კრიზისულ სიტუაციაში ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნისა და კულტურის მომავალს აყენებენ
კრიზისულ სიტუაციაში ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნისა და კულტურის მომავალს აყენებენ
1. ერს, ისევე როგორც პიროვნებას, თავისი ღირსება გააGნია, რით განასხვავებთ ეროვნულ ღირსებას პიროვნულისგან?

2. მას შემდეგ, რაც საქართველომ ეროვნული თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა, თქვენი აზრით, ქვეყანამ დაკარგა თუ კიდევ უფრო განავითარა ეროვნული ღირსების გრძნობა?

3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ: დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, იურისტი გაგი მოსიაშვილი და ჟურნალისტი ნანა დევდარიანი.

დემურ გიორხელიძე, 60 წლის, ეკონომისტი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, მისი მეუღლეა მერი აბულაძე, შვილები: ირინა და ზვიადი.

1. ცხადია, ჯამური მახასიათებელი ეროვნული ღირსებისა, ცალკეული პიროვნებების წარმოდგენებიდან გამომდინარეობს, ეს ყველაფერი კი კულტურიდან იღებს სათავეს, რადგან კულტურა განსაზღვრავს ჩვენს წარმოდგენას ღირსებაზე.

უმუშევარი, დაკნინებული, წარუმატებელი ადამიანი ბუნებრივია, ვერ იგრძნობს თავს ღირსეულად, პრობლემებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას თან სდევს, ვერ განვიხილავთ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განყენებულად.

დაუკმაყოფილებელი ადამიანი, მუდამ თავისი მიზნისკენ მიისწრაფვის, ეს მიზნები ცვალებადია და თუკი მის რეალიზებას მოახერხებს, ვფიქრობ, თავს ღირსეულად იგრძნობს.

კრიზისულ სიტუაციაში ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნისა და კულტურის მომავალს აყენებენ, ეს გარდაუვალი პროცესია და მალე ასეთი ღირსეული პიროვნებები დაიკავებენ პოზიციას, რომლებიც აგრძნობინებენ თანამემამულეებს, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის, დაანახვებენ საზოგადოებას, რომ საჭიროა მიზანმიმართული, ენერგიული ქმედებები საკუთარი თავის შესანარჩუნებლად. ასეთი ადამიანების წარმოქმნა ერის სასიცოცხლო პოტენციის მაჩვენებელია, როცა ერი სასიცოცხლო ინსტინქტს კარგავს, მაშინ ასეთი ადამიანების გამოჩენის ალბათობა ძალიან მწირია, მაგრამ, ღვთის წყალობით, ჯერჯერობით ქართველს სიკვდილისა არაფერი ეტყობა.

2. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის შემდეგ, სახელმწიფო ვერ გახდა ის გარსი, რომელიც დაიფარავდა ქართველს და მისცემდა საშუალებას, ამ ქვეყანაში თამამად ეცხოვრა, წარმატებული ყოფილიყო, ღირსეულად ეგრძნო თავი. არა მგონია, დღევანდელ ვითარებაში, როცა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღარიბი, ან სიღარიბის ზღვართანაა, ათიათასობით ქართველი ქალი უცხოეთშია გადახვეწილი ლუკმაპურის საშოვნელად და ფაქტობრივად ისინი არჩენენ საქართველოს, იყოს ის გარემო, რომელშიც ადამიანი ღირსეულად იგრძნობს თავს. თუმცა ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ქვეყანას გააჩნია ყველა პირობა, დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და, შესაბამისად, ვაიძულოთ ხელისუფლება, შექმნას ისეთი გარემო, სადაც ღირსეულად გვეცხოვრება. ბუნებრივია, ქართველში ვგულისხმობ საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად მისი ეროვნებისა, რადგან ისინიც ორგანული ნაწილია ჩვენი ერისა.

იმპულსი ღირსების დაბრუნებისა, მხოლოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებიდან არის შესაძლებელი. ჩვენს პატრიარქს არაერთხელ აღუნიშნავს თავის ეპისტოლეებში - ცვლილება დროში გარდაუვალია, მაგრამ ეს უნდა იყოს საკუთარ ფუძეზე დაყრდნობილი მოდერნიზაცია, თუ გნებავთ მოდერნიზაცია ჩვენი ყოფისა, კულტურისა და ა.შ. პროგრესული მედია, პროგრესის სამსახურში უნდა იყოს, პროგრესი კი, სხვა არაფერია, თუ არა სწორი და ჯანმრთელი დამოკიდებულება დღევანდელობისადმი.

და ბოლოს, როდესაც ეროვნულ ღირსებას ვეხებით, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ სახელმწიფოს უხეშად ჩარევა ეკლესიის საქმეებში.

აღმსარებლობის თავისუფლება არ ნიშნავს მართლმადიდებლობის გათანაბრებას და გათანასწორებას სხვადასხვა სარწმუნოებასთან. როდესაც აღიარებ აღმსარებლობის თავისუფლებას, ამით შენ ქვეყანაში ყველა ადამიანს, ვისაც რაც სწამს და როგორც სწამს, აძლევ თავისუფლად ამის განხორციელების საშუალებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თანაბარია იმ სარწმუნოებისა, რომელიც ფუნდამენტია შენი კულტურისა, მისი სისტემაწარმომქმნელი ფაქტორია და ერის ზნეობის განმსაზღვრელი.

3. შეკითხვა მოძღვართან არ მაქვს.


გაგი მოსიაშვილი, 34 წლის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი. მისი მეუღლეა მარი ბუზალაძე, შვილები: საბა და ქეთევანი.

1. ღირსება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ღირებულებაა. კონსტიტუცია განმარტავს, რომ პიროვნების ღირსების შელახვა დაუშვებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა უზენაესი კანონია, იცავს ნებისმიერი ადამიანის პიროვნულ ღირსებას, განურჩევლად ერისა, სქესისა, ასაკისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ სოციალური მდგომარეობისა. აქედან გამომდინარე, მთავარი პრიორიტეტი, სახელმწიფოს მხრიდან, არის ადამიანების პიროვნული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. ისე როგორც ეკლესია ზრუნავს თავის მრევლზე, სახელმწიფოც ასევე უნდა ზრუნავდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, ხალხმა რომ დაცულად იგრძნოს თავი ღირსებაშემლახველი ქმედებებისაგან, აი, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით არის განპირობებული ადამიანის აბსოლუტური უფლება იმის თაობაზე, რომ პიროვნების პატივი და ღირსება ხელშეუვალია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. ამიტომ, უწინარესად, სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანთა პიროვნული უფლებების დაცვის გარანტი და, აქედან გამომდინარე, ეროვნული ღირსებაც დაცული იქნება.

ჩემი აზრით, ეროვნული და პიროვნული ღირსება ერთობლივად, ერთ მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. ეს თავისთავად იმის საფუძველია, რომ სახელმწიფო, რომელიც ეროვნული ღირსების მატარებელია, იმ სამოქალაქო საზოგადოებაში, ადამიანთა პიროვნული ღირსების დაცვაც გარანტირებული იქნება.

2. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა მრევლი ეკლესიაში, ეს უწმინდესი ილია მეორის ფაქტორმაც განაპირობა, ეკლესიის მიერ მრევლის მიზიდვას და მაღალ საზოგადოებრივ აქტიურობას თან უნდა დართვოდა სახელმწიფოსგან სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი, სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მეტიც, ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ადამიანის ღირსებაშემლახავი ქმედებები. როგორც ხედავთ, სახელმწიფომ ვერ აუბა მხარი ეკლესიას, სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბებულიყო, რაც მეტად მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნებოდა ადამიანის ღირსებისა და უფლებების კონსტიტუციური მოთხოვნილების შესაბამისად დასაცავად. სამოქალაქო საზოგადოების არარსებობამ, გულგრილობამ და უპასუხისმგებლობამ ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა. ვიმედოვნებ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებით ეს კრიზისი დაიძლევა და ეკლესიისა და სახელმწიფოს ამ ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის ურთიერთშეთანხმებული ქმედებების საფუძველზე, პიროვნების ღირსება და მისი უფლებების დაცვა საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა, რომელიც მისაღები იქნება როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოსთვის, რათა ყოველმა ადამიანმა დაცულად იგრძნოს თავი და მართლაც ღირსეულ ერად ვიქცეთ.

3. მინდა მოძღვრისაგან მოვისმინო რა არის აღსარების საიდუმლო და რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ იმისათვის, რომ ხალხს იმედისა და უკეთესი მომავლის განცდა დაუბრუნდეს?


ნანა დევდარიანი, ჟურნალისტი, ყოფილი სახალხო დამცველი. მისი მეუღლეა ნიკოლოზ ჩუბინაშვილი, შვილები: გიორგი და მაია.

1. ადამიანი თვითონვე ქმნის თავის ღირსებას საკუთარი ცხოვრებით, დამოუკიდებლობით, კონკრეტული საქციელითა და საქმეებით ამა თუ იმ ეტაპზე. ერის ღირსება კი მოდის მისი ისტორიიდან და ტრადიციებიდან.

პიროვნების ღირსება უნდა დაიცვას ინსტიტუციებმა და სამართლებრივმა ინსტიტუტებმა, ეროვნული ღირსების დაცვა კი თავად ერმა, თუ შენარჩუნებული აქვს ერთობა, თუ ეროვნული ერთობა დაკარგული აქვს, მაშინ ღირსებაც აღარ ექნება, რადგან ერი კოლექტიური ძალისხმევის სუბიექტია, ერის ტრადიციები, მისი კულტურა და ისტორია, დიდწილად განაპირობებს არა მხოლოდ მის დღევანდელობას, არამედ მომავალსაც. ეს რაც შეიძლება ითქვას ისეთ უძველეს ერზე, როგორიც საქართველოა, მაგრამ ხომ არსებობენ ახალგაზრდა ერებიც. რაც შეეხება ამერიკას, იქ ყველა ადამიანი თავისი სამშობლოდან არის ჩასული თავისი ეროვნული მახასიათებლებით და ხარშვის შემდეგ, ახალი ამერიკელი ერი უნდა გამოვიდეს თავისი ფორმითა და შინაარსით, ისეთივე იდეალისტური ფორმულაა, როგორც კომუნისტებს ჰქონდათ მცდელობა, გამოეყვანათ ახალი ადამიანი საბჭოთა კავშირში.

ჩვენი წინა ხელისუფლება, რომელიც ცალსახად პროამერიკული იყო, იზიარებდა იმას, რომ ერთი ადამიანის ღირსება უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია, ვიდრე მთელი ერის, ან ეროვნული ერთობის, არა აქვს მნიშვნელობა, ეს რელიგიური ერთობა იქნება, ეთნიკური, ნაციონალური და ა.შ. სწორედ ეს იწვევდა ყველაზე მეტ მიუღებლობას, რადგან ასეთი შეხედულების დაკანონება უცხოა ძველი ერებისთვის.

2. ჩვენ უკვე აღარ ვართ ის, რაც ვიყავით, თუნდაც 20 წლის წინათ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

ვფიქრობ, დამოუკიდებლობის 20-მა წელმა ბევრი რამ უნდა დაგვანახვოს, თუ 20 წლის წინათ საქართველოში ეგონათ, რომ ამერიკა არის ჯინსი, მალბორო და კარგი ცხოვრება, ახლა ვხედავთ, რომ ეს სულაც არ არის ასე. ადამიანთა მთელი კასტაა ჩამოყალიბებული თანამედროვე მსოფლიოში, რომლებიც არამხოლოდ ტრადიციულ ეკლესიას ებრძვიან, არამედ სხვა ეროვნულ ინსტიტუტებს და ღირებულებებს. როდესაც ვამბობთ, ყოველი ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ერი, ან ნებისმიერი ერთობა, ამას საზოგადოება მიჰყავს ატომიზაციამდე. ჩვენ თუ ჩვენი სულიერი მონაპოვარი არ დავიცავით, საქართველოს, როგორც ერს, განვითარება არ უწერია, ამიტომ თვალი გავახილოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და შევაფასოთ. ამას მოითხოვს ჩვენი ეროვნული ღირსება.


თემის განხილვაში მონაწილეობს საბურთალოს წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოძღვარი მამა ლუკა მკალავიშვილი.

- მამა ლუკა, შეინარჩუნა თუ არა ეროვნული ღირსების გრძნობა ქართველმა ერმა ეროვნული დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ?

- ერი აყალიბებს პიროვნებას, ერის ღირსებას კი ცალკეული პიროვნებები ქმნიან. იესო ქრისტემ თავისი კაცობრივი ბუნებით დაგვანახვა, როგორ გავხდეთ ღირსეულნი, გვიჩვენა გზა, რომელიც ყოველმა ქრისტიანმა უნდა განვლოს იმ მაცხოვნებელი მცნებების დაცვით, რომელიც ეკლესიის წიაღში საუკუნეებით ცოცხლობს, თვითონ მოგვცა მაგალითი ღისეული ცხოვრებისა. ღირსება მხოლოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებას გააჩნია. იგივე შეიძლება ითქვას ერზეც; ბედნიერია ღმერთთან დაახლოებული ერი, რომელიც პატივს სცემს თავისი ქვეყნის ისტორიას, კულტურას და ყოველ დროს ინარჩუნებს ეროვნული ღირსების გრძნობას.

ჩვენი ეროვნული ცნობიერებისთვის ქართველი და მართლმადიდებელი იდენტური ცნება იყო და როგორც კი ერი ამ გზას აცდებოდა, პრობლემებიც მაშინ იწყებოდა. ჩვენი პატრიარქისგან მსმენია, ღირსების განცდას მოკლებული საზოგადოება განწირულია გადაგვარებისთვისო, რადგან ღირსება მას ერის არსებობის ერთგვარ გარანტად მიაჩნია. "ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდანვე უღვივებდნენ ამ გრძნობას, - ბრძანებს უწმინდესი წლევანდელ საშობაო ეპისტოლეში, - ამიტომაც იყო ჩვენი ერი ძლიერი, მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა კიდეც და ამასთან დაუღალავადაც შრომობდა და ქმნიდა".

თქვენს კითხვას რომ სრულყოფილი პასუხი გაეცეს, ისევ ერის სულიერი მოძღვრის ილია მეორის ფრაზებს დავესესხები: "თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია, ვინც თავისუფლებას კარგავს მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის განცდაც უქვეითდება.

ქართველმა კაცმა მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი ძირფესვიანად შეცვალა. საქვეყნო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა, სამშობლოზე ფიქრის ნაცვლად მისი გონება მხოლოდ საკუთარი კარ-მიდამოსა და ოჯახზე ზრუნვამ მოიცვა.

დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით, "ბედნიერი ერი", ნათლად დაგვანახვა.

სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელთბილნი, და ამიტომაც დიდ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და "მეს" პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია.

ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ისტორიას, არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრიც ნათლად გავაცნობიეროთ.

როგორც უწმინდესი აღნიშნავს, რწმენისა და მამულის დასაცავად ქალაქად, სოფლად თუ თემში, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ჰქონდა. მეფეს მთელ ერზე უნდა ეზრუნა, თავადაზნაურობას უნდა ეპატრონა და ხმლით დაეცვა ერი მომხვდური მტრისაგან, ეკლესია ანათლებდა და სულიერად განამტკიცებდა ერსა და სამწყსოს, გლეხები ქმნიდნენ მატერიალურ დოვლათს, ყველა ერთად კი, შეადგენდა ქვეყნის ერთიან და მთლიან ცოცხალ ორგანიზმს, "სადაც თითოეული თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებოდა ღმერთსა და ქვეყანას, ყოველი მათგანის დაძაბუნება იწვევდა ყველას დასუსტებას, რადგან არცერთის ფუნქცია არ იყო უმნიშვნელო, თუმცა რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც, ეს კი ხშირად სიცოცხლის გაწირვას მოითხოვდა. ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგ. წმინდა დემეტრე თავდადებული, წმინდა ევდემოზ კათალიკოსი, ზოგჯერ მთელი ერის - მაგ. 100000 მოწამის". ჩნდება კითხვა - დღეს ასეა?

რასაკვირველია, ქვეყნის ძნელბედობის ჟამს ყოველთვის გამოჩნდებოდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც შემოაბრუნებდნენ ისტორიულ პროცესებს.

- დიახ, მრავალი ისტორიული პიროვნების დასახელება შეიძლება. მე ასეთ ღირსეულ პიროვნებად დავასახელებდი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს, თაყაიშვილს, რომელმაც მართლაც განაბრწყინა ჩვენი ეპოქა. ფასდაუდებელი განძი გადაურჩინა და დაუბრუნა საქართველოს, ერის ღირსებასა და ისტორიას ასეთი ღირსეული პიროვნებები ქმნიან, თუნდაც თევდორე მღვდლის გახსენება რად ღირს, რომელმაც თავი დასდო სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე წუთებში. კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო: მღვდელმთავარი დიაკვნის ან მღვდლის კურთხევისას ამბობს: "აქსიოს", რაც ნიშნავს "ღირსია", ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ სასულიერო პირმა რაღაც მონაკვეთი გაიარა ეკლესიის გზაზე, მიაღწია ღირსების საფეხურამდე და თავისი ღვაწლით იერარქიულ საფეხურზე რაც უფრო წინ მიიწევს, მით უფრო ღირსეული და დაფასებული ხდება. საერო ცხოვრებაშიც ასეა. ეროვნული ღირსება ხომ ტრადიციული კულტურით და ღირებულებებით არის ნასაზრდოები.

თავისუფლება ადამიანის ღმერთთან სიახლოვის შედეგად მიიღწევა, ადამიანს ვერ ვუწოდებთ თავისუფალს, თუ ის დაშორებულია ეკლესიას და ეკლესიურ ცხოვრებას, უფალი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა კაცის ცხოვრებაში, როცა იგი უფლის გზაზე დგას. იგივე შეიძლება ვთქვათ ერზეც, თუ ერი ღვთის გზაზეა შემდგარი, მაშინ იგრძნობს ის ჭეშმარიტ თავისუფლებას, ხოლო როცა ერი ეკლესიისგან განყენებულად დგას, ვერ იქნება თავისუფალი, სინერგია, ანუ ღმერთისა და ადამიანის ურთიერთკავშირი მხოლოდ პიროვნების თავისუფალი ნების შედეგად არის შესაძლებელი. თუ საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის ურთიერთთანხმობა არ არის, ერი ვერც თავისუფლებას იგრძნობს და შესაძლოა, კიდეც დაკარგოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როგორც ეს 1921 წელს მოხდა ნოე ჟორდანიას მენშევიკურმა მთავრობამ ეკლესიისადმი შეუწყნარებლობით გამოიჩინა თავი, მათ მხოლოდ 3 წელი შეინარჩუნეს ხელისუფლება, რასაც მოჰყვა 70-წლიანი ათეისტური კომუნისტური მმართველობა. 90-იან წლებშიც დამოუკიდებლობა და თავისუფლება სხვაგვარად იქნა აღქმული და გაგებული, რაც სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა და ამან ძალიან უკან დახია ქვეყანა. ჩვენი პატრიარქის მოწოდება ერთსულოვნებისაკენ არავინ შეისმინა და გაერთიანების ნაცვლად, ერი დანაწევრდა, დაიქსაქსა. მე თუ მკითხავთ, ზვიად გამსახურდიას თავისი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა იმ კონსტიტუციური ცვლილებით უნდა დაეწყო, რომელიც მოაგვარებდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ათეული წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს, ამოავსებდა იმ სიცარიელეს, რაც მთელი ამ კომუნისტური მმართველობის პერიოდში წარმოიქმნა. მართალია, ასეთი კონსტიტუციური შეთანხმება როგორც იქნა, შედგა 90-იანი წლების მიწურულს საქართველოს მეორე პრეზიდენტის დროს, მაგრამ შარშან ძლივს მიღებული კონკორდატი ისევ დაარღვია ხელისუფლებამ და ახალი კანონმდებლობით მართლმადიდებლობა ყველა სხვა სარწმუნოებას გაუთანაბრდა. თუ ამაზე დროული რეაგირება არ მოვახდინეთ, რა თავისუფლებაზე და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზეა ლაპარაკი. ისტორიულად, ჩვენს ერს ხან დაცემის პერიოდი დაუდგებოდა, ხან აღმავლობის, სახელმწიფოს უღირს მეთაურებს ღირსეულები ცვლიდნენ, ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი ხალხი ამ გამოცდასაც გაუძლებს და საქართველო კვლავ დაიბრუნებს ღირსებას.

ვიდრე რესპონდენტთა შეკითხვებს ვუპასუხებდე, მინდა თქვენს შეკითხვას ისევ პატრტიარქის სიტყვებით მივუგო: "ბოროტის გავლენისგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან.

ყოველი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ასეთი პიროვნება უნდა იყოს, - ჭეშმარიტად თავისუფალი და სულიერად ძლიერი, რათა ერს ხერხემლად ექცეს, ასეთი ადამიანების აღზრდის საქმეში, ეკლესიას დიდი როლი აკისრია.

საერთოდ, ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას; იგი ის მაცხოვნებელი წიაღია, რომელიც ინარჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს და აქვს რა უცვალებელი რჯული და მოძღვრება, ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ", ვფიქრობ, უკეთესად ვერავინ შეძლებდა ასე ამომწურავად ამ საკითხზე პასუხის გაცემას. პასუხი სხვა შეკითხვებზე უფალი თავისი მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომაც ეცხადებოდა და ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს ეკლესიის საიდუმლოებების შესახებ. ეკლესიის 7 საიდუმლოდან მირონცხებისა და ნათლისღების შემდეგ, მესამეა აღსარების საიდუმლო, რომელსაც სინანულსაც უწოდებენ, რადგან ცოდვათა აღიარებით ადამიანი გამოხატავს სინანულს და ამის შემდეგ ხდება მეოთხე საიდუმლოს - ზიარების ღირსი. პირველი ზიარება ვნების კვირეულის დიდ ხუთშაბათს დაუწესა იესო ქრისტემ თავის მოციქულებს და ეს დღე ითვლება ზიარების დაარსების დღედ.

აღსარებითა და ზიარებით ადამიანი განიწმინდება და უფლის თანაზიარი ხდება. ეს საიდუმლოებანი ნათლობის შემდეგ, უმთავრესია მორწმუნე ადამიანისთვის, ამით იწყება მისი ხსნა და სულიერი აღორძინება. ადამიანმა ყოველთვის მაშინ უნდა უთხრას მოძღვარს აღსარება, როდესაც მას სინანული დაეწყება მის მიერ ჩადენილი ცოდვების გამო.

ცივილიზაციის პირობებში, როცა კაცობრიობა ცოდვით აღივსო და მათ შორის საქართველოშიც ცოდვათა ერთგვარი წახალისება და ლეგალიზება ხდება, ადამიანი რომ არ დამძიმდეს და სული გაიწმინდოს, რაც შეუძლია, ხშირად უნდა ეზიაროს, ზიარება კი როგორც მოგეხსენებათ, აღსარების გარეშე არ ხდება.

რაც შეეხება იმედის დაბრუნებას.

იმედი იმ შემთხვევაში დაუბრუნდება ადამიანს, თუ ის ეკლესიის წიაღს დაუბრუნდება. უფალთან ყოფნის გარეშე ეს წარმოუდგენელია, ყოველი მორწმუნე ადამიანისათვის ხსნისა და გადარჩენის გზა მხოლოდ ღმერთშია.

ღმერთმა იმედი და ნუგეში ნუ მოგიშალოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!

ბეჭდვა
1კ1