ღმერთის შეხვედრა ადამიანთან
ღმერთის შეხვედრა ადამიანთან
იესო ქრისტესთან შეხვედრამდე განვლილი გზა
(მეექვსე ნაწილი)
დავითი - უფლისთვის გულით სათნო კაცი
ღმერთმა თვითონ აირჩია მეფედ დავითი, კაცი, რომელიც უფლის მცნებებს აღასრულებდა (3 მეფ. 11:32), მთელი გულით მიჰყვებოდა უფლის სიტყვას და უფლის თვალში მხოლოდ სიმართლეს იქმოდა (3 მეფ. 14:8). დავითი ღვთის "სიყვარულით შემოსილი" მეფის სამაგალითო ხატია და მეფობის ხარისხი სოლომონიდან (2 ნეშტ. 7:17; 3 მეფ. 3:3, 11:4,6), იერობოამიდან (3 მეფ. 11:38; 14:8) ეზეკიამდე (4 მეფ. 18:3) და იოსიამდე (4 მეფ. 22:2) მთელ ღვთისმორწმუნე სამყაროში ყოველთვის მისი პიროვნების მიხედვით იზომებოდა.

მეორე მეფეთა წიგნის 7:15-ში ნაბრძანებია: უფალმა მეფე დავითის გამო დაინდო სოლომონი (3 მეფ. 11:12-13), აბია (3 მეფ. 15:1-4 და შემდეგ), იუდა (4 მეფ. 8:19) და იერუსალიმი (4 მეფ. 19:34; 20:6); მეფის დალოცვა ფსალმუნში დავითის გამო ითქმის (ფსალმ. 131:10-18). წმინდა წერილში არა მხოლოდ მეფსალმუნე მეფე დავითი, არამედ თვით უფალიც კვლავ და კვლავ იმ აღთქმას იხსენებს, რომელიც მან დავით მეფეს დაუდო (ეს. 55:3; იერ. 33:14-17).

ახალ აღთქმაში მეფე დავითი წარმოდგენილია როგორც წინასწარმეტყველი (საქმ. 2:30) და რწმენით აღვსილი წინამძღოლი, რომელიც წარმართ მეფეებს ამარცხებს, ლომებს პირს უკრავს, სიმართლეს აღასრულებს და უფლისგან აღთქმას იღებს (ებრ. 11:33); მეფე დავითის შესახებ უფალი ბრძანებს: "ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას" (საქმ. 13:22 და შემდეგ).

სახარებაში თვით უფალი - იესო ქრისტე დავით მეფის ძედ იწოდება. დაწერილია: "იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო!" (მათ. 9:27, 15:22; რომ. 1:3; მათ. 22:42-45), ანდა: "აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს" (ლუკ. 1:31-32).

ამდენად, დავითი არა მხოლოდ ებრაელი ხალხის, არამედ ამ ქვეყნაზე ღმერთის სამკვიდრებლის მეფეა, რომლისთვისაც ლოცვაში ვიტყვით: "აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი". ჩვეულებრივი, ადამისეული ცოდვით დაზიანებული ბუნების მიუხედავად, სწორედ დავით მეფის პიროვნული თვისებების გამო გაჩნდა შესაძლებლობა, აღსრულებულიყო ღვთის ნება და კაცობრიობის ადამის პირველქმნილი ცოდვისგან გამოხსნის პროცესი დაწყებულიყო. გულით სათნო კაცის - დავითის მეფობის შემდეგ ღმერთი თავისთან შესახვედრად უკვე არა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებას, ოჯახს ან რომელიმე ერს, არმედ მთელ კაცობრიობას ამზადებს.

უფალი იესო ქრისტე - ღმერთი ყოველთა
მცდელობამ, ადამის მოდგმის ტერფს მისწვდომოდა, სატანისთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო. შვების სამოთხის მიღმა დარჩენილმა შემცოდე მოდგმამ ღვთის წყალობით იმდენი მოახერხა, რომ ბოროტებისა და კერპთაყვანისმცემლობის მორევში მთლიანად არ ჩაიძირა. ღმერთის რჩეული ხალხის ის ნაწილი გადარჩა, რომლის წიაღშიც უფლის - იესო ქრისტეს დაბადება მზადდებოდა. ადამიანის ძილისგან გამოფხიზლების ჟამი, დრო და ხსნა მოახლოვდა (რომ. 13:11). ნათელი გახდა, რომ ღმერთის მიერ გველის მიმართ გამოთქმულ სიტყვებში: "მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის და შენს თესლსა და მის თესლს შორის" (დაბ. 3:15) - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მობრძანება და კაცთა მოდგმის ცოდვისგან გამოსახსნელად სატანის წინააღმდეგ ბრძოლა იგულისხმებოდა.

ადამის ცოდვით დაცემიდან ღმერთის ძის განკაცებამდე - მანამ, ვიდრე ღმერთი დედამიწის ყოველი მკვიდრისთვის გასაგები და მისაწვდომი არ გახდა, წმინდა წერილში თანმიმდევრულადაა აღწერილი, როგორ შეხვდა უფალი აბელს, ნოეს, აბრაამს, იაკობს, მოსეს, დავითს, როგორ ხვდებოდა იგი სხვა წმინდა ადამიანებს და წინასწარმეტყველებს, ანუ მთელი ის განვლილი გზა, რომელიც კაცობრიობას იესო ქრისტესთან შეხვედრისკენ მიუძღოდა. უფალი ბრძანებს: "აჰა, დგება ჟამი… როცა უნდა ავახდინოთ სასიკეთო სიტყვა, რასაც ისრაელის სახლს და იუდას სახლს დავპირდი. იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში" (იერ. 33:14-15).

წმინდა პავლე მოციქული საკითხს ასე სვამს: "ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით" (რომ. 3:29-30). ერთია ღმერთი და ერთიანია ადამის შთამომავლობა. ამის შესახებ წმინდა ლუკა მახარებელი ბრძანებს: "ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი, რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან" (საქმ. 17:26-27). ლუკა მოციქული გვასწავლის, რომ ღმერთის ძიების წყურვილი და შეგრძნების უნარი უფალმა ყოველ ადამიანში - იუდეველებშიც და წარმართებშიც ­- თავიდანვე ჩადო. შესაბამისად, წინასწარმეტყველთა წიგნებში ჩაწერილი უფლის განკაცებისა და დაბადების ნიშნები კანონსა და წმინდა წერილში გაწაფულ იუდეურ ბუნებას უნდა შეეგრძნო ან შეექმნა იმის წინაპირობა, რომ ჩვენებით განცხადებოდა. მღვდელმთავრებს ახალშობილი უფალი უნდა მიეღოთ და ამის შესახებ მთელი ქვეყნიერებისთვის ეცნობებინათ.

ის, რაც იუდეველმა მღვდელმთავრებმა ვერ შეძლეს, წარმართებმა განახორციელეს: მათთვის მისაწვდომი ნიშნების საშუალებით მოგვებმა დაინახეს, გააცნობიერეს და ირწმუნეს მაცხოვრის მობრძანება; შემდეგ მიაკვლიეს და ამოიცნეს უფალი; დიდი საშიშროების მიუხედავად, დაუნდობელ ჰეროდე მეფეს ჩვილი იესოს ადგილსამყოფელი არ აცნობეს და ბოლოს, დროთა განმავლობაში ამ ღვთაებრივ ჭეშმარიტებას გულით, გონებით, სულით მისწვდნენ და ეზიარნენ.

ქრისტეშობა ანგელოზებმა მწყემსებს აცნობეს და იუდეველი მღვდელმთავრების ნაცვლად, პირველი სამოციქულო ქადაგება სწორედ მათ აღასრულეს.

ხარება და ღმერთის მუცლადღება
გაბრიელ მთავარანგელოზის ღვთისმშობელთან შეხვედრა ანუ ღვთისმშობლის ხარება
"და შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს, მიმადლებულო, უფალი შენთან არის. კურთხეული ხარ შენ დედაკაცთა შორის" (ლუკ. 1:28). ეს არის წუთები, როდესაც ღმერთმა ადამიანში განსხეულება უნდა დაიწყოს, რადგან დაწერილია "დაწინდული იყო... მარიამი, იოსებზე, და მათ შეუღლებამდე აღმოჩნდა იგი მუცლადღებული სულიწმიდისაგან" (მათ. 1:18). წმინდა იოანე ოქროპირი აზუსტებს: რომ არ გაჩნდეს კითხვა როგორ მოხდა ეს, ნათქვამია: "სულიწმიდისგანო". შემდეგ გვირჩევს, ნუ შევეცდებით იმის დაზუსტებას, როგორ შეიძლება ღმერთი ადამიანში განკაცდეს, რადგან ღვთაებრივ საიდუმლოთაგან ადამიანისთვის ბევრი რამ მიუწვდომელია.

ცოდვით დაცემის შემდეგ უფალმა დედაკაცს მძიმე მომავალი უწინასწარმეტყველა. უთხრა: "ტანჯვით შობ შვილებსო" (დაბ. 3:16), ახლა კი ეს ტანჯვა სიხარულით უნდა შეიცვალოს. მთავარანგელოზი წმინდა მარიამს მიმართავს: "გიხაროდენ, მიმადლებულო!" მარიამმა იცის დედაკაცის დაწყევლის შესახებ, ამიტომ ანგელოზი განუმარტავს: "უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". როგორც ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი წერს: იმისათვის, რათა მარიამმა უშფოთველად მიიღოს და გააცნობიეროს ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, ანგელოზი ამშვიდებს: "ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა". ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ მადლის შინაარსია, რადგან ღვთის მადლი ამ წუთებამდე მრავალ ადამიანს მიუღია და სულ სხვაა მადლი, რომელიც მარიამმა პოვა. ამ მადლით იწყება მეორედ დაბადება და შემდეგ განღმრთობა.

რატომ მოხდა ისე, რომ ღვთის წინაშე მიანცდამაინც მარიამმა პოვა ასეთი მადლი? წმინდა გადმოცემაში ვკითხულობთ: "ღვთისმშობელი როგორც სხეულით, ისე სულით და გულით იყო ქალწული. მას ახასიათებდა: კეთილგონიერება, უმანკოება და ღვთისმორჩილება, წიგნიერება და შრომისოყვარეობა". ეს ღვთის მიმართ იდეალური დამოკიდებულებაა. მოგვიანებით უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა", და კიდევ: შეიყვარო "მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (ლუკ. 10:27); სწორედ ასეთად ახასიათებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წმინდა გადმოცემა: "ის იყო წინდახედული, სიტყვასწორი და სიტყვამცირე. წესად ჰქონდა უშურველობა. ის არასოდეს არავის შეურაცხყოფდა. თვალშისაცემი იყო მისი მუდმივი კეთილმოსურნეობა. სინამდვილეს ყოველთვის საღად აფასებდა და ყოველგვარ ქება-დიდებას გაურბოდა. მის სახეზე არავის შეუნიშნავს დამდურება ან წყრომა. მორიდებული ადამიანის გვერდით არასოდეს გამოუხატავს მედიდურობა, არ განრიდებია უმწეოს, უსანათოსა და გასაკითხს. მისი მზერიდან მძლავრობა და სუსხი არასოდეს გამოსჭვიოდა. მის ბაგეს წინდაუხედაობა არ მოსწყვეტია. მისი ქმედებით უხერხულობა არასოდეს შექმნილა: ქცევით ყოველთვის მორიდებული იყო; საქციელი - წყნარი, ხმა კი თანაბარი ჰქონდა; ისე რომ, სიწმინდით აღსავსე მისი სული მუდამ გამოვლინდებოდა მის სრულყოფილ გარეგნობაში". ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალმა ადამიანი თავის სახედ და ხატად - თავისუფალ არსებად შექმნა და ჩვენი თანხმობის გარეშე უფლის მიერ ჩვენთვის გაკეთებული ნებისმიერი კარგი საქმე ყოველგვარ აზრს დაკარგავს. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მას შეუძლია კრიტიკულ მომენტში სწორი არჩევანის გაკეთება. ასეთი იყო მარიამი. ეს და ადამის ცოდვით დაზიანებული ადამიანის შესაძლებლობისთვის მაქსიმალურად მიღწევადი ყველა სხვა თვისება, ღვთის შეწევნით, ყოვლადწმინდა მარიამმა საკუთარ პიროვნებაში განახორციელა და სამუდამოდ დაამკვიდრა. ევას შემდეგ, რომელმაც ცოდვით დაცემის შედეგად კაცთა მოდგმის პირველ შვილად კაენი შვა, მარიამი თავისი ადამიანური ბუნებით გამოირჩეოდა. ეს იყო დედაკაცი, რომლის თესლსაც მაცდური გველისთვის თავი უნდა გაეჭეჭყა.

ყოვლადწმინდა მარიამის ძე, ჩვენი მოდგმის ხსნისთვის მოსული, სამართლიანად იწოდება "იესოდ", ვინაიდან ეს სახელი, ბერძნულიდან თუ ვთარგმნით, ნიშნავს "ხსნა ღმერთისგანაა". განმარტების შესაბამისად, "იესო" მხსნელს ნიშნავს. სხვაგვარად, ვინც გველს თავი უნდა გაუჭეჭყოს, მხსნელია. დაწერილია: "და იყოს დიდ და ძე მაღლისა ეწოდოს". "ძედ მაღლისა" ხილული კაცი იწოდება, რადგან ერთი პიროვნება იყო ძე მაღლისა და ძე ქალწულისა. სიტყვა "ძე მაღლისა" ანუ ძე ღვთისა უწინარეს საუკუნეთა იყო, მაგრამ ასე არ იწოდებოდა, ხოლო როდესაც დედაკაცისგან ხორცი შეისხა და განკაცებული მოგვევლინა, უკვე ხილულსა და სასწაულმოქმედს "ძე მაღლისა" ეწოდა. როდესაც ვკითხულობთ: "და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს", - ნუ იფიქრებთ ხორციელ მეფობაზე, არამედ იფიქრეთ ღვთაებრიობაზე, - წერს ნეტარი თეოფილაქტე, - რომლითაც თავისი ღვთაებრივი მოძღვრებით იგი ყოველ ხალხზე გამეფდა, ხოლო "სახლი იაკობისი" ეწოდება მორწმუნეებს, როგორც ებრაელთაგან, ისე სხვა ხალხთაგან".

მიგებება
"ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" (ლუკ. 1:34). ყოვლადწმინდა ქალწულმა წმინდა წერილი კარგად იცოდა და უწყოდა, რომ ქალწულისგან არასოდეს არავინ გაჩენილა. წმინდა თეოფილაქტე წერს: "ქალწულმა იმიტომ კი არ იკითხა, რომ ანგელოზისგან არ ირწმუნა, არამედ იმის გამო, რომ მან, როგორც გონიერმა პიროვნებამ, მოვლენის შინაარსში გარკვევა მოინდომა". "მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ" (ლუკ. 1:35). ამგვარი მაგალითის ზუსტი ანალოგი არც წმინდა წერილში და არც წმინდა გადმოცემაში არ ყოფილა. უფრო მეტიც: ამგვარი შეხვედრა ღმერთთან ჩვეულებრივ, მიწიერი პრობლემებითა და ინტერესებით დატვირთულ ადამიანს აბნევს და კაცმა საკუთარ თავში იმ ცოდნასაც შეიძლება ვერ მიაკვლიოს, შეხვედრამდე რომ ჰქონდა. ამის ნათელი მაგალითი ანგელოზთან ზაქარიას შეხვედრაა: მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წერილში განსწავლული კაცი იყო და არაერთი ბიბლიური მაგალითი იცოდა, ზაქარიამ მაინც ვერაფერი გაიხსენა და ვერ მიხვდა, რომ ღვთის ნებით ბერწ დედაკაცს შეიძლებოდა შვილი გაეჩინა.

წმინდა ქალწულის სრულიად ნათელ გონებას განა რა ცოდნა უნდა გაეთვალისწინებინა იმისათვის, რომ მიეღო და დაეჯერებინა ასეთი სასწაულებრივი ხარება? ჯერ ერთი, წმინდა ქალწულმა იცოდა წმინდა წერილი, სადაც წერია: "ამისთვის თვით უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ" (ეს. 7:14). გადმოცემის მიხედვით, წმინდა მარიამი ხშირად ფიქრობდა ამ ღვთაებრივ სასწაულზე და ოცნებობდა იმ ქალწულის მსახური ყოფილიყო, ვისგანაც უფალი უნდა განკაცებულიყო. და კიდევ, წმინდა წერილში ვკითხულობთ: "ხოლო ქუეყანაი იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაი იქცეოდა ზედა წყალთა. და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი" (დაბ. 1:2-3). თუ ამ მუხლის გვერდით წავიკითხავთ მთავარანგელოზის ხარების სიტყვებს (ლუკ. 1:35), გარკვეულ მსგავსებას დავინახავთ. წმინდა მარიამმა, ცხადია, კარგად იცოდა დაბადების წიგნი და შესაბამისად სულიწმიდისა და "მაღლის ძალის" შესახებ მრავალჯერ უფიქრია. ამასთან, გავიხსენოთ წმინდა თეოფილაქტე ბულგარელის ერთი კომენტარი: "ერთნი ამბობენ, რომ როდესაც უფალმა განანათლა საშო ქალწულისა, მაშინვე იქმნა სრულყოფილი ჩვილი, ხოლო მეორენი არ იღებენ ამას. მაშ, უსმინე, რას ამბობს თავად მთავარანგელოზი: "ამისათვის შობილსა მას წმიდა ეწოდოს", ანუ ის, ვინც თანდათან იშვა საშოდან, არის ძე ღმრთისა. ცდებოდნენ ნესტორი და მისი მიმდევრები, როცა ფიქრობდნენ, რომ ქალწულის საშოში ძე ღმრთისა კი არ გახორციელდა, არამედ უბრალო ადამიანმა, მარიამისგან შობილმა, შემდგომში ღმერთი გაიხადა თანამგზავრად. შესაბამისად, ერთი და იგივეა ძე ქალწულისა და ძე ღმრთისა. შეხედე, როგორ მიუთითა წმინდა სამებაზეც, რადგან დაასახელა სულიწმინდა, ძალი ანუ ძე ღმრთისა და მაღლის ხსენებით - მამა ღმერთი".

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: შესაქმის დროსაც ქვეყანაზე ყველაფერს ხომ ღვთის სული ანუ სულიწმინდა დასტრიალებდა და ყველაფერი ხომ ღმერთის სიტყვით აღორძინდა და გამრავლდა; მაშ, რა განსხვავებაა შესაქმის პროცესსა და ქალწულისგან ღმერთის ძის განკაცებას შორის? საქმე ისაა, რომ შესაქმის შემთხვევაში დაწერილია: "და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან..." და "და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა". ამ შემთხვევაში კი ანგელოზი ახარებს ქალწულს: "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის". მართლაც, რამდენი საოცარი და სასიხარულო ცნობაა ამ მოკლე წინადადებაში და ასე მოულოდნელად მისი შინაარსი მხოლოდ ყოვლადწმინდა და ღვთის სიყვარულით სავსე, წმინდა წერილის ღრმად მცოდნე ადამიანს შეეძლო ამოეცნო. ადამის შთამომავალთაგან ასეთი მხოლოდ ქალწული მარიამია. "აჰა მხევალი უფლისაი; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი" (ლუკ. 1:38). ამ წამიდან კაცი არა მხოლოდ დამხმარეა უფლისა, როგორც მოსე, დავითი და სხვა დიდი პიროვნებები იყვნენ, არამედ დადგა დრო, როდესაც ადამიანი წმინდა სამების საქმის თანამონაწილე უნდა გახდეს.

შეხვედრა იოანე ნათლისმცემელსა და ელისაბედთან, ანუ ქვეყნის ხარების დასაწყისი
მთავარანგელოზის სიტყვები: "აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თვისსა, და ესე მეექუსე თუე არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ" (ლუკ. 1:36), - იყო ნიშანი იმისა, რომ მარიამს ელისაბედი მოენახულებინა. სტუმრობას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. მარიამისთვის ეს ამბავი სასიხარულო იყო, რადგან ტექსტიდან ჩანს, რომ მან არ იცოდა 70 წლის ელისაბედის ფეხმძიმობის შესახებ, მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ ეს იცოდა მთავარანგელოზმა, რომელიც მარიამს ესაუბრებოდა. ამასთან, მარამისთვის ნათელია, რომ ორივე შემთხვევა ღვთის ყოვლისშემძლეობით განხორციელდა და ქალწული კიდევ ერთხელ დარწმუნდა: "არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაი" (ლუკ. 1:37).

***
"და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა" (ლუკ. 1:39). ზაქარიას სახლი, როგორც ლევიტელისა და იუდეველი მღვდლისა, იერუსალიმის ტაძრის მახლობლად უნდა მდგარიყო. მანძილი ნაზარეთის გალილეიდან იუდეის მთიანეთამდე კი 100 კილომეტრს აღემატება. მიტროპოლიტი ბენიამინ ფედჩენკო წერს, რომ იმ დროს ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობის სამზადისს ორი-სამი დღე დასჭირდებოდა. სხვა წყაროები კი გვამცნობენ, რომ მარიამს საკმაოდ რთული გზა ჰქონდა გასავლელი და მის გავლას, სულ მცირე, ხუთი დღე მაინც ესაჭიროებოდა. შესაბამისად, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ ხარება ახალი სტილით 7 აპრილს იყო, მარიამი ელისაბედთან 15 აპრილის შემდეგ უნდა ჩასულიყო. ამ თარიღებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მათ შესახებ მოგვიანებით კიდევ გვექნება საუბარი.

ვიცით, რომ ელისაბედთან, უფრო სწორად, იოანე ნათლისმცემელთან, შეხვედრამდე საიდუმლოს შესახებ, რომელიც მთავარანგელოზმა წმინდა მარიამს გაუმხილა, სამყაროში ჯერ არავინ იცოდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ მუცლადღებული იყო იოანე, მის პიროვნულ მისიასთან დაკავშირებული საიდუმლო მასზე ადრე სხვას არ უნდა შეეტყო. მთავარანგელოზის მინიშნებაში ელისაბედის ფეხმძიმობის შესახებ ესეც უნდა ვიგულისხმოთ. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ასე განგვიმარტავს: "ამიტომაც ისწრაფვის ქალწული მარიამი ელისაბედისკენ, ხოლო განსაკუთრებული ღვთიური ნიჭით შემკული იოანე ქალწულის ხმის გაგონებაზე შეკრთა დედის სხეულში. ეს კი იმის ნიშანია, რომ იგი წინასწარმეტყველებზე უმეტესია (მათ. 11:9). წინასწარმეტყველები ასეთი ნიჭის ღირსნი მხოლოდ თავიანთი დაბადების შემდეგ ხდებიან, ხოლო იოანეს დედის მუცელშივე მიემადლა ამგვარი უნარი. ქალწულმა მოიკითხა ელისაბედი, ანუ მასთან საუბარი დაიწყო. ქალწულის ხმაში განხორციელებული უფლის ხმა იყო და ამიტომაც უფალმა წინამორბედსაც მიანიჭა მადლი, უკვე დედის სხეულში ეწინასწარმეტყველა. ამრიგად, ელისაბედის მიერ თქმული მარიამის მიმართ ელისაბედის წინასწარმეტყველება კი არა, ჩვილისა იყო; ელისაბედის ბაგეები იოანესგან წარმოთქმულს ახმოვანებდნენ. ასევე გახმოვანდა ჩვილი მაცხოვრის სიტყვები მარიამის ბაგეებით. ელისაბედი მაშინ აღივსო სულით, როდესაც ჩვილი მუცელში შეკრთა; ჩვილი რომ არ შემკრთალიყო, იგი ვერ იწინასწარმეტყველებდა. წინასწარმეტყველებზე ამბობენ, რომ ისინი ჯერ ზებუნებრივ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, მათ შთაგონება იპყრობდა და შემდეგ წინასწარმეტყველებდნენ. შესაძლოა იოანეც, თითქოსდა შთაგონებული, ჯერ შეკრთა, შემდეგ კი დედის ბაგეებით იწინასწარმეტყველა. და დავაკვირდეთ, რა იწინასწარმეტყველა: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის... და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა".

იოანეს ამ აღიარების შემდეგ უკვე თითოეულ ადამიანს შეუძლია შეხვდეს ღმერთს. ეს არის წამი მთელი ქვეყნიერების ხარების დასაწყისისა, ვინაიდან ღმერთია კურთხეული, როგორც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "კურთხეულ არს მომავალი..." (ფსალმ. 117:26).
ბეჭდვა
1კ1