ძალიან წრფელი და გულჩვილი კაცი იყო
ძალიან წრფელი და გულჩვილი კაცი იყო
პოეტ იოსებ ნონეშვილის ერთადერთ ვაჟთან, სანდრო ნონეშვილთან, საუბარი კარგა ხნის შორეულმა ნაცნობობამ გადამაწყვეტინა. თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად, ბატონი სანდრო მართლმადიდებლურ სიწმინდეებს მოიძიებს და მათზე ზრუნავს. ვიდრე ამაზე ვრცლად ვისაუბრებდეთ, მანამდე მის ოჯახს გაგაცნობთ.

დედა, მედეა ფაღავა, ფილოლოგია, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. ამჟამად მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. მეუღლე, თამარ კოღუაშვილი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. ჰყავს ორი შვილი. საბა ძალიან კარგად ხატავს და ლიტერატურულ ნიჭსაც ამჟღავნებს. პაპის ლექსებს კითხულობს, ფორტეპიანოზე ჯაზს უკრავს, კალათბურთს თამაშობს ცნობილი სპორტსმენის, ნიკოლოზ დერიუგინის გუნდში. მარიამი კი კარგი მოჭადრაკეა და მაკა მახარაძის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლე.

თავად ბატონი სანდრო არქეოლოგია.

"მამა პრინციპულად არ ერეოდა ჩემი პროფესიის არჩევაში და მეც დამიბარა, ასე მოვქცეულიყავი შვილების მიმართ. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიით. ჩემი უსაყვარლესი ლექტორები იყვნენ: კოტე ანთაძე, აკაკი შანიძე, შოთა მესხია, შალვა ამირანაშვილი, ანდრია აფაქიძე, ოთარ ჯაფარიძე, მარიკა ლორთქიფანიძე. თუ რაიმე კარგი მაქვს, მათი დამსახურებაცაა", - თქვა ბატონმა სანდრომ.

- მამისა და შვილის დამოკიდებულება როგორი იყო იოსებ ნონეშვილის ოჯახში?

- იოსებ ნონეშვილი ჩემთვის არა მარტო მამა, არამედ ცოცხალი მაგალითი იყო, თუ როგორ უნდა იცხოვროს მართლმადიდებელმა ადამიანმა. მიმტევებლობის და კაცთმოყვარეობის სიმბოლო იყო. პატარა ბავშვივით დაჰყვებოდა ყველას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის დაეხმარებოდა. ძალიან წრფელი და გულჩვილი კაცი იყო. საქართველოს მშვიდობის კომიტეტი, რომელსაც სათავეში ედგა, წლების განმავლობაში სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობდა მსოფლიოში.

წარმოშობით კახეთიდან ვარ, სოფელ კარდენახიდან. კარდენახში მამას მუზეუმია დიდი ექსპოზიციით და იმ საარქივო მასალებით, რომელიც თბილისში, ჩვენს ბინაში, იყო დაცული. იქ პაპისეული ვენახიც დაგვრჩა, განვაახლე - ახალი ვაზი ჩავყარე.

შენობის მეორე სართულზე ექსპოზიცია და ბიბლიოთეკაა, პირველ სართულზე - ფონდების ოთახი, მარანი და ტექნიკური სათავსოები.

- თქვენს ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს პატრიარქებთან...

- მამა მეგობრობდა ეფრემ II-სთან, რომელიც მოყვარედაც გვეკუთვნოდა. ასევე დავით V-სთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, ილია II-სთან.

მიუხედავად კომუნისტური რეჟიმისა, იოსებ ნონეშვილს, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელს შეეფერება, ისე აუგეს წესი, რისთვისაც ჩვენს პატრიარქს კიდევ ერთხელ მოწიწებით ვუხრი თავს.

პაპაჩემზეც მინდა გითხრათ ცოტა რამ.

დედაჩემის მამა, დავით ფაღავა, თურქეთში, ქალაქ სამსუნში დაიბადა. ბრწყინვალედ იცოდა თურქული ენა და თურქეთის უკანასკნელი სულთნის არმიის პოლკოვნიკი იყო, შემდეგ ათათურქის თანამებრძოლიც. ამიტომ შვილიშვილებს მუსლიმანი გვეგონა. გარდაცვალების შემდეგ მას ჯიბეში ღვთისმშობლის მედალიონი უპოვეს, რომელსაც თურმე მუდამ თან ატარებდა. ეს ხატი დღეს ჩვენს ოჯახში ინახება. მაშინ გაირკვა, რომ ბაბუა არასდროს ყოფილა მაჰმადიანი და ქრისტიანული წესით დავკრძალეთ ბათუმში.

- თქვენ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საქართველოს ცენტრს. რა გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის ამ სამსახურის დახმარებით?

- ჩვენმა სამსახურმა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. ჯერ მარტო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სამი ქართული სკოლა გაიხსნა. ამ ორწლიან დაწყებით სკოლებში დაახლოებით 400-მდე ბავშვი სწავლობს. ასწავლიან ქართულ წერა-კითხვას და მათემატიკას.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი, კულტუროლოგიის კათედრის თანამშრომლებთან ერთად გახლდით თურქეთში იშხნის ტაძრის მოსანახულებლად. ადგილობრივ მოსახლეობასთან, ტაძრის ეზოში მდგარი სკოლის დირექციასა და მოსწავლეებთან ერთად მოხერხდა ძეგლის გასუფთავება. გაიწმინდა ასევე ბოსლად ქცეული იშხნის საკათედრო ტაძრის გვერდით მდგარი ერთნავიანი პატარა ბაზილიკა. ადგილობრივებს ვუთარგმნეთ არქიტრავზე მოთავსებული ბაგრატ III-ის სახელით გაკეთებული წარწერა, ასევე ბაზილიკის არქიტრავზე მოთავსებული ბაგრატ III-ის მამის, მეფე გურგენის, სახელით გაკეთებული წარწერა. ვილაიეთის ხელმძღვანელობის დახმარებით, იშხნის ტაძარი ტურისტულ მარშრუტში ჩავსვით. დავბეჭდეთ და ქალაქ იუსუფილის და ართვინის სასტუმროებში დავტოვეთ რუკები, სადაც მინიშნებულია დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები. კომპიუტერულ საიტზე განვათავსეთ იშხნის ტაძრის ისტორია, რისთვისაც მადლობას ვუხდი სტამბოლის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტ ქალიშვილს.

ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ რამდენიმე წლის წინ ამგვარი საქმიანობისთვის ღირსების ორდენით დამაჯილდოვეს.

- ბატონო სანდრო, ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც წმინდა ქეთევან დედოფალი ლოცულობდა, დღეს საქართველოშია, ამაში თქვენც მიგიძღვით წვლილი.

- სპარსეთს მიმავალ ქეთევან დედოფალს თან ახლდა მაცხოვრის ჯვარცმა და ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი წმინდა ქეთევანის წამების შემდეგ, მოგვიანებით, თეიმურაზს ჩამოუტანეს. ხატი სპარსელთა საქართველოში ლაშქრობების შემდეგ დაიკარგა. XIX საუკუნის 70-იან წლებში რუსეთის ერთ-ერთ ლავრაში აღმოჩნდა, საიდანაც გაურკვეველ ვითარებაში გაქრა. საბოლოოდ, ხატმა ირლანდიის სამეფო კარამდე მიაღწია, საიდანაც მემკვიდრეობით ერგო ერთ-ერთ ოჯახს საფრანგეთში.

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინაძღვართან, მამა გიორგისთან (რაზმაძე) ერთად, მოვახერხეთ ვერცხლის პერანგით შემოსილი XVII საუკუნის ამ სიწმინდის საქართველოში დაბრუნება.

აეროპორტიდან პირდაპირ პატრიარქს ვესტუმრეთ და ხატი საპატრიარქოში დავაბრძანეთ. ღამე ქეთევან წამებულის ტაძარში გადაასვენეს და დღემდე წმინდა ქეთევანის ხატის გვერდითაა.

ღვთისმშობლის ხატი, რომელიც საწამებლად მიმავალ დედოფალს ანუგეშებდა, ამხნევებდა და განამტკიცებდა, დღესაც მრევლს დიდ ნუგეშსა და ძალას აძლევს. ხატის ტაძარში მობრძანების მეორე დღეს მომლოცველებმა ღვთისმშობლის თვალზე ცრემლი შენიშნეს. მისი კვალი დღემდეა დარჩენილი.

საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, მამა გიორგის (რაზმაძის) მონაწილეობით, ვაპირებთ ვატიკანში, პროპაგანდა ფიდეში დაცული ქართული არქივის ასლების ჩამოტანას. იქაურ მხარესთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. არქივში დაცულია საქართველოს შესახებ დღემდე უცნობი, სხვადასხვა ენაზე შესრულებული 5600 დოკუმენტი, რომელიც 1623-1860 წლებს მოიცავს.

- ცნობილია, რომ პორტუგალიაში ყოფნის დროს მიაკვლიეთ წმინდა ქეთევანის მარტვილობის გრაფიკულ გამოსახულებას. უფრო დაწვრილებით თუ შეგიძლიათ გვიამბოთ ამის შესახებ?

- პორტუგალიაში, დაგრასას საკათედრო ტაძარში, დაცულია 12 მეტრი სიგრძის და 3 მეტრი სიმაღლის პანო. ეს არის ერთადერთი გრაფიკული გამოსახულება წმინდანის მარტვილობისა, რომელიც შესრულებულია პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით. ამ მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავით შესრულებულ ნახატზე ("ეზულეჟუ") გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩაბრძანება, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისათვის. ყოველივე ეს ექსპედიციის წევრებმა გადავიღეთ. ჩვენთან ერთად იყო გიორგი კალანდია, რომელმაც ყოველივე ფირზე აღბეჭდა. იქ ყოფნისას მივაღწიეთ შეთანხმებას, პანოს ზუსტი ასლის გაკეთების შესახებ. შევუთანხმდით სახელოსნოს, რომელიც XVII საუკუნის ტექნოლოგიით ზუსტ ასლებს ამზადებს. ფინანსური საკითხის მოგვარების შემდეგ შევძლებთ შევუკვეთოთ პანოს ასლი და ჩამოვიტანოთ.

ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვატიკანთან წმინდა პეტრეს ჯაჭვის ნაწილის გადმოცემის შესახებ.

- თურქულ ენაზე ნათარგმნი "ვეფხისტყაოსნის" აღმოჩენაზე რას გვეტყოდით?

- მივაკვლიეთ "ვეფხისტყაოსნის" უცნობ თარგმანს თურქეთის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში. ამ ბიბლიოთეკაში მუშაობდა თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, რომელმაც ხელით გადაწერა მთლიანად ეს თარგმანი და გადმოგვცა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ თარგმანიც გაქრა და ის ადამიანიც გაათავისუფლეს სამსახურიდან. მაგრამ ასლის წამოღება მაინც შევძელით.

ეს არის პროზაული თარგმანი. იგი XX საუკუნის 30-იან წლებში გერმანული ენიდან უთარგმნია ქალაქ ადანის ვაჟთა ლიცეუმის გერმანული ენის მასწავლებელს, ეროვნებით თურქ ჰალის ქოითურქს. კაცმა, რომელიც არ იცნობდა საქართველოს, მის ისტორიას, გერმანულ ენაზე წაიკითხა უკვდავი "ვეფხისტყაოსანი" და იმდენად მოიხიბლა, რომ თურქულად თარგმნა.

ვაპირებთ ირანიდან ერეკლე II-ის ვაჟის, ალექსანდრე ბატონიშვილის ნეშტის, გადმოსვენებას. საფლავი დაკარგული გვეგონა, მაგრამ ბოლო დროინდელი გამოკვლევებით მივაგენით. დიდი საშიშროებაა ამ საფლავის დაკარგვის და გადმოსვენება უნდა ვიჩქაროთ.

შარშან გაზაფხულზე პარიზიდან ჩამოვიტანეთ ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და მონარქისტული მოძრაობის დამაარსებლის, სპირიდონ კედიას, პირადი არქივი, რომელშიც 1500-ზე მეტი დღემდე უცნობი დოკუმენტია დაცული. არქივს გამოსაცემად ვამზადებთ. ასევე, მცხეთის მუზეუმთან ერთად, ვმუშაობთ მოსკოვის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის საცავებში დაცული ქართული საგანძურის შესწავლა-გამოკვლევაზე, სადაც ქართული ხატები და საეკლესიო ნივთებიც მრავლად აღმოჩნდა.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- ვარ ერთ-ერთი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი. მასში შედის ქართული ტურისტული კომპანია, საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი კომპანია, რომელიც გზავნის სტუდენტებს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წამყვან სასწავლო დაწესებულებებში, ასევე შედის სპორტული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას სხვადასხვა საზღვარგარეთულ ტურნირში. ასე რომ, უცხოეთთან ურთიერთობას არ ვწყვეტ. ჩემი ბიზნესსაქმიანობით მოპოვებული სახსრების ნაწილი მინდა მოვახმარო თანამემამულეების მხარდაჭერას, საზღვარგარეთ არსებული ქართული ძეგლების მოძიებას, დაცვასა და რესტავრაციას.

ახლო მომავალში განზრახული გვაქვს რამდენიმე სერიოზული ღონისძიების ჩატარება იტალია-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. დაგეგმილია თანამედროვე ქართული მართლმადიდებლური ხატწერის ნიმუშების გამოფენა ვატიკანში, რომელსაც იქ დიდი ინტერესით მოელიან. საგულისხმოა ის კეთილგანწყობა, რომელიც იგრძნობა იტალიაში ქართული ეკლესიის, საპატრიარქოს და ჩვენი პატრიარქის მიმართ.

განზრახული გვაქვს ქალაქ მილანში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აშენება. უკვე პროექტზეც ვფიქრობთ. იტალიაში ჩვენს საელჩოსთან ერთად ვმუშაობთ რომში ფარსმან II-ის ძეგლის ზუსტი ადგილის დადგენაზე. მე ამ პერიოდის სპეციალისტი ვარ და გარკვეული სამუშაო გავწიე კიდეც. თუ ადგილს დავადგენთ, გვსურს, შემდეგ რაიმე მემორიალური ნიშანი აღვმართოთ.
ბეჭდვა
1კ1