ლაგამი ყოველნაირი ვნებისა და ცოდვისა, არის მოთმინება
ლაგამი ყოველნაირი ვნებისა და ცოდვისა, არის მოთმინება
ვნებიანი სურვილებით შეპყრობილი ადამიანის სულისათვის ღმერთი უცნობია. "ქარიშხალში ჩირაღდანი ქრება, ვნებათა ქარიშხალში კი - გონება იბინდება" - განმარტავენ ღვთისმეტყველები. მათსავე ხატოვან მეტაფორას თუ მოვიშველიებთ, ზღვა ქარიშხლისაგან ღელავს, გული - ვნებათაგან. ზღვის ტალღების დამშვიდება მხოლოდ უფალს ძალუძს, გულის ტალღებისა კი - უფლის მადლს. თუკი ჩვენი გული თავადვე არ გადაუკეტავს გზას ამ მადლის მიღებას.

1. თქვენი აზრით, როგორ ამოვდოთ ლაგამი ჩვენს ვნებიან სურვილებს და ისე დავუმორჩილოთ ნებისყოფას, რომ სული ცოდვით არ შეიბღალოს, გული და გონება კი წმინდა და შეურყვნელი დარჩეს?

2. დასაშვებად მიგაჩნიათ მიწიერ სურვილებსა და საკუთარ სისუსტეებზე სხვასთან გულახდილი საუბარი?

3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ მშენებელი ინჟინერი ლამარა-მარიამ თუთბერიძე-ნიკოლაძე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბიგვავა და ჟურნალისტი თამარ გამილაღდიშვილი.

ლამარა-მარიამ თუთბერიძე-ნიკოლაძისა, 73 წლის, ინჟინერი.

1. ადამიანს გული და გონება შეურყვნელი რომ დარჩეს, ამას საფუძველი ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს. ბავშვი ეროვნულ ტრადიციებზე უნდა აღიზარდოს სარწმუნოების დიდი სიყვარულითა და პატივისცემით;

სარწმუნოება და ეროვნული ტრადიცია მიმაჩნია ადამიანის ვნებებისაგან საუკეთესო დამცველებად, ვნებების ლაგმებად, ნებისყოფის განმამტკიცებლად, რაც დაიცავს მის სულს ცოდვით შებღალვისაგან, გულს და გონებას შეურყვნელად დაუტოვებს.

ვნების ლაგამი გულმხურვალე ლოცვა და უფალთან სიახლოვეა. სიყვარული, ანუ ღვთის ჩასახლებაა საკუთარ გულში, მაშინ იქ ადგილი არ დარჩება ვნებებისათვის. ღმერთმა მისცეს ყოველივე ეს ჩემს მრავალტანჯულ ერს. ამინ.

შარშან ზაფხულს მამა გიორგი ბასილაძესთან ჩემი პირველი ვიზიტისას, მისი სიტყვები - "შენ და ხარ ჩემი!" - მამხნევებს.

განკითხვას წლების მანძილზე არ ვთვლიდი დიდ ცოდვად, ამიტომ დამიძველდა. განკითხვას მე ვუწოდებ, როცა ვინმე უსამართლოდ მომექცევა და ამას სხვას შევჩივლებ; თუმცა ბევრი მომქცევია უსამართლოდ, მაგრამ გულში არ ჩამრჩენია. მე ვებრძვი განკითხვის ცოდვას და ღვთის წყალობით მგონი მოვერიე კიდეც. დიახ, მე მაქვს ამის ნებისყოფა ღვთისაგან ნაბოძები.

ქრისტიან ადამიანს მარად უნდა ახსოვდეს, რომ ღვთის ნების გარეშე, თმის ღერი არ ჩამოვარდება თავიდან. ადამიანში ეს აზრი არის საუკეთესო ლაგამი ვნებისა. ვთქვათ, შეურაცხგყო ვინმემ, გაიხსენე, რომ უფალი გიმზერს, მაშინ არ წამოეგები იმ მაცდურის ანკესზე, რომელზეც შენი შეურაცხმყოფელია; მეტიც, შეეცდები მის დახსნას. ქრისტიანული მორალი არის ლაგამი ყველანაირი ვნებისა.

უფალმა იესო ქრისტემ ჩვენთვის დაღვარა თავისი წმინდა სისხლი და ჩვენ, ცოდვილებს, გვმართებს, გავუმართლოთ მას. დაცემულნი აღვსდგეთ. შევიყვაროთ ერთმანეთი. ამით პატივი მივაგოთ ჩვენთვის ჯვარცმულ მაცხოვარს.

ლაგამი ყოველნაირი ვნებისა და ცოდვისა არის მოთმინება.

2. საკუთარ ვნებებზე და სისუსტეებზე საუბარი არ მიმაჩნია დასაშვებად, არა მათი დამალვის მიზნით, არამედ თანამოსაუბრის დაცვის მიზნით. ცუდზე არ უნდა იყოს გამახვილებული ადამიანის ყურადღება. მე არ მიყვარს და არც არასოდეს მიყვარდა ამორალური ამბების მოსმენა, კითხვა, ყურება. მოძღვრის მეტი ცოდვების მოსმენას ალბათ ვერავინ გაუძლებს, მაგრამ ღვთისმსახურებს ღმერთი იცავს. დე, ყველა ღვთისმსახური იყოს ღვთისაგან დაცული! ამინ. მათ მიმართ ღვთიური სიყვარული და უსაზღვრო პატივისცემა მაქვს. ეკლესია ის ადგილია, სადაც შემონახულია საქართველოს წარსულის დიდება.

3. მოხუცებულობით უძლურების გამო, რადგან ვერ ვახერხებ სულის გადასარჩენად ეკლესიაში სისტემატურად სიარულს, აღსარებას და ზიარებას, ხომ არ მირჩევდით, წავსულიყავი მონასტერში, სადაც ეკლესია იქვე მექნებოდა და სიცოცხლის დარჩენილ დღეებს უფალს მივუძღვნიდი. ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაცაა და ყრმობიდანვე მოწოდებაც. ვფიქრობ, მონასტერში საქმე გამომენახება, რადგან ვკერავ, ვქარგავ, შესწავლილი მაქვს ფიტო და აპითერაპია, ვამზადებ მედიკამენტებს.


ზურაბ ბიგვავა, ფსიქოლოგი, 64 წლის, კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

1. ვნებისთვის სწორედ ის არის დამახასიათებელი, რომ იგი დაუოკებელია და ვერ გამოვდივართ სურვილთა ტყვეობიდან, თუმცა აქაც არსებობს გარკვეული დიფერენციაცია, ყველა ადამიანს, მეტ-ნაკლებად გვაქვს ნებისყოფა და შესაბამისად შეგვწევს უნარი, ნებისმიერი ჩვენი მოქმედება ისე წარვმართოთ ობიექტის მიმართ, რომ არ ჩავიდინოთ ასოციალური, კანონსაწინააღმდეგო ქცევა.

ნებისყოფა მაღალი სოციალური ღირებულების ქონაა, რომელსაც გადაწყვეტილების გამოტანის პროცესი უდევს საფუძვლად. ამ პროცესის დროს ე.წ. მოტივთა ბრძოლა მიმდინარეობს ყოველ პიროვნებაში. თუ ადამიანი ისეთ წრეშია აღზრდილი, რომ მისთვის მაღალი ღირებულება მეტად მნიშვნელოვანია, იგი უფრო ადვილად დაძლევს ისეთ სურვილებს როგორიცაა, ალკოჰოლური სასმელებისადმი მიდრეკილება, ნარკომანია, გემოთმოყვარეობა, სექსუალური მოთხოვნილებისა თუ სხვა ხორციელი სიამოვნებისადმი დაუოკებელი სწრაფვა.

ეკლესიურ ადამიანს, რომელსაც ღვთის არსებობაში ეჭვი არ შეაქვს, რასაკვირველია, უფრო ადვილად შეუძლია თავისი სურვილების მოთოკვა, რადგან მას, უმაღლესი ღირებულებები ამოძრავებს.

2. გულახდილობა და საკუთარი სისუსტის აღიარება არის გარკვეული კულტურის არსებობა ადამიანში. თუ პიროვნება მორწმუნეა, მას, რასაკვირველია, არ გაუჭირდება თავისი ნაკლოვანი მხარეების აღიარება მოძღვართან. თუ ის ეკლესიურ ცხოვრებაში არ არის ჩართული, ფსიქოლოგთან, ექიმთან, ფსიქოთერაპევტთან მიდის დასახმარებლად და ეს სრულიად ბუნებრივია. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს პრაქტიკულად არც კი ჩაუდენია ამორალური საქციელი, მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე, აცდუნებს ეშმაკი და ისეთი აზრი მოუვა თავში, რომელიც მიუღებელია მისი ბუნებისთვის და რადგან ეს აზრიც შემაწუხებელია მისთვის, ფსიქოლოგს მიმართავს დასახმარებლად. თუმცა, თუ ზომიერების ფარგლებს გავცდებით და ჩვევად ვაქცევთ, რომ ჩვენი განტვირთვის მიზნით გარშემომყოფებს გაუთავებლად ვესაუბროთ ჩვენს ყოველ შეცდომასა და ცხოვრებისეულ პრობლემებზე, არსებობს რისკი, რომ მოიშორო უარყოფითი ემოციები, სხვა ადამიანი კი დაამძიმო და დააბრკოლო კიდეც შენი ვნებიანი გატაცებებით. მით უფრო, თუ მისთვის უცხოა ის ვნება, რომელზეც ესაუბრები. ამიტომ აქაც დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვჭირდება.

3.
ბოლო წლებში, შეიძლება ითქვას, დიდი ინტერესი გამიჩნდა ეკლესიისადმი, მოძღვართან შეკითხვა როგორ არა მაქვს. ვეძებ ისეთ მოძღვარს, რომელთანაც შემეძლება მისვლა და დალაპარაკება ჩემს ვნებებსა და შინაგან წუხილზე, მაგრამ ალბათ არ ვეძებ ისე, როგორც საჭიროა, არადა, ვიცი, ეს მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის.


თამარ გამილაღდიშვილი.
ჟურნალისტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი.

1. პირველყოვლისა, გარემო მიმაჩნია ვნებებთან ბრძოლის განმსაზღვრელად, თავისთავად ოჯახი და აღზრდა, ჩვენი ეკლესიურობა, გულწრფელი რწმენა... მაგალითად, როგორ გადავარჩინოთ ბავშვი ზედმეტი ვნებებისაგან სკოლასა და ოჯახში, სადაც მატერიალური კეთილდღეობის, ნივთმოყვარეობისა და ანგარების სამწუხარო რეალობას ვაწყდებით? იგივე ხდება მაკროსამყაროში - საზოგადოებაში, სადაც ურთულესია ცხოვრება ჩვენთვის, მაგრამ კიდევ უფრო რთულია ბავშვების სწორად აღზრდა.

მათ, ვისაც "გარიყულობის" კომპლექსი აწუხებთ, ეშინიათ საზოგადოებაში ადგილის დაკარგვის ან უნდათ "პოპულარულები" თუ "ცნობადი სახეები" იყვნენ, ხშირად უწევთ იმგვარ კომპრომისებზე წასვლა, რომლებიც სულსაც შებღალავს, გულსაც ამღვრევს და გონებასაც რყვნის... როგორ უნდა ამოვდოთ ლაგამი ამ ვნებებს? ალბათ, გულწრფელი დამოკიდებულებით საკუთარ თავთან, რწმენასთან და გარემოსთან. ეს კი მოდის დიდი გამოცდილებისა და შეცდომებზე გამარჯვების შედეგად.

რაც შეეხება მიკროსამყაროს - ოჯახს, სადაც ყველას თავისი კუთვნილი ადგილი და როლი აქვს განსაზღვრული, სადაც სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და გულწრფელი დამოკიდებულებაა ყველა თაობას შორის, ბევრად უფრო ადვილია ისეთი თაობის აღზრდა, რომელსაც მეტ-ნაკლებად კარგად ეცოდინება სიყალბის და ჭეშმარიტების, რწმენისა და ფარისევლობის - ნაღდი ღირებულებების განსაზღვრა და გარჩევა... ალბათ, ასეთ გარემოში უფრო ადვილია ვნებებთან და ცდუნებასთან ბრძოლაც, რწმენის გამყარება და სულის გადარჩენაც. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ამგვარი ოჯახების ნაკლებობაა.

2. საკუთარ ვნებებზე, სისუსტეებზე და შეცდომებზე როგორ არ მისაუბრია, მაგრამ რამდენად დასაშვებია, ვერ გეტყვით... თუმცა, გამინდვია დედისა და დისთვის, ჩემი მოძღვრისათვის, რა თქმა უნდა. მომავალში, ალბათ, ჩემს შვილთანაც მომიწევს მსგავს თემებზე საუბარი და, იმედია, შევძლებ საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ნაწილობრივ მაინც დავიცვა შეცდომებისაგან, რომლებიც გულს ატკენს და სულს დაუმძიმებს. თუმცა, ყველას ჩვენი საკუთარი გზა გვაქვს გასავლელი ამ წუთისოფელში და სხვის შეცდომებზე ყოველთვის ვერ ვისწავლით, საკუთარიც გვჭირდება გამოცდილებისათვის და რწმენის გამყარებისათვის...

3. შეკითხვა მოძღვარს: ერთი წლის წინ გარდაიცვალა ჩემი მოძღვარი. მას შემდეგ იმდენად მიჭირს, ვერაფრით მივედი სხვა მღვდელმსახურთან. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში.


თემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მიქაელი (ეჯიბიშვილი).

- მამა მიქაელ, საინტერესო იქნება მოძღვრის რჩევა, როგორ დავუმორჩილოთ ჩვენი სურვილები ნებისყოფას.


- თავდაპირველად, ვიდრე სურვილებზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ განვსაზღვროთ, რა არის ვნება და როგორ შემოდის ის ჩვენში.

მართლმადიდებლური სწავლებით, ორი სახის ვნება არსებობს. არის უყვედრებელი ვნებები, ვთქვათ, შიმშილისა და წყურვილის გრძნობა, ტკივილისა და სიამოვნების განცდა, ასევე სხვადასხვა სახის ფიზიოლოგიური ვნება და არსებობს ნაყვედრი ვნებები, რომლებიც უყვედრებელი ვნებების ბოროტად გამოყენებით წარმოიშობა და ცოდვაში აგდებს ადამიანს. მაგალითად, შიმშილი არის თანდაყოლილი, ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ადამიანისთვის, მაგრამ როდესაც ეს გაუმაძღრობასა და გემოთმოყვარებაში გადადის, ხდება ამ უყვედრებელი ვნების გაუკუღმართება. დღეს, გემოთმოყვარებას სხვა სულიერი საზომით განიხილავენ და გვავიწყდება ის მთავარი, საიდანაც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი ზედნაშენი ვნება მარხვის პერიოდში, გაცილებით დიდია ვნებათა გაუკუღმართების საფრთხე. ვინაიდან საღვთო მადლი მეტია და ბოროტის ბრძოლაც უფრო მაღალი საზომით შემოდის.

მარხვა, გარდა სულიერი მდგომარეობისა, საკვების რაციონის შეზღუდვასაც გულისხმობს. საკვების შეზღუდვა ვნებების მოთოკვას იწვევს. ამას სამედიცინო განმარტებაც აქვს, როდესაც ადამიანი არ იღებს კალორიულ და ხორციან პროდუქტებს, არც იმდენი სახის ენერგია გამოიყოფა ორგანიზმში, რომ რაიმე გაუკუღმართებული მოთხოვნილება გამოიწვიოს მასში სხვადასხვა ვნების სახით. ანუ ხორცის დაუძლურების პარალელურად ხდება სულის განმტკიცება, რაც ვნებებთან ბრძოლის ერთ-ერთი ნაცადი ხერხია. აქედან ჩანს, რომ მარხვა არ არის მხოლოდ დიეტა, როგორც ეს ბევრს ჰგონია, მარხვა ადამიანის სულიერი მდგომარეობაა, კვების რაციონის შეზღუდვა კი დიდ დახმარებას უწევს ეკლესიურ ადამიანს წინააღმდეგობათა დაძლევასა და ნებისყოფის გამომუშავებაში. მთავარი წინააღმდეგობა, რაც მართლმადიდებელ ქრისტიანს ვნებებთან ბრძოლაში ელოდება, ეს არის სურვილი. სურვილის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. პავლე მოციქულის სწავლებით, ადამიანმა უნდა განიძარცვოს ძველი კაცი და შეიმოსოს ახალი. ადრე თუ გვიან ჩვენი შეგნება ასეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეს. აქამდე უკვე მივედი, საკმარისია ამ გზაზე დაცემაც და აღდგომაც, მაგრამ ამ დაცემა-აღდგომის პროცესში უნდა ვეცადოთ ოქროს შუალედს არ გადავცდეთ. ღმერთი რომ ადამიანში კონკრეტულ ფაქტს უყურებდეს, ნებისმიერი ადამიანი წარწყმდებოდა, ღმერთისთვის ყურადსაღებია, თუ რამდენად იბრძვის ადამიანი ცოდვილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად. "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი", - ამბობდა დიდი ილია ჭავჭავაძე თავის "მგზავრის წერილებში", ოღონდ იქ, ცოტა სხვა კუთხით, უფრო სამშობლოზე, ქვეყნის ძლიერებისა და სიცოცხლისკენ სწრაფვაზე იყო საუბარი. ეს სიტყვები რომ მართლმადიდებლობაში გადმოვიტანოთ, იგივე მნიშვნელობა ექნება; გინდა განთავისუფლდე სურვილთა ტყვეობიდან? - უნდა იბრძოლო, რადგან როგორ იბრძვი, ამას უყურებს ღმერთი, კიდევ ერთი რამ არის მეტად მნიშვნელოვანი, ადამიანს ხშირად უჩნდება იმის სურვილი, ერთბაშად განთავისუფლდეს ვნებათა მოთხოვნილებისაგან (ასე ტაძარში ახალმოსულ მრევლს ემართება ხშირად), მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგი იმდენად იღლება ამ ბრძოლაში, რომ შესაძლოა, ეკლესიაში სიარულიც კი შეწყვიტოს. ამიტომ სურვილთა დათმენა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით უნდა ხდებოდეს. ჯერ შეიძლება ათჯერ დაეცე, შემდეგ 5-ჯერ, 3-ჯერ, არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ ისე გამოიცადო, რომ იმ ცოდვამ კიდევ მრავალჯერ დაგცეს, მაგრამ ამან სასოწარკვეთილებაში არამც და არამც არ უნდა ჩაგაგდოს და ბრძოლისუნარიანობა არ დაგაკარგვინოს. ქრისტიანობა მუდმივი ბრძოლაა და ეს უნდა გვახსოვდეს.

როდესაც ადამიანები ეკლესიის ზღურბლს გადალახავენ და თავიანთი ვნებების შესახებ უყვებიან სასულიერო პირებს, სწორედ ვნებების დამორჩილებას სწავლობენ. აქ შემოდის კიდევ ერთი მომენტი: თუ როგორ აუხსნის მას ღვთისმსახური იმ მდგომარეობას, რომელშიც კონკრეტულ შემთხვევაში აღმსარებელი იმყოფება. თუ ადამიანს ეს არ ეცოდინება, მაშინ მას გაუჭირდება შემდგომი ნაბიჯის გადადგმა. როგორც უცხო ენის შესწავლისას უნდა გავიაროთ რაღაც ეტაპი, ახალ ეტაპზე გადასასვლელად, სულიერ ცხოვრებაშიც ეტაპებია გასავლელი, რომ ახალი ნაბიჯით რაღაც ახალი შევიმეცნოთ. ამ დროს გამოცდილი მოძღვრის სათანადო რჩევებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც პავლე მოციქული ამბობდა, სასულიერო პირი ღრმად განსწავლული უნდა იყოს საეკლესიო საკითხებში. როდესაც კაცი ეკლესიაში მოდის, აქ გადამწყვეტი რომელიმე სასულიერო პირის აზრი კი არ უნდა იყოს, არამედ ჭეშმარიტი საეკლესიო სწავლება. ნუ ვიქნებით მრევლთან კატეგორიულები, ნუ დავაფრთხობთ მათ, შენ თუ ესა და ეს არ გააკეთე, პირდაპირ ჯოჯოხეთში წახვალო, არ შეიძლება ყველას ერთი რეცეპტი გამოვუწეროთ, განსაკუთრებით კი ახალმოსულებს, რომელთაც ჩვენგან დიდი ნუგეში და თანადგომა სჭირდებათ.

კარგი ექიმი, როდესაც ავადმყოფს, ვთქვათ, ფილტვების პრობლემა აქვს, ურჩევს მას სიგარეტი არ მოწიოს, მაგრამ ვინაიდან მან იცის, რომ ერთბაშად ვერ გადააჩვევს ამ მავნე ჩვევას, ურჩევს, თუ ერთ კოლოფს ეწეოდა, ჯერ 3 ღერით ნაკლები მოწიოს, შემდეგ 5 ღერი მოაკლოს და ასე თანდათანობით გადააჩვიოს მოწევას. ეკლესიაშიც ანალოგიური მეთოდი უნდა გამოვიყენოთ თავიდან, უნდა აღმოვაჩინოთ ადამიანში ის მთავარი ცოდვა, რომელზეც სხვა ცოდვებია აკინძული. ჩემი საუბარი რომ უფრო გასაგები გახდეს, ავიღოთ, მაგალითად, ყველაზე ფართოდ გავრცელებული მრუშობის ცოდვა. თუ აღმოჩნდება, რომ სწორედ ეს ცოდვაა ერთი რომელიმე კონკრეტული პიროვნების ცოდვათა ღერძი, მასზე იქნება მიბმული ნაყროვანება, ბილწსიტყვაობა, ოჯახის დანგრევა და სხვა ვნებები. თუ გამოცდილმა სასულიერო პირმა ეს მთავარი ცოდვა იპოვა და ხერხემალში გადატეხა, მერე დანარჩენი, მისგან გამომდინარე ცოდვებიც დაიძლევა. მას შემდეგ, რაც ადამიანი ცოდვით დაავადდა, ხანგრძლივი ეკლესიური მკურნალობა სჭირდება, ეს კი მთელ ჩვენს მიწიერ ცხოვრებას მოიცავს.

- როგორც მოძღვარს, რამდენად დასაშვებად მიგაჩნიათ სხვებს ვესაუბროთ ჩვენს გრძნობებზე და ნაკლოვან მხარეებზე?

- თუკი მისგან რაიმე რჩევას არ ელოდები, მაშინ რა აზრი აქვს მასთან საუბარს? თუ ამას განმუხტვის მიზნით აკეთებთ, ამაში, ვფიქრობ, ცუდი არაფერია.

კარგია თუ ადამიანი თავიდანვე განსაზღვრავს ვის ესაუბრება და რატომ, რადგან ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ ადამიანთან დეტალურად ისაუბრო.

მრავალი ადამიანისგან მიღებული აღსარების საფუძველზე, მოძღვარს აქვს უდიდესი სულიერი გამოცდილება და პირადი ღვაწლი, შესაბამისად, მას ბევრი სასარგებლო დარიგების მოცემა შეუძლია მთელ რიგ ცოდვებთან დაკავშირებით, ამიტომ კარგი იქნება მოძღვრის რჩევების გათვალისწინება.

- მამა მიქაელ, თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით ათენში და დაახლოებით 2 თვეა, რაც საქართველოში დაბრუნდით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საბერძნეთში 7 სინოდი არსებობს, რა ვითარებაა დღეს იქ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით?

- მართალს ბრძანებთ, მაგრამ ეს სინოდები მაინცდამაინც არ ჩანან, წარმმართველი ოფიციალური ეკლესია, რომელთანაც ჩვენ ევქარისტული კავშირი გვაქვს, საბრძნეთის დიდ ქალაქებს მოიცავს, დანარჩენი ეკლესიები კი, რომლებიც სქიზმაში იმყოფებიან, ძირითადად პერიფერიულ რაიონებში არიან გაფანტულები და თუ სპეციალურად არ დაინტერესდებით, ვერც ნახავთ ამ ეკლესიებს.

- რა განსხვავებას ხედავთ ქართულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის?

- საქართველოში დიდი მრევლია, იქ კი მორწმუნე გაცილებით ცოტაა, რაც განპირობებულია ამქვეყნიური პრობლემებით, ევროკავშირის წევრობით. მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რაც ბოლო წლებში საბერძნეთში შეიქმნა, სულიერი კრიზისიც გამოიწვია, მაგრამ ის, ვინც ეკლესიის მრევლად ითვლება, შეგნებული ქრისტიანები არიან. ძირითად პრობლემად ითვლება ისიც, რომ ჩვენგან განსხვავებით, საბერძნეთის ეკლესიაში ნაკლებად ნახავთ ახალგაზრდობას, ტაძრის მრევლს იქ ძირითადად ასაკოვანი ადამიანები შეადგენენ.

- თქვენს შესახებ რას გვეტყოდით?

- მე თბილისში დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, ამის შემდეგ ჩავაბარე თბილისის სასულიერო აკადემიაში და IV კურსზე ვიყავი, როდესაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ათენში გამგზავნა სასწავლებლად. ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დასრულებისთანავე იქვე აღვიკვეცე ბერმონაზვნად, ცოტა ხანში მაკურთხეს ბერდიაკვნად, შემდეგ მღვდელმონაზონი გავხდი, საბერძნეთშივე ამიყვანეს ჯერ იღუმენის, შემდეგ კი, არქიმანდრიტის ხარისხში. ვეწევი სამეცნიერო მუშაობასაც, ღვთის შეწევნით, სულ მალე დავიცავ სადოქტორო დისერტაციას.

რაც შეეხება ჩემს გვარს, ეჯიბიდან მომდინარეობს. ეჯიბი, როგორც სოციალური ფენა, თავის დროზე ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მსტოვართა სამსახურს ეწეოდა, გურიაში ეჯიბაძეები არიან, სამეგრელოში კი ეჯიბიები.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის იანვარში, პატრიარქ ილია მეორის საიუბილეო დღეებში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი, მეც მას ჩამოვყევი თარჯიმნად და შემდეგ მის უწმინდესობას ვთხოვე საქართველოში დავებრუნებინე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში, რადგან მამა სოგრატეს საბერძნეთში გამგზავრებამდეც კარგად ვიცნობდი და ის, როგორც ამ ტაძრის წინამძღვარი, თანახმა იყო, მასთან მემსახურა. პატრიარქის სურვილი იყო, 2 კვირა წმინდა სამების ლავრაში ვყოფილიყავი და ამის შემდეგ გადმომიყვანა მამა სოგრატესთან, რომელმაც მართლაც მამაშვილურად მიმიღო, მის გვერდით მშვიდად ვარ და ვმადლობ ღმერთს ამ წყალობისთვის.

- წარმატებებს გისურვებთ, ბოლოს კი, გთხოვთ უპასუხოთ რესპონდენტთა შეკითხვებს.

- პირველ შეკითხვაზე, რომელიც მონაზვნად აღკვეცას შეეხებოდა, ცოტათი მიჭირს პასუხის გაცემა, რადგან როდესაც ამ ასაკში ადამიანი მონასტერში ცხოვრების გადაწყვეტილებას იღებს, ამ ადამიანს უნდა კარგად ვიცნობდე, რომ რიამე რჩევა მივცე. მე არც ის ვიცი, ეთანხმებიან თუ არა მის სურვილს ოჯახის წევრები. ამ ქალბატონს ვურჩევდი, სანამ საბოლოოდ მიიღებდეს გადაწყვეტილებას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დროებით წავიდეს რომელიმე მონასტერში, გამოსცადოს თავი, შეძლებს თუ არა მუდმივად მონასტერში ცხოვრებას და როდესაც თავის შესაძლებლობებს მოსინჯავს, ლოცვა-კურთხევა გამოითხოვოს საკუთარი მოძღვრისგან.

2. თუკი თქვენ მოძღვარი გარდაგეცვალათ, სხვა მოძღვრის შერჩევის არავითარი დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს, შეგიძლიათ იაროთ ნებისმიერ ტაძარში, მოისმინოთ ქადაგებები და მიიღოთ რჩევა-დარიგებები სხვადასხვა სასულიერო პირისგან, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებსა და სულიერ მდგომარეობას. იგი გახდება თქვენი მოძღვარი. ეს პირადად თქვენი გადაწყვეტილებით ხდება და რაც უფრო ხშირად დაესწრებით წირვა-ლოცვებს და ღმერთს დახმარებას შესთხოვთ ამ საქმეში, მერწმუნეთ, მით უფრო მალე მოაგვარებთ ამ პრობლემას. მთავარია, მოინდომოთ, "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ" - გვასწავლის სახარება.

ბეჭდვა