ვინც უფალს მიენდობა, მასზე განისვენებს სიბრძნე
ვინც უფალს მიენდობა, მასზე განისვენებს სიბრძნე
თანამედროვეობის გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე, მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკი, იმისათვის, რომ სწორად შევიმეცნოთ ქრისტეს შეგონება - "ნუ ამაოდ ბრძნობთ", თავდაპირველად სიტყვა "სიბრძნის" მნიშვნელობაზე გამოთქვამს მოსაზრებას. მისი განმარტებით: "სიბრძნე უფალი ღმერთია. ვინც უფალს მიენდობა, მასზე განისვენებს სიბრძნე უფლისა და მისი გონებაც ნათელია, მაშასადამე, თითქოს სიბრძნე არ უნდა იყოს ცოდვა, მაგრამ მაცხოვარი ამბობს: "ნუ ამაოდ ბრძნობთ". რას ნიშნავს ეს სიტყვები, რა არის მისი არსი? თითქოს ყველა სწვდება ამ ფრაზაში ჩადებულ აზრს, მაგრამ არა ერთნაირად და არა საჭიროებისამებრ. მეუფე იოანეს სწავლებით, ორგვარი სიბრძნე არსებობს, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან: "პირველი ღვთისგან მომდინარეობს, ხოლო მეორე სიცრუისა და მზაკვრობის მთავრისგან. თუ რას ნიშნავს სიტყვა სიცრუე, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რადგან მას ხშირად ვაწყდებით ცხოვრებაში, მზაკვრობა კი იმგვარი სიცრუეა, რომლის ამოცნობა ყველას როდი შეუძლია. მზაკვრობა სწორედ იმაში მდგომარეობს, - შენიშნავს შახოვსკი, - რომ იგი ბუნდოვანი საფუძვლის მქონეა, ხოლო იმისათვის, რომ ჩავწვდეთ მზაკვრულ ჩანაფიქრს, დიდი ძალის, ენერგიისა და ზოგჯერ დროის დახარჯვაა საჭირო. როცა თითოეული ჩვენგანი მზაკვრობას თავისი დიდი ყურადღებისა და განსჯის საგნად აქცევს, ეყრდნობა მას, დასაშვებად მიიჩნევს მზაკვრული სიცრუის მორგებას, იმეორებს და თავისი ქცევით და საქმიანობით სხვისთვისაც მისაბაძი ხდება, ეს უკვე მზაკვრობით დაავადებისთვის საშიში სიმპტომია. სწორედ ამაოდ ბრძნობის ამ მზაკვრული სიცრუისგან თავდაცვას გვავალდებულებს სახარების ეს სიტყვები. როგორც მღვდელმთავარი შენიშნავს, სიბრძნე და ამაოდ სიბრძნე დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ადამიანი ბრძენი უნდა იყოს, მაგრამ მისი სიბრძნე ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს. სწორედ ამ სიბრძნის წყალობით შევძლებთ კეთილისა და ბოროტის განსხვავებას. ამ სიბრძნით დავიმსახურებთ მიტევებას და ცათა სასუფეველს, ბავშვიც ხომ პირველ რიგში მშობლებისგან ითხოვს განმარტებას, თუ რაიმე არ ესმის, ხოლო მას შემდეგ, რაც მას აუხსნის დედა ან მამა, ემორჩილება მათ ნებას. როგორც კეთილი და მიმნდობი ბავშვი, ჩვენც არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ განსჯას და ზეციურ მამას მივენდოთ. "ნუ ამაოდ ბრძნობთ" - გვიბრძანებს ქრისტე, რაც იმას ნიშნავს, რომ სახარების სიბრძნით ვიცხოვროთ, შევამოწმოთ ჩვენი აზრები და თუ შევნიშნავთ, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით ცდილობენ ჩვენს წარმართვას, ეწინააღმდეგებიან ჩვენს სულიერ წინსვლას და მხოლოდ ხორციელ მოთხოვნილებათა და ვნებათა ტყვეობაში გვითრევენ, მსწრაფლ უნდა განვიშოროთ ასეთი აზრები, როგორც უსარგებლო და დამღუპველი ჩვენი სულისათვის და გავიხსენოთ ქრისტეს სახარებისეული შეგონება: "ნუ ამაოდ ბრძნობთ".

ბეჭდვა
1კ1