უფალს არ შეუძლია გადაგვარჩინოს ჩვენი აქტიური თანამონაწილეობის გარეშე
უფალს არ შეუძლია გადაგვარჩინოს ჩვენი აქტიური თანამონაწილეობის გარეშე
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
"იყავით სრულნი, როგორც სრულია მამა თქვენი ზეცათა" (მათე 5:48)

ქრისტიანობის არსი - შესავალი

ქრისტიანობის ორი ათასი წლის არსებობის მანძილზე მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება ღრმად და ყოველმხრივ იქნებოდა ახსნილი, შესწავლილი და გაცნობიერებული. თუმცა ათასნაირი სექტების სიმრავლე გვარწმუნებს, რომ საქმე სულ სხვაგვარადაა. ამის მიზეზი არა იმდენად ქრისტიანული ჭეშმარიტების მიუწვდომლობაა, რამდენადაც ის, რომ არ არსებობს ქრისტიანობის მთავარი არსის შეცნობისა და მიღების სურვილი: რისთვის მოვიდა დედამიწაზე უფალი იესო ქრისტე.

მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ აქ რაღაც გვეშლება, რადგან ბავშვმაც კი იცის, რომ უფალი იესო ქრისტე ადამიანების საცხოვნებლად მოვიდა - ამას თვით მისი სახელი, "იესო" გვეუბნება, რაც "მაცხოვარს" ნიშნავს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ცხონების არსის გაგება შეუძლებელია ადამიანის შესახებ წმინდა წერილის სწავლების კონტექსტის გარეშე.

ბუნებრივია, არავის უნდა ჯოჯოხეთში მოხვედრა, ყველას ცათა სასუფეველი სურს. მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ცათა სასუფეველი უფრო მდგომარეობაა, ვიდრე ადგილი. მწიგნობართა შეკითხვაზე, როდის გაიხსნება ღვთის სასუფეველი, მაცხოვარმა მიუგო, რომ ის არ მოვა ხილულად, "არც იტყვიან: აჰა, აქ არის, ან იქ, რადგან, აჰა, სასუფეველი ღვთისა თქვენშია" (ლკ.17:21).

ამით უფალმა აღნიშნა, რომ ცხონება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის შინაგან მდგომარეობას. ის არ არის უბრალო გადასახლება ახლანდელი ცხოვრებისეული პირობებიდან სხვა, უკეთეს, მაგრამ რაღაც უფრო ღრმა და შესანიშნავ პირობეში. "თუკი ბოროტეული შეწყალებული იქნება, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის, მაშინ იუკუღმართებს მართალთა ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს" (ეს. 26:10), - ანუ ის დარჩება ძველებურად შურიანი, ანგარებიანი, გრძნობითი სიამოვნებების მოტრფიალე, სხვაგვარად - დარჩება თავის თავში ჯოჯოხეთის მატარებელი. ჭეშმარიტი სიხარული, მშვიდობა და ნეტარება ხომ შინაგანი მდგომარეობაა, და ეს მდგომარეობა დგება ღმერთთან ურთიერთობის შედეგად, რაც ცოდვილს არ გააჩნია. მართალი კაცი კი, სადაც უნდა იყოს, ყველგან ღმერთთან ერთობით იქნება დამტკბარი, რადგან იგი საკუთარ თავში სამოთხის მატარებელია.

ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ქრისტეს მოსვლის მთავარი მიზანი ის კი არ იყო, რომ გარეგნულად უკეთეს ყოფით ცხოვრებაში გადავესახლებინეთ, არამედ ჩვენს შიგნით აღედგინა დაკარგული სამოთხე. ამ ჭეშმარიტებაშია სწორედ ქრისტიანობის შემეცნების გასაღები. როდესაც ადამიანი ამას მიხვდება, მაშინ დაინახავს მართლმადიდებლობის უპირატესობას სხვა სარწმუნოებაზე, რადგან არსებითად ყველაფერი, რასაც გვასწავლის და რასაც იცავს მართლმადიდებელი ეკლესია, ერთი მიზნისკენაა მიმართული: ღმერთთან შეერთება ზნეობრივი განახლებისა და მასთან მიმსგავსების გზით.

ამ ნაშრომში ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ყველა სხვაგვარად მადიდებელი ეკლესიის ცდომილებაა ცხონების ფორმალურ-უტილიტარული (უტილიტარიზმი - სარგებელი, გამორჩენა) გაგება, რაც სრულიად მოწყვეტილია ადამიანის შინაგანი განახლების პროცესისგან. უფალი ყოვლისშემძლეა! მას შეუძლია მილიარდობით სამყარო შექმნას თავისი ერთი სიტყვით, მაგრამ მას არ შეუძლია გადაგვარჩინოს ჩვენი აქტიური თანამონაწილეობის გარეშე, იმიტომ რომ სიკეთე და ბოროტება - ეს არის ჩვენი თავისუფალი ნების მდგომარეობა.

შეგიძლია მოწაფეს მისცე ყველაზე ბრწყინვალე და უსრულყოფილესი დამხმარე სახელმძღვანელო, მიამაგრო საუკეთესო პედაგოგები, მაგრამ ვერავინ ჩაუდებს თავში ცოდნასა და გამოცდილებას, თუ თავად არ მოინდომებს სწავლას. რაღაც ამის მსგავსი ხდება ბევრი ქრისტიანის მიმართებითაც: მიუხედავად უხვად მიწოდებული მადლმოსილი საშუალებებისა, ისინი სულიერად არ იზრდებიან. და არათუ არ იზრდებიან, იმაზეც კი კადნიერდებიან, რომ ქრისტეს სწავლება გადააკეთონ საკუთარი სიზარმაცის გასამართლებლად. ხოლო რადგანაც უმრავლესობა ამჯობინებს ისეთ გზას, სადაც ნაკლებ წინააღმდეგობას წააწყტება, ამიტომ ქრისტიანობის "გამმარტივებელთა" სწავლება საკმაო წარმატებით სარგებლობს.

ეს, რა თქმა უნდა, წინასწარ განჭვრიტა უფალმა და ამიტომაც მოუწოდებდა მორწმუნეებს, რომ არ დაებრკოლებინათ "მცირე სამწყსო", რომელიც ვიწრო გზით მიდის, რადგან სწორედ სულიერი განახლების ძნელ გზას მიჰყავს ადამიანი მარადიული ცხოვრებისკენ.

წყარო: https://www.facebook.com/sazogadoeba.feriscvaleba
ბეჭდვა
1კ1