უფალს თითოეული ცოდვილის ცხონება სურს
უფალს თითოეული ცოდვილის ცხონება სურს
მისი წმინდა ნებაა, ყველა მასთან ერთად ვსუფევდეთ სამარადისოდ
დროა შევიმეცნოთ და ვესწრაფოთ კეთილი საქმეების აღსრულებას, რათა უფლის რისხვასა და საუკუნო სასჯელს არ მივეცეთ. ენით გამოუთქმელი ტანჯვაა, როცა ადამიანის სული ჯოჯოხეთში მოხვდება, მაგრამ თუკი დავფიქრდებით, ღრმად და გონივრულად დავუკვირდებით, ორ დიდ სასჯელს ამოვიცნობთ: პირველი - სასუფევლიდან გამოძევებაა, მეორე კი - "შთავრდომაი ცეცხლსა მას საუკუნესა". უფლის სასუფევლიდან სულის გამოძევება გაცილებით მძიმე და მწარე განცდაა, ვიდრე მისი საუკუნო ცეცხლში მოხვედრა, თუმცა მრავალთ პირიქით ეჩვენებათ, რადგან მარადიული სატანჯველის ტკივილი გაცილებით მეტად აშინებთ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სიტყვით შეუძლებელია გამოვხატოთ ის საოცარი სიხარული და ნეტარება, რომელიც უფლის ერთგულ სულს ზეცაში ელის. ჩვენ მცირედი წარმოდგენაც კი არ გვაქვს საღვთო მშვენიერებისა და მოუკლებელი, დაუშრეტელი სიმდიდრის შესახებ. ამიტომაც ვერ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს მისი დაკარგვა, რამხელა სიმწარე და ტკივილი ახლავს თან.

გევედრები, მხოლოდშობილო ძეო და სიტყვაო ღვთისაო, მუხლს მოვიყრი შენი სიკეთისა და წყალობის წინაშე, აგვარიდე ამ სასტიკ სატანჯველსა და სიძნელეს, ნუ განგვაცდევინებ მის შხამსა და მომაკვდინებელი ნაყოფის გემოს, რადგან არ არსებობს იმაზე დიდი ჭირი და მწუხარება, ვიდრე სასუფევლისგან განგდებაა, როცა მოვისმენთ უფლის შემაძრწუნებელ სიტყვებს: "არა გიცნი თქუენ" (მათ. 25,12; 7,42) ან კიდევ: "მშიოდა და არა მეცით ჭამადი" (მათ. 25,41)... მართლაც ვერავითარი ტკივილი ვერ შეედრება იმ განსაცდელსა და გასაჭირს, ქრისტეს განრისხებით რომ მოვიწევთ, როცა "სახიერსა მის პირსა გარემიიქცევს ჩვენგან და ტკბილითა მით თუალითა არა მოიხედავს ჩუენ ზედა". უფალმა ისე ძლიერ შეგვიყვარა ჩვენ, მოღალატენი და ცოდვათა სიმრავლით მისგან განდგომილნი, რომ მტრად ქცეულნი კვლავ შვილებად მიგვიღო საკუთარი ჯვარცმითა და სიკვდილით, "თავსაცა თვისსა არა ჰრიდა, არამედ მისცა სიკუდილად, რაითა მომიძინეს წარწყმედილნი ესე და შეცდომილნი მთათა ზედა და შემკრიბნეს წყალობით". ასეთი სიკეთის შემდეგ როგორღა ვიკადრებთ უფლის წმინდა სახის ხილვას, რადგან გლახაკი, მშიერ-მწყურვალი ვიხილეთ და არა დავაპურეთ ქრისტე მასში?!.

საოცარია სიკეთე ღვთისა, მისი უსაზღვრო სიყვარული ცოდვაში დანთქმულთა მიმართ. ყოველივე ეს კარგად ჩანს სიტყვებში, "რომელთა ეტყვის მარცხენით მდგომარეთა მათ", რადგან არათუ იმ მადლსა და პატივს შეახსენებს, კაცობრიობამ ღვთისგან საჩუქრად რომ მიიღო, არამედ მხოლოდ ბოროტებისა და გულქვაობისთვის ამხილებს. მართალთა მსგავსად, უფალს თითოეული ცოდვილის ცხონება სურს. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს სიტყვები: "მოვედით და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დაბადებითგან სოფლისაით" (მათ. 25-34). სასჯელისთვის განწირულთ კი სხვაგვარად მიუგო: "წარვედით ცეცხლსა მას განმზადებულსა არა თქუენთვის, არამედ ეშმაკისათვის და მსახურთა მისთათვის" (მათ. 25,41-42). უფალმა სასუფეველი ყოველ ჩვენგანს განუმზადა სულის სავანედ და განსასვენებლად, მისი წმინდა ნებაა, ყველა მასთან ერთად ვსუფევდეთ სამარადისოდ, მაგრამ ხშირად ჩვენ თვითონ არ გვსურს ეს და ჩვენი ცხოვრებით, ცოდვებით იმ ბნელი საპყრობილისკენ მივისწრაფვით, რომელიც მხოლოდ ეშმაკთათვისაა განმზადებული.

დიდი დაფიქრება და ყურადღება გვმართებს ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ: არ არის იოლი და უდარდელი ჩვენი ცხოვრება. მხოლოდ მხიარულებასა და სიცილში ვერ განვლევთ სიცოცხლეს, რადგან აურაცხელი ვნებისა და ტკივილის მომასწავებელი, "მომატყუებელია" ამგვარი ყოფა. ვაშენებთ სახლებს, ვყიდულობთ აგარაკებს, ძვირფასეულობითა და მდიდრული სამოსით ვიმოსებით, ვჭამთ, ვსვამთ, განვცხრებით, მაგრამ გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი - ყოველივე ამის ამაოება და მსწრაფლწარმავლობა. სატანჯველნი კი, ამ "სიკეთეებით" რომ მოვიწევთ, მეტად მტკიცე და წარუვალია. ჯერ კიდევ ჩვილნი ვართ აზროვნებით, უგუნურნი - გონებით, ხოლო როცა ცნობიერების სისრულეს მივაღწევთ, მივხვდებით, რომ "ესე ყოველი სამღერელი არს ყრმათაი". ბავშვი ხან მეფობანას თუ მთავარსარდლობანას თამაშობს, ხან კი თიხითა და ქვიშით სასახლეებსა და კოშკებს აშენებს, მაგრამ როცა გაიზრდება, დავაჟკაცდება, ასეთი საქციელი ღიმილს მოჰგვრის. თუკი ყრმას ქვიშის სახლს ვინმე დაუნგრევს, ტირის და ცრემლად იღვრება, თითქოს ამით ყველაფერი დაენგრა. ჩვენც, სულიერად ჩვილნი, "დაკლებასა და დაჭირვებასა ხორციელთა საქმეთასა მწუხარე ვართ და მგლოვიარე".

დროა გამოვიღვიძოთ სულიერი ძილისგან, "მოვიდეთ ჩუენცა ჰასაკსა და ცნობასა სულიერსა", როდემდე უნდა ვიყოთ ამგვარ მომაკვდინებელ მდგომარეობაში, "თანამდებ" საუკუნო სასჯელისა, რომლისგანაც ვერ გვიხსნიან ვერც მშობლები და შვილები, ვერც ძმები და მეგობრები. ყოველი ამსოფლიური დიდება გადავა და გაიფანტება, ვნებითა და ცოდვებით გაჟღენთილი გულისთქმები გაქრება, ხოლო სასჯელი, რომელიც მათ მიერ მოიწევა ჩვენზე ჩვენივე ნებით, უკუნისამდე იქნება. შევიყვაროთ კეთილი საქმეები როგორც აქ, მიწაზე, ასევე მომავალ საუკუნო სიცოცხლეში.

ჭეშმარიტად სანატრელი და ბედნიერია ღვთის მსახური, ერთგული, სათნოებათა მოქმედი ადამიანი. ნაყოფიერი ხის მსგავსია იგი და "ახარებს ყოველთა, რომელნი ხედვიდენ მას". რომელია უმჯობესი - სიმდიდრე თუ სიგლახაკე? პატივი თუ შეურაცხყოფა? შვება თუ გაჭირვება? ყველასთვის ნათელია, რომ სიმდიდრე, პატივი და შვება აღმატებულია მათ შორის. ასევე საქმე უმჯობესია სახელზე. მართლაცდა, რა სარგებლობა ექნება საქმის გარეშე დარჩენილ სახელს? თუკი არჩევ, მდიდარი გერქვას და პურის ნატეხი გენატრებოდეს, პატიოსანსა და ზრდილს გიწოდებდნენ, სინამდვილეში კი "გინებულ იყო ყოველთაგან", მაშ, შეიყვარე უგუნური, ამსოფლიური საქმენი და რასაც პატივს მიაგებ, იმასვე მოიმკი. თუ ჭეშმარიტებას, სათნო საქმეებს ეძებ, მოიძულე ბოროტი გულისთქმები, ამაო საზრუნავი სოფლისა, დათმე მიწიერი ზეციერისთვის, წარმავალი მარადიულისთვის და მოიპოვებ საუკუნო შვებასა და პატივს, ჭეშმარიტ სიმდიდრესა და სიხარულს, "ანგელოზთა თანა ყოფასა და ღვთის პირის ხილვას", რომელიც აღმატებულია ყოველგვარ სიკეთესა და სათნოებაზე.

გამოვირჩიოთ, შევიყვაროთ და შევიძინოთ მარადიული ფასეულობანი, განვერიდოთ ამქვეყნიურ შფოთს, სულები უდიდესი სიმდიდრითა და მყუდროებით სავსე ნავსაყუდელს შევავედროთ, "რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად" მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, სიმტკიცე და პატივისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვა
1კ1