შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი III. რომის კათოლიკური ეკლესიის სარწმუნოებრივი მოძღვრება
დოგმატი რომის მღვდელმთავრის სამოძღვრო უცდომელობის შესახებ

დოგმატი რომის პაპის სამოძღვრო უცდომელობის შესახებ ყველასათვის ცნობილ, ლეგენდარულ მოვლენად და კათოლიკური ეკლესიის "დაბრკოლების ლოდად" იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოგმატი არცთუ დიდი ხნის წინ, 1870 წელს, ვატიკანის პირველ კრებაზე იქნა მიღებული, თუ არ ჩავთვლით ინკვიზიციას, შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკური ეკლესიის არც ერთ ცდომილებას არ გამოუწვევია იმდენი გაუგებრობა, რაც ქრისტიანულ სამყაროში ამ უკანასკნელმა მოიტანა.

თუ გადავხედავთ ხსენებული დოგმატის მიღების წინაისტორიას, დავინახავთ, რომ ამა თუ იმ ფორმით რომის ეპისკოპოსის უცდომელობის დაკანონების მიმართ კათოლიკური ეკლესია და მისი ცნობილი მღვდელმთავრები ყოველთვის დიდ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდნენ. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ვატიკანის პირველი კრების მოწვევამდე 15 წლით ადრე ალექსი ხომიაკოვი წერდა: "დასავლეთის ეკლესიას და, კერძოდ, კათოლიკე აღმსარებლებს უკვე შუა საუკუნეებში მიაჩნდათ, რომ მათი პაპები უცოდველები იყვნენ". ასეთ შემთხვევაში, გამოდის, ვატიკანის პირველი კრების დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ, რომ პაპის ზოგადი უცოდველობა სამოძღვრო და ზნეობრივ უცდომელობის ჩარჩოებში მოექცა.

პირველი ათასწლეულის მანძილზე ქრისტიანული დასავლეთი თავისი საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკაში ერთმმართველობით კმაყოფილდებოდა, რაც ცალკეულ შემთხვევებში მიმდინარე საორგანიზაციო პრობლემების მოგვარებაზე დადებით ზეგავლენას ახდენდა. მაგრამ იმ პერიოდის ერთმმართველობა არასოდეს გასცდენია შესაბამის ჩარჩოებს და არ გადასულა დოგმატური უცდომელობის სფეროში. რომის კათოლიკური ეკლესია თავიდანვე ცდილობდა Fილიოქუე და სხვა სიახლეები უძველესი ფესვების არსებობით გაემართლებინა და ეს ახალშემოღებული დოგმატები უკვე არსებულ ტრადიციებად წარმოედგინა. დიდმა განხეთქილებამ რომის პაპის სამოძღვრო უცდომელობის იდეის კანონად გადაქცევის საქმეში უდიდესი როლი ითამაშა, რადგან ამ მოვლენის შემდეგ პაპი მართლმადიდებლური ჩარევისგან დამოუკიდებელი გახდა.

მსოფლიო ეკლესიური მთლიანობის დარღვევის შემდეგ რომის წინაშე საკუთარ აღმსარებლობით სივრცეებში ერთიანობის შენარჩუნების საკითხი დადგა. საქმე ისაა, რომ ამ განხეთქილების შედეგად რომი თავისთავად აღმოჩნდა მსოფლიო ეკლესიის მიღმა. ამ მოვლენის შესახებ ალექსი ხომიაკოვი წერდა: "ან ყველას ერთად ეძლევა ჭეშმარიტება... ან ყოველი ერთეული ცალკე ხდება მისი მფლობელი". რომი ერთიანობისა და უცდომელობის უგულებელყოფის მაგალითად თვითონვე იქცა, ამიტომ დასავლეთის ეკლესიებისგან მას ასეთივე მოლოდინი ჰქონდა. მსოფლიო ეკლესიური ერთობის ტრადიციის შესაბამისად, უნებლიეთ დასავლეთის მხარეს მოხვედრილ ეკლესიებში ჯერ კიდევ ცოცხლობდა თავისუფალ წევრთა თანაბარი ერთიანობის სული.

მეორე მხრივ, დასავლეთის ქრისტიანულმა გამოცდილებამ ისეთი ეკლიანი გზა განვლო, რომელსაც არ შეეძლო მის ბუნებაზე მტკივნეული კვალი არ დაეტოვებინა. ეს იყო: ინკვიზიცია, რეფორმაცია, განმანათლებლობა და ანტიეკლესიური რევოლუციები. ყველა ჩამოთვლილი თანმიმდევრულად არყევდა სწორი სულიერი არჩევანის შესაძლებლობის რწმენას და აძლიერებდა არჩევანის საჭიროების, საერთოდ განთავისუფლების სურვილს. ამიტომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ გასული საუკუნის მიწურულს კათოლიკური ეკლესიური თვითშეგნება უხმოდ დათანხმდა შემოთავაზებულ სიახლეს: მიიღო და ჯერ სამოძღვრო უცდომელობის პატივით შეამკო რომის მღვდელმთავარი, ხოლო შემდეგ სულიერ არჩევანთან დაკავშირებული მთელი პასუხისმგებლობა მას გადააბარა.

ამავე დროს, არც ის იქნება სწორი, ვთქვათ, რომ კათოლიკური ეკლესიური გონი პიროვნული სულის სახარებისეული თავისუფლების დაკარგვას აუღელვებლად დაეთანხმა. ვატიკანის I კრების მოწვევას წინ ეგრეთ წოდებული დიდი ულტრამონტანური მოძრაობა უსწრებდა, რომელიც ნაციონალური კათოლიკური ეკლესიების რომის პაპისადმი აბსოლუტურ მორჩილებას მოითხოვდა და ებრძოდა ისეთ საპირისპირო მხარეს, რომელიც ეკლესიაში კონსტიტუციური მონარქიის, ანუ ისეთი მმართველობის დამკვიდრებას ცდილობდა, რომელშიც მონარქის ძალაუფლება კონსტიტუციით იქნებოდა შეზღუდული. რომის მღვდელმთავრის უცდომელობის დოგმატის მიღებას დიდი წინააღმდეგობა თავად ვატიკანის კრებაზეც შეხვდა და მსვლელობის პროცესში მღვდელმთავართა უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად კრებაც კი დატოვა. კრების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი დიდ განხეთქილებამდე არსებული კათოლიკური ტრადიციების აღდგენის მიზნით ძველი კათოლიკური მოძრაობის სახელით გაერთიანდა. ერთხანს ამ მოძრაობის წევრი დასავლეთის ადგილობრივი ეკლესიების მსოფლიო ანუ მართლმადიდებლურ აღმსარებლობასთან დაკავშირების იმედი გაჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს არ განხორციელდა.

კანონი რომის მღვდელმთავრის სამოძღვრო უცდომელობის შესახებ დასრულებული სახით ვატიკანის I-მა კრებამ 1870 წელს მიიღო. ის შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული: "ვეყრდნობით რა ქრისტიანულ რწმენას, რომელიც წმინდა გადმოცემის საშუალებით დასაწყისიდან ჩვენამდე უცვლელად არის მოსული, ჩვენ... ვქადაგებთ და ვავრცელებთ ღვთივგანცხადებულ სწავლებას, რომ როდესაც რომის მღვდელმთავარი, როგორც მწყემსი და როგორც ყოველი ქრისტიანის მასწავლებელი, თავისი უმაღლესი მოციქულებრივი ძალაუფლებით და უფლის უშუალო დახმარებით, - რაც მას ნეტარმა პეტრემ აღუთქვა, - რწმენისა და ზნეობის საკითხებში მოძღვრავს მთელ ქრისტიანულ ეკლესიას, ის ისევე უცდომელია, როგორც ღვთის ნებით, რწმენისა და ზნეობის საკითხებში შეუცდომელია სრულიად ეკლესია, და ამდენად რომის მღვდელმთავრის ასეთი მახასიათებლები ეკლესიის თანხმობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ თავისთავადი, შეუვალი და შეუცვლელია".

ვატიკანის დოგმატი, როგორც მას იხსენიებენ, თავისი არსით რომის პაპის მისტიკურობის შეგრძნების მეორე მხარეა და ეს არის პაპის სამოძღვრო მნიშვნელობის გაფართოების შინა არსის გარეგნული გამოხატულება. თუ პაპი ისე ახლოსაა ღმერთთან, რომ მან უშუალოდ ღმერთისგან იცის, რა უნდა აკეთოს, უდავოდ შეუძლია და ზუსტად იმას აკეთებს რასაც უნდა აკეთებდეს, მაშინ ის თავისი მდგომარეობით წინასწარმეტყველი ყოფილა. ადამიანი ოცნებობს საკუთარი ტვირთი და პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბაროს, ამავე დროს, მას სურს სწამდეს, რომ ვისაც გადააბარებს საკუთარ თავისუფლებას, მან უნდა იცოდეს, როგორ განკარგოს იგი. უცდომელობის გარანტია კი მხოლოდ ჭეშმარიტებასთან სიახლოვეა. ლევ კარსავინის სიტყვებით რომ ვთქვათ: დოგმატი პაპის უცდომელობის შესახებ იყო "კათოლიკური იდეის ბუნებაში ლოგიკურად აღმოცენებული წარმონაქმნი. რადგან არსებობს ხილულად ჭეშმარიტი ეკლესია, მასშია ჭეშმარიტი სწავლება და მასშივე სუფევს ამ ჭეშმარიტი სწავლების დამცველი ძალა. ამიტომ, უსათუოდ საჭიროა ასეთი უმაღლესი ძალის შეხედულებები და გადაწყვეტილებები უცდომელობით იყოს გარანტირებული. სხვაგვარად შეუცნობელი იქნება ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება, ხოლო ასეთი ჭეშმარიტი ეკლესია, უბრალოდ, გაქრება და გაუჩინარდება".

უცდომელობისადმი სხვა დამოკიდებულებაა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ეს არის ეკლესიის უნარი ქრისტიანული სწავლება იმ სახით შეინარჩუნოს, როგორითაც ის თავად იესო ქრისტემ ყველა დროის ყველა ადამიანს დაუტოვა. "მართლმადიდებელი ეკლესია დოგმატური აზროვნების განვითარებაში ყოველგვარ პროგრესსა და სიახლეს გამორიცხავს. მართლმადიდებლური აზროვნება თავისი შინაარსით ყველა დროში და ყველგან იდენტურია და განვითარებაში მხოლოდ ღვთივმიმადლებული ჭეშმარიტებების შეცნობის სიღრმე შეიძლება იგულისხმოს, მაგრამ არამც და არამც მისი ობიექტური მოცემულობის თვალსაზრისით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიწმინდა კვლავაც აღავსებს უფლის მიერ ჩვენთვის ბოძებულ ჭეშმარიტებას, ხოლო თავად ეკლესიას არ აქვს ახალი ჭეშმარიტებების ძიების კურთხევა". როგორც 1848 წლის მრგვლივმოსავლელშია ნათქვამი: "ახალი სწავლების მაძიებლობა მართლმადიდებლური სწავლების შედეგად მიღებული რწმენის უკმარობაზე მეტყველებს. მაგრამ სრულად გახსნილი მართლმადიდებლური დოგმატის შინაარსით გამსჭვალული მორწმუნისთვის რაიმეს დამატება ან მოკლება აბსოლუტურად შეუძლებელი და წარმოუდგენელია..."

რომის მღვდელმთავრის უცდომელობის დოგმატი და მისი მოქმედების საგანი გაცილებით უფრო ფართოა და ის მხოლოდ სარწმუნეობრივი დოგმატის განმარტებასა და სწავლებას კი არ გულისხმობს, არამედ ქრისტიანულ აღმსარებლობაში ახალი სწავლება შეაქვს. თუ მაგალითად უცდომელობის მართლმადიდებლური გაგება მოქმედების თვალსაზრისით კონსერვატულია, ამის საპირისპიროდ კათოლიკური - პროგრესულია. თავად კათოლიკურ ეკლესიაშიც დოგმატურ განვითარებაზე საუბარი შესაძლებელი მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში გახდა და ისეთ საკითხებს შეეხო, რომლებიც არ შეიძლება ეკლესიის გაყოფამდე წარსულის მემკვიდრეობა ყოფილიყო. კარდინალი ჯონ ნიუმენი, რომლის სახელთანაც ამ სწავლების განვითარებაა დაკავშირებული, მოვლენას ასეთი სიტყვებით განმარტავს: "წმინდა წერილი იმ პროგრესულ წინსვლას იწყებს, რომელიც მისით არ დასრულებულა".

დოგმატური განვითარების იდეა გაჩნდა როგორც შემდგომში რომის პაპის უცდომელობის დამტკიცების აუცილებელი წინაპირობა. ასეთი ახალი დოგმატის მიღებას შესაბამისი კანონი ესაჭიროებოდა და რომის ეკლესიამ ასეთი დოგმატი მიიღო. რომის მღვდელმთავრის უცდომელობა კი დოგმატური განვითარების იდეის შემდგომში რეალიზაციის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მასზე უნდა აგებულიყო ახალი დოგმატების მიღების კანონიერება. ასეთი პერსპექტივის ერთადერთი კრიტერიუმი მხოლოდ რომის პაპი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მართლმადიდებლური მსოფლმხედველობით, უცდომელობა, როგორც ღვთის მადლი, მხოლოდ ეკლესიისა და მისი სიწმინდეების თავისებურებაა - ეკლესია უცოდველია და უცდომელია, რადგან ის წმინდაა. ღვთივბოძებული სიწმინდეების შენარჩუნებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ გონებით ჩასწვდე მის შინაარსს, ამისათვის აუცილებელია შინაგანი გამოცდილება, რომელიც ღმერთის შესახებ მართალ ცოდნად, ჭეშმარიტ ყოფიერებად, სიწმინდედ და უფალში ცხოვრებად გადაიქცევა.

სიწმინდის ეს ხელშეუვალი მადლი მთელი ეკლესიის კუთვნილებაა და მაცხოვრის სხეულის - ეკლესიის სრულყოფილებაა. ეკლესიურობა, როგორც იესო ქრისტეს სხეულის წევრობა, ჭეშმარიტების დაცვაში ყოველი მორწმუნის თანაბარ პასუხისმგებლობას გულისხმობს. როგორც მიწიერი, ისე ზეციური ერთიანი მსოფლიო სამღვდელოება და ჭეშმარიტი ქრისტიანი აღმსარებლები არიან მადლსა და სიწმინდეში, საიდანაც ნამდვილი რწმენა და უცოდველობა იბადება. როგორც 1848 წლის მრგვლივმოსავლელშია ნათქვამი: "ჩვენში არც პატრიარქებს და არც კრებებს არ შეუძლია დოგმატებში რაიმე ცვლილების შეტანა, რადგან კეთილგონიერების მფარველი თავად მაცხოვრის სხეული - ეკლესიაა, ანუ იესო ქრისტეს მორწმუნე ერია".

აშკარაა, რომ ვატიკანის დოგმატი ეწინააღმდეგება ეკლესიური სიმრთელისა და ჭეშმარიტი რწმენით ცხოვრების გაგებას. ის ქმნის ზღვარს აღმსარებლობით ჭეშმარიტებასა და ზნეობრიობას შორის, რადგან რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლების მიხედვით "მორწმუნე და სწავლული რომის პაპი კერძო ცხოვრებასა და თვითშეგნებაში ცოდვილია და შესაძლებელია ძალიან შემცოდეც იყოს, მაგრამ, როგორც უმაღლეს მღვდელმთავარს, როგორც უმწიკვლო ჭურჭელს სულიწმინდისა და როგორც ეკლესიის მოძღვარს, მას და მის ბაგეს თვით სულიწმინდა მართავს და აჟღერებს. გამოდის, რომ ჭეშმარიტების მფლობელსა და მცველს, რომის პაპსა და ჭეშმარიტებას შორის შინაგანი კავშირი და ერთიანობა არ ყოფილა". ამრიგად, გამოდის, რომ ჭეშმარიტება ეკლესიის ბუნება კი არა, მისი ინსტიტუტის თავისებურებაა, ანუ "ეკლესია იმის გამო კი არ არის უცოდველი, რომ ის წმინდაა, არამედ რომის მღვდელმთავარი ყოფილა მისი უცოდველობის მიზეზი" და მისი შემწეობით, საჭიროების შემთხვევაში, ეკლესიაზე ყოველთვის გადმოდის სული ღვთისა.

აღმსარებლობითი ჭეშმარიტების ეკლესიისგან გამოცალკევება არის პიროვნული თავისუფლებისა და პასუხისმგებლობისგან ლტოლვის ერთ-ერთი გამოხატულება, რაც, თავის მხრივ, ერთპიროვნული ეკლესიური მართვის ინსტიტუტის შექმნის შედეგია. რწმენა ეკლესიის ყოველი ჭეშმარიტი აღმსარებლის საკუთრებაა, ყოველი მორწმუნე მოწოდებულია ეკლესიაში ერთობით იცავდეს ჭეშმარიტებას, მაგრამ თავისი მოწყობის წესით დასავლური ეკლესია გაურბის ამ მთლიანობას და მისი დაცვის მთელ პასუხისმგებლობას ერთ ადამიანს - რომის ეპისკოპოსს აკისრებს. ეს უკანასკნელი კრების მიერ მინიჭებული ძალაუფლებით ჭეშმარიტებას სიწმინდის იმ სივრცისგან აცალკევებს, რომელშიც ეკლესიური სისრულის გამო შეიძლება სუფევდეს ჭეშმარიტება, რაც გულისხმობს, რომ უცოდველობა სამღვდელოებისა და მორწმუნეთა სიწმინდეში, ზეციერ და მიწიერ ეკლესიაში კი არა, რომის პაპისთვის ხელოვნურად შექმნილ ინსტიტუტში სუფევს.

ჭეშმარიტება მხოლოდ ეკლესიაშია. მართლმადიდებლური აღმსარებლობისთვის მიუღებელია, რომ ის რომელიმე ინსტიტუტზე, ადგილზე ან პიროვნებაზე იყოს დამოკიდებული. როგორც აღმოსავლეთის ეკლესიის პატრიარქთა 1848 წლის მრგვლივმოსავლელშია ნათქვამი: "წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ჩვენთვის მართმადიდებლურობა სავარძლის მიხედვით კი არა, მაცხოვრის ტახტით, ტახტზე მჯდომელით - ღვთის სიტყვით, საეკლესიო კანონებით და ყველასთვის ნაქადაგები სარწმუნოებრივი მრწამსით, ანუ ეკლესიის უწყვეტი მართლმადიდებლური სწავლებით განისაზღვრება".
ბეჭდვა
1კ1