მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხი მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით
მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხი მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ "ვცხოვრობთ აღმოსავლური და დასავლური მართლმადიდებელი ეკლესიების ცივი ომის [პერიოდში]", რომელშიც ის აკეთებს არაერთ რადიკალურ პოლიტიკურ განცხადებას.

ის ხელოვნურად და აშკარად პოლიტიზირებული აღტკინებით ჰყოფს მართლმადიდებელ ეკლესიას ორ ანტაგონისტურ ბანაკად და აცხადებს მათ შორის "ცივ ომს". მისი თქმით: "ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესია, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან, უარსაყოფად მიიჩნევს "ლიბერალური" მოდელის ყოველ გამოვლინებას, რომელიც დასავლეთში ხორციელდება და ევროპული საზოგადოების მიერ არის მხარდაჭერილი, ან ყველაფერს, რაც შეიძლება დასავლეთიდან მოდიოდეს. მაგრამ, უფრო ღრმა და არსებითი საფუძველი იმ შესწორებებისა, რომლებიც დადეს ზემოთ ხსენებულმა ეკლესიებმა დიდი კრების კონკრეტულ დოკუმენტებზე (ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან, ეკლესიის როლი თანამედროვე სამყაროში, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები), რომლებსაც ერთი-ერთში იმეორებენ [კრების] მოწინააღმდეგე საეკლეესიო წრეები საბერძნეთში, მიუთითებს მათ შიშზე, რომ დასავლური ცხოვრების წესი და მენტალიტეტი დიდი კრების მხარდაჭერას მოიპოვებს, მაშინ როდესაც თავად დიდი კრება, მათი აზრით, თავისი გადაწყვეტილებებით უნდა წარმოადგენდეს იმ საშუალებას, რომელიც იქნება წინაღობა ლიბერალური ცხოვრების წესის ყოველგვარი გამოვლინებისათვის, რომელსაც მისდევს საერთაშორისო საზოგადოება და ხორციელდება დასავლურ სამყაროში".

ძალზედ უცნაური განცხადებაა. თუმცა, ამას მოსდევს კიდევ უფრო გაუგებარი და ბრალდებების შემცველი წიაღსვლა: "საშიში და სრულიად პარადოქსულია, რომ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ამ, თითქოს-და მართლმადიდებლობის გადასავლურების მოწინააღმდეგე ჯგუფები იყენებენ იმ საღვთისმეტყველო ხერხებსა და გამოთქმებს, რომლებსაც დასავლური წარმოდგენებისა და საღვთისმეტყველო სწავლებებიდან იღებენ. აგრეთვე, მათი კონსერვატიული მსოფლმხედველობის გამო, აქვთ ექსტრემისტული პოლიტიკური ბლოკების მხარდაჭერა (?!). ისინი მოკალათებულნი არიან ეკლესიაში და კონკრეტული პიროვნებების მეშვეობით მჟღავნდებიან".

როცა ჟურნალისტმა სთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რას გულისხმობდა ამ სიტყვებში, კიდევ უფრო გაუგებარი და ეკლესიური ურთიერთობებისთვის სრულიად მიუღებელი განცხადება გააკეთა: "ის, რისი მიღწევაც სურს აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელ ეკლესიებს, არის იდეოლოგიზირებული მართლმადიდებლობის გავლენა თეოლოგიური კონსოლიდაციის საფარველქვეშ, რომელიც შეიძლება ინარჩუნებდეს და ამავდროულად გამოხატავდეს ცხოვრების მოდელს ფანატიკური შეხედულებებითა და სოციალური განვითარებით. რა გამომდინარეობს ამიდან? რომ მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიმე ფანატიკური კონსერვატიული შეხედულებების შესისხლხორცებით ეკლესიიდან გადაიქცევა სექტად, იდეოლოგიურ დაჯგუფებად, ეკლესიის წევრები არ აღიქმებიან მორწმუნეებად, არამედ მიმდევრებად. მეორე ნიშანი არის პოზიცია, რომ ყველაფერი ახალი და დასავლური მიუღებელია, რადგან თვლიან, რომ აზიანებს ქრისტიანის და მართლმადიდებლის მოდელს, რომელიც არის, მათი აზრით, "ღვთის რჩეული ხალხი", "ახალი ერი", ხოლო დანარჩენებს, დასავლელებს, მათი რელიგიური განსხვავების გამო არა აქვთ ცხონება და ე.ი. არიან განკიცხულნი. ამ ანტიდასავლური ეკლესიურობით ხაზი გაესმის მართლმადიდებლობის იდეოლოგიური მოდელისა და ფანატიკური "განსაკუთრებულობის" ერთგვარ სახეობას, როგორც იდეოლოგიისას და არა ცხოვრების წესისას..." (ეს ყოველივე გრძელდება იმავე სტილში, თუმცა თვალსაჩინოებისთვის ესეც კმარა).

იქნებ გაიხსენოს ბატონმა მიტროპოლიტმა, ვინ უთხრა თავის ერთგულ მიმდევრებს ეს სიტყვები: "არა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ" (ინ. 15; 16). ნუთუ ისიც "ფანატიკური კონსერვატიული შეხედულებებისკენ" გვიბიძგებს?
როცა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: "შეგიძლიათ მოიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი იმის დასტურად რაც თქვით?" მან უპასუხა: "მაგალითი პირველი. მაშინ, როცა შერეული ქორწინებები ზოგიერთი ეკლესიისთვის სინამდვილეა, სხვაგვარად არ შეიძლება დახასიათდეს, თუ არა მანიაკალურად, ის მძაფრი წინააღმდეგობა, რომელიც იქნა გაწეული, რომ დიდი კრების შესაბამის დოკუმენტში არ შესულიყო იკონომიის სახით შერეული ქორწინების შესაძლებლობა, როდესაც მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ის აუცილებლობას წარმოადგენს და გამოძახილია მათი ყოველდღიური პრაქტიკისა".

ე.ი. ბატონი მესინიის მიტროპოლიტისთვის ისინი, ვისთვისაც შერეული ქორწინება "სინამდვილეა", ანუ ვისთვისაც, მაგალითად, ტრულის კრების 72 კანონის დარღვევა "აუცილებლობას წარმოადგენს და გამოძახილია მათი ყოველდღიური პრაქტიკისა", _ "პროდასავლურები" ანუ "კარგები" არიან, ხოლო ვინც კანონის პატივისცემას მოითხოვს, ისინი "მანიაკალურად მძაფრ წინააღმდეგობას უწევენ" მათ, ანუ "პროდასავლურებს" და, შესაბამისად, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოხატავენ "ცხოვრების მოდელს ფანატიკური შეხედულებებითა და სოციალური განვითარებით".
ის წმიდა მამებიც, რომლებიც ამ კანონს ღებულობდნენ, "ანტიდასავლურები" ხომ არ იყვნენ "ფანატიკური შეხედულებებითა და სოციალური განვითარებით"? და მათაც ხომ არ დაავიწყდათ, რომ, როგორც აცხადებს პატივცემული მიტროპოლიტი "ამ ქსენოფობიითა და იზოლაციით არ გადაიჭრება პრობლემა"?

იქნებ ეს, მისგან გალანძღული ე.წ. "ანტიდასავლური ეკლესიები", რომლებიც, მისი აზრით, "მართლმადიდებლობის იდეოლოგიური მოდელისა და ფანატიკური "განსაკუთრებულობის" ერთგვარ სახეობას" წარმოადგენენ, უბრალოდ, ქრისტიანული სინდისითა და სულიწმიდის კარნახით მოქმედებენ, როცა იცავენ ეკლესიის სწავლებასა და კანონებს და არა "ექსტრემისტული პოლიტიკური ბლოკების მხარდაჭერით, რომლებიც მოკალათებულნი არიან ეკლესიაში და კონკრეტული პიროვნებების მეშვეობით მჟღავნდებიან", როგორც ამბობს ბატონი მიტროპოლიტი?
იქნებ სწორია, როცა ეკლესია ცხოვრობს ქრისტიანული ცხოვრების წესით და არა, თუნდაც დიდი კრების მიერ მხარდაჭერილი "დასავლური (ან აღმოსავლური) ცხოვრების წესითა და მენტალიტეტით".

ახლა პატივცემული მიტროპოლიტის მეორე მაგალითს მოვუხმოთ. რაში ადანაშაულებს ის "აღმოსავლეთის ეკლესიებს"? თურმე, დოკუმენტის "მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" მიმართ მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები, მისი აზრით "გამოხატავენ აბსოლუტურად იდეოლოგიზებულ ხედვას მართლმადიდებლობისა, რომელიც იკეტება და იზღუდება საკუთარ თავში და რომელსაც სხვა არავინ სურს, ვინც მის გარეთაა. ამავე დროს მიისწრაფიან ეკლესიური განსაკუთრებულობის იდეის დამკვიდრებისკენ, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიძლება გამოხატოს მსოფლიოში, მაშინ, როდესაც, სხვა ყველა ქრისტიანულ აღმსარებლობას არ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს ეკლესიურობაზე".

ვკითხოთ პატივცემულ მიტროპოლიტს, რატომ "გამოხატავენ აბსოლუტურად იდეოლოგიზებულ ხედვას მართლმადიდებლობისა" ის "ცუდი" ეკლესიები, რომლებიც, მისი აზრით, "მიისწრაფიან ეკლესიური განსაკუთრებულობის იდეის დამკვიდრებისკენ". ნუთუ მისთვის სიახლეა ის ფაქტი, რომელსაც დაარსებისთანავე ქადაგებს ქრისტეს ეკლესია, რომ ის არის ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ნუთუ მან, მართლმადიდებელმა მღდელმთავარმა, არ იცის, რომ თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ მართლმადიდებელმა ქრისტიანულმა ეკლესიამ შეინარჩუნა ჭეშმარიტი ქრისტეს ეკლესიის არსი და სწავლება, რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტი ქრისტეს სხეული და მხოლოდ მისი თავია უფალი იესო ქრისტე, ხოლო მათ, ვისაც პატივცემული მიტროპოლიტი "სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობებს" უწოდებს ნამდვილად არ შეუძლიათ "ჰქონდეთ პრეტენზია" ნამდვილ ეკლესიურობაზე, ანუ ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წევრობაზე, რადგან უარყვეს ეკლესიის სწავლება და მწვალებლურ კრებულებად ჩამოყალიბდნენ.

საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება, მისი აზრით, "კათოლიკურ ეკლესიასთან დიალოგი", რომელსაც "წამყვანი ადგილი უკავია ამ პროცესში" და რა საკითხებში არის ის "ერთადერთი ოფიციალური და სერიოზული თანამოსაუბრე მსოფლიო საპატრიარქოსთან"? ნუთუ კათოლიკებმა ქრისტეს ეკლესიაში, ანუ ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში დაბრუნება გადაწყვიტეს?

თუ მართლმადიდებლებმა, იმისათვის, რათა, ბატონი მიტროპოლიტის სიტყვით, "პროდასავლურები" გავხდეთ, უნდა უარვყოთ ქრისტიანული ეკლესიის დოგმატური სწავლება, გადავაბიჯოთ ჭეშმარიტების სულით შემოსაზღრულ ჯებირებს და მისგან ნაქადაგარი "დასავლური ცხოვრების წესითა და მენტალიტეტით" შევუერთდეთ კათოლიკებსა და სხვა ე.წ. ქრისტიანულ აღმსარებლობებს?

ბატონი მიტროპოლიტი თავისი მინიშნებებით "ნაცისტურ პრაქტიკასა" და "არიულ ერზე" "მართლმადიდებლური ქრისტიანული ეთიკის შეფერილობით" იდეოლოგიურ ბაზას ხომ არ უმზადებს მავანთ მართლმადიდებელ ეკლესიაზე ახალი შეტევისთვის?

შემდეგ ბატონი მიტროპოლიტი კვლავ განაგრძობს უცნაურ განცხადებებს მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართ: "პრინციპი, რომელიც ტარდება, რომ ყოველივე დასავლური არის ცოდვიანი, არის ის, რაც მჟღავნდება ყველა ამ წინააღმდეგობაში (შერეული ქორწინების უარყოფა, ანტიეკუმენისტური ინტერპოლაცია და დისონანსები, მესიანური (?!) ტიპის წარმოდგენები მართლმადიდებელთა როლის შესახებ მსოფლიოში), რომლებიც გამომდინარეობენ შესაბამისი განცხადებებიდან პრესაში".
ისე, - მესია ქრისტე ხომ არ არის, ბატონო მიტროპოლიტო?

ბატონი მიტროპოლიტის აზრით, ერთადერთი, რასაც ჩვენ, "ცუდი" მართლმადიდებელი ეკლესიები "ვუნერგავთ ჩვენს მორწმუნეებს", არის "ფანატიკური (ანუ მაგიური) იძულებითი და სტატიკური წარმოდგენა რწმენაზე, იმ სინდისის დანერგვა, რომ არსებობს ერთადერთი რჩეული ერი, რომლის დამახასიათებელი იქნება სულიერი თვითკმარობა და ჩაკეტილობა".

იქნებ ბატონმა მესინიის მიტროპოლიტმა ხრიზოსტომოსმა თავი დაანებოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ლანძღვას და პოზიციების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, კარგად გაეცნოს მათ მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს, ჩამოაცილოს თავის სიტყვებს იდეოლოგიური და პოლიტიკური აღტკინება და ნორმალური საღვთისმეტყველო ენით დაასაბუთოს, თუ რა პრეტენზიები აქვს მათთან.
ისე კი, უმჯობესია, ბატონმა მესინიის მიტროპოლიტმა ჯერ საკუთარი მართლმადიდებლობის საკითხი გაარკვიოს კარგად და შემდეგ შეედავოს მის მიერ შეურაცხყოფილ აღმოსავლეთ ევროპის ეკლესიებს. ხოლო, რაც შეეხება იდეოლოგიზაციასა და პოლიტიზაციას, თავის ინტერვიუს გადახედოს კრიტიკული თვალით და გაიხსენოს უფლის სიტყვები: "ბეწვზე და დირეზე".
ბეჭდვა
1კ1