შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
მსოფლიო ომებს შორის წლებში ეკუმენისტური მოძრაობა სამი პარალელური მიმართულებით ვითარდეობდა. უწინარეს ყოვლისა ეს იყო კომისიის "რწმენა და ეკლესიური მოწყობის" მოღვაწეობა, რომელშიც მართლმადიდებლური, მათ შორის საზღვარგარეთის რუსული ეკლესიაც აქტიურად მონაწილეობდა. ასევე თავის საქმიანობას აგრძელებდა კომისია "ცხოვრება და მოღვაწეობა", რომელშიც ასევე მართლმადიდებლური სამყაროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. და ბოლოს, 1910 წლის ედინბურგის კონფერენციაზე საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო მისიონერულ საბჭოს, რომელიც ჯერ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ასოცირებული წევრი გახდა, ხოლო შემდეგ მთლიანად შეერწყა მას.

1938 წელს შეიქმნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მოსამზადებელი კომიტეტი, მაგრამ ეკუმენისტური მოძრაობის გეგმების განვითარებას მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ შეუშალა ხელი. ომის დამთავრების შემდეგ ქრისტიანული სამყარო კვლავ გამოცოცხლდა და გადაწყდა, რომ საჭირო იყო გაერთიანება მშვიდობის დაცვის მიზნით. ომის შემდგომ წლებში ევროპა მოწოდებული იყო ორი მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული კაცობრიობის ერთიანობა აღედგინა და მიიჩნიეს, რომ ქრისტიანული ძმობისა და ერთიანობის ხატი ამ საქმისათვის ყველაზე უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა.

1948 წელს ასეთ ატმოსფეროში ქალაქ ამსტერდამში შედგა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პირველი დამფუძნებელი ასამბლეა, რომელშიც ძირითადად პროტესტანტული 150 ეკლესია და ეკლესიური ორგანიზაცია შევიდა. ამ ასამბლეის მსვლელობის პროცესში ჯერ "რწმენა და ეკლესიური მოწყობა" და "ცხოვრება და მოღვაწეობა" გაერთიანდა, ხოლო შემდეგ მათ საერთაშორისო მისიონერული საბჭო მიუერთდა. აქ ჩაეყარა საფუძველი ეკლესიების მსოფლიო საბჭოს იდეოლოგიას, თუმცა მოგვიანებით ბევრი რამ არსებითად შეიცვალა. მართლმადიდებლური ეკლესიებიდან ამსტერდამის ასამბლეის მუშაობაში მხოლოდ კონსტანტინოპოლის და ელადის ეკლესიები მონაწილეობდა, საზღვარგარეთული რუსული ეკლესია ძირითადად პარიზის წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სახით იყო წარმოდგენილი.

თითქმის ამ პროცესის პარალელურად მოსკოვში შეიკრიბნენ მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები და ამ შეკრებაში მთელი მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი ნაწილი მონაწილეობდა. ეკუმენიზმისადმი კრების კრიტიკული დამოკიდებულების შესახებ ცნობილია და, როგორც წესი, ამას ხსნიან მთავრობის ზეწოლით, რომელიც ამ დროისათვის უკვე ცივ ომში იყო ჩართული. ცხადია, ამაში არის ჭეშმარიტების ნაწილი, მაგრამ ფაქტია, რომ კრების დოკუმენტებში ასახულმა ეკლესიის მსოფლიო საბჭოსადმი კრიტიკულმა დამოკიდებულებამ ამ ორგანიზაციის გავითარების შემდგომ პროცესზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა.

ეკლესიების მსოფლიო საბჭომ შემაჯამებელი დოკუმენტი 1950 წელს ეგრეთ წოდებული ტორონტოს დეკლარაციის სახით მიიღო და დღემდე ის წარმოადგენს ეკლესიების მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს. დეკლარაცია შედგენილ იქნა მართლმადიდებელი წარმომადგენლობის აქტიური მონაწილეობით, რომელთა შორის იყვნენ ისეთი სახელმოხვეჭილი ღვთისმეტყველები, როგორებიც მამა გიორგი ფლოროვსკი, თიატირის მიტროპოლიტი გერმანე, პროფესორი გ. ალივიზატოსი და სხვები გახლდნენ. უწინარეს ყოვლისა დაკლარაციაში ნათქვამია, რომ "ეკლესიების მსოფლიო საბჭო არ არის და არც არასოდეს შეიძლება გახდეს ზეეკლესია. ეკლესიების მსოფლიო საბჭოს მიზანია... ხელი შეუწყოს ეკლესიის ერთიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას და განხილვას". ასევე მნიშვნელოვანია განცხადება, რომ ეკლესიების მსოფლიო საბჭოს წევრობა ეკლესიებს არ ავალდებულებს საბჭოში შემავალი სხვა ეკლესიები, აღიარონ ეკლესიებად, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, გარდა ამისა, მონაწილე ეკლესიების მიერ იყო გამოთქმული ვალდებულება, "საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ერთმანეთს და თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც ძმურ ურთიერთობებს არ შეეფერება", სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავი შეიკავონ პროზელიტიზმისგან, რაც ძირითადად მართლმადიდებლური ეკლესიების მრევლზე ახდენდა უარყოფით ზეგავლენას. ტორონტოს დეკლარაციამ ასევე ოფიციალურად დაამტკიცა, რომ "არც ერთ შემთხვევაში არც ერთი ეკლესია არ აიძულებს სხვა რომელიმე ეკლესიას მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის სარწმუნოებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება".

რუსული მართლმადიდებლური ეკლესია და მასთან ერთად სლავური ეკლესიების უმრავლესობა ეკლესიების მსოფლიო საბჭოს წევრი 1961 წელს ნიუ დელიში მიმდინარე III ასამბლეაზე გახდა. ახლა ბევრს დავობენ იმ ჭეშმარიტი მიზეზების გამო, თუ რატომ გადაიდგა ასეთი ნაბიჯი, მაგრამ ერთი რამ ეჭვს არ იწვევს, ეს იყო საბჭოთა კავშირის სურვილი, ეკლესია მსოფლიოში თავისი ზეგავლენის ბერკეტად გამოეყენებინა, თუმცა, მეორე მხრივ, ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობა ეკლესიას საშუალებას აძლევდა გაძლიერებული ათეისტური ზეწოლა გარკვეულად შეემსუბუქებინა.

ამავე დროს, რუსულმა ეკლესიამ ეკლესიების მსოფლიო საბჭოს წევრობით მის აღმსარებლობაში მნიშვნელოვან ცვლილებას მიაღწია, კერძოდ საბჭოს საბაზისო მრწამსის ახალ რადაქციაში შეტანილ იქნა ცვლილება და წმინდა სამების შესახებ ჩაიწერა: "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო წარმოადგენს ეკლესიათა თანამეგობრობას, რომელიც წმინდა წერილის შესაბამისად, უფალ იესო ქრისტეს ღმერთად და მაცხოვრად აღიარებს, ამიტომ ყველა, ვისაც სურს საბჭოს წევრებთან ერთობა, უნდა აღიარებდეს ერთ ღმერთს, მამას, ძეს და სულიწმინდას".

ვატიკანის II კრების მიერ მნიშვნელოვანი შენიშვნებით მიღებულ იქნა დოქტრინა "ეკუმენიზმის შესახებ", სადაც ვკითხულობთ, რომ "ეკუმენისტურ საქმიანობაში ჭეშმარიტმა კათოლიკეებმა განდგომილი ძმებისათვის უდავოდ უნდა იზრუნონ". ამავე დროს, ეკლესიის მსოფლიო საბჭოსთან მიმართებით რომის კათოლიკური ეკლესიის მხრივ დაისახა გარკვეული ცვლილებების პერსპექტივა, რომელიც 1969 წელს მსოფლიო საბჭოს ჟენევის შტაბბინაში რომის პაპის პავლე VI-ის ვიზიტით დასრულდა. ამჯერად კათოლიკეები ეკლესიის მსოფლიო საბჭოს ცალკეულ განყოფილებებში მუშაობენ, მაგრამ რომის კათოლიკური ეკლესია საბჭოს წევრი არ არის, ის ოფიციალურად მხოლოდ "რწმენასა და ეკლესიური მოწყობასთან" თანამშრომლობს, რომელიც დღემდე რჩება ამ საბჭოს ერთადერთ საღვთისმეტყველო განყოფილებად.

ეკლესიების მსოფლიო საბჭომ მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ამ ცვლილებაში განმსაზღვრელი გახდა საბჭოს ღვთისმეტყველური შინაარსის შესუსტება და "პრაქტიკული ქრისტიანობის" გაძლიერება. როგორც უკვე ითქვა, დასაწყისში ეკუმენიზმი ორი საკმაოდ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით ვითარდებოდა, ერთი მხრივ იყო "ღვთისმეტყველური ეკუმენიზმი" - "რწმენა და მოწყობა", ხოლო მეორე მხრივ პრაქტიკული ეკუმენიზმი - "ცხოვრება და მოღვაწეობა" და ეკლესიების მსოფლიო საბჭოს შექმნა მხოლოდ ამ ორი მიმართულების გაერთიანების გამო გახდა შესაძლებელი, ამასთან ყოველი ერთეული თავის თვითმყოფადობას ინარჩუნებდა. ათწლეულების მანძილზე ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობა ასე თუ ისე ერთმანეთთან თანხმდებოდა, მაგრამ დროთა მანძილზე პრაქტიკულმა, ანუ სოციალურმა ეკუმენიზმმა შთანთქა ღვთისმეტყველური ეკუმენიზმი. ეს თუნდაც იმაში გამოვლინდა, რომ საბჭოს შიგნით პატივისცემის მიუხედავად კომისია "რწმენა და ეკლესიური მოწყობა" მეორეხარისხოვან მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოვლენების შემდგომმა გავითარებამ ეკუმენისტური მოძრაობის თანდათანობით რღვევას შეუწყო ხელი, სადღეისოდ ეს ტენდენცია საკმაოდ თვალნათელია.

ღვთისმეტყველური ეკუმენიზმის ყველაზე მნიშვნელოვან, თუმცა წინააღმდეგობრივ შედეგად დარჩა დოკუმენტი, რომელიც 1982 წელს "რწმენა და მოწყობის" კომისიაზე ქალაქ ლიმაში იქნა მიღებული. ეს არის დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაა "ნათლობა. ევქარისტია. მღვდლობა" და ის წარმოადგენს კომისიის მრავალწლოვანი საქმიანობის შედეგს. მასში თავმოყრილი და ჩამოყალიბებულია ამ სამი საიდუმლოსადმი იმ ეკლესიების დამოკიდებულება, რომლებიც ეკლესიების საბჭოს წევრები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის შემდგენლებს მიაჩნიათ, "აღწერილი მასალა საღვთისმეტყველო საკითხებში მნიშვნელოვან თანხვედრაზე მიუთითებს", შეუძლებელია ითქვას, რომ აქ დოკუმენტზე მომუშავე ყველა ეკლესიის შეჯერებულ პოზიცია ვხედავთ. "ნათლობა. ევქარისტია. მღვდლობა" უფრო არსებული შეხედულებების განზოგადებაა და ისეთი წერტილების მითითებაა, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეულ შეხებაში იმყოფებიან ან უბრალოდ ერთმანეთს ემთხვევიან. მეორე მხრივ, დოკუმენტი სხვადასხვა აღმსარებლობის იმ სიღრმისეულ წინააღმდეგობებს ასახავს, რომლებიც წარმოადგენენ აღმსარებლობისა და საეკლესიო ცხოვრების ფუნდამენტურ საკითხებს. ამასთან, დოკუმენტი გვიჩვენებს, რომ მის მიღმა მრავალი ღია და განუხილველი საკითხია დარჩენილი. მათ შორის ისეთმა საკითხებმა, როგორებიც არის ევქარისტიაში ქრისტეს ხორცისა და სისხლის არსებობა, სამოციქულო მემკვიდრეობითობა, საკითხი ქალთა მღვდელობის შესახებ, ამ დოკუმენტში ვერ პოვა სრულფასოვანი ასახვა და შესაბამისად სრულფასოვანი განმარტება. უფრო მეტიც, ამ და სხვა პრობლემებისადმი გაორებულმა დამოკიდებულებამ და დაუკონკრეტებელმა ფორმულირებებმა სავსებით განსხვავებული ინტერპრეტაციის პირობები შექმნა, რაც, სხვათა შორის, დოკუმენტების გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა. ეკლესიების მსოფლიო საბჭოს წევრი ეკლესიების უმრავლესობამ დოკუმენტის შესახებ საკუთარი გამოხმაურება გამოაქვეყნა, რომლებშიც მოცემული დებულებების სავსებით ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები იყო დაფიქსირებული.

ლიმაში მიღებული ტექსტი, გარკვეული თვალსაზრისით, ეკუმენისტური ღვთისმეტყველების უმაღლეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. მასში გამოვლინდა ძირითად სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებული საღვთისმეტყველო შეხედულებების მთელი მრავალფეროვნება და მათი განზოგადებული ვარიანტი მთელ ქრისტიანულ სამყაროს წარმოუდგინა. ასევე, აქ ჩვენ ვხედავთ მდგომარეობის გამოსწორების გზების მითითების მცდელობას, მაგრამ წმინდა საღვთისმეტყველო დონეზე არსებული პრაქტიკული წინააღმდეგობის გადალახვა, ცხადია, საწყისშივე განწირული იყო.

მოცემულ ეტაპზე ეკლესიების მსოფლიო საბჭოში 100 ქვეყნიდან დაახლოებით 330 ეკლესიაა გაერთიანებული. საბჭოს უმაღლეს ორგანოს ასამბლეა წარმოადგენს და მისი მოწვევა ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ხდება. ასამბლეა ირჩევს საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც მოწვევათა შორის საბჭოს ხელმძღვანელობას ახორციელებს. მთლიანობაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭო კოლეგიალურ ორგანიზაციად რჩება და მისი მართვა მიმდინარეობს ცენტრალური კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის მეშვეობით. ყველა სამუშაო ორგანო გაერთიანებულია ოთხ ერთეულად ან განყოფილებად და ყოველ მათგანს მუშაობის საკუთარი სფერო გააჩნია. კომისია "რწმენა და ეკლესიური მოწყობა" პირველ ერთეულში შედის.

ბოლო წლებში აშკარად შეიგრძნობა ეკუმენისტური მოძრაობის დეგენერაციის პროცესი და უნდა ითქვას, რომ ეს ჭეშმარიტებას შეესაბამება. აშკარაა, რომ გადაგვარება ხდება არა იმის გამო, რომ არ არის საჭირო ან შეუძლებელია ქრისტიანობის ერთიანობისაკენ სწრაფვა, არამედ იმის გამო, რომ ეკუმენისტურმა მოძრაობამ ამ ამოცანაზე უარი განაცხადა. ეკუმენისტური მოძრაობა იშლება არა იმიტომ, რომ ის ეკუმენისტური იყო, არამედ იმის გამო, რომ მას ჭეშმარიტებაში ერთიანობის მიღწევის მიზანი არ ამოძრავებს.
ბეჭდვა
1კ1