მონარქი თუ მონარქი არ იქნება, მაშინ რა გამართლება ექნება მის არსებობას
მონარქი თუ მონარქი არ იქნება, მაშინ რა გამართლება ექნება მის არსებობას
1. რით გამოირჩეოდა თამარ მეფე საქართველოს სხვა მეფე-მონარქებისგან და მის მიერ გატარებული რეფორმებიდან რომელი მიგაჩნიათ იმ პერიოდში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად?

2. თქვენი ვარაუდით, სად უნდა იყოს წმინდა თამარ მეფის საფლავი?

3. ემხრობით თუ არა სამეფო ან კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ პროფესორები ზაზა აბაშიძე, გოჩა საითიძე და ჯაბა სამუშია.

ზაზა აბაშიძე, 53 წლის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი. მისი მეუღლეა ნინო აბაშიძე, შვილები ნინო, დავითი და ალექსანდრე.

1. თამარ მეფის დროს საქართველომ თავისი განვითარების ზენიტს მაიღწია, რაშიც მასთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვით მის წინამორბედ საქართველოს მეფეებს. მის დროს გაიზარდა საქართველოს ტერიტორიული საზღვრები, რაც კიდევ უფრო განავითარა მისმა ძემ ლაშამ, რომელიც არ იყო წარუმატებელი მეფე.

თამარი ჯერ ერთი, პირველი ქალი მონარქი იყო და აქედან გამომდინარე უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა საქართველოს მისდროინდელ ისტორიკოსებს შორის და ხოტბას ასხამდნენ მის პოლიტიკურ სიბრძნეს და გამჭრიახობას.

თამარ მეფის მმართველობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა ქვეყანაში. არაერთის დასახელება შეიძლება, თუმცა მე პირადად ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნა ის ორი ბრძოლა, რომელიც მისი მეფობის დროს გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. ტრაპიზონის იმპერიის შექმნა ყველაზე გამართლებული და სწორი ნაბიჯი იყო თამარის მეფობის ხანაში.

2. ჩემი ვარაუდით, თამარის საფლავი არის გელათში, იქ, სადაც ყველა ქართველი მეფე იყო დასაფლავებული. რაც შეეხება ფრანგი რაინდის, დე ბუას არქიეპისკოპოსისადმი გაგზავნილ წერილს იერუსალიმში მისი ნეშტის გადასვენების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი წყაროა, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინ ამას ხომ დაადასტურებდა რომელიმე ქართული წყარო? - ამიტომ მე მაინც გელათი მგონია, თუმცა ამ საკითხზე უფრო საინტერესო იქნება იმ ისტორიკოსების აზრის მოსმენა, რომლებიც თამარის ეპოქას იკვლევენ.

3. მე, კოსტიტუციური მონარქიის აღდგენას არ ვემხრობი. დიახ, არის კონსტიტუციური მონარქია ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში, რომლებიც მხოლოდ სიმბოლურად სხედან, თითქოს სახელმწიფოს სიმბოლოს წარმოადგენენ, მაგრამ მათ არავითარი ძალა არა აქვთ და ვერც ჩაერევიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მონარქი თუ მონარქი არ იქნება, მაშინ რა გამართლება ექნება მის არსებობას, ამიტომ მე მხარს ვუჭერ სამეფო მონარქიის აღდგენას, როგორც დღეს არის მაროკოში და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. სამეფო მონარქიის აღდგენა, ჩემი აზრით, გამართლებულია.


გოჩა საითიძე, 42 წლის, ისტორიკოსი, პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მეუღლეა დარეჯან წილოსანი, შვილები გიორგი და ნიკოლოზი.

1. თამარი დიდი მეფე იყო. მას ბევრი რამ ჰქონდა ისეთი, რაც გამოარჩვდა სხვებისგან, ჩემი შეფასებით, მას ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდა განვითარებული პოლიტიკური ურთიერთობის კულტურა და ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერი სადაო საკითხი მოლაპარაკების გზით გადაეწყვიტა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდება XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დასაწყისში. ასეთი დიდი პოლიტიკური ტაქტი და კულტურა, რაც მოწინააღმდეგე აზრის შემწყნარებლობაში ვლინდებოდა, თამარის ადამიანური ბუნებიდან და თვისებებიდან გამომდინარეობდა, რომელიც, სხვათა შორის, ძალზე იშვიათი და პრობლემურია პოლიტიკოსებისთვის, მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე.

თამარის თითქმის 30-წლიანი მმართველობის პერიოდში არავინ დასჯილა სიკვდილით, რადგან მან გააუქმა სიკვდილით დასჯა, მის დროს სამართლიანობის განცდა უმაღლეს რანგში იყო აყვანილი, რადგან მან იცოდა, რომ ის სახელმწიფო, სადაც სამართლიანობა დაბალ დონეზეა და შერჩევითი სამართალია, ძლიერი ვერ იქნება.

2. "ქართლის ცხოვრებაში, თამარის ისტორიკოსის თხზულებაში, პირდაპირ წერია, რომ იგი გელათის მეფეთა განსასვენებელშია დასაფლავებული. ის, რომ თამარი გელათში დაასაფლავეს, ამაზე კითხვის ნიშანი არ არის, მაგრამ კითხვის ნიშნები იწყება შემდეგ. ხომ არ გადაასვენებდნენ სადმე? - სწორედ აქ არის საიდუმლო. რატომ, რა მიზნით და ა.შ. დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს XIII ს-ის ფრანგი რაინდის დე ბუას ცნობაც. იგი ლაშა-გიორგის მოიხსენიებს წერილში, მან ბერჯერ დაამარცხა ურწმუნოები ბრძოლაში და მე შევხვდი ამ ყმაწვილს, რომელიც მიასვენებდა თავისი დედის, სანატრელი თამარის ძვლებს იერუსალიმში მისი ანდერძის თანახმადო, რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო უნდა იყოს, სწორედ ამ ინფორმაციას მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა ქართველ მეცნიერებში. ამ წყაროს უარყოფაც არ შეიძლება, რადგან ეს ამბავი, რომელიც წერილშია მოთხრობილი, ხომ არ დაესიზმრებოდა დე ბუას? სხვათა შორის, შემთხვევითი არც ის იყო, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში საკურთხეველთან ახლოს, 70-იან წლებში, ერთ-ერთმა ბერძენმა არქეოლოგმა აღმოაჩინა ორი დიდგვაროვანი ქართველი ქალბატონის სამარხი. ამ არქეოლოგს შეხვდა ბატონი ირაკლი აბაშიძე, რომელმაც გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოაქვყენა წერილი და ამ სამარხის ფოტოსურათი. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს თამარის სამარხი უნდა ყოფილიყო, მეორე დიდგვაროვანი კი, რომელიც მის გვერდით იყო დასაფლავებული, შესაძლოა ყოფილიყო თამარის და, ან მისი მამიდა რუსუდანი (ვგონებ, მის დასაც რუსუდანი ერქვა) - ეს არის იერუსალიმის კვალი. ამის პარალელურად, არსებობს მეორე სერიოზული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც თამარი გელათიდან არსად გადაუსვენებიათ, ამ მეცნიერთა მსჯელობითა და არგუმენტებით, დე ბუას ცნობა ნაკლებ სარწმუნოა. მკვლევართა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიის მიერ თამარი წმინდანად შეირაცხა, მისი წმინდა ნაწილები სამეფო ეკვდერიდან შესაძლოა გადაესვენებინათ, არსებობს სხვა ვერსიებიც.

რაც შეეხება ხალხში შემონახულ თქმულებებს, თითქოს 9 თუ 7 კუბო მოიტანეს თამარ მეფისა და სხვადასხვა მიმართულებით წაიღეს, ზოგი სვანეთში, ზოგი დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ამ ხალხურ გადმოცემებს არაფერი აქვს საერთო ისტორიულ სინამდვილესთან.

მე პირადად, გულწრფელად რომ გითხრათ, ინტუიციურად რატომღაც მაინც გელათის ტაძრის საკურთხეველში მგონია თამარის საფლავი. როგორც წმინდანს, ალბათ იქ გაასვენებდნენ, ეს ჩემეული ვერსია სანამ დეენემით არ დადგინდება, ძნელია გადაჭრით რაიმეზე საუბარი. მანამდე კი, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

3. მონარქიის აღდგენას დრო სჭირდება, მე ამ ეტაპზე ამას გამოვრიცხავ. ცოტა ხნის წინ გახლდით იაპონიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნციაზე. იაპონია არის ქვეყანა, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა. იქ მონარქი არის ქვეყნის სახე, სიმბოლო და ქვეყნის ერთიანობის გარანტი. მართალია მას რეალური გადაწყვეტილების მიღება არ ევალება, მაგრამ ის ყველაფრის არბიტრია ისე, როგორც ინგლისის დედოფალი. ასევეა სკანდინავიის ქვეყნებში - ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, 200 წელზე მეტი გავიდა, რაც მოგვწყვიტეს ჩვენი სამეფო ლეგიტიმური კანონიერი დინასტიიდან და წყვეტა დიდია. თეორიულად, მე ვემხრობი, პრაქტიკულად ცოტა რთული განსახორციელებელია.


ჯაბა სამუშია, 41 წლის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თბილისის საკრებულოს ვიცე-სპიკერი. მისი მეუღლეა ნინო გრძელიძე, შვილები ცოტნე და თორნიკე.

1. პირველი, რაც თამარმა გააკეთა ის იყო, რომ შექმნა სტაბილური სახელმწიფო. თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, შემოიტანა ისეთი სოციალური პროექტები, რომლებიც მანამდე არ განხორციელებულა არათუ საქართველოში, იმდროინდელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი საკმაოდ იშვიათი იყო; ეს არის სახელმწიფოს მხრიდან თავისი მოქალაქეების სოციალური დაცვა. ბევრს გაუკვირდება XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე, რომელ სოციალურ პროექტებზე შეიძლება ვილაპარაკოთო. მინდა მათ ვუთხრა, რომ თამარის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის მეხუთედი ე.წ. "ფანჯი აქე" მიდიოდა ქვრივ-ობოლთა და იმ მეომართა დახმარებისათვის, რომლებიც ბრძოლის ველზე დაიჭრნენ ან დაიღუპნენ და მათი ოჯახი დახმარებას საჭიროებდა. აი, ასეთი მხარდაჭერა ჰქონდათ ამ კატეგორიის ადამიანებს სახელმწიფოსგან, რომლებისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან იყო გათვალისწინებული დაფინანსება.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ სამადლოების ადგილი ქალაქის გარშემო. ქვრივ-ობლებსა და უპოვარ ადამიანებს სახელმწიფო აძლევდა საკვებსა და პროდუქტებს.

და კიდევ, როდესაც ქვეყანა დიდ ბრძოლას მოიგებდა, სახელმწიფოდან რაღაც თანხები მიდიოდა ისევ და ისევ საზოგადოების რაღაც ნაწილის დასაფინანსებლად. ამიტომ ამბობს ერთგან თამარის მემატიანე, მის დროს გლეხი აზნაურივით ცხოვრობდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში წინ წამოვიდა არა მხოლოდ სულიერი, არამედ მატერიალური მხარეც იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას კარგად ეცხოვრა.

თამარის დროს აღორძინდა სულიერება, რომლის მაგალითსაც ის თვითონ აძლევდა ხალხს, მოცალეობის დროს ქსოვდა, კერავდა, სხვადასხვა ხელსაქმით იყო დაკავებული. იგი მოწყალე მეფე იყო და ძალიან უყვარდა გაცემა. მისი მეფობის დროს მიიღეს ბრძანება სიკვდილის დასჯის გაუქმების შესახებ და ეს არ არის "სუფრის პატრიოტიზმის" დონეზე ნათქვამი ლიტონი სიტყვები, ეს არის ჩემ მიერ ღრმად შესწავლილი და წყაროებით დადასტურებული ფაქტი. როდესაც გურზან კლარჯელი დავით სოსლანმა დაიჭირა, მას მხოლოდ თვალები დასთხარა იმის საბაბით, რომ თამარის მოწყალების გამო ეს დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩენილიყო. დასჯის ასეთი ფორმა მეფემ არ მოიწონა.

2. ამ საკითხით ჯერ კიდევ 90-იან წლებში დავიწყე მოკვლევითი სამუშაოები, რასაც ათი წლის წინ მოჰყვა ჩემი პატარა წიგნი "თამარის საფლავის საიდუმლო".

ჩვენ ვიცით, რომ ლაშა-გიორგი 1222 წელს გარდაიცვალა. ლაშა-გიორგის დისშვილი, დავით ულუს მეუღლე თამარი XIII საუკუნის 60-იან წლებში გარდაიცვალა, ანუ თამარის გარდაცვალებიდან თითქმის 50 და ლაშა-გიორგის გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ. საქართველოს დედოფალმა მწირველი მიუჩინა დავითისა და თამარის საფლავებსო - ვკითხულობთ გელათისადმი შეწირულ სიგელში. ვინც შუა საუკუნეების ისტორიას კარგად იცნობს, საფლავს როდესაც მწირველს უჩენენ, ამისთვის გამოარჩევენ რომელიმე სასულიერო პირს, რომელსაც ევალება გარდაცვლილის სულის საოხად წირვა-ლოცვის ჩატარება და პანაშვიდების გადახდა, ანუ მათ სულზე გაუნელებელი ზრუნვა. სადაც საფლავია, იქ არის მწირველიც. მე ვფიქრობ, ეს უკვე ნათელი არგუმენტია იმისა, რომ თამარის საფლავი გელათში გვეგულებოდეს.

3. მონარქია იყო პოლიტიკური ინსტიტუცია, რომლის არსებობაც დასრულდა. მე არსად არ ამომიკითხავს ბიბლიაში, რომ მაინცდამაინც მეფე უნდა მართავდეს ქვეყანას, დანარჩენი უმრავლესობა კი მის სამსახურში იყოს. ამიტომ ჩემი აზრით, XXI საუკუნის საქართველოში ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ აღდგეს რაიმე სახის მონარქია.


თემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის ლურჯი მონატრის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის დეკანოზი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლისტიკის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა და ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი მამა გიორგი გუგუშვილი.

- მამა გიორგი, როგორ შეაფასებდით თამარ მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რით გამოირჩეოდა იგი, როგორც წმინდანი სხვა მეფე-მონარქებისგან?

- წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის მოღვაწეობის ორი მსხვილტანიანი მატიანე გვაქვს, ერთი ეს არის "ისტორიანი და აზმანი" და მეორე "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა". ორივე ძველი ქართლის თხზულებათა ციკლშია შესული, მოგეხსენებათ, ეს თხზულებები ჟამითი ჟამად დგებოდა და მეფეთა ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ჟამთა აღწერის ერთმანეთის გაგრძელებებს წარმოადგენდა.

ამ და სხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, როდესაც თამარის მოღვაწეობის პერიოდს თვალს ვადევნებთ, იგი მართლაც გამორჩეულია სიბრძნით, დიპლომატიით, შორსმჭვრეტელობით, რაც მთავარია, ღვთისმორჩილებითა და თავისი ხალხისადმი დედობრივი მზრუნველობით. მან თავისი პოლიტიკური ნაბიჯები სამეფო კარზე დაიწყო ვეზირთა და დიდგვაროვან მრჩეველთა დარბაზის ჩამოყალიბებით, სავალდებულო გახადა ყოველდღიური ღვთისმსახურების დაყენება, რომელშიც ყველა მონაწილეობდა, მისი ბრძანებით გაუქმდა შუა საუკუნეებში მთელს მსოფლიოში გავრცელებული დამნაშავეთა სხეულის ასოთა წარკვეთა, ადამიანთა წამება, სიკვდილით დასჯა. თამარმა კიდევ უფრო განავითარა და მაღალ საფეხურზე აიყვანა დავითის მიერ დაწყებული ეკლესია-მონასტრების დიდი აღმშენელობის პროცესი.

თამარი როგორც დედა, დედოფალი, მეფე, ერის პირველი პოლიტიკოსი და სულიერი წინამძღოლი, ყველასთვის მაგალითის მიმცემი და გამორჩეული იყო თავისი ცხოვრების წესით. როდესაც ჯარი საბრძოლველად მიდიოდა, მეფე წინ მიუძღოდა ლაშქარს, ლოცვით, ცრემლითა და ლიტანიობით ავედრებდა უფალს თავისი სამშობლოს გადარჩენას, რითაც კიდევ უფრო განავრცო ქვეყნის საზღვრები. გამოცხადებით, 12 სასულიერო პირს, თავისი ხელით შეუკერა სამღვდელო შესამოსელი. მას სახელმწიფო ხაზინიდან თავისი საჭიროებისთვის ერთი თეთრიც არ გამოუყენებია, ხელსაქმეობით ირჩენდა თავს, ამიტომ მისი მეთაურობით ქვეყანა ძალზე დაწინაურდა და განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ეს ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. სახელმწიფო ხაზინის მთელი შემოსავლის მეათედს იგი ქვრივ-ობლებსა და გლახაკებს უნაწილებდა, როგორც დედა საკუთარ შვილებს, ყველას ეხმარებოდა და ანუგეშებდა. ამიტომაც მასზე უამრავი ლეგენდა და გადმოცემა შემოინახა ისტორიამ, რომელიც ხალხურ სიმღერებსა და ზეპირსიტყვიერებაშია გაბნეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

თამარის დროს საქართველომ უძლიერესი სახელმწიფოს სახელი მოიპოვა მსოფლიოში. ამიტომ მისი მემატიანეები და ისტორიკოსები ხოტბას ასხამენ მას და განადიდებენ მის საქმეებს, განსაკუთრებით "ისტორიანი და აზმანი", შესხმას არ იშურებს თამარზე, როგორც პირველ მეფე ქალზე, მაშინდელ სამყაროში, რომელიც დაწინაურებული და უპირატესია ყველასგან სიკეთით, მოწყალებით, ღვთისმოსაობით, სიბრძნითა და კაცთმოყვარეობით.

თამარის რამდენიმე ფრესკა არის შემორჩენილი, ბევრი მათგანი განადგურდა, თამარს ამ ფრესკებზე ღვთიური მარჯვენა აკურთხებს, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ მისი ხელდასხმა ღვთის განგებით მოხდა, რასაც "ქართლის ცხოვრებაც" ადასტურებს, ანუ ფილოსოფიური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, მისი მეფობა პროვიდენციალურია, მოღვაწეობის ხანა კი, ღვთიური სამსჯავროდან შეფასებული.

- როგორც სასულიერო პირი, ალბათ თქვენც ემხრობით მონარქიის აღდგენას საქართველოში.

- არის მონარქია აბსოლუტური და არის კონსტიტუციური, მე ვემხრობი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. თუ როგორ და რა გზით, ეს არის ალბათ ყველა სასულიერო პირის სერიოზული საფიქრალი.

საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დინასტია, მთელი ევროპის მასშტაბით, არის ბაგრატოვანთა დინასტია თავისი ხანგრძლივობით. როდესაც რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, სამეფო ოჯახი სპეციალურად გაფანტა, რომ საქართველოში არ დარჩენილიყო სამეფო პრეტენზიის მქონე ადამიანი და ქართველ ერს არასოდეს გასჩენოდა მონარქიის აღდგენის სურვილი. მართალია, საქართველოში არასოდეს ყოფილა კონსტიტუციური მონარქია, მაგრამ არის ამის მსოფლიო გამოცდილება. ჩვენი პატრიარქის ყოველ გამოსვლაში მთავარი ორიენტირი მიმართულია კონსტიტუციური მონარქიის აღდგენისაკენ.

ბიბლიაში პირდაპირ არის უწყებული, რომ სამოელ წინასწარმეტყველმა ღვთისგან საული გამოაჩინა მეფედ და მას დაასხა თავზე ზეთი, შემდეგ იყო დავით მეფე, მისი ძე სოლომონი, ერთადერთი კურთხეული საერო ხელისფლებაში არის სამეფო მმართველობა. "ღვთისათნომყოფელი ხალხი ღირსია ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე, რამეთუ მეფე ღვთისმიერაა განწესებული - ამბობს წმინდა ფილარეტ მოსკოველი, ამასვე აღნიშნავს წმინდა იოანე კრონშტადტელიც: "სამეფო ხელისუფლება და სამეფო ტახტი დედამიწაზე თვით ღვთისგანაა განმტკიცეული, ყოველთა თვისთა ქმნილებათა დაუსაბამო შემოქმედისა და მეუფისა მიერ", წმინდა სერაფიმ საროველის განმარტებით, "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება, ვინემ ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა". ღვთისა გეშინოდეთ, მეფესა პატივს სცემდეთ - ამბობს პეტრე მოციქული თავის I ეპისტოლეში.

თვითონ სიტყვა მეფე, თავისი უძველესი წარმოშობით არამეულსა და სანსკრიტში ნიშნავს დამცველს, მფარველს, ხელმძღვანელს, ხოლო მეფობა თავისთავად ცხადია, ხალხისა და სარწმუნოების დამცველი ზღუდეა, ამიტომაც ამბობდა წმინდა თეოდორე სტუდიელი: "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიმადლა - მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსადო". ამიტომ სანამ ეს დარღვეული კავშირი არ აღდგება, რომელიც დამპყრობელმა წაგვართვა, მანამდე რაიმე წარმატებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ბეჭდვა
1კ1