შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
როგორც ჩანს, VII საუკუნემდე, მანამდე, სანამ მრწამსში filioque-ს საკითხმა აღმოსავლური ღვთისმეტყველების ყურადღება არ მიიქცია, ლათინური სამყაროს გარეთ ამ სიახლის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამ გაუგებრობის გამოკვლევას წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა მოჰკიდა ხელი და საკითხის შესწავლის შემდეგ იგი ასეთ დასკვნამდე მივიდა: "მათ მრავალი მოწმობითა და საბუთით დაამტკიცეს, რომ ძეს სულიწმინდის არსებობის მიზეზად არ მიიჩნევენ. მათ ესმით, რომ ძე ღმრთისას და სულიწმინდის ერთიანი საწყისი მამა ღმერთია - ერთი შობით, მეორე - გამომავლობით. მაგრამ მათი ფორმულირების მიზანია გვიჩვენონ, რომ სულიწმინდა ძის მეშვეობით გადმოდის და ამ გზით სურთ დაამტკიცონ ერთიანობა ერთარსებისა". წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მიერ გამოყენებულ ფორმულირებაში "ძის მეშვეობით" ვიღაცამ შეიძლება გარკვეული ორაზროვნება დაინახოს. ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესახებ ჩვენ ქვემოთ გვექნება საუბარი.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ამ გზავნილმა აღმოსავლეთი მანამდე დააწყნარა, სანამ 808 წელს ფრანკი ბერი-მომლოცველები იერუსალიმში არ ჩამოვიდნენ. წირვის დროს მათ მრწამსი filioque-თი იგალობეს, და ეს ადგილობრივ ბერებს არ გამორჩენიათ. მოულოდნელობა ახალი მსჯელობის საგანი გახდა. ამავე დროს საყურადღებოა, რომ იერუსალიმის ეკლესიას ამ პრეცედენტის გამო არანაირი სანქცია არ გამოუყენებია.

პირველი მცდელობა filioque ეკლესიის საერთო ღირებულებად ქცეულიყო, დასავლეთმა 809 წელს აახენის კრებაზე სცადა. მიზეზები წმინდა ეკლესიურზე მეტად კვლავ ისტორიული იყო. გადაწყვეტილება სულიწმინდის მამისა და ძისაგან გამოსვლის შესახებ კრებამ ფრანკების იმპერატორ კარლოს დიდის ზეგავლენით მიიღო, რომელიც დოგმატურ საკითხებში იმის გამო მონაწილეობდა, რომ სურდა ბიზანტიის იმპერატორს სახელმწიფოებრივთან ერთად ეკლესიურ საქმეებშიც გატოლებოდა.

უნდა ითქვას, რომ filioque-მ დასავლეთის ეკლესიებში საყოველთაო აღიარება ადვილად ვერ მოიპოვა. ამ სწავლების დაკანონების მცდელობას VII-VIII საუკუნეებში სერიოზული დოგმატური დავები მოჰყვა, მსოფლიო კრების მიერ დაკანონებული მრწამსის შეცვლის წინააღმდეგ დასავლეთის მრავალი ცნობილი ღვთისმეტყველი გამოვიდა, ასეთი იყო მაგალითად ალკუინი. პაპმა ლევ III-მ კარლოს დიდი ვერ დაარწმუნა, უარი ეთქვა ფილიოქუე-ზე, მაგრამ იმის გამო, რომ "არასწორია იგალობო ან ჩაწერო იქ, სადაც მსოფლიო კრებამ მისი არსებობა უკანონოდ გამოაცხადა", filioque თავად კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნია.

IX საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფოტიმ ეს დასავლური სწავლება კრიტიკულად განიხილა. მან თავის ნაშრომში "სულიწმინდის გადმოსვლის საიდუმლოთამცოდნეობა" filioque-ს წინააღმდეგ მოყვანილი არგუმენტები ოთხ ჯგუფად ჩამოაყალიბა, ხოლო 879-880 წელს სოფიაწმინდის კრებაზე ნიკეისა და კონსტანტინოპოლის კრებებზე მიღებულ მრწამსში რაიმე ცვლილების შეტანა საერთოდ აიკრძალა. მაშინ დასავლეთის ეკლესიამ filioque-ს უარყოფა ფაქტობრივად პაპ იოანე VIII-ის თანხმობით დაამტკიცა.

სოფიაწმინდის კრების დადგენილებამ სულიწმინდის "ძისაგან გამომავლობის" დოგმატიზების პროცესი მხოლოდ დროებით შეაჩერა. 1014 წელს პაპმა ბენედიქტე VIII-მ filioque დასავლეთის ეკლესიის მრწამსის ტექსტში შეიტანა და ამით ეკლესიის გაყოფის ისედაც მომწიფებული პროცესი უფრო დააჩქარა. ბევრი ექსპერტი სამართლიანად მიიჩნევს, რომ 1054 წლის განხეთქილების მთავარი მიზეზი სულიწმინდის მამისა და ძისაგან გამოსვლის დოგმატიზებაზე მნიშვნელოვანი "ეპარქიური აზრის მსოფლიო საეკლესიო ერთიანობაზე მაღლა დაყენება იყო". filioque, როგორც დასავლეთის კერძო შეხედულება, თუნდაც თეოლოგუმენი, ანუ ეკლესიის ერთი ან რამდენიმე მამის მიერ გამოთქმული საღვთისმეტყველო აზრი, რომელმაც კრების სანქცია ვერ მოიპოვა, აღმოსავლეთისთვის საუკუნეების მანძილზე იყო ცნობილი. "დასავლეთის ეკლესიის ბევრი მამა, რომელიც filioque-ს ქადაგებდა, ცხოვრობდა და ისე კვდებოდა, რომ აღმოსავლეთთან კავშირს არ წყვეტდა, ზოგიერთ მათგანს აღმოსავლეთი დღესაც დიდი პატივით იხსენიებს. პატრიარქ ფოტის - პიროვნებას, რომელიც ამ სწავლების მიმართ გამორჩეულად უარყოფით დამოკიდებულებას ავლენდა, დასავლეთის ეკლესიასთან ურთიერთობა ბოლომდე არ შეუწყვეტია". ამრიგად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთში რეაქცია filioque-მ კი არა, მისმა დოგმატიზების მცდელობამ გამოიწვია. ამრიგად, ნათელი ხდება, რომ ამ პროცესში აღმოსავლეთის ეკლესია მსოფლიო კრებების მიერ მიღებული მთელი რიგი კანონების იგნორირებას დაუპირისპირდა. ასეთია მესამე მსოფლიო კრების 7 კანონი, რომლებიც კატეგორიულად კრძალავს მრწამსში ნებისმიერი ცვლილების შეტანას.

მსოფლიო ეკლესიაში filioque-ს გამო განხეთქილების შეტანის შემდეგ პოლემიკისა თუ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უნიის მცდელობის შემთხვევაში ეს საკითხი ყოველთვის მთავარი სადისკუსიო საგანი ხდებოდა. ამ დოგმატური მოსაზრების დასაბუთებას დასავლეთის სქოლასტიკოსებმა უამრავი ნაშრომი მიუძღვნეს. მათ შორის გამორჩეული ადგილი თომა აქვინელს უჭირავს. კათოლიკურ ეკლესიურ აზროვნებაში filioque-მ თავისი დოგმატური ადგილი საბოლოოდ ლიონის 1274 წლისა და 1437-39 წლების ფერარა-ფლორენციის გაერთიანებულ კრებებზე დაიმკვიდრა. აღმოსავლეთში filioque-მ საფუძვლიანი საღვთისმეტყველო შეფასება კონსტანტინოპოლის პატრიარქის გრიგოლ კვიპრელისა და გრიგოლ პალამას ნაშრომებში მიიღო.

1848 წლის "აღმოსავლეთის პატრიარქთა მრგვლივმოსავლელ" ეპისტოლეში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "სწავლება... სულიწმინდის გადმოსვლის შესახებ არის ერესი და ერესად იგი ამიტომ იწოდება, ამგვარად მოაზროვნეები კი ერეტიკოსები არიან. როგორც რომის პაპი უწმინდესი დამასი ამბობდა, "ვინც მამასა და ძეზე სწორად აზროვნებს, ხოლო სულიწმინდიას შესახებ არასწორად ფიქრობს, ერეტიკოსია".

XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში filioque-სთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის საქმეს რუსი ღვთისმეტყველები შეუერთდნენ. მათი გამორჩეული ინტერესი იმით იყო გამოწვეული, რომ გაჩნდნენ ძველი კათოლიკური მოძრაობის, რომელიც თავის თავში filioque-ს გულისხმობდა, მართლმადიდებლობასთან შემოერთების მსურველები. ამ სწავლების ბუნებასთან დაკავშირებით, რუსულ საღვთისმეტყველო მეცნიერებაში ორი ძირითადი ურთიერთსაპირისპირო აზრი გამოიკვეთა.

filioque-ს გამო ერთ დაპირისპირებულ მხარეს, თავისი ცნობილი თეზისებით, ვასილი ბოლოტოვი დგას. რიგ სხვა ღვთისმეტყველებთან ერთად ის მიიჩნევდა, რომ სწავლება filioque-ს შესახებ შეიძლება თეოლოგუმენად ჩაითვალოს და ვინაიდან ამ სწავლებამ ძველი აღმოსავლეთის ეკლესიისგან არაპირდაპირი აღიარება მოიპოვა, მას არსებობის უფლებაც გააჩნია.

ბოლოტოვის თანამედროვე მკვლევრების უმრავლესობა საპირისპირო აზრს გამოხატავდნენ, ხოლო მოგვიანებით ვლადიმერ ლოსკიმ საკითხი უფრო მწვავედ დააყენა. მას მიაჩნდა, რომ სულიწმინდის გამომავლობის შესახებ მართლმადიდებლურ და რომის კათოლიკურ თვალსაზრისებს შორის ღრმა დოგმატური განსხვავებებია და ეს არის სხვადასხვაგვარი ტრიადოლოგიური (სწავლება წმინდა სამების შესახებ) ტრადიციებისა და აზროვნების განვითარების მიზეზი.

ამრიგად, თუ filioque-ს ისტორიული როლი საკმაოდ ნათელი ხდება, მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული მისი საღვთისმეტყველო შეფასება. საქმე ისაა, რომ აღმოსავლეთის ზოგიერთი წმინდა მამა, მაგალითად, ხსენებული წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა გრიგოლ ნოსელი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ხაზს უსვამს, რომ ძის მიერ განგვეცხადა და გვებოძა სულიწმინდა, მაგალითად, წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: "სულიწმინდასაც მამისგან ვამბობთ და მამის სულად ვუწოდებთ მას. არ ვამბობთ სულს ძისგან, მაგრამ ძის სულად ვუწოდებთ მას, რადგან საღვთო მოციქული ამბობს: "ვისაც არ აქვს ქრისტეს სული, ის არ არის მისი" (რომ. 8:9). ვაღიარებთ აგრეთვე, რომ ძის მიერ განგვეცხადა და წილად გვებოძა იგი ჩვენ, რადგან თქმულია, შთაჰბერა და უთხრა მოწაფეებს: "მიიღეთ სულიწმინდა" (იოან. 20:29). ასევე VII მსოფლიო კრებისა და რომის პაპის ადრიანეს მიერ მოწონებულ პატრიარქ ტარასის მიერ წარმოდგენილ მართლმადიდებლობის განმარტებაში ვკითხულობთ: "მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა... და სულიწმინდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან ძის მეშვეობით გვებოძა".

დოგმატური ფორმულირების - "ძის წილად" ან "ძის მეშვეობით" - აზრი იმაში მდგომარეობს, რომ იგი განსხვავდება "გამომავლობისაგან". აქ ჩანს, რომ მამა ბუნებით არის მიზეზი და საწყისი სულიწმინდისა, რადგან ეს უკანასკნელი სამების ერთარსი წევრობის დასაბამს სწორედ მამისაგან იღებს. გამომავლობა მამისაგან ყოველივეს დასაბამისა და მიზეზისაგან გამომავლობაა, მაშინ როდესაც "ძის მეშვეობით" მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას ესმის როგორც წმინდა სამებიდან გამოსული "ძალის ბრწყინვალება", რომელიც სამყაროს მადლსა და ღვთაებრივ ნათელს ჰფენს.

XIII საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გიორგი კვიპრელმა ერთობ პოეტურად განმარტა სულიწმინდის "ძის მეშვეობით" გამომავლობის დოგმატური შინაარსი: "სულის საწყისი მამაა, მამაა ერთადერთი მიზეზი. სული ძესთან ერთად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიჭით, მამისგან იღებს თავის დასაბამს, ძის მეშვეობით მამიდან გადმოდის და ძესთან ერთად ბრწყინავს - ისევე, როგორც მზისგან ნათელი სხივებით გადმოდის, სხივების მეშვეობით ბრწყინავს, სხივებთან ერთად და შეიძლება ითქვას, რომ სხივებისგან ეფინება ქვეყნიერებას... წყალიც, რომელსაც მდინარიდან იღებენ, მისგან არსებობს; სინათლეც ხომ სხივით არსებობს, მაგრამ განსხვავებით ძისა და სულიწმინდის მამიდან გამომავლობისა, არც სხივია სინათლის მიზეზი და არც მდინარეა წყლის მიზეზი".

საღვთისმეტყველო აზროვნებაში როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთი წმინდა სამების სამი ჰიპოსტასური სახელიდან და წესრიგიდან გამოდიოდა. ეს ცოდნა თავად უფალმა მიმადლა ადამიანს. დაწერილია: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სულიწმიდის სახელით" (მათ. 28:19).

მეორე მხრივ, თავისდაუნებურად ადამიანური გონი ცდილობს ჩაწვდეს წმინდა სამების წევრთა ზეციური ყოფის საიდუმლოს და ამისათვის ის ისეთ ფერებს ეძებს, რომელთა მეშვეობითაც ეს ღვთაებრივი საიდუმლო, ჩვეულებრივი მიწიერი აზროვნებისათვის მისაწვდომი გახდება. აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ სამების მესამე წევრის შინაარსი ძირითადად მისი სახელიდან გამომდინარეობს და მის შესახებ უფრო სრულ ცოდნას წმინდა წერილი ჩვენ არ გვაძლევს.
ბეჭდვა
1კ1