შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი პირველი
ხატი - მარადისობის სარკმელი
საღვთისმეტყველო მეცნიერებებში შედარებითი ღვთისმეტყველების ადგილთან დაკავშირებული საკითხი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად არ წყდებოდა.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში შედარებითი ღვთისმეტყველება სხვადასხვა სახით, მაგრამ მაინც უკვე დამოუკიდებელ დისციპლინად იყო ჩამოყალიბებული, გასული საუკუნის დასაწყისში "მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ენციკლოპედია" ამ დისციპლინას დოგმატიკის ნაწილად მიიჩნევდა.

საერთოდ, ღვთისმეტყველების ამ საგნის მიზანი და ამოცანა "მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილთა და სხვა, თანამედროვე არამართლმადიდებლურ სწავლებათა კრიტიკული მიმოხილვაა". ქრისტიანული აზროვნების, რწმენის, ყოფიერების განხილვისა და განსჯის საჭიროება თითქმის ეკლესიის გაჩენასთან ერთად, მაშინ წამოიჭრა, როდესაც მორწმუნეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა პირველად გამოიკვეთა. გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ადრეულ ეკლესიაში და მით უმეტეს - კათოლიკე სწავლების ჩამოყალიბების მსოფლიო კრებების ეპოქაში აშკარად გამოიყენებოდა ის ელემენტები, რასაც ჩვენ ახლა შედარებით ღვთისმეტყველებას ვუწოდებთ.

ლოგიკურად, მსოფლიო კრებების ეპოქაში მიმდინარე დოგმატური დავების ანალიზი შედარებითი ღვთისმეტყველების განხილვის საგანი უნდა იყოს, მაგრამ ტრადიციულად ამ საკითხებს ეკლესიის ისტორია შეისწავლის, ხოლო ის პროცესები, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებების ეპოქას მოჰყვა, შედარებითი ღვთისმეტყველების კვლევის სისტემაში მოექცა. საგულისხმოა, რომ ეს დაყოფა აშკარად სამართლიანია, რადგან მასში ნათლად აისახება ის არსებითი განსხვავება, რომლითაც მსოფლიო კრებებისა და მისი მომდევნო პერიოდი ხასიათდება. იმას, რაც I-VIII საუკუნეებში ხდებოდა, ეკლესია ხშირად ყოფნა-არყოფნის ზღვრამდე მიჰყავდა და პროცესი ხშირად პიროვნული ტრაგედიითაც მთავრდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ჭეშმარიტების ძიება იყო. პრობლემების ძირითად მიზეზს ჯერ კიდევ შეუცნობელი მართალი რწმენა წარმოადგენდა და, როგორც წესი, ამ დავებისა და ძიებების დასრულების შემდეგ ეკლესიაში სიმშვიდე მკვიდრდებოდა და განვლილი გაუგებრობები რწმენის წიაღში ქრებოდა.

საეკლესიო კრებების მომდევნო პერიოდის ვერც ერთ განხეთქილებას ვერ მივაკუთვნებთ იმ კატეგორიის დავებს, რომელთა მიზეზიც ქრისტიანულ რწმენასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების ძიება შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ მიმართულებით ყველა საკითხი საეკლესიო კრებების ეპოქაში დასრულდა და იმ დროს მიკვლეული ჭეშმარიტებები დედაეკლესიის წიაღში საბოლოოდ განმტკიცდა და დამკვიდრდა, ხოლო ამ ახალი დროის დავებისა და ურთიერთდაშორიშორების მიზეზი ეკლესიურად უკვე განმტკიცებული კანონებიდან შეგნებული გადახვევა აღმოჩნდა. სწორედ ამ თავისებურებებით განსხვავდება შედარებითი ღვთისმეტყველების საგანი - დასავლური აღმსარებლობა საეკლესიო კრებების ეპოქის დოგმატური აზროვნებისგან.

ძირითადი დასავლური აღმსარებლობები
1. რომაულ-კათოლიკური ეკლესია, რომელიც 1054 წელს განუდგა ერთიან მსოფლიო ეკლესიას, ყველაზე მრავალრიცხოვანი, კარგად ორგანიზებული ქრისტიანული აღმსარებლობაა და მასში მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობაა გაერთიანებული. ეკლესიურ ცხოვრებასა და სწავლებაში მრავალი გადახვევის მიუხედავად, რომის ეკლესიამ ეკლესიურობის საფუძვლები მაინც შემოინახა და სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს, რომაული კათოლიკური სწავლება გარკვეული შენიშვნებისა და მითითებების გათვალისწინებით ეკლესიურად მივიჩნიოთ.

2. პროტესტანტული აღმსარებლობა რომის კათოლიკურ ეკლესიას XVI საუკუნეში, რეფორმაციის პერიოდში განუდგა. ამ გამოყოფის შედეგად ყველა პროტესტანტულმა აღმსარებლობამ ეკლესიურობის ის ძირითადი ნიშნები დაკარგა, რომლებიც კათოლიციზმმა შეინარჩუნა. შესაბამისად, მართლმადიდებლური თვალსაზრისით, არც ერთი სახის პროტესტანტული აღმსარებლობა ეკლესიურად არ ითვლება და მათ მიერ განხორციელებულ არც ერთ ეგრეთ წოდებულ საიდუმლოს ცხონების ძალა არ გააჩნია. განდგომის შემდეგ, ძალიან სწრაფად, თავად პროტესტანტიზმიც ცალკეულ სექტებად დაიყო და ყოველ ახალ სექტაში ის ისტორიული სინამდვილე აისახა, რომელიც შუა საუკუნეებში ევროპულ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმაციების თანმდევი იყო.

პროტესტანტიზმში სამი ძირითადი მიმართულების გამოყოფა შეიძლება:

* ლუთერანობა - პირველი პროტესტანტული მოძრაობა, რომელიც XVI საუკუნეში გერმანიაში დაიწყო და მისი სახელწოდება რეფორმაციის მამის მარტინ ლუთერის სახელს უკავშირდება. ლუთერანობაში ჩვენ ვხედავთ ტრადიციული ქრისტიანობისა და განახლებული ეკლესიური ცხოვრების ურთიერთდაკავშირების მცდელობას. რეფორმა თავიდანვე ცრუ გზით განვითარდა, რადგან რეფორმაციის მესვეურები განახლების საჭიროების დასაბუთებას ეკლესიური ცხოვრების უკუღმართად ახსნით ცდილობდნენ.

* რეფორმატორობა ან კალვინიზმი, ლუთერანობაზე ოდნავ მოგვიანებით, შვეიცარიაში გაჩნდა. მოძრაობის სახელწოდება უკავშირდება მისი დამაარსებლის ჟან კალვინის სახელს. ამ მოძრაობაში ვხედავთ რეფორმაციის განვითარების ყველაზე უფრო თანმიმდევრულ, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში აბსურდულ ფორმებამდე მიყვანილ პრაქტიკას.

* ანგლიკანობა, თავდაპირველად ინგლისელ ქრისტიანთა რომის კათოლიკური ეკლესიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ვითარდებოდა და ამიტომ ამ მოძრაობას ნათლად გამოკვეთილი საღვთისმეტყველო საფუძველი არ გააჩნდა. ამიტომ ანგლიკანურმა რეფორმაციამ უპირატესად პოლიტიკური ხასიათი შეიძინა, ხოლო საღვთისმეტყველო საკითხებში ევროპული რეფორმაციის გავლენის ქვეშ მოექცა. ეს გავლენა, ერთი მხრივ, კალვინიზმისგან მომდინარეობდა, ხოლო, მეორე მხრივ, შეიგრძნობოდა, რომ ანგლიკანობას არ შეეძლო და არც სურდა კათოლიკური ტრადიციების საბოლოოდ უარყოფა. შეიძლება ითქვას, ეს რეალობა დღემდეა შენარჩუნებული.

პროტესტანტიზმის დაქუცმაცების პროცესი არ დასრულებულა და მისი ძირითადი მიმდინარეობების ნიადაგზე ახალი მოძრაობები და სექტები დღესაც იქმნება. ეს ორგანიზაციები, ღვთისმეტყველური პოზიციებით, ერთმანეთისგან მკვეთრად განირჩევიან.

3. XX საუკუნემ ქრისტიანობის დანაწევრების საქმეში გარკვეული სიახლე შემოიტანა. კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკლესიის გაერთიანების მცდელობა მსოფლიო ეკუმენისტურ მოძრაობაში გადაიზარდა. იგი შესამჩნევი გახდა, მაგრამ თავისი ბუნების გამო ეს მოძრაობა ქრისტიანულ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო წინააღმდეგობრივ მოძრაობად და მოვლენად გადაიქცა.

რა მიზნებს ისახავს მართლმადიდებელი ქრისტიანული ღვთისმეტყველება, როდესაც შეისწავლის უცხო და მისი ბუნებისთვის შეუსაბამო არაჯეროვან სწავლებებს? რატომ "აკვირდება იმას, რაც შეუსაბამო და მიუღებელია ღირსეული აღმოსავლური მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიისთვის" (მიტროპოლიტი ფილარეტ დროზდოვი)?

მართმადიდებელი ქრისტიანებისთვის დასავლური ქრისტიანული სწავლებების ცოდნა საკუთარი რწმენის დასაცავად და სხვათა დასახმარებლად არის საჭირო. ჩვენს დროს, როდესაც თანამედროვე ადამიანი უამრავ სხვადასხვა სახისა და შინაარსის რელიგიურ ტრადიციებს ხვდება და ეცნობა, ამგვარი ცოდნის შეძენა სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. მართლმადიდებელს არა მხოლოდ სხვა, შეფარული სახით მოწოდებული კონფესიური თეორიების შეცნობა, არამედ ყოფიერებაში შენიღბული სახით შემოჭრილ ფასეულობათა გამორჩევაც უნდა შეეძლოს...

არამართლმადიდებლური სწავლებების ცოდნა ჩვენთვის საჭიროა, რათა ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში თავი ავარიდოთ ისეთ უნებლიეთ გაჩენილ შეცდომებს, რომლებიც ჩვენმა ძმებმა უკვე დაუშვეს. ამ თვალსაზრისით საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ დასავლურ ცხოვრების წესზე როგორ ზემოქმედებს ცალკეული ღვთისმეტყველური "სიახლეები", როგორ შეიცვალა და რა ფასეულობები დაეუფლა ადამიანთა გულებს. მხოლოდ ასეთი აქტიური და კომპეტენტური ქრისტიანული აზროვნების, ღვთისმეტყველებისა და ყოველდღიური ცხოვრების კავშირს შეიძლება დღეს მართლმადიდებლური ეკლესიურობა ვუწოდოთ.

ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლმადიდებლობა მსოფლიოს არამართლმადიდებელი მოსახლეობისთვის უნდა იღვწოდეს. "მართლმადიდებელ ქრისტიანებს არ აქვთ უფლება, ქრისტიანული სამყაროს ის ნაწილი დაივიწყონ, რომელიც ეკლესიის მიღმაა დარჩენილი". ჩვენ, მართლმადიდებლებს, ღმერთის შესახებ სრულად სწავლება გვაქვს მიღებული და ეს ცოდნა იმისთვის გვაქვს, რათა უქონელს გავუზიაროთ, დაწერილია: "უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით".

მართლმადიდებლობის ეკლესიური დამოკიდებულება არამართლმადიდებლებისადმი. სამი განჩინება მათთვის, ვინც მართლმადიდებლობაში მწვალებლობიდან მოვა და პირველგანწესებული საზღვრისა და ჩვეულებისამებრ შეწყნარებული იქნება
შედარებითი ღვთისმეტყველების საგანი მრავალ ქრისტიანულ აღმსარებლობას აერთიანებს და მათ მიმართ ჩვენი ეკლესიური დამოკიდებულებაც იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ვართ გარკვეული სხვა ეკლესიური (ან არაეკლესიური) სწავლების ბუნებასა და თავისებურებებში.

უწინარეს ყოვლისა, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ეყრდნობა მტკიცებულებას, რომ სისრულე ეკლესიურობისა და მასში არსებული სისავსე ღვთაებრივი მაცხოვნებელი ძალისა მხოლოდ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია დავანებული და იგი ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიებითა და შეუბღალავი ქრისტიანული რწმენით არის განმტკიცებული.


KARIBCHE

ნიკეის კრება

სხვა მხრივ, ცხადია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ასევე აღიარებს, ღმერთის გარკვეული მაცხოვნებელი ქმედება არა მხოლოდ ეკლესიის საზღვრებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება. "მართლმადიდებელი ეკლესია მოწმობს, რომ ქრისტიანული სამყარო, რომელიც ეკლესიის გარეთ იმყოფება, არ წარმოადგენს მისგან სრულიად მოწყვეტილ სივრცეს... და ეკლესიიდან მომდინარე მადლის ნათელი, მის ხილულ საზღვრებს სცდება და მიღმიერ არეს, ადამიანისთვის გამოუთქმელად... და უხილავად მოეფინება". ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაცხოვნებელი ძალისთვის, რომელიც ეკლესიის ხილულ ფარგლებს გარეთ ხორციელდება, მაცოცხლებელი წყარო მაინც მართლმადიდებლური ეკლესიაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ცხონება ეკლესიის გარეთაც არის შესაძლებელი, და მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობს თავად ეკლესია, რადგან მხოლოდ ის არის წყარო ღვთაებრივი მადლისა, რომელიც მასში სრულად გადმოდის და მაცხოვნებლად მის ფარგლებს გარეთ გაედინება. ამრიგად, ცხონება ეკლესიის ფარგლებს გარეთაც არის შესაძლებელი, მაგრამ ეკლესიის მაცხოვნებელი მყოფობის გარეშე შეუძლებელია.

ამ თვალსაზრისით, ყველაზე უფრო მტკივნეულია და შინაგანი წინააღმდეგობებით გაჯერებული რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობა. ცთომილებები კათოლიკურ სწავლებაში აშკარაა, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, სულიწმინდის გადმოსვლა, რწმენის დოგმატიკურ საფუძვლებს ეწინააღმდეგება. ამავე დროს, ჩვენთვის ხომ ცნობილია, რომ იესო ქრისტეს სხეული, რაც თავისთავად ეკლესიაა, არ შეიძლება დაზიანებული და ნაკლული იყოს. ჩნდება კითხვა: ეკლესიას, რომელიც თავის თავში სწავლების შეცდომილ შინაარსს ატარებს, შეუძლია თუ არა ჭეშმარიტი აღმსარებლობითი ძალის შენარჩუნება? ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა ძალიან რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მართლმადიდებლურ ეკლესიას სწამს, რომ რომს მცდარი კათოლიკური სწავლების გამო, ყველა პროტესტანტული აღმსარებლობისგან განსხვავებით, თავისი ეკლესიური ბუნება საბოლოოდ არ დაუზიანებია.

სწორედ არამართლმადიდებლურ კონფესიებსა და სწავლებებს შორის განსხვავების გამო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მიღებულ გამაერთიანებელ განჩინებებში გათვალისწინებულ იქნა და დამკვიდრდა არასწორი ქრისტიანული აღმსარებლობების დაზიანებათა თავისებურებები და მათი სწავლებების სხვადასხვაობა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან გამაერთიანებელ სამ განჩინებას ჯერ კიდევ IV-V საუკუნეებში გაუჩნდა საფუძველი. შემდეგ ეს განჩინებები მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების წესებით, კერძოდ, VI მსოფლიო კრების 95 კანონით, განმტკიცდა. ამ სამ განჩინებას ასეთი შინაარსი აქვს:

ა) განყენებულად მყოფი რელიგიური მოძრაობის წევრები, რომლებმაც ისტორიული და სარწმუნოებრივი კავშირი ქრისტიანობასთან შეინარჩუნეს, მაგრამ ქრისტიანული აღმსარებლობის შინაარსში არსებითი ცვლილება შეიტანეს, ეკლესიის წიაღში მხოლოდ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ შეიძლება იქნენ მიღებულნი. ნათლისღებამდე ასეთ მოძრაობებს ვერც "ქრისტიანულ აღმსარებლობას" და ვერც თუნდაც "ქრისტიანულ სექტას" ვერ ვუწოდებთ, მათ შესახებ მხოლოდ როგორც ფსევდოქრისტიანულ მოძრაობებზე შეიძლება ვისაუბროთ. "უპირველეს ყოვლისა ეს ისეთი ორგანიზაციებია, რომლებმაც წმინდა სამების შესახებ სწავლება იმდენად გადაასხვავეს და წაახდინეს, რომ ისინი უკვე წმინდა სამების ერთარსობასაც უარყოფენ (მაგალითად, იეღოველები), ან ისინი, რომლებმაც სრულიად შეცვალეს სწავლება მაცხოვრის ბუნებისა და პიროვნების შესახებ, ან უარყვეს მისი ღვთაებრიობა, ან მაცხოვრის განკაცების შესახებ ყალბ სწავლებას ავრცელებენ (ასე, მაგალითად, "თეთრი საძმოს" ან ეგრეთ წოდებული "ღვთისმშობლის ცენტრის" წარმომადგენლები)".

ბ) მირონცხების საიდუმლოს აღსრულების გზით მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობას შეიძლება შემოუერთდნენ ქრისტიანული სარწმუნოების ისეთი აღმსარებლები, რომლებსაც მიუხედავად ეკლესიურ მოწყობაში დაშვებული მნიშვნელოვანი ცდომილებებისა შენარჩუნებული აქვთ ქრისტიანული ცნობიერება. აქვთ წმინდა სამების რწმენა, სწორად ესმით ღვთის განკაცების დოგმატი, მაგრამ არ აქვთ მადლმოსილი ეკლესიური ყოფიერება, რის ნათელ საბუთადაც ის გვევლინება, რომ მათ მღვდელმსახურების მოციქულებრივი მემკვიდრეობითობა არ გააჩნიათ. ძველი საეკლესიო წესის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც ორგზის ნათლობა მიუღებელია, ასეთი აღმსარებლობის მქონე ქრისტიანების ეკლესიის წიაღში დაბრუნება მაინც მიზანშეწონილია, რადგან ეჭვს არ იწვევს, რომ ისინი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლები არიან. მართლმადიდებლად მათი მოქცევა მირონცხების საიდუმლოს განხორციელებით უნდა მოხდეს, რადგან მათ ეს წესი ან საერთოდ არ გააჩნდათ, ან თუ აქვთ, მასში არ მოქმედებს ღვთაებრივი მადლიერების ძალა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ გაერთიანებებში წესის აღსრულება მოციქულებრივი მემკვიდრეობითობის მქონე სასულიერო პირის მიერ არ ხდება. ამ განჩინებით მართლმადიდებლებად შეიძლება მოინათლონ "ლუთერანები, კალვინისტები და სხვა მეტ-ნაკლებად ტრადიციული აღსარების მქონე პროტესტანტები".

გ) დაბოლოს, მესამე განჩინებით - სინანულის საიდუმლოს განხორციელების ან მართლმადიდებლური რწმენის აღიარების გზით მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები შეიძლება გახდნენ ქრისტიანული რწმენის ის აღმსარებლები, რომლებსაც, სწავლების საფუძვლების გარდა, ეკლესიური მოწყობის ძირითადი პრინციპები აქვთ შენარჩუნებული და მოციქულებრივი მღვდელმსახურების წესებს თვალნათლივ აღასრულებენ. როგორც 1903 წლის 25 თებერვლის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გზავნილებაშია მითითებული: "ჩვენ პატივს ვცემთ ლათინური იერარქიის მოციქულებრივ მემკვიდრეობითობას და ამ ეკლესიის დასის იმ წევრებს, რომლებსაც მართლმადიდებელობის წიაღში გადმოსვლა გადაუწყვეტიათ, ისეთივე განჩინებითა და ღირსებით ვღებულობთ, როგორც ამას სომხების, კოპტების, ნესტორიანებისა და სხვათა მიმართ ვახორციელებთ, ანუ იმათ მსგავსად, ვისაც მოციქულებრივი მემკვიდრეობითობა დღემდე არ დაუკარგავს".

არამართლმადიდებლურ აღმსარებლობათა რწმენის სიწმინდისა და საეკლესიო ცხოვრების წესის ასე საგულდაგულო გამორჩევასთან ერთად მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, რომ მართლმადიდებლური ჭეშმარიტებები და ეკლესიური ცხოვრების წესის სიმრთელე სრულად არის შენარჩუნებული ადგილობრივ მართლმადიდებლურ სამრევლოებში.
ბეჭდვა
1კ1