უფლის სასოებისა და სიმტკიცისათვის
უფლის სასოებისა და სიმტკიცისათვის
ნურავინ მიენდობა საკუთარ თავს, არამედ ყოველთვის ახსოვდეს შემდეგი სიტყვები: "რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს" (I კორ. 10,12). ნურც დაცემულნი ჩავარდებიან სასოწარკვეთილებაში, არამედ მარად იმედით აღვსილნი ამბობდნენ: "ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგესა?" (იერემ. 8,4), რადგან მრავალნი სათნოებათა სიმაღლით ცას მისწვდნენ, მოთმინება აჩვენეს, მთებსა და უდაბნოდ ქცეულ ადგილებში მკვიდრობდნენ, "არცა თუ ძილსა შინა თავს იდებდეს ხილვად დედაკაცისა", მაგრამ მაინც დაეცნენ, რაჟამს სულიერი ყურადღება მოადუნეს და გონების სიფხიზლე დაკარგეს. სხვები კი ჯოჯოხეთის უფსკრულიდან ზეციურ სასუფეველს მიუახლოვდნენ, ცოდვილი ცხოვრება უკუაგდეს და ანგელოზებს მიემსგავსნენ, მტკიცე რწმენითა და საღვთო მოშურნეობით საოცარი მადლით აღივსნენ, რომლის ძალითაც ეშმაკთ განდევნიდნენ და მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. ამგვარი საქმეებით სავსეა წმინდა წერილი და მთელი ქვეყანა.

მრავალი მეძავი, მრუში, სოდომური ცოდვის მატარებელი "პირს დაუყოფს" მწვალებლებს, ჭეშმარიტების მტრებს, ეშმაკის ნების აღმსრულებლებს, რომელთა მტკიცებითაც, გამოსწორება, სიკეთისკენ მიბრუნება თითქოს შეუძლებელი იყოს, რითაც შფოთი და უიმედობა შემოაქვთ ადამიანთა შორის, რათა ღვთისკენ მავალი ყოველი გზა ჩახერგონ და გაანადგურონ. ეშმაკის მოციქულნი არიან, რომლებიც ამბობენ, ადამიანს დაბადებიდანვე დაეწერება სათნოებაც და უკეთურებაცო, ცოდვილის მოქცევა სიკეთისკენ შეუძლებელიაო... სათნოებაც და სიკეთეც ჩვენს ნებელობაზეა დამოკიდებული. თუ სათნოების აღსრულება გვსურს, ვერაფერი შეგვიშლის ხელს და თვით ეშმაკიც ვერ დაგვაბრკოლებს, რადგან უძლურია იგი ქრისტეს ძლიერების წინაშე, როგორც დაწერილია: "მტერისა მახვილსა მოაკლდა სრულიად" (ფსალმ. 9,7). დამაბრკოლებელი ჩვენთვის მხოლოდ ჩვენივე ნებელობა შეიძლება იყოს. თუ ადამიანს სურს, ურჯულოებას მიეცეს, "იძულებით და უნებლიეთ ღმერთი არა დაგუაყენებს", რადგან თვითუფლებრივად დაბადა ჩვენი პირმეტყველი ბუნება. მაშ, შიშითა და სასოებით მივმართოთ სული ვიწრო, მაცხოვნებელი გზისკენ. ფრთხილი და მღვიძარე სიარული გვმართებს - თუკი ოდნავ მაინც ვთვლემთ, მარჯვნივ ან მარცხნივ დაცემას ვერ ავცდებით. თვით დავით წინასწარმეტყველია ამის ნათელი მაგალითი - როდესაც "მცირედ უდებ იქმნა", მაშინვე ცოდვის ორმოში ჩავარდა, მაგრამ "ადრე აღდგა მადლითა ღმრთისაითა".

თუმცა მხოლოდ მის დაცემას ნუ დავინახავთ, აღდგომაც განვიცადოთ და სიმტკიცე, შემართება გვიკვირდეს, რადგან სწორედ დიდი სულიერი სიმხნევისთვის აღიწერა ის საქმე - "თუ ოდეს ჩვენცა შეგვემთხვიოს დაცემაი, ვისწაოთ, ვითარ გვიღირს აღდგომად". ვიხილოთ როგორც უძლურება, ისე სიმტკიცე და სარწმუნოება ნეტარი დავითისა. რა იყო სახე მისი სნეულებისა? მრუშება და კაცის კვლა. თვით სულიწმინდამ ბრძანა "ურცხვინველად აღწერად საქმისა მის". ვინც შეეცდება, დაფაროს სიმძიმე მისი დაცემისა და ცოდვისა, იგი უმეტესად ფარავს და ჩრდილავს სათნოებასა და საოცარ სიყვარულს მეფე დავითისა. "მისთვის განვადიდებთ ცოდვასა მას, რაითა უაღრესად ვაჩვენოთ ძლევაი მისი".

ყოველი ადამიანი უფლის მიერ ბოძებული ნიჭის, მადლისა და ტალანტის შესაბამისად განიკითხება. რაც უფრო მეტი მოგვეცა, მეტადაც მოგვეთხოვება. "ძლიერნი ძლიერად განიკითხნენო" (სიბრძ. სოლ. 6,7) და "რომელმან იცოდის ნებაი უფლისა თვისისაი და არა ყოს, იგუემოს ფრიად" (ლუკ. 12,47). თუკი მღვდელი ცოდავს, მას სხვათა მსგავსი სასჯელი არ დაედება ამ ცოდვის გამო, რადგან ღვთის წინაშე იგი პასუხს აგებს არა მხოლოდ ცოდვის სიმძიმისა და ხარისხის შესაბამისად, არამედ - პატივისა და მადლისა. კაენის მიერ აბელის მოკვლა ყველა მკვლელობაზე მძიმე და აღმატებული იყო, რადგან მან საკუთარი მართალი და უდანაშაულო ძმის სისხლი დაღვარა და "პირველ ყოველთასა მოიპოვა ესე ბოროტი". დავითის მიერ აღსრულებული კაცის კვლაც "უძვირეს იყო ვიდრე სხვათა კაცთაი", რადგან იგი არ იყო ჩვეულებრივი, რიგითი მოკვდავი, არამედ მეფე, წინასწარმეტყველი და სულიწმინდის მადლის რჩეული ჭურჭელი, "მეცნიერ ყოვლისა კეთილისა და ბოროტისა". მნიშვნელოვანია ისიც, რომ მან არათუ მტერი და მავნებელი მოკლა, არამედ კაცი, რომელსაც არავითარი ბრალი არ მიუძღოდა მის წინაშე, პირიქით, "უფროისღა ვნებულ იყო მის მიერ". არა მხოლოდ ერთ ვნებას - მეუღლესთან ხორცით შეცოდებას დასჯერდა, ქმრის მკვლელობაც დაურთო და ამასთანავე - "ჰასაკსა სიბერისასა", რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სისასტიკე მისი ცოდვისა.

წმინდა მეფე დავითის ცხოვრება, ცოდვით დაცემა და აღდგომა ის მყარი კლდეა, რომელსაც ეხეთქება და იმსხვრევა ყოველი წარმართული, ამაო სწავლება ცრუ ბედისწერისა, სინანულისა და თავისუფალი ნებელობის ნიჭის უგულებელყოფისა. საოცარია მხნეობა ნეტარი დავითისა - ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილმა სასო არ წარიკვეთა, არ გამოავლინა უძლურება ამ სასიკვდილო წყლულების წინაშე, არამედ მყისიერად აღდგა და "ფრიად უძლიერესად მოწყლა მომწყლველი იგი მისი ეშმაკი". რაც უფრო მეტად წარმოვაჩენთ დავითის დაცემას, მით მეტად განვადიდებთ და ხოტბას ვასხამთ მის აღდგომას - ამით კიდევ უფრო მეტად იდიდება მისი დიადი სული. დაბადებიდან სიღარიბეში მყოფი, რომელმაც არ იცის გემო სიმდიდრისა, იოლად ეგუება თავის ყოფას, ხოლო ვინც დიდ სახელსა და სიმდიდრეს უეცრად კარგავს, ძალზე მძიმე მდგომარეობაში ვარდება. დიდი შემართება, სიმტკიცე და მხნეობაა საჭირო, ამგვარი მდგომარეობიდან რომ გამოხვიდე და თავიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგე დაკარგულის აღდგენას.

მრავალი მიზეზი აიძულებდა წმინდა მეფეს, სასო რომ წარეკვეთა: პირველი - სიდიდე ცოდვისა, მეორე - ასაკი სიბერისა, როცა დროც მცირეა და შემართებაც ნაკლებია სინანულისთვის; და მესამე - ყოველი სათნოება, რომელიც სიჭაბუკიდან სიბერემდე ღვთის წინაშე აღასრულა (სიკეთე, სულგრძელობა, უფლის სახელისთვის დევნულება, კაცთმოყვარება, ნიჭი წინასწარმეტყველებისა...), წამიერად განაბნია და დაკარგა. აქ ჩამოთვლილი თითოეული მიზეზი მტრისგან ნასროლი შხამიანი ისარი იყო დავითის გულში ჩასარჭობად, მის მოსაკლავად, მაგრამ "კლდემ შეურყეველმა, გოდოლმა დაურღვეველმა" უფლის მადლით შეძლო, ჭრილობიდან ისრები ამოეძრო და "გულსავე მტერისასა დაასვა იგინი". უფალმა იმდენად განაბრწყინა ნეტარი დავითის სული, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც შთამომავალთ "ცოდვისა მალხინებელ ეყო". ამის ნათელი მაგალითია სოლომონ ბრძენი, რომელიც, მიუხედავად ცოდვებისა, არ განაგდო უფალმა მეფობისაგან - მამის სათნოებათა გამო.

ყოველივე ეს საკმარისია ნეტარის სიდიადის წარმოჩინებისთვის. "რომელი ღმერთმან განამართლოს, ვინ არს დამსჯელი მისა?" როდესაც ფსალმუნს ვკითხულობთ, მასში ნათლად ვხედავთ იმ დიდ სიყვარულსა და ერთგულებას, მეფე დავითს უფლის მიმართ რომ ჰქონდა. რამხელა სინანული აჩვენა, რამდენი ცრემლი, გლოვა, მღვიძარება და მარხვა იტვირთა, რათა კვლავ აღმდგარიყო უფლისმიერი დიდება.

როდესაც დავითის სულიერი გმირობისა და შეუპოვრობის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენც გვმართებს მისი გათავისება. აუცილებელია, მოვერიდოთ ცოდვას, დაცემას, მაგრამ თუ მაინც შეგვემთხვა, "ვისწრაფოთ არა დადგომად დაცემასა შინა". თუკი დავითს მცირე უგულისხმოებით ასეთი მძიმე წყლულებანი შეემთხვა, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ ჩვენ, რომლებიც დღენიადაგ სიზარმაცესა და "დახსნილებასა შინა ვართ"?

ნუ გადავდებთ სინანულს, კეთილ საქმეებს, ღვთის მადლითა და შემწეობით განვიბანოთ ცოდვებისგან, უფლის ნების ძიებასა და აღსრულებაში განვლიოთ სიცოცხლის დღენი, რათა ღირსი გავხდეთ საუკუნო ცხოვრების ხილვისა, მასში დამკვიდრებისა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ეკუთვნის ყოველი დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

წმინდა იოანე ოქროპირის მიხედვით
ბეჭდვა
1კ1