"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
პროტოპრესვიტერი იოანე მეინდორფის ნაშრომი "წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი" წმინდა ვლადიმერის (ნიუ-ორკი, აშშ) სასულიერო სემინარიაში, მის მიერ 1970-1981 წლებში წაკითხული ლექციების ჩანაწერების მიხედვითაა შედგენილი. კურსი მიზნად ისახავს განისაზღვროს ისტორიული ვითარება, ღვთისმეტყველური ძიებებისა და იმ უმთავრესი საკითხების შინაარსი, რომლებიც მსჯელობასა და ახსნა-განმარტებას თავისთავად მოითხოვს.

* * *
ივანე თეოფილეს ძე მეიენდორფი დაიბადა 1926 წლის 17 თებერვალს მდინარე სენაზე მდებარე პარიზის გარეუბანში, პატარა ქალაქ ნეილში. მისი წინაპრები ძველი ოსტზეისელი ბარონების გვარის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც შვეიცარიიდან ესტონეთში გადასახლდნენ და რუსეთის მოქალაქეობა ჯერ კიდევ პეტრე I-ის ეპოქამდე მიიღეს. რევოლუციის შემდეგ ივანეს მშობლები, უფროს შვილებთან ერთად, თავიდან ფინეთში გადასახლდნენ, ხოლო შემდეგ დანიის გავლით საფრანგეთში დაიდეს ბინა. ივანეს მამა მხატვარი-პორტრეტისტი იყო და თავისი ხელობით არჩენდა ოჯახს. ფრანგულ სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად ხუთშაბათობით ივანე რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებულ სასწავლებელში ესწრებოდა გაკვეთილებს. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მიტროპოლიტ ევლოგისთან, რომლის გარშემოც რუსული ემიგრაცია იყო შემოკრებილი, იპოდიაკვნად (კერძოდიაკვნად) აკურთხეს.

მეიენდორფი "რუსულ პარიზში" იზრდებოდა. ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში კლასიკური ენებით დაინტერესდა, შეისწავლა ბიზანტიის ისტორია და პატროლოგია. სკოლის დამთავრების შემდეგ პარიზის (სორბონის) უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და პარალელურად წმინდა სერგის ინსტიტუტში სწავლობდა. თანდათანობით მასში გამოიკვეთა სურვილი, თავისი ცხოვრება საეკლესიო მსახურებისა და მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისათვის მიეძღვნა.

1949 წელს მეიენდორფმა ჯერ წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, ხოლო შემდეგ სორბონა დაამთავრა. ამ უკანასკნელში სადისერტაციო ნაშრომისათვის წმინდა გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველების შესახებ უკვე მამა იოანე მეიენდორფს 1958 წელს დოქტორის ხარისხი მიანიჭეს და ინსტიტუტში ეკლესიის ისტორიის პროფესორის თამამდებობაზე მიიწვიეს. პარალელურად მეიენდორფი ეკლესიოლოგიის საკითხებზე წერილებს ბეჭდავდა. ამ პერიოდში მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მამა ნიკოლოზ აფანასიევის "ევქარისტიულმა ეკლესიოლოგიამ", რაც იმაში აისახა, რომ მეიენდორფი ეკუმენისტურ მოძრაობას დაუკავშირდა.

საერთოდ, 50-იანი წლების მართლმადიდებლური პარიზის ცხოვრებას, მამა იოანეს სიტყვებით რომ ვთქვათ, "უიმედობა დაეტყო". პირველი ტალღის ემიგრანტები ერთიმეორის მიყოლებით იხოცებოდნენ, ამავე დროს ახალგაზრდობაში ინტენსიური ასიმილაციის პროცესი მიმდინარეობდა. ამ დროს რუსმა სასულიერო პირებმა და ღვთისმეტყველებმა გამოსავალი ამერიკაში დაინახეს. პირველი მამა გიორგი ფლოროვსკი გადასახლდა, შემდეგ - მამა ალექსანდრე შმემანი და პროფესორი ს. ვერხოვსკოი. 1958 წელს მამა იოანე მეიენდორფი ამერიკაში წმინდა ვლადიმირის სასულიერო სემინარიაში პროფესორის თანამდებობაზე მიიწვიეს. პარალელურად ის ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზანტიური კვლევის ცენტრში "დამბარტონ ოუკსში" მუშაობდა. 1967 წლიდან ლექციებს კითხულობდა ფერდემისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. მამა იოანე იყო ამერიკის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საზოგადოების თავმჯდომარე, ამერიკული პატრისტიკული ასოციაციის თავმჯდომარე, ამერიკის ბიზანტიური კვლევების აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და რიგი მსხვილი სასწავლო დაწესებულების საპატიო დოქტორი.

1984 წელს, წმინდა ვლადიმერის სემინარიის რექტორის პროტოპრესვიტერის ალექსანდრე შმემანის გარდაცვალების შემდეგ, სემინარიას სათავეში მამა იოანე ჩაუდგა და ეს თანამდებობა თითქმის სიცოცხლის ბოლომდე ეკავა. რექტორობის პერიოდში მამა იოანე მთავარ საქმედ სტუდენტების სამეცნიერო მოღვაწეობის ხარისხის ამაღლებას მიიჩნევდა. მამა იოანე უდიდეს ყურადღებას უთმობდა ტაძარში მიმდინარე ღვთისმსახურებას. მამაო ბიზანტიური ხატწერის დიდი სპეციალისტი და შემფასებელი იყო და, ბუნებრივია, მან უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა იმისათვის, რათა სემინარიის ტაძარი სწორედ ბიზანტიური სტილით მოხატულიყო. მისი საყვარელი ხატი "ევქარისტია" იყო, სადაც მაცხოვარი მოციქულებს აზიარებს: როდესაც წირვას ატარებდა, მამა იოანე ამ ხატის წინ ლოცულობდა.

რუსეთში ჩასვლის შესაძლებლობა მამა იოანეს მხოლოდ სემინარიის რექტორობის პერიოდში მიეცა. მან წაიკითხა ლექციები სასულიერო აკადემიებში, უნივერსიტეტებში, ის ქადაგებდა ტაძრებში, მიიწვიეს ტელევიზიაში.

1992 წლის 22 ივნისს მამა იოანე მოულოდნელად გარდაიცვალა. უკანასკნელ დღეებში ყოველდღიურად ეზიარებოდა, სიკვდილის წინ მონრეალის წმინდა მარიამის სახელობის საავადმყოფოში მოინახულეს წმინდა ვლადიმერის სახელობის სემინარიის თანამშრომლებმა, მასწავლებლებმა და სასულიერო პირებმა.

მამა იოანე ზაფხულის ცხელ დღეს გარდაიცვალა. ბოლო სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა, იყო: "Eუცჰარისტიც იცონ" ("ევქარისტიის ხატი"). შესაძლოა სურდა გამოეთქვა თავისი სიყვარული ევქარისტიისადმი, რადგან სწორედ ის იყო მთელი მისი ღვთისმეტყველებისა და ცხოვრების ცენტრი ან სემინარიის ტაძრის საყვარელი ფრესკა დაინახა, რომლის წინაც ძალიან ხშირად ლოცულობდა; შესაძლოა ის უკვე სულიერად ზეციურ ევქარისტიას, მარადიულ ლიტურგიას ხედავდა, რომელიც ცათა სასუფეველში უწყვეტად მიმდინარეობს და სადაც მაცხოვრის ერთგული მუშაკნი, როგორც წმინდა მოციქული პეტრე ბრძანებს: "რათა ამქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ" (2 პეტ. 1:4).
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი)
ბეჭდვა
1კ1