ღმერთის შეხვედრა ადამიანთან
ღმერთის შეხვედრა ადამიანთან
იესო ქრისტესთან შეხვედრამდე განვლილი გზა
(მეხუთე ნაწილი)
ჰორიზონტალური მიმოხილვა
პრელიმინარული მოვლენები

მას შემდეგ, რაც ადამიანმა ღვთის სიტყვა ვერ დაიტია და ქვეყანაზე ყველა მხეცს შორის უგონიერესის - გველის ნებას დაჰყვა (დაბ. 3:1), შვების სამოთხისთვის მისი არსი შეუსაბამო გახდა და როგორც მამაკაცი, ისე დედაკაცი, ანუ მათი დაცემული ერთობლიობა, სავსებით ბუნებრივად, ედემს მიღმა აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, უფალს ადამიანზე ზრუნვა არ შეუწყვეტია. ახალ პირობებში დედაკაცისა და მამაკაცის სხეული დაუცველი რომ არ ყოფილიყო, "...გაუკეთა უფალმა ღმერთმა ადამს და მის ცოლს ტყავის სამოსი და შემოსა ისინი" (დაბ. 3:21). უფალმა ადამიანის მაცდუნებელ გველს ასეთი სასჯელი დაუწესა: "მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის და შენს თესლსა და მის თესლს შორის; იგი ჩაუსაფრდება შენს თავს და შენ ჩაუსაფრდები მის ტერფს" (დაბ. 3:15). ასე დაიწყო ბრძოლა დედაკაცისა და გველის შთამომავლობას შორის.

თავისი შინაარსით გველი არასულიერი სიბრძნის სიმბოლოა და ამავე დროს, მიწიერებასთან ყველაზე მიახლოებული არსებაა. დაწერილია: "და უთხრა უფალმა გველს: რადგან გააკეთე ეს... მკერდსა და მუცელზე ივლი და მიწას შეჭამ შენი ცხოვრების ყოველ დღეს" (დაბ. 3:14). სხვაგვარად რომ ვთქვათ, გველი სამუდამოდ დარჩა მიწისგან განუყოფელ არსებად და ის ყოველთვის ცდილობს, ადამიანიც უფრო მეტად დაუქვემდებაროს მიწიერებას. ამავე დროს, მას მხოლოდ ხოხვა შეუძლია, ამიტომ ვერ დაეწევა იმ ადამიანს, ვისაც მასთან შეხვედრა არ სურს. შესაბამისად, გველი ადამის მოდგმასთან ბრძოლაში დიდ წარმატებას ვერასოდეს მოიპოვებს. გველი სატანის სახეა. დაწერილია: "მთესავი სიტყვას თესავს. გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა" (მარკ. 4:14-15).

მას შემდეგ, რაც ადამიანები ღვთის სიტყვას განუდგნენ და აკრძალული ნაყოფი შეჭამეს, სიშიშვლე შეიგრძნეს და ამ სიშიშვლეში გველის მსგავსება დაინახეს, ამიტომაც ღმერთთან სიახლოვისას უხერხულობა დაეუფლათ. ამასთანავე, ადამიანებმა ღმერთის ხილვის უნარი ანუ სულიერი მხედველობა დაკარგეს. ღვთის მადლით, მათ უფლის მოსმენის უნარი მაინც შემორჩათ: "და გაიგონეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც დადიოდა სამოთხეში საღამოს, და დაიმალნენ ადამიც და მისი ცოლიც უფალი ღმერთის პირისაგან სამოთხის ხის შუაში" (დაბ. 3:8).

მონანიების შესაძლებლობა ადამს თავიდანვე მიეცა. უთხრა უფალმა ადამს: "ვინ გითხრა შენ, რომ შიშველი ხარ, თუ არ ჭამე იმ ხიდან, რომელზეც გიბრძანე შენ, რომ მხოლოდ მისგან არ გეჭამა?", მაგრამ ადამმა მონანიების ნაცვლად დანაშაულს თავი აარიდა და თავად უფალი დაადანაშაულა: "და თქვა ადამმა: დედაკაცმა, რომელიც მომეცი მე, მომცა მე ხიდან და ვჭამე" (ნახე: დაბ. 3:11-12). როგორც ვხედავთ, გველის რჩევით, ადამიანებს სიბრძნის შეძენა სურდათ, მაგრამ რჩევის მიღების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ ეშმაკობა ანუ ეშმაკის ბუნების ნაწილი შეიძინეს. მიუხედავად ამისა, უფალს ადამიანი მაინც არ დაუწყევლია. ღმერთმა მხოლოდ გველი დაწყევლა: "და უთხრა უფალმა გველს: რადგან გააკეთე ეს, წყეულიმც იყავ შენ ქვეყნის ყველა პირუტყვს შორის და ყველა მხეცს შორის" (დაბ. 3:14). ადამიანები კი უფალმა თავიდანვე აკურთხა. დაწერილია: "და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას და იმთავრეთ ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და ყველა პირუტყვზე და მთელ ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე" (დაბ. 1:28). ეს უპირატესობა ადამიანმა უფლის ხატად და მსგავსად შექმნის მომენტში მიიღო (დაბ. 1:26), ღმერთი კი "კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?" (რიცხ. 23:19). ამიტომ მართებული არ იქნებოდა, უფლის ხატება გველის ბოროტ ბუნებას შეჰგუებოდა და მათ შორის მტრობა არ აღძრულიყო. ერთი მხრივ, ამ ორ არსებას შორის ქიშპი ურთიერთგაგების შეუძლებლობაზე მეტყველებს, ხოლო, მეორე მხრივ, იმ აღთქმის აღსრულების გარდაუვალობაზე მიგვანიშნებს, რომელიც უფალმა ადამის მოდგმას დაუდო, რაც, თავისთავად, ყოველი ცალკეული ადამიანის ცოდვიდან და სიკვდილის ტყვეობიდან გამოხსნას გულისხმობს.

მიუხედავად ამისა, ადამიანი დღემდე მრავალ შეცდომას უშვებს, ამიტომ გველიც არ კარგავს იმედს. გველს სურს, თუნდაც იმას მიაღწიოს, რომ ადამიანთა ნაწილი მაინც დაემსგავსოს მას და მის მსგავსად, სიცოცხლის ბოლომდე მკერდზე იხოხოს, მიწით ანუ მატერიალური კეთილდღეობის ილუზიებით იკვებოს. ამასთან, გველმა იცის კაცის უკვდავების შესახებ და მიაჩნია, რომ უკვდავ ადამიანში ყოფნა მისი არსებობის საშუალება იქნება. ამიტომ ადამიანი გველის ანუ ეშმაკის უკანასკნელი იმედია. იგი მას ყოველ წუთს თან სდევს და მასში მოსაკალათებლად მის პიროვნულ ცხოვრებაში სუსტ მხარეებს დაეძებს. ღმერთი კი ყოველი ადამიანის გადარჩენისთვის ზრუნავს. მზად არის, ადამიანის არსიდან ცოდვის გამოდევნის შედეგად გაჩენილი სივრცე თავისი მადლით შეავსოს. უფალი ბრძანებს: "ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი" (ოს. 13:14). ოღონდ აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: უფალი მოძალადე არ არის. ის ადამიანს შვების სამოთხეში მისი პირადი სურვილის საწინააღმდეგოდ არ დააბრუნებს.

შვების სამოთხის პირდაპირ დაწყებული დევნიდან მამამთავრის კურთხევამდე - ნოე
დაწერილია: დაასახლა უფალმა ადამიანი შვების სამოთხის პირდაპირ (დაბ. 3:24) და ცოდვას სამოთხეში რომ არ შეეღწია, "დაადგინა ქერუბიმი და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი ცხოვრების გზის დასაცავად" (დაბ. 3:24). ყოველგვარი ბრძოლა აზრს მაშინ იძენს, თუ პირი, რომლისთვისაც იგი მიმდინარეობს, თვითონ ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენას. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის კეთილ საწყისსა და ბოროტებას შორის ჭიდილი მალევე დაიწყო. ამ ბრძოლაში უფალს ადამიანი არასოდეს მიუტოვებია. ის მუდმივად მიანიშნებს იმ გზას, რომლითაც მან ღვთის ხატება და მსგავსება უნდა აღიდგინოს და საბოლოოდ უფალს დაუბრუნდეს.

აბელი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სწორად გაიგო, თუ მას - უფლის "ხატებასა და მსგავსებას" რა უნდა ეკეთებინა. შედეგად, ღმერთმა მიიღო აბელის ნამოღვაწარი და გულითადად შეწირული მსხვერპლი. ეჭვით დამძიმდა და უსამართლობის შეგრძნებით აღივსო კაენი. უთხრა უფალმა კაენს: "თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე" (დაბ. 4:7). არ მიიღო კაენმა უფლის რჩევა და საკუთარ თავში ბოროტების დაძლევა ან თუნდაც მისგან განდგომა არ ისურვა. მისწვდა მის ტერფს ცოდვა, დაემორჩილა კაენი სატანის ნებას და თავისი ძმა აბელი მოკლა. ამიტომ კაენი მხოლოდ შვების სამოთხის კი არა, ღვთის პირის ანუ ღვთის რჩევის მიღმაც დარჩა.

გაძლიერდა ქვეყნად ბოროტება და შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ცოდვამ ადამის მოდგმა მთლიანად დაიპყრო, მაგრამ ევამ "მუცლადიღო და შვა ძე, და დაარქვა მისი სახელი სეითი, და თქვა: რადგან აღმიდგინა მე ღმერთმა სხვა თესლი აბელის ნაცვლად, რომელიც მოკლა კაინმა" (დაბ. 4:25).

სეითის შთამომავლის ნოეს დროს ქვეყანაზე უკეთურება ძლიერ იყო გამრავლებული და თითოეული ადამიანი თავის გულში ყოველდღე ბოროტებას იზრახავდა. თითქოს სწვდა კიდეც გველის თესლი კაცის ტერფს და საბოლოოდ უნდა განადგურებულიყო ქვეყანა, მაგრამ "ნოემ პოვა მადლი უფალი ღმერთის წინაშე" (დაბ. 6:8). "და შევიდა ნოე, და მისი ძეები და მისი ცოლი და მისი ძეების ცოლები მასთან ერთად კიდობანში წარღვნის გამო" (დაბ. 7:7). წარღვნის დასრულების შემდეგ უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ, შენი ცოლი, შენი ძეები, მათი ცოლები და ყველა მხეცი, ყველა პირუტყვი, ფრინველი და ქვეწარმავალი.

განიწმინდა ქვეყანა კაცობრიობის ცოდვებისგან და ღვთის მიერ ახალი ცხოვრების კურთხევის მადლიერების ნიშნად, აუგო ნოემ საკურთხეველი ღმერთს და ყოველთაგან წმინდისა, რაც წარღვნის შემდეგ გადმოვიდა კიდობნიდან, მიიტანა ნოემ საკურთხეველზე და უფალს აღუვლინა. აკურთხა ღმერთმა ნოე და ამიერიდან დედამიწაზე უფლის საქმეების აღსრულებაში ადამიანმა თვითონ დაიწყო მონაწილეობა.

მამა მრავალთა ხალხთა - აბრაამი
წარღვნის შემდეგ ცოდვამ ადამიანებში ისევ იმძლავრა. გველის საქმეებს კვლავ გამოუჩნდნენ გამგრძელებლები. მართალია, ადამიანებმა შეიგრძნეს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები, მაგრამ, საუბედუროდ, გადაწყვიტეს, ეს შესაძლებლობები ღმერთთან დაპირისპირებისთვის გამოეყენებინათ - აეშენებინათ გოდოლი და განედიდებინათ თვიანთი სახელი, ანუ ადამიანი - ღმერთის ხატება და მსგავსება ადამიანისვე შექმნილი კერპის თაყვანისმცემლად ექციათ. ამრიგად, ადამის შთამომავლობა საკუთარი ბუნების სიდიადეს ვერ შესწვდა, ღმერთი დაივიწყდა და კვლავ ყველაზე გონიერი მხეცის - გველის მიმსგავსება ირჩია (დაბ. 3:1). უზარმაზარი ლოდებითა და დიდი მონდომებით რამდენიმე ათწლეულის მანძილზე აშენებდნენ თვითგანდიდების კოშკს, "მაცდური" კი ამ პროცესს იმედის თვალით შეჰყურებდა. მოულოდნელი წარმატებებითა და საკუთარი მიღწევებით გაოგნებულ ადამიანებს შორის გაუგებრობის მარცვალი გაჩნდა და მათი გაშორიშორების კანონზომიერებაც შეიქმნა. უფლის ნებით, მათ შორის გაძლიერებული გაურკვევლობა მათივე აზრების ურთიერთშეუსაბამობაში ანუ ენების აღრევაში აისახა და ისინიც მთელი ქვეყნის პირზე სხვადასხვა ჯურის კერპთაყვანისმცემლებად განითესნენ. ამგვარად, ვერ აუგო ადამიანმა საკუთარ მიწიერებას ძეგლი და კერპი. ვერც ამ შემთხვევაში მისწვდა ეშმაკი ადამიანის ტერფს (დაბ. 11).

განვლილი მოვლენების გამო დედამიწის ბინადარნი კერპთაყვანისმცემლობამ შეიპყრო. ადამიანმა უფლისგან კვლავ იბრუნა პირი. "მაცდური" ისევ ზეიმობდა. ასეთ პირობებში ღმერთმა ერთადერთი სხვაგვარად მოფიქრალი ადამიანი შეარჩია. ეს ადამიანი სამოცდათხუთმეტი წლის აბრაამი იყო. უფალმა მას თავისი ქვეყნიდან, თავისი სახლიდან გამოსვლა შესთავაზა (დაბ. 12:1). აბრაამმა უფლის სამძიმო წინადადება მიიღო. რთული იყო ამ გამოწვევის აღსრულება და წარმართული ლაბირინთების ტყვეობიდან გამოსვლა. გაჰყვა იმ გზას აბრაამი, რომელზეც უფალმა მიუთითა.

გავიდა დრო, აბრაამი და მისი ოჯახი ღვთის რწმენაში საბოლოოდ დამკვიდრდა. "ოთხმოცდაცხრამეტი წლისა იყო, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. დავდებ აღთქმას მე და შენ შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ" (დაბ. 17:1-2). ამის შემდეგ ღმერთის რწმენა გაძლიერდა, აბრაამის ღვთისმორწმუნე შვილიშვილი იაკობი, შემდეგ კი მისი ოჯახი ისრაელად იწოდა და ერად ჩამოყალიბება იწყო. სიტყვა "ისრაელის" ეტიმოლოგია საშუალებას გვაძლევა, მისი შინაარსი ასე გავიგოთ: "ღმერთი იბრძოლებს". ახალი ერის - ისრაელის დანიშნულება თავიდანვე ის იყო, რომ მას ღმერთის გზით ევლო და მისგან მესია, ადამიანისთვის ხილულად მებრძოლი ღმერთი - იესო ქრისტე გამოსულიყო. ზუსტად ეს იგულისხმება ღმერთის მიერ აბრაამის მოწოდებაში: "გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები" (დაბ. 12:3).

მაგრამ ამ წარმატებას კვლავ წარუმატებლობა მოჰყვა - მძიმე შიმშილობის გამო ახალჩამოყალიბებული ერი ეგვიპტეში გადასახლდა, წარმართი ეგვიპტელების მონობაში აღმოჩნდა და განადგურების საფრთხის წინაშე დადგა.

წყლიდან ამოყვანილი და წყლიდან ამომყვანი - მოსე
წარღვნის შემდეგ ადამიანის აზროვნებაში წყალმა უბედურების, დევნისა და დაუძლეველი მტრის სახე შეიძინა: "მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი. ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო. მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში" (ფსალმ. 68:2-4). ასეთი უნდა ყოფილიყო ისრაელის მდგომარეობა ეგვიპტეში, როდესაც "მიიწია ღაღადება მათი წინაშე ღმრთისა და შეისმინა სულთქუმანი მათნი..." (გამ. 2:25). ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში მოექცია ფარაონს სულმოკლეობისა და ღმერთის დავიწყების გამო წარმართომაში ჩაძირული უფლის ერი - ისრაელი. გამოსახსნელად უფალმა სამართლიანობისთვის მებრძოლი მოსე მოიხმო. მაშინ, როდესაც სატანას უფლის ხალხის ტერფი უკვე ხელთ ეპყრა და უფლის ერის ყოველი ახალშობილი ბიჭუნა დასახრჩობად იყო განწირული, ღვთის ნებითა და უშუალო ჩარევით მოსემ ისრაელი ჯერ ეგვიტიდან - ფარაონის, ხოლო შემდეგ უდაბნოდან - წარმართობის ტყვეობიდან გამოიყვანა.

უღმერთო მეფე
აღთქმულ მიწაზე ისრაელის დამკვიდრების შემდეგ ხალხმა ღმერთის კანონები დაივიწყა, ერი უმართავი გახდა, მოდუნდა, მოუძლურდა და ბრძოლისუნარიანობა დაკარგა. წარუმატებლობაში ხალხმა საკუთარი შეცდომები ვერ დაინახა, თავის წიაღში აღმოცენებულ სატანის სიტყვას დაუჯერა, მიზეზად თეოკრატიული მმართველობა მიიჩნია და სამოელ წინასწარმეტყველს, წარმართი ხალხის მიბაძვით, მეფის დანიშვნა მოსთხოვა. მეფე საული, რომელიც სამუელმა ისრაელის ხალხის გემოვნების შესაბამისად აკურთხა, ვერც უფლის ნების მორჩილი და ვერც ხალხის იმედის აღმსრულებელი ვერ აღმოჩნდა. თავდაპირველად მიღწეული წარმატებების შემდეგ საულმა საკუთარი დიდებით განცხრომა დაიწყო. აღსრულდა საშიშროება, რომლის შესახებაც უფალი თავის ხალხს აფრთხილებდა: "აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებსა და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ. დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავისი ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად. აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად. წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მორჩილებს დაურიგებს. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს. წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს. ...და თქვენც მისი ყმები გახდებით" (1 მეფ. 8:11-17).

ამგვარი ხდება ყველა მეფე, რომელიც უფალს განუდგება და მინდობილ ხალხს მხოლოდ საკუთარი ამპარტავნული ნების აღსრულების საშუალებად მიიჩნევს. კერპთაყვანისმცემლობის მორევში ჩაძირულმა საულმა თავისი აღსასრულის ჟამი შეიგრძნო და უკვე გარდაცვლილი სამუელის სული მისანი ქალის დახმარებით საიქიოდან გამოიხმო: "უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რათა მასწავლო, როგორ მოვიქცე. უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა? (I მეფ. 28:15-16), აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას. ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები" (I მეფ. 28:18-19). საუბედუროდ, ეშმაკს დამორჩილებული მეფეები უკანასკნელ წუთამდე ვერ გრძნობენ თავსდატეხილი საშინელების მოახლოებას. მეფისა და ქვეყნის უბედურების საწყისი კი ის არის, რომ მეფე ივიწყებს, ხალხი კი თავიდანვე არ ახსენებს წმინდა წერილში (რჯლ. 17) მკაცრად მითითებულ, ერთი შეხედვით, არცთუ ისე რთულად შესასრულებელ მოვალეობებსა და წესებს. ამ გულმავიწყობის შედეგად იღუპება მეფე და დიდი საშიშროების წინაშე დგება მთელი ქვეყანა.

აი, ეს წესები და მოვალეობები:

1. მეფე უნდა იყოს უფლის რჩეული ანუ ცხებული;

2. მეფე არ შეიძლება იყოს უცხო კაცი - სხვა ქვეყნის შვილი;

3. მეფემ არ უნდა ამრავლოს მხედრები საკუთარი ძალაუფლების დასაცავად, ანუ ტახტს თავისი ხალხისგან სამხედრო ძალით არ უნდა იცავდეს;

4. მეფეს არ უნდა ჰყავდეს მრავალი ცოლი - არ უნდა ეწეოდეს გარყვნილ ცხოვრებას, რათა არ შეირყვნას მისი გული;

5. მეფე თავისთვის არ უნდა აგროვებდეს ბევრ ოქრო-ვერცხლს;

6. მეფე მუდამ თან უნდა ატარებდეს და მთელი სიცოცხლის მანძილზე კითხულობდეს და მორჩილებდეს უფლის კანონებს.

მეფე არ უნდა ქმნიდეს კანონებს საკუთარი ინტერესებისთვის; მან ყველა ახალი კანონი უფლის კანონებს უნდა შეუსაბამოს. მეფის ძირითადი ამოცანა უფლის ნების სამაგალითო შესრულებაა. იგი ყველა კრიტიკულ შემთხვევაში საკუთარ ხალხს უფლისკენ მიმავალ გზაზე უნდა გაუძღვეს.
ბეჭდვა
1კ1