"ჩვენ ავაშენებთ ტაძარს"
"ჩვენ ავაშენებთ ტაძარს"
"შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსა", - შეუძლებელია, ეს სიტყვები წაიკითხო და არ მოგინდეს ტაძარში შესვლა. შეხვიდე ტაძარში და მეორედ არ გქონდეს სურვილი, უფლის სახლში შებრძანებისა. ასე დამემართა მეც, - მიამბობს ჯაბა ქვლივიძე, - ახალგაზრდობაში ეკლესიის გარეთ ვცხოვრობდი. დრო იყო ასეთი. ჩემი ქალიშვილი ნინო კი პატარაობიდანვე ეკლესიურად ცხოვრობს. ერთხელ მაღალმა ღმერთმა სასწაულებრივ გადამირჩინა მისი თავი. უფლისთვის მადლობის სათქმელად გავყევი ვორონცოვზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. არ ვიცი, რა დამემართა - მას შემდეგ დავიწყე ეკლესიაში, წირვა-ლოცვაზე სიარული. შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მომელოცა ეკლესია-მონასტრები. ჩემს შვილს გავანდე. სიხარულით დამთანხმდა. დღემდე ჩვენ 280-ზე მეტი ეკლესია-მონასტრის და სამლოცველოს მოლოცვა მოვახერხეთ. აქედან 200-ზე მეტი მოქმედია.

- ნინო, როგორ შეხვდი მამაშენის ასეთ მოულოდნელ გადაწყვეტილებას?

- ძალიან გამიხარდა, უფრო გამიკვირდა, რადგან მამას ეკლესიურად არასოდეს უცხოვრია.

მისმა სურვილმა გულისხმაში ჩამაგდო. გადავწყვიტეთ, მარხვის დღეებში დაგვეწყო წმინდა ადგილების მოლოცვა. ეს არ იყო ადვილი. თოვლში, წვიმაში, ქარში, სიცხეში. დღეში ხან 2-სა და ხან 7-8 ეკლესიაში ვლოცულობდით. ამ ძალას ღმერთი გვაძლევდა. თბილისის შემოგარენიდან ყველაზე ძნელად მისასვლელი იყო დიდგორის რაიონი. გვიჭირდა ტრანსპორტით გადაადგილება, სასაფლაოებსა და სხვადასხვა მიუვალ ადგილებში სიარული. ზოგჯერ დღეში ფეხით 15 კილომეტრიც გაგვივლია. ყოფილა საფრთხეც.

- რა საფრთხე, ბატონო ჯაბა?

- მცხეთაში, ჯვრის მონასტერში ავედით, იქვე, ციცაბო კლდეზე არის წმინდა მეძუძურთა წყაროს სამლოცველო, სადაც წმინდა ნინო საყდრობდა. მეტად ძნელი ჩასასვლელი იყო. გზად გველი შეგვხვდა. ნინოს ვთხოვე, დღეს ნუღარ გავაგრძელებთ გზას, ცუდის ნიშანი არ იყოს-მეთქი და უკან დავბრუნდით. ნინო უკმაყოფილო დარჩა და მიწყრებოდა.

- ნინო, რაზე უწყრებოდი მამას?

- ვუთხარი, ღმერთმა განსაცდელი მოგვიწყო და ჩვენ შევშინდით-მეთქი.

ბატონი ჯაბა: - თუ მშობელი არა ხარ, ძნელად შეიძლება ვინმემ გაგიგოს. ორიოდე დღის მერე ნინო მეგობრებთან ერთად მოვიდა და "მამაო ჩვენოს" გალობით ჩავედით ისევ იმ ადგილას და სრულიად მშვიდობიანად მოვილოცეთ. ძალიან ლამაზი ადგილია. ამბობენ, იქ მოჩუხჩუხე წყარო იდენტურია ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის წყლისაო. ეს ყოველივე უფლის ძალაა. რომელ ეკლესია-მონასტერშიც შევდიოდით, ყველგან იგრძნობოდა ჩვენი საყვარელი პატრიარქის ხელი, სუნთქვა, გვერდში დგომა. მრავალი ეკლესია მშენებარეა. ეს პატრიარქის დიდი დამსახურებაა, მაგრამ უდავოა, ყველაზე დიდი აღმშენებელი და ქველმოქმედი მაინც მრევლია. ბევრი ეკლესია მაინც აღსადგენია...

სასიხარულოა, რომ წირვა-ლოცვის დროს ახალგაზრდები მრავლობენ. ზოგი მოდის გამო დადის ეკლესიაშიო. არ ვეთანხმები. ერთხელ რომ შეხვალ ეკლესიაში, მეორედ, მესამედ მადლი აუცილებლად გადმოვა. მეოთხედ შეგიყვარდება და მეხუთედ - ღვთის სამსახურში ჩადგები. განა ცოტაა ასეთი შემთხვევა?

- როგორ ახერხებდით ამდენი ეკლესიის მოძიებას?

- პროფესიიდან გამომდინარე, მე არ გამჭირვებია ეკლესიების პოვნა. თბილისელი ვარ და კარგად ვიცნობ თბილისის ქუჩებს. არც მცხეთაში იყო ძნელი ეკლესიების მოლოცვა, მთავარია, კაცმა მოინდომოს.

- თუ გამოყოფთ რომელიმე ეკლესიას ან რაიმე თუ დაგამახსოვრდათ განსაკუთრებული?

- ყველაზე მეტად მომეწონა ნაქულბაქევის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, იქ სრული სამოთხეა - საოცარი სიწყნარე და სიმშვიდეა. იქ 10 დღე ვიცხოვრე. აწ განსვენებული მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანეა (გვაჯაია) აღმშენებელი ამ მონასტრისა, მეტად თბილი და კარგი ადამიანი იყო.

მერწმუნეთ, თუ მონასტერში არ იცხოვრე თუნდაც ერთი დღე, ძნელია გაიგო ეკლესიური ცხოვრება. ისე არ გამიგოთ, თითქოს სხვა ეკლესიები არ მომწონდა, ანდა სხვა მოძღვრები არ იყვნენ ჩვენს მიმართ თბილნი.

- თუ აპირებთ კიდევ სხვა ეკლესიების მოლოცვას?

- რა თქმა უნდა. მცხეთა-თბილისში 280-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი და სამლოცველოა, აქედან ჩვენ 200-ზე მეტი მოვილოცეთ. მეტი წილი მშენებარეა. ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება ეს გზა. ღმერთმა არ მოშალოს ახალი ეკლესია-მონასტრების მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში.

ვაპირებ, გამოვცე წიგნი. თბილისის რაიონების და ქუჩების მიხედვით აღვნიშნო ის ადგილები, სადაც ეკლესია-მონასტრებია. რუკასავით გავაკეთო, რომ მსურველმა - უცხოელი იქნება, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძლოს, იოლად მოილოცოს და მოინახულოს ისტორიული ძეგლები. მინდა აღვნიშნო, რომ მამა შალვა კეკელიას თანადგომა და დახმარება ჩემთვის უდავოდ დიდია.

- ბატონო ჯაბა, ვიცი, რომ ლექსებს წერთ.

- საქართველოში ყოველი მეორე პოეტია. ჩვენს ერში ეს გასაკვირი არ არის. ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი, მათ შორის პოემაც.

- რამდენიმეს "კარიბჭის" მკითხველს ხომ არ შესთავაზებთ?

- სიამოვნებით. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა დიდ საქმეს ჩაუდგა სათავეში პატრიარქი - მახათას მთაზე შენდება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი. მთელი საქართველო ჩართულია აღმშენებლობაში ლოცვით, შრომით, ქველმოქმედებით. მე კი ჩემი ლექსით მინდა პატარა წვლილი შევიტანო ამ საქმეში. მჯერა, საქართველო გაბრწყინდება. უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ!

ჩვენ ავაშენებთ ტაძარს!
ჩვენ ავაშენებთ ტაძარს,
მახათას მთაზე - ტაძარს,
ღვთისმშობლის ხატის ტაძარს,
ერის და ბერის საფარს.
ჩვენ ავაშენებთ ტაძარს
ერთად, ძლიერს და მაგარს,
ჭეშმარიტს, მტკიცეს და მყარს
ნამდვილს და არა ზღაპარს.
ჩვენ ავაშენებთ ტაძარს,
დიდებულს - არსად სადარს,
ბრწყინვალეს, მთაზე დამდგარს,
ქვეყნისთვის ძლიერ საყდარს.
ჩვენ ავაშენებთ ტაძარს,
როგორიც სურდა თამარს,
დავითს, ქეთევანს, ვახტანგს,
ქართველ წმინდანთა ლაშქარს.
ჩვენ ავაშენებთ ტაძარს,
ეშმაკს შიშს დავცემთ, თავზარს,
დავკრავთ ბუკსა და ნაღარს,
ივერთა ხატი გვფარავს.
ჩვენ ავაშენებთ ტაძარს
და ზე აღვმართავთ ჯვარს,
ლოცვის დავრეკავთ ზარს,
მტერს შევაგებებთ ფარს,
მოყვასს გავუხსნით კარს,
გვერდს დავუმშვენებთ, მხარს,
ჰანგებს ჩამოვკრავთ ქნარს,
ჩვენთან ხომ სიყვარული არს და
ჩვენ ავაშენებთ ტაძარს,
მშვენიერს, ლამაზ ტაძარს,
ღვთისმშობლის სახის სადარს,
მისი კალთის ქვეშ საფარს.
ჩვენ ავაშენებთ ტაძარს,
უკვე ვაშენებთ ტაძარს,
და იქ ვაშენებთ ტაძარს,
სადაც სიყვარული არს და
სადაც უფალი გვფარავს.

ბეჭდვა
1კ1