეტრე მოციქულმა პირველად იქადაგა, რომელიც სულიწმიდის მადლით იყო გაჯერებული, აუარება სხვადასხვა სჯულისა და სარწმუნოების ხალხი მოაწყდა ამ ადგილს. ისინი გაკვირვებული შესცქეროდნენ წმინდა პეტრეს - მოციქული ერთ ენაზე ქადაგებდა, მისი სიტყვა კი გასაგები იყო ბერძნების, ფინიკიელების, ასურელებისა და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვისაც. ეს ქადაგება ყველას შეუძლია წაიკითხოს, "საქმე მოციქულთას" პირველ თავში საკმაოდ ვრცელი ქადაგებაა და ამიტომ ციტატების მოტანას აღარ შევუდგები. იქ ყველაფერია ნათქვამი სულთმოფენობის დღის მნიშვნელობაზე და მოციქულთა საქმეების შესახებაც. წმინდა პეტრე მოციქულის ქადაგებამ 3 ათასი ადამიანი მოაქცია. დიდ ხუთშაბათს, როდესაც ქრისტემ პური გატეხა სერობის დროს და მოწაფეებს უთხრა, "ამას იქმოდეთ მოსახსენებლად ჩემდაო", აქაც ეკლესიის დაარსებაზეა მინიშნება, პურის გატეხვა აქ უფლის ხორცის გატეხვის მნიშვნელობითაა ნათქვამი, რომელსაც მორწმუნეები ეკლესიის საშუალებით ეზიარებიან. ძნელია, ზუსტად წარმოვიდგინოთ, როგორ ჩატარდა ნათლობის წესი, მაგრამსამი ათასი კაცი რომ მოექცა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ამის უტყუარი ცნობა არსებობს. თავიდან მოციქულები სოლომონის ტაძარში ლოცულობდნენ, ყველასაგან განცალკევებით, ამიტომ არის, რომ ლოცვების ბევრი ელემენტი ძველი აღთქმისეულია, ძველი ეკლესიიდან აღებული.

ნათელღებულ ადამიანებს მოძღვრები სჭირდებოდათ, ვინაიდან მხოლოდ მოციქულები ვეღარ აუდიოდნენ. პეტრე მოციქული ქრისტიანულ საკრებულოს მიმართავს: "კაცნო, ძმანო (პეტრე მოციქულისთვის დამახასიათებელი იყო ქადაგების დროს ასეთი მიმართვა), ვეღარ ვერევით ხალხის მოზღვავებას, ამიტომ ავირჩიოთ 7 კაციო. მართლაც აირჩიეს, რომელთა შორის იყო სტეფანე პირველდიაკონი, დიდმოწამე ფილიპე და სხვები. სიტყვა დიაკონი ბერძნულია, მსახურს ნიშნავს. პირველ დღეს ეს 7 დიაკონი იმისთვის აირჩიეს, რომ სხვადასხვა ხალხზე გადაენაწილებინათ, მღვდელი და დიაკონი ეკლესიის მსახურებად ითვლებიან, მღვდელმთავრები კი მოციქულთა გზის გამგრძელებლები არიან, თუმცა როდესაც ქრისტემ თავისი 12 მოწაფე გამოირჩია, სული შეჰბერა მათ და უთხრა: "მიიღეთ სულიწმიდაო" და იმ დღიდან არიან ისინი ხელდასხმულები, სულთმოფენობის შემდეგ კი, მათი ხელდასხმა დანარჩენებზეც გადავიდა, აი, ეს არის უწყვეტი ხელდასხმა, რომელიც დღემდე გადმოდის ჭეშმარიტი ეკლესიის მსახურებზე და ამიტომაც უწოდებენ სულთმოფენობას ეკლესიის დაარსების დღეს.

იუდას შემდეგ მე-12 მოციქული უნდა აერჩიათ, დასახელებული იყო მატათა და იუსტუსი, წილის ყრის დროს მე-12 მოციქული გახდა მატათა, რომელიც წმინდა ანდრია პირველწოდებულს საქართველოში შემოჰყვა მეორედ შემოსვლის დროს, იგი საქართველოშია დასაფლავებული, იუსტუსი კი ქრისტეს 70 მოციქულთა დასში შეიყვანეს. მათზე წილისყრა ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოხდა.

დაბოლოს: ამ ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობას ათვალსაჩინოებს ერთი რამ.

ყოვლადწმიდა სამების ხატზე, მაცხოვრის უკან გამოსახულია მცენარე. საერთოდ, მცენარე სიმბოლურად ზრდის, აღმოცენების, სიახლისა და სიცოცხლის სიმბოლოა. სულთმოფენობის დღეს მაცხოვარმა ახალი სული შთაბერა კაცთა მოდგმას და აღმოცენდა ეკლესია, სიცოცხლის წყარო და საფუძველი, რომელმაც ადამიანები ღვთიურ სასუფეველში უნდა შეიყვანოს, ამიტომაც ირთვება ამ დღეს ტაძრები ბალახებით, ყვავილებითა და ამწვანებული ხის ტოტებით, როგორც სასუფევლის სიმბოლო ხილულ სამყაროში, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში იყენებენ მორწმუნეები, როგორც ავადმყოფობის დროს სამკურნალო საშუალებას დაბანის შემდეგ, ნაყენის თავზე ან ტანზე გადავლებაც შეიძლება, ოღონდ არა აბაზანაში, არამედ მიწაზე, სუფთა ადგილას, რადგან მასში დიდი მადლი და სიწმინდეა. ვისაც ამის საშუალება არა აქვს ქალაქის პირობებში, მათ ვურჩევ გადავლების ნაცვლად ეს წყალი თავზე ან ტანზე ისხურონ, როგორც ნაკურთხი წყალი, რომ მადლი ჩვენზე გადმოვიდეს და სასიკეთოდ წაადგეს ჩვენს ჯანმრთელობას.

ვუსურვებ ჩვენს ეკლესიას გაძლიერებას, განწმენდას, მადლის მიღებას. ყოველთვის უცვალებლად შეგვესრულებინოს დედაეკლესიის მიერ დაწესებული და დადგენილი ნორმები და საქმით დაგვემტკიცებინოს ჩვენი ერთგულება ამ სიტყვებისა: "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო", ამინ.

ბეჭდვა
1კ1