რატომ იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი საქართველოს ეკლესიის პოზიცია ქორწინების დოკუმენტთან დაკავშირებით?
რატომ იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი საქართველოს ეკლესიის პოზიცია ქორწინების დოკუმენტთან დაკავშირებით?
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო, როგორც დიდი და წმიდა კრების, ასევე მასზე განსახილველ დოკუმენტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით კი სერიოზული პაექრობის საგანი გახდა ეგერთწოდებული ,,შერეული ქორწინების" საკითხი, რასაც საქართველოს ეკლესია პრინციპულად მიუღებლად მიიჩნევს. სამწუხაროდ ბევრი თანამედროვე თეოლოგი ერთხმად აკრიტიკებს საქართველოს ეკლესიის პოზიციას აღნიშნულ საკითხზე და ამტკიცებს (მთელი რიგი არაარგუმენტირებული არგუმენტებით), რომ თითქოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შერეული ქორწინება ყველა დროს მიიჩნეოდა დაშვებულ კანონიკურ ნორმად.
უპირველეს ყოვლისა მოვიყვანთ იმ არგუმენტებს, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ აღნიშნული თეოლოგები საკუთარი მოსაზრებების დამტკიცებას.

1. ირწმუნებიან, რომ თითქოს მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული ნებისმიერი კანონი საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად ექვემდებარება ცვლილებას და არ გათვალისწინებას. ხოლო თუ რომელიმე კრებაზე ნათქვამია, რომ მასზე მიღებული დადგენილებები ცვლილებას არ ექვემდებარება, მათი აზრით აქ თითქოს იგულისხმება, რომ მათი შეცვლა არ ძალუძს კერძო პირს, მაგრამ სხვა საეკლესიო კრებას თავისუფლად შეუძლია წინა კრებების დადგენილებების შეცვლა და ა.შ.

2. ასევე საუბრობენ იკონომიის დაშვების პრაქტიკაზე ზოგადად, მაგრამ არ განმარტავენ, თუ რა დროს ან რა პრინციპით ხდებოდა და ხდება ეკლესიაში იკონომიის გამოყენება და ან საერთოდ რას ნიშნავს იკნომია.

3. მოყვანილია, ერთი შეხედვით, შერეულ ქორწინებათა მთელი რიგი კერძო შემთხვევები და ისინი გასაღებულია, როგორც ეკლესიაში დაშვებული ზოგადი პრაქტიკა, რაშიც თითქოს ეკლესია პრობლემას ვერასდროს ვერ ხედავდა.

შევეცდებით ზემოთ მოყვანილ ყველა პუნქტს შეძლებისდაგვარად შესაბამისი, კანონიკურად ჩამოყალიბებული პასუხი გავცეთ:

1. რაც შეეხება მსოფლიო კრებებზე მიღებული კანონების ცვალებადობისა თუ უცვლელობის საკითხს, თავს ავარიდებთ რა დაწვრილებით განმარტებას, მოკლედ ვიტყვით, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებული ნებისმიერი კანონის, გარკვეული მიზეზით თუ სახით შეცვლა პირობითად ძალუძს იმავე სტატუსის მქონე კრებას და არავითარ შემთხვევაში ჩვეულებრივ საეკლესიო კრებას, როგორი მასშტაბისაც არ უნდა იყოს ის გარეგნული ფორმით. მაგრამ თუ დავაკვირდებით, არც-ერთ მსოფლიო კრებას არ გააუქმებია პირდაპირი გაგებით წინა მსოფლიო კრებაზე მიღებული რომელიმე კანონი. თუმცაღა გამკაცრების კუთხით, მანამდე არსებული გარკვეული კანონები შეცვალა მსოფლიო კრებამ, მაგრამ რეალურად ეს კანონები ეკუთვნის არა რომელიმე მსოფლიო კრებას, არამედ მოციქულთა და სხვა ადგილობრივ კრებებს; მაგ: ანკვირიის მე-10 კანონი; ნეოკესარიის მე-15 კანონი; მოციქულთა მე-5 კანონი და სხვ. ხაზგასასმელია ისიც, რომ აღნიშნულ კანონებში ძირითად შემთხვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ცვლილების შეტანა მოხდა არა შერბილების არამედ გამკაცრების კუთხით.

2. რაც შეეხება იკონომიის გამოყენების პრაქტიკას ეკლესიაში, უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესია იკონომიას განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავდა, როცა რაიმე გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნებოდა ეკლესიაში, მაგრამ მისი განზოგადება ან საეკლესიო პრაქტიკად ქცევა არასდროს არ მომხდარა. გარდა ამისა იკონომიის დაშვება ხდება კონკრეტულ შემთხვევასა და კონკრეტულ პრობლემაზე ინდივიდუალურად.

3. რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას, იყო თუ არა ეკლესიაში შერეული ქორწინებების პრაქტიკა, როგორც ჩვეულებრვად დაშვებული კანონიკური ნორმა? - ამაზე ვფიქრობთ არაა საჭირო ღრმა ფილოსოფიური ძიებანი, საკმარისია გადავხედოთ მსოფლიო კრებებზე მიღებული იმ კანონების შინაარსს, კერძოდ ქალკედონის მე-14 და ტრულის 72-ე კანონები, სადაც ცხადად და ცალსახად უარყოფილია შერეული ქორწინებების საეკლესიო წესით დაკანონება. ქალკედონის მე-14 კანონით მართლმადიდებლის ქორწინება არამართლმადიდებელთან მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ არამართლმადიდებელი პირი დადებს პირობას, რომ აუცილებლად მიიღებს მართლმადიდებლურ ნათლობას (შესაძლებელია მხოლოდ მირონცხებით მიღებაც).

ბალსამონი აღნიშნული კანონის განმარტებისას წერს შემდეგს: ,,სავარაუდოდ, სწორედ ტრულის კრების 72-ე კანონის საფუძველზეა, რომ მართლმადიდებლები აიძუებენ ლათინებს მიიღონ სწორი ნათლობა და უარყონ თავისი აღმსარებლობა, როცა ამ უკანასკნელებს სურთ ცოლის მოყვანა აღმოსავლეთ იმპერიიდან.." (ათ. სინტაგმა გვ.204). ხოლო ტრულის კრების 72-ე კანონზე თავის კომენტარში ზონარა აღნიშნავს, რომ: ,,..მამათა განჩინებით დაუშვებელია მართლმადიდებლის ქორწინებით შეუღლება არამართლმადიდებელთან; ხოლო თუ ასეთი რამ მოხდა, ის აუცილებლად უნდა დაიხსნას, ანუ ექვემდებარება გაუქმებას..." (ათ. სინტაგმა გვ.513).

საეკლესიო კანონებით, მართლმადიდებლის არამართლმადიდებელთან თანაცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო დაშვებული, თუ ისინი მანამდე იყვნენ შეუღლებულნი, ვიდრე ერთ-ერთი მათგანი გახდებოდა ქრისტიანი. ასეთ შემთხვევაში ეკლესია ითვალისწინებდა პავლე მოციქულის სწავლებას, სადაც ნათქვამია, რომ: - იქნებ ურწმუნო ქმარი მოექცეს მორწმუნე ცოლის მიერ და პრიქით...(1.კორ. 7.14). თუმცაღა ტრულის კრების 72-ე კანონის განმარტებისას ბალსამონი დასძენს: ,,..თუ მონათლული მხარე აღარ ინდომებს თანაცხოვრება იქონიოს მის მოუნათლავ მეორე ნახევართან, რომელიც უარს აცხადებს ნათლობის მიღებაზე, უფლება აქვს გაცილდეს ასეთ მეუღლეს. ამასთან ბალსამონს მოყავს მაგალითი, როდესაც კონსტანტინეპოლის პატრიარქმა თეოდოტემ, ერთ-ერთ წარმართ დიდებულს - ბასილიკოს, ნათლობის შემდეგ თავის ცოლთან გაცილების უფლება მისცა, რადგან ამ უკანასკნელს არ სურდა მიეღო ქრისტიანული ნათლობა.."(ათ. სინტაგმა გვ.514).
ზემოაღნიშნულიდან კარგად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ეკლესიას შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ მსოფლიო კრებების პერიოდში არამედ შუა საუკუნეების ბიზანტიაშიც ანუ განყოფის შემდეგაც.

შერეული ქორწინებები, მიუხედავად ცალკეული მაგალითებისა, არასდროს არ ყოფილა ეკლესიაში მიღებული, როგორც კანონიკურად დაშვებული ნორმა. მათ შორის საქართველოს ეკლესიაშიც, მიუხედავად ბალსამონის მოწმობისა ტრულის კრების 72-ე კანონის კომენტარებში, რომ იბერიაში ქართველი დიდებულები თავისუფლად ათხოვებდნენ აგარიანელებზე თავიანთ ქალიშვილებს, არ ქცეულა კანონიკურ ნორმად. პირიქით, რუის-ურბნისის ცნობილმა კრებამ თავისი მე-19 კანონით ოფიციალურად აკრძალა შერეული ქორწინებები. ამრიგად, მიუხედავად სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში ცალკეული შემთხვევებისა, შერეული ქორწინება არასდროს არ მიუღია ეკლესიას კანონიკურ ნორმად და შესაბამისად, საქართველოს ეკლესიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მხარი არ დაუჭირა ასეთი დოკუმენტის გატანას დიდ და წმიდა კრებაზე, რომელიც გაიმართა კუნძულ კრეტაზე. სამწუხაროა, რომ ზემოთ აღნიშნული თეოლოგები, ცნობიერად თუ უმეცრებით, ასეთ არაკომპეტენტურობას ავლენენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თავისი მიკერძოებული მოსაზრებებითა და არაობიექტური არგუმენტებით.


ბეჭდვა
1კ1