"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1
თავი 7. ორიგენე
ალექსანდრიული სკოლის მეორე თვალსაჩინო წარმომადგენელს , ორიგენეს, შეიძლება ქრისტიანული ღვთისმეტყველების ფუძემდებელი ვუწოდოთ. მაშინ, როდესაც ირინეოსი, ეგნატე, ტერტულიანე და კვიპრიანე, საეკლესიო და ყოველდღიური გარემოებებიდან გამომდინარე, საღვთისმეტყველო პრობლემებით იყვნენ დაკავებულნი, ორიგენე დიდ ქრისტიანულ-ფილოსოფიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ელინისტური აზროვნების კატეგორიებით ქრისტიანობის დამაჯერებლად განმარტების მცდელობა ორიგენემ პირველმა განახორციელა. ზემოთ გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ იმ დროს უკვე ჩნდებოდა ქრისტიანობის მიმდინარე დროისა და კულტურის ენაზე ამეტყველების საჭიროება. ორიგენემ სწორედ ამ ამოცანის განხორციელება დაისახა მიზნად. მას ესმოდა, რომ თუ ეკლესია იმ ადამიანებთან, რომელთა გადარჩენაც მისი მისია იყო, გასაგებ ენაზე ურთიერთობას ვერ მოახერხებდა, მაშინ ვერ განხორციელდებოდა მთავარი: ეკლესია ვერ იქნებოდა კათოლიკე ანუ საყოველთაო და ის ჩვეულებრივ სექტად გადაიქცეოდა.

ქრისტიანობის ბერძნებისათვის გასაგები კატეგორიებით განმარტების მცდელობა ორიგენემდე კლიმენტი ალექსანდრიელს ჰქონდა და სავალალოდ უნდა აღინიშნოს, რომ მის სწავლებაში გნოსტიციზმის ელემენტები აშკარად გამოიკვეთა. საერთოდ, ერთი შეხედულების სხვა - მისთვის მიუღებელ სისტემათა ჩარჩოებში მოქცევა ყოველთვის აჩენს გარკვეულ დანაკარგს და ქმნის დებულებათა დამახინჯების საშიშროებას. ის, რომ ორიგენე ყველა დროის ერთ-ერთ ისეთ მნიშვნელოვან ქრისტიან ღვთისმეტყველად არის მიჩნეული, რომელმაც ქრისტიანული აზრის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, მაინც არ გვაძლევს საშუალებას არ ვთქვათ, რომ მოღვაწეობის ამ სფეროში ერთმნიშვნელოვან წარმატებებს მანაც ვერ მიაღწია, რადგან მის მიერ ჩამოყალიბებული ქრისტიანული სწავლების არაერთ პუნქტში აშკარად არის გამოკვეთილი მნიშვნელოვანი გადახრები და მოგვიანებით "ორიგენიზმი" მრავალი სხვა ახალი, მართლმადიდებლობასთან შეუსაბამო, მიმართულების საფუძველი გახდა. მიუხედავად ამისა, ძნელია ორიგენეში დიდი ქრისტიანი მოაზროვნე და თავისთავად საინტერესო პიროვნება არ დავინახოთ.

ორიგენეს ბიოგრაფია ჩვენთვის ცნობილია ევსები კესარიელის "საეკლესიო ისტორიიდან", ასევე გრიგოლ საკვირველმოქმედისა და ნაწილობრივად ნეტარი იერონიმეს თხზულებებიდან. ორიგენე (თვითონ სახელი - "ორას ძე" - მიგვითითებს, რომ წარმომავლობით ეგვიპტელი იყო) 185 წელს ქალაქ ალექსანდრიაში, შეძლებულ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა ლეონიდე 202 წელს იმპერატორ სევერიუს ლუციუს სეპტიმუსის ზეობის დროს მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა. მაშინ ორიგენე ჩვიდმეტი წლის იყო. ისტორიიდან ცნობილია, რომ ახალგაზრდა ორიგენეს ამ დროს თავადაც დიდი სურვილი ჰქონდა, ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილით დაესრულებინა სიცოცხლე. მან გადაწყვეტა, რომის მთავრობის წინაშე ქრისტიანად წარმდგარიყო. ხელი ამ გადაწყვეტილებას დედამ შეუშალა, მან შვილს ტანსაცმელი დაუმალა. ამ შემთხვევაში ღვთისმოსაობას სირცხვილმა სძლია, ახალგაზრდა ქრისტიანმა მიზანს ვერ მიაღწია და მოწამებრივი სიკვდილით ვერ აღესრულა. მთავრობამ ოჯახს მთელი ქონება ჩამოართვა, ორიგენეს ექვსი უმცროსი ძმა და დედა უსახსროდ დარჩნენ. ორიგენემ გრამატიკისა და რიტორიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

ორიგენე ეგვიპტის დედაქალაქის ინტელექტუალური ნაწილის ცხოვრებას შეუერთდა, ევსების ცნობით, ამავე დროს, ის მთლიანად რელიგიური და ინტელექტუალური ინტერესებით იყო დაკავებული და თავგამოდებულ მართლმადიდებელ ქრისტიანად რჩებოდა. თანდათანობით ორიგენე დედაქალაქის წარმართი ინტელიგენციისთვის ერთგვარ ქრისტიან მისიონერად გადაიქცა:

"როდესაც მასწავლებლის საქმიანობით იყო დაკავებული და არავინ იყო ალექსანდრიაში დასამოძღვრავი (ყველა გაქცეული იყო მოსალოდნელი დევნულების შიშით), მასთან ღვთის სიტყვის მოსასმენად მოვიდა ზოგიერთი წარმართი... თვრამეტი წლის იყო ორიგენე, როდესაც კატეხიზმოს სასწავლებლის წინამძღვარი გახდა და აკვილას მმართველობის დროინდელი დევნულებისას წარმატებით იღვწოდა ალექსანდრიაში, განსაკუთრებით სახელგანთქმული გახდა ყველა რწმენით აღძრულთან იმის გამო, რომ თბილად ღებულობდა ყველა წმინდანს, უცნობსა თუ ცნობილ მოწამეს და მათდამი გულითადობას იჩენდა. რადგან არა მხოლოდ საპყრობილეში მყოფებთან, არც უკანასკნელი განაჩენის გამოტანამდე დაკითხულებთან ერთად იმყოფებოდა, არამედ შემდეგაც სასიკვდილოდ მიმავალ წმინდა მოწამეებთანაც დიდ კადნიერებას იჩენდა და საფრთხეს არ ეპუებოდა... ფილოსოფიური ცხოვრების ასეთ მაგალითებს იძლეოდა მაყურებელთათვის, ბუნებრივია, მსგავსი მოშურნეობის მიმართ აღძრავდა მრავალ მოწაფეს, ისე რომ უკვე ურწმუნო წარმართებისგან, განათლებასა და ფილოსოფიაში განსწავლულთაგან თავისი დამოძღვრით არამცირედს წარიტაცებდა. თვით ისინი კი მისი მეშვეობით სულის სიღრმეში ღვთის სიტყვისადმი რწმენის ნამდვილად მიმღებნი სახელს იხვეჭდნენ მოწევნული დევნულების დროს, ისე რომ ზოგი მათგანი შეპყრობილ იქნა და მოწამებრივადაც აღესრულა".
(ევსები კესარიელის "საეკლესიო ისტორია", წიგნი 6, თავი 3)

ამ პერიოდში ორიგენე მთელი მოწოდებით შეუდგა ასკეტურ ცხოვრებას: დადიოდა ფეხშიშველი, ცოტა ეძენა, ბევრს მარხულობდა და თავის მატერიალურ მოთხოვნილებებს უკიდურესად ზღუდავდა. ევსების რწმუნებით, იმავე პერიოდში, იმისათვის, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სასწავლებლის უამრავი მსმენელი ახალგაზრდა ქალის გამო ცდუნებაზე უარის თქმა, ორიგენემ პირდაპირი მნიშვნელობით მიიღო მაცხოვრის სიტყვები: "არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს" (მათ. 19:12) და დასაჭურისდა. მას მიაჩნდა, რომ ასეთი ხელოვნური და საკუთარ პიროვნებაზე ძალადობის გზით სქესობრიობასთან დაკავშირებულ ზნეობრივ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ "გადაწყვეტდა". საუბედუროდ, ეს მტკივნეული ნაბიჯი მხოლოდ ახალგაზრდული უმწიფრობით გამოწვეული, ფანატიკური აღტკინება იყო.

დროთა მანძილზე ორიგენემ უარი თქვა საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებზე და თანდათან მის მიერ მართულმა ალექსანდრიის კათაკმეველთა სკოლამ ახალი ხასიათი შეიძინა, ანუ ერთგვარ ქრისტიანულ უნივერსიტეტად გადაიქცა. მასში რელიგიურის გვერდით საერო დისციპლინები შემოიღეს. სასწავლებელში ღებულობდნენ ყველას, ვინც მონათვლის კანდიდატად შეიძლებოდა მიჩნეულიყო - პრაქტიკულად სკოლა სწავლის ყოველი მსურველისათვის ხელმისაწვდომი გახდა:

"როდესაც ორიგენეს სახელი ყველგან განითქვა, მრავალი სხვა განათლებული პიროვნებაც მივიდა მასთან და გამოსცადა ამ კაცის სიძლიერე წმინდა წიგნებში. ათასობით მწვალებელი და განსაკუთრებით გამოჩენილ ფილოსოფოსთაგან არამცირედი მოშურნედ მიაპყრობდნენ მას ყურადღებას და, შეიძლება ითქვას, რომ საღვთო საგნებშიც და გარეშე ფილოსოფიაშიც მისგან ღებულობდნენ განათლებას. რადგან ხედავდა, რომ მრავალი იყო ბუნებით ნიჭიერი, ფილოსოფიის სწავლაში შეჰქონდა გეომეტრია და არითმეტიკა და სხვა დაწყებითი საგნები, წინ მიუძღოდა ფილოსოფოსებთან არსებულ მიმდინარეობებში და გადმოსცემდა მათ ნაშრომებს, თითოეულ მათგანს შენიშვნებს უკეთებდა და განიხილავდა. ასე რომ, თვით ელინებთანაც დიდ ფილოსოფოსად იყო მიჩნეული. მრავალი უფრო გაუნათლებელიც შეჰყავდა ჩვეულებრივ დაწყებით საგნებში, ამბობდა, რომ ამათგან არანაკლები სარგებელი ექნებოდათ მათაც საღვთო წერილის განხილვისა და შესწავლისათვის. ამიტომ თავისთვისაც განსაკუთრებით აუცილებლად მიიჩნევდა საერო ფილოსოფიურ სწავლებებში წვრთნას".
(იქვე, წიგნი 6, თავი 18)

იმის შესაბამისად, თუ რამდენად ფართოვდებოდა ორიგენეს ინტელექტუალური ინტერესები, მის სკოლაში იმდენად მრავალმხრივი მსოფლმხედველობა მკვიდრდებოდა. მტკიცდებოდა ურთიერთპატივისცემა ქრისტიანებსა და წარმართებს შორის. აი, როგორ იხსენებს ამ "ინტელექტუალურ სამოთხეს" ალექსანდრიული სკოლის კურსდამთავრებული (ნეოკესარიის ეპისკოპოსი) წმინდა გრიგოლ საკვირველმოქმედი:

...ჩვენ არაფერს გვიკრძალავდნენ და არაფერს გვიმალავდნენ. ერთი ინტელექტუალური სივრციდან გადავდიოდით მეორეში, გვქონდა შესაძლებლობა გვესმინა ბარბაროსისა და ელინისათვის, გაგვეგო საიდუმლოც და გამხელილიც, შეგვესწავლა ღვთაებრივიც და ადამიანურიც, გვესარგებლა ყოველგვარი ნაყოფით და დავმტკბარიყავით მთელი სულიერი სიმდიდრით; ეს იქნებოდა ჭეშმარიტების შესახებ რაიმე უძველესი სწავლება ან ამას რაღაც სხვაც შეიძლება ვუწოდოთ, - ერთი სიტყვით, ჩვენ, ბრწყინვალე უნარებითა და ცოდნით უზრუნველყოფილნი, ამ საოცარ ხილვებში სრულად ვიძირებოდით. ეს ყველაფერი ჩვენთვის ჭეშმარიტი სამოთხე იყო...
(წმინდა გრიგოლის "მიმართვიდან" ორიგენესადმი)

212 წელს ორიგენე ბიზანტიიდან რომში გაემგზავრა, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა რომის მომავალ ეპისკოპოსს იპოლიტს. 215 წელს ორიგენე არაბეთში (ახლანდელ ტრანსიორდანიაში (ჯვაროსნული ომების შემდეგ ასე იწოდება მდ. იორდანეს მთელი გაღმა - აღმოსავლეთი მხარე საზღვრის შემოუწერლად - რ. ჩ.)) ჩავიდა, ხოლო იქიდან, იმპერატორის სეპტიმუს სევერუსის დედის იულია მამეის მიწვევით ანტიოქიაში გაემგზავრა. 216 წელს იმპერატორ მარკუს ავრელიუსის დევნის დროს ორიგენემ თავი პალესტინას შეაფარა. ერთგულმა პალესტინელმა და კესარიელმა ეპისკოპოსებმა მას პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელების საშუალება მისცეს. კესარიაში ორიგენემ მოაწყო "ალექსანდრია მინიატურაში", ამასთან იგი მორწმუნეებისათვის ტაძარში წმინდა წერილის განმარტებას ეწეოდა. აქ ორიგენეს პირველად დაუპირისპირდა საეკლესიო იერარქია: ერისკაცის მიერ ორგანიზებული პედაგოგიური მოღვაწეობით უკმაყოფილო ალექსანდრიის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ ორიგენე კვლავ ალექსანდრიაში გაიწვია.

231 წელს ორიგენე საბერძნეთში გაემგზავრა და გზად, პალესტინაში ყოფნის დროს, ადგილობრივმა ეპისკოპოსმა იგი მღვდლად აკურთხა. ამ ფაქტმა ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიმიტრი კვლავ გააღიზიანა და იმ საფუძვლით, რომ საერო პირი ეპისკოპოსების წინაშე ქადაგებდა და იმის გამო, რომ საჭურისის სასულიერო პირად ყოფნა დაუშვებელია, დიმიტრიმ ხელდასხმა ორ ადგილობრივ კრებაზე დაგმო და ორიგენე ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადა. 232 წელს, დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ, ორიგენე პალესტინაში დაბრუნდა, აქ ბევრი ეპისკოპოსი მისი ყოფილი მოწაფე იყო. ორიგენემ კვლავ დაიწყო პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა და ისეთი დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა, რომ მისი ყოველი სიტყვა სტენოგრაფების მიერ ფიქსირდებოდა.

დეციუსის დევნის დროს ორიგენე ქალაქ ტირში იმყოფებოდა. ის იქ შეიპყრეს და მისი წამების შესახებ ევსები კესარიელის ისტორიაში ვკითხულობთ:

"ამგვარად, ის, თუ რა და რამდენი რამ შეემთხვა ორიგენეს დევნულებისას და როგორი იყო მისი აღსასრული, როდესაც უკეთურმა დემონმა ამ კაცის ჯიბრით მთელი ჯარები დარაზმა, და ყველა საშუალებითა და ძალით მის წინააღმდეგ სარდლობდა, და ვისაც კი მაშინ ეომებოდა, ყველასგან გამორჩეულად მას ესხმოდა თავს; თუ რა და რამდენი რამ დაითმინა ამ კაცმა ქრისტეს სიტყვის გამო, ბორკილები და ტანჯვა-წამება იწვნია სხეულზე, რკინაზე წოლა და საპყრობილის შიდა ჯურღმულებში ტანჯვა, და მრავალი დღის განმავლობაში საწამებელი ხის მეოთხე დანაყოფზე გაჭიმული ფეხები, დაწვის მუქარა, და რამდენ სხვა რამესაც მტრისგან მოვლენილს ახოვნად იტანდა; თუ როგორი იყო ამის დასასრული, როცა მსაჯული მთელი ძალით შეუპოვრად წინ აღუდგა მის მოკვლას; და ამის შემდეგ, თუ რა თხზულებები დაგვიტოვა, ხელის აპყრობის მსაჭიროებელთათვის სარგებელით სავსე, - [ყოველივე ამის შესახებ] ჭეშმარიტ და ზედმიწევნით [ცნობებს] შეიცავს ამ კაცის მრავალი ეპისტოლე".
("საეკლესიო ისტორია", წიგნი 6, თავი 39)

ამ შემთხვევაში ორიგენე შეიძლება იმის გამო გადაურჩა სიკვდილს, რომ იმდროინდელი რომაელი ჩინოვნიკები უწინარესად ცდილობდნენ ქრისტიანებისათვის რწმენაზე უარი ეთქმევინებინათ, ვიდრე სიკვდილით დაესაჯათ. მათ არ სურდათ მოწამეთა რიცხვის გაზრდა, რადგან მოსახლეობა ამ ადამიანებს უმალ გმირებად რაცხავდა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ორიგენეს ქრისტეს რწმენა არ უარუყვია, მაგრამ წამებამ და საპყრობილეში ყოფნამ ჯანმრთელობა შეურყია და 253 (4) წელს, ქალაქ ტირში, ორიგენე გარდაიცვალა. არ შესრულდა ორიგენეს ბავშვობის ოცნება - იესო ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებულიყო, მაგრამ ის აღმსარებელებს, ანუ იმ ადამიანების რიცხვს მაინც მიეკუთვნება, რომლებმაც რწმენისათვის მრავალი ტანჯვა დაითმინეს. ორიგენე ეკლესიურ ქრისტიანად გარდაიცვალა, უკიდურეს შემთხვევაში ის პალესტინის ეკლესიის წევრი იყო - ალექსანდრიის ეპისკოპოსთან შერიგება მან სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოახერხა.



ბეჭდვა
1კ1